იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დაბადება“ — II
ბიბლიის წიგნი „დაბადება“ მოიცავს კაცობრიობის ისტორიის 2 369-წლიან პერიოდს — პირველი ადამიანის, ადამის, შექმნიდან იაკობის ძის, იოსების, სიკვდილამდე. პირველი 10 თავი და მე-11 თავის 9 მუხლი, სადაც მოთხრობილია მოვლენები შემოქმედებიდან ბაბილონის გოდლის მშენებლობის ჩათვლით, „საგუშაგო კოშკის“ წინა ნომერში განვიხილეთa. ამ სტატიაში შევეხებით მნიშვნელოვან აზრებს „დაბადების“ დანარჩენი თავებიდან, რომლებშიც ძირითადად მოთხრობილია აბრაამთან, ისაკთან, იაკობთან და იოსებთან ღვთის ურთიერთობის შესახებ.
აბრაამი ღვთის მეგობარი ხდება
წარღვნიდან დაახლოებით 350 წლის შემდეგ ნოეს ვაჟის, სემის, შთამომავლობაში იბადება ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი ხდება ღვთისთვის. მისი სახელია აბრამი. მოგვიანებით ღმერთი მას აბრაამს არქმევს. ღვთის მითითებისამებრ, აბრამი ტოვებს ქალდეველთა ქალაქ ურს და კარავში იწყებს ცხოვრებას იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა მის შთამომავლობას ჰპირდება. რწმენის გამოვლენისა და მორჩილების გამო ის „ღვთის მეგობარი“ ხდება (იაკობი 2:23).
სოდომისა და მის მახლობლად მდებარე ქალაქების ბოროტი მოსახლეობის წინააღმდეგ იეჰოვა ზომებს იღებს; ლოტი და მისი ქალიშვილები ცოცხლები რჩებიან. აბრაამის ვაჟის, ისაკის, დაბადებით, ღმერთი თავის დანაპირებს ასრულებს. წლების შემდეგ აბრაამის რწმენა იცდება, როდესაც იეჰოვა მას ვაჟის მსხვერპლად შეწირვას სთხოვს. აბრაამი მზად არის, შეასრულოს ღვთის მოთხოვნა, მაგრამ მას ანგელოზი აჩერებს. აშკარაა, რომ აბრაამი იეჰოვასადმი რწმენას ავლენს. ღმერთი აღუთქვამს მას, რომ მისი შთამომავლის მეშვეობით ყველა ერს აკურთხებს. საყვარელი მეუღლის, სარას, სიკვდილს აბრაამისთვის დიდი მწუხარება მოაქვს.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
12:1—3. როდის შევიდა ძალაში აბრაამთან დადებული შეთანხმება და რამდენი ხნით? იეჰოვას მიერ აბრაამთან დადებული შეთანხმება, რომ ‘მისი [აბრაამის] მეშვეობით იკურთხებოდა მიწის ყოველი ტომი’, როგორც ჩანს, ძალაში მაშინ შევიდა, როდესაც ქანაანისკენ მიმავალმა აბრაამმა მდინარე ევფრატი გადალახა. ეს უნდა ყოფილიყო ძვ. წ. 1943 წლის 14 ნისანს, ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლებამდე 430 წლით ადრე (გამოსვლა 12:2, 6, 7, 40, 41). აბრაამთან დადებული შეთანხმება „საუკუნო აღთქმაა“. ის მანამდე დარჩება ძალაში, ვიდრე ‘მიწის ყოველი ტომი იკურთხება’ და ღვთის მტრები განადგურდებიან (დაბადება 17:7; 1 კორინთელთა 15:23—26).
15:13. როდის შესრულდა აბრაამის შთამომავალთა 400-წლიანი ჩაგვრის შესახებ წინასწარმეტყველება? ჩაგვრის ეს პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 1913 წელს, როდესაც აბრაამის ვაჟი, ისაკი, დაახლოებით 5 წლის ასაკში ძუძუს მოსწყვიტეს და მისმა 19 წლის ნახევარძმამ, ისმაელმა, ‘დაცინვა’ დაუწყო (დაბადება 21:8—14; გალატელთა 4:29). აღნიშნული პერიოდი ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლებით დასრულდა.
