უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო
„ეძებეთ [ღვთის] სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ“ (ლუკ. 12:31).
1. რა განსხვავებაა სურვილსა და საჭიროებას შორის?
ამბობენ, რომ ადამიანს არცთუ ისე ბევრი რამ სჭირდება, მის სურვილებს კი საზღვარი არა აქვს. როგორც ჩანს, ბევრი ვერ ხედავს განსხვავებას საჭიროებასა და სურვილს შორის. რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? „საჭიროება“ არის ის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს არის საკვები, ჩასაცმელი და თავშესაფარი. „სურვილი“ არის ის, რაც გვინდა გვქონდეს, თუმცა საარსებოდ აუცილებელი არ არის.
2. რის შეძენის სურვილი აქვთ ადამიანებს?
2 ადამიანთა სურვილები ხშირად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ ისინი. განვითარებად ქვეყნებში ბევრს უბრალოდ სურს, იმდენი ფული ჰქონდეს, რომ მობილური ტელეფონი, მოტოციკლეტი ან მიწის პატარა ნაკვეთი იყიდოს. განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება სურდეთ ძვირფასი ტანსაცმლის, უფრო დიდი სახლის ან უფრო ძვირადღირებული მანქანის შეძენა. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება მატერიალიზმის მახეში გაებას და უფრო და უფრო მეტი ნივთის შეძენა მოისურვოს მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა ეს ნივთები ან აქვს თუ არა მათი შეძენის შესაძლებლობა.
მოერიდეთ მატერიალიზმის მახეს
3. რა არის მატერიალიზმი?
3 რა არის მატერიალიზმი? ეს არის მატერიალური და არა სულიერი სიმდიდრისკენ სწრაფვა. მატერიალიზმი მომდინარეობს ადამიანის სურვილებიდან, პრიორიტეტებიდან და მიზნებიდან. ის ბევრი ნივთის ქონის სურვილს აღვიძებს ჩვენში. მატერიალისტ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ბევრი ფული ან შეიძლება არ ყიდულობდეს ძვირფას ნივთებს. ღარიბი ადამიანებიც კი შეიძლება გაებან მატერიალიზმის მახეში და უპირველესად აღარ ეძებონ ღვთის სამეფო (ებრ. 13:5).
4. როგორ იყენებს სატანა „თვალთა სურვილს“?
4 სატანა კომერციული სისტემის მეშვეობით ცდილობს ჩვენს დარწმუნებას, რომ საჭიროზე მეტის ქონა აუცილებელია ბედნიერებისთვის. ის მოხერხებულად იყენებს „თვალთა სურვილს“ (1 იოან. 2:15—17; დაბ. 3:6; იგავ. 27:20). ქვეყნიერება გვთავაზობს ყველანაირ ნივთს — საუცხოოდან აბსურდულამდე, რომელთაგან ზოგი ძალიან მიმზიდველი ჩანს. გიყიდიათ რამე მხოლოდ იმის გამო, რომ რეკლამამ ან მაღაზიის ვიტრინამ მოგტაცათ თვალი, მოგვიანებით კი მიმხვდარხართ, რომ ის სულაც არ გჭირდებოდათ? ასეთი არასაჭირო ნივთები გვირთულებს ცხოვრებას და ტვირთი ხდება. ისინი იმდენ დროსა და ყურადღებას მოითხოვს, რომ ჩვენი სულიერი განრიგი ირღვევა და ბიბლიის შესასწავლად, შეხვედრებისთვის მოსამზადებლად, მათზე დასასწრებად და რეგულარულად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად დრო აღარ გვრჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს იოანე მოციქულის გაფრთხილება: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“.
5. რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც ნივთების დასაგროვებლად მთელ ენერგიას ხარჯავს?
