„შენგან კარგი პიონერი დადგება!“
1. რა თქვა ერთმა დამ პიონერული მსახურების შესახებ?
1 „ჩემი აზრით, არ არსებობს სხვა საქმე, რომელიც ამდენ კმაყოფილებასა და კურთხევას მომიტანდა“, — თქვა ქეით პალმმა, რომელმაც ათობით წელი პიონერად იმსახურა ჩილეს (სამხრეთი ამერიკა) მთელ ტერიტორიაზე. მათ, ვინც იციან, რომ სრული დროით მსახურებას უამრავი კურთხევა მოაქვს, შეიძლება შენთვის უთქვამთ: „შენგან კარგი პიონერი დადგება!“.
2. ახსენი, რატომ მოაქვს სულიერ საქმეებში მონაწილეობას კმაყოფილება.
2 კმაყოფილების მომტანი არჩევანი: იესოს, რომელიც ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია, დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა მამის ნების შესრულება (იოან. 4:34). ამიტომ ის თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ ნამდვილი კმაყოფილება ისეთ საქმეებში მონაწილეობას მოაქვს, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ კმაყოფილები ვართ, როდესაც იეჰოვას მოსაწონი საქმეებით ვართ დაკავებულნი. გარდა ამისა, ჩვენი სიხარული გაიზრდება, თუ სხვების დასახმარებლად მეტ დროს, ენერგიასა და სახსრებს გავიღებთ (საქ. 20:31, 35).
3. რა სიხარულს მოგვანიჭებს მსახურებაში მეტი დროის გატარება?
3 რაც მეტ დროს ვატარებთ სამქადაგებლო მსახურებაში, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს, გავიხაროთ ბიბლიის შესწავლების დაწყებით და ჩატარებით. როდესაც მსახურებაში მეტ გამოცდილებას შევიძენთ და დავხელოვნდებით, შეიძლება ჩვენი თავდაპირველი შეხედულება შეიცვალოს და დავინახოთ, რომ უბნები, სადაც მობინადრეები ერთი შეხედვით გულგრილები ჩანან, უფრო ნაყოფიერია. პიონერული მსახურების დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მაუწყებელი გაივლის პიონერული მსახურების სკოლას, რაც მას კარგ შესაძლებლობას მისცემს, ნასწავლი ქადაგების დროს გამოიყენოს (2 ტიმ. 2:15). თუ შეუპოვრად განვაგრძობთ პიონერულ მსახურებას, ჩვენ შევძლებთ, დავთესოთ ჭეშმარიტების მარცვლები, რომლებიც მოგვიანებით ნაყოფს გამოიღებს (ეკლ. 11:6).
4. რაზე უნდა დაფიქრდნენ ახალგაზრდები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ?
4 ახალგაზრდები: რა მიზნები გაქვს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ? დღემდე შენი უმეტესი დრო სკოლის საქმეებს მიჰქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ რითი შეავსებ ამ დროს? კარიერაზე ფიქრის ნაცვლად, კარგი იქნებოდა, გელოცა და პიონერული მსახურების დაწყებაზე დაფიქრებულიყავი. რასაც მსახურებაში ისწავლი — სხვადასხვა წარსულისა და წარმომავლობის ხალხთან ქადაგებას, პირადი პრობლემების გადალახვას, თვითდისციპლინის გამომუშავებასა და სწავლების უნარის განვითარებას — მთელი ცხოვრების მანძილზე გამოგადგება.
5. როგორ შეუძლიათ მშობლებსა და კრების წევრებს პიონერობისკენ აღძრან ახალგაზრდები?
5 მშობლებო, აღძრავთ შვილებს, რომ სრული დროით მსახურება დაიწყონ? თქვენი მაგალითი დიდად დაეხმარება მათ, რომ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ (მათ. 6:33). რეიმ, რომელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ პიონერად დაიწყო მსახურება, თქვა: „დედაჩემისთვის ყველაზე დიდი კმაყოფილების მომტანი საქმე პიონერობა იყო“. კრებაში სიტყვითა და საქმით ყველას შეუძლია, პიონერულ მსახურებას დაუჭიროს მხარი. ესპანელი ხოსე ამბობს: „ჩემს კრებაში პიონერობა ახალგაზრდებისთვის საუკეთესო საქმედ ითვლებოდა. და-ძმების საუბრებმა, პიონერული მსახურების დაფასებამ და მათმა პრაქტიკულმა დახმარებამ პიონერობის დაწყება გამიადვილა“.
6. რა უნდა გავაკეთოთ, თუ პიონერული მსახურების სურვილი არა გვაქვს?