16:2. იყო თუ არა მართებული, რომ სარაიმ აბრამს თავისი მხევალი ჰაგარი (აგარი) მისცა ცოლად? სარაიმ იმოქმედა იმდროინდელი ჩვეულების მიხედვით — უშვილო ქალს ქმრისთვის ხარჭა უნდა მიეცა, რათა მემკვიდრე შესძენოდათ. პირველი მრავალცოლიანი მამაკაცი კაენის შთამომავალი იყო. მოგვიანებით, იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორისაც იყვნენ მრავალცოლიანი მამაკაცები (დაბადება 4:17—19; 16:1—3; 29:21—28). მაგრამ იეჰოვას არასდროს გაუუქმებია თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომ კაცს ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდა (დაბადება 2:21, 22). როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, ნოე და მისი ვაჟები, რომელთაც ღმერთმა გაუმეორა მითითება, რომ ‘ემრავლათ და აევსოთ მიწა’, არ ყოფილან მრავალცოლიანები (დაბადება 7:7; 9:1; 2 პეტრე 2:5). იესო ქრისტემაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაცს ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს (მათე 19:4—8; 1 ტიმოთე 3:2, 12).
19:8. სწორი იყო, რომ ლოტმა სოდომელებს თავისი ქალიშვილები შესთავაზა? აღმოსავლური ტრადიციით, მასპინძელს ევალებოდა, სტუმრების დასაცავად სიცოცხლეც კი გაეღო. ლოტი მზად იყო ამის გასაკეთებლად. ის გაბედულად გამოვიდა გარეთ, სახლის კარი გამოიკეტა და მარტო დარჩა ბრბოს წინაშე. იმ დროს, როცა სოდომელებს თავისი ქალიშვილები შესთავაზა, ალბათ, უკვე ხვდებოდა, რომ მისი სტუმრები ღვთის წარმომადგენლები იყვნენ და ფიქრობდა, რომ ღმერთი დაიცავდა მის ქალიშვილებს ისე, როგორც მისი ბიცოლა, სარა, დაიცვა ეგვიპტეში (დაბადება 12:17—20). მართლაც, ლოტი და მისი ქალიშვილები უბედურებას გადაურჩნენ.
19:30—38. დახუჭა თვალი იეჰოვამ იმაზე, რომ ლოტი დათვრა და თავისი ორი ქალიშვილისგან ვაჟები შეეძინა? იეჰოვა არც სისხლის აღრევაზე ხუჭავს თვალს და არც ლოთობაზე (ლევიანები 18:6, 7, 29; 1 კორინთელთა 6:9, 10). ლოტს ამწუხრებდა სოდომელთა „ლაგამახსნილი ქცევა“ (2 პეტრე 2:6—8). ლოტი ქალიშვილებმა დაათვრეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფხიზელი მათთან სქესობრივ ურთიერთობას არ იქონიებდა. მაგრამ რადგანაც მდგმურები იყვნენ უცხო მხარეში, ქალიშვილები ფიქრობდნენ, რომ სხვაგვარად ლოტის ოჯახს შთამომავალი არ ეყოლებოდა და მათი შტო გაქრებოდა. ეს შემთხვევა ბიბლიაში იმიტომაა მოყვანილი, რომ მოაბელების (მოაბის შთამომავლების) და ყამონელების (ბენ-ყამის შთამომავლების) აბრაამის შთამომავლებთან, ისრაელებთან, ნათესაური კავშირი დაგვანახვოს.
რას ვსწავლობთ:
13:8, 9. აბრაამი უთანხმოების მოგვარების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. ფინანსურ გამორჩენას, პირად ინტერესებსა და სიამაყეს არასდროს უნდა შევწიროთ მშვიდობიანი ურთიერთობები.
