ამაყი მმართველი კარგავს იმპერიას
„მეფე ბელშაცარმა, — დაწერა წინასწარმეტყველმა დანიელმა, — დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს“. წვეულების მსვლელობისას „ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა“. იმავე ღამეს „იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე. დარიოს მიდიელმა. . . მიიღო სამეფო“ (დანიელი 5:1, 6, 30; 6:1).
ვინ იყო ბელშაცარი? რატომ უწოდებდნენ მას ‘ქალდეველთა მეფეს’? სინამდვილეში, რა მდგომარეობა ეკავა მას ახალბაბილონურ იმპერიაში? როგორ დაკარგა მან ეს იმპერია?
თანამმართველი თუ მეფე?
დანიელი ნაბუქოდონოსორს ბელშაცარის მამად მოიხსენიებს (დანიელი 5:2, 11, 18, 22). მიუხედავად ამისა, ის არ არის მისი მამა, პირდაპირი გაგებით. რაიმონდ დოუერტის წიგნში „ნაბონიდი და ბელშაცარი“ ნათქვამია, რომ ნაბუქოდონოსორი შეიძლება დედის, ნიტოკრისის, მხრიდან მისი პაპა იყო. შეიძლება ნაბუქოდონოსორი ბელშაცარს, უბრალოდ, სამეფო ტახტის მხრივ ეკუთვნოდა „მამად“, რადგან მისი წინამორბედი მეფე იყო (შეადარეთ დაბადება 28:10, 13). ნებისმიერ შემთხვევაში, მეცხრამეტე საუკუნეში სამხრეთ ერაყში ნაპოვნი თიხის რამდენიმე ცილინდრზე არსებული ლურსმული წარწერები ბელშეცარს ბაბილონის მეფე ნაბონიდის უფროს ვაჟად მოიხსენიებს.
დანიელის მე-5 თავში ძვ. წ. 539 წელს, ბაბილონის დაცემის ღამეს, მომხდარ მოვლენებზე მახვილდება ყურადღება და მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ბელშაცარმა სამეფო ძალაუფლება. მაგრამ არქეოლოგიური წყაროები გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ნაბონიდსა და ბელშაცარს შორის არსებული კავშირის შესახებ. „ბაბილონური ხელნაწერებიდან ჩანს, რომ ნაბონიდი ახირებული მმართველი იყო“, — ამბობს არქეოლოგი და ძველი სემიტური ენების სპეციალისტი ალან მილარდი. ის ამატებს: „მიუხედავად იმისა, რომ არ უგულებელყოფდა ბაბილონის ღმერთებს, ის. . . დიდად იყო დაინტერესებული მთვარის ღმერთით ორ სხვა ქალაქში, ურსა და ხარანში. თავისი მეფობის რამდენიმე წლის განმავლობაში მას არც კი უცხოვრია ბაბილონში; ნაცვლად ამისა, ის ჩრდილოეთ არაბეთში, ტემას შორეულ ოაზისში, ცხოვრობდა“. როგორც ჩანს, ნაბონიდმა თავისი მეფობის უმეტესი ნაწილი ქალაქ ბაბილონიდან შორს გაატარა. მისი არყოფნის პერიოდში მმართველობა ბელშაცარს ებარა.
ერთ-ერთ ლურსმული დამწერლობის მქონე დოკუმენტში, რომელიც უფრო ნათელს ხდის, თუ, სინამდვილეში, რა მდგომარეობა ეკავა ბელშაცარს, ნათქვამია: «ის [ნაბონიდი] „ბანაკს“ თავის უფროს (ვაჟს), პირმშოს, ანდობდა; ქვეყანაში არსებული ჯარი ნაბონიდმა თავის ვაჟს დაუქვემდებარა. მან (მთელი) ძალაუფლება და მეფობა მას მიანდო» (Verse Account of Nabonidus). ასე რომ, ბელშაცარი თანამმართველი იყო.
