იცოდით თუ არა?
რამდენს შეადგენდა ქვრივის ორი მონეტა?
ახ. წ. პირველ საუკუნეში ტაძრის ყოველწლიური გადასახადი, რომელსაც იუდეველები იხდიდნენ, „ორი დრაქმა“, დაახლოებით ორი დღის გასამრჯელო იყო (მათე 17:24). იესომ თქვა, რომ ორი ბეღურა „ერთი მონეტა“ ღირდა, რასაც მუშა 45 წუთში გამოიმუშავებდა. ხუთი ბეღურის ყიდვა კი ორ მონეტად შეიძლებოდა, ანუ დაახლოებით 90 წუთის გასამრჯელოს ფასად (მათე 10:29; ლუკა 12:6).
ღარიბი ქვრივის მიერ ტაძრისთვის გაღებული შესაწირავი, რაც იესოს შეუმჩნეველი არ დარჩენია, ორ მონეტაზე გაცილებით ნაკლები იყო. ორი პატარა მონეტა ანუ ორი ლეპტა ყველაზე პატარა ზომის სპილენძის მონეტები იყო, რომლებსაც იმ დროს ისრაელში იყენებდნენ. ორი ლეპტა იყო ერთი დღის გასამრჯელოს 1/64, ანუ დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში გამომუშავებული თანხა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სამუშაო დღე საშუალოდ 12 საათი გრძელდებოდა.
იესო ქრისტემ ქვრივის შესაწირავი იმ ადამიანების შესაწირავზე მეტად დააფასა, ვისაც „ზედმეტი ჰქონდა“. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქვრივს მხოლოდ „ორი პატარა მონეტა“ ჰქონდა. მას შეეძლო, ერთი მონეტა ტაძრისთვის შეეწირა და ერთიც თავისთვის დაეტოვებინა. მაგრამ ქვრივმა „ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა“ (მარკოზი 12:41—44; ლუკა 21:2—4).
როდის გახდა სავლე პავლეს სახელით ცნობილი?
პავლე მოციქული წარმოშობით ებრაელი იყო, მაგრამ რომის მოქალაქედ დაიბადა (საქმეები 22:27, 28; ფილიპელები 3:5). როგორც ჩანს, მას ბავშვობიდანვე ორი სახელი ჰქონდა. მისი ებრაული სახელი იყო სავლე, ხოლო რომაული — პავლე. მის ნათესავებსაც ჰქონდათ რომაული და ბერძნული სახელები (რომაელები 16:7, 21). გარდა ამისა, იმ დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ იუდეველებს, განსაკუთრებით კი იერუსალიმის გარეთ მცხოვრებ იუდეველებს, ორი სახელი ჰქონოდათ (საქმეები 12:12; 13:1).
გაქრისტიანების შემდეგ ეს მოციქული ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ძირითადად, ებრაული სახელით, სავლეთი იყო ცნობილი (საქმეები 13:1, 2). მაგრამ თავისი პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს, ახ. წ. დაახლოებით 47—48 წლებში, შესაძლოა მან უპირატესობა მიანიჭა თავის რომაულ სახელს, პავლეს. მას დავალებული ჰქონდა სასიხარულო ცნობის გაცხადება არაიუდეველებისთვის. ამიტომ, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ მისი რომაული სახელი მათთვის უფრო მისაღები იქნებოდა (საქმეები 9:15; 13:9; გალატელები 2:7, 8). კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა რომაულ სახელს, შესაძლოა ის იყო, რომ ჟღერადობით სახელი სავლე უხამს ბერძნულ სიტყვას წააგავდა. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, პავლე მზად იყო, ‘ყველასთვის ყველაფერი გამხდარიყო, რათა როგორმე ეხსნა ზოგიერთი’ (1 კორინთელები 9:22).
[სურათი 12 გვერდზე]
ლეპტა (რეალური ზომა)