5 სატანას სურს, რომ იეჰოვას ნაცვლად სიმდიდრის მონები გავხდეთ (მათ. 6:24). როცა ადამიანი ნივთების დასაგროვებლად მთელ ენერგიას ხარჯავს, უკეთეს შემთხვევაში მისი ცხოვრება უშინაარსო ხდება, რადგან მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობს, უარესს შემთხვევაში კი სულიერ სიცარიელესა და იმედგაცრუებას გრძნობს (1 ტიმ. 6:9, 10; გამოცხ. 3:17). იესომ ზუსტად აღწერა ასეთი ადამიანის მდგომარეობა მთესველის შესახებ იგავში. ეკლებში ჩათესილთა შემთხვევაში „სხვა ყველაფრის სურვილი იჭრება მათში, აშთობს სიტყვას და ის უნაყოფო ხდება“ (მარ. 4:14, 18, 19).
6. რას ვსწავლობთ ბარუქის შემთხვევიდან?
6 დაფიქრდით წინასწარმეტყველ იერემიას მწერლის, ბარუქის შემთხვევაზე. იერუსალიმის ნაწინასწარმეტყველები განადგურება კარს იყო მომდგარი, როცა ბარუქმა თავისთვის „დიდი რამის“ ძიება დაიწყო, რასაც მომავალი არ ჰქონდა. მაგრამ ერთადერთი, რისი მიღების იმედიც შეიძლებოდა მას ჰქონოდა, იყო ის, რასაც იეჰოვა დაჰპირდა: „შენს სულს მოგცემ ნადავლად“ (იერ. 45:1—5). ღმერთი არავის ქონების დაცვას არ აპირებდა გასანადგურებლად განწირულ ქალაქში (იერ. 20:5). ახლაც, ამ ქვეყნიერების აღსასრულს, აღარ არის იმის დრო, რომ უფრო და უფრო მეტი ქონება დავაგროვოთ. არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ქონებიდან რაიმე, ყველაზე ძვირფასიც კი, დაცული იქნება დიდი გასაჭირის დროს (იგავ. 11:4; მათ. 24:21, 22; ლუკ. 12:15).
7. რაზე ვიმსჯელებთ ქვემოთ და რატომ?
7 იესომ საუკეთესო რჩევები მოგვცა, როგორ ვიზრუნოთ ჩვენს საჭიროებებზე ისე, რომ მთავარი არ გამოგვრჩეს მხედველობიდან, არ გავხდეთ მატერიალისტები და არ შევიქმნათ ზედმეტი სტრესი. ეს რჩევები მან მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში ჩართო (მათ. 6:19—21). წავიკითხოთ და გავაანალიზოთ მათეს 6:25—34-ში ჩაწერილი სიტყვები. შედეგად, დავრწმუნდებით, რომ ცხოვრებაში პირველი ადგილი ყოველთვის სამეფოს უნდა ეკავოს და არა ნივთებს (ლუკ. 12:31).
იეჰოვა ზრუნავს ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზე
8, 9. ა) რატომ არ უნდა ვინერვიულოთ ზედმეტად ჩვენს საჭიროებებზე? ბ) რა იცოდა იესომ ადამიანებისა და მათი საჭიროებების შესახებ?
8 წაიკითხეთ მათეს 6:25. სიტყვებით „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის“ იესომ ფაქტობრივად უთხრა თავის მსმენელებს, არ ენერვიულათ. ისინი იმაზე წუხდნენ, რაზეც არ უნდა ეწუხათ. იესოს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, ეთქვა, აღარ მოქცეულიყვნენ ასე. ზედმეტ წუხილსა და დარდს, თუნდაც ყოველდღიური საჭიროებების გამო, შეუძლია მთლიანად მოიცვას ადამიანის გონება და დაავიწყოს ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ანუ სულიერი საკითხები. იესო გულწრფელად ზრუნავდა თავის მოწაფეებზე, ამიტომ მთაზე ქადაგებისას ოთხჯერ გააფრთხილა ისინი ამის შესახებ (მათ. 6:27, 28, 31, 34).
