ბიბლიის თვალსაზრისი
რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე?
პეტრე მოციქულს ეჭვი არ ეპარებოდა იმ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომლითაც იესოს მიმართა: „შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე“ (მათე 16:16). ეს არის ერთ-ერთი მონაკვეთი იმ მრავალი ბიბლიური ადგილიდან, სადაც იესო ღვთის ძედ არის მოხსენიებული. ამ გამოთქმასთან დაკავშირებით რელიგიურ ადამიანებს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ.
ბევრისთვის, ვისაც სჯერა, რომ იესო ღმერთია, ძნელია იმის გაგება, თუ რატომ ეწოდება მას ღვთის ძე. ლოგიკურია, რომ იესო ერთდროულად ორივე ვერ იქნება. სხვები ფიქრობენ, რომ იესო მნიშვნელოვანი ისტორიული პიროვნებაა, ბრძენი ადამიანია ან, უბრალოდ, ღვთის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში იესოს შესახებ? აქვს მნიშვნელობა, თუ რა თვალსაზრისი გაქვთ იესოზე?
ღვთის პირმშო
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იყო დრო, როცა ღვთის გარდა სხვა არავინ არ არსებობდა. იეჰოვა სიყვარულმა აღძრა, შეექმნა სხვა ცოცხალი ქმნილება და გამხდარიყო მამა, ოღონდ არა ადამიანური გაგებით. იეჰოვამ გამოიყენა თავისი განუზომელი შემოქმედებითი ძალა და შექმნა ცოცხალი, გონიერი სულიერი ქმნილება — „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ — რომელსაც იესო ქრისტეს სახელით ვიცნობთ (გამოცხადება 3:14; იგავები 8:22). რადგან იესო უშუალოდ ღვთის მიერ შეიქმნა, მაშინ როცა სხვა არავინ არსებობდა, იესოს მართებულად ეწოდება „მხოლოდშობილი ძე“ და „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (იოანე 1:14; კოლოსელები 1:15).
აქედან გამომდინარე, იესო, როგორც ღვთის შემოქმედების პირველი ნაყოფი, შეუძლებელია შემოქმედი, „ერთადერთი ღმერთი“ ყოფილიყო (1 ტიმოთე 1:17). თუმცა ღმერთმა იესოს მრავალი უპირატესობა მიანიჭა. მაგალითად, იესოს მონაწილეობით ღმერთმა „შექმნა სხვა ყველაფერი“, მათ შორის ანგელოზებიც კი. ეს ანგელოზები „ღვთის შვილებად“ არიან მოხსენიებულნი, რადგან სიცოცხლე მათაც იეჰოვამ მიანიჭა (კოლოსელები 1:16; იობი 1:6; 38:7).
მას შემდეგ, რაც ღმერთმა დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად მოამზადა, როგორც ჩანს, თავის პირმშოს უთხრა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად“ (დაბადება 1:26; იგავები 8:22—31). ამგვარად, ღმერთმა პირველი ადამიანი, ადამი, იმ სულიერი ქმნილების მონაწილეობით შექმნა, რომელიც იესო გახდა (ლუკა 3:38).
იესო დედამიწას ევლინება
მოციქულმა იოანემ აღნიშნა, რომ დანიშნულ დროს ღვთის სულიერი ძე „ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა“ (იოანე 1:14). ადამიანად რომ დაბადებულიყო, ღმერთმა იესოს სიცოცხლე სასწაულებრივად გადაიტანა ებრაელი ქალწულის, მარიამის საშვილოსნოში. მიუხედავად იმისა, რომ იესო ადამიანი გახდა, ის კვლავ ღვთის ძე იყო. გარდა ამისა, რადგან იესოს ხორციელი მამა არ ჰყოლია, ის სრულყოფილი ანუ უცოდველი დაიბადა. ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უთხრა: „ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:35; ებრაელები 7:26).
