თავმდაბალმა იოშიამ ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურა
ხუთი წლის იუდაელი მეფისწული იოშია შეშინებული უნდა იყოს. დედამისი, იედიდა, მოთქვამს. ის იოშიას პაპის, მენაშეს, სიკვდილის გამო გლოვობს (მეოთხე მეფეთა 21:18).
ამჯერად იოშიას მამა, ამონი, ხდება იუდას მეფე (მეორე ნეშტთა 33:20). ორი წლის შემდეგ (ძვ. წ. 659 წელი) ამონს მისი მსახურები კლავენ. მაგრამ ხალხი ხოცავს შეთქმულების მონაწილეებს და ახალგაზრდა იოშიას ამეფებს (მეოთხე მეფეთა 21:24; მეორე ნეშტთა 33:25). იოშია ამონის მეფობის დროს შეეჩვია საკმევლის სუნს, რომლითაც იერუსალიმის ჰაერი იყო გაჟღენთილი, რადგან სახლის ბანებზე აღმართული უამრავი სამსხვერპლოს წინაშე ხალხი ცრუ ღმერთებს სცემდა თაყვანს. წარმართი მღვდლები თავისუფლად დააბიჯებდნენ იუდაში, ხოლო თავგამოდებული თაყვანისმცემლები — ისინიც კი, რომლებიც თავს იეჰოვას თაყვანისმცემლებად აცხადებდნენ — ღმერთ მილქომს ფიცულობდნენ (სოფონია 1:1, 5).
იოშიამ იცის, რომ ამონი ბოროტ საქმეებს სჩადიოდა, რადგან თაყვანს სცემდა ცრუ ღვთაებებს. ამავე დროს, იუდას ახალგაზრდა მეფე უკეთესად იგებს ღვთის წინასწარმეტყველ სოფონიას მიერ გაცხადებულ ცნობას. ამ დროისთვის იოშია 15 წლის არის (ძვ. წ. 652 წელი); ის მერვე წელია, რაც მმართველობს და გადაწყვეტილებას იღებს, ყურად იღოს სოფონიას სიტყვები. ჯერ კიდევ ყმაწვილი იოშია იეჰოვას ძიებას იწყებს (მეორე ნეშტთა 33:21, 22; 34:3).
იოშია გაბედულად მოქმედებს!
გადის ოთხი წელი და იოშია იუდასა და იერუსალიმის ცრუ რელიგიისგან განწმენდას იწყებს (ძვ.წ. 648 წელი). ის ანადგურებს კერპებს, სვეტებს, საკმევლის სამსხვერპლოებს, რომლებსაც ბაალის თაყვანისმცემლობის დროს იყენებენ. ის ცრუ ღმერთების კერპებს ნამსხვრევებად აქცევს და ფანტავს იმათ საფლავებზე, ვინც მათ მსხვერპლს სწირავდა. უწმინდური თაყვანისცემისთვის განკუთვნილი სამსხვერპლოები წაბილწული და განადგურებულია (მეოთხე მეფეთა 23:8—14).
იოშია განწმენდის საქმიანობაშია ჩაფლული, როცა ლევიანი მღვდლის ვაჟი, იერემია, იერუსალიმში ჩამოდის (ძვ. წ. 647 წელი). იეჰოვა ღმერთმა ახალგაზრდა იერემია თავის წინასწარმეტყველად დანიშნა; როგორი დამაჯერებლობით აცხადებს ის იეჰოვას ცნობას ცრუ რელიგიის წინააღმდეგ! იოშია დაახლოებით იერემიას ასაკის არის. განწმენდასთან დაკავშირებული იოშიას გაბედული მოქმედებისა და იერემიას შეუპოვარი მოწოდების მიუხედავად, ხალხი მალე ისევ ცრუ თაყვანისმცემლობას უბრუნდება (იერემია 1:1—10).
ფასდაუდებელი აღმოჩენა!
თითქმის ხუთი წელი გადის. ოცდახუთი წლის იოშია დაახლოებით 18 წელია, რაც მმართველობს. ის იბარებს მწერალ შაფანს, ქალაქის თავს მაყასიაჰუს და მწერალ იოახს. მეფე უბრძანებს შაფანს: ‘უთხარი მღვდელმთავარ ხილკიას, შეაგროვოს უფლის სახლში შემოსული მთელი ვერცხლი, რომელიც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან და მისცეს მომუშავეებს უფლის სახლის შესაკეთებლად’ (მეოთხე მეფეთა 22:3—6; მეორე ნეშტთა 34:8).
ალიონიდანვე ტაძრის შემკეთებლები გულმოდგინედ მუშაობენ. იოშია, უეჭველად, მადლიერია იეჰოვასი, რომ მუშებმა შეძლეს, შეეკეთებინათ ღვთის ტაძარი, რომელიც ზოგმა მისმა ბოროტმა წინაპარმა დააზიანა. როცა მუშაობა მიმდინარეობს, შაფანი ამბის მოსახსენებლად მოდის მეფესთან. რა უჭირავს მას ხელში? რატომ მოიტანა მან გრაგნილი! ის განმარტავს, რომ მღვდელმთავარმა ხილკიაჰუმ „მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი“ აღმოაჩინა (მეორე ნეშტთა 34:12—18). რამხელა აღმოჩენაა — ეს, უეჭველად, რჯულის თავდაპირველი ასლია!
იოშიას ამ წიგნში ჩაწერილი თითოეული სიტყვის მოსმენის დიდი სურვილი აქვს. როცა შაფანი კითხულობს, მეფე ცდილობს იმის დანახვას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასში მოცემული ყოველი მცნება მან და ხალხმა. მისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, თუ როგორ მახვილდება ამ წიგნში ყურადღება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე; აგრეთვე მასზე მოქმედებს უბედურებებთან და გადასახლებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებაც, რომელიც იმ შემთხვევაში ასრულდებოდა, თუ ხალხი ცრუ რელიგიის მიმდევარი იქნებოდა. ახლა, როდესაც იოშია ხვდება, რომ ღვთის ყველა მცნება არ სრულდება, ტანსაცმელს იხევს და ხილკიას, შაფანსა და სხვებს უბრძანებს: ‘დაეკითხეთ უფალს ამ წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები’ (მეოთხე მეფეთა 22:11—13; მეორე ნეშტთა 34:19—21).
იეჰოვას სიტყვა ცხადდება
იოშიას მაცნეები მიდიან წინასწარმეტყველ ქალთან, ხულდასთან, იერუსალიმში და მისგან ცნობას იღებენ. ხულდა იეჰოვას სიტყვას აცხადებს და მიუთითებს, რომ ახლახან აღმოჩენილ წიგნში ჩაწერილი უბედურებები თავს დაატყდება განდგომილ ერს. მაგრამ იოშია, რომელმაც ქედი მოიდრიკა იეჰოვა ღმერთის წინაშე, საკუთარი თვალით არ იხილავს ამ უბედურებას. ის შეერთვება თავის მამა-პაპას და მშვიდობით ჩავა თავის სამარხში (მეოთხე მეფეთა 22:14—20; მეორე ნეშტთა 34:22—28).
წარმოადგენდა თუ არა ხულდას მიერ ნაწინასწარმეტყველები სიმართლეს, რადგან, როგორც ცნობილია, იოშია ბრძოლაში დაიღუპა? (მეოთხე მეფეთა 23:28—30). დიახ, რადგან „მშვიდობა“, რომლითაც იოშია სამარხში ჩავიდა, იმ ‘უბედურებასთან’ შედარებით, რაც იუდაელებს უნდა დატყდომოდათ თავს, მართლაც რომ შეიძლება მშვიდობასთან იყოს გაიგივებული (მეოთხე მეფეთა 22:20; მეორე ნეშტთა 34:28). იოშია მოკვდა ამ უბედურებამდე, რომელიც ძვ. წ. 609-607 წლებში დატრიალდა, როცა ბაბილონელებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს და გაანადგურეს. გამოთქმა ‘მამა-პაპასთან მოსვენება’, ყოველთვის არ გამორიცხავს ძალმომრეობით სიკვდილს. მსგავსი გამოთქმა გამოიყენება როგორც ძალმომრეობით, ისე არაძალმომრეობით სიკვდილთან დაკავშირებით (მეორე რჯული 31:16; მესამე მეფეთა 2:10; 22:34, 40).
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა
იოშია ტაძარში უყრის თავს იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს და უკითხავს მათ ‘აღთქმის წიგნის ყოველ სიტყვას, რომელიც უფლის სახლში იპოვეს’. შემდეგ ის დებს აღთქმას, რომ ‘ივლის უფლის კვალზე, ყურად იღებს მის ბრძანებებს, მის გაფრთხილებებსა და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულდეს ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები’. მთელი ერი თანხმობას აცხადებს ამ აღთქმის შესრულებაზე (მეოთხე მეფეთა 23:1—3).
ახლა მეფე იოშია სხვა და, როგორც ჩანს, უფრო მკაცრ ზომებს იღებს კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ის იუდაელ მღვდლებს, რომლებიც უცხო ღმერთს ემსახურებიან, სამსახურიდან ითხოვს. ლევიანი მღვდლები, რომლებიც უწმინდურ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობენ, კარგავენ იეჰოვას სამსხვერპლოსთან მსახურების უპირატესობას; სოლომონის მეფობის დროს თაყვანისცემისთვის აშენებული გორაკები უქმდება. განწმენდა ისრაელის ათი ტომის იმ ყოფილი სამეფოს ტერიტორიაზეც ხდება, რომელიც წლების წინათ ასურელებმა დაამხეს (ძვ. წ. 740 წელი).
