მშობლებო, ამზადებთ შვილებს ნათლობისთვის?
„რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე“ (საქ. 22:16).
1. რაში სურთ დარწმუნება ქრისტიან მშობლებს, ვიდრე მათი შვილი მოინათლება?
„მშობლებს თვეების მანძილზე ვეუბნებოდი, რომ მონათვლა მინდოდა და ისინიც ხშირად მესაუბრებოდნენ ამ საკითხზე. მათ სურდათ, დარწმუნებულიყვნენ, რომ ბოლომდე მქონდა გააზრებული ჩემი არჩევანი. ეს ნანატრი დღე 1934 წლის 31 დეკემბერს დადგა. ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი ჩემს ცხოვრებაში“. ასე აღწერს ერთი და, ბლოსომ ბრანტი, თავისი ნათლობის პერიოდს. დღესაც ქრისტიან მშობლებს სურთ, რომ შვილს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარონ. მათ ესმით, რომ ნათლობის უმიზეზოდ გაჭიანურებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათი შვილის სულიერობას (იაკ. 4:17). კარგია, როცა მშობლებს შვილის ნათლობამდე სურთ, დარწმუნდნენ, რომ ის ნამდვილად მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს ქრისტეს მოწაფეობის პასუხისმგებლობა.
2. ა) რა შენიშნა ზოგმა სარაიონო ზედამხედველმა? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 არაერთმა სარაიონო ზედამხედველმა შენიშნა, რომ ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი 20 წლამდე ან ცოტათი უფროსი ასაკის ზოგიერთი ახალგაზრდა ჯერ კიდევ არ არის მონათლული. არადა მათგან უმეტესობა კრების შეხვედრებსაც ესწრება და მსახურებაშიც იღებს მონაწილეობას. ისინი თავს იეჰოვას მოწმეებად მიიჩნევენ, თუმცა მიძღვნასა და ნათლობას არ ჩქარობენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ზოგს მშობელი უბიძგებს, რომ არ იჩქაროს ამ ნაბიჯის გადადგმა. ქვემოთ ვისაუბრებთ ოთხ მიზეზზე, რომელთა გამოც ქრისტიანი მშობლები არ ცდილობენ, შვილები ნათლობისკენ წაახალისონ.
ჯერ პატარა ხომ არაა ნათლობისთვის?
3. რა აფიქრებდა ბლოსომის მშობლებს?
3 სავსებით ბუნებრივია, რომ ზემოთ მოხსენიებული ბლოსომის მშობლებს აფიქრებდა, პატარა ხომ არ იყო მათი გოგონა იმისთვის, რომ ბოლომდე გაეაზრებინა, რამდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯი იყო ნათლობა. როგორ შეუძლიათ მშობლებს მიხვდნენ, ნამდვილად მზად არის თუ არა მათი შვილი, თავი მიუძღვნას იეჰოვას?
4. როგორ დაეხმარება ქრისტიან მშობლებს იესოს მითითება, რომელიც მათეს 28:19, 20-შია ჩაწერილი?
4 წაიკითხეთ მათეს 28:19, 20. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ბიბლია არ ადგენს ნათლობის კონკრეტულ ასაკს. თუმცა კარგი იქნება, მშობლები დაფიქრდნენ, რას ნიშნავს ვინმეს მოწაფედ მომზადება. ბერძნული სიტყვა, რომელიც მათეს 28:19-ში ითარგმნება მოწაფეების მომზადებად, გულისხმობს ვინმესთვის სწავლებას იმ მიზნით, რომ ის მოწაფე ან მიმდევარი გახდეს. მოწაფე არის ის, ვინც სწავლობს, სწვდება იესოს სწავლებებს და გადაწყვეტილი აქვს, მათ თანახმად იცხოვროს. აქედან გამომდინარე, ქრისტიანი მშობლების მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვილობიდანვე ასწავლონ შვილებს, რათა საბოლოოდ ისინი მოინათლონ და ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. ცხადია, ჩვილი ვერ იქნება მზად ნათლობისთვის. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბავშვებსაც შეუძლიათ ჩასწვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას და დააფასონ ის.
5, 6. ა) რა დასკვნამდე მივყავართ ტიმოთეს შესახებ ბიბლიურ მონათხრობს მის ნათლობასთან დაკავშირებით? ბ) რაში ეხმარებიან გონიერი მშობლები შვილებს?
5 ტიმოთემ ჭეშმარიტება ბავშვობიდანვე გაითავისა. მოციქულმა პავლემ მასზე თქვა, რომ ის წმინდა წერილებს ჩვილობიდან სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთე რელიგიურად დაყოფილ ოჯახში გაიზარდა, იუდეველი დედა და ბებია მას ღვთის სიტყვას ისე ასწავლიდნენ, როგორც ეს იუდეველებს ესმოდათ. შედეგად, ტიმოთე ძლიერი რწმენის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდა (2 ტიმ. 1:5; 3:14, 15). დაახლოებით 20 წლის ასაკში ტიმოთე უკვე ქრისტეს მოწაფე იყო და მზად იყო უფრო მეტი პასუხისმგებლობების შესასრულებლად (საქ. 16:1—3).
6 რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი განსხვავებულია და მოწიფულობის მისაღწევად ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება. მაგალითად, ზოგი გონებრივად და ემოციურად ადრე მწიფდება და შესაბამისად ნათლობის სურვილიც ადრეულ ასაკში უჩნდება. ზოგი კი ცოტა უნდა წამოიზარდოს, რომ ნათლობისთვის მზად იყოს. ასე რომ, გონიერი მშობლები არ აძალებენ შვილებს მონათვლას. ნაცვლად ამისა, ისინი ითვალისწინებენ მათ ასაკსა თუ უნარს და შესაბამისად ეხმარებიან სულიერ ზრდაში. მშობლებს გულს უხარებს, როცა მათი შვილი ითვალისწინებს იგავების 27:11-ში ჩაწერილ პრინციპს (წაიკითხეთ). თუმცა მშობლებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ მთავარი მიზანი — დაეხმარონ შვილებს, გახდნენ ქრისტეს მოწაფეები. ამიტომ ისინი უნდა დაფიქრდნენ შემდეგ კითხვაზე: „საკმარისი ბიბლიური ცოდნა აქვს ჩემს შვილს, რომ თავი მიუძღვნას იეჰოვას და მოინათლოს?“.
საკმარისი ცოდნა აქვს ჩემს შვილს?
7. საჭიროა ნათლობისთვის ბიბლიის თავიდან ბოლომდე ცოდნა? ახსენით.
7 კარგია, როცა მშობლები შვილებს ჭეშმარიტებას ასწავლიან და მათ რწმენას მყარ საფუძველს უყრიან. სწორედ ეს აღძრავს შვილებს, თავი მიუძღვნან იეჰოვას. თუმცა მიძღვნისა და ნათლობისთვის საჭირო არ არის ბიბლიის თავიდან ბოლომდე ცოდნა, რადგან ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნის მიღება ნათლობის შემდეგაც არ უნდა შეწყვიტოს ადამიანმა (წაიკითხეთ კოლოსელების 1:9, 10). მაშ, რის ცოდნა მოითხოვება ნათლობამდე?
8, 9. რა შეემთხვა საპყრობილის ზედამხედველს ფილიპეში და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან?
8 მშობლებისთვის საყურადღებოა პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთი ოჯახის შემთხვევა (საქ. 16:25—33). დაახლოებით ახ. წ. 50 წელს, მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს, პავლე ფილიპეში ჩავიდა, სადაც ის და მისი თანამსახური სილა უსაფუძვლო ბრალდებით დააპატიმრეს. შუაღამისას ძლიერი მიწისძვრა მოხდა, საპატიმროს საძირკველი შეირყა და უცებ ყველა კარი გაიღო. შეშინებული საპყრობილის ზედამხედველი, რომელსაც ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ, თავის მოკვლას აპირებდა, როცა პავლემ დაუძახა და შეაჩერა. პავლესა და სილას კარგი შესაძლებლობა მიეცათ, რომ საპყრობილის ზედამხედველისა და მისი ოჯახისთვის დაემოწმებინათ. იესოს შესახებ ჭეშმარიტების გაგებამ მათში მადლიერების გრძნობა აღძრა. შედეგად, ისინი მალევე მოინათლნენ. რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან?
9 როგორც ჩანს, საპყრობილის ზედამხედველი ყოფილი სამხედრო პირი იყო. მან არ იცოდა წმინდა წერილები. ამიტომ ბიბლიური ცოდნისთვის მყარი საფუძველი რომ ჩაეყარა, ღვთის სიტყვის ძირითად სწავლებებს უნდა გასცნობოდა, გაეგო, რას ნიშნავდა ღვთის მსახურად ყოფნა და ქრისტეს სწავლებებისადმი მორჩილების სურვილი გასჩენოდა. ღვთის სიტყვიდან ნასწავლმა და მადლიერების გრძნობამ მას მალევე უბიძგა ნათლობისკენ. ცხადია, ის მხოლოდ ამ ცოდნას არ დასჯერდებოდა და მონათვლის შემდეგაც განაგრძობდა წმინდა წერილების გულდასმით კვლევას. მშობლებო, ამ შემთხვევიდან გამომდინარე, რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ თქვენი შვილი ნათლობის სურვილს გამოთქვამს და ჩანს, რომ მას კარგად ესმის ბიბლიის ძირითადი სწავლებები, მათ შორის მიძღვნისა და ნათლობის მნიშვნელობა და სერიოზულობა? თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ უკვე დროა, ის კრების უხუცესებს დაელაპარაკოს და გაიგოს, შეესაბამება თუ არა ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნებს.a სხვა მოწაფეების მსგავსად ის ნათლობის შემდეგაც გააგრძელებს იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას და ეს პროცესი მარადიულად გასტანს (რომ. 11:33, 34).
აუცილებელია უმაღლესი განათლება, რომ ჩემი შვილი წარმატებული იყოს?
10, 11. ა) რას ფიქრობს ზოგი მშობელი? ბ) რა დაიცავს ახალგაზრდას ყველაზე უკეთ?
10 ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ უმჯობესია, მისმა შვილმა არ იჩქაროს ნათლობა, რათა ჯერ უმაღლესი განათლება მიიღოს და კარგ სამსახურში მოეწყოს. შესაძლოა მშობლებს კარგი მოტივები ამოძრავებთ, თუმცა მათ უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: „მართლა ამაზეა დამოკიდებული ნამდვილი წარმატება? ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ბიბლიის თვალსაზრისს? რისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა?“ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:1).
11 უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყნიერება და ყველაფერი, რაც მასშია, უპირისპირდება იეჰოვას ინტერესებსა და აზროვნებას (იაკ. 4:7, 8; 1 იოან. 2:15—17; 5:19). თქვენს შვილს სატანის, მისი ქვეყნიერებისა და უღვთო აზროვნებისგან ყველაზე უკეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა დაიცავს. თუ მშობლისთვის უმთავრესი უმაღლესი განათლება და კარგი სამუშაოა, შეიძლება ამან შვილს თავგზა აუბნიოს და მის სულიერობას საფრთხე შეუქმნას. მშობლებო, გინდათ, რომ თქვენს შვილს წარმატებაზე შეხედულება ქვეყნიერებამ ჩამოუყალიბოს?! ფაქტია, რომ ნამდვილი სიხარული და წარმატება მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა იეჰოვას ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:2, 3).
ნათლობის შემდეგ რომ ცოდვა ჩაიდინოს?!
12. რატომ უნდა ზოგ მშობელს, რომ მათმა შვილმა გადადოს ნათლობა?
12 ერთმა ქრისტიანმა დამ, რომელსაც არ უნდოდა, რომ მისი ქალიშვილი მონათლულიყო, თქვა: „მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ძირითადი მიზეზი იმის შიში იყო, რომ ჩემი შვილი არ გარიცხულიყო“. ამ დის მსგავსად ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მათი შვილი გადადებს ნათლობას იქამდე, ვიდრე ბავშვური სიბრიყვე არ გადაუვლის (დაბ. 8:21; იგავ. 22:15). მათი აზრით, თუ ბავშვი მონათლული არ არის, არც გაირიცხება. რატომ არის ასეთი აზროვნება მცდარი? (იაკ. 1:22).
13. ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ იეჰოვას წინაშე მათ, ვინც აყოვნებს ნათლობას? ახსენით.
13 გასაგებია, რომ ქრისტიან მშობლებს სურთ, მათი შვილი მაშინ მოინათლოს, როცა გააზრებულად შეძლებს იეჰოვასთვის თავის მიძღვნას. მაგრამ არასწორია, როცა მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი თუ მონათლული არ არის, არც იეჰოვას წინაშეა ანგარიშვალდებული. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვას წინაშე მხოლოდ მონათლულები არ აგებენ პასუხს. თუ ბავშვს კარგად ესმის, რა არის ღვთის თვალში სწორი და რა არასწორი, ის უკვე ანგარიშვალდებულია იეჰოვას წინაშე (წაიკითხეთ იაკობის 4:17). იმის ნაცვლად, რომ შვილებს ნათლობის სურვილი დაუკარგონ, გონიერი მშობლები ყველანაირად ცდილობენ, მათ კარგი მაგალითი მისცენ. მათ სურთ, შვილებს ჩვილობიდანვე ასწავლონ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების მთელი გულით დაფასება (ლუკ. 6:40). ეს საუკეთესოდ დაიცავს თქვენს შვილებს და ისინი არასდროს გადაუხვევენ იეჰოვას სამართლიანი გზიდან (ეს. 35:8).
სხვებს შეუძლიათ დახმარება
14. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაეხმარონ მშობლებს, რომლებიც შვილებს ნათლობისკენ ახალისებენ?
