როგორ შეუძლიათ მშობლებს ასწავლონ შვილებს? — რომელი მეთოდებია საუკეთესო?
„გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6, 7).
მშობლებს შეიძლება დროდადრო შვილების აღზრდამ ძალა გამოაცალოს. ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით იმდენი რჩევა არსებობს, რომ მშობლები შეიძლება დაიბნენ და გაუჭირდეთ იმის გადაწყვეტა, რომელი რჩევა გაითვალისწინონ. ნათესავები და მეგობრები ხშირად სირთულეების წამოჭრისთანავე აძლევენ მშობლებს რჩევებს. გარდა ამისა, წიგნებში, ჟურნალებსა და ინტერნეტ-საიტებზეც ამ საკითხზე აუარებელი რჩევა არსებობს.
მაგრამ ბიბლია არა მხოლოდ ურჩევს მშობლებს, რა უნდა ასწავლონ შვილებს, არამედ კონკრეტულ მითითებებსაც აძლევს, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს. როგორც ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლებიდან ჩანს, მშობლებმა ყოველდღე უნდა გამონახონ სხვადასხვა საშუალებები, რომ შვილებს ღმერთზე ესაუბრონ. ქვემოთ განხილულია ბიბლიაზე დაფუძნებული მხოლოდ ოთხი რჩევა, რაც ათასობით მშობელს დაეხმარა, ბავშვებისთვის ღვთისადმი რწმენა ჩაენერგათ.
1. რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს შემოქმედებაზე დაკვირვებით? პავლე მოციქულმა დაწერა: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). თუ მშობლები შვილებს ასწავლიან ღვთის ქმნილებებზე დაკვირვებას და იმის დანახვას, ღვთის რომელი თვისებები ჩანს თითოეულ მათგანში, მათი შვილებისთვის ღმერთი რეალური გახდება.
იესო ამავე მეთოდით ასწავლიდა თავის მოწაფეებს. მაგალითად, მან ერთხელ ასეთი რამ უთხრა მათ: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?“ (მათე 6:26). იესომ ამ სიტყვებით არა მხოლოდ იეჰოვას სიყვარულსა და თანაგრძნობაზე გაამახვილა ყურადღება, არამედ ისიც დაანახვა თავის მოწაფეებს, თუ როგორ ავლენს ღმერთი ამ თვისებებს თავისი შვილების მიმართ.
ერთხელ ბრძენმა მეფე სოლომონმა ჭიანჭველებზე თქვა, რომ მათ ინსტინქტური სიბრძნე ჰქონდათ და ამ პატარა ქმნილებებზე დაკვირვებით ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. მან დაწერა: „წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, დააკვირდი მის გზებს და დაბრძენდი. თუმცა არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი, ზაფხულში იმზადებს საკვებს და მკის დროს აგროვებს საზრდოს“ (იგავები 6:6—8). ჭიანჭველებზე დაკვირვებით მართლაც საუკეთესოდ შეგვიძლია, ვისწავლოთ ღირებული მიზნების დასახვა და შემდეგ ღვთის ძალით მათი განხორციელება.
იესოსა და სოლომონის მსგავსად მშობლებიც შეძლებენ ეფექტურად ასწავლონ შვილებს, თუ გაითვალისწინებენ შემდეგს: 1) ჰკითხეთ შვილებს, რომელი მცენარე და ცხოველი მოსწონთ. 2) უფრო კარგად გაეცანით ამ მცენარესა თუ ცხოველს. 3) დაანახვეთ, რისი სწავლა შეუძლიათ ღვთის შესახებ ამ ქმნილებებზე დაკვირვებით.