9 რატომ თქვა იესომ, რომ არ უნდა ვწუხდეთ საჭმელ-სასმლისა და ჩასაცმელის გამო? განა ეს ყოველივე საარსებოდ აუცილებელი არ არის?! ცხადია, აუცილებელია. თუ მათი შეძენის საშუალება არ გვექნება, ბუნებრივია, წუხილს დავიწყებთ. ეს იესოსაც კარგად ესმოდა. მან იცოდა, ყოველდღიურად რა სჭირდებოდათ ადამიანებს; ისიც იცოდა, რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ საუკუნეების შემდეგ „ბოლო დღეებში, მძიმე, ძნელად ასატან დროში“ მცხოვრები ქრისტიანები (2 ტიმ. 3:1). ბევრ მათგანს ისეთ სირთულეებთან მოუწევდა ჭიდილი, როგორიცაა უმუშევრობა, ინფლაცია, საკვების უკმარისობა და სიღატაკე. მიუხედავად ამისა, იესოს კარგად ესმოდა, რომ სიცოცხლე საჭმელზე ძვირფასია და სხეული — ტანსაცმელზე.
10. სანიმუშო ლოცვიდან გამომდინარე, რა უნდა იყოს უმთავრესი იესოს მიმდევრების ცხოვრებაში?
10 მთაზე ქადაგებისას საზრუნავთან დაკავშირებული რჩევის მიცემამდე იესომ მსმენელებს ასწავლა, რომ მატერიალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ზეციერი მამისთვის მიემართათ თხოვნით: „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (მათ. 6:11). მან ეს რჩევა სხვა დროსაც გაიმეორა (ლუკ. 11:3). თუმცა იესოს არ უთქვამს, რომ ფიზიკური საჭიროებები ჩვენი მთავარი საფიქრალი უნდა ყოფილიყო. იმავე სანიმუშო ლოცვიდან გამოჩნდა, რომ უმთავრესი ღვთის სამეფოს მოსვლის შესახებ ლოცვაა (მათ. 6:10; ლუკ. 11:2). იესომ არაერთი მაგალითით დაანახვა მსმენელს, რომ იეჰოვა უბადლოდ ზრუნავს თავის ქმნილებებზე.
11, 12. რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა ფრინველებზე? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე)
11 წაიკითხეთ მათეს 6:26. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ „ცის ფრინველებს“. თუმცა პატარები არიან, ძალიან ბევრ ხილს, თესლეულს, მწერებსა თუ ჭიებს ჭამენ. თავის წონასთან შედარებით ისინი გაცილებით მეტ საკვებს იღებენ, ვიდრე ადამიანები. მიუხედავად ამისა, ისინი არც მიწას ამუშავებენ და არც თესავენ, რომ საკვები ჰქონდეთ. იეჰოვას წყალობით მათ აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ (ფსალმ. 147:9). ფაქტია, ის მათ ნისკარტში არ უდებს საჭმელს, მათ თვითონ უწევთ საკვების ძებნა, მაგრამ ის უხვად არის გარშემო.
12 იესოსთვის წარმოუდგენელი იყო, ზეციერ მამას ფრინველების საკვებზე ეზრუნა, ადამიანების ძირითად საჭიროებებზე კი არა[1] (1 პეტ. 5:6, 7). ღმერთი პირდაპირი გაგებით პირში არ გვიდებს საკვებს, მაგრამ მას შეუძლია აკურთხოს ჩვენი შრომა, რომ მოსავალი მოვიყვანოთ ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის საკმარისი თანხა გამოვიმუშაოთ. თუ გაჭირვებაში ჩავცვივდებით, მას შეუძლია აღძრას სხვები დასახმარებლად. იესოს არ უთქვამს, რომ ფრინველებს თავშესაფარს იეჰოვა აძლევდა, თუმცა მან ბუდეების ასაშენებლად საჭირო ინსტინქტი, უნარი და მასალა მისცა მათ. მსგავსად, იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს, გვქონდეს ისეთი სახლი, რომელიც ჩვენი ოჯახის საჭიროებებს შეესაბამება.
13. რა ამტკიცებს, რომ ჩვენ ფრინველებზე ძვირფასნი ვართ?
13 იესომ ჰკითხა თავის მსმენელებს: „განა თქვენ მათზე [ფრინველებზე] ძვირფასნი არა ხართ?“. უეჭველია, იესოს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ მალე კაცობრიობის გამოსასყიდად საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა (შეადარეთ ლუკას 12:6, 7). ქრისტეს სხვა ქმნილებებისთვის არ გაუღია გამოსასყიდი. ის ფრინველებისთვის კი არა, ჩვენთვის მოკვდა, რათა უსასრულოდ გვეცხოვრა (მათ. 20:28).
14. რის გაკეთება არ შეუძლია ადამიანს წუხილით?
14 წაიკითხეთ მათეს 6:27. რატომ დასძინა შემდეგ იესომ, რომ ადამიანს წუხილით ერთი წყრთითაც კი არ შეუძლია საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივება? რადგან ყოველდღიურ საჭიროებებზე ზედმეტი წუხილი სიცოცხლეს კი არ ახანგრძლივებს, არამედ ხშირ შემთხვევაში ამოკლებს.
15, 16. ა) რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა მინდვრის ყვავილებზე? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე) ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და რატომ?
15 წაიკითხეთ მათეს 6:28—30. ვის არ უნდა, რომ კარგად ეცვას, განსაკუთრებით სამქადაგებლო მსახურების, კრებასა თუ კონგრესებზე დასწრების დროს?! მიუხედავად ამისა, უნდა ვიწუხოთ ჩაცმაზე? იესო კვლავ იეჰოვას შემოქმედებაზე გვიმახვილებს ყურადღებას და გვანახვებს, რის სწავლა შეგვიძლია მინდვრის ყვავილებისგან. იესოს შეიძლება მხედველობაში ჰქონდა ისეთი ყვავილები, როგორიცაა ხმალა, სუმბული, ზამბახი და ტიტა. ყველა მათგანი თავისებურად ლამაზია. ისინი არ ართავენ ძაფს, არ კერავენ და არ ქსოვენ. მიუხედავად ამისა, მათი სილამაზე გვატყვევებს. თვით „დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“!
16 დაუკვირდით, რის თქმა სურდა იესოს შემდეგი სიტყვებით: „თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის ბალახს, . . თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო?“. რა თქმა უნდა, ის გააკეთებდა ამას! თუმცა იესოს მოწაფეებს რწმენა აკლდათ (მათ. 8:26; 14:31; 16:8; 17:20). მათ უნდა განემტკიცებინათ იეჰოვასადმი რწმენა და სრულად უნდა მინდობოდნენ მას. რის თქმა შეიძლება ჩვენზე? მტკიცედ გვწამს, რომ იეჰოვას სურს და შეუძლია იზრუნოს ჩვენს საჭიროებებზე?
17. რამ შეიძლება გაგვიფუჭოს იეჰოვასთან ურთიერთობა?
17 წაიკითხეთ მათეს 6:31, 32. ჩვენ არ უნდა მივბაძოთ იმ ადამიანებს, რომელთაც არ სწამთ, რომ მოსიყვარულე ზეციერი მამა მზრუნველობას არ აკლებს მათ, ვინც სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებს. თუ ვეცდებით იმის დაგროვებას, რასაც „უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით“, შეიძლება იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს. მაგრამ, თუ გავაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ანუ სულიერ საკითხებს პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა სიკეთეს არ მოგვაკლებს. ღვთისადმი ერთგულებამ უნდა აღგვძრას, რომ დავკმაყოფილდეთ „საჭმლით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით“ (1 ტიმ. 6:6—8).
უკავია ღვთის სამეფოს თქვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი?
18. რა იცის იეჰოვამ თითოეული ჩვენგანის შესახებ და რას გააკეთებს ის?
