იეჰოვა თანაგრძნობით მმართველობს
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალი მმართველი გულგრილად უგულებელყოფდა თავისი ქვეშევრდომების ტანჯვას. მაგრამ იეჰოვამ სრულიად საპირისპირო სული გვიჩვენა, როდესაც ისრაელი ერი ამოირჩია და თანაგრძნობით მმართველობდა მათზე.
ისრაელები ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის მონობაში იყვნენ, როცა იეჰოვამ შეისმინა მათი ღაღადი. „ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა. . . სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან“ (ესაია 63:9). იეჰოვამ იხსნა ისრაელი, სასწაულით აწვდიდა საკვებს და მიიყვანა ქვეყანაში, რომელიც მათ გადასცა საკუთრებად.
შემდეგ იეჰოვას თანაგრძნობა ამ ერისადმი მიცემულ რჯულში გამოვლინდა. მან ისრაელებს მიუთითა, რომ თანაგრძნობით მოპყრობოდნენ ობლებს, ქვრივებსა და მათ ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს. მათ არ უნდა ესარგებლათ სხვისი გაჭირვებით.
რჯული მოითხოვდა გაჭირვებაში მყოფებისთვის თანაგრძნობის გამოვლენას. ღარიბებს მკის შემდეგ შეეძლოთ თავთავების მოგროვება. ყოველ მეშვიდე წელს უქმდებოდა ვალები. გაყიდული მემკვიდრეობით მიღებული მიწა ორმოცდამეათე წელს პატრონს უნდა დაბრუნებოდა. ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „ისრაელები არასოდეს ყოფილან დაყოფილი სოციალურ კლასებად, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით“. „იმ ადრინდელ წლებში, როდესაც ისინი ახალდასახლებულები იყვნენ, ისრაელებს, — დიდსა და პატარას, — ერთნაირი საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ“ (Ancient Israel—Its Life and Institutions) (ლევიანნი 25:10; მეორე რჯული 15:12–14; 24:17–22; 27:18).
იეჰოვას მიბაძვა თანაგრძნობაში
ღვთის მსახურებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მისგან გამოვლენილი თანაგრძნობა. მაგალითად, როგორც ისტორიიდან ვიცით, ახალი მეფეები კლავდნენ წინა სამეფო დინასტიიდან ცოცხლად დარჩენილ წევრებს. მაგრამ იეჰოვას მსახურ დავითს ეს არ გაუკეთებია. მეფე საულის სიკვდილის შემდეგ დავითმა შეიფარა მეფიბოშეთი, საულის ცოცხლად დარჩენილი შვილიშვილი და მისი მემკვიდრე. „დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა“ (მეორე მეფეთა 21:7).
იესოსავით არც ერთ ადამიანს არ მიუბაძავს იეჰოვას თანაგრძნობისთვის. მრავალი მისი სასწაულების აღმძვრელი, ღვთიური თანაგრძნობა იყო. ერთხელ კეთროვანი შეევედრა მას: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იესოს შეებრალა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“ (მარკოზი 1:40–42). სხვა შემთხვევაში იესოს ხალხის დიდი ჯგუფი მისდევდა თან. ხალხის ხმაურში იესოს ყურადღება ორი მამაკაცის ყვირილმა მიიპყრო: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!. . . შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას“ (მათე 20:29–34).
ხალხის სიმრავლეს არ შეუსუსტებია იესოს სხვებისადმი სიბრალული. „მეცოდება ეს ხალხი“, — თქვა მან ერთხელ, ვინაიდან იცოდა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მათ არაფერი უჭამიათ. ამიტომ მან სასწაულით დააპურა ისინი (მარკოზი 8:1–8). როდესაც იესო მრავალი ადამიანის თანხლებით დადიოდა, ის არა მარტო ასწავლიდა მათ, არამედ აკვირდებოდა მათ მოთხოვნილებებსაც (მათე 9:35, 36). ასეთი მოგზაურობების შემდეგ იესოსა და მის მოწაფეებს საჭმელადაც კი არ რჩებოდათ დრო. ბიბლიის ცნობა გვატყობინებს: „წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით. დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება“ (მარკოზი 6:31–34).
