ასწრებ თანამორწმუნეებს პატივისცემაში?
„ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10).
1, 2. ა) რა რჩევა მისცა პავლე მოციქულმა რომაელ ქრისტიანებს? ბ) რა საკითხების ირგვლივ იქნება ამ სტატიაში საუბარი?
პავლე მოციქულმა რომაელებისთვის მიწერილ წერილში ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია, კრებაში ქრისტიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ავლენდნენ. პავლე შეგვახსენებს, რომ ჩვენი „სიყვარული უთვალთმაქცო“ უნდა იყოს. ამასთანავე, ის ლაპარაკობს ძმათმოყვარეობაზე, რომელსაც „სათუთი გრძნობებით“ უნდა ვავლენდეთ (რომ. 12:9, 10ა).
2 რასაკვირველია, ძმათმოყვარეობაში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ თანამორწმუნეების მიმართ თბილი გრძნობები გვქონდეს. ეს გრძნობა ჩვენს ქცევებში უნდა ვლინდებოდეს. როგორ გაიგებს ადამიანი, რომ გვიყვარს ან თბილი გრძნობები გვაქვს მის მიმართ, თუ ეს რამენაირად არ გამოვხატეთ?! ამიტომ პავლე დასძენს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10ბ). რა იგულისხმება პატივისცემაში? რატომ არის მნიშვნელოვანი, პატივისცემაში თანამორწმუნეებს დავასწროთ? როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
რა იგულისხმება პატივისცემაში?
3. რა აზრს ატარებს სიტყვა „პატივისცემა“ ბიბლიის დედნისეულ ენებზე?
3 ებრაული სიტყვა, რომელიც ძირითადად პატივისცემად ითარგმნება, სიტყვასიტყვით „სიმძიმეს“ ნიშნავს. ჩვეულებრივ, პატივს ვცემთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩვენს თვალში წონა აქვს ან რაღაცას წარმოადგენს. იგივე ებრაული სიტყვა ბიბლიაში ხშირად ითარგმნება, როგორც „დიდება“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას, ვისაც პატივს ვცემთ, დიდად ვაფასებთ (დაბ. 45:13). „პატივისცემად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ბიბლიაში პატივდების, დაფასებისა და ღირებულის აზრს ატარებს (ლუკ. 14:10). ნამდვილად, ჩვენთვის ძვირფასია ის, ვისაც პატივს ვცემთ.
4, 5. რა იგულისხმება პატივისცემაში? მოიყვანეთ მაგალითი.
4 რა იგულისხმება პატივისცემაში? პატივისცემა მხოლოდ გარეგნულად არ უნდა ვლინდებოდეს. მართალია, პატივისცემა ქცევებში ვლინდება, მაგრამ, სინამდვილეში, ყველაფერი იქიდან იწყება, თუ რა წარმოდგენა გვაქვს თანაქრისტიანზე.
5 როგორ გამოავლენს ქრისტიანი ნამდვილ პატივისცემას თანამორწმუნის მიმართ, თუ მას პატივისცემის ღირსად არ თვლის? (3 იოან. 9, 10). მცენარე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხარებს და დიდხანს იცოცხლებს, თუ კარგ ნიადაგში იქნება დარგული. ასევეა ნამდვილი პატივისცემაც; მას ხანგრძლივად მხოლოდ მაშინ გამოვავლენთ, თუ ადამიანის მიმართ პატივისცემით ვიქნებით განწყობილი. ვინაიდან, არაგულწრფელი პატივისცემა გულიდან არ მოდის, ადამიანი მას დიდხანს ვერ გამოავლენს. გასაგებია, რატომ თქვა პავლემ: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს“ (რომ. 12:9; წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:22).
პატივი ეცით „ღვთის მსგავსებად შექმნილებს“
6, 7. რატომ უნდა ვცეთ ადამიანებს პატივი?
6 ვინაიდან გულწრფელი პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად უნდა გვახსოვდეს ის ბიბლიური მიზეზები, რის გამოც ჩვენს ძმებს პატივი უნდა ვცეთ. განვიხილოთ ორი მიზეზი.