იეჰოვამ თვითონ თქვა, რომ იესო, რომელიც ხორციელ ადამიანად იყო მოსული, მისი ძე იყო. იესოს ნათლობისას იოანე ნათლისმცემელი იმის მოწმე გახდა, თუ როგორ გაიხსნა ცა და გაისმა ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:16, 17). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იოანემ იესოს მოწაფეებს უთხრა: „მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს კაცი ღვთის ძეა“ (იოანე 1:34).
მიწიერი მსახურების განმავლობაში, იესო საჯაროდ არ ახმაურებდა იმ ფაქტს, რომ მესია, ღვთის ძე იყო (მარკოზი 8:29, 30). ის ხშირად ხალხს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თვითონ გამოეტანათ დასკვნა. ამაში კი მათ იესოს სწავლებების მოსმენა, მის ცხოვრებაზე დაკვირვება და იმ მრავალი სასწაულის დანახვა დაეხმარებოდა, რომელთა უმეტესობასაც სახალხოდ ახდენდა. მაგალითად, იესომ „სხვადასხვა სენითა და სატანჯველით გაწამებული ყველა ავადმყოფი“ განკურნა (მათე 4:24, 25; 7:28, 29; 12:15). იესოსთან მიჰყავდათ უსინათლოები, ყრუები, კოჭლები და ის კურნავდა ყველა ავადმყოფს. მან მკვდრებიც კი გააცოცხლა (მათე 11:4—6). მოწაფეები დიდი სასწაულის მოწმენი გახდნენ, როცა იესომ აღელვებულ წყალზე გაიარა და ქარიშხალი და ტალღები დააწყნარა. ასეთი ძალის დანახვით აღძრულმა მოწაფეებმა იესოს უთხრეს „შენ მართლა ღვთის ძე ხარ“ (მათე 14:24—33).
ღვთის ძე და თქვენ
რატომ გამოგზავნა ღმერთმა ზეციდან დედამიწაზე თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც საბოლოოდ ეწამა და მოკვდა? იმიტომ, რომ ყველა, „ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). დიახ, მხოლოდ ამგვარი მოქმედებით შეეძლო იესოს „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო (მათე 20:28). მართლაც, მთელი ისტორიის განმავლობაში არავის გამოუვლენია ისეთი დიდი სიყვარული კაცობრიობისადმი, როგორიც იეჰოვამ და მისმა პირმშომ გამოავლინეს (რომაელები 8:32).
სიკვდილის შემდეგ იესო განსაკუთრებული სახით „იქნა გამოცხადებული“ ღვთის ძედ — ის „აღდგა მკვდრეთით“. იესო კვლავ სულიერი ქმნილება გახდა (რომაელები 1:4; 1 პეტრე 3:18). თითქმის 19 საუკუნის მანძილზე მოთმინებით ლოდინის შემდეგ, იესო მამამ ღვთის სამეფოზე გაამეფა; ის ხელმძღვანელობს ზეციერ მთავრობას, რომელიც მალე მთელ დედამიწაზე იმმართველებს (ფსალმუნები 2:7, 8; დანიელი 7:13, 14).
გსურთ, რომ ღვთის ძლევამოსილი ძის მოწონება დაიმსახუროთ? თუ დიახ, მოგიწოდებთ, გაეცნოთ მის სწავლებებს და გამოიყენოთ ისინი ცხოვრებაში. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, თუ რა თვალსაზრისი გაქვთ ღვთის ძეზე! (იოანე 3:18; 14:6; 1 ტიმოთე 6:19).
გიფიქრიათ?
◼ რატომ ეწოდება იესოს ღვთის მხოლოდშობილი ძე? (იოანე 1:3, 14; გამოცხადება 3:14).
◼ რის საფუძველზე უნდა გჯეროდეთ, რომ იესო ღვთის ძეა? (მათე 3:16, 17).
◼ რა სარგებლობას მოგიტანთ იმის რწმენა, რომ იესო ღვთის ძეა? (იოანე 3:16; 14:6; 17:3).
[სურათები 12, 13 გვერდებზე]
იესოს სწავლებები და საოცარი სასწაულები ადასტურებდა, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო.