შეინარჩუნე გაწონასწორებული თვალსაზრისი ალკოჰოლური სასმელების სმასთან დაკავშირებით
„ღვინო დამცინავია, მათრობელი სასმელი — ხმაურიანი; მის გამო გზასაცდენილებს სიბრძნე არა აქვთ“ (იგავები 20:1, აქ).
1. როგორ გამოხატავდა ფსალმუნმომღერალი მადლიერებას ღვთის მიერ ბოძებული ზოგიერთი სასიამოვნო ძღვენისთვის?
„ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის, რომელიც ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“, — წერდა მოწაფე იაკობი (იაკობი 1:17). იეჰოვას მიერ ბოძებული მრავალი ძღვენის გამო მადლიერებით აღძრულმა ფსალმუნმომღერალმა თქვა: „აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას — ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწიდან. და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, საცხებელმა გააბრწყინოს სახე მისი, და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა“ (ფსალმუნები 103:14, 15). ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები მცენარეულობის, პურისა და ზეთის მსგავსად, ღვთის მიერ ბოძებული სასიამოვნო ძღვენია. როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი?
2. რა საკითხებს განვიხილავთ ალკოჰოლის სმასთან დაკავშირებით?
2 სასიამოვნო ძღვენი მხოლოდ მაშინ არის კარგი, როცა სათანადოდ გამოიყენება. მაგალითად, თაფლი „კარგია“, მაგრამ „ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი“ (იგავები 24:13; 25:27). მაშინ როდესაც „ცოტა ღვინის“ სმა შეიძლება სასიამოვნო იყოს, მისი ბოროტად გამოყენება სერიოზული პრობლემაა (1 ტიმოთე 5:23). „ღვინო დამცინავია, — ამბობს ბიბლია, — მათრობელი სასმელი — ხმაურიანი; მის გამო გზასაცდენილებს სიბრძნე არა აქვთ“ (იგავები 20:1, აქ). როგორ შეიძლება განისაზღვროს, თუ როდის სცდება ადამიანი სასმელის გამო გზას?a რამდენის დალევაა ზომაზე მეტი? როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი?
ალკოჰოლური სასმელის გამო ‘გზასაცდენილი’ — როგორ?
3, 4. ა) რა ცხადყოფს, რომ ბიბლია განსჯის დათრობამდე დალევას? ბ) რა არის სიმთვრალის ზოგიერთი ნიშანი?
3 ძველ ისრაელში ისეთი შვილი, რომელიც ჯიუტი, უზომოდ მჭამელი და ლოთი იყო, უნდა ჩაექოლათ (მეორე რჯული 21:18—21). პავლე მოციქულმა ქრისტიანებს ურჩია: „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძავი, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“. ნათელია, რომ წმინდა წერილები განსჯის დათრობამდე დალევას (1 კორინთელები 5:11; 6:9, 10).
4 ბიბლიაში სიმთვრალის ნიშნები შემდეგნაირადაა აღწერილი: „ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში. შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენი თვალები უცხო ხილვებს იხილავენ და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს“ (იგავები 23:31—33). გადაჭარბებული სმა შხამიანი გველივით იკბინება და იწვევს ავადმყოფობას, გონების დაბინდვას და თვით გონების დაკარგვასაც კი. ლოთს შეიძლება „უცხო ხილვები“, ჰალუცინაციები დაეწყოს. აგრეთვე, სასმელის გავლენით ადამიანმა შეიძლება უფრო თავისუფლად გამოთქვას უმართებულო აზრები და გამოხატოს არასათანადო სურვილები, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში კონტროლს გაუწევდა.
5. რა მხრივ არის უზომოდ სმა საზიანო?
5 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანი კი სვამს, მაგრამ სიფრთხილეს ავლენს, რათა არ შეატყონ, რომ მთვრალია? ზოგს არაერთი ჭიქის დალევის შემდეგაც კი არ ეტყობა სიმთვრალე, მაგრამ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამგვარად მოქმედება უვნებელია, სინამდვილეში თავს იტყუებს (იერემია 17:9). თანდათანობით პიროვნება შეიძლება ისე მიეჩვიოს სმას, რომ ალკოჰოლის გარეშე ვერ ძლებდეს და „ღვინის მონა“ გახდეს (ტიტე 2:3). ალკოჰოლიკად გახდომასთან დაკავშირებით მწერალი კაროლინა ნეპი ამბობს: „ეს არის პროცესი, რომელიც ნელა, თანდათანობით და შეუმჩნევლად ვითარდება“. ალკოჰოლის უზომოდ სმა მართლაც რომ მზაკვრულად დაგებული მახეა!