15:5, 6. როცა აბრაამი ხანში შედიოდა, ხოლო ვაჟი ჯერ არ ჰყავდა, ამის თაობაზე ღმერთს დაელაპარაკა. თავის მხრივ, იეჰოვამ ანუგეშა ის. რა იყო ამის შედეგი? „ერწმუნა იგი [აბრაამი] უფალს“. ჩვენც განვიმტკიცებთ რწმენას, თუ ლოცვაში გულს გადავუშლით იეჰოვას, ბიბლიის დახმარებით ნუგეშს მივიღებთ მისგან და დავემორჩილებით.
15:16. იეჰოვამ ოთხი თაობის განმავლობაში შეიკავა თავი ამორეველთა (ანუ ქანაანელთა) დასჯისგან. რატომ? იმიტომ რომ მომთმენი ღმერთია. ის ითმენდა, ვიდრე მათი გამოსწორების მცირე იმედი მაინც არსებობდა. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც გვმართებს მოთმინების გამოვლენა.
18:23—33. იეჰოვა განურჩევლად არ ანადგურებს ადამიანებს. ის იცავს მართლებს.
19:16. ლოტი „აყოვნებდა“ და ანგელოზებმა თითქმის ძალით გამოიყვანეს ის და მისი ოჯახის წევრები სოდომიდან. გონივრულია გვახსოვდეს, რომ დრო არ ითმენს და ამ ბოროტი წუთისოფლის აღსასრული მოახლოებულია.
19:26. დიდი უგუნურება იქნებოდა, ყურადღება მოგვედუნებინა ან კვლავ იმისკენ დაგვეწყო ყურება, რაც წუთისოფელში დავტოვეთ!
იაკობი და მისი 12 ვაჟი
აბრაამი ზრუნავს იმაზე, რომ ისაკი რებეკაზე, იეჰოვასადმი რწმენის მქონე პიროვნებაზე, დაქორწინდეს. რებეკა ტყუპებს, ესავსა და იაკობს, აჩენს. ესავი არაფრად აგდებს პირმშოობას. ამ უფლებას იგი მიჰყიდის იაკობს, რომელიც მოგვიანებით მამის კურთხევას იღებს. იაკობი ფადან-არამში ნახულობს თავშესაფარს. იქ ლეასა და რახელზე ქორწინდება და სიმამრის ფარას მწყემსავს დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, ვიდრე წავა სიმამრის ოჯახიდან. ლეასგან, რახელისგან და მათი ორი მსახურისგან იაკობს 12 ვაჟი და ქალიშვილები ჰყავს. იაკობი ანგელოზს ებრძვის და კურთხევას იღებს. ღმერთი მას სახელს უცვლის და ისრაელს არქმევს.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
28:12, 13. რა მნიშვნელობა ჰქონდა იაკობის სიზმარს, რომელშიც მან „კიბე“ იხილა? იაკობმა, შესაძლოა, ზემოთ ამავალი ქვის საფეხურებიანი კიბე იხილა, რაც იმის სიმბოლო იყო, რომ დედამიწასა და ზეცას შორის კავშირი არსებობს. კიბეზე ღვთის ანგელოზების ასვლა და ჩამოსვლა იმაზე მიუთითებს, რომ ანგელოზები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იეჰოვასა და იმ ადამიანებს შორის კავშირის დამყარებაში, რომელთა მიმართაც ღმერთი კეთილგანწყობილია (იოანე 1:51).
30:14, 15. რატომ გაცვალა რახელმა ქმართან დაწოლის შესაძლებლობა მანდრაგორებზე? ძველად მანდრაგორებს მედიცინაში იყენებდნენ, როგორც ნარკოტიკულ და სპაზმოლიზურ საშუალებას. გარდა ამისა, გავრცელებული იყო აზრი, რომ მანდრაგორები ადამიანს სექსუალურად აღაგზნებდა და დაორსულებას უწყობდა ხელს (ქებათა ქება 7:14). ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რა მიზნით უნდოდა რახელს მანდრაგორები, მაგრამ, შესაძლოა, ის ფიქრობდა, რომ მანდრაგორები დაორსულებაში დაეხმარებოდა და აღარ იქნებოდა შერცხვენილი, როგორც უშვილო. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ „გახსნა მისი საშო“ (დაბადება 30:22—24).
