მიჰბაძეთ მათ რწმენას | სარა
ღმერთმა მას „დიდგვაროვანი ქალბატონი“ უწოდა
სარა ცოტა ხნით საქმეს წყდება, წელში იმართება და თვალს ჰორიზონტს აპყრობს. მის გვერდით მყოფი მსახურები ხალისით ირჯებიან, რადგან ის გონივრულად წარმართავს საქმეს. ამ მუყაით ქალს თავისი წვლილი შეაქვს საოჯახო საქმეში და მხოლოდ მსახურების იმედად არ არის. წარმოიდგინეთ ჩაფიქრებული სარა, რომელიც მუშაობისგან დაღლილ ხელებს იფშვნეტს. ის შესაძლოა საკერებელს ადებდა უხეში ქსოვილისგან, თხისურისგან დამზადებულ კარავს, რომელიც ადგილ-ადგილ გახეულიყო და წლების მანძილზე მზეს და წვიმას გაეხუნებინა. თავისი საცხოვრებელი კარვის შეკეთებისას სარა, ალბათ, ფიქრობდა, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მომთაბარე ცხოვრება დაიწყეს. შუადღე გადასული იყო და ცა ოქროსფრად შეფერილიყო. სარა ისევ იმ გორაკისკენ იყურება, საითკენაც აბრაამმაa სისხამ დილით აიღო გეზი. როგორც კი თავისი საყვარელი მეუღლის სილუეტი დაინახა, სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.
უკვე ათი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც აბრაამმა მთელ თავის სახლეულობასთან ერთად მდინარე ევფრატი გადაკვეთა და ქანაანში ჩავიდა. როცა ისინი ამ გრძელ გზას დაადგნენ, სარას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიდიოდნენ. მაგრამ მზად იყო, მხარი დაეჭირა მეუღლისთვის, რადგან იცოდა, რომ იეჰოვას განზრახვის თანახმად, აბრაამისგან აღთქმული შთამომავალი და ერი უნდა წარმოშობილიყო. სარას, ალბათ, აინტერესებდა, თავად რა როლი ექნებოდა. ის ხომ უკვე 75 წლის იყო და თანაც უშვილო. ამიტომ შესაძლოა აფიქრებდა: ნეტა როგორ შეასრულებს იეჰოვა ამ დაპირებას? სავსებით ბუნებრივია, სარას ასეთი კითხვები გასჩენოდა ან სულსწრაფობა გამოეჩინა.
შესაძლოა დროდადრო ჩვენც გვიკარგავს მოსვენებას იმაზე ფიქრი, თუ როდის შესრულდება ღვთის დანაპირები. ჩვეულებრივ, ადამიანებს სულსწრაფობა გვახასიათებს. მოთმენა განსაკუთრებით მაშინ გვიჭირს, როცა ჩვენთვის ერთობ სანუკვარი დანაპირების შესრულებას ველით. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია სარას მსგავსად ძლიერი რწმენა გამოვავლინოთ.
„წამართვა იეჰოვამ შვილების შობის უნარი“
ეგვიპტიდან ახლახან დაბრუნებული აბრაამის ოჯახი ბეთელის აღმოსავლეთით დაბანაკდა, რომელსაც ქანაანელები ლუზს უწოდებდნენ (დაბადება 13:1—4). ეს იყო მთაგორიანი მხარე, საიდანაც აღთქმული მიწის დიდი ნაწილის დანახვა შეიძლებოდა. ამ შემაღლებული ადგილიდან სარა, ალბათ, ხედავდა ქანაანელთა სოფლებსა და იმ გზებს, რომლებიც შორეულ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებდა. როგორ განსხვავდებოდა ეს გარემო მისი მშობლიური ქალაქისგან, ურისგან! შუამდინარეთში მდებარე ური 1 900 კილომეტრით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც სარა ამჟამად ცხოვრობდა. სარას მოუწია ბევრ ნათესავთან განშორება, აყვავებული ქალაქის დატოვება, სადაც ბევრი სავაჭრო ადგილი და ბაზარი იყო, და კეთილმოწყობილ სახლთან გამოთხოვება, რომელსაც შესაძლოა წყალგაყვანილობის სისტემაც ჰქონდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ სარა სინანულით იყურებოდა აღმოსავლეთისკენ და მშობლიურ სახლს მისტიროდა? თუ ასეა, გამოდის, რომ კარგად არ იცნობთ ამ ღვთისმოშიშ ქალს.