იესოს სიბრალული მხოლოდ ადამიანთა ავადმყოფობამ და უძლურებამ კი არ გამოიწვია, არამედ მათმა სულიერმა მდგომარეობამაც. მათი წინამძღოლები მათგან მხოლოდ გამორჩენას ეძებდნენ, ამიტომ იესოს „შეებრალა ისინი“. ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოტანილ იქნა როგორც „შეებრალა“, ნიშნავს „გრძნობდე შინაგან თანაგრძნობას“. დიახ, იესო ნამდვილად თანამგრძნობი ადამიანი იყო.
თანაგრძნობა ულმობელ წუთისოფელში
იესო ქრისტე დღეს იეჰოვას ზეციერი სამეფოს მეფეა. იეჰოვა, როგორც ამას ძველ ისრაელებთან აკეთებდა, დღესაც თანაგრძნობით მმართველობს თავის ხალხზე. „ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ“ (მალაქია 3:17).
ყველამ, ვისაც იეჰოვასგან თანაგრძნობის მიღების სურვილი აქვს, უნდა მიბაძოს მას. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ წუთისოფელში, სადაც ადამიანები უფრო მეტად საკუთარი ცხოვრებით არიან დაინტერესებული, ვიდრე გაჭირვებულებისთვის დახმარებით. ძალაუფლების მქონე პირები ხშირად საკუთარ მოგებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე მუშებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. მე-2 ტიმოთეს 3:1–4-ში ბიბლია აბსოლუტური სიზუსტით აღწერს დღეს გაბატონებულ ზნეობრივ კლიმატს, რომელმაც მრავალი ადამიანის გულში ჩაკლა თანაგრძნობა.
მიუხედავად ამისა, ალბათ, შევძლებდით გვეპოვა შესაძლებლობა, როდესაც გამოვავლენდით თანაგრძნობას. შევთავაზებდით დახმარებას გაჭირვებაში მყოფ მოყვასს? წავიდოდით მოსანახულებლად, თუ რომელიმე მათგანი ავად არის? გავამხნევებდით თუ არა გულდამძიმებულებს, შემდეგი რჩევის თანახმად: «ანუგეშეთ სულმოკლენი [„გულდამძიმებულები“, აქ], მხარი დაუჭირეთ უძლურთ»? (1 თესალონიკელთა 5:14).
თანაგრძნობა სხვების შეცდომებზე მკაცრად რეაგირების თავიდან არიდებაში დაგვეხმარება. ჩვენ გვეუბნებიან: „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:31, 32).
თანაგრძნობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილების არიდებაშიც დაგვეხმარება. ბიბლია ამბობს: „შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“ (კოლასელთა 3:12). თავმდაბლობა საშუალებას გვაძლევს, ჩვენი თავი იმ პიროვნების ადგილზე წარმოვიდგინოთ, ვინც ჩვენ გვექვემდებარება. იყო თანამგრძნობი ნიშნავს, იყო თავმდაბალი და გონიერი, ნაცვლად იმისა, რომ იყო ისეთი პიროვნება, რომელსაც ძნელია ასიამოვნო. ზედმეტი ეფექტურობის მოყვარულობა იმის საფუძველს არ გაძლევს, რომ ხელქვეითებს მხოლოდ მანქანის ნაწილებივით მოექცე. აგრეთვე თანამგრძნობ ქმრებს ახსოვთ, რომ მათი ცოლები უუძლურესი ჭურჭლები არიან (1 პეტრე 3:7). ყოველივე ამაში იესოს თანაგრძნობის მაგალითზე დაფიქრება დაგვეხმარება.
რადგან დედამიწაზე მსახურების დროს იესო დიდად თანაუგრძნობდა ხალხს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ახლაც და მომავალშიც თანამგრძნობი მმართველი იქნება. 71-ე ფსალმუნი მის შესახებ წინასწარმეტყველებს: „გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის“ (ფსალმუნი 71:4, 8, 13).
ღვთის სიტყვა წინასწარმეტყველებს: „სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ. . . ბოროტეულს მოაკვდინებს“. იმის აღწერის შემდეგ, თუ როგორ შეიცვლება ზოგი სასტიკი, მხეცისმაგვარი პიროვნება, წინასწარმეტყველება განაგრძობს: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:4–9). ეს წინასწარმეტყველება, სინამდვილეში, მთელ დედამიწაზე ისეთი ხალხის არსებობას აღგვითქვამს, რომლებიც იცნობენ იეჰოვას და ბაძავენ მას თანაგრძნობაში.