პრინციპის დანახვა მოწიფულობას ირეკლავს
ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს. რასაც დათესავ, იმას მოიმკი (1 კორინთელთა 15:33; გალატელთა 6:7). ფიზიკურად თუ სულიერად, თითოეული მტკიცება წარმოადგენს ძირითადი ჭეშმარიტების ნიმუშს — პრინციპს — და თითოეული საფუძველს იძლევა კანონებისთვის. კანონები შეიძლება დროებითი იყოს; ამავე დროს მათ კონკრეტულობა ახასიათებს. მეორე მხრივ, პრინციპები ზოგადია და შეიძლება მარადიულად დარჩეს. ამგვარად, ღვთის სიტყვა აღგვძრავს, სადაც შესაძლებელია, პრინციპების შუქზე ვიაზროვნოთ.
„უებსტერის მესამე ახალი საერთაშორისო ლექსიკონი“ (Webster’s Third New International Dictionary) პრინციპს განმარტავს, როგორც „ზოგად ან ძირითად ჭეშმარიტებას — ამომწურავ და ძირითად წესს, თეორიას ან ვარაუდს, რომლებზეც სხვებია დაფუძნებული ან რომლებიდანაც სხვები გამომდინარეობს“. მაგალითად, ვინმემ ბავშვს შეიძლება დაუდგინოს წესი: „არ უნდა შეეხო ღუმელს“. მაგრამ სრულწლოვანისთვის საკმარისი იქნებოდა თქმა: „ღუმელი ცხელია“. დაუკვირდი, რომ ეს უკანასკნელი უფრო ზოგადადაა ნათქვამი. რადგანაც ის ეხება იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს პიროვნებამ — საჭმელი მოამზადოს, გამოაცხოს ან გამორთოს ღუმელი — გარკვეული გაგებით, პრინციპი ხდება.
რასაკვირველია, ცხოვრების ძირითადი პრინციპები სულიერია; ისინი ეხება ღვთისადმი ჩვენს თაყვანისცემასა და ბედნიერებას. მაგრამ ზოგი უკან იხევს ძალისხმევისგან, რომელიც საჭიროა, რომ პრინციპებს დაუფიქრდე. გადაწყვეტილების მიღების პირისპირ ყოფნისას ისინი წესის მხარდაჭერას ამჯობინებენ. ეს არაბრძნულია და ეწინააღმდეგება ძველი ბიბლიური დროის ერთგული მამაკაცების მიერ დატოვებულ მაგალითს (რომაელთა 15:4).
ღვთიური პრინციპით მოქმედი მამაკაცები
არასრულყოფილი ადამიანებიდან აბელს შეიძლება ეწოდოს ღვთიური პრინციპით მოქმედი უპირველესი მამაკაცი. ის, როგორც ჩანს, ბევრს ფიქრობდა დანაპირებზე ‘თესლის’ შესახებ და ესმოდა, რომ ცოდვისგან გამოსყიდვაში სისხლის შეწირვა შედიოდა (დაბადება 3:15). ამიტომ მან ღმერთს „თავისი ფარის ნათავარი“ შესთავაზა. ფრაზა „რჩეული პირუტყვი“ გვიჩვენებს, რომ აბელმა იეჰოვას ყველაზე საუკეთესო მისცა, რაც გააჩნდა. თუმცა კი ეს იქნებოდა ორი ათასზე მეტი წლის შემდეგ აბელის სიკვდილიდან, რომ ღმერთი პირველად აღნიშნავდა დაწვრილებით მოთხოვნებს შესაწირავებთან დაკავშირებით. პრინციპებით მოქმედი ღვთისმოშიში მამაკაცის, აბელის, საპირისპიროდ, მისმა ძმა კაენმა ზერელედ შესწირა ღმერთს შესაწირავი. შესაწირავთან დაკავშირებული მისი განწყობილება იყო არადამაკმაყოფილებელი რამ, რაც პრინციპის მიხედვით მის უგულობას აჩვენებდა (დაბადება 4:3–5).
ნოეც ღვთიური პრინციპით მოქმედი მამაკაცი იყო. თუმცა ბიბლიური ცნობა გვიჩვენებს, რომ ღმერთმა კონკრეტულად უბრძანა მას კიდობნის აგება, არაფერი წერია სხვებისთვის ქადაგების ბრძანებაზე. მიუხედავად ამისა, ნოეს ეწოდება „სიმართლის მქადაგებელი“ (2 პეტრე 2:5). თუმცა ღმერთმა, ალბათ, უბრძანა ნოეს, რომ ექადაგა, მაინც, უეჭველია, რომ პრინციპის დანახვამ და მოყვასის სიყვარულმაც აღძრა ის ამის გასაკეთებლად. რადგანაც ნოეს დღეების მსგავს დროში ვცხოვრობთ, მივბაძოთ მის შესანიშნავ განწყობილებასა და მაგალითს.