რას ვსწავლობთ:
25:23. იეჰოვას შეუძლია ჩანასახის გენეტიკური კოდიც კი განსაზღვროს და ამის მიხედვით წინასწარ შეარჩიოს ის, ვისაც თავისი განზრახვის განსახორციელებლად გამოიყენებს. მაგრამ იეჰოვა წინასწარ არასდროს განსაზღვრავს ადამიანის საბოლოო ბედს (ოსია 12:4; რომაელთა 9:10—12).
25:32, 33; 32:24—29. პირმშოობის უფლების მოპოვების ძლიერი სურვილი და კურთხევის მისაღებად მთელი ღამის განმავლობაში ანგელოზთან შებრძოლება იმაზე მეტყველებდა, რომ იაკობი ნამდვილად აფასებდა იმას, რაც წმინდაა. ჩვენთვის დღეს ბევრი რამ არის წმინდა — მაგალითად, იეჰოვასთან ურთიერთობა, მისი ორგანიზაცია, გამოსასყიდი მსხვერპლი, ბიბლია და სამეფოს იმედი. მოდი იაკობის მსგავსად მოვიქცეთ და დავაფასოთ ეს ყოველივე.
34:1, 30. უბედურება, რომელიც იაკობის ‘დაღუპვის’ მიზეზი გახდა, იმით დაიწყო, რომ დინა დაუმეგობრდა ხალხს, რომელსაც იეჰოვა არ უყვარდა. მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები გონივრულად შევარჩიოთ.
იეჰოვა აკურთხებს იოსებს ეგვიპტეში
იაკობის ვაჟებს შურთ თავიანთი ძმის, იოსების, რის გამოც მონად ჰყიდიან. ეგვიპტეში იოსები ციხეში ხვდება, რადგან ღვთისადმი ერთგულებას ავლენს და გაბედულად იცავს ზნეობრივ ნორმებს. მოგვიანებით ის ციხიდან გამოჰყავთ, რათა ფარაონს განუმარტოს სიზმარი, რომელიც შვიდი მოსავლიანი და შვიდი უმოსავლო წლის დადგომას მოასწავებს. იოსები ეგვიპტის საკვების მარაგის გამგებელი ხდება. მისი ძმები შიმშილობის გამო საკვების საყიდლად ეგვიპტეში ჩადიან. ოჯახის წევრები ერთმანეთს ხვდებიან და ერთად სახლდებიან გოშენის ნაყოფიერ მიწაზე. სიკვდილის წინ იაკობი თავის ვაჟებს აკურთხებს და წარმოთქვამს წინასწარმეტყველებას, რომელიც მათ შემდგომი საუკუნეების განმავლობაში ღვთის მიერ უხვად კურთხევის იმედს აძლევს. იაკობის ძვლები ქანაანში დასაკრძალად გადააქვთ. იოსები 110 წლის კვდება. მის სხეულს ბალზამირებას უკეთებენ, რათა საბოლოოდ აღთქმულ მიწაზე გადაასვენონ (გამოსვლა 13:19).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
43:32. რატომ იყო სისაძაგლე ეგვიპტელთათვის ებრაელებთან ერთად ჭამა? როგორც ჩანს, ძირითადად, ცრურწმენის ან რასობრივი სიამაყის გამო. გარდა ამისა, ეგვიპტელთათვის „სისაძაგლე“ იყო ყოველი მწყემსი (დაბადება 46:34). რატომ? მწყემსები, როგორც ჩანს, ეგვიპტეში საზოგადოების დაბალ ფენას მიეკუთვნებოდნენ; ან შესაძლოა, მიზეზი ის იყო, რომ დასამუშავებლად ვარგისი მიწების სიმცირის გამო ეგვიპტელებს სძულდათ ყველა, ვინც კი საქონლისთვის საძოვრებს ეძებდა.
