ღირსეულად მიიჩნიეთ ღვთის მიერ დაფუძნებული ქორწინება!
„ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მარ. 10:9).
1, 2. რისკენ უნდა აღგვძრას ებრაელების 13:4-ში ჩაწერილმა სიტყვებმა?
თითოეულს გვსურს, პატივი მივაგოთ იეჰოვას. ის იმსახურებს ამას და გვპირდება, რომ თავადაც პატივისცემით მოგვეპყრობა (1 სამ. 2:30; იგავ. 3:9; გამოცხ. 4:11). ღმერთი მოელის, რომ პატივისცემით ანუ ღირსეულად მოვეპყრობით სხვებს, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს (რომ. 12:10; 13:7). თუმცა არსებობს რაღაც, რასაც განსაკუთრებით უნდა ვაფასებდეთ და ღირსეულად მივიჩნევდეთ. ეს არის ქორწინება.
2 მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრ. 13:4). პავლე ზოგადად ქორწინებაზე კი არ საუბრობდა, არამედ მოუწოდებდა ქრისტიანებს, დაეფასებინათ ქორწინება და განსაკუთრებულ კავშირად მიეჩნიათ ის. თქვენც ასე უყურებთ ცოლქმრულ კავშირს, განსაკუთრებით თქვენს ცოლქმრობას, თუ დაქორწინებული ხართ?
3. რა მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა იესომ ქორწინებასთან დაკავშირებით? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
3 თუ ქორწინებას ღირსეულად მიიჩნევთ, მაშინ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც ამ საკითხის მიმართ სწორი დამოკიდებულება აქვს. იესოსთვის ქორწინება ღირსეული კავშირი იყო. როცა ფარისევლებმა განქორწინებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, იესომ შეახსენა მათ, თუ რა თქვა ღმერთმა პირველ ქორწინებასთან დაკავშირებით: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“. შემდეგ კი დასძინა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (წაიკითხეთ მარკოზის 10:2—12; დაბ. 2:24).
4. ქორწინების რა ნორმა დაადგინა იეჰოვამ?
4 ამგვარად იესომ დაგვანახვა, რომ ქორწინებას ღმერთმა მისცა დასაბამი და ეს კავშირი მუდმივი უნდა ყოფილიყო. ღმერთს პირველი წყვილისთვის არ უთქვამს, რომ განქორწინება შეეძლოთ. ედემის ბაღში ქორწინებისთვის დადგენილი ნორმა მონოგამია იყო. ღვთის განზრახვის თანახმად, „ორის“ — კაცის და ქალის ერთობა მარადიული კავშირი უნდა ყოფილიყო.
დროებითი ცვლილებები ქორწინებაში
5. რა გავლენას ახდენს სიკვდილი ქორწინებაზე?
5 როგორც იცით, ადამის შეცოდების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ადამიანები სიკვდილს დაექვემდებარნენ, რამაც ქორწინებაზეც იქონია გავლენა. როცა პავლე ქრისტიანებს უხსნიდა, რომ მოსეს კანონს აღარ ექვემდებარებოდნენ, მან ისიც აღნიშნა, რომ სიკვდილი ქორწინების დასასრულია და დაქვრივებულ მეუღლეს შეუძლია ხელახლა დაქორწინდეს (რომ. 7:1—3).
6. როგორ ირეკლავს მოსეს კანონი ღვთის თვალსაზრისს ქორწინებაზე?