თავისი დროის სამღვდელოებისგან განსხვავებით იესო ხალხს ასწავლიდა, პრინციპების შუქზე ეფიქრათ. მაგალითს მთაზე ქადაგება წარმოადგენს. მისი მთელი აზრი პრინციპებისკენ მოწოდებაა (მათე, 5–7 თავები). იესო ასე ასწავლიდა, რადგან, როგორც მანამდე აბელი და ნოე, ნამდვილად იცნობდა ღმერთს. ის ჭაბუკობისასაც კი პატივს სცემდა ძირითად ჭეშმარიტებას: ‘მხოლოდ პურით კი არა, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი’ (მეორე რჯული 8:3; ლუკა 2:41–47). დიახ, ღვთიური პრინციპებით რომ დადიოდე, ნამდვილად უნდა იცნობდე იეჰოვას, მის განზრახვებს და იმას, რაც მას მოსწონს ან არ მოსწონს. როცა ღმერთთან დაკავშირებული ეს საფუძვლები მართავს ჩვენს ცხოვრებას, ისინი, ფაქტობრივად, ცხოვრების პრინციპები ხდება (იერემია 22:16; ებრაელთა 4:12).
პრინციპები და გული
შეიძლება დაემორჩილო კანონს, უბრალოდ, უხალისოდ, მაგალითად, ურჩობისთვის დასჯის შიშით. მაგრამ პრინციპთან შეწყობა გამორიცხავს ასეთ განწყობილებას, რადგან პრინციპების მთელი არსი ისაა, რომ მათით ხელმძღვანელობა გულიდან მომდინარეობს. ყურადღება მიაქციე იოსების მაგალითს, რომელიც, აბელისა და ნოეს მსგავსად, მოსეს რჯულის კავშირის დადგენამდე ცხოვრობდა. როცა პოტიფარის ცოლი მის შეცდენას ცდილობდა, იოსებმა უპასუხა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ დიახ, იოსებმა იცოდა პრინციპი, რომ ცოლ-ქმარი ‘ერთ ხორცს’ წარმოადგენს (დაბადება 2:24; 39:9).
დღეს წუთისოფელი მოკლებულია სამართლიან პრინციპებს. ის ვერ ძღება დამნაშავეობითა და უზნეობით. არსებობს საშიშროება, რომ ქრისტიანი ცდუნდეს და კბილი გაჰკრას — შესაძლებელია, ფარულად — იმავე მავნებელ საჭმელს: კინო- და ვიდეოფილმებს ან წიგნებს. ამიტომ რა საქებარია, როცა, მსგავსად იოსებისა, უარს ვამბობთ ცუდზე პრინციპის შესაბამისად და გვახსოვს, რომ მომავალ ‘დიდ გასაჭირში’ ღმერთი მხოლოდ ურყევად ერთგულებს დაიცავს (მათე 24:21). დიახ, უმთავრესია, რას წარმოვადგენთ განმარტოებით, და არა სახალხოდ, — ეს აჩვენებს, რას წარმოვადგენთ შინაგანად სინამდვილეში (ფსალმუნი 10:4; იგავნი 15:3).
აქედან გამომდინარე, თუ ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, ღვთის კანონებში არ დავიწყებთ ვითომცდა გამოსაძრომის ძებნას; არც იმის დანახვას ვეცდებით, სადამდე შეგვიძლია წასვლა, სანამ მართლა არ დავარღვევთ გარკვეულ კანონს. ასეთი აზროვნება განწირულია; საბოლოოდ ის ზიანს მოგვიტანს.
გაიხედე კანონის მიღმა
რასაკვირველია, კანონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტიანის ცხოვრებაში. ისინი ჩვენს დამცველ გუშაგს ჰგავს და მათს დედაარსში მრავალი მნიშვნელოვანი პრინციპია. ამ პრინციპების გაუგებრობამ შეიძლება გაანელოს მონათესავე კანონებისადმი სიყვარული. ეს აჩვენა ძველმა ისრაელმა ერმა.
ღმერთმა ისრაელს მისცა ათი მცნება, რომელთაგანაც პირველი კრძალავდა იეჰოვას გარდა ნებისმიერი სხვა ღვთის თაყვანისცემას. ამ კანონის მიღმა ძირითადი ჭეშმარიტება ისაა, რომ იეჰოვამ შექმნა ყოველივე (გამოსვლა 20:3–5). მაგრამ ცხოვრობდა ერი ამ პრინციპის თანახმად? იეჰოვა თვითონ იძლევა პასუხს: „[ისრაელები] ხეს. . . ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან [მე, იეჰოვას,] ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე“ (იერემია 2:27). რა უგულო და უპრინციპო საქციელია! და როგორ ატკინა ამან გული იეჰოვას! (ფსალმუნი 77:40, 41; ესაია 63:9, 10).
