„ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“
„საგულდაგულოდ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:5, „ბაინგტონის თარგმანი“).
1, 2. ბიბლიის თანახმად, რა მოეთხოვებათ უხუცესებს, თუმცა ყველა ქრისტიანი ასრულებს მახარობლის საქმეს?
ხართ სამეფოს შესახებ მქადაგებელი? თუ დიახ, მადლიერი იყავით იეჰოვასი, რადგან ეს უდიდესი პატივია. უხუცესი ხართ? ეს იეჰოვასგან კიდევ ერთი, დამატებითი კურთხევაა. მაგრამ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოვდგებით თუ არა ღვთის მსახურად ან კრებაში ზედამხედველად, ჩვენს განათლებასა და მჭევრმეტყველების უნარზე არ არის დამოკიდებული. იეჰოვა გვხდის მსახურებისთვის გამოსადეგს; ზოგ მამაკაცს კი იმის გამო, რომ შეესაბამება ბიბლიურ მოთხოვნებს, ზედამხედველად მსახურების შესაძლებლობას აძლევს (2 კორინთელთა 3:5, 6; 1 ტიმოთე 3:1—7).
2 ღვთისადმი მიძღვნილი ყველა ქრისტიანი მონაწილეობს მახარობლის საქმეში, მაგრამ განსაკუთრებით ზედამხედველებმა, ანუ უხუცესებმა, უნდა მისცენ კრებას კარგი მაგალითი. იმ უხუცესების შრომა, რომლებიც „სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“, არც ღმერთსა და ქრისტეს რჩება შეუმჩნეველი და არც თანაქრისტიანებს (1 ტიმოთე 5:17, აქ; ეფესელთა 5:23; ებრაელთა 6:10—12). უხუცესის სწავლება ნებისმიერ სიტუაციაში სულიერად გამომაჯანსაღებელი უნდა იყოს. ამას ცხადყოფს მოციქულ პავლეს მიერ ზედამხედველ ტიმოთესადმი მიწერილი სიტყვები: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ. შენ კი ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:3—5, აქ).
3. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ცრუ სწავლებებმა კრების სულიერობას საფრთხე არ შეუქმნას?
3 ცრუ სწავლებებმა კრების სულიერობას საფრთხე რომ არ შეუქმნას, ზედამხედველი უნდა მოიქცეს პავლეს რჩევის თანახმად: „ყველაფერში იფხიზლე . . . საგულდაგულოდ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:5, ბაინგტონის თარგმანი). დიახ, უხუცესმა თავისი მსახურება ‘ყოველმხრივ უნდა შეასრულოს’. მან მთლიანად, საგულდაგულოდ ანუ სრულად უნდა შეასრულოს მსახურება. მსახურების ყოველმხრივ შემსრულებელი უხუცესი სათანადო ყურადღებას აქცევს თავის ყველა ვალდებულებას; ის არაფერს უგულებელყოფს და საქმეს სანახევროდ არ აკეთებს. ასეთი მამაკაცი მცირედშიც კი ერთგულია (ლუკა 12:48; 16:10).
4. რა დაგვეხმარება მსახურების ყოველმხრივ შესრულებაში?
4 მსახურების ყოველმხრივ შესასრულებლად ყოველთვის მეტი დრო არ არის საჭირო; მთავარია დროის სათანადოდ გამოყენება. თანაბარზომიერება ყველა ქრისტიანს დაეხმარება, წარმატებული იყოს მსახურებაში. სამქადაგებლო მსახურებას მეტი დრო რომ დაუთმოს, საჭიროა უხუცესი ორგანიზებული იყოს. ეს საშუალებას მისცემს მას, გაწონასწორებულად დაგეგმოს თავისი საქმეები; აგრეთვე მან უნდა იცოდეს, რა დავალება დააკისროს სხვებს და როგორ (ებრაელთა 13:17). ისევე როგორც ნეემია მონაწილეობდა იერუსალიმის კედლების აღდგენაში, ბუნებრივია, უხუცესიც, რომელსაც კრება პატივს სცემს, შეიტანს საკუთარ წვლილს მსახურებაში (ნეემია 5:16). აგრეთვე, იეჰოვას ყველა მსახურმა უნდა მიიღოს სამეფოს შესახებ ქადაგებაში რეგულარულად მონაწილეობა (1 კორინთელთა 9:16—18).
5. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მსახურების მიმართ?
5 რა სასიამოვნო დავალება გვაქვს დაკისრებული — ხალხს ვამცნოთ ზეციერი სამეფოს შესახებ, რომელიც უკვე დამყარებულია! ჩვენ ნამდვილად მოგვწონს და ვაფასებთ აღსასრულის წინ სასიხარულო ცნობის მთელ დედამიწაზე ყველა ხალხისთვის ქადაგების შესაძლებლობას (მათე 24:14). არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი პავლეს სიტყვებით: „ეს განძი [მსახურება] ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორინთელთა 4:7). დიახ, ჩვენ შეგვიძლია ღვთის მოსაწონად ვიმსახუროთ, მაგრამ ეს მხოლოდ ღვთის მიერ მოცემული ძალითა და სიბრძნით არის შესაძლებელი (1 კორინთელთა 1:26—31).
ავირეკლოთ ღვთის დიდება
6. რა განსხვავება არსებობს ხორციელ ისრაელსა და სულიერ ისრაელს შორის?
6 პავლემ ცხებული ქრისტიანების შესახებ თქვა, რომ ისინი ღმერთმა ‘გახადა გამოსადეგი, რათა ახალი შეთანხმების მსახურნი ყოფილიყვნენ’. ახალ შეთანხმებას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით სულიერ ისრაელთან დაიდო, მოციქული აპირისპირებს ძველ — რჯულის — შეთანხმებასთან, რომელიც მოსეს მეშვეობით ხორციელ ისრაელთან დაიდო. პავლე ამატებს, რომ, როდესაც მოსე სინაის მთიდან ჩამოვიდა და ჩამოიტანა ქვის ფიქლები, რომლებზედაც ათი მცნება იყო დაწერილი, ისრაელებს არ შეეძლოთ მისი სახისთვის ყურება, რადგან ის ძალიან ანათებდა. გავიდა დრო და ბევრად სერიოზული რამ მოხდა — ისრაელებს „გონება დაუჩლუნგდათ“ და მათ გულებს „რიდე“ გადაეფარა. მაგრამ იეჰოვასთან დაბრუნება და მისდამი მთელი გულით, მოწიწებით მიმართვა „რიდის“ ახდის შესაძლებლობას ქმნიდა. შემდეგ პავლეს მხედველობაში აქვს ახალ შეთანხმებაში მყოფთათვის დავალებული მსახურება, როდესაც ამბობს: „ჩვენ ყველანი, რიდეახდილნი, სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას“ (2 კორინთელთა 3:6—8, 14—18, აქ; გამოსვლა 34:29—35). იესოს დღევანდელ „სხვა ცხვრებსაც“ აქვთ იეჰოვას დიდების არეკვლის საშუალება (იოანე 10:16).
7. როგორ შეუძლიათ ადამიანებს, აირეკლონ ღვთის დიდება?
7 როგორ შეიძლება ცოდვილმა ადამიანებმა აირეკლონ ღვთის დიდება, როდესაც არც ერთ ადამიანს არ შეუძლია მისი სახის დანახვა და ცოცხლად დარჩენა? (გამოსვლა 33:20). უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ: გარდა იმისა, რომ იეჰოვა დიდებული პიროვნებაა, მას აქვს დიდებული განზრახვა, სამეფოს საშუალებით გამართლდეს მისი უზენაესი მმართველობა. სამეფოსთან დაკავშირებული ჭეშმარიტება შედის ‘ღვთის დიად საქმეებში’, რომლის შესახებ ქადაგებაც დაიწყეს ქრისტიანებმა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის მიღების შემდეგ (საქმეები 2:11). სულიწმიდის ხელმძღვანელობით მათ შეეძლოთ ყოველმხრივ შეესრულებინათ მათთვის მინდობილი მსახურება (საქმეები 1:8).
8. მსახურებასთან დაკავშირებით რა ჰქონდა პავლეს მტკიცედ გადაწყვეტილი?