6 ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონი დაწვრილებით საუბრობდა ქორწინებაზე. მაგალითად, კანონი ისრაელ მამაკაცებს უფლებას აძლევდა, რომ ერთზე მეტი ცოლი ჰყოლოდათ, თუმცა ეს ტრადიცია კანონის მიცემამდეც არსებობდა. აღსანიშნავია, რომ პოლიგამია კანონით რეგულირდებოდა და კრძალავდა ქალებისა და ბავშვების მიმართ ცუდ მოპყრობას. მაგალითად, თუ ისრაელი მამაკაცი მონაზე დაქორწინდებოდა, მოგვიანებით კი მეორე ცოლს შეირთავდა, პირველი ცოლისთვის საჭმელი და ტანსაცმელი არ უნდა მოეკლო და ქმრის მოვალეობაც უნდა შეესრულებინა. ღმერთი მისგან მოითხოვდა, რომ ეზრუნა და დაეცვა პირველი ცოლი (გამ. 21:9, 10). მართალია, მოსეს კანონს არ ვექვემდებარებით, მაგრამ ამ კანონიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა განსაკუთრებულ კავშირად მიიჩნევს ქორწინებას. განა ამან ჩვენც არ უნდა აღგვძრას, რომ მსგავსი დამოკიდებულება განვივითაროთ ქორწინების მიმართ?!
7, 8. ა) კანონის 24:1-ის თანახმად, რას ამბობდა კანონი განქორწინებაზე? ბ) რას ფიქრობს იეჰოვა განქორწინებაზე?
7 რას ამბობდა კანონი განქორწინებაზე? ცხადია, ღმერთი კვლავაც განსაკუთრებულ კავშირად მიიჩნევდა ქორწინებას, თუმცა დათმობაზე წავიდა და კანონით ისრაელებს განქორწინების უფლება მისცა (წაიკითხეთ კანონის 24:1). ისრაელ მამაკაცს შეეძლო განქორწინებულიყო, თუ ცოლს „რაღაც უწესოს“ უპოვიდა. კანონი არაფერს ამბობდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო „რაღაც უწესო“, თუმცა აშკარაა, რომ ის სერიოზული და სამარცხვინო რამ უნდა ყოფილიყო და არა უმნიშვნელო შეცდომა (კან. 23:14). სამწუხაროდ, იესოს დროს ბევრი იუდეველი ცოლს „ნებისმიერი მიზეზით“ ეყრებოდა (მათ. 19:3). ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ მათი აზროვნება გავიზიაროთ.
8 წინასწარმეტყველმა მალაქიამ გაგვიმჟღავნა იეჰოვას თვალსაზრისი განქორწინებაზე. მალაქიას დროს ბევრი იუდეველი ვერაგულად ეპყრობოდა „ახალგაზრდობის ცოლს“ და შორდებოდა მას. ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ სურდათ, უფრო ახალგაზრდა წარმართ ქალებზე დაქორწინებულიყვნენ. ღვთის თვალსაზრისი მალაქიამ ასე გამოხატა: „მძულს გაყრა“ (მალ. 2:14—16). ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება იმას, რასაც ბიბლია პირველ ქორწინებაზე ამბობს: „[კაცი] მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24). იესომაც გაიზიარა ქორწინებაზე იეჰოვას შეხედულება, როცა თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:6).
განქორწინების ერთადერთი საფუძველი
9. როგორ შეიძლება გავიგოთ იესოს სიტყვები, რომლებიც მარკოზის 10:11, 12-შია ჩაწერილი?
9 ზოგმა შეიძლება იკითხოს: „არსებობს ქრისტიანისთვის გაყრისა და ხელახლა ქორწინების საფუძველი?“. იესომ განქორწინებასთან დაკავშირებით თავისი აზრი შემდეგნაირად გამოხატა: „ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მის წინააღმდეგ მრუშობს. და თუ ქალი ქმართან გაყრის შემდეგ სხვას მიჰყვება, მრუშობს“ (მარ. 10:11, 12; ლუკ. 16:18). აშკარაა, იესო ძალიან აფასებდა ქორწინებას და სურდა, რომ სხვებსაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონოდათ. თუ კაცი (ან ქალი) რაიმე საბაბით გაეყრებოდა ერთგულ მეუღლეს და სხვაზე დაქორწინდებოდა, ეს მრუშობაში ჩაეთვლებოდა, რადგან განქორწინება არ ნიშნავს ქორწინების დასასრულს. ღვთის თვალში „ორნი“ კვლავაც ერთი ხორცი იქნებოდნენ. უფრო მეტიც, იესომ თქვა, რომ, როცა მამაკაცი უმიზეზოდ ეყრება ცოლს, მას მრუშობის საბაბს აძლევს. რა გაგებით? ძველად განქორწინებულ ქალს შეიძლება იმიტომ მონდომებოდა ხელახლა დაქორწინება, რომ ფინანსურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ხელახლა ქორწინება მას მრუშობაში ჩაეთვლებოდა.
