იფხიზლეთ და იბეჯითეთ!
„ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი“ (მათე 25:13).
1. რას მოელოდა მოციქული იოანე?
ბიბლიაში მოცემულ უკანასკნელ დიალოგში იესო შემდეგ აღთქმას გვაძლევს: „ჰე, მალე მოვალ!“ მოციქული იოანე პასუხობს: „ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო“. მოციქულს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იესო მოვიდოდა. იოანე იმ მოწაფეთა შორის იყო, რომლებმაც იესოს ჰკითხეს: «როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა [„თანდასწრებისა“, აქ, ბერძნულად „პაროუსია“] და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ დიახ, იოანე რწმენით მოელოდა იესოს თანდასწრებას (გამოცხადება 22:20; მათე 24:3).
2. რა მდგომარეობაა გამეფებული ეკლესიებში იესოს თანდასწრებასთან დაკავშირებით?
2 ასეთი რწმენა ჩვენს დროში იშვიათია. მრავალ ეკლესიას ქრისტეს „მოსვლასთან“ დაკავშირებით აქვს ოფიციალური დოქტრინა, მაგრამ მათი წევრებიდან ბევრი სინამდვილეში არ მოელის მას. ისინი შესაბამის ცხოვრებასაც ეწევიან. წიგნი „პაროუსია ახალ აღთქმაში“ (The Parousia in the New Testament] აღნიშნავს: „პაროუსიას იმედი დიდად არ მოქმედებს საეკლესიო ცხოვრებაზე, სწავლებასა და საქმიანობაზე. . . გადაუდებლობის გრძნობა, რომლითაც ეკლესია მონანიებისა და სახარების ქადაგების მისიონერული საქმიანობის დავალებას საკუთარ თავზე უნდა იღებდეს, ძალზე სუსტია, თუ საერთოდ არსებობს“. მაგრამ ყველა ასე როდია!
3. ა) რას ფიქრობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები „პაროუსიასთან“ დაკავშირებით? ბ) რას განვიხილავთ ახლა?
3 იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები მთელი გულით მოელიან თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრულს. ასე მოქმედებისას საჭიროა სწორი შეხედულება გვქონდეს ყველაფრის მიმართ, რაც იესოს თანდასწრებასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ‘ბოლომდის მოვითმინოთ და გადავრჩეთ’ (მათე 24:13). მათეს 24-ე და 25-ე თავებში მოცემული წინასწარმეტყველების წარმოთქმისას იესომ მოგვცა ბრძნული რჩევა, რომლის შესმენაც მარადიულ სარგებლობას მოგვიტანს. ოცდამეხუთე თავში მოცემულია თქვენთვის, ალბათ, კარგად ცნობილი იგავები, რომლებშიც ათი ქალწულისა (გონიერი და უგუნური ქალწულების) და ტალანტების შესახებ იგავებიც შედის (მათე 25:1–30). რა გაკვეთილის მიღება შეიძლება ამ იგავებიდან?
ხუთი ქალწულის მსგავსად, თქვენც იფხიზლეთ!
4. რაშია ქალწულების შესახებ იგავის არსი?
4 შეიძლება მოისურვოთ ქალწულების შესახებ იგავის გადაკითხვა, რომელიც მათეს 25:1–13-შია მოცემული. იგავის თემად აღებულია იუდეველთა დიდი ქორწილი, სადაც სასიძო საპატარძლოს მამის სახლში მაყრიონის თანხლებით მიდის პატარძლის თავის (ან მამის) სახლში წამოსაყვანად. ასეთი პროცესია ცეკვა-თამაშით მიდიოდა და სასიძოს მოსვლის დროის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო. იგავში ათი ქალწული ღამით სასიძოს მოსვლას ელოდა. ათიდან ხუთმა უგუნურება გამოავლინა, ლამპრებისთვის საკმაო ზეთი არ წამოიღო და მის საყიდლად მოუწიათ წასვლა. დანარჩენი ხუთი კი გონივრულად მოიქცა, თან ჭურჭლებით ზეთი წაიღეს აუცილებლობის შემთხვევაში თავიანთი ლამპრების ხელახლა შესავსებად. სასიძოს მხოლოდ ეს ხუთი ქალწული დახვდა. ამიტომ ქორწილს მხოლოდ ისინი დაესწრნენ; ხოლო როდესაც ხუთი უგუნური დაბრუნდა, უკვე ძალიან გვიან იყო.
5. რომელი ბიბლიური მუხლები ჰფენს ნათელს ათი ქალწულის შესახებ იგავის სიმბოლურ მნიშვნელობას?
5 ამ იგავში ბევრ რამეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, საღვთო წერილი იესოს სიძედ მოიხსენიებს (იოანე 3:28-30). იესო თვითონაც ამბობდა საკუთარ თავზე — როგორც მეფის ძეზე, რომლისთვისაც საქორწილო ნადიმი იყო მომზადებული (მათე 22:1-14). ბიბლია ქრისტეს ქმარს ადარებს (ეფესელთა 5:23). აღსანიშნავია ის, რომ სხვაგან ცხებული ქრისტიანები მოხსენიებულია როგორც „სასძლო“, იგავში კი სასძლო ნახსენები არ არის (იოანე 3:29; გამოცხადება 19:7; 21:2, 9). მაგრამ იქ საუბარი მიდის ათ ქალწულზე, ხოლო ცხებულების შესახებ სხვაგან ლაპარაკია, როგორც ქრისტეზე დანიშნულ ქალწულზე (2 კორინთელთა 11:2)a.
6. რისკენ მოგვიწოდა იესომ ქალწულების შესახებ იგავის დასასრულს?
6 მაგრამ ასეთი დეტალებისა და წინასწარმეტყველური მნიშვნელობების გარდა, არსებობს გარკვეული შესანიშნავი პრინციპები, რის სწავლაც ამ იგავიდან შეგვიძლია. მაგალითად, ყურადღება მივაქციოთ სიტყვებს, რომლებსაც იესო იგავის დასასრულს ამბობს: „იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი“. ამგვარად, იგავში გადმოცემულია აზრი, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულის მოახლოებისას, თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია სიფხიზლე. აღსასრული აუცილებლად დადგება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსვლის ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია. ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ქალწულთა ორი ჯგუფის მიერ გამოვლენილ დამოკიდებულებას.
7. როგორ გამოვლინდა იგავში მოხსენიებული ხუთი ქალწულის უგუნურება?
7 იესომ თქვა: „ხუთი მათგანი უგუნური იყო“. იმიტომ ხომ არა, რომ მათ არ სჯეროდათ, რომ სიძე მოვიდოდა? პირადი სიამოვნების ძიებას ხომ არ იყვნენ აყოლილი? ან იქნებ რაღაცაში ცდებოდნენ? არა. იესომ თქვა, რომ მათ „აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად“. ამ ქალწულებმა იცოდნენ, რომ ნეფე მოვიდოდა და სურდათ, მათაც მიეღოთ მონაწილეობა „ქორწილში“. მაგრამ, იყვნენ ისინი სათანადოდ მომზადებული? ეს ქალწულები გარკვეული დროის განმავლობაში, „შუაღამემდე“, ელოდნენ, მაგრამ მზად არ იყვნენ ნეფის ნებისმიერ მომენტში მოსვლისთვის, იქნებოდა ეს მათ მოლოდინზე ადრე თუ გვიან.
8. როგორ გამოავლინა იგავში მოხსენიებულმა ხუთმა ქალწულმა, რომ გონიერები იყვნენ.
8 ნეფის შესახვედრად ანთებული ლამპრებით გამოვიდა დანარჩენი ხუთიც, რომლებსაც იესომ გონიერები უწოდა. ლოდინი მათაც უწევდათ, მაგრამ ისინი „გონიერები“ იყვნენ. ბერძნულ სიტყვას, რომელიც „გონიერად“ ითარგმნა, „წინდახედულის, ჭკვიანის, პრაქტიკული ჭკუის მქონეს“ მნიშვნელობაც აქვს. ესენი იმიტომ იყვნენ გონიერები, რომ ჭურჭლით დამატებითი ზეთი წამოიღეს აუცილებლობის შემთხვევაში ლამპრებში ჩასამატებლად. ფაქტობრივად, მათი სურვილი, ნეფეს მზად დახვედროდნენ, იმდენად დიდი იყო, რომ თავიანთი მარაგი სხვებს არ მისცეს. ასეთი სიფხიზლე მეტისმეტი არ იყო, რადგან ამის წყალობით ქალწულები სრულიად მომზადებულები შეხვდნენ ნეფის მოსვლას. „გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა“.
