იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
როგორ ვისწავლოთ ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა?
გსურს, განსაცდელის დროს დანიელივით ერთგული დარჩე? დანიელი გულმოდგინედ იკვლევდა ღვთის სიტყვას, მათ შორის წინასწარმეტყველებებს (დან. 9:2). ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა შენც დაგეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში. რატომ ვამბობთ ამას? ბიბლიის კვლევა განგიმტკიცებს რწმენას, რომ იეჰოვას დანაპირები უეჭველად შესრულდება (იეს. 23:14). ეს აგრეთვე გაგიძლიერებს ღვთისადმი სიყვარულს, რაც აღგძრავს, სწორად მოიქცე (ფსალმ. 97:10). როგორ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლია? ამაში ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგვეხმარება.
რა უნდა გამოვიკვლიოთ? კრების შეხვედრებისთვის მომზადება შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა უფრო ბევრის მომცემი იქნება შენთვის, თუ კარგად გამოიკვლევ იმ მუხლებს, რომლებიც ბოლომდე არ გესმის. გარდა ამისა, ზოგმა გადაწყვიტა, უფრო მეტი გაეგო ბიბლიური წინასწარმეტყველებების, ღვთის სულის ნაყოფის, პავლე მოციქულის მისიონერული მოგზაურობებისა თუ იეჰოვას ქმნილებების შესახებ. თუ დღის მანძილზე რომელიმე ბიბლიურ აზრზე კითხვა გაგიჩნდება, ჩაინიშნე და მომდევნო შესწავლის დროს გამოიკვლიე.
სად მოვიძიოთ ინფორმაცია? წარმოდგენა რომ შეგექმნას, სად შეგიძლია მოიძიო ესა თუ ის ინფორმაცია, უყურე ვიდეორგოლს „სულიერი განძის პოვნაში დამხმარე საშუალებები“. ინფორმაციის მოძიებაში რომ გაიწაფო, გამოიკვლიე, რომელ მსოფლიო იმპერიებს განასახიერებენ დანიელის მე-7 თავში მოხსენიებული მხეცები.
რამდენი დრო უნდა დავუთმოთ შესწავლას? სულიერი სიჯანსაღისთვის აუცილებელია რეგულარული შესწავლა. თავიდან შეიძლება შედარებით მცირე დრო დაუთმო შესწავლას, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდო ეს დრო. ღვთის სიტყვის კვლევა დამალული განძის ძებნას ჰგავს — რაც უფრო მეტ განძს პოულობ, მით უფრო გიძლიერდება ახალ-ახალი განძის ძიების სურვილი (იგავ. 2:3—6). ასე რომ, კვლევის შედეგად გაგვიძლიერდება ღვთის სიტყვის შესწავლის სურვილი და ბიბლიის რეგულარული შესწავლა ცხოვრების წესად გვექცევა (1 პეტ. 2:2).
ვის განასახიერებენ დანიელის მე-7 თავში მოხსენიებული მხეცები?
დამატებითი კითხვა:
როგორ შესრულდა დანიელის 7:8-სა და 24-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
მომდევნო შესწავლის დროს გამოიკვლიე:
ვის განასახიერებენ გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებული მხეცები?