7 სხვა მიწიერი ქმნილებებისგან განსხვავებით, ადამიანები „ღვთის მსგავსებად“ ვართ შექმნილნი (იაკ. 3:9). ამიტომაც გვაქვს ისეთი ღვთიური თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიბრძნე და სამართლიანობა. ყურადღება მიაქციეთ, კიდევ რა გვიბოძა ჩვენმა შემოქმედმა. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ო, იეჰოვა . . . შენს ღირსებას აუწყებენ ცის ზემოთ! . . . ღვთის მსგავსებზე ოდნავ დაბლა დააყენე იგი [ადამიანი], ხოლო შემდეგ დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი“ (ფსალმ. 8:1, 4, 5; 104:1)a. ღმერთმა ადამიანს დიდების, ღირსებისა და პატივის გვირგვინი დაადგა. ამგვარად, როცა ვინმეს ღირსეულად ვექცევით, სინამდვილეში, ვაღიარებთ, რომ მას ღირსება იეჰოვამ უბოძა. და თუ, საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს საიმისოდ, რომ ყველა ადამიანს პატივისცემით მოვეპყროთ, მაშ რამდენად უფრო უნდა ვცეთ პატივი თანამორწმუნეებს?! (იოან. 3:16; გალ. 6:10).
ერთი ოჯახის წევრები
8, 9. რა მიზეზი მოიყვანა პავლემ იმის საჩვენებლად, რომ თანამორწმუნეებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ?
8 პავლე კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს. სანამ თანაქრისტიანებს პატივისცემის გამოვლენისკენ მოუწოდებდა, პავლემ თქვა: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ“. „სათუთ გრძნობებად“ ნათარგმნი ბერძნული ფრაზა მიუთითებს მტკიცე კავშირზე, რაც მოსიყვარულე და ერთმანეთის მხარდამჭერ ოჯახის წევრებს აერთიანებს. ამგვარად, ამ ფრაზის გამოყენებით პავლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ კრების წევრებს ერთმანეთთან ისეთივე მტკიცე და თბილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, როგორიც ოჯახის წევრებს აქვთ (რომ. 12:5). ამასთანავე გახსოვდეთ, რომ პავლემ ეს სიტყვები მისწერა ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც ერთმა ზეციერმა მამამ, იეჰოვა ღმერთმა იშვილა. ამიტომ ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ ამ სიტყვის სრული გაგებით. ამგვარად, პავლეს დროს ცხებულ ქრისტიანებს ნამდვილად ჰქონდათ ერთმანეთის პატივისცემის საფუძვლიანი მიზეზი. დღესაც იმავეს თქმა შეიძლება ცხებულ ქრისტიანებზე.
9 რას ვიტყვით „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლებზე? (იოან. 10:16). მართალია, ისინი ჯერ არ არიან ღვთის შვილები, მაგრამ მათ მართებულად შეუძლიათ ერთმანეთს ძმები და დები უწოდონ, რადგან მსოფლიო ქრისტიანულ ოჯახში არიან გაერთიანებულნი (1 პეტ. 2:17; 5:9). მაშასადამე, თუ სხვა ცხვრის წარმომადგენლები ერთმანეთს „დაოთი“ ან „ძმაოთი“ მიმართავენ და კარგად ესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაშინ იმის საფუძვლიანი მიზეზიც აქვთ, რომ თანამორწმუნეების მიმართ გულწრფელი პატივისცემა გამოავლინონ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8).
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი?
10, 11. რატომ არის გულწრფელი პატივისცემის გამოვლენა ასე მნიშვნელოვანი?
10 რატომ არის გულწრფელი პატივისცემის გამოვლენა ასე მნიშვნელოვანი? და-ძმების პატივისცემით დიდი წვლილი შეგვაქვს კრების ერთიანობასა და კეთილდღეობაში.
11 რა თქმა უნდა, ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ყველაზე მეტად იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და წმინდა სული გვაძლიერებს (ფსალმ. 36:7; იოან. 14:26). ამავე დროს ისიც გვამხნევებს, რომ თანამორწმუნეები გვაფასებენ (იგავ. 25:11). ჩვენ კარგ განწყობაზე ვდგებით, როცა ვინმე ჩვენდამი სიტყვით თუ საქმით გულწრფელ პატივისცემას ავლენს. ეს კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევს, რომ სიცოცხლის გზაზე სვლა სიხარულით და მტკიცედ განვაგრძოთ. უდავოა, თქვენც განგიცდიათ მსგავსი გრძნობები.
12. როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, ხელი შეუწყოს კრებაში თბილი და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას?
12 იეჰოვამ ჩვენში იმის მოთხოვნილება ჩადო, რომ პატივს გვცემდნენ. ამიტომ ის თავის სიტყვაში მოგვიწოდებს, ‘პატივისცემაში ერთმანეთს დავასწროთ’ (რომ. 12:10; წაიკითხეთ მათეს 7:12). ყველა, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ეს მარად უცვლელი რჩევა, ქრისტიანულ საძმოში თბილი და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. ამიტომ, კარგი იქნება, საკუთარ თავს ვკითხოთ, სიტყვით თუ საქმით ბოლოს როდის გამოვავლინე პატივისცემა თანაქრისტიანის მიმართ? (რომ. 13:8).
ეს ყველას ვალია
13. ა) ვინ უნდა იჩენდეს ინიციატივას პატივისცემის გამოვლენაში? ბ) რაზე მიუთითებს რომაელების 1:7-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები?
13 ვინ უნდა იჩენდეს ინიციატივას პატივისცემის გამოვლენაში? ებრაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე ამბობს, რომ ქრისტიან უხუცესებს კრებაში ‘ხელმძღვანელობა აკისრიათ’ (ებრ. 13:17). ფაქტია, რომ უხუცესები ბევრ საქმეს ხელმძღვანელობენ. მიუხედავად ამისა, ისინი, როგორც სამწყსოს მწყემსები, პატივისცემაში თანამორწმუნეებს უნდა ასწრებდნენ, მათ შორის სხვა უხუცესებსაც. მაგალითად, როცა უხუცესები კრებასთან დაკავშირებული სულიერი საკითხების განსახილველად იკრიბებიან, ისინი ყურადღებით ისმენენ თითოეული უხუცესის აზრს და ამგვარად, ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ავლენენ (საქ. 15:6—15). მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ რომაელებისთვის მიწერილი პავლეს წერილი მხოლოდ უხუცესებისთვის არ იყო გაგზავნილი; პავლეს რჩევა მთელ კრებას ეხებოდა (რომ. 1:7). ამგვარად, პავლეს რჩევა, „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“, თითოეულ ჩვენგანს ეხება.
14. ა) მაგალითის მეშვეობით ახსენით, რა სხვაობაა პატივისცემის გამოვლენასა და პატივისცემაში დასწრებას შორის. ბ) რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს?
14 მოდი, კარგად დავუკვირდეთ პავლეს რჩევას. მან რომაელ თანამორწმუნეებს მხოლოდ პატივისცემის გამოვლენისკენ კი არ მოუწოდა, არამედ უთხრა, რომ პატივისცემაში ერთმანეთისთვის დაესწროთ. რა სხვაობაა მათ შორის? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. მოუწოდებდა მასწავლებელი მოსწავლეებს კითხვის სწავლისკენ, თუ მათ კითხვა უკვე იციან? რა თქმა უნდა, არა. მასწავლებელი ისურვებდა, რომ მოსწავლეებს კითხვა გაეუმჯობესებინათ და ამაში დაეხმარებოდა კიდეც. მსგავსადვე, ერთმანეთის სიყვარული, რაც პატივისცემისკენ გვიბიძგებს, უკვე არის ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი (იოან. 13:35). მაგრამ როგორც მოსწავლეები საჭიროებენ კითხვაში გაუმჯობესებას, ჩვენც უნდა გავუმჯობესდეთ, რომ პატივისცემაში ერთმანეთს დავასწროთ (1 თეს. 4:9, 10). თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ პატივისცემაში ერთმანეთს დავასწროთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: ვასწრებ თანამორწმუნეებს პატივისცემაში?
პატივი ეცით „საწყლებს“
15, 16. ა) ვინ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, როცა საქმე პატივისცემას ეხება და რატომ? ბ) როგორ შეგვიძლია გავიგოთ, გულწრფელად ვცემთ თუ არა პატივს ჩვენს და-ძმებს?
15 ვინ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, როცა საქმე პატივისცემას ეხება? ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“ (იგავ. 19:17). როგორ უნდა გამოვიყენოთ ამ მუხლში ჩადებული პრინციპი?
16 ალბათ დაეთანხმებით იმას, რომ ადამიანების უმეტესობა პატივისცემით ეპყრობა თავისზე მაღლა მდგომთ, მაშინ როცა იგივე ადამიანები ნაკლებ პატივს სცემენ ან საერთოდ არაფრად აგდებენ თავისზე დაბლა მდგომთ. მაგრამ იეჰოვა ასე არ იქცევა. ის ამბობს: „ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს“ (1 სამ. 2:30; ფსალმ. 113:5—7). იეჰოვა პატივისცემით ეპყრობა ყველას, ვინც მას ემსახურება და პატივს მიაგებს. ის არ უგულებელყოფს საწყლებს (წაიკითხეთ 1 სამუელის 2:8; 2 მატ. 16:9). ცხადია, ყველას გვინდა, ვბაძავდეთ იეჰოვას. თუ გვსურს, ვიცოდეთ, ვავლენთ თუ არა ნამდვილ პატივისცემას და-ძმების მიმართ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: როგორ ვეპყრობი მათ, ვინც კრებაში შეუმჩნეველია ან პასუხისმგებლობა არ აკისრია (იოან. 13:14, 15). ამ კითხვაზე პასუხი გამოააშკარავებს, რამდენად გულწრფელები ვართ პატივისცემის გამოვლენისას (წაიკითხეთ ფილიპელების 2:3, 4 ).