6. რატომ უნდა მოერიდოს ადამიანი მეტისმეტ ჭამა-სმას?
6 განვიხილოთ აგრეთვე იესოს გაფრთხილება: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის ყველას დაატყდება, ვინც კი დედამიწის ზურგზე ცხოვრობს“ (ლუკა 21:34, 35). ადამიანმა სასმელი იმ დონემდე არ უნდა სვას, რომ დათვრეს და ამის გამო მოდუნდეს ან გაზარმაცდეს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. რა პასუხს გასცემდა ასეთი ადამიანი იეჰოვას, თუ მისი დღე სწორედ ასეთ მდგომარეობაში მოუსწრებდა?
სადამდე მიიყვანს ადამიანს ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება
7. რატომ ეწინააღმდეგება ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება 2 კორინთელების 7:1-ში მოცემულ მითითებას?
7 ალკოჰოლის უზომოდ გამოყენებას მრავალი საფრთხე მოჰყვება, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი, ბოდვა და ჰალუცინაციები. აგრეთვე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისი ბოროტად გამოყენება იწვევს კიბოს, დიაბეტს, გულისა და კუჭის სხვადასხვა დაავადებებს. ცხადია, მისი ბოროტად გამოყენება, არ შეესაბამება ბიბლიაში მოცემულ შემდეგ მითითებას: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1).
8. იგავების 23:20, 21-ის თანახმად, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სასმელის ბოროტად გამოყენებამ?
8 სასმელის მეტისმეტად სმამ, აგრეთვე, შეიძლება შემოსავალი გაგვინიავოს და სამუშაოც კი დაგვაკარგვინოს. ძველი ისრაელის მეფემ, სოლომონმა, თქვა: „ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის, ხორცით გაუმაძღართა შორის“. რატომ? ის გვიხსნის: „რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და მძინარა ჩაიცვამს ძონძებს“ (იგავები 23:20, 21).
9. რატომ არის ბრძნული, თავი შეიკავო დალევისგან, თუ საჭესთან ჯდომას აპირებ?
9 „ალკოჰოლიზმის ენციკლოპედია“ კიდევ სხვა საშიშროებაზე მიუთითებს და აღნიშნავს: „გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი სათანადოდ ვერ მართავს საჭეს, რადგან რეაქცია შენელებული აქვს; აგრეთვე სასმელი იწვევს ყურადღების გაფანტვას, კოორდინაციის და მხედველობითი აღქმის დარღვევას და საღად განსჯის უნარის დაკარგვას“. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვამ შეიძლება სამწუხარო შედეგები მოიტანოს. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში დალევის გამო გამოწვეული ავარიების შედეგად ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი კვდება და ასიათასობით იღებს ტრავმას. ამ საშიშროების წინაშე განსაკუთრებით ახალგაზრდები დგანან, რომლებიც გამოუცდელები არიან როგორც მანქანის ტარებაში, ისე სმაში. შეუძლია ადამიანს, რომელიც არაერთი ჭიქის დალევის შემდეგ საჭეს მიუჯდება, თქვას, რომ სიცოცხლეს აფასებს და მას იეჰოვა ღმერთისგან ბოძებულ საჩუქრად მიიჩნევს? (ფსალმუნები 35:10). თუ ადამიანი სიცოცხლეს წმინდად მიიჩნევს, კარგია, საერთოდ არ დალიოს, როდესაც საჭესთან ჯდომას აპირებსb.
10. როგორ ახდენს ალკოჰოლი გავლენას ჩვენს გონებაზე და რატომ არის ეს საშიში?
10 მეტისმეტი სმა ადამიანს არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ ზიანსაც აყენებს. „ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული“, — ნათქვამია ბიბლიაში (ოსია 4:11). ალკოჰოლი მოქმედებს გონებაზე. „როდესაც ადამიანი სვამს, სასმელი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან პირდაპირ სისხლში შეიწოვება. ის სწრაფად აღწევს ტვინამდე და გავლენას ახდენს იმ უბნებზე, რომლებიც აზროვნებასა და ემოციებს მართავს. ადამიანი კარგავს თავდაჭერილობას და უფრო თავისუფლად მოქმედებს“, — ნათქვამია შეერთებული შტატების ნარკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ერთ პუბლიკაციაში. ასეთ მდგომარეობაში უფრო მეტი ალბათობაა, რომ ‘გზას ავცდეთ’ და სხვადასხვა ცდუნებამ გვძლიოს (იგავები 20:1, აქ)
11, 12. რა სულიერი ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ?
11 ბიბლია მიგვითითებს: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31). ოდესმე განუდიდებია უზომოდ ჭამა-სმას ღმერთი? ქრისტიანებს არ სურთ, რომ კარგი მსმელის სახელი ჰქონდეთ, რადგან ასეთი რეპუტაცია იეჰოვას სახელს კი არ განადიდებს, არამედ ჩირქს სცხებს.
12 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ქრისტიანი უზომოდ სვამს და ამით თანამორწმუნეს, შესაძლოა ახლად მოქცეულს, აბრკოლებს? (რომაელები 14:21). „ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უმჯობესია კისერზე ისეთი დოლაბი დაჰკიდონ, ვირი რომ ატრიალებს, და შუა ზღვაში ჩაძირონ“ (მათე 18:6). უზომოდ სმის გამო ქრისტიანს შეიძლება კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობები ჩამოერთვას (1 ტიმოთე 3:1—3, 8). მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ოჯახში კონფლიქტების მიზეზი ხდება.
საფრთხისგან თავის არიდება — როგორ?
13. რა არის უმთავრესი იმისათვის, რომ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას მოერიდო?
13 ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება თავიდან რომ ავირიდოთ, ამისათვის უმთავრესია, ვიცოდეთ, არა ის, თუ სად არის ზღვარი ბევრის დალევასა და დათრობას შორის, არამედ ზღვარი ზომიერებასა და ბევრის დალევას შორის. ვის შეუძლია შენთვის ამ ზღვარის დადგენა? ამ საკითხში სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი. ამიტომ შეუძლებელია რაიმე მკაცრი წესის დადგენა, თუ რამდენი ჭიქა შეიძლება ჩაითვალოს ბევრად. თითოეულმა პირადად უნდა იცოდეს თავისი ზომიერების ფარგლები და ამ ფარგლებს არ უნდა გასცდეს. რა დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენის დალევაა შენთვის ბევრი? არსებობს რაიმე პრინციპი, რომლითაც შეგიძლია იხელმძღვანელო?
14. რომელი პრინციპით ხელმძღვანელობა დაგეხმარება, რომ ზომას არ გადააჭარბო?
14 ბიბლია ამბობს: „დაიცავი გონიერება და განსჯა. და იქნება ისინი სიცოცხლე შენი სულისათვის და სამკაული შენი ყელისათვის“ (იგავები 3:21, 22). აქედან გამომდინარე, პრინციპი, რომლითაც შეგიძლია იხელმძღვანელო, შემდეგში მდგომარეობს: ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობა, რომელიც განსჯისა და ნათლად აზროვნების უნარს გიქვეითებს, შენთვის უკვე ბევრია. გულწრფელი იყავი საკუთარ თავთან, როდესაც საზღვრავ, სად არის შენთვის ზომიერების ზღვარი!
15. როდის შეიძლება გონივრული იყოს, რომ ერთ ჭიქაზეც კი უარი თქვა?
15 ზოგ შემთხვევაში შეიძლება ერთი ჭიქაც კი ბევრი იყოს. ზოგიერთი ფეხმძიმე ქალი მხედველობაში იღებს, რომ ალკოჰოლი საშიშია ნაყოფისთვის და არჩევს, წვეთიც არ დალიოს. განა სიკეთის გამოვლენა არ იქნებოდა, თავი შეგვეკავებინა დალევისგან ისეთი ადამიანის თანდასწრებით, რომელსაც ადრე სმასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა ან ისეთ ადამიანთან, რომლის სინდისისთვისაც სმა მიუღებელია? იეჰოვამ კარავში მომსახურე მღვდლებს მიუთითა: „ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ . . . საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ“ (ლევიანები 10:8, 9). აქედან გამომდინარე, კრებაზე თუ სამქადაგებლო მსახურებაში წასვლის წინ — ან სხვა ნებისმიერი პასუხისმგებლობის შესრულებისას, რომელშიც სულიერი საქმეების კეთება შედის — არ დალიო ალკოჰოლური სასმელები. გარდა ამისა, იმ ქვეყნებში, სადაც სპირტიანი სასმელების დალევა აკრძალულია ან დალევისთვის გარკვეული ასაკია დადგენილი, მართებულია ქრისტიანი დაემორჩილოს ასეთი ქვეყნის კანონებს (რომაელები 13:1).