14 კრების უხუცესებს, როგორც სულიერ მწყემსებს, შეუძლიათ დაეხმარონ მშობლებს და დადებითად ესაუბრონ მათ შვილებს სულიერ მიზნებზე. ერთმა დამ, რომელიც 70 წელზე მეტხანს მსახურობდა პიონერად, გაიხსენა, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ძმა რასელთან საუბარმა, როცა ის სულ რაღაც ექვსი წლისა იყო. მან თქვა: „სულიერ მიზნებზე ის 15 წუთის მანძილზე მელაპარაკებოდა“. დიახ, გამამხნევებელი და დადებითი სიტყვები ადამიანის მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს (იგავ. 25:11). უხუცესებს აგრეთვე შეუძლიათ მშობლები თავიანთ შვილებთან ერთად ჩართონ სამეფო დარბაზის საქმეებში და ბავშვებს მათი ასაკისა და უნარის მიხედვით მისცენ დავალებები.
15. როგორ შეუძლიათ კრების წევრებს ახალგაზრდების წახალისება?
15 სხვა ქრისტიანებსაც შეუძლიათ დაინტერესდნენ მათ კრებაში მყოფი ახალგაზრდებით და ამგვარად დაეხმარონ მათ. ამაში ისიც იგულისხმება, რომ მხედველობიდან არ გამორჩეთ მათი სულიერი წინსვლის ნიშნები. აკეთებს ბავშვი კარგად გააზრებულ კომენტარებს? იღებს მონაწილეობას შუა კვირის შეხვედრის პროგრამაში? გაუმკლავდა რწმენის გამოცდას ან გამოიყენა სკოლაში დამოწმების შესაძლებლობა? ნუ დააყოვნებთ შექებას! შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ, რომ კრების დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ გაესაუბროთ რომელიმე ახალგაზრდას და აგრძნობინოთ, რომ გულწრფელად ხართ დაინტერესებული მისით? ამ და სხვა საშუალებებით ახალგაზრდები დარწმუნდებიან, რომ „დიდი კრებულის“ წევრები არიან (ფსალმ. 35:18).
დაეხმარეთ შვილებს, ისწრაფონ ნათლობისკენ
16, 17. ა) როგორ უკავშირდება ნათლობა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას? ბ) რისკენ უნდა ისწრაფონ ქრისტიანმა მშობლებმა? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)
16 ქრისტიანი მშობლისთვის უდიდესი პატივია, რომ შვილი იეჰოვას მოსაწონად აღზარდოს (ეფეს. 6:4; ფსალმ. 127:3). ძველ ისრაელში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით ქრისტიანების შვილები არ იბადებიან იეჰოვასთვის მიძღვნილ ერში. გარდა ამისა, მათ არც ღვთისა და ჭეშმარიტების სიყვარული გადაეცემათ მემკვიდრეობით. ბავშვის დაბადებისთანავე მშობლებმა მიზნად უნდა დაისახონ, რომ ის ქრისტეს მოწაფედ მოამზადონ, ანუ დაეხმარონ, რომ იეჰოვას მიძღვნილი, მონათლული მსახური გახდეს. განა რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?! სწორედ მიძღვნა, ნათლობა და ღვთისადმი ერთგულად მსახურება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, რომ დიდი გასაჭირის დროს ნიშანდადებული იყოს გადასარჩენად (მათ. 24:13).
17 როცა ბლოსომ ბრანტმა მონათვლა გადაწყვიტა, მის ღვთისმოშიშ მშობლებს სურდათ, დარწმუნებულიყვნენ, რომ ის მზად იყო ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მათი გოგონა მზად იყო მოსანათლად, მათ მხარი დაუჭირეს შვილის გადაწყვეტილებას. მისი ნათლობის წინა საღამოს მამამისმა დაუვიწყარი რამ გააკეთა. ბლოსომმა გაიხსენა: „მამამ გვთხოვა, ყველას მუხლებზე დაგვეჩოქა, და ილოცა. მან უთხრა იეჰოვას, რომ ბედნიერი იყო თავისი პატარა გოგონას გადაწყვეტილებით, რომელსაც სურდა, სიცოცხლე მისთვის მიეძღვნა“. ამ დღიდან 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ ბლოსომმა თქვა: „რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ის საღამო არასდროს დამავიწყდება!“. მშობლებო, დაე თქვენც მოგიტანოთ სიხარული და კმაყოფილება იმის დანახვამ, რომ თქვენი შვილები იეჰოვას მიძღვნილი და მონათლული მსახურები არიან!
a მშობლებს შეუძლიათ შვილებთან ერთად განიხილონ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, გვ. 304—310. აგრეთვე იხილეთ 2011 წლის აპრილის „ჩვენი სამეფო მსახურების“ რუბრიკა „შეკითხვების ყუთი“, გვ. 2.