რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი?
„სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ (იგავ. 11:2).
1, 2. რატომ უარყო ღმერთმა ერთ დროს მოკრძალებული საული? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
თავისი მმართველობის დასაწყისში ისრაელის მეფე საული მოკრძალებული და პატივდებული ადამიანი იყო (1 სამ. 9:1, 2, 21; 10:20—24). თუმცა გამეფებიდან მალევე ის არაერთხელ მოიქცა კადნიერად. საულმა მოთმინება დაკარგა, როცა ღვთის წინასწარმეტყველი სამუელი დათქმულ დროს არ მივიდა გილგალში. ის ხედავდა, რომ ფილისტიმელები საბრძოლველად ემზადებოდნენ, მას კი ხალხი ეფანტებოდა. ის ალბათ ფიქრობდა: „რაღაც უნდა ვიღონო, და თანაც სასწრაფოდ!“. მან მსხვერპლი შესწირა ღმერთს, რისი გაკეთების უფლებაც არ ჰქონდა. მისმა საქციელმა იეჰოვას გულისწყრომა გამოიწვია (1 სამ. 13:5—9).
2 გილგალში ჩასულმა სამუელმა გაკიცხა საული. ნაცვლად იმისა, რომ ყურად ეღო შეგონება, საულმა თავის მართლება და სხვების დადანაშაულება დაიწყო და ჩადენილი საქციელი გააუბრალოვა (1 სამ. 13:10—14). ამას მოჰყვა არაერთი საშინელი ქმედება, რომელთა შედეგადაც საულმა საბოლოოდ მეფობა და, რაც ყველაზე სამწუხარო იყო, იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა (1 სამ. 15:22, 23). კარგი დასაწყისის მიუხედავად, საულის მმართველობა ტრაგიკულად დასრულდა (1 სამ. 31:1—6).
3. ა) რას ფიქრობს ბევრი მოკრძალებაზე? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?
3 მეტოქეობის სულით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში ბევრი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად სხვებისგან უნდა გამოირჩეოდეს. ხშირად ისინი, ვინც ამ პრინციპით ცხოვრობენ, მოკრძალებას კარგავენ. მაგალითად, ერთმა კინოვარსკვლავმა და პოლიტიკოსმა თქვა: „საერთო არაფერი მაქვს მოკრძალებასთან და იმედია, არც არასდროს მექნება“. ასე რომ, წამოიჭრება კითხვები: რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი? რას ნიშნავს მოკრძალება და რას არა? როგორ შეგვიძლია ვიყოთ მოკრძალებული მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არ არის? პირველ ორ კითხვაზე პასუხს ამ სტატიიდან გავიგებთ, მესამე კითხვას კი მომდევნო სტატია გასცემს პასუხს.
რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი თვისება?
4. რა იგულისხმება „კადნიერ საქციელში“?
4 ბიბლიაში მოკრძალება დაპირისპირებულია კადნიერებასთან (წაიკითხეთ იგავების 11:2). ამიტომ დავითი ბრძნულად მოიქცა, როცა იეჰოვას სთხოვა: „შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან“ (ფსალმ. 19:13). რა იგულისხმება „კადნიერ საქციელში“? ბიბლიური გაგებით, კადნიერ საქციელში იგულისხმება დაუფიქრებლად და თავხედურად იმის კეთება, რისი უფლებამოსილებაც ადამიანს არა აქვს. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო დროდადრო ყველანი ვავლენთ კადნიერებას. მაგრამ, როგორც მეფე საულის მაგალითიდან ჩანს, თუ ხშირად გავცდებით ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებს, ადრე თუ გვიან ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება. 119-ე ფსალმუნის 21-ე მუხლში იეჰოვაზე ნათქვამია: „შენ კიცხავ . . . კადნიერ ხალხს“. რატომ იქცევა იეჰოვა ასე?
5. რატომ არ არის კადნიერი საქციელი უბრალო შეცდომა?
5 კადნიერი საქციელი არ არის უბრალო შეცდომა. ასეთი საქციელით უპატივცემულობას ვავლენთ იეჰოვას მიმართ, რომელიც სამართლიანადაა ჩვენი უზენაესი მმართველი. გარდა ამისა, უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად შეიძლება სხვებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს (იგავ. 13:10). ამასთან, როცა ჩვენი კადნიერი საქციელი გამოაშკარავდება, შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ ან შევრცხვეთ (ლუკ. 14:8, 9). როგორც ბიბლიიდან ჩანს, მოკრძალებული ქმედება ყოველთვის სწორია, კადნიერი საქციელი კი საბოლოოდ ცუდი შედეგით მთავრდება.
რას მოიცავს მოკრძალება?
6, 7. რას მოიცავს თავმდაბლობა და რა კავშირია თავმდაბლობასა და მოკრძალებას შორის?
6 მოკრძალება და თავმდაბლობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ბიბლია თავმდაბლობას სიამაყისა და ქედმაღლობის საპირისპირო თვისებად მოიხსენიებს (ფილ. 2:3). თავმდაბალი ადამიანი, ჩვეულებრივ, მოკრძალებულიცაა; ის საკუთარ უნარსა და მიღწევებს სწორად აფასებს, თავის შეცდომებს აღიარებს და მზად არის რჩევისა თუ ახალი აზრის მოსასმენად და გასათვალისწინებლად. თავმდაბლობა ღვთისმოსაწონი თვისებაა.
7 ბიბლიაში მოკრძალებაშიც იგულისხმება საკუთარი თავის სწორად შეფასება და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნა. როგორც ჩანს, დედნისეული სიტყვა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნამ სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე.
8. რა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ფიქრსა თუ ქცევაში მოკრძალება გვაკლია?
8 რა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ფიქრსა თუ ქცევაში მოკრძალება გვაკლია? განვიხილოთ რამდენიმე ნიშანი. ჩვენ შეიძლება საკუთარ თავსა და თეოკრატიულ პასუხისმგებლობებზე დიდი წარმოდგენა შეგვექმნას (რომ. 12:16). შეიძლება არასწორი გზებით ვეცადოთ სხვების ყურადღების მიქცევას (1 ტიმ. 2:9, 10). ან შეიძლება ჩვენი მდგომარეობიდან, კავშირებიდან თუ შეხედულებებიდან გამომდინარე რაიმე აზრის გატანას შევეცადოთ (1 კორ. 4:6). ხშირად, როცა ასე ვიქცევით, შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ მოკრძალების ზღვარს გადავედით.
9. რამ მიიყვანა ზოგი კადნიერებამდე? მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითი.
9 ნებისმიერი შეიძლება მოიქცეს კადნიერად, თუ მცირე ხნით მაინც მისცემს გასაქანს თავის სურვილებს. პატივმოყვარეობამ, შურმა და გაუკონტროლებელმა რისხვამ ბევრი მიიყვანა კადნიერ საქციელამდე. ბიბლიური პერსონაჟები, მაგალითად აბესალომი, უზია და ნაბუქოდონოსორი, აჰყვნენ ხორცის სურვილებს და კადნიერად მოიქცნენ, ამიტომ იეჰოვამ დაამცირა ისინი (2 სამ. 15:1—6; 18:9—17; 2 მატ. 26:16—21; დან. 5:18—21).
10. რატომ არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ სხვების მოტივები? მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითი.
10 ადამიანი შეიძლება სხვა მიზეზების გამოც მოიქცეს კადნიერად. დაფიქრდით დაბადების 20:2—7-სა და მათეს 26:31—35-ში ჩაწერილ შემთხვევებზე. ცოდვილი სურვილების გამო ჩაიდინეს აბიმელექმა და პეტრემ ერთი შეხედვით კადნიერი საქციელი? იქნებ მათ ყველა ფაქტი არ იცოდნენ ან სიფხიზლე დაკარგეს? ჩვენ გულების წაკითხვა არ შეგვიძლია, ამიტომ გონივრული იქნება, თუ ნაჩქარევად არ დავაყენებთ ეჭვქვეშ სხვების მოტივებს (წაიკითხეთ იაკობის 4:12).
ჩვენი ადგილი ღვთის ორგანიზაციაში
11. როგორ უკავშირდება მოკრძალება ღვთის ორგანიზაციაში ჩვენი ადგილის ცოდნას?
11 მოკრძალებისთვის საჭიროა გავაცნობიეროთ, რა ადგილი გვიკავია ღვთის ორგანიზაციაში. იეჰოვამ, წესრიგის ღმერთმა, სულიერ ოჯახში თითოეულს ჩვენი ადგილი მოგვიჩინა, ანუ პასუხისმგებლობები მოგვცა. კრებაში ყველა სხვადასხვა როლს ვასრულებთ და ყველანი საჭირონი ვართ. იეჰოვამ თავისი წყალობიდან გამომდინარე თითოეულს გვიბოძა გარკვეული ძღვენი, უნარი და ნიჭი. ჩვენ შეგვიძლია ისინი მის განსადიდებლად და სხვების სასარგებლოდ გამოვიყენოთ (რომ. 12:4—8). მან მმართველებად დაგვნიშნა და გვაფასებს, გვენდობა და პასუხისმგებლობებს გვაძლევს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:10).
12, 13. რატომ არ უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ ჩვენი მდგომარეობა ან პასუხისმგებლობები დროდადრო შეიცვლება?
12 თუმცა ღვთის ორგანიზაციაში ჩვენი პასუხისმგებლობები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. განვიხილოთ იესოს მაგალითი. თავიდან ის მარტო იყო იეჰოვასთან (იგავ. 8:22). შემდეგ მისი დახმარებით ღმერთმა შექმნა სხვა სულიერი ქმნილებები, ფიზიკური სამყარო და ბოლოს ადამიანი (კოლ. 1:16). მოგვიანებით იესომ ახალი დავალება მიიღო — ის უმწეო ბავშვად უნდა დაბადებულიყო და დედამიწაზე ეცხოვრა (ფილ. 2:7). მსხვერპლად სიცოცხლის გაღების შემდეგ იესო ზეცაში დაბრუნდა როგორც სულიერი ქმნილება და 1914 წელს ღვთის სამეფოს მეფე გახდა (ებრ. 2:9). თუმცა მისი მდგომარეობა კიდევ შეიცვლება. ათასწლიანი მმართველობის შემდეგ იესო იეჰოვას გადასცემს თავის სამეფოს, „რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორ. 15:28).
13 მსგავსად მოსალოდნელია, რომ ჩვენი მდგომარეობა და პასუხისმგებლობები დროდადრო შეიცვლება. ხშირად მიზეზი შეიძლება ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს. მაგალითად, დაქორწინება, შვილების ყოლა ან მოგვიანებით ცხოვრების გამარტივება და სრული დროით მსახურების დაწყება. თითოეულ ამ გადაწყვეტილებას თავისი დადებითი მხარეები და გარკვეული პასუხისმგებლობები აქვს. მდგომარეობის შეცვლამ ან შეიძლება შეზღუდოს ჩვენი მსახურება, ან მეტის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცეს. მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდები ვართ თუ ხანში შესულები, კარგი ჯანმრთელობა გვაქვს თუ სუსტი, იეჰოვა ყოველთვის ითვალისწინებს, რის გაკეთებას შევძლებთ საუკეთესოდ მის მსახურებაში. ის იმაზე მეტს არ მოგვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია, და ძალიან აფასებს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ (ებრ. 6:10).
14. როგორ გვეხმარება მოკრძალება, რომ კმაყოფილები ვიყოთ და სიხარული შევინარჩუნოთ ნებისმიერ სიტუაციაში?
14 იესოს სიხარულს ანიჭებდა ნებისმიერი დავალების შესრულება და ჩვენც შეგვიძლია სიხარულით შევასრულოთ ჩვენთვის მოცემული დავალებები (იგავ. 8:30, 31). მოკრძალებული ადამიანი კმაყოფილია იმ პასუხისმგებლობებით, რომლებიც კრებაში აქვს. ის არ წუხს იმაზე, მიიღებს თუ არა სხვა პასუხისმგებლობებს მომავალში და არც სხვისი წარმატებები შურს. ნაცვლად ამისა, ის ყველანაირად ცდილობს, დააფასოს თავისი დავალება და სიხარულით შეასრულოს ის, რადგან თვლის, რომ ის ღვთისგან აქვს. ამასთან, ის გულწრფელად აფასებს იეჰოვას მიერ სხვებისთვის მიცემულ პასუხისმგებლობებსაც. მოკრძალება გვეხმარება, რომ სიხარულით ვცეთ სხვებს პატივი და მხარი დავუჭიროთ მათ (რომ. 12:10).
რას არ ნიშნავს მოკრძალება?
15. რის სწავლა შეგვიძლია გედეონის მაგალითიდან?
15 გედეონმა მოკრძალების შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. როცა პირველად გამოეცხადა იეჰოვას ანგელოზი, მან თავმდაბლად აღიარა, რომ არც წარმოშობით გამოირჩეოდა და არც უფლებამოსილებით (მსაჯ. 6:15). იეჰოვასგან დავალების მიღების შემდეგ გედეონმა შეამოწმა, რამდენად სწორად ესმოდა, რას მოითხოვდა ღმერთი მისგან და ხელმძღვანელობისთვის მას მიმართა (მსაჯ. 6:36—40). მიუხედავად იმისა, რომ გედეონი გაბედული ადამიანი იყო, ის ფრთხილად და წინდახედულად მოქმედებდა (მსაჯ. 6:11, 27). მას ეს დავალება სახელის მოსახვეჭად არ გამოუყენებია. პირიქით, მისი შესრულების შემდეგ ის სიამოვნებით დაუბრუნდა თავის ძველ საქმიანობას (მსაჯ. 8:22, 23, 29).
16, 17. რას იღებს მხედველობაში მოკრძალებული ადამიანი, როცა სულიერ წინსვლაზე ფიქრობს?
16 მოკრძალება არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვისწრაფოთ კრებაში სხვა პასუხისმგებლობებისკენ ან არ უნდა მივიღოთ ისინი. წმინდა წერილები მოგვიწოდებს, რომ წინ წავიწიოთ სულიერად (1 ტიმ. 4:13—15). მაგრამ ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს ახალი დავალების ან პასუხისმგებლობის მიღებას. იეჰოვას დახმარებით ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ სულიერად იმის მიუხედავად, თუ ახლა რა გვავალია. ჩვენ შეგვიძლია დავხვეწოთ ღვთისგან ბოძებული უნარი და მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ.
17 მოკრძალებული ადამიანი ჯერ გაიგებს, რა მოეთხოვება და შემდეგ დათანხმდება ახალ დავალებაზე. ამ შემთხვევაში მას შეეძლება, გულწრფელად შეაფასოს თავისი მდგომარეობა. მაგალითად, შეძლებს ის არსებული მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას მეტი დავალების ან პასუხისმგებლობის აღების შემდეგაც? შეუძლია მას, რომელიმე თავისი საქმე სხვას გადასცეს, რათა ახალი პასუხისმგებლობისთვის დრო გამოითავისუფლოს? თუ ამ კითხვებიდან ერთზე ან ორივეზე პასუხი უარყოფითია, შეიძლება სხვამ უკეთ შეძლოს ამ საქმის შესრულება. თუ ვილოცებთ და რეალურად შევაფასებთ სიტუაციას, არ გავცდებით ჩვენი შესაძლებლობებისა თუ შეზღუდვების ფარგლებს. მოკრძალებამ შეიძლება აღგვძრას, რომ უარი ვთქვათ დამატებით პასუხისმგებლობაზე.
18. ა) რისკენ უნდა აღგვძრას მოკრძალებამ ახალი დავალების მიღების დროს? ბ) როგორ არის აღწერილი რომაელების 12:3-ში მოკრძალებული ადამიანი?
18 გედეონის მაგალითი შეგვახსენებს, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობისა და კურთხევის გარეშე შეუძლებელია ახალი დავალების წარმატებით შესრულება. ბიბლია ყველას მოგვიწოდებს, რომ მოკრძალებულად ვიაროთ ჩვენს ღმერთთან ერთად (მიქ. 6:8). ამიტომ ახალი პასუხისმგებლობის მიღების დროს უნდა ვილოცოთ და დავფიქრდეთ, რას გვეუბნება იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალებით ვერ შევძლებთ ამ დავალების შესრულებას და იეჰოვას ხელმძღვანელობა გვჭირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ იეჰოვას თავმდაბლობა განგვადიდებს და არა ჩვენი ნიჭი! (ფსალმ. 18:35). ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარული დაგვეხმარება, რომ საკუთარ თავზე არც იმაზე მეტი ვიფიქროთ და არც იმაზე ნაკლები, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ (წაიკითხეთ რომაელების 12:3).
19. რა მიზეზების გამო უნდა განვივითაროთ მოკრძალება?
19 მოკრძალებული ადამიანი დამსახურებულ პატივს მიაგებს იეჰოვას, რადგან ის ჩვენი შემოქმედი და სამყაროს უზენაესი მმართველია (გამოცხ. 4:11). მოკრძალება გვეხმარება, კმაყოფილები ვიყოთ ღვთისგან მოცემული დავალებით და ის ხარისხიანად შევასრულოთ. ის გვიცავს კადნიერი საქციელისგან და ხელს უწყობს იეჰოვას ხალხის ერთიანობას; აღგვძრავს, საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რითაც სერიოზულ შეცდომებს ავირიდებთ თავიდან. ამ მიზეზების გამო მოკრძალების გამოვლენა მნიშვნელოვანია ღვთის ყველა მსახურისთვის. იეჰოვა აფასებს მათ, ვინც ცდილობს ამ თვისების განვითარებას. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შევინარჩუნოთ მოკრძალება რთულ სიტუაციებში.