აღსანიშნავია, რა დაწერა პავლე მოციქულმა ღვთივშთაგონებით დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ აბრაამსა და სარაზე: „თუ ეხსომებოდათ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ უკან დაბრუნების შესაძლებლობა“ (ებრაელები 11:8, 11, 15). არც აბრაამი მისტიროდა წარსულს და არც სარა. თუ ისინი გამუდმებით იფიქრებდნენ იმაზე, რაც უკან მოიტოვეს, დიდი ალბათობით სახლში დაბრუნდებოდნენ. თუმცა ამ შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას ღვთის განზრახვის შესრულებაში, რაც დიდი პატივი იყო. მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ მილიონობით ადამიანისთვის რწმენის მაგალითები ყოფილიყვნენ, მათი სახელები დავიწყებას მიეცემოდა.
უკან ყურების ნაცვლად, სარა წინ იყურებოდა. ის უცხო მიწაზე ხიზნობის დროს მხარში ედგა თავის ქმარს — ეხმარებოდა კარვების დადგმასა თუ დაშლაში და ცხვარ-ძროხის გადარეკვაში. მას არაერთ ცვლილებასთან შეგუება და სხვადასხვა სირთულის ატანა უწევდა. როცა იეჰოვამ კიდევ ერთხელ გაუმეორა აბრაამს თავისი დაპირება, სარა ამჯერადაც არ მოუხსენიებია (დაბადება 13:14—17; 15:5—7).
ერთხელაც სარამ გადაწყვიტა, ქმრისთვის თავისი ჩანაფიქრი გაენდო. წარმოიდგინეთ, როგორი გაორებული იქნებოდა სარა ამ დროს. მან საუბარი ასე დაიწყო: „მომისმინე. წამართვა იეჰოვამ შვილების შობის უნარი“. შემდეგ აბრაამს სთხოვა, თავის მოახლესთან, აგართან დაწოლილიყო, რათა მისგან ჰყოლოდა შვილები. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამხელა ემოციური ტკივილის ფასად დაუჯდებოდა სარას მეუღლისთვის ამის თქმა. დღევანდელი გადასახედიდან მისი თხოვნა საკმაოდ უცნაური ჩანს, თუმცა იმ დროს ჩვეულებრივი რამ იყო ხარჭის ყოლა, რათა მისგან მემკვიდრე ჰყოლოდათ.b ხომ არ ფიქრობდა სარა, რომ ამგვარად ხელს შეუწყობდა ღვთის განზრახვის შესრულებას, რომლის თანახმადაც, აბრაამის შთამომავლებისგან ერი უნდა წარმოქმნილიყო? ასე იყო თუ ისე, სარა მზად იყო, ასეთ მსხვერპლზე წასულიყო. როგორ მიიღო აბრაამმა სარას წინადადება? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მან ყურად იღო მისი სიტყვები (დაბადება 16:1—3).
ისე ხომ არ ჩანს ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, თითქოს იეჰოვამ აღძრა სარა, ასეთი რამ შეეთავაზებინა აბრაამისთვის? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში სარა შექმნილ ვითარებას ადამიანური გადასახედიდან აფასებდა. მას ეგონა, რომ ღმერთმა დაუხშო საშვილოსნო და ვერც კი წარმოედგინა, რომ სხვა გამოსავალიც მოიძებნებოდა. მაგრამ ის, რაშიც სარა ხედავდა გამოსავალს, პირადად მას დიდ ტკივილს მიაყენებდა. და მაინც, ამ ქალმა საოცარი უანგარობა გამოავლინა! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები ხშირად საკუთარ სურვილებს ყველაფერზე წინ აყენებენ, სარას უანგარო საქციელი მართლაც რომ აღმაფრთოვანებელია. სარას მსგავს რწმენას იმ შემთხვევაში გამოვავლენთ, თუ ღვთის ნებას საკუთარზე წინ დავაყენებთ.