8 პავლეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არ დაეშვა, რომ ამა თუ იმ ფაქტორს მისთვის ხელი შეეშალა, ყოველმხრივ შეესრულებინა თავისი მსახურება. ის წერდა: „რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, არ ვეცემით სულით. არამედ განვიშორეთ ფარული სამარცხვინო ზრახვანი, არ ვიარებით ზაკვით, არ ვაყალბებთ ღმრთის სიტყვას, და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინდისს ღმერთის წინაშე“ (2 კორინთელთა 4:1, 2, სსგ). პავლეს მიერ მოხსენიებული ‘მსახურების’ საშუალებით ჭეშმარიტება ცხადდება და სულიერი სინათლე ფართოდ ვრცელდება.
9, 10. როგორ არის შესაძლებელი იეჰოვას დიდების არეკვლა?
9 ფიზიკური და სულიერი სინათლის მომცემის შესახებ პავლე წერდა: „ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, გამობრწყინებულიყო ნათელი ბნელიდან, მანვე გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღვთის დიდების შემეცნებით იესო ქრისტეს სახეში“ (2 კორინთელთა 4:6; დაბადება 1:2—5). ღვთის მსახურად ყოფნა უდიდესი პატივია, ამიტომ მოდი შევინარჩუნოთ სიწმინდე, რათა სარკესავით ავირეკლოთ იეჰოვას დიდება.
10 სულიერ წყვდიადში მყოფ ადამიანებს არ შეუძლიათ დაინახონ იეჰოვას დიდება ან ამ დიდების ანარეკლი იესო ქრისტეში, დიდ მოსეში. მაგრამ ჩვენ, როგორც იეჰოვას მსახურები, დიდებულ სინათლეს საღვთო წერილიდან ვიღებთ და სხვებს ამ სინათლიდან არეკლილი სინათლით ვუნათებთ. სულიერ წყვდიადში მყოფი ადამიანები განადგურებას რომ გადაურჩნენ, საჭიროა ღვთისგან მომდინარე სინათლე მიიღონ. ამიტომ დიდი სიხარულითა და გულმოდგინებით ვასრულებთ ღვთის მოთხოვნას და იეჰოვას განსადიდებლად ვანათებთ სიბნელეში.
დაე ანათებდეს თქვენი სინათლე ბიბლიის საშინაო შესწავლებზე
11. რა თქვა იესომ სხვებისთვის ნათების თაობაზე და რომელი ერთ-ერთი საშუალებით შეგვიძლია მსახურებაში ამის გაკეთება?
11 იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:14—16). ჩვენმა კარგმა ქცევამ შეიძლება სხვები აღძრას ღვთის განდიდებისკენ (1 პეტრე 2:12). ნათებისთვის მრავალ საშუალებას გვაძლევს სამახარობლო საქმის სხვადასხვა სფეროში მონაწილეობა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბიბლიის საშინაო შესწავლების ეფექტურად ჩატარებით ავირეკლოთ ღვთის სიტყვიდან მომდინარე სულიერი სინათლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყოველმხრივ შევასრულოთ მსახურება. რა რჩევები დაგვეხმარება ბიბლიის შესწავლების ისე ჩატარებაში, რომ ნასწავლი ჭეშმარიტების მაძიებლების გულს შეეხოს?
12. რა კავშირია ლოცვასა და ბიბლიის საშინაო შესწავლების ჩატარებას შორის?
12 იეჰოვასადმი ლოცვაში ბიბლიის შესწავლების მოხსენიებით ცხადვყოფთ, რომ ძალიან გვინდა, გვქონდეს ისინი. ამით იმასაც ვაჩვენებთ, რომ ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია, სხვებს ღვთის შესახებ შემეცნების მიღებაში დავეხმაროთ (ეზეკიელი 33:7—9). იეჰოვა აუცილებლად გვიპასუხებს ლოცვებზე და აკურთხებს მსახურებაში გამოვლენილ მიზანდასახულ მცდელობას (1 იოანე 5:14, 15). მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმისათვის არ ვლოცულობთ, რომ ვიპოვოთ ვინმე, ვისაც ბიბლიის საშინაო შესწავლას ჩავუტარებდით. მას შემდეგ, რაც შესწავლას დავიწყებთ, შემსწავლელის კონკრეტულ მოთხოვნილებებზე ლოცვა და ფიქრი დაგვეხმარება, თითოეული შესწავლა ეფექტურად ჩავატაროთ (რომაელთა 12:12).
13. რა დაგვეხმარება ბიბლიის საშინაო შესწავლების ეფექტურად ჩატარებაში?