6 სირთულეების დაძლევა: „პიონერობის სურვილი არა მაქვს“ — თუ შენი პირველი რეაქცია ასეთია, ლოცვაში უთხარი იეჰოვას: „არ ვიცი, შევძლებ თუ არა პიონერულ მსახურებას, მაგრამ მინდა, რომ ვაკეთო ის, რაც შენ გესიამოვნება“ (ფსალმ. 62:8; იგავ. 23:26). შემდეგ შეეცადე, ღვთის ხელმძღვანელობა მიიღო მისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით. ბევრმა პიონერმა თავიდან დამხმარე პიონერად მოსინჯა მსახურება; განცდილმა სიხარულმა აღძრა ისინი, პიონერული მსახურება დაეწყოთ (ფსალმ. 34:8).
7. რა დაგვეხმარება, დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია ყოველთვე 70 საათი ვიქადაგოთ?
7 როგორ უნდა მოიქცე, თუ დარწმუნებული არა ხარ, რომ შეძლებ, ყოველთვე 70 საათი იქადაგო? დაელაპარაკე იმ პიონერებს, რომელთაც მსგავსი მდგომარეობა აქვთ (იგავ. 15:22). შემდეგ გეგმის სხვადასხვა ვარიანტი ჩამოწერე, რაც დაგეხმარება იმის დანახვაში, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებიდან ‘ხელსაყრელი დროის გამოსყიდვა’ არც თუ ისე ძნელია (ეფეს. 5:15, 16).
8. რატომ უნდა გადავხედოთ დროდადრო ჩვენს მდგომარეობას?
8 კიდევ ერთხელ გადახედე შენს მდგომარეობას: ჩვენი მდგომარეობა ხშირად იცვლება. კარგი იქნება, თუ დროდადრო გადახედავ შენს მდგომარეობას. სამუშაოდან პენსიაზე გასვლა ხომ არ გიწევს? რენდი, რომელიც დროზე ადრე გავიდა პენსიაზე, ამბობს: „ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლებლობა მომცა, პიონერად დამეწყო მსახურება და მე და ჩემი ცოლი იქ გადავსულიყავით, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამან მრავალი კურთხევა მომიტანა; ყველაზე დიდ კურთხევად იმას ვთვლი, რომ სუფთა სინდისი მაქვს“.
9. რაზე უნდა დაფიქრდეს ცოლ-ქმარი?
9 ზოგიერთი წყვილი მსჯელობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საჭირო არ იყო, ორივეს მთელი დღით ემუშავა. მართალია ასე მოქცევა ოჯახისგან ცხოვრების გამარტივებას მოითხოვს, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს. ჯონი, რომლის ცოლმაც მსახურების გაფართოების მიზნით სამსახურს თავი დაანება, ამბობს: „ძალიან მიხარია, რომ ჩემი ცოლი მთელი დღე სულიერი საქმეებით არის დაკავებული“.
10. რა აღძრავს ქრისტიანებს პიონერული მსახურების დაწყებისკენ?
10 სიყვარულისა და რწმენის გამოვლენა: იეჰოვასგან დავალებული ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ქადაგებაა. მალე ეს ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება და მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც იეჰოვას სახელს უხმობენ (რომ. 10:13). სიყვარული და მადლიერება იმ ყველაფრისადმი, რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა, აღგვძრავს, დავემორჩილოთ მისი ძის მოწოდებას და გულმოდგინედ ვიქადაგოთ (მათ. 28:19, 20; 1 იოან. 5:3). გარდა ამისა, გვწამს რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, რაც აღგვძრავს, ქვეყნიერების სრულად სარგებლობის ნაცვლად, სანამ დროა, მთელი ძალისხმევა მსახურებას მოვახმაროთ (1 კორ. 7:29—31).
11. როგორ უნდა მიიღო სიტყვები: „შენგან კარგი პიონერი დადგება“?
11 პიონერად მსახურება უბრალოდ ორგანიზაციის მიერ დადგენილი საათების ნორმის ჩაბარება კი არ არის, არამედ ღვთისადმი ერთგულების გამოხატვა. ასე რომ, თუ ვინმე გეუბნება, რომ „შენგან კარგი პიონერი დადგება“, ეს კომპლიმენტად მიიღე. დაფიქრდი და ილოცე, რომ სხვებს ამ კმაყოფილების მომტან მსახურებაში შეუერთდე.
[ჩანართი 4 გვერდზე]
მშობლებო, აღძრავთ შვილებს, რომ სრული დროით მსახურება დაიწყონ?
[ჩანართი 5 გვერდზე]
იეჰოვასგან დავალებული ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ქადაგებაა.