„არა, გაიცინე!“
არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ აგარი დაფეხმძიმდა. როგორც ჩანს, მან იფიქრა, რომ ახლა უკვე აღემატებოდა თავის ქალბატონს, ამიტომ სარას ზემოდან დაუწყო ყურება. რამხელა დარტყმა იქნებოდა ეს უშვილო სარასთვის! აბრაამის ნებართვით სარამ პასუხი მოსთხოვა აგარს შეურაცხყოფისთვის. ღმერთმაც მოიწონა სარას საქციელი. მოგვიანებით აგარმა ვაჟი გააჩინა, რომელსაც ისმაელი დაარქვეს. მას შემდეგ არაერთმა წელმა განვლო (დაბადება 16:4—9, 16). როცა ბიბლიაში აბრაამისა და სარას შესახებ თხრობა გრძელდება, სარა უკვე 89 წლისაა, მისი ქმარი კი — 99-ის. ამ დროს ისინი იეჰოვასგან გასაოცარ ამბავს იგებენ.
იეჰოვა კვლავ უმეორებს თავის მეგობარს, რომ მის შთამომავლობას გაამრავლებს. ამ დრომდე მას აბრამი ერქვა. მაგრამ ახლა ღმერთი სახელს უცვლის და აბრაამს არქმევს, რაც „სიმრავლის მამას“ ნიშნავს. ამჯერად იეჰოვა პირველად ახსენებს, თუ რა როლი დაეკისრება სარას. ის მასაც უცვლის სახელს და სარაის მაგივრად, რაც, სავარაუდოდ, „ანჩხლს“ ნიშნავს, სარას არქმევს. ეს ყველასთვის ცნობილი სახელი „დიდგვაროვან ქალბატონს“ ნიშნავს. იეჰოვა უხსნის აბრაამს, თუ რატომ შეურჩია ამ ღირსეულ ქალს ეს სახელი: „ვაკურთხებ მას და ძეს მოგცემ მისგან; ვაკურთხებ მას და მრავალ ერად იქცევა იგი; ხალხთა მეფეები გამოვლენ მისგან“ (დაბადება 17:5, 15, 16).
აბრაამთან დადებული შეთანხმების შესრულებაში სარას მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებოდა. აღთქმული შთამომავალი, რომლის მეშვეობითაც ყველა ერი იკურთხებოდა, სწორედ აბრაამის ძის ხაზით მოვიდოდა, რომელსაც მას სარა გაუჩენდა. ღმერთმა ბავშვს ისაკი დაარქვა, რაც „სიცილს“ ნიშნავს. როცა გაიგო, რომ იეჰოვას ნებით სარას შვილი გაუჩნდებოდა, აბრაამი პირქვე დაემხო და სიცილი დაიწყო (დაბადება 17:17). იგი გაოცებულიც იყო და ძალზე გახარებულიც (რომაელები 4:19, 20).
მოგვიანებით აბრაამს მისთვის სრულიად უცნობი სამი მამაკაცი ეწვია. პაპანაქება სიცხის მიუხედავად, ეს ხანში შესული ცოლ-ქმარი უმალვე შეეგება სტუმრებს. აბრაამმა უთხრა სარას: „ჩქარა! მოიტანე სამი სეა წმინდად დაფქული ფქვილი, ცომი მოზილე და კვერები დააცხვე“. ძველ დროში სტუმრების გამასპინძლება დიდ შრომას მოითხოვდა. აბრაამმა მთელი საქმე ცოლს არ შეატოვა. მან სასწრაფოდ დააკვლევინა ხბო მსახურს, თავად კი სუფრა გაუშალა სტუმრებს (დაბადება 18:1—8). ეს კაცები იეჰოვას ანგელოზები აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, მოციქულ პავლეს ეს შემთხვევა ჰქონდა მხედველობაში, როცა დაწერა: „ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას, რადგან ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან და არ სცოდნიათ“ (ებრაელები 13:2). შეგიძლიათ მიჰბაძოთ აბრაამსა და სარას და გამოავლინოთ მსგავსი სტუმართმოყვარეობა?