13 ბიბლიის საშინაო შესწავლები ეფექტურად რომ ჩავატაროთ, საჭიროა თითოეული შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ. როდესაც ვფიქრობთ, რომ შესწავლა ისე არ გამოგვდის, როგორც გვინდა, კარგ დახმარებას გაგვიწევს იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ატარებს ყოველკვირეულ შეხვედრას წიგნის შესწავლის ზედამხედველი. ზოგჯერ შეიძლება შესწავლაზე გავყვეთ ისეთ მაუწყებელს, რომელსაც ბიბლიის ნაყოფიერი საშინაო შესწავლები აქვს. ცხადია, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამ საქმისადმი იესო ქრისტეს დამოკიდებულება და მისი სწავლების მეთოდები.
14. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელის გულამდე მივიტანოთ ღვთის სიტყვა?
14 იესოს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ზეციერი მამის ნების შესრულება და სხვებთან მის შესახებ საუბარი (ფსალმუნები 39:9). იესოს რბილი ხასიათი ჰქონდა და მისი ნათქვამი მსმენელთა გულებამდე აღწევდა (მათე 11:28—30). ამიტომ, ვეცადოთ ბიბლიის შემსწავლელების გულებამდე მივიტანოთ ღვთის სიტყვა. მსგავს შედეგს რომ მივაღწიოთ, თითოეული შესწავლისთვის მომზადებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ კონკრეტული შემსწავლელის მდგომარეობა. მაგალითად, თუ ბიბლიის შემსწავლელისთვის, თავისი წარმოშობის გამო, ბიბლია სრულიად უცხოა და მისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს, საჭირო იქნება მისი დარწმუნება იმაში, რომ ბიბლიაში ჭეშმარიტებაა მოცემული. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, წავიკითხავთ მრავალ ბიბლიურ მუხლს და ავხსნით მათ.
დაეხმარეთ შემსწავლელებს, გაიგონ მაგალითები
15, 16. ა) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს, რომელიც ვერ იგებს ბიბლიაში გამოყენებულ მაგალითს? ბ) რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ჩვენს რომელიმე პუბლიკაციაში გამოყენებულია ისეთი მაგალითი, რომლის გაგებაც ბიბლიის შემსწავლელისთვის რთულია?
15 ბიბლიის შემსწავლელისთვის შეიძლება უცხო იყოს საღვთო წერილში მოცემული რომელიმე მაგალითი. ვთქვათ, მისთვის გაუგებარია, რა ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც სანათის, ანუ ლამპრის, სალამპრეზე დადგმაზე ლაპარაკობდა (მარკოზი 4:21, 22, აფ). იესო გულისხმობდა პატრუქიან ლამპარს, რომელშიც საწვავად ზეთს ასხამდნენ. მას სპეციალურ სადგამზე დგამდნენ, რათა მთელი სახლი გაენათებინა. იმისათვის, რომ იესოს მიერ მოყვანილი ეს მაგალითი გასაგებად გადავცეთ დაინტერესებულს, შეიძლება დაგვჭირდეს ჩვენი პუბლიკაციების გამოკვლევა. რა სასიამოვნოა, მივიდეთ ბიბლიის შემსწავლელთან, გასაგებად ავუხსნათ მაგალითი და დავინახოთ, რამდენად კმაყოფილი რჩება ის ამით!
16 ბიბლიის შესასწავლ დამხმარე პუბლიკაციაში გამოყენებული რომელიმე მაგალითი შეიძლება დაინტერესებულისთვის რთული გასაგები იყოს. დროს ნუ დაიშურებთ მის ასახსნელად ან იმავე საკითხთან დაკავშირებით სხვა მაგალითი გამოიყენეთ. დავუშვათ, პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ წარმატებული ქორწინებისთვის აუცილებელია კარგი პარტნიორი და ერთიანი ძალისხმევა. ვთქვათ, მოყვანილია მაგალითი აკრობატისა, რომელიც ტრაპეციიდან ნახტომს აკეთებს და დამოკიდებულია იმაზე, დაიჭერს თუ არა თავისი პარტნიორი. კარგი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის გამოვლენის აუცილებლობის დანახვება სხვა თვალსაჩინო მაგალითითაც შეიძლება; სახელდობრ, იმ მუშების მაგალითით, რომლებიც გემის გადმოსატვირთად ხელიდან ხელში გადასცემენ ერთმანეთს ტვირთს.
