ახლა ქადაგების დროა!
1 „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“. ანგელოზების ხელმძღვანელობით ამ ცნობის გაცხადება ხდება „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“. რატომ? „რადგან მოვიდა მისი [ღვთის] სასამართლოს საათი“. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ამ „სასამართლოს საათის“ პერიოდში, რომელიც თავის კულმინაციას თანამედროვე სისტემის განადგურებისას მიაღწევს. ხალხისთვის აუცილებელია, რომ ყურად იღონ შემდეგი სიტყვები: „თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“. თავისი მნიშვნელობით და გადაუდებლობით „მარადიული სასიხარულო ცნობის“ გავრცელებას დღეს ვერც ერთი სხვა საქმე ვერ შეედრება. დიახ, ახლა ქადაგების დროა (გამოცხ. 14:6, 7).
2 გასული ათი წლის განმავლობაში იეჰოვას მსახურებმა დაახლოებით 12 მილიარდი საათი დაუთმეს სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს. ბევრმა ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანა, რათა უფრო მეტი დრო დაეთმო სულიერი მკისთვის (მათ. 9:37, 38). მაგალითად, გასულ წელს ყოველთვიურად, საშუალოდ, 850 000-ზე მეტი მაუწყებელი მონაწილეობდა პიონერულ მსახურებაში. პიონერები ყოველთვიურად, საშუალოდ, 70 საათს უთმობდნენ ქადაგებას, დამხმარე პიონერები კი — 50-ს.
3 რა არის საჭირო პიონერად მსახურებისთვის? პიონერებს შეგნებული აქვთ, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“. ამიტომ ისინი ცდილობენ, განაგრძონ უბრალოდ ცხოვრება (1 კორ. 7:29, 31). პიონერები ეძებენ საშუალებებს, რათა შეიმცირონ ხარჯები და, ამგვარად, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ქვეყნიურ სამუშაოს შედარებით ნაკლები დრო დაუთმონ. მაგალითად, ზოგი საცხოვრებლად უფრო პატარა ბინაში გადადის. სხვები უარს ამბობენ ისეთ ნივთებზე, რომლებიც აუცილებელი არ არის (მათ. 6:19—21). ხშირად მათ უწევთ, ნაკლები დრო დაუთმონ საყვარელ საქმიანობას. ყოველივე ამას კი იმ მიზნით აკეთებენ, რომ მეტი დრო და ყურადღება მოახმარონ მსახურებას (ეფეს. 5:15, 16). შეუპოვრობა, თავგანწირვის სული და იეჰოვაზე ლოცვით მინდობა ბევრ მაუწყებელს დაეხმარა პრაქტიკული გეგმის შედგენაში, რომელიც მათ პიონერად მსახურების საშუალებას აძლევს.
4 შეგიძლია პიონერად მსახურება? ჰკითხე გამოცდილ პიონერებს, როგორ ახერხებენ ამას. იმსახურე მათთან ერთად და იგრძენი ის სიხარული, რომელსაც ისინი განიცდიან. შეისწავლე ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი სტატიები, რომლებიც პიონერულ მსახურებასთანაა დაკავშირებული. დაისახე რეალური მიზნები, რომელთა დახმარებითაც დროთა განმავლობაში შეძლებ პიონერად მსახურებას. თუ გარკვეული ფაქტორები ამჟამად ხელს გიშლის პიონერული მსახურების დაწყებაში, მოიხსენიე ეს ლოცვებში და სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს მათ გადაჭრაში (იგავ. 16:3).
5 კურთხევები და სიხარული: პიონერული მსახურება გვეხმარება, უფრო გავიწაფოთ ღვთის სიტყვის გამოყენებაში, რის შედეგადაც მეტ სიხარულს ვგრძნობთ. ერთი ახალგაზრდა პიონერი და ამბობს: „ნამდვილი კურთხევაა, როდესაც შეგიძლია ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების სწორად გადაცემა. როდესაც პიონერად მსახურობ, ბიბლიას ძალიან ხშირად იყენებ. კარდაკარ მსახურებაში ყოფნის დროს საშუალება მაქვს ვიფიქრო, თუ რომელი ბიბლიური მუხლები იქნება შესაფერისი თითოეული მობინადრისთვის“ (2 ტიმ. 2:15).
6 პიონერად მსახურება ცხოვრებაშიც ბევრ რამეს გვასწავლის. ახალგაზრდები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ დრო საუკეთესოდ, როგორ გამოავლინონ გონიერება ფულის ხარჯვისას და როგორ შეძლონ სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. პიონერად მსახურების შედეგად, ბევრი ცხოვრებას უფრო სულიერი თვალით უყურებს (ეფეს. 4:13). გარდა ამისა, პიონერებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამოსცადონ იეჰოვას დახმარების ხელი (საქ. 11:21; ფილ. 4:11—13).
7 ერთ–ერთი უდიდესი კურთხევა, ალბათ, მაინც ისაა, რომ პიონერული მსახურება იეჰოვასთან გვაახლოებს. იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა კი გვატანინებს განსაცდელებს. ერთმა დამ, რომელმაც უმძიმესი პერიოდი გადაიტანა, თქვა: „ყველაფრის ატანაში იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა დამეხმარა, რაც პიონერული მსახურების წყალობით განვავითარე“. მან დასძინა: „საოცრად ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრება იეჰოვასადმი სრული დროით მსახურებაში გავატარე. ამან საშუალება მომცა გამეკეთებინა ის, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა“ (საქ. 20:35). დაე ჩვენც მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ქადაგების უმნიშვნელოვანეს საქმეში და განვიცადოთ მსგავსი კურთხევები (იგავ. 10:22).
[სასწავლო კითხვები]
1. რატომაა ახლა ქადაგების დრო?
2. როგორ ცხადყოფენ იეჰოვას მსახურები, რომ ესმით, რა მნიშვნელოვან დროში ვცხოვრობთ?
3. რა ცვლილებების მოხდენა უწევთ ხშირად მაუწყებლებს იმისათვის, რომ შეძლონ პიონერად მსახურება?
4. რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა დაგეხმარება იმაში, რომ შეძლო პიონერად მსახურების დაწყება?
5. როგორ გვეხმარება პიონერად მსახურება, უფრო დახელოვნებულნი გავხდეთ მსახურებაში?
6. რას გვასწავლის პიონერად მსახურება?
7. როგორ გვეხმარება პიონერად მსახურება იეჰოვასთან დაახლოებაში?