თავი მეცამეტე
თუ ოჯახი დანგრევის პირასაა
1, 2. რა კითხვაზე უნდა დაფიქრდეთ, თუ თქვენს ოჯახს დანგრევის საფრთხე ემუქრება?
იტალიელი ქალბატონი ლუჩია 1988 წელს ღრმა დეპრესიაში ჩავარდაa. ათი წლის თავზე ოჯახი დაენგრა. ბევრჯერ სცადა ქმართან შერიგება, მაგრამ უშედეგოდ. ისინი ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და დასცილდნენ, ლუჩიას ახლა მარტო უნდა გაეზარდა ორი ქალიშვილი. ის იხსენებს: „დარწმუნებული ვიყავი, ჩვენს ქორწინებას ვერაფერი უშველიდა“.
2 თუ თქვენც გაქვთ მეუღლესთან პრობლემები ლუჩიას გრძნობების გაგება არ გაგიჭირდებათ. შეიძლება თქვენს ქორწინებასაც დანგრევის საფრთხე ემუქრება და ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მდგომარეობის გამოსწორება. თუ მართლა ასეა, კარგის მეტს არაფერს მოგიტანთ შემდეგ კითხვაზე დაფიქრება: „მივყვები თუ არა ბიბლიის რჩევებს, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას ეხება?“ (ფსალმუნი 119:105).
3. როგორ რეაგირებენ მრავალი განქორწინებული და მათი ოჯახის წევრები განქორწინებაზე, მიუხედავად იმისა, რომ განქორწინება ძალიან გახშირდა?
3 როცა ცოლ-ქმარს სერიოზული უთანხმოებები წამოეჭრებათ, გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ ერთმანეთს დასცილდნენ. მეორეს მხრივ, მართალია, მრავალ ქვეყანაში შეინიშნება განქორწინებათა რიცხვის ზრდა, ახლახან ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებს, რომ განქორწინებულთა უმეტესობა, კაცებიც და ქალებიც, ნანობს, რომ ოჯახი დაენგრათ. ისინი უფრო ხშირად ავადმყოფობენ და ფსიქიკური პრობლემებიც უფრო მეტი აქვთ. განქორწინებულთა ბავშვები ხშირად წლობით ვერ მოდიან აზრზე. იტანჯებიან განქორწინებულთა მშობლები და მეგობრებიც. როგორ უყურებს ამას ოჯახის დამფუძნებელი?
4. როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემები ცოლ-ქმარმა?
4 როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, ღვთის განზრახვის თანახმად, ცოლ-ქმარი მთელი ცხოვრება ერთად უნდა ყოფილიყო (დაბადება 2:24). მაშ, რატომღა ინგრევა ამდენი ოჯახი? ეს ერთ დღეში არ ხდება. ჩვეულებრივ, გამაფრთხილებელი ნიშნები არსებობს. ქორწინებაში არსებული პატარ-პატარა პრობლემები შეიძლება ნელ-ნელა ისე გართულდეს, რომ მათი გადაჭრა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ. მაგრამ, თუ ეს პრობლემები ბიბლიის დახმარებით დროულად მოგვარდება, მრავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას.
იყავით რეალისტი
5. როგორ რეალურ სიტუაციას უნდა მოელოდეთ ქორწინებაში?
5 ხშირად პრობლემებს იწვევს არარეალური იმედები. რომანებს, პოპულარულ ჟურნალებს, სატელევიზიო პროგრამებსა და კინოფილმებს რეალური ცხოვრებისგან ბევრად განსხვავებული იმედებისა და ოცნებების წარმოსახვა შეუძლია. როცა ეს იმედები არ მართლდება, ადამიანი იმედგაცრუებას გრძნობს და ვეღარ მალავს უკმაყოფილებას და სიბრაზეს. მაშ, როგორ მიაღწიოს ორმა არასრულყოფილმა ადამიანმა ბედნიერებას ქორწინებაში? კარგი ურთიერთობები თავისთავად არ ყალიბდება, საჭიროა მცდელობა.
6. ა) როგორ გაწონასწორებულ თვალსაზრისს გვაძლევს ბიბლია ქორწინებასთან დაკავშირებით? ბ) რამ შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება ცოლ-ქმარს შორის?
6 ბიბლია პრაქტიკული წიგნია. ის გვიმხელს ქორწინების დადებით მხარეებს, მაგრამ გვაფრთხილებს, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორინთელები 7:28). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცოლიც და ქმარიც არასრულყოფილია და ცოდვისკენ არიან მიდრეკილნი. მათ განსხვავებული აღქმის უნარი, ხასიათი და აღზრდა აქვთ. ხშირად წყვილს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები აქვს ფულზე, შვილებსა ან ნათესავებზე. აგრეთვე, კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს ერთად გატარებული დროის სიმცირე და სექსუალური პრობლემებიb. ასეთი საკითხების მოგვარებას დრო სჭირდება, მაგრამ გამაგრდი! მრავალ დაქორწინებულ წყვილს აქვს ასეთი პრობლემები, მაგრამ აგვარებენ.
იმსჯელეთ უთანხმოებების მიზეზებზე
7, 8. თუ მეუღლეებს შორის გაუგებრობა წამოიჭრება ან გაუნაწყენდებიან ერთმანეთს, როგორ შეიძლება ბიბლიის დახმარებით ასეთი პრობლემების მოგვარება?
7 ბევრს უჭირს მშვიდად საუბარი მტკივნეულ საკითხებზე, უთანხმოებებსა ან პირად შეცდომებზე. იმის ნაცვლად, რომ მეუღლემ აღიაროს: „არასწორად გავიგე“, შეიძლება აჰყვეს ემოციებს და პრობლემა გააზვიადოს. მრავალი ამბობს: „შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ“ ან „არ გიყვარვარ“. მეორე მეუღლე კამათს ერიდება და არ ეპასუხება.
8 უკეთესია მიჰყვეთ ბიბლიურ რჩევას: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26). ერთ ბედნიერ ცოლ-ქმარს, რომლებმაც 60 წელი იცხოვრეს ერთად, ჰკითხეს მათი წარმატების საიდუმლო. ქმარმა თქვა: „ჩვენ წესად გვქონდა არ დაგვეძინა, სანამ უთანხმოებას არ მოვაგვარებდით, სულ ერთია, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა ყოფილიყო ის“.
9. ა) როგორც საღვთო წერილი აღნიშნავს, რა არის აუცილებელი ურთიერთობისთვის? ბ) რა უნდა გააკეთოს ხშირად ორივე მეუღლემ, თუმცა ამას ვაჟკაცობა და თავმდაბლობა სჭირდება?
9 როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ ეთანხმებიან, თითოეულ მათგანს ესაჭიროება „სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). ყურადღებიანი მოსმენის შემდეგ შეიძლება ორივემ დაინახოს ბოდიშის მოხდის აუცილებლობა (იაკობი 5:16). გულწრფელ სიტყვებს: „მაპატიე, რომ გული გატკინე“ თავმდაბლობა და ვაჟკაცობა სჭირდება. უთანხმოებების ასე მოგვარება ძალიან კარგია. ეს ცოლ-ქმარს არა მხოლოდ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, არამედ თბილი და ახლო ურთიერთობის განვითარებაშიც, რაც მათ ერთად ყოფნას სასიამოვნოს გახდის.
ცოლქმრული მოვალეობის შესრულება
10. რა რჩევა მისცა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს, რაც თანამედროვე ქრისტიანებსაც გამოადგებათ?
10 კორინთელებს მოციქულმა პავლემ ურჩია, რომ „რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული“, დაქორწინებულიყვნენ (1 კორინთელები 7:2). თანამედროვე საზოგადოება გარყვნილებაში კორინთელებს არაფრით ჩამოუვარდება, შეიძლება აჭარბებდეს კიდეც. ამორალური თემები, რაზეც მოურიდებლად ლაპარაკობენ, გამომწვევი ჩაცმულობა, წიგნებსა და ჟურნალებში აღწერილი და ტელევიზორსა და კინოფილმებში ნაჩვენები ვნებიანი სცენები — ყველაფერი ეს აღაგზნებს უზნეო სექსუალურ სურვილებს. მსგავს გარემოში მცხოვრებ კორინთელებს, პავლემ ურჩია: ‘უმჯობესია დაქორწინდეთ, ვიდრე ვნებით აღიგზნოთ’ (1 კორინთელები 7:9).
11, 12. ა) რა ვალდებულებები აკისრია ცოლ-ქმარს ერთმანეთის წინაშე და როგორ უნდა შეასრულონ ეს ვალდებულება? ბ) როგორ უნდა მოაგვაროთ სიტუაცია, თუ დროებით შეფერხდა ცოლქმრული მოვალეობის შესრულება?
11 ამიტომ, ბიბლია მოუწოდებს დაქორწინებულ ქრისტიანებს: „ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან და ცოლიც ასევე მოექცეს ქმარს“ (1 კორინთელები 7:3). ყურადღება მიაქციეთ, რომ ხაზი ესმება გაცემას და არა მოთხოვნას. ქორწინებაში ფიზიკური სიახლოვე მაშინ არის სასიამოვნო, თუ მეუღლეები ერთმანეთის კეთილდღეობაზე ფიქრობენ. მაგალითად, ბიბლია ქმრებს ურჩევს, რომ ცოლებს „შეძენილი ცოდნის თანახმად“ მოექცნენ (1 პეტრე 3:7). ეს განსაკუთრებით მართებულია მეუღლეების სექსუალურ ურთიერთობებში. თუ ცოლს ქმარი ნაზად არ ეპყრობა, საეჭვოა, რომ მისთვის ინტიმური ცხოვრება სასიამოვნო იყოს.
12 დროდადრო ცოლ-ქმარმა შეიძლება უარი უთხრან ერთმანეთს ფიზიკურ სიახლოვეზე. ეს ცოლის მხრიდან მოსალოდნელია თვის რომელიმე მონაკვეთში ან მაშინ, როცა ძალიან დაღლილია (შეადარეთ ლევიანების 18:19). ეს მოსალოდნელია ქმრის მხრიდანაც, თუ სამსახურში უსიამოვნებები აქვს ან ემოციურად გამოფიტულია. ასეთ შემთხვევებში ყველაზე კარგია, თუ მეუღლეები გულწრფელები იქნებიან და ‘შეთანხმებამდე’ მივლენ (1 კორინთელები 7:5). ეს მათ დაეხმარება, რომ ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანონ. მაგრამ, თუ ცოლი განზრახ იცილებს ქმარს თავიდან ან თუ ქმარი განზრახ არ ასრულებს თავის მოვალეობას, მეუღლე შეიძლება ადვილად ცდუნდეს. ასეთ დროს, ქორწინებაში პრობლემები გარდაუვალია.
13. რას უნდა მოერიდოს ქრისტიანი, რომ გონება არ დაიბინძუროს?
13 როგორც ყველა ქრისტიანი, ისე დაქორწინებულები უნდა მოერიდონ პორნოგრაფიას, რაც უხამს და არაბუნებრივ სურვილებს აღძრავს (კოლოსელები 3:5). აგრეთვე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობისას უნდა აკონტროლონ თავიანთი ფიქრები და მოქმედებები. იესომ თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). თუ მეუღლეები გამოიყენებენ ბიბლიის რჩევას სექსუალურ საკითხებში, თავს აარიდებენ ცდუნებასა და მრუშობას. მათთვის სასიამოვნო იქნება ინტიმური ურთიერთობა და დააფასებენ ქორწინების დამფუძნებლის, იეჰოვა ღმერთის ბოძებულ ძღვენს (იგავები 5:15—19).
ბიბლიური საფუძველი განქორწინებისთვის
14. როგორი სამწუხარო სიტუაცია იქმნება ზოგჯერ? რატომ?
14 საბედნიეროდ, ბევრი ქრისტიანი ოჯახში წამოჭრილ ნებისმიერ პრობლემას აგვარებს. მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. ადამიანების არასრულყოფილებისა და ეშმაკის ძალაუფლებაში მყოფ ცოდვილ ქვეყნიერებაში ცხოვრების გამო ზოგიერთი ქორწინება დანგრევის პირასაა (1 იოანე 5:19). როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები ასეთ მძიმე სიტუაციაში?
15. ა) რა არის განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი, რომელიც ხელახლა დაქორწინების უფლებას იძლევა? ბ) რატომ გადაწყვიტა მრავალმა, არ გაყროდა მოღალატე მეუღლეს?
15 როგორც ამ წიგნის მეორე თავში იყო მოხსენიებული, განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი, რომელიც ხელახლა დაქორწინების უფლებას იძლევა, არის მრუშობაc (მათე 19:9). თუ გაქვთ მეუღლის ღალატის კონკრეტული მტკიცება, სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგახართ. შეინარჩუნოთ ოჯახი თუ დაანგრიოთ? ბიბლია ამ საკითხში არ გვაძლევს კონკრეტულ მითითებებს. მრავალი ქრისტიანი გულწრფელად მომნანიებელ მეუღლეს ყველაფერს პატიობს და ყველაფერი ოჯახის საკეთილდღეოდ მთავრდება. სხვები წყვეტენ, რომ ბავშვების გულისთვის არ განქორწინდნენ.
16. ა) რამ შეიძლება გადააწყვეტინოს უდანაშაულო მეუღლეს მოღალატე მეუღლესთან გაყრა? ბ) რატომ არა აქვს ვინმეს უფლება, გააკრიტიკოს უდანაშაულო მეუღლის გადაწყვეტილება?
16 მეორე მხრივ, ცოდვამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობა და სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებები. შეიძლება აუცილებელი იყოს ბავშვების დაცვა გახრწნილი მშობლისგან. ცხადია, მრავალი რამეა გასათვალისწინებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. მაგრამ, თუ იცით მეუღლის ღალატის შესახებ და მაინც აგრძელებთ მასთან სქესობრივ კავშირს, ამით აჩვენებთ, რომ აპატიეთ და არ გსურთ ოჯახის დანგრევა. განქორწინების ბიბლიური საფუძველი, რომელიც ხელახლა დაქორწინების უფლებას იძლევა, აღარ არსებობს. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს თქვენს საქმეში, თქვენზე ზეწოლა მოახდინოს, ან გააკრიტიკოს უდანაშაულო მეუღლის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ და თქვენვე მოგიწევთ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ცხოვრება. „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5).
საფუძველი ცალ-ცალკე ცხოვრებისთვის
17. თუ მრუშობა არ არის ჩადენილი, რა შეზღუდვებს ადგენს ბიბლია ცალკე ცხოვრებისა და განქორწინებისთვის?
17 შეიძლება თუ არა გამართლება მოეძებნოს ცალ-ცალკე ცხოვრებას ან განქორწინებას, თუნდაც მრუშობა არ იყოს ჩადენილი? შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქრისტიანი ვეღარ იფიქრებს სხვასთან ოჯახის შექმნაზე (მათე 5:32). მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ცალ-ცალკე ცხოვრების ნებას იძლევა, არ უნდა დაირღვეს შემდეგი პირობა: „აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს“ (1 კორინთელები 7:11). რომელ უკიდურეს სიტუაციებში შეიძლება იყოს ცალ-ცალკე ცხოვრება მიზანშეწონილი?
18, 19. რომელ უკიდურეს სიტუაციაში შეიძლება მიიჩნიოს მეუღლემ მიზანშეწონილად კანონიერად ცალკე ცხოვრება ან განქორწინება, თუნდაც კვლავ დაქორწინება არ იყოს შესაძლებელი?
18 ოჯახი შეიძლება უკიდურესი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგეს ქმრის საშინელი სიზარმაცისა და ცუდი ჩვევების გამოd. მან შეიძლება წააგოს ოჯახის მთელი შემოსავალი ან ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში დახარჯოს. ბიბლია აცხადებს, რომ ვინც „არ ზრუნავს . . . ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). თუ ქმარი თავის ნაშოვნ ფულს აღარ სჯერდება და ცოლის ხელფასსაც ხარჯავს, ცოლს შეუძლია საკუთარი თავისა და შვილების კეთილდღეობისთვის არჩიოს კანონიერად ცალკე ცხოვრება.
19 ასეთი კანონიერი მოქმედება იმ შემთხვევაშიც იქნება მიზანშეწონილი, თუ ერთი მეუღლე სასტიკად ექცევა მეორეს შეიძლება ისე სცემს, რომ მის ჯანმრთელობას და თვით სიცოცხლესაც კი საფრთხე დაემუქროს. გარდა ამისა, თუ ქმარი გამუდმებით ცდილობს, რამენაირად დაარღვევინოს ცოლს ღვთის კანონი, მუქარის ქვეშ მყოფმა მეუღლემ შეიძლება გადაწყვიტოს ცალკე ცხოვრება, განსაკუთრებით, თუ მისი სულიერობა საფრთხეშია. საფრთხეში მყოფმა მეუღლემ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ერთადერთი საშუალება — ‘ადამიანებზე მეტად ღმერთს დაემორჩილოს’ — კანონიერად ცალკე ცხოვრებაა (საქმეები 5:29).
20. ა) რის გაკეთება შეუძლიათ მეგობრებსა და უხუცესებს, თუ ოჯახი დანგრევის პირასაა, და რისგან უნდა შეიკავონ მათ თავი? ბ) რის გასამართლებლად არ უნდა გამოიყენონ დაქორწინებულებმა ბიბლიური მუხლები, რომლებიც ცალკე ცხოვრებასა და განქორწინებას ეხება?
20 როგორი სისასტიკეც არ უნდა ვლინდებოდეს ოჯახში, არავის აქვს უფლება, მიუთითოს უდანაშაულო მეუღლეს, გაშორდეს თუ დარჩეს მასთან. თუმცა ახლო მეგობრებსა და უხუცესებს შეუძლიათ დახმარებისა და ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევის მიცემა, მათ არ იციან ცოლქმრული ურთიერთობის დეტალები. ამას მხოლოდ იეჰოვა ხედავს. რასაკვირველია, ქრისტიანი ცოლი არ მოუტანდა დიდებას ღვთის დაარსებულ ქორწინებას, თუ დაუსაბუთებელი მიზეზით გასცილდებოდა ქმარს. მაგრამ, თუ უკიდურესად საშიში მდგომარეობა გრძელდება, არავინ უნდა გააკრიტიკოს ის, თუ ცალკე ცხოვრებას არჩევს. იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიან ქმარზეც, რომელსაც ცალკე ცხოვრება სურს. „ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“ (რომაელები 14:10).
როგორ გადარჩა ოჯახი დანგრევას
21. რომელი მაგალითი აჩვენებს, რომ ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს აძლევს დაქორწინებულებს?
21 მეუღლისგან ცალკე ცხოვრების სამი თვის შემდეგ, ზემოხსენებული ლუჩია იეჰოვას მოწმეებს შეხვდა და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. „ჩემდა გასაოცრად, — ხსნის ის, — ბიბლიამ მაჩვენა, როგორ შეიძლებოდა ჩემი პრობლემის მოგვარება. სწავლა სულ ერთი კვირის დაწყებული მქონდა, როცა ქმართან შერიგება მომინდა. დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვამ იცის, როგორ გადაარჩინოს დანგრევის პირას მყოფი ოჯახები, რადგან მისი სწავლებები ეხმარება მეუღლეებს, ისწავლონ ერთმანეთის დაფასება. სრული სიცრუეა, რასაც ზოგიერთები ამბობენ, თითქოსდა, იეჰოვას მოწმეები ოჯახებს ანგრევენ. ჩემი შემთხვევა ზუსტად საწინააღმდეგოს აჩვენებს“. ლუჩიამ ისწავლა ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება.
22. ვისი რჩევები უნდა გამოიყენონ დაქორწინებულებმა?
22 ლუჩია გამონაკლისი არ არის. ქორწინება ტვირთი კი არა, კურთხევა უნდა იყოს. ამ მიზნით იეჰოვამ მოგვცა თავისი სიტყვა, სადაც საუკეთესო რჩევებია ოჯახურ ცხოვრებაზე. ბიბლიას შეუძლია ‘დააბრძენოს გამოუცდელები’ (ფსალმუნი 19:7—11). ბიბლიამ გადაარჩინა დანგრევის პირას მყოფი ოჯახები და გააუმჯობესა არაერთი ოჯახის მდგომარეობა. დაქორწინებულები არ ინანებენ, თუ იეჰოვა ღმერთის რჩევებს გამოიყენებენ ქორწინებაში. ეს რჩევები ნამდვილად პრაქტიკულია!
a სახელი შეცვლილია.
b ზოგიერთი საკითხი განხილული იყო წინა თავებში.
c მრუშობად გადმოთარგმნილ სიტყვაში იგულისხმება სიძვა, ჰომოსექსუალიზმი, სოდომია და სხვა დაუშვებელი მოქმედება სასქესო ორგანოების გამოყენებით.
d ამაში არ შედის ის სიტუაციები, როდესაც ქმარს დიდი სურვილის მიუხედავად, არ შეუძლია ოჯახის უზრუნველყოფა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების, მაგალითად, ავადმყოფობის გამო ან იმის გამო, რომ სამუშაოს ვერ შოულობს.