როცა ამ ანგელოზთაგან ერთ-ერთმა აბრაამს ღვთის დანაპირები გაუმეორა, რომ სარას ვაჟი შეეძინებოდა, სარა თავის კარავში იდგა და ისმენდა. მის ასაკში ბავშვის ყოლა იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, რომ თავი ვერ შეიკავა, გულში გაეცინა და თქვა: „დაუძლურებულს რა სიამე მექნება, თანაც უკვე მოხუცია ჩემი ბატონი?!“. ამაზე ანგელოზმა უთხრა: „არის რამე იეჰოვასთვის შეუძლებელი?!“. სარა შეცბა და თავის მართლება დაიწყო. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქცია იყო. მან იუარა, რომ გაიცინა, რაზეც ანგელოზმა მიუგო: „არა, გაიცინე!“ (დაბადება 18:9—15).
რწმენის ნაკლებობაზე ხომ არ მეტყველებდა სარას რეაქცია? სულაც არა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენით სარამ, თუმცა ხანგადასული იყო, ძალა მიიღო თესლის გასანაყოფიერებლად, რადგან ერთგულად მიაჩნდა ის, ვინც დაჰპირდა“ (ებრაელები 11:11). სარა კარგად იცნობდა იეჰოვას და ისიც იცოდა, რომ ღმერთს ნებისმიერი დანაპირების შესრულება შეეძლო. ვის არ გვჭირდება მსგავსი რწმენა?! ყველას გვმართებს, უკეთ გავიცნოთ ბიბლიის ავტორი. ამგვარად დავრწმუნდებით, რომ სარას მართლაც ჰქონდა რწმენის საფუძველი. იეჰოვა ერთგულია და ყველა თავის დანაპირებს ასრულებს, თანაც ზოგჯერ ისე, რომ გაოცებას ვერ ვმალავთ და ეს იმდენად დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ შეიძლება გაგვეცინოს კიდეც!
„მოუსმინე მას“
აი, დადგა ნანატრი დროც! 90 წლის სარას ოცნება აუხდა და თავის საყვარელ ქმარს, რომელიც უკვე 100 წლის იყო, ვაჟი გაუჩინა! ღვთის მითითებისამებრ, აბრაამმა ბავშვს ისაკი დაარქვა, რაც „სიცილს“ ნიშნავს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ უღიმის ახალნამშობიარებ სარას სახე. ის ამბობს: „გამაცინა ღმერთმა; ყველა გაიცინებს, ვინც ამას გაიგებს“ (დაბადება 21:6). უეჭველია, სარა სიცოცხლის ბოლომდე გაიხარებდა თავისი ვაჟით, რომელიც იეჰოვამ სასწაულებრივად უბოძა. თუმცა ეს მას დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებდა.
როცა ისაკი ხუთი წლის გახდა, ძუძუს მოსწყვიტეს. ამის აღსანიშნავად აბრაამმა დიდი ნადიმი გამართა. სამწუხაროდ, მის ოჯახში უსიამოვნებამ იჩინა თავი. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სარა ამჩნევდა, რომ აგარის ვაჟი, ისმაელი, რომელიც 19 წლის იყო, პატარა ისაკს დასცინოდა. ეს უწყინარი ხუმრობა ნამდვილად არ ყოფილა. მოგვიანებით პავლე მოციქულმა ღვთივშთაგონებით თქვა, რომ ისმაელი ისაკს დევნიდა. სარა მიხვდა, რომ ისმაელი უბრალოდ კი არ ამცირებდა მის ვაჟს, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. მან კარგად იცოდა, რომ ისაკს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ღვთის განზრახვის შესრულებაში. ამიტომ გამბედაობა მოიკრიბა და აბრაამს სათქმელი პირდაპირ უთხრა. მან სთხოვა ქმარს, რომ აგარი და ისმაელი გაეშვა (დაბადება 21:8—10; გალატელები 4:22, 23, 29).
ბიბლიაში ვკითხულობთ, როგორ იმოქმედა აბრაამზე სარას სიტყვებმა: „მეტისმეტად დამწუხრდა აბრაამი თავისი ვაჟის გამო“. ის ადვილად ვერ შეელეოდა საყვარელ ვაჟს, ისმაელს. აბრაამს იმდენად ჰქონდა მოჭარბებული მამობრივი გრძნობები, რომ ვითარებას საღად ვერ აფასებდა. მაგრამ იეჰოვა კარგად ხედავდა მთლიან სურათს, ამიტომ გადაწყვიტა, ჩარეულიყო. ბიბლიაში წერია: «ღმერთმა აბრაამს უთხრა: „ნუ დამწუხრდები იმის გამო, რასაც სარა გეუბნება ამ ყმაწვილსა და შენს მხევალზე. მოუსმინე მას, რადგან ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“». იეჰოვამ დაარწმუნა აბრაამი, რომ აგარსა და მის ვაჟზე იზრუნებდა. აბრაამიც დაჰყვა ღვთის ნებას (დაბადება 21:11—14).
