გამოავლინე პიონერული სული
1. რა არის პიონერული სული?
1 სამეფოს ყველა მაუწყებელს აქვს პიონერული სულის გამოვლენის შესაძლებლობა, იმისდა მიუხედავად, შეუძლია თუ არა პიონერად მსახურება. მათ აქვთ ძლიერი სურვილი, შეასრულონ იესოს მითითება ქადაგებასთან და მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით (მათ. 28:19, 20; საქ. 18:5). ისინი ზრუნავენ ხალხზე და იღებენ მსხვერპლს, რომ შეასრულონ თავიანთი მსახურება (მათ. 9:36; საქ. 20:24). იეჰოვას მსახურები მზად არიან, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა დაეხმარონ სხვებს ჭეშმარიტების სწავლაში (1 კორ. 9:19—23). მოდი განვიხილოთ ფილიპე მახარობლის მაგალითი. ის სწორედ ასეთ სულს ავლენდა.
2. როგორ შეუძლიათ უხუცესებსა და თანაშემწეებს მიჰბაძონ ფილიპეს მსახურებისას გამოვლენილ გულმოდგინებაში?
2 ქადაგება და სწავლება. ფილიპე კეთილსინდისიერად ასრულებდა კრებაში მასზე დაკისრებულ სერიოზულ პასუხისმგებლობებს (საქ. 6:1—6). თუმცა ის უმთავრესად სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებელი იყო (საქ. 8:40). დღესაც, თავიანთი მოვალეობების ენთუზიაზმით შესრულებისას, უხუცესებსა და თანაშემწეებსაც შეუძლიათ პიონერული სულის გამოვლენა. რა დადებითად მოქმედებს ეს კრების სულზე! (რომ. 12:11).
3. როგორ შეგვიძლია პიონერული სულის გამოვლენა, როდესაც განსაცდელებში ვვარდებით?
3 სტეფანეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო საშინელი დევნები, რამაც დიდი არეულობა გამოიწვია მოწაფეების ცხოვრებაში. მაგრამ ფილიპემ მაინც განაგრძო ქადაგება; მან დიდი როლი შეასრულა სამარიელებთან სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეში (საქ. 8:1, 4—6, 12, 14—17). ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ მას — განსაცდელებისას არ შევწყვიტოთ სასიხარულო ცნობის გაცხადება და მიუკერძოებლად ვუქადაგოთ ყველას, ვისაც ვხვდებით (იოან. 4:9).
4. რა მაგალითი დაგვიტოვა ფილიპემ, როგორც მასწავლებელმა?
4 ის, რომ ფილიპე ღვთის სიტყვის დახელოვნებული მასწავლებელიც იყო, კარგად ჩანს ეთიოპელ საჭურისთან დაკავშირებული შემთხვევიდან (საქ. 8:26—38). ბიბლიის გამოყენების უნარი და წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობა კიდევ ერთი მხარეა, რაშიც პიონერული სული უნდა გამოვავლინოთ (საქ. 17:2, 3). ფილიპეს მსგავსად, ვცდილობთ, ყველა შესაძლო შემთხვევა გამოვიყენოთ და ვიქადაგოთ ყველგან, სადაც კი ხალხია.
5. რა დაეხმარება ქრისტიან მშობლებს, რომ შვილებს პიონერული სული შთაუნერგონ?
5 კრება და ოჯახი. მსახურებისადმი ფილიპეს დამოკიდებულება და მაგალითი, უდავოა, დადებითად მოქმედებდა მის ქალიშვილებზე (საქ. 21:9). მსგავსადვე, ქრისტიანი მშობლები, რომლებიც ცხოვრებაში მთავარ ადგილს სამეფოს ინტერესებს უთმობენ, შვილებსაც იმავეს კეთებისკენ მოუწოდებენ. თუმცა მშობლები კვირის ბოლოს შეიძლება დაღლილები იყვნენ, მათმა გულმოდგინე ქადაგებამ შეიძლება დიდი შთაბეჭდილება დატოვოს ბავშვებზე (იგავ. 22:6).
6. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ კრებაში პიონერებისადმი მადლიერება?
6 ფილიპემ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა პავლესა და ლუკასადმი, რომლებიც გულმოდგინე ქრისტიანები იყვნენ და ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იეჰოვასადმი მსახურებაში (საქ. 21:8, 10). ჩვენ როგორ შეგვიძლია გულმოდგინე მაუწყებლებისადმი მადლიერებისა და მხარდაჭერის გამოვლენა? პიონერებს შეგვიძლია შევთავაზოთ დილაობით ან შუადღეს თანამშრომლობა, რადგან ამ დროს ძნელია პარტნიორის მოძებნა (ფილ. 2:4). ასევე შეგვიძლია სტუმრად დავპატიჟოთ. ჩვენი მდგომარეობისდა მიუხედავად, მოდი ყველამ ვეცადოთ, გამოვავლინოთ პიონერული სული.