18 წაიკითხეთ მათეს 6:33. ქრისტიანების ცხოვრებაში სამეფო ყოველთვის პირველ ადგილას უნდა იდგეს. თუ ეს ასეა, მაშინ იესოს სიტყვების თანახმად, სხვა დანარჩენი შეგვემატება. რატომ შეეძლო იესოს ამის თქმა? მიზეზი მან 32-ე მუხლში მოიხსენია: „თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“, ანუ საარსებოდ აუცილებელი. იეჰოვას შეუძლია მანამდე განჭვრიტოს, რა დაგვჭირდება თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე თავად გავაცნობიერებთ ამას (ფილ. 4:19). მან იცის, ტანსაცმლიდან რა გაგვიცვდება მალე; ისიც იცის, როგორი საკვები და, ჩვენი ოჯახის სიდიდიდან გამომდინარე, როგორი საცხოვრებელი გვჭირდება. იეჰოვა იზრუნებს, რომ გვქონდეს ყველაფერი, რაც ნამდვილად აუცილებელია.
19. რატომ არ უნდა ვწუხდეთ მომავალზე?
19 წაიკითხეთ მათეს 6:34. ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო უკვე მეორედ მოგვიწოდებს, არასდროს ვიწუხოთ. მას სურს, რომ იეჰოვას დახმარებაში დარწმუნებულებმა მხოლოდ დღევანდელ საჭიროებებზე ვიზრუნოთ. თუ ადამიანი ზედმეტად წუხს მომავალზე, დიდი ალბათობაა, ის საკუთარ თავზე უფრო გახდეს დაიმედებული, ვიდრე ღმერთზე. ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს იეჰოვასთან მის ურთიერთობაზე (იგავ. 3:5, 6; ფილ. 4:6, 7).
უპირველესად ეძებეთ სამეფო და სხვა დანარჩენს იეჰოვა შეგმატებთ
20. ა) პირადად თქვენ რა მიზნის დასახვა შეგიძლიათ იეჰოვასადმი მსახურებაში? ბ) როგორ შეგიძლიათ ცხოვრების გამარტივება?
20 დიდი უგუნურება იქნებოდა, თუ მატერიალისტური ცხოვრების სტილს სამეფოს ინტერესებს შევწირავდით. ნაცვლად ამისა, უნდა დავისახოთ სულიერი მიზნები და განვახორციელოთ ისინი. მაგალითად, შეგიძლიათ იმ კრებაში გადახვიდეთ, სადაც მაუწყებლებზე დიდი საჭიროებაა? შეგიძლიათ იმსახუროთ პიონერად? თუ უკვე პიონერი ხართ, გიფიქრიათ სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლაზე? შეგიძლიათ დროდადრო ბეთელში ან მთარგმნელობით ოფისში დაეხმაროთ, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი? შეგიძლიათ ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებასთან ითანამშრომლოთ და დროდადრო სამეფო დარბაზების მშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა? დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გაიმარტივოთ ცხოვრება, რათა მეტი აკეთოთ სამეფოს ინტერესებისთვის. ლოცვით აწონ-დაწონეთ რჩევები, რომლებიც მოცემულია ჩარჩოში „როგორ შეგიძლიათ ცხოვრების გამარტივება“, და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით დასახული მიზნის მისაღწევად.
21. რა დაგეხმარებათ, რომ დაუახლოვდეთ იეჰოვას?
21 იესომ საფუძვლიანი მიზეზის გამო გვირჩია, რომ ცხოვრებაში პირველი ადგილი სამეფოსთვის დაგვეთმო და არა ნივთებისთვის. თუ ასე მოვიქცევით, არასდროს მოგვიწევს მატერიალურ საჭიროებებზე წუხილი. ჩვენ მეტად დავუახლოვდებით იეჰოვას, თუ მივენდობით და არ ავყვებით ყველა სურვილს ან არ შევიძენთ ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებულ ყველა ნივთს მაშინაც კი, თუ ამის საშუალება გვაქვს. ცხოვრების გამარტივება დღესვე დაგვეხმარება, მტკიცედ ჩავეჭიდოთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“, რომელსაც მომავალში მივიღებთ (1 ტიმ. 6:19).
^ [1] (აბზაცი 12) იმის გასაგებად, თუ რატომ უშვებს იეჰოვა ზოგჯერ, რომ ქრისტიანს საკმარისი საკვები არა აქვს, იხილეთ 2014 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“, გვერდი 22.