სარა შესანიშნავი მეუღლე იყო, ნამდვილი დამხმარე და შემავსებელი. ის ქმარს ყოველთვის იმას არ ეუბნებოდა, რაც მის ყურს ეამებოდა. როცა ხედავდა, რომ მათ ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა, პირდაპირ და გულახდილად ამბობდა სათქმელს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მეუღლის მიმართ უპატივცემულობას ავლენდა. მოგვიანებით პეტრე მოციქულმა, რომელიც თავადაც დაქორწინებული იყო, სარა სამაგალითო ცოლად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის დიდ პატივს სცემდა ქმარს (1 კორინთელები 9:5; 1 პეტრე 3:5, 6). თუ სარა მოცემულ სიტუაციაში გაჩუმდებოდა, ნამდვილად არ გამოავლენდა პატივისცემას აბრაამის მიმართ და ეს მის ქმარსაც და მთელ მათ ოჯახსაც ძვირად დაუჯდებოდა. ნაცვლად ამისა, სარამ სათქმელი პირდაპირ თქვა, რაც მისი მხრიდან სიყვარულის მაჩვენებელი იყო.
ბევრი ცოლისთვის სარა მისაბაძი მაგალითია. ისინი მისგან სწავლობენ, რომ მეუღლესთან გულახდილად, მაგრამ, ამავდროულად, პატივისცემით ისაუბრონ. ზოგჯერ შეიძლება ცოლებს სურვილი გაუჩნდეთ, რომ იეჰოვა მათი ოჯახის საქმეში ისევე ჩაერიოს, როგორც ეს სარას შემთხვევაში მოხდა. როგორც არ უნდა იყოს, მათ შეუძლიათ მიჰბაძონ სარას და მის მსგავსად ძლიერი რწმენა, სიყვარული და მოთმინება გამოავლინონ.
სარას თავად იეჰოვამ უწოდა „დიდგვაროვანი ქალბატონი“, მაგრამ იგი არასდროს მოელოდა, რომ დიდგვაროვანივით მოეპყრობოდნენ
მართალია, ამ ღირსეულ ქალს თავად იეჰოვამ უწოდა „დიდგვაროვანი ქალბატონი“, მაგრამ იგი არასდროს მოელოდა, რომ ისე მოეპყრობოდნენ, როგორც დიდგვაროვანს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ გლოვობდა აბრაამი ასე გულდათუთქული სარას, რომელიც 127 წლის ასაკში გამოეცალა ხელიდან (დაბადება 23:1, 2).c მას ძალიან ენატრებოდა საყვარელი მეუღლე. ეჭვგარეშეა, იეჰოვა ღმერთსაც ენატრება ეს ერთგული ქალი და მოუთმენლად ელის, როდის დაუბრუნებს მას სიცოცხლეს სამოთხედქცეულ დედამიწაზე. ასე რომ, სარას და ყველას, ვინც მას ჰბაძავს, მარადიული და ბედნიერი მომავალი ელით (იოანე 5:28, 29).
a ვიდრე ღმერთი ამ წყვილს ახალ სახელებს დაარქმევდა, მათ აბრამი და სარაი ერქვათ. თუმცა ამ სტატიაში ისინი მოხსენიებული არიან როგორც აბრაამი და სარა, ყველასთვის კარგად ცნობილი სახელებით.
b გარკვეული ხნის მანძილზე იეჰოვა იწყნარებდა იმას, რომ მის მსახურებს ერთზე მეტი ცოლი და ხარჭა ჰყოლოდათ. თუმცა მოგვიანებით მან იესო ქრისტეს მეშვეობით აღადგინა ედემის ბაღში ქორწინებისთვის დადგენილი თავდაპირველი ნორმა — ერთცოლიანობა (დაბადება 2:24; მათე 19:3—9).
c სარა ერთადერთი ქალია, ვისზეც ბიბლია ამბობს, რა ასაკში გარდაიცვალა.