10. რა არის გაყრისა და ხელახლა ქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი?
10 იესომ აღნიშნა, რის საფუძველზე შეიძლება შეწყდეს ქორწინება. მან თქვა: „გეუბნებით: თუ ცოლს სიძვა [ბერძნულად პორნია] არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათ. 19:9). მან იგივე აზრი მთაზე ქადაგების დროსაც აღნიშნა (მათ. 5:31, 32). ორივე შემთხვევაში იესო სიძვაზე საუბრობდა. ეს სიტყვა მოიაზრებს ქორწინების გარეშე სხვადასხვა სახის სექსუალურ უზნეობას, მაგალითად მრუშობას, პროსტიტუციას, დაუქორწინებლებს შორის სქესობრივ ურთიერთობას, ჰომოსექსუალიზმსა და ზოოფილიას. თუ დაქორწინებულმა მამაკაცმა სექსუალური უზნეობა ჩაიდინა, ცოლს შეუძლია გადაწყვიტოს, გაეყაროს თუ არა მას. თუ ცოლი განქორწინებას გადაწყვეტს, ეს ღვთის თვალში ქორწინების დასასრული იქნება.
11. რატომ შეიძლება გადაწყვიტოს ქრისტიანმა ოჯახის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების ბიბლიური საფუძველი აქვს?
11 ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან უზნეობის (პორნია) ჩადენას აუცილებლად განქორწინება უნდა მოჰყოლოდა. მაგალითად, ცოლმა შეიძლება ოჯახის შენარჩუნება გადაწყვიტოს, მიუხედავად იმისა, რომ ქმარმა სექსუალური უზნეობა ჩაიდინა. შეიძლება ცოლს მაინც უყვარს თავისი ქმარი და მზად არის, აპატიოს და მხარში ამოუდგეს მას, რათა ერთად განამტკიცონ ქორწინება. თუ ცოლი განქორწინებას გადაწყვეტს და ხელახლა არ დაქორწინდება, გარკვეულ სირთულეებს შეხვდება. ეს შეიძლება იყოს მატერიალური მხარე, სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მარტოობის გრძნობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ბავშვების ფაქტორი და ის, თუ რამდენად შეძლებს მარტოხელა მშობელი შვილების ჭეშმარიტებაში აღზრდას (1 კორ. 7:14). აშკარაა, მარტოდ დარჩენილი უდანაშაულო მეუღლე სერიოზულ სირთულეებს შეხვდება.
12, 13. ა) რა მოხდა მას შემდეგ, რაც ოსია დაქორწინდა? ბ) რატომ დააბრუნა ოსიამ გომერი სახლში და რის სწავლა შეგვიძლია აქედან ქორწინებასთან დაკავშირებით?