17. რისი სწავლა შეგვიძლია იესოსგან მაგალითებთან დაკავშირებით?
17 ერთი მაგალითის ნაცვლად მეორე რომ მოვიყვანოთ, წინასწარ მომზადებაა საჭირო. მაგრამ ამით ვაჩვენებთ, რომ დაინტერესებული ვართ ბიბლიის შემსწავლელის წარმატებით. იესო რთული საკითხების ასახსნელად მარტივ მაგალითებს იყენებდა. ამის კარგი მაგალითია მთაზე ქადაგება. ბიბლია ცხადყოფს, რომ იესოს სწავლება გავლენას ახდენდა მის მსმენელებზე (მათე 5:1—7:29). იესო მოთმინებით უხსნიდა მსმენელებს გაუგებარ საკითხებს, რადგან ძალიან იყო დაინტერესებული მათით (მათე 16:5—12).
18. რა არის რეკომენდებული ჩვენს პუბლიკაციებში მოცემულ ბიბლიურ მუხლებთან დაკავშირებით?
18 სხვებით დაინტერესება აღგვძრავს, ‘ველაპარაკოთ მათ წერილებიდან’ (საქმეები 17:2, 3). ამისათვის საჭიროა შესწავლა და შესწავლის დროს ლოცვა, აგრეთვე, „ერთგული და გონიერი განმგებლის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების გონივრულად გამოყენება (ლუკა 12:42—44). მაგალითად, წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ მრავალი ბიბლიური მუხლია მოცემულიa. ადგილის სიმცირის გამო ზოგი მათგანი მხოლოდ მოყვანილია და ციტირებული არ არის. ბიბლიის შესწავლის დროს მნიშვნელოვანია, სულ მცირე, რამდენიმე მუხლის წაკითხვა და ახსნა. ის, რასაც ვასწავლით, ხომ ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული, რომელსაც დიდი ძალა აქვს?! (ებრაელთა 4:12). თითოეული შესწავლის განმავლობაში ხშირად გამოიყენეთ აბზაცებში მოცემული ბიბლიური მუხლები. ბიბლიის შემსწავლელს დაეხმარეთ, დაინახოს, რას ამბობს ბიბლია ამა თუ იმ საკითხსა და მოქმედებაზე. ეცადეთ, დაინტერესებულს დაანახვოთ, რა სარგებლობას მოუტანს მას ღვთისადმი მორჩილება (ესაია 48:17, 18).
დასვით კითხვები, რომლებიც დააფიქრებს შემსწავლელს
19, 20. ა) ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩატარებისას რატომ უნდა დავსვათ ისეთი კითხვები, რომელთა დახმარებითაც ამა თუ იმ საკითხზე დაინტერესებულის შეხედულებას გავიგებთ? ბ) რა შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს?
19 იესოს მიერ დიდი ოსტატობით დასმული კითხვები ხალხს ეხმარებოდა, დაფიქრებულიყვნენ (მათე 17:24—27). თუ დაინტერესებულს კითხვებს დავუსვამთ მისი თვალსაზრისის გასაგებად და ამას ისე გავაკეთებთ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს, პასუხებიდან დავინახავთ, რას ფიქრობს ის კონკრეტულ საკითხზე. შეიძლება დავინახოთ, რომ შემსწავლელს ჯერ კიდევ არაბიბლიური შეხედულებები აქვს. მაგალითად, დაინტერესებულს, შესაძლოა, სწამს სამება. „შემეცნების“ მესამე თავში ნათქვამია, რომ სიტყვა „სამება“ ბიბლიაში არ გვხვდება. წიგნში ციტირებული და მოყვანილია ბიბლიური მუხლები, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ იეჰოვა და იესო სხვადასხვა პიროვნებები არიან და სულიწმიდა ღვთის ძალაა და არა პიროვნება. ზოგჯერ შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ამ ბიბლიური მუხლების წაკითხვა და მათი განხილვა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ეს საკმარისი არ არის? მომდევნო მონახულებაზე, დაგეგმილი მასალის გავლის შემდეგ, შეიძლება გარკვეული დრო გამოვუყოთ ამ საკითხის განხილვას იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ისეთი პუბლიკაციის გამოყენებით, როგორიცაა ბროშურა „უნდა გწამდეს სამება?“. შემდეგ კი შეგვიძლია შესწავლა ჩვეულებრივ, კვლავ „შემეცნების“ დახმარებით გავაგრძელოთ.