16. როგორ უნდა მოიქცე, როდესაც შენ წინ ალკოჰოლური სასმელია?
16 როდესაც სასმელს წინ დაგიდგამენ ან შემოგთავაზებენ, პირველ რიგში ჰკითხე საკუთარ თავს: დავლიო საერთოდ? თუ გადაწყვიტავ, რომ დალიო, გახსოვდეს, სად არის შენთვის ზომიერების ზღვარი და არ გასცდე მას. ნუ იტყვი: „ხათრს ვერ გავუტეხ გულუხვ მასპინძელს“. ფრთხილად იყავი, როდესაც სუფრაზე, მაგალითად ქორწილში მოხვდები, სადაც სასმელი შეუზღუდავი რაოდენობით არის. მრავალ ქვეყანაში კანონით ნებადართულია, ბავშვმა ალკოჰოლური სასმელი იყიდოს. მშობლების მოვალეობაში შედის, დაარიგონ შვილები სმასთან დაკავშირებით და თვალყური ადევნონ მათ მოქმედებებს (იგავები 22:6).
შენ შეგიძლია სძლიო სმის პრობლემას
17. რა დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, გაქვს თუ არა პრობლემები სმასთან დაკავშირებით?
17 გაქვს პრობლემები ალკოჰოლთან დაკავშირებით? თავს ნუ მოიტყუებ, თუ სასმელის არასწორად გამოყენება ფარულ ცოდვად გექცა. ადრე თუ გვიან, ეს თავს იჩენს. ასე რომ, ყურადღებით, გულწრფელად გამოიკვლიე საკუთარი თავი. შეეკითხე საკუთარ თავს: „სმას ხომ არ მოვუხშირე და რაოდენობაც ხომ არ გავზარდე ადრინდელთან შედარებით? დარდის მოსაკლავად, სტრესის მოსახსნელად ან პრობლემების მისაჩქმალად ხომ არ ვსვამ? ოჯახის წევრი ან მეგობარი ხომ არ გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ვსვამ? სმის გამო ჩემს ოჯახში პრობლემას ხომ არ ვიწვევ? მიჭირს, სასმელის გარეშე გავძლო ერთი კვირა, თვე ან რამდენიმე თვე? ვუმალავ სხვებს, თუ რამდენი მაქვს დალეული?“ როგორ უნდა მოიქცე, თუ ამ კითხვებიდან ზოგზე შენი პასუხი დადებითია? არ დაემსგავსო ისეთ კაცს, ‘რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია’ (იაკობი 1:22—24). გადადგი კონკრეტული ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რა შეგიძლია გააკეთო?
18, 19. როგორ შეგიძლია შეწყვიტო ალკოჰოლის უზომოდ სმა?
18 პავლე მოციქულმა ქრისტიანებს ურჩია: „ნუ დათვრებით ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა, არამედ სულით ივსებოდეთ“ (ეფესოელები 5:18). განსაზღვრე, რა არის შენთვის ზომაზე მეტი და საკუთარ თავს ზღვარი დაუდგინე. გამოავლინე თავშეკავება (გალატელები 5:22, 23). გაქვს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც სმას გაძალებენ? ფრთხილად იყავი! „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, — ამბობს ბიბლია, — რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20).
19 პრობლემებისგან თავის დასაღწევად ალკოჰოლის მიღების ნაცვლად, თვალი გაუსწორე ამ პრობლემებს. მათი მოგვარება შეგიძლია ღვთის სიტყვიდან მიღებული რჩევის გამოყენებით (ფსალმუნები 118:105). უყოყმანოდ მიმართე ქრისტიან უხუცესს, რომელსაც ენდობი. გამოიყენე ყველაფერი, რასაც იეჰოვა შენი სულიერობის აღსაშენებლად გაძლევს. განიმტკიცე ღმერთთან ურთიერთობა. რეგულარულად მიმართე მას ლოცვით, განსაკუთრებით სუსტ მხარეებთან დაკავშირებით. სთხოვე იეჰოვას, ‘ბრძმედში გამოატაროს შენი შიგნეულობა და გული’ (ფსალმუნები 25:2). როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, აკეთე ყველაფერი, რათა უმწიკვლოდ იარო.