12 წინასწარმეტყველ ოსიას შემთხვევა ბევრ რამეს გვასწავლის. ღმერთმა უთხრა მას, რომ მოეყვანა ცოლი (გომერი), რომელიც გაირყვნებოდა და გარყვნილებით გააჩენდა შვილებს. ოსიამ მოიყვანა ცოლად გომერი, რომელიც „დაორსულდა და ვაჟი გაუჩინა მას“ (ოს. 1:2, 3). მოგვიანებით, როგორც ჩანს, მრუშობის შედეგად გომერს ქალ-ვაჟიც შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ გომერმა არაერთხელ უღალატა ოსიას, წინასწარმეტყველს ოჯახი არ დაუნგრევია. ბოლოს, თვითონ გომერმა მიატოვა ოსია და სხვისი მონა გახდა. ყველაფრის მიუხედავად, ოსიამ ის სახლში დააბრუნა (ოს. 3:1, 2). იეჰოვამ ოსიას შემთხვევა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ მან ისრაელებს არაერთხელ აპატია ღალატი. რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
13 თუ ერთ-ერთი მეუღლე უზნეობას ჩაიდენს, უდანაშაულო მეუღლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იესოს სიტყვების თანახმად, უდანაშაულო მეუღლეს აქვს განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების საფუძველი. მეორე მხრივ, უდანაშაულო მეუღლემ შეიძლება პატიება გადაწყვიტოს. ამაში დასაძრახი არაფერია. ოსიამ აპატია გომერს, თუმცა სახლში დაბრუნების შემდეგ მას აღარ უნდა ჰქონოდა სქესობრივი კავშირი სხვა კაცთან. გარკვეულ ხანს მას არც ოსია გაჰკარებია (ოს. 3:3). თუმცა რაღაც დროის შემდეგ მას უნდა აღედგინა გომერთან სქესობრივი კავშირი, რაც იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ღმერთი მზად იყო, მიეღო თავისი ხალხი და უწინდებურად მოპყრობოდა მათ (ოს. 1:11; 3:3—5). რას გვასწავლის ეს ქორწინებასთან დაკავშირებით? თუ უდანაშაულო მეუღლე ოჯახის შენარჩუნებას გადაწყვეტს და აღადგენს მეუღლესთან სქესობრივ ურთიერთობას, ეს პატიების მაჩვენებელი იქნება (1 კორ. 7:3, 5). ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს განქორწინების საფუძველი. ამის შემდეგ მათ, როგორც ცოლ-ქმარმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გაითავისონ იეჰოვას თვალსაზრისი ქორწინებაზე.
სერიოზული პრობლემების მიუხედავად ღირსეულად მიიჩნიეთ ქორწინება
14. 1 კორინთელების 7:10, 11-ის თანახმად, რა შეიძლება მოხდეს ქორწინებაში?
14 ყველა ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ისევე დააფასოს ქორწინება, როგორც იეჰოვა და იესო აფასებენ. თუმცა არასრულყოფილების გამო ზოგს შეიძლება გაუჭირდეს ამის გაკეთება (რომ. 7:18—23). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი ბედნიერი არ იყო თავისი ქორწინებით. პავლემ დაწერა: „ცოლი არ გაშორდეს ქმარს“; თუმცა ზოგჯერ ასეთი რამ მაინც ხდებოდა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:10, 11).
15, 16. ა) თუ ცოლ-ქმარს პრობლემები აქვს, რა უნდა იყოს მათი მიზანი და რატომ? ბ) რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, თუ ერთ-ერთი მეუღლე არ ემსახურება იეჰოვას?
15 პავლეს არ დაუსახელებია ის მიზეზები, რომელთა გამოც ზოგი წყვილი განცალკევებით ცხოვრობდა. ამ შემთხვევაში მიზეზი ქმრის მხრიდან ღალატი არ იყო, რაც ცოლს განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების საფუძველს აძლევდა. პავლემ თქვა, რომ ცოლი, რომელიც ქმრისგან განცალკევებით ცხოვრობდა, აღარ უნდა გათხოვილიყო ან ქმარს უნდა შერიგებოდა. ღვთის თვალში ისინი კვლავაც ქორწინებაში იყვნენ. პავლეს რჩევიდან გამომდინარე, რაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემის მიზეზი, თუ სექსუალური უზნეობა არ იყო ჩადენილი, წყვილის მიზანი შერიგება უნდა ყოფილიყო. მათ შეეძლოთ, ღვთიური რჩევების მისაღებად კრების უხუცესებისთვის მიემართათ. უხუცესებს არც ერთის მხარე არ უნდა დაეკავებინათ და მათთვის ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული რჩევები უნდა მიეცათ.