და მაინც, შეიძლება თანამმართველისთვის მეფის წოდება? 70-იან წლებში ჩრდილოეთ სირიაში ნაპოვნი ძველი დროის მმართველის ქანდაკებიდან ჩანს, რომ ჩვეულებრივი იყო მმართველისთვის მეფის წოდება, თუმცა, ფაქტიურად, მას უფრო დაბალი მდგომარეობა ეკავა. ეს ქანდაკება გოზენის მმართველის იყო და ასურული და არამეული წარწერა ჰქონდა. ასურული წარწერა ამ კაცს გოზენის მმართველს უწოდებდა, არამეული კი — მეფეს. აქედან გამომდინარე, არაფერია არაჩვეულებრივი იმაში, რომ ბაბილონის ოფიციალურ წარწერებში ბელშაცარი უფლისწულად, ხოლო არამეულ ენაზე დაწერილ წიგნში „დანიელი“ მეფედ იყოს მოხსენიებული.
ნაბონიდისა და ბელშაცარის ერთობლივი მმართველობა ახალბაბილონური იმპერიის არსებობის ბოლო დღეებამდე გრძელდებოდა. ამიტომ სწორედ ბაბილონის დაცემის ღამეს შესთავაზა ბელშაცარმა დანიელს სამეფოში მესამე და არა მეორე კაცად ყოფნა (დანიელი 5:16).
მეტად თავდაჯერებული და ამაყი მმართველი
ბელშაცარის მეფობის ბოლო მოვლენები გვიჩვენებს, რომ ის მეტად თავდაჯერებული და ამაყი იყო. მისი მმართველობის დასასრულს, ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბერს, ნაბონიდმა მარცხი განიცადა მიდია-სპარსეთთან და ქალაქ ბორსიპას შეაფარა თავი. ბაბილონი ალყაში იყო მოქცეული. მაგრამ ბელშაცარი იმდენად იყო დაიმედებული ქალაქის ძლიერ გალავანზე, რომ სწორედ იმ ღამეს „დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს“. ძვ. წ. მე-5 საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამბობს, რომ ქალაქში ხალხი „ცეკვავდა და მხიარულობდა იმ დროს“.
ბაბილონის კედლებს გარეთ კი მიდია-სპარსეთის ჯარი ფხიზლობდა. კიროსის მეთაურობით მათ სხვა მიმართულებით გადააგდეს მდინარე ევფრატის წყლები, რომლებიც ქალაქს კვეთდა. მისი მეომრები მზად იყვნენ, გადაელახათ მდინარის კალაპოტი, როგორც კი წყალი საკმაოდ დაიკლებდა. ისინი უნდა ასულიყვნენ ფერდობზე და მდინარის გასწვრივ არსებული სპილენძის ღია ჭიშკრით შესულიყვნენ ქალაქში.
ბელშაცარს ყურადღება რომ მიექცია ქალაქის გარეთ არსებული სიტუაციისთვის, შეძლებდა სპილენძის ჭიშკრის დახურვას, მდინარის გასწვრივ ქალაქის კედლებზე თავისი ძლიერი კაცების დაყენებასა და მტრის ალყაში მოქცევას. ამის მაგივრად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბელშაცარმა იეჰოვას ტაძრიდან წამოღებული ჭურჭლის მოტანა მოითხოვა. შემდეგ ის, თავისი სტუმრები, ცოლები და ხარჭები ამ ჭურჭლიდან სვამდნენ და ბაბილონის ღმერთებს ადიდებდნენ. უეცრად სასწაული მოხდა: გამოჩნდა ხელის მტევანი, რომელმაც სასახლის კედელზე დაიწყო წერა. შეშინებულმა ბელშაცარმა თავის ბრძენკაცებს დაუძახა, რომ აეხსნათ მისთვის ეს წარწერა. მაგრამ მათ „წარწერის წაკითხვა და მისი მნიშვნელობის მეფისათვის ახსნა ვერ შეძლეს“. მაშინ „მიიყვანეს დანიელი მეფის წინაშე“. ღვთიური შთაგონებით იეჰოვას გაბედულმა წინასწარმეტყველმა აუხსნა მას ამ სასწაულებრივი წარწერის მნიშვნელობა და მიდიისა და სპარსეთის მიერ ბაბილონის დაპყრობა უწინასწარმეტყველა (დანიელი 5:2–28).
მიდიელებმა და სპარსელებმა ადვილად აიღეს ქალაქი და ბელშაცარს დილა აღარ გაუთენდა. მის სიკვდილთან და კიროსისთვის ნაბონიდის ჩაბარებასთან ერთად ახალბაბილონურმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
[სურათი 8 გვერდზე]
დანიელი ხსნის წარწერას ბაბილონის იმპერიის განადგურების შესახებ.