ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე!
„არ მოტყუვდეთ, რადგან ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო გამოფხიზლება“ (რომაელთა 13:11, „ნოქსის თარგმანი“). ეს სიტყვები მოციქულმა პავლემ რომაელ ქრისტიანებს ახ. წ. 70 წელს, იუდეველთა სისტემის კატასტროფულ აღსასრულამდე დაახლოებით 14 წლით ადრე, მისწერა. რადგან ებრაელი ქრისტიანები სულიერად ფხიზლობდნენ, ისინი ამ კრიტიკულ პერიოდში იერუსალიმში არ იყვნენ და სიკვდილს ან მონობას გადარჩნენ. მაგრამ საიდან იცოდნენ მათ, რომ უნდა დაეტოვებინათ ქალაქი?
იესო ქრისტე იძლეოდა გაფრთხილებას, რომ იერუსალიმს მტრები შემოერტყმოდნენ გარს, ხოლო მის მოსახლეობას მიწასთან გაასწორებდნენ (ლუკა 19:43, 44). შემდეგ იესომ ერთგულ მიმდევრებს უთხრა ნიშანი, რომელიც მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა და რომლის ამოცნობაც მათ არ გაუჭირდებოდათ (ლუკა 21:7–24). იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ქალაქიდან წასვლა საცხოვრებელი სახლისა და სამუშაოს დატოვებას ნიშნავდა. მაგრამ სიფხიზლის გამოვლენითა და გაქცევით მათ სიცოცხლე შეინარჩუნეს.
როდესაც იესომ იერუსალიმს განადგურება უწინასწარმეტყველა, მოწაფეებმა ჰკითხეს: «როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა [„თანდასწრებისა“, აქ] და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?» (მათე 24:3). პასუხში იესომ თავისი მომავალი თანდასწრება ნოეს დღეებში მომხდარი გლობალური წარღვნის წინა პერიოდს შეადარა. მან აღნიშნა, რომ წარღვნამ ყველა ბოროტი წალეკა (მათე 24:21, 37–39). იესომ ამგვარად მიუთითა, რომ ღმერთი კვლავ ჩაერეოდა კაცობრიობის საქმეებში. მაგრამ რამდენად ჩაერეოდა? იესოს თქმით, ღმერთი ბოლომდე გაანადგურებდა ბოროტ წუთისოფელს ანუ ამ სისტემას (შეადარეთ 2 პეტრე 3:5, 6). შეიძლება ეს ჩვენს დროში მოხდეს?
რჩება ყოველივე უცვლელად?
პირველ საუკუნეში მცხოვრებ მრავალ ებრაელს ვერც კი წარმოედგინა, რომ მათი წმინდა ქალაქი, იერუსალიმი, შეიძლება განადგურებულიყო. ხშირად იმ ხალხის უმეტესობასაც, რომლებიც ვულკანის მახლობლად ცხოვრობენ, მაგრამ არასოდეს უნახავთ მისი ამოფრქვევა, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს მოხდება. „ეს ჩვენს დროს არ იქნება“, — ასეთია ხალხის რეაქცია გაფრთხილებაზე. „ჩვეულებრივ, ვულკანური ამოფრქვევა ორ ან სამ საუკუნეში ერთხელ ხდება, — აღნიშნავს ვულკანოლოგი ლაიონელ უილსონი. — შენ ღელავ, როდესაც იცი, რომ შენს მშობლებს ვულკანური ამოფრქვევის გამო მოუწიათ ამ ადგილიდან გადასვლა, მაგრამ თუ ამოფრქვევა შენი ბებია-ბაბუების დროს მოხდა, საკმაოდ მშვიდად გრძნობ თავს“.
მაგრამ ზუსტი ინფორმაციის დახმარებით შეგვიძლია ამოვიცნოთ საშიშროების სიგნალები და სერიოზულად მოვეკიდოთ მათ. მათგან, რომლებმაც დატოვეს მონტან-პელეს ტერიტორია, ერთ-ერთი კარგად ერკვეოდა ვულკანებში და ამოიცნო საშიშროების ნიშნები. მსგავსი ნიშნები სწორად ამოიცნეს პინატუბოს ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრეც. ვულკანოლოგებმა, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მთის შიგნით მიმდინარე უხილავ პროცესებს, ადგილობრივი მოსახელობა დაარწმუნეს, რომ საჭირო იყო ტერიტორიის დატოვება.
რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უგულებელყოფენ საშიშროების სიგნალებს და დაჟინებით დაამტკიცებენ, რომ არაფერიც არ მოხდება. მათ შეიძლება დასცინონ კიდეც მათ, რომლებიც გარკვეულ ზომებს ღებულობენ. მოციქულმა პეტრემ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დღეებში ასეთი თვალსაზრისის არსებობა ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა. „უპირველესად იცოდეთ, — თქვა მან, — რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული“ (2 პეტრე 3:3, 4).
გჯერათ, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ? ერთ-ერთ ნაშრომში ჯონ. ა. გარატიმ და პიტერ გეიმ დასვეს შეკითხვა: „ვხედავთ ჩვენი ცივილიზაციის დაცემას?“ (The Columbia History of the World). შემდეგ ეს ისტორიკოსები აანალიზებენ მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დამნაშავეობის საყოველთაო ზრდასა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, ოჯახური ცხოვრების გაუარესებას, მეცნიერებისა და ტექნიკის უუნარობას საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაში, ხელმძღვანელობის პრინციპისადმი უპატივცემულობა და მსოფლიო მასშტაბით ზნეობისა და რელიგიის დაკნინებას. ისინი შემდეგ დასკვნას აკეთებენ: „თუ ყოველივე ეს გარდაუვალი აღსასრულის ნიშნები არ არის, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ჰგავს მას“.
ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ „აღსასრული“ გარდაუვალია, მაგრამ თვითონ დედამიწის მოსპობის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა „დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე“ (ფსალმუნი 103:5). მაგრამ უნდა მოველოდეთ, რომ ბოროტი სისტემა, რომელიც ადამიანებს ამდენ ტანჯვა-წამებას აყენებს, მალე განადგურდება. რის საფუძველზე? ჩვენ ვხედავთ იმ აშკარა თავისებურებებს, რომლებიც იესომ ამ სისტემის უკანასკნელი დღეების დამახასიათებლად მოიყვანა (იხილეთ ჩარჩო „უკანასკნელი დღეებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი მოვლენა“). ხომ არ შეადარებდით იესოს ნათქვამს დღევანდელ მსოფლიო მოვლენებთან? ამის გაკეთება თქვენ და თქვენს ოჯახს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებოდათ. მაგრამ რატომ არის საჭირო ზომების ახლავე მიღება?
სიფხიზლის შენარჩუნების ნამდვილი აუცილებლობა
თუმცა მეცნიერებმა შეიძლება იცოდნენ, რომ ვულკანური ამოფრქვევა გარდაუვალია, მათ არ შეუძლიათ თქვან, ზუსტად როდის მოხდება ის. მსგავსად ამისა, ამ სისტემის აღსასრულის შესახებ იესომ აღნიშნა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:36). ვინაიდან არ ვიცით, ზუსტად როდის მოხდება ამ სისტემის აღსასრული, იესო გვაფრთხილებს: „ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა [იესო]“ (მათე 24:43, 44).
იესოს სიტყვები ცხადყოფს, რომ ამ სისტემის აღსასრული წუთისოფელს მოულოდნელად დაატყდება თავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მიმდევრები ვართ, საჭიროა ‘მზად ვიყოთ’. ჩვენი მდგომარეობა იმ სახლის პატრონის მდგომარეობის მსგავსია, რომელსაც შეიძლება ქურდი მოულოდნელად დაადგეს თავზე, ვინაიდან არ იცის, თუ როდის შემოიპარება ის.
მსგავსად ამისა, მოციქულმა პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა. . . თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე ქურდივით წამოგეწიოთ“. პავლე აგრეთვე წერდა: „ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:2, 4, 6). რას ნიშნავს „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ?“
პირველ საუკუნეში იერუსალიმიდან ქრისტიანების გაქცევისგან განსხვავებით, გადარჩენის მიზნით ჩვენ არ დაგვჭირდება რომელიმე ქალაქიდან გაქცევა. მას შემდეგ, რაც პავლემ რომაელ თანამორწმუნეებს მისწერა, ფხიზლად ყოფილიყვნენ, მოუწოდა, ‘მოეშორებინათ სიბნელის საქმეები’ და ‘შემოსილიყვნენ უფალ ქრისტეთი’ (რომაელთა 13:12, 14). იესოს ნაკვალევის მიყოლით ცხადვყოფთ, რომ ვფხიზლობთ და ეს სულიერი სიფხიზლე ბოროტი სისტემის აღსასრულისას ღვთის მფარველობის ქვეშ მოგვაქცევს (1 პეტრე 2:21).
იესო ქრისტეს მიმდევრები აზრით აღსავსე და დამაკმაყოფილებელ ცხოვრებას ეწევიან. იეჰოვას მილიონობით მოწმემ დაინახა, რომ ქრისტეს მოწაფეობის უღელი საამური და გამამხნევებელია (მათე 11:29, 30). მოწაფეობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ‘ღვთისა და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღებაა’ (იოანე 17:3). მოწმეები ყოველკვირა დადიან ხალხთან სახლებში, რათა მათ ‘ჭეშმარიტების შემეცნებაში’ დაეხმარონ (1 ტიმოთე 2:4). ისინი სიამოვნებით ჩაგიტარებდნენ ბიბლიის უსასყიდლო შესწავლას თქვენსავე სახლში და როდესაც ღვთის სიტყვაში თქვენი შემეცნება გაიზრდებოდა, უსათუოდ, დარწმუნდებოდით, რომ ჩვენი დღეები ნამდვილად თავისებურია. მართლაც, ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე!
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
უკანასკნელი დღეებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი მოვლენა
„აღდგება ერი ერის წინააღმდეგ“; ‘დედამიწაზე მშვიდობა გაქრება’ (მათე 24:7; გამოცხადება 6:4).
ამ საუკუნეში მომხდარმა ორმა მსოფლიო ომმა, სხვა მრავალ კონფლიქტებთან ერთად, გააქრო დედამიწაზე მშვიდობა. „პირველი და მეორე მსოფლიო ომები განსხვავდება ადრე მომხდარი ომებისგან, — წერს მწერალი და ისტორიკოსი ჯონ კიიგენი. — განსხვავება მდგომარეობს მასშტაბებში, სიძლიერეში, მატერიალური დანაკარგისა და ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის ოდენობაში. . . მსოფლიო ომებში დაიღუპა უფრო მეტი ადამიანი, განადგურდა მეტი დოვლათი და დაიტანჯა დედამიწის იმაზე მეტი მოსახლეობა, ვიდრე ნებისმიერ წინა ომში“. ომები ახლა ჯარისკაცებზე მეტად ქალებსა და ბავშვებს აყენებს ზიანს. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ომებში 2 მილიონი ბავშვი დაიღუპა.
„შიმშილი“ (მათე 24:7; გამოცხადება 6:5, 6, 8).
1996 წელს საოცრად გაიზარდა ხორბლისა და სიმინდის ფასი. რატომ? ამ მარცვლეულის მსოფლიო მარაგი მხოლოდ 50 დღის მარაგამდე შემცირდა, რაც უმდაბლესი მაჩვენებელია. ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების მომატება ნიშნავს, რომ მსოფლიოში ასობით მილიონი ღატაკი, მათ შორის მრავალი ბავშვი, მშიერი იძინებს.
„მიწისძვრანი ადგილ-ადგილ“ (მათე 24:7).
უკანასკნელი 2 500 წლის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრებიდან მხოლოდ ცხრა იყო ისეთი, რომლის დროსაც თითოეულში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ ცხრიდან ოთხი კი 1914 წლის შემდეგ მოხდა.
‘ურჯულოების გამრავლება’ (მათე 24:12).
მე-20 საუკუნე რაც უფრო უახლოვდება დასასრულს, მით უფრო ვრცელდება ურჯულოება, ანუ კანონის დარღვევა. მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმა, ბავშვების ხოცვა და მასობრივი მკვლელობები ამ ძალადობით აღსავსე უკანასკნელი დღეებისთვის დამახასიათებელ საზარელ თავისებურებებს წარმოადგენს.
„ადგილ-ადგილ მოსრვა [ეპიდემიები]“ (ლუკა 21:11).
90-იან წლებში ტუბერკულოზით დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია წამლებისადმი უფრო და უფრო გამძლეები ხდებიან. ყოველწლიურად მალარიით, კიდევ ერთი სასიკვდილო დაავადებით, 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი ავადდება, ხოლო დაახლოებით 2 მილიონი კვდება. ვარაუდობენ, რომ ამ ათწლეულის დასასრულისთვის შიდს-ი ყოველწლიურად 1,8 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება. „დღეს კაცობრიობას ეპიდემია ეპიდემიაზე ატყდება თავს“, — აღნიშნავს ერთი ნაშრომი (State of the World 1996).
„ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს“ (მათე 24:14).
1997 წელს იეჰოვას მოწმეებმა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მილიარდ საათზე მეტი გაატარეს. ამ ცნობას იეჰოვას ხუთ მილიონზე მეტი მოწმე ქადაგებს 232 ქვეყანაში.
[საავტორო უფლება]
FAO photo/B. Imevbore
U.S. Coast Guard photo
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
ქრისტიანები გაიქცნენ იერუსალიმიდან, ვინაიდან ისინი სულიერად ფხიზლობდნენ.