44:5. ნამდვილად იყენებდა იოსები თასს სამარჩიელოდ? ვერცხლის თასი და ის, რაც მის შესახებ ითქვა, როგორც ჩანს, იოსებმა ჩანაფიქრის განსახორციელებლად გამოიყენა. იოსები იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი იყო. სინამდვილეში, ის არ იყენებდა თასს სამარჩიელოდ, ისევე როგორც ბენიამინს არ მოუპარავს მისი თასი.
49:10. რა მნიშვნელობა აქვს „კვერთხსა“ და მბრძანებლის „არგანს“? კვერთხი საგანგებო ჯოხია, რომელიც ხელთ ეპყრა მმართველს სამეფო ძალაუფლების ნიშნად. მბრძანებლის არგანი გრძელი ჯოხია, რომელიც მისი, როგორც მბრძანებლის, უფლებებზე მიუთითებდა. იაკობის მიერ „კვერთხისა“ და „არგნის“ მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ იუდას ტომი განსაკუთრებული ძალაუფლებით ისარგებლებდა შილოს მოსვლამდე. იუდას ეს შთამომავალი იესო ქრისტეა, რომელიც იეჰოვამ ზეციერი მმართველობის ძალაუფლებით აღჭურვა. ქრისტეს მიცემული აქვს სამეფო ძალაუფლება და მბრძანებლის უფლებები (ფსალმუნები 2:8, 9; ესაია 55:4; დანიელი 7:13, 14).
რას ვსწავლობთ:
38:26. იუდა არასწორად მოექცა თავის დაქვრივებულ რძალს, თამარს. მაგრამ როცა გაირკვა, რომ რძალი მისგან იყო ორსულად, თავმდაბლურად აღიარა დანაშაული. ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა ვაღიაროთ შეცდომები.
39:9. იქიდან, რაც იოსებმა ფოტიფარის ცოლს უთხრა, ვხედავთ, რომ ზნეობასთან დაკავშირებით მისი აზროვნება ღვთის აზროვნებას შეესაბამებოდა და მას სინდისი ღვთის პრინციპებით ჰქონდა განსწავლული. განა ჩვენც ამისკენ არ უნდა ვისწრაფოთ, რაც უფრო მეტად ვიზრდებით ჭეშმარიტების შემეცნებაში?
41:14—16, 39, 40. იეჰოვას შეუძლია სასწაულებრივად შეცვალოს თავის თაყვანისმცემელთა მდგომარეობა. გონივრულია, ნებისმიერ გასაჭირში იეჰოვას მივენდოთ და მისდამი ერთგულება შევინარჩუნოთ.
მათ რწმენა შეინარჩუნეს
აბრაამი, ისაკი, იაკობი და იოსები ნამდვილად ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ. ის, რაც მათი ცხოვრების შესახებ „დაბადებაშია“ ჩაწერილი, რწმენას გვიმტკიცებს და ბევრ რამეს გვასწავლის.
ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ბიბლიის ყოველკვირეული მონაკვეთის კითხვისას. ამ სტატიის დახმარებით თქვენთვის უფრო ცოცხალი გახდება ბიბლიური მონათხრობი.
[სქოლიოები]
a იხილეთ სტატია «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დაბადება“ — I», 2004 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“.
[სურათი 26 გვერდზე]
აბრაამი ღვთისადმი რწმენას ავლენდა.
[სურათი 26 გვერდზე]
იეჰოვამ აკურთხა იოსები.
[სურათი 26 გვერდზე]
ღვთის ერთგული ლოტი და მისი ქალიშვილები ცოცხლები გადარჩნენ.
[სურათი 29 გვერდზე]
იაკობი აფასებდა ყოველივეს, რაც წმინდაა. თქვენც აფასებთ?