ეპაფრა — ‘ქრისტეს ერთგული მსახური’
ვინ დააფუძნა ქრისტიანული კრებები კორინთში, ეფესოსა და ფილიპეში? ალბათ, უყოყმანოდ უპასუხებდი: „პავლემ, ‘წარმართთა მოციქულმა’ “ (რომაელთა 11:13). მართალიც იქნებოდი.
მაგრამ ვინ დააარსა კრებები კოლასეში, იერაპოლისსა და ლაოდიკიაში? თუმცა არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, შეიძლება ეს იყო მამაკაცი, სახელად ეპაფრა. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ისურვებდი, მეტი რამ გაგეგო ამ მახარობელზე, რადგანაც მას ‘ქრისტეს ერთგული მსახური’ ეწოდება (კოლასელთა 1:7).
ლიუკუსის ველის მახარობელი
სახელი ეპაფრა ეპაფროდიტესის შემოკლებაა. მაგრამ ეპაფრა არ უნდა აგვერიოს ფილიპელ ეპაფროდიტესში. ეპაფრა იყო კოლასედან, რომელიც მცირე აზიაში მდინარე ლიუკუსის ველზე არსებული ქრისტიანული კრებების სამი ცენტრიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა. კოლასე სულ რაღაც 18 კილომეტრით იყო დაშორებული ლაოდიკიიდან და 19 კილომეტრით — იერაპოლისიდან (ფრიგიის უძველესი რეგიონი).
ბიბლიაში პირდაპირ არ არის ნათქვამი, როგორ მისწვდა ღვთის სამეფოს კეთილი ცნობა ფრიგიას. მაგრამ ფრიგიელები, რომელთაგან ზოგი, შესაძლებელია, კოლასედან იყო, იერუსალიმში იყვნენ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (საქმეები 2:1, 5, 10). ეფესოში პავლეს მსახურებისას (დაახლოებით ახ. წ. 52–55 წლები) ამ მხარეში დამოწმება იმდენად ძლიერი და ეფექტური იყო, რომ მხოლოდ ეფესელები კი არა, არამედ „აზიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას — როგორც იუდეველები, ისე ბერძნები“ (საქმეები 19:10). როგორც ჩანს, პავლეს არ უქადაგებია კეთილი ცნობა მთელ ლიუკუსის ველზე, რადგანაც მრავალს, ვინც იმ მხარეში გახდა ქრისტიანი, არასოდეს უნახავს ის (კოლასელთა 2:1).
პავლეს თანახმად, პიროვნება, რომელმაც კოლასელებს ასწავლა „ჭეშმარიტებაში ღვთის მადლი“, ეპაფრა იყო. ფაქტი, რომ პავლე ამ თანამშრომელს უწოდებს ‘ქრისტეს ერთგულ მსახურს ჩვენთვის’, გვიჩვენებს, რომ ეპაფრა იმ მხარეში აქტიური მახარობელი იყო (კოლასელთა 1:6, 7).
პავლე მოციქულიცა და მახარობელი ეპაფრაც დიდად იყვნენ დაინტერესებულები ლიუკუსის ველზე მცხოვრები თანამორწმუნეების სულიერი კეთილდღეობით. როგორც ‘წარმართთა მოციქულს’, პავლეს უნდა გახარებოდა მათი წარმატების შესახებ ცნობების მიღება. ვისგან მოისმენდა პავლე ცნობებს კოლასელთა სულიერ მდგომარეობაზე, თუ არა ეპაფრასაგან (კოლასელთა 1:4, 8).
ეპაფრას შეტყობინება
კოლასელები საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ, რამაც დაარწმუნა ეპაფრა, გასდგომოდა რომში მიმავალ გრძელ გზას განსაკუთრებული მიზნით — განეხილა ეს საკითხები პავლესთან ერთად. როგორც ჩანს, ეპაფრას მიერ მიწოდებულმა დაწვრილებითმა შეტყობინებამ აღძრა პავლე, ორი წერილი მიეწერა მისთვის უცნობი იმ ძმებისთვის. ერთი წერილი კოლასელთა მიმართ იყო. მეორე წერილი, რომელიც, როგორც ჩანს, არ შემოინახა, ლაოდიკიელებს გაეგზავნა (კოლასელთა 4:16). გონივრულია, ვიფიქროთ, რომ ამ წერილების შინაარსი გამიზნული იყო ქრისტიანების იმ პრობლემებზე პასუხის გასაცემად, რომლებსაც ეპაფრა ხედავდა. რა პრობლემები დაინახა მან? და რას გვეუბნება ეს მის პიროვნებაზე?