20. რა ზომებს უნდა მიმართო, რომ სძლიო უზომოდ სმის პრობლემას, თუ მას დღემდე თავი ვერაფრით დააღწიე?
20 როგორ უნდა მოიქცე, თუ გამოვლენილი ძალისხმევის მიუხედავად, სმას თავს ვერ ანებებ? მაშინ უნდა მიჰყვე იესოს რჩევას: „თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში“ (მარკოზი 9:43). აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში საჭიროა, საერთოდ არ დალიო. სწორედ ასე მოიქცა ერთი ქალი. ის ამბობს: «თითქმის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში წვეთი არ დამილევია. ერთხელაც ვიფიქრე: „ერთმა ჭიქამ რა უნდა მიყოს, მოდი დავლევ და ვნახავ, როგორ ავიტან“. მაგრამ მაშინვე იეჰოვას მივმართე ლოცვით. ახლა მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ წვეთიც არ დავლიო ახალ ქვეყნიერებამდე ან, შესაძლოა, ახალ ქვეყნიერებაშიც კი». ალკოჰოლზე საერთოდ უარის თქმა არც ისე დიდი მსხვერპლია იმისთვის, რომ ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვროთ (2 პეტრე 3:13).
„ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“
21, 22. რა დაბრკოლებამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი სიცოცხლისათვის რბოლისას ფინიშამდე მისვლაში და როგორ შეგვიძლია ამის თავიდან არიდება?
21 პავლემ ქრისტიანული ცხოვრება რბოლას შეადარა და თქვა: „განა არ იცით, რომ რბოლის დროს ყველა მორბენალი გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის. შეჯიბრების ყველა მონაწილე ყველაფერში თავშეკავებას ავლენს. ისინი ამას ხრწნადი გვირგვინის მისაღებად აკეთებენ, ჩვენ კი — უხრწნელისა. მე უმიზნოდ არ გავრბივარ და მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ, არამედ ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი“ (1 კორინთელები 9:24—27).
22 ჯილდოს მხოლოდ ისინი მიიღებენ, რომლებიც რბოლას წარმატებით დაასრულებენ. ალკოჰოლმა შეიძლება სიცოცხლისათვის რბოლისას ფინიშამდე მიღწევაში ხელი შეგვიშალოს. საჭიროა გამოვავლინოთ თავშეკავება. ჯილდოს მიღებაში დარწმუნებულებმა რომ განვაგრძოთ რბოლა, არ უნდა მივეცეთ „უზომოდ სმას“ (1 პეტრე 4:3). პირიქით, ყველაფერში თავშეკავება უნდა გამოვავლინოთ. ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან დაკავშირებით გონივრულად მოვიქცევით, თუ უარვყოფთ „უღმერთოებასა და ქვეყნიურ სურვილებს“ და „ახლანდელ სისტემაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით“ ვიცხოვრებთ (ტიტე 2:12).
[სქოლიოები]
a ამ სტატიაში გამოყენებული გამოთქმა „ალკოჰოლური სასმელი“ მიუთითებს ლუდზე, ღვინოსა და სხვა სპირტიან სასმელებზე.
b იმ ქვეყნებში, სადაც საჭესთან დაჯდომის წინ ან მანქანის მართვის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია, ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ემორჩილებიან ქვეყნის კანონს.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რას ნიშნავს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება?
• რა საზიანო შედეგები მოაქვს სასმელის არასწორად გამოყენებას?
• როგორ შეგიძლია მოერიდო დათრობას?
• როგორ შეიძლება ადამიანი გაუმკლავდეს სმის პრობლემას?
[სურათი 19 გვერდზე]
„ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა“
[სურათი 20 გვერდზე]
თითოეულმა პირადად უნდა ვიცოდეთ ჩვენი ზომიერების ფარგლები და ამ ფარგლებს არ უნდა გავცდეთ.
[სურათი 21 გვერდზე]
წინასწარ გადაწყვიტე, რამდენს დალევ.
[სურათი 22 გვერდზე]
რეგულარულად ელაპარაკე იეჰოვას ლოცვაში შენს სისუსტეებზე.
[სურათი 23 გვერდზე]
მშობლების მოვალეობაა, დაარიგონ შვილები ალკოჰოლის თაობაზე.