16 შეიძლება მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულიყო, თუ ერთი მეუღლე იეჰოვას მსახური იქნებოდა, მეორე კი არა. იქნებოდა ამ დროს პრობლემების გადასაჭრელად განცალკევებით ცხოვრება გამართლებული გამოსავალი? ყურადღება მიაქციეთ, რომ ბიბლია განქორწინების საფუძვლად სექსუალურ უზნეობას ასახელებს, თუმცა არ მოიხსენიებს განცალკევებით ცხოვრების მიზეზებს. პავლემ დაწერა: „თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს მას, ხოლო, თუ ქალს ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს ქმარს“ (1 კორ. 7:12, 13). ეს სიტყვები დღესაც ძალაშია.
17, 18. რატომ შეინარჩუნა ზოგმა ქრისტიანმა დანგრევის პირას მისული ოჯახი?
17 თუმცა არის შემთხვევები, როცა „ურწმუნო ქმრის“ მოქმედებებიდან ჩანს, რომ არ არის თანახმა, ცოლთან იცხოვროს. ის შეიძლება ფიზიკურ ზიანს აყენებს მას, რის გამოც ცოლი ფიქრობს, რომ მის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; შეიძლება უარს ამბობს ცოლისა და ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაზე ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მეუღლის სულიერობას. ასეთ შემთხვევებში ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება განცალკევებით ცხოვრება გადაწყვიტოს, რადგან მისი ქმარი არ არის თანახმა, „მასთან იცხოვროს“, მიუხედავად იმისა, რომ ამას სიტყვით არ აღიარებს. თუმცა ზოგმა შეიძლება მსგავს სიტუაციაში ქმართან დარჩენა გადაწყვიტოს და ყველაფერი გააკეთოს მდგომარეობის გამოსასწორებლად. რატომ შეიძლება მიიღოს ზოგმა ასეთი გადაწყვეტილება?
18 განცალკევებით ცხოვრების დროს წყვილი ისევ ქორწინებაშია. თუ ცალკე-ცალკე იცხოვრებენ, თითოეული შეხვდება ზემოთ მოხსენიებულ სირთულეებს. პავლემ კიდევ ერთი მიზეზი მოიყვანა, თუ რატომ არ უნდა დაშორდეს წყვილი ერთმანეთს. მან დაწერა: „ურწმუნო ქმარი ცოლის მეშვეობით განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი განიწმინდება ძმის მეშვეობით. სხვაგვარად, თქვენი შვილები უწმინდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმინდები არიან“ (1 კორ. 7:14). ბევრი ერთგული ქრისტიანი საკმაოდ რთული მდგომარეობის მიუხედავად დარჩა მეუღლესთან; ისინი თვლიან, რომ ეს ღირდა ძალისხმევად, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მეუღლეები მათ ღვთისადმი მსახურებაში შეუერთდნენ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:16; 1 პეტ. 3:1, 2).
19. რატომ არის ქრისტიანულ კრებაში მილიონობით ბედნიერი ოჯახი?
19 იესო განქორწინების საკითხს შეეხო, პავლემ კი განცალკევებით ცხოვრებასთან დაკავშირებით ღვთივშთაგონებული რჩევა მოგვცა. ორივეს სურდა, რომ ღვთის მსახურებს ღირსეულად მიეჩნიათ ქორწინება. დღეს მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს შორის უამრავი ბედნიერი წყვილია. დარწმუნებულები ვართ, გამონაკლისს არც თქვენი კრება წარმოადგენს. ჩვენს კრებებში ერთგულ ძმებს უყვართ თავიანთი ცოლები, რომლებიც, თავის მხრივ, ერთგულებასა და სიყვარულს უმტკიცებენ ქმრებს; ასეთი წყვილები ცხადყოფენ, რომ ქორწინება ღირსეული კავშირია. სასიხარულოა, რომ მილიონობით დაქორწინებული ღვთის მსახური ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ (ეფეს. 5:31, 33).