კოლასელთა მიმართ მიწერილი წერილი, როგორც ჩანს, მიუთითებს ეპაფრას წუხილზე, რომ კოლასელი ქრისტიანები საფრთხეში ჩააგდო წარმართულმა ფილოსოფიებმა, მათ შორის ასკეტიზმმა, სპირიტიზმმა და კერპთაყვანისმცემლურმა ცრუმორწმუნეობამ. გარდა ამისა, კრების ზოგ წევრზე შეიძლება გავლენას ახდენდა იუდეველების სწავლება საჭმელებისგან თავის შეკავებასა და გარკვეული დღეების დაცვაზე (კოლასელთა 2:4, 8, 16, 20–23).
ფაქტი, რომ პავლე წერს ამ საკითხებზე, გვიჩვენებს, როგორი ფხიზელი და მგრძნობიარე იყო ეპაფრა თანაქრისტიანების პრობლემებთან დაკავშირებით. მან გამოავლინა მოსიყვარულე მზრუნველობა მათ სულიერ კეთილდღეობაზე, ვინაიდან შეგნებული ჰქონდა, რა საფრთხეები იმალებოდა გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ეპაფრა ეძებდა პავლეს რჩევას, რაც გვიჩვენებს, რომ ის თავმდაბალი იყო. შესაძლებელია, ის გრძნობდა, რომ სჭირდებოდა რჩევის მიღება მეტი გამოცდილების მქონე პიროვნებისგან. ყოველ შემთხვევაში, ეპაფრა ბრძნულად მოიქცა (იგავნი 15:22).
კაცი, რომელიც ლოცვას აფასებდა
კოლასელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილის დამთავრებისას პავლე ამბობს: „მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მსახური, რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი ღვთის ყოველი ნებით. მე ვამოწმებ მასზე, რომ დიდი მოშურნეა თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკელთათვის და იერაპოლელთათვის“ (კოლასელთა 4:12, 13).
დიახ, მაშინაც კი, როცა პავლეს „თანაპატიმარი“ იყო რომში, ეპაფრა ფიქრობდა თავის მოსიყვარულე კოლასელ, ლაოდიკიელ და იერაპოლიელ ძმებზე და ლოცულობდა მათთვის (ფილიმონი 23). სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ, „ის იძაბებოდა“ მათთვის ლოცვაში. სწავლულ დ. ედმონდ ჰაიბერტის თანახმად, აქ გამოყენებული ბერძნული ტერმინი მიუთითებს „თავგამოდებულ და ძვირადღირებულ მოქმედებაზე“ — რაღაც გონებრივი ‘ტანჯვის’ მსგავსზე, რაც იესო ქრისტემ განიცადა გეთსემანიის ბაღში ლოცვისას (ლუკა 22:44). ეპაფრას გულწრფელად უნდოდა, რომ მის სულიერ ძმებსა და დებს სიმტკიცისა და სრული ქრისტიანული მოწიფულობისთვის მიეღწიათ. რა კურთხევა უნდა ყოფილიყო კრებებისთვის ასეთი სულიერად მოაზროვნე ძმა!
რადგანაც ეპაფრას ‘საყვარელი თანამსახური’ ეწოდება, შეუძლებელია რამე ეჭვი არსებობდეს, რომ მან თვითონ შეაყვარა თავი თანაქრისტიანებს (კოლასელთა 1:7). ხელსაყრელი შესაძლებლობების დროს კრების ყველა წევრმა თავისუფლად უნდა გამოავლინოს სითბო და სიყვარული. მაგალითად, შეიძლება ყურადღება მიექცეს ავადმყოფების, ხანში შესულების ან განსაკუთრებული პრობლემების მქონე სხვა ადამიანების დახმარებას. კრებაში შეიძლება სხვადასხვა პასუხისმგებლობებზე იყოს საზრუნავი ან შესაძლებელი იყოს თეოკრატიული ნაგებობების პროექტებისთვის შესაწირავების შეტანა.
სხვებისთვის ლოცვა, როგორც ამას ეპაფრა აკეთებდა, წმინდა მსახურების ფორმაა, რომლის შესრულებაც ყველას შეუძლია. ასეთ ლოცვებში შეიძლება შედიოდეს ზრუნვა იეჰოვას თაყვანისმცემლებზე, რომლებიც ფიზიკური ან სულიერი ხასიათის სხვადასხვა საფრთხეებს ან სიძნელეებს უნდა შეხვდნენ. ამგვარი დიდი ღვაწლის გაწევით შეგვიძლია ეპაფრას მსგავსები ვიყოთ. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ჰქონდეს უპირატესობა და სიხარული, იეჰოვას ერთგული მსახურების ოჯახში აღმოჩნდეს ‘საყვარელი თანამსახური’.