2. ისეთივე დამოკიდებულება გქონდეთ შვილების მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა თავისი მიმდევრების მიმართ. დედამიწაზე მცხოვრებთაგან არავის უსაუბრია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორზეც იესო საუბრობდა. მაგრამ ის საუბრის დროს უამრავ კითხვასაც სვამდა. იესო გულწრფელად იყო დაინტერესებული იმით, თუ რას გრძნობდნენ და ფიქრობდნენ მისი მსმენელები (მათე 17:24, 25; მარკოზი 8:27—29). მსგავსადვე, მშობლებს ბევრი კარგი რამ შეუძლიათ ასწავლონ შვილებს. მაგრამ მათი სწავლება ეფექტური რომ იყოს, იესოს მსგავსად უნდა მისცენ შვილებს გრძნობების თავისუფლად გამოხატვის საშუალება.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ შვილი ცუდად იქცევა ან უჭირს რაღაცის სწავლა? დავფიქრდეთ, როგორ ეპყრობოდა იესო თავის მოციქულებს. ზოგჯერ ისინი მწარედ კამათობდნენ ერთმანეთში და უჭირდათ თავმდაბლობის გამოვლენა. მაგრამ იესო მოთმინებას ავლენდა და არაერთხელ უმეორებდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქრისტიანისთვის თავმდაბლობა (მარკოზი 9:33, 34; ლუკა 9:46—48; 22:24, 25). მშობლებმაც იესოს მსგავსად მოთმინებით უნდა შეაგონონ შვილებს და თუ საჭიროა, არაერთხელ გაუმეორონ ერთი და იგივე, სანამ შვილი ბოლომდე არ გაიაზრებს ნათქვამის მნიშვნელობას.a
3. ასწავლეთ საკუთარი მაგალითით. ურიგო არ იქნება, თუ მშობლები ყურად იღებენ პავლე მოციქულის რჩევას, რომელიც მან რომაელ ქრისტიანებს მისწერა: „სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არა? ქადაგებ, არ მოიპაროო და იპარავ?“ (რომაელები 2:21).
ეს რჩევა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებზე მშობლების საქმეები უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე სიტყვები. როდესაც მშობლები იმის თანახმად იქცევიან, რასაც ასწავლიან, დიდია იმის ალბათობა, რომ შვილებმა გაითვალისწინონ მათი რჩევები.
4. პატარაობიდანვე ჩაუნერგეთ ღვთის სიყვარული. პავლე მოციქულის თანამსახური ტიმოთე შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობდა (საქმეები 16:1, 2). ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვილობიდანვე სწავლობდა „წმინდა წერილებს“. ტიმოთეს დედა და ბებია მას მხოლოდ წმინდა წერილებს კი არ უკითხავდნენ, არამედ ასწავლიდნენ, გაეაზრებინა ნასწავლი (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15).
სად შეგიძლიათ დახმარების მიღება?
იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ უამრავ პუბლიკაციას, რომლებიც მშობლებს ეხმარება, შვილებს ღვთისადმი რწმენა ჩაუნერგონ. ზოგი პუბლიკაცია უშუალოდ მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. სხვები კი მშობლებსა და მათ მოზარდ შვილებს გულღია ურთიერთობას ასწავლის.b
რასაკვირველია, სანამ მშობლები შვილებს ღვთისადმი რწმენას ჩაუნერგავენ, თავად უნდა გაიგონ იმ კითხვებზე პასუხები, რომლებიც შეიძლება შვილებს დაებადოთ. მაგალითად, როგორ უპასუხებდით შემდეგ კითხვებს: რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვა-წამებას? რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწის მიმართ? სად არიან მიცვალებულები? იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მიღებაში, რაც თქვენ და თქვენს ოჯახს ღმერთთან დაგაახლოებთ (იაკობი 4:8).
[სქოლიოები]
a კანონის 6:7-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა, რომელიც „ჩაგონებად“ ითარგმნება, ნიშნავს ერთი და იგივეს არაერთხელ გამეორებას.
b მოზარდებთან მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, რომელშიც მოცემულია იესო ქრისტეს სწავლებები, ან „ბიბლიური მოთხრობები“, რომელიც მარტივი ენით გადმოსცემს ბიბლიაში ჩაწერილ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ახალგაზრდების დასახმარებლად კი მშობლებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ წიგნით „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1 და ტომი 2.