9, 10. რა არის ქალწულების შესახებ იგავის მთავარი აზრი და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
9 იესოს ამ იგავით არ სურდა ესწავლებინა, რის გაკეთება იყო მიღებული ქორწილზე და რის არა; ის არც ერთმანეთისთვის რამის მიცემა-არმიცემის შესახებ იძლეოდა რჩევას. იგავის მოყვანის მიზანი ის იყო, რომ ადამიანები ‘ფხიზლად ყოფილიყვნენ, ვინაიდან არ იცოდნენ არც დღე, არც საათი’. საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „ნამდვილად ვავლენ სიფხიზლეს იესოს თანდასწრებასთან დაკავშირებით?“ ჩვენ გვწამს, რომ იესო უკვე ზეცაში მეფობს, მაგრამ რამდენად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ მალე ნამდვილად ‘ვიხილავთ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით’? (მათე 24:30). „შუაღამისას“ ნეფის მოსვლა ბევრად უფრო ახლოს იყო, ვიდრე იმ დროს, როდესაც ქალწულები მის შესახვედრად გამოვიდნენ. მსგავსად ამისა, ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად ძე კაცისას მოსვლა ახლა ბევრად უფრო ახლოს არის, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენ ამის მოლოდინი დავიწყეთ (რომაელთა 13:11-14). ვფხიზლობთ ჩვენ, და მით უმეტეს ახლა, როდესაც ეს დრო უფრო და უფრო ახლოვდება?
10 „ფხიზლად“ ყოფნის შესახებ მითითების შესასრულებლად გამუდმებული ძალისხმევაა საჭირო. ხუთმა ქალწულმა ვერ გაითვალისწინა, რომ ზეთი დაუმთავრდებოდათ, ამიტომ მის საყიდლად წასლვა მოუწიათ. დღეს ქრისტიანებიც შეიძლება მსგავსი სახით მოცდნენ და იესოს მოულოდნელ მოსვლას მოუმზადებელი შეხვდნენ. ასე მოუვიდა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგ ქრისტიანს. ზოგს ეს შეიძლება დღეს დაემართოს. ამიტომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: მეც ხომ არ მემართება ეს? (1 თესალონიკელთა 5:6-8; ებრაელთა 2:1; 3:12; 12:3; გამოცხადება 16:15).
იფხიზლეთ, რადგან ახლოვდება აღსასრული
11. რომელი იგავი მოიყვანა იესომ მოგვიანებით, და რომელ იგავს ჰგავდა ის?
11 შემდეგ იესო ყვება იგავს, სადაც მხოლოდ სიფხიზლისკენ მოწოდებით არ იფარგლება. დიახ, გონიერ და უგუნურ ქალიშვილებზე იგავის შემდეგ ის ტალანტების შესახებ იგავს მოგვითხრობს (წაიკითხეთ მათე 25:14-30). ეს იგავი ძალიან ჰგავს მნების შესახებ იგავს, რომელიც იესომ იმის გამო მოიყვანა, რომ მრავალს ‘ეგონა, უცბად გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი’ (ლუკა 19:11-27).
12. რაშია ტალანტების შესახებ იგავის არსი?
12 ტალანტების შესახებ იგავში იესო ყვება კაცზე, რომელმაც შორეულ ქვეყანაში წასვლის წინ სამ მონას მოუხმო; ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს ორი, ხოლო მესამეს ერთადერთი — „თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით“. ალბათ, ეს ვერცხლის ტალანტები იყო, რომლის ღირებულებაც მუშის 14 წლის ჯამაგირს უტოლდებოდა. ეს ძალიან დიდი თანხა იყო! უკან დაბრუნებისას ამ კაცმა მონებს ანგარიში მოსთხოვა, რას აკეთებდნენ მისი არ ყოფნის, „კარგა ხნის“, განმავლობაში. პირველმა ორმა მიბარებული გააორმაგა. ბატონმა თქვა: „კარგი“; ორივეს მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება აღუთქვა და თითოეულს უთხრა: „შედი შენი ბატონის სიხარულში“. ერთი ტალანტის მქონე მონის სიტყვებიდან ჩანს, რომ ბატონი ძალიან მომთხოვნი იყო და ამიტომ ტალანტი არაფრისთვის არ გამოიყენა; ფული მოვაჭრეებსაც კი არ მისცა, მოგების მიღების მიზნით, და დამარხა. ბატონმა ამ მონას „ბოროტი და ზარმაცი“ უწოდა, რადგან მის სასარგებლოდ არ იმოქმედა. შედეგად, ის ერთი ტალანტიც წაართვა და გარეთ გააგდო, სადაც „მოთქმასა და კბილთა ღრჭენაში“ იქნებოდა.
13. რა ცხადყოფს, რომ იესო იგავში მოყვანილ ბატონს ჰგავდა?
13 ამ შემთხვევაშიც, ამ იგავის დეტალები შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით გავიგოთ. მაგალითად, იესო, რომელიც შორეულ ქვეყანაში წასულ მამაკაცად არის წარმოდგენილი, დატოვებდა თავის მოწაფეებს, ზეცაში ავიდოდა და სამეფო ძალაუფლების მისაღებად დიდი ხნით ლოდინი მოუწევდაb (ფსალმუნი 109:1–4; საქმეები 2:34-36; რომაელთა 8:34; ებრაელთა 10:12, 13). მაგრამ, ისევ და ისევ, აქედანაც შეიძლება კარგი გაკვეთილის ან პრინციპების სწავლა, რომლებსაც ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი უნდა მიჰყვეს. რაში მდგომარეობს ეს გაკვეთილი თუ პრინციპები?
14. რის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას იგავი ტალანტების შესახებ?
14 იესოს იგავიდან ნათელია, რომ ზეცაში უკვდავად ცხოვრების იმედი გვაქვს, თუ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების, ქრისტიანულ მსახურებას მთელი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ. ფაქტობრივად, იგავში გადმოცემული აზრები შეიძლება ერთი სიტყვით შევაჯამოთ: სიბეჯითე. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოციქულებმა ამის მაგალითი დაგვიტოვეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[პეტრე] მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო“ (საქმეები 2:40-42). რა შესანიშნავი შედეგი მოიმკა მან თავისი ძალისხმევის ფასად! მოციქულებთან ერთად სხვებმაც დაიწყეს ქრისტიანობის ქადაგება და ისინიც გულმოდგინებით აკეთებდნენ ამას, რის შედეგადაც კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:3-6, 23; 1 კორინთელთა 3:5-9).
15. განსაკუთრებით რატომ უნდა გვახსოვდეს ტალანტების შესახებ იგავში გადმოცემული ძირითადი აზრი?
15 გახსოვდეთ ამ იგავის კონტექსტი — წინასწარმეტყველება იესოს თანდასწრების შესახებ. ჩვენ უხვად გვაქვს იმის მტკიცებები, რომ იესოს „პაროუსია“ გრძელდება და მალე კულმინაციას მიაღწევს. გაიხსენეთ, რომ იესომ ერთმანეთთან დააკავშირა „აღსასრული“ და საქმე, რომელიც ქრისტიანებმა უნდა შეასრულონ: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ამას, ზემოხსენებული მონებიდან რომელს ვგავართ ჩვენ? შევეკითხოთ საკუთარ თავს: „ვიძლევი მიზეზს დასკვნისთვის, რომ იმ მონის მსგავსი ვარ, რომელმაც მიბარებული მიწაში ჩამარხა და საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა? თუ აშკარაა, რომ მე კარგ და ერთგულ მონებს ვგავარ? ვარ გადაწყვეტილებით აღსავსე, რომ, ნებისმიერი შესაძლებლობისას, გავზარდო ბატონის ქონება?
სიფხიზლე და სიბეჯითე მისი თანდასწრებისას
16. რა ცნობაა მოცემული ჩვენთვის განხილულ ორ იგავში?
16 დიახ, გადატანითი და წინასწარმეტყველური მნიშვნელობების გარდა, ეს ორი იგავი თვითონ იესოს სიტყვებით მოგვიწოდებს: იფხიზლეთ, იბეჯითეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქრისტეს „პაროუსიის“ ნიშანი ასე ნათლად ჩანს. ეს კი ახლა ხდება. ასე რომ, ნამდვილად ვავლენთ სიფხიზლესა და სიბეჯითეს?
17, 18. რა გვირჩია მოწაფე იაკობმა იესოს თანდასწრებასთან დაკავშირებით?
17 იესოს ნახევარძმა იაკობი მასთან ერთად არ ყოფილა ზეთისხილის მთაზე და არ მოუსმენია იქ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, მაგრამ მოგვიანებით გაიგო ამის შესახებ და ნათლად ჩასწვდა ნათქვამის მნიშვნელობას. ის წერდა: «სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე [„თანდასწრებამდე“, აქ]. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას. თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოვებულია უფლის მოსვლა [„თანდასწრება“, აქ]» (იაკობი 5:7, 8).
18 იმის შემდეგ რაც იაკობი შეაგონობს მკითხველებს, რომ ღმერთი სიმდიდრის უმართებულოდ გამომყენებლებს განსჯის, ის ქრისტიანებს მოუწოდებს, მოუთმენლობა არ გამოავლინონ იეჰოვას ჩარევის მოლოდინში. მოუთმენლობამ შეიძლება ქრისტიანი დასჯის სურვილით აღავსოს, თითქოს მან უნდა გამოასწოროს ყველას ჩადენილი შეცდომა. ასეთი მოქმედება არასწორია, რადგან განსჯის დრო ნამდვილად ახლოვდება. ეს კარგად არის ნაჩვენები იაკობის მიერ მიწის მუშაკის შესახებ მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითში.
19. როგორი მოთმინების გამოვლენა შეეძლო ისრაელ მიწათმოქმედს?
19 ისრაელ მიწათმოქმედს თესლის ჩათესვის შემდეგ ჯერ ღეროს აღმოცენებისთვის უნდა ეცადა, შემდეგ ნაყოფის მომწიფებისა და მკისთვის (ლუკა 8:5-8; იოანე 4:35). რამდენიმე თვის შემდეგ კი უკვე დროც იყო და მიზეზიც საზრუნავის გაჩენისთვის; მოვიდოდა თუ არა საადრეო წვიმა და იქნებოდა თუ არა ის მცენარისთვის საკმარისი? მოვიდოდა საგვიანო წვიმა? მწერები ან სეტყვა ხომ არ გაუფუჭებდა მცენარეებს? (შეადარეთ იოველი 1:4; 2:23–25). ყველაფრის მიუხედავად ისრაელ მიწათმოქმედს შეეძლო იეჰოვაზე და მის მიერ დადგენილ ბუნებრივ ციკლებზე ყოფილიყო მინდობილი (მეორე რჯული 11:14; იერემია 5:24). მიწათმოქმედი იმდენად მომთმენი იყო, რამდენადაც დარწუნებული დადებითი შედეგების მიღებაში. რწმენის საფუძველზე მან იცოდა, რომ ფუჭად არ მოუწევდა ლოდინი. მისი მოლოდინი უეჭველად გამართლდებოდა!
20. იაკობის რჩევის თანახმად, როგორ უნდა გამოვავლინოთ მოთმინება?
20 მაშინ, როდესაც მიწათმოქმედს შეეძლო გარკვეულწილად წინასწარ სცოდნოდა, როდის დადგებოდა მკის დრო, პირველი საუკუნის ქრისტიანებს იესოს თანდასწრების დროის გამოთვლა არ შეეძლოთ. მაგრამ ის დრო ნამდვილად დადგებოდა. იაკობი წერდა: «მოახლოვებულია უფლის მოსვლა [„თანდასწრება“, აქ, „პაროუსია“]». მაშინ, როდესაც იაკობმა ეს სიტყვები დაწერა, ქრისტეს თანდასწრების ნიშანი, რომელიც ფართო მასშტაბით ანუ გლობალურად უნდა გამოჩენილიყო, ჯერ კიდევ არ ჩანდა, მაგრამ დღეს ეს ასე არ არის! ამიტომ, რას უნდა ვგრძნობდეთ ამ პერიოდში? ნიშანი აშკარად ჩანს. ჩვენ ვხედავთ მას. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: მე ვხედავ ნიშნის შესრულებას. ამიტომ უდავოდ შეგვიძლია ვთქვათ: უფლის თანდასწრება უკვე მიმდინარეობს და მალე კულმინაციას მიაღწევს.
21. რა გადაწყვეტილებით ვართ აღსავსე?
21 რადგან ეს ასეა, განსაკუთრებით მყარი საფუძველი გვაქვს გულთან ახლოს მივიტანოთ და მივყვეთ იესოს მიერ მოყოლილ ორ იგავში მოცემულ ძირითად გაკვეთილს. მან თქვა: „იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი“ (მათე 25:13). ახლაა, უდავოდ, გულმოდგინე ქრისტიანული მსახურების დრო. ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვავლინოთ, რომ გვესმის იესოს სიტყვების არსი. ყოველთვის ვიფხიზლოთ და ვიბეჯითოთ!
[სქოლიოები]
a იგავში გადატანითი მნიშვნელობით მოხსენიებული საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნში „ღვთის ათასწლიანი სამეფო ახლოვდება“, გვერდები 169—211; გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ (ინგლ.).
b იხილეთ წიგნი „ღვთის ათასწლიანი სამეფო ახლოვდება“, გვერდები 212—256 (ინგლ.).
გახსოვთ თუ არა?
◻ რა ძირითადი აზრი დევს გონიერი და უგუნური ქალწულების შესახებ იგავში?
◻ რა მნიშვნელოვან რჩევას გაძლევთ იესო ტალანტების შესახებ იგავის საშუალებით?
◻ რა გაგებით არის თქვენი მოთმინება „პაროუსიასთან“ დაკავშირებული, და რით ჰგავს ეს ისრაელი მიწათმოქმედის მოთმინებას?
◻ რით არის დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ამაღელვებელი და რთული?
[სურათები 23 გვერდზე]
რა ისწავლეთ ქალწულებისა და ტალანტების შესახებ იგავიდან?