20 დავუშვათ, რომ დასმულ კითხვაზე დაინტერესებულის მიერ გაცემული პასუხი ჩვენს გაოცებას ან იმედგაცრუებასაც კი იწვევს. თუ საქმე მოწევას ან სხვა დელიკატურ საკითხს ეხება, შეიძლება დაინტერესებულს ვუთხრათ, რომ ახლა განვაგრძობთ შესწავლას, ამ თემას კი მოგვიანებით დავუბრუნდებით. რადგან ვიცით, რომ დაინტერესებული ჯერ კიდევ ეწევა, შეგვიძლია მოვძებნოთ ინფორმაცია, რომელიც მას სულიერ წინსვლაში დაეხმარება. იმ დროს, როდესაც ვცდილობთ, ბიბლიის შემსწავლელის გულამდე მივიტანოთ ღვთის სიტყვა, კარგია ვილოცოთ, რომ იეჰოვა დაეხმაროს მას სულიერ ზრდაში.
21. რა შეიძლება მოხდეს, როდესაც სწავლების მეთოდებს ბიბლიის შემსწავლელის კონკრეტულ მოთხოვნილებებს ვუსაბამებთ?
21 კარგი მომზადებისა და იეჰოვას დახმარების შედეგად აუცილებლად შევძლებთ სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც ბიბლიის შემსწავლელის მოთხოვნილებების შესაბამისი იქნება. დროთა განმავლობაში კი შეიძლება შევძლოთ დაინტერესებულის დახმარება, რომ ღვთისადმი დიდი სიყვარული განუვითარდეს. აგრეთვე შეიძლება მას იეჰოვას ორგანიზაციისადმი პატივისცემისა და მადლიერების განვითარებაშიც დავეხმაროთ. რა სასიამოვნოა, როდესაც ბიბლიის შემსწავლელი იგებს, რომ ‘ჭეშმარიტად ჩვენს შორის არის ღმერთი’ (1 კორინთელთა 14:24, 25). ამიტომ მოდი შევეცადოთ ბიბლიური შესწავლების ეფექტურად ჩატარებას და ძალ-ღონე არ დავიშუროთ იმისათვის, რომ სხვებს იესოს მოწაფეებად გახდომაში დავეხმაროთ.
განძი, რომელიც ძალიან უნდა დავაფასოთ
22, 23. რა არის საჭირო ჩვენი მსახურების ყოველმხრივ შესასრულებლად?
22 ჩვენი მსახურების ყოველმხრივ შესასრულებლად საჭიროა, ღვთის ძალის იმედზე ვიყოთ. მსახურებასთან დაკავშირებით პავლე ცხებულ თანაქრისტიანებს სწერდა: „ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორინთელთა 4:7).
23 ცხებულთა ჯგუფს მივეკუთვნებით თუ „სხვა ცხვრებს“ — ყველა მყიფე თიხის ჭურჭლის მაგვარები ვართ (იოანე 10:16). მაგრამ, რა სირთულესაც უნდა წავაწყდეთ, იეჰოვა მოგვცემს ძალას, რომელიც ჩვენი დანიშნულების შესასრულებლად გვჭირდება (იოანე 16:13; ფილიპელთა 4:13). ამიტომ სრულად მივენდოთ იეჰოვას, დავაფასოთ მსახურების განძი და ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება!
[სქოლიოები]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
როგორ უპასუხებთ?
• რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს იმისათვის, რომ ყოველმხრივ შეასრულონ თავიანთი მსახურება?
• როგორ შეგვიძლია ბიბლიის საშინაო შესწავლების ეფექტურობის გაუმჯობესება?
• რას გააკეთებთ, თუ ბიბლიის შემსწავლელს უჭირს მაგალითის გაგება ან რომელიმე საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება?
[სურათი 16 გვერდზე]
ქრისტიანი უხუცესები კრებაში ასწავლიან და თანაქრისტიანებს მსახურების გაუმჯობესებაში ეხმარებიან.
[სურათი 18 გვერდზე]
ბიბლიის საშინაო შესწავლების ეფექტურად ჩატარება იმის ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ვანათოთ.