რატომ ეწოდება იესოს „ღვთის ძე“?
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიაში იესოს ხშირად ეწოდება „ღვთის ძე“ (იოანე 1:49). გამოთქმა „ღვთის ძე“ მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთმა მისცა იესოს სიცოცხლე ისევე, როგორც ყველა სხვა ქმნილებას, ვინაიდან ის არის სამყაროს შემოქმედი (ფსალმუნი 36:9; გამოცხადება 4:11). ბიბლია არ გვასწავლის, რომ ღმერთს პირდაპირი გაგებით შეეძინა შვილი, როგორც ეს ადამიანების შემთხვევაში ხდება.
ბიბლია ანგელოზებსაც უწოდებს „ღვთის ძეებს“ (იობი 1:6). პირველი ადამიანი, ადამიც, „ღვთის ძედ“ არის მოხსენიებული (ლუკა 3:38). თუმცა იმის გამო, რომ იესო ღვთის პირველი ქმნილებაა, და რომ ის უშუალოდ ღმერთის შექმნილია, ბიბლია ყველაზე ხშირად იესოს უწოდებს „ღვთის ძეს“.
ზეცაში იყო იესო დედამიწაზე მოსვლამდე?
დიახ. იესო სულიერი ქმნილება იყო ზეცაში, სანამ დედამიწაზე დაიბადებოდა, როგორც ადამიანი. თვითონ იესომ თქვა: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად ... არ ჩამოვსულვარ“ (იოანე 6:38; 8:23).
ღმერთმა ყველაზე და ყველაფერზე ადრე იესო შექმნა. იესოს შესახებ ბიბლიაში ნათქვამია:
„ის ... [არის] პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (კოლოსელები 1:15).
ის არის „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (გამოცხადება 3:14).
იესოზე შესრულდა მესიაზე წარმოთქმული შემდეგი წინასწარმეტყველება: „ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა, უხსოვარი დროიდან“ (მიქა 5:2; მათე 2:4—6).
რას აკეთებდა იესო, სანამ დედამიწაზე მოვიდოდა?
იესოს ეკავა აღმატებული ზეციური მდგომარეობა. ერთხელ იესომ ეს საკითხი თავის ლოცვაში მოიხსენია: „მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:5).
ის ეხმარებოდა მამას ყველაფრის შექმნაში. იესო შრომობდა მამასთან ერთად, „როგორც ოსტატი“ (იგავები 8:30). იესოს შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე“ (კოლოსელები 1:16).
ღმერთმა იესოს მეშვეობით მისცა დასაბამი ყველა ქმნილებას — როგორც ზეციერ სულიერ ქმნილებებს, ისე ფიზიკურ სამყაროს (გამოცხადება 5:11). რაღაც გაგებით, ღმერთისა და იესოს თანამშრომლობა არქიტექტორისა და მშენებლის თანამშრომლობას ჰგავდა. არქიტექტორი ადგენს პროექტს, მშენებელს კი სისრულეში მოჰყავს არქიტექტორის ჩანაფიქრი.
იესო იყო „სიტყვა“. ბიბლიის თანახმად, დედამიწაზე მოსვლამდე იესო მსახურობდა, როგორც „სიტყვა“ (იოანე 1:1). როგორც ჩანს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი იესოს მეშვეობით გადასცემდა სათქმელს ზეციერ ქმნილებებს.
როგორც ჩანს, იესომ ღვთის წარმომადგენლის როლი შეასრულა დედამიწაზე ჩამოსვლის შემდეგაც და ღვთის სიტყვები ადამიანებს გადასცა. შესაძლოა ღმერთი „სიტყვის“ მეშვეობით გადასცემდა მითითებებს ადამსა და ევასაც (დაბადება 2:16, 17). სავარაუდოდ, იესო იყო ის ანგელოზი, რომელიც უდაბნოში მიუძღოდა ისრაელებს და რომლისთვისაც მათ ყურადღებით უნდა მოესმინათ (გამოსვლა 23:20—23).a
a „სიტყვა“ არ იყო ერთადერთი ანგელოზი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ელაპარაკებოდა ადამიანებს. მაგალითად, ღმერთმა სხვა ანგელოზები გამოიყენა და არა თავისი პირმშო, რათა ისრაელებისთვის კანონთა კრებული გადაეცა (საქმეები 7:53; გალატელები 3:19; ებრაელები 2:2, 3).