ქრისტიანებსაც აქვთ ღვთისგან მომდინარე კანონები. მაგალითად, ისინი უნდა მოერიდონ კერპთაყვანისმცემლობას, სექსუალურ უზნეობასა და სისხლის არასწორად გამოყენებას (საქმეები 15:28, 29). ამაზე ფიქრისას შეგვიძლია დავინახოთ საფუძვლად დადებული პრინციპები, როგორიცაა: ღმერთი იმსახურებს ჩვენგან განსაკუთრებულ ერთგულებას; ერთგულები უნდა ვიყოთ მეუღლის მიმართ; და იეჰოვამ მოგვცა სიცოცხლე (დაბადება 2:24; გამოსვლა 20:5, აქ; ფსალმუნი 35:10). თუ გვესმის და ღრმად ვაფასებთ ამ მითითებების მიღმა არსებულ პრინციპებს, ვხედავთ, რომ ისინი ჩვენს საკეთილდღეოდაა (ესაია 48:17). ჩვენთვის ღვთის „მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3).
თუმცა ერთ დროს ისრაელებმა უგულებელყვეს ღვთის მცნებები, იესოს დროისთვის „მწიგნობარნი“ მეორე უკიდურესობაში ჩაცვივდნენ. მათ აღმართეს წესებისა და ტრადიციების მთა, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობას დაბრკოლებას უქმნიდა და ღვთიურ პრინციპებს მარხავდა (მათე 23:2). ხალხი დაემორჩილა წარუმატებლობას, უიმედობასა თუ პირმოთნეობას (მათე 15:3–9). და ადამიანის მიერ შექმნილი მრავალი წესი არაადამიანური იყო. გამხმარ ხელიანი კაცის განკურნება რომ დააპირა, იესომ იქ მყოფ ფარისევლებს ჰკითხა: ‘ნებადართულია შაბათ დღეს კეთილის კეთება?’ მათი დუმილში „არა“ ჩანდა და იესო ‘დამწუხრდა მათი გულქვაობით’ (მარკოზი 3:1–6). ფარისევლები შაბათს შეიძლება მისულიყვნენ გასაჭირში მყოფი ან დაზიანებული შინაური ცხოველის (ფინანსური ღირებულების მქონე) დასახმარებლად, მაგრამ არასოდეს მამაკაცის ან ქალის — თუ ეს არ ეხებოდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. სინამდვილეში, ისინი იმდენად იყვნენ შეპყრობილი ადამიანური წესებითა და ფორმალობებით, რომ ჭიანჭველების მსგავსად, რომლებიც ნახატის გარშემო დარბიან, მათ ვერ დაინახეს მთელი სურათი — ღვთიური პრინციპები (მათე 23:23, 24).
მაგრამ გულწრფელი გულის მქონე ახალგაზრდებსაც კი შეუძლიათ პატივი მიაგონ იეჰოვას ბიბლიური პრინციპების დანახვით. ცამეტი წლის რებეკას მასწავლებელმა კლასს ჰკითხა, თუ ვინ ითამაშებდა აზარტულ თამაშებს. უმეტესობამ უარი თქვა. მაგრამ სხვადასხვა სიტუაციების მოხსენიების შემდეგ რებეკას გარდა ყველამ აღიარა, რომ ითამაშებდა ამა თუ იმ აზარტულ თამაშს. მასწავლებელმა რებეკას ჰკითხა, იყიდდა თუ არა 20-ცენტიან ლატარიის ბილეთს, მომგებიანი რომ ყოფილიყო. რებეკამ უარი უთხრა და მოუყვანა ბიბლიური მიზეზები, თუ რატომ იქნებოდა ამის გაკეთება აზარტული თამაშის სახეობა. მაშინ მასწავლებელმა მთელ კლასს უთხრა: «ჩემი აზრით, რებეკა აქ ერთადერთია, ვისაც აქვს, როგორც მე ვუწოდებ, „პრინციპები“ სიტყვის ნამდვილი გაგებით». დიახ, რებეკას შეეძლო უბრალოდ ეპასუხა, „ეს ჩემს რელიგიას ეწინააღმდეგებაო“, მაგრამ ის ამაზე უფრო ღრმად ფიქრობდა; მან უპასუხა, რატომაა აზარტული თამაშები არასწორი და რატომ ამბობს უარს მათში მონაწილეობაზე.
აბელის, ნოეს, იოსებისა და იესოს მაგალითები გვიჩვენებს, როგორ სარგებლობას ვნახულობთ ღვთის თაყვანისცემაში ‘გონიერების’ გამოყენებით (იგავნი 2:11; რომაელთა 12:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ქრისტიანი უხუცესები კარგს აკეთებენ, როცა ‘მათთვის მიბარებული ღვთის სამწყსოს მწყემსვისას’ იესოს ბაძავენ (1 პეტრე 5:2). როგორც იესომ ცხადყო, ღვთიური პრინციპების მოყვარულები არიან ისინი, რომლებიც ხარობენ იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების ქვეშევრდომობით (ესაია 65:14).