დროის დათმობა პატივისცემის ნიშანია
17. რა არის პატივისცემის გამოვლენის უმთავრესი საშუალება და რატომ?
17 უპირველესად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ პატივისცემაში თანამორწმუნეებს დავასწროთ? მათ ჩვენი დრო უნდა დავუთმოთ. ქრისტიანები ძალიან დაკავებულები ვართ; კრების საქმეებს დიდი დრო მიაქვს. ამიტომ გასაგებია, რომ დრო ჩვენთვის ძვირფასია. ჩვენ ისიც გვესმის, რომ არ უნდა დავავალდებულოთ და-ძმები, ბევრი დრო დაგვითმონ. თავის მხრივ, ჩვენ ვაფასებთ, როცა თანამორწმუნეებს ესმით, რომ ჩვენგან ბევრი დრო არ უნდა მოითხოვონ.
18. მე-18 გვერდზე მოცემული სურათით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მზადყოფნა გამოვიჩინოთ და თანამორწმუნეებს დრო დავუთმოთ?
18 ჩვენ (განსაკუთრებით, ვინც კრებაში მწყემსებად ვმსახურობთ) ისიც გვესმის, რომ პატივისცემის გამოვლენა იქნება, თუ პირად საქმეებს გვერდზე გადავდებთ და დროს თანაქრისტიანებს დავუთმობთ. ამით თანაქრისტიანს, ასე ვთქვათ, ვეუბნებით: შენ ჩემთვის იმდენად ძვირფასი ხარ, რომ უფრო მნიშვნელოვანია შენ დაგითმო დრო, ვიდრე ჩემი საქმე გავაგრძელო (მარ. 6:30—34). ამის საპირისპიროდ, თუ მზად არ ვართ პირადი საქმეების გვერდზე გადასადებად, შეიძლება თანამორწმუნემ იფიქროს, რომ ჩვენს თვალში ის არაფერს წარმოადგენს. თუმცა გასაგებია, რომ გადაუდებელ საქმეს ვერ გადავდებთ. და, მაინც, ის, თუ რამდენად ვცემთ ჩვენს და-ძმებს პატივს, იქიდან გამოჩნდება, ვუთმობთ თუ არა მათ დროს (1 კორ. 10:24).
მიზნად დაისახეთ, პატივისცემაში სხვას დაასწროთ
19. პატივისცემის გამოვლენის კიდევ რა საშუალება არსებობს?
19 პატივისცემის გამოვლენის სხვა საშუალებაც არსებობს. მაგალითად, როცა თანაქრისტიანს დროს ვუთმობთ, მას გულისყურითაც უნდა მოვუსმინოთ. იეჰოვა ამ მხრივაც გვაძლევს მაგალითს. ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმ. 34:15). იეჰოვას ვბაძავთ, თუ ვცდილობთ, ჩვენი თვალები და ყურები, ანუ მთელი ჩვენი ყურადღება მივაპყროთ და-ძმებს, განსაკუთრებით მათ, ვინც დახმარებას გვთხოვს. ამგვარად, ცხადვყოფთ, რომ მათ პატივს ვცემთ.
20. რა შეხსენებები უნდა გვახსოვდეს პატივისცემის გამოვლენასთან დაკავშირებით?
20 როგორც უკვე განვიხილეთ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რატომ უნდა ვცეთ გულწრფელად პატივი თანამორწმუნეებს. გავიგეთ ისიც, რომ შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ, რათა პატივისცემაში ყველას დავასწროთ, მათ შორის საწყლებსაც. ამ რჩევების გათვალისწინებით, კრებაში ძმური სიყვარულისა და ერთიანობის კვანძები გაძლიერდება. მაშ, ვეცადოთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მარტო პატივი კი არ ვცეთ ერთმანეთს, არამედ ერთმანეთს დავასწროთ პატივისცემაში. გაქვთ გადაწყვეტილი, ასე მოიქცეთ?
[სქოლიო]
a მე-8 ფსალმუნში მოხსენიებულ დავითის სიტყვებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობაც აქვს და მიუთითებს სრულყოფილ კაცზე, იესო ქრისტეზე (ებრ. 2:6—9).
გახსოვთ თუ არა?
• რა იგულისხმება პატივისცემაში?
• რა მიზეზების გამო უნდა ვცეთ პატივი თანამორწმუნეებს?
• რატომ არის ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენა ასე მნიშვნელოვანი?
• პატივისცემის გამოვლენის რა საშუალებები არსებობს?
[სურათი 18 გვერდზე]
როგორ შეგვიძლია თანაქრისტიანის მიმართ პატივისცემის გამოვლენა?