უცნობი „ღვთისკაცის“ მიერ 300 წლით ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველების თანახმად, იოშია ბაალის თაყვანისმცემელი მღვდლების ძვლებს წვავს სამსხვერპლოზე, რომელიც იერობოამ I-მა ააგო ბეთელში. გორაკები უქმდება, როგორც აქ, ისე სხვა ქალაქებში. იოშია კერპთაყვანისმცემელ მღვდლებს სწორედ იმ სამსხვერპლოებზე აკლავს, რომლებზეც ისინი რიტუალს ასრულებდნენ (მესამე მეფეთა 13:1—4; მეოთხე მეფეთა 23:4—20).
პასექის დიდებული დღესასწაულის გამართვა
იოშიას ღმერთი ეხმარება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში. თავისი ცხოვრების მანძილზე მეფე ღვთის მადლიერი იქნება იმის გამო, რომ ხალხი ‘აღარ განდგომია უფალს, თავისი მამა-პაპის ღმერთს’ (მეორე ნეშტთა 34:33). და განა შეძლებს იოშია იმ ღირსშესანიშნავი მოვლენის დავიწყებას, რომელიც მისი მეფობის მე-18 წელს მოხდა?
მეფე უბრძანებს ხალხს: „მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ [ახლახან აღმოჩენილ] აღთქმის წიგნში სწერია“ (მეოთხე მეფეთა 23:21). იოშია ხარობს, როცა ხედავს ხალხის გამოხმაურებას. ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ის თავად სწირავს 30 000 საპასექო ცხოველსა და 3 000 კურატს. პასექის რა დიდებული დღესასწაულია! შესაწირავების რაოდენობით, კარგი ორგანიზებულობითა და თაყვანისმცემელთა სიმრავლით ეს დღესასწაული წინასწარმეტყველ სამუელის დროიდან ყველა მანამდე გამართულ პასექს აჭარბებს (მეოთხე მეფეთა 23:22, 23; მეორე ნეშტთა 35:1—19).
მის სიკვდილს დიდი გლოვა მოჰყვება
იოშია თავისი მეფობის დარჩენილი 31 წელი (ძვ. წ. 659—629 წელი) კარგი მეფე იყო. თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ის იგებს, რომ ფარაონი ნექო იუდას გავლით გეგმავს, დახვდეს ბაბილონის ჯარებს და შეაჩეროს ისინი და ასეთი სახით დაეხმაროს ასურეთის მეფეს ქარხემიშთან, მდინარე ევფრატზე. გაურკვეველი მიზეზების გამო იოშია ეგვიპტის მეფის შესაჩერებლად გამოდის. ნექო მაცნეებს უგზავნის მას და უთვლის: „ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს“. მაგრამ იოშიამ თავის შესანიღბად სხვა ტანსაცმელი გადაიცვა და მასთან საბრძოლველად გავიდა მეგიდოს ველზე (მეორე ნეშტთა 35:20—22).
იოშიამ ეს ნაბიჯი თავისდა საუბედუროდ გადადგა! მშვილდოსანი მოწინააღმდეგეები მიზანში იღებენ მას, რის შემდეგაც ის ეუბნება თავის მსახურებს: „გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი“. მათ გადმოჰყავთ ის თავისი საომარი ეტლიდან, სხვა ეტლში სვამენ და იერუსალიმში მიჰყავთ. აქვე ან ქალაქისკენ მიმავალ გზაზე იოშია უკანასკნელად ამოისუნთქავს. „მოკვდა იგი და თავის მამა-პაპის სამარხში დაიმარხა“, — ნათქვამია ღვთის შთაგონებულ ცნობაში, — და „მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იოშიაჰუ“. იერემია გლოვას მართავს მასზე და იმ დროიდან მოყოლებული ამ მეფეს სამგლოვიარო საგალობლებში მოიხსენიებენ განსაკუთრებული შემთხვევების დროს (მეორე ნეშტთა 35:23—25).
დიახ, მეფე იოშიამ სავალალო შეცდომა დაუშვა, როცა ეგვიპტელებთან ბრძოლაში ჩაება (ფსალმუნი 129:3). მიუხედავად ამისა, თავისი თავმდაბლობით და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად გამოვლენილი სიმტკიცის გამო მან ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურა. რა ნათლად ჩანს იოშიას ცხოვრებიდან, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილებას ავლენს თავისი ერთგული და გულით თავმდაბალი მსახურების მიმართ (იგავნი 3:34; იაკობი 4:6).
[სურათი 29 გვერდზე]
ახალგაზრდა მეფე იოშია დიდი მონდომებით ეძიებდა იეჰოვას.
[სურათი 31 გვერდზე]
იოშიამ გაანადგურა გორაკები და აღადგინა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა.