ბიბლიის კანონი
თავდაპირველად, ებრაული სიტყვა კანე (ლერწამი) სიგრძის საზომს ერქვა (ეზკ. 40:3—8; 41:8; 42:16—19). პავლე მოციქულმა სიტყვა კანონ ერთხელ გამოიყენა იმ ტერიტორიის აღსანიშნავად, რომელიც ღმერთმა მას მიუზომა, მეორედ კი — „წესის“ ანუ „ქცევის ნორმის“ აღსანიშნავად, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს საკუთარი საქციელი უნდა შეეფასებინათ (2კრ. 10:13—16; გლ. 6:16). სახელი „ბიბლიის კანონი“ ეწოდა ღვთივშთაგონებით დაწერილი წიგნების კრებულს, რომელიც იმსახურებდა, ჩათვლილიყო რწმენის, სწავლებისა და ქცევის ნორმების ეტალონად (იხ. ბიბლია).
ბიბლიის ღვთივშთაგონებულობის ან კანონიკურობის დასამტკიცებლად მხოლოდ ის არ კმარა, რომ ის რელიგიური წიგნია, საუკუნეებს გაუძლო და მილიონობით ადამიანი პატივს სცემს. მისი ღვთივშთაგონებულობის საჩვენებლად საჭიროა იმის დამტკიცება, რომ მისი ავტორი ღმერთია. მოციქული პეტრე წერდა: „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2პტ. 1:21). ბიბლიის კანონში შემავალი წიგნების გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ისინი ყოველმხრივ შეესაბამება ზემოხსენებულ კრიტერიუმს.
ებრაული წერილები. ბიბლიის წერა მოსემ დაიწყო ძვ. წ. 1513 წელს. მოსემ პირველ წიგნებში შემოგვინახა რჩევები და მითითებები, რომლებიც ღმერთმა ადამს, ნოეს, აბრაამს, ისაკსა და იაკობს მისცა, და კანონის შეთანხმება. მოსეს ხუთწიგნეულში შედის წიგნები: დაბადება, გამოსვლა, ლევიანები, რიცხვები და მეორე კანონი. როგორც ჩანს, მოსემ დაწერა იობის წიგნიც, რომელიც ეხება პერიოდს იოსების სიკვდილიდან (ძვ. წ. 1657) იმ დრომდე, ვიდრე მოსე ღვთისადმი ერთგულებას დაამტკიცებდა, ანუ იმ პერიოდს, როცა არავინ იყო იობის მსგავსი დედამიწაზე (იობ. 1:8; 2:3). მოსემ აგრეთვე დაწერა 90-ე ფსალმუნი და შესაძლოა 91-ე ფსალმუნიც.
თავად მოსეს წიგნების შინაარსი მეტყველებს, რომ ისინი უეჭველად ღვთივშთაგონებული, კანონიკური და ღვთის თაყვანისმცემლობისთვის სარწმუნო სახელმძღვანელოა. მოსე თავისი ინიციატივით არ გამხდარა ისრაელი ერის წინამძღოლი; თავიდან ის უარს ამბობდა დავალების შესრულებაზე (გმ. 3:10, 11; 4:10—14). ის ღმერთმა აირჩია და მისი მეშვეობით მოახდინა სასწაულები, რომელთა გამოც ფარაონის გრძნეულ ქურუმებსაც კი მოუწიათ იმის აღიარება, რომ მოსე ღვთის წარგზავნილი იყო (გმ. 4:1—9; 8:16—19). მოსეს არ ჰქონდა იმის ამბიცია, რომ ორატორი და მწერალი ყოფილიყო. ღვთის მითითების მორჩილებამ და წმინდა სულისგან მიღებულმა უფლებამოსილებამ აღძრა ის, ჯერ ხალხისთვის გადაეცა ღვთის სიტყვები, შემდეგ კი დაეწერა. საბოლოოდ, მისი წიგნები ბიბლიის ნაწილი გახდა (გმ. 17:14).
იეჰოვამ თავად მოგვცა იმის მაგალითი, რომ კანონები და მითითებები დაწერილიყო. სინას მთაზე მოსესთან საუბრის დასრულების შემდეგ იეჰოვამ მას „მისცა მოწმობის ორი ფილა, ღვთის თითით ნაწერი ქვის ფილები“ (გმ. 31:18). მოგვიანებით «უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩაიწერე ეს სიტყვები“» (გმ. 34:27). აქედან გამომდინარე, თავად იეჰოვა აწვდიდა მოსეს ინფორმაციას და ეუბნებოდა, ჩაეწერა ის და შეენახა ეს წიგნები, რომლებიც ბიბლიის კანონის პირველი ხუთი წიგნი გახდა. ამ წიგნების კანონიკურობა რომელიმე საეკლესიო კრებამ კი არ დაადგინა, ისინი თავიდანვე ღვთისგან იყო მოწონებული.
„როგორც კი ბოლომდე ჩაწერა წიგნში მოსემ ამ კანონის სიტყვები“, უბრძანა ლევიანებს: „აიღეთ ეს კანონის წიგნი და იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმების კიდობნის გვერდით დადეთ; ის იქნება მოწმე თქვენ წინააღმდეგ“ (კნ. 31:9, 24—26). აღსანიშნავია, რომ ისრაელმა სარწმუნოდ მიიჩნია ღვთის საქმეების შესახებ მოსეს ჩანაწერები. თუმცა ეს წიგნები ხშირად ერს უარყოფით შუქში წარმოაჩენდა და ხალხს შეიძლებოდა იმის სურვილი გასჩენოდა, რომ შესაძლებლობისთანავე უარეყოთ ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, ეს საკითხი არასდროს წამოჭრილა.
მოსეს გარდა, ღმერთმა მღვდლებსაც დაავალა, დაეცვათ ეს ჩანაწერები და ხალხისთვის ესწავლებინათ. როცა კიდობანი ხუთწიგნეულის წერის დაწყებიდან თითქმის 500 წლის შემდეგ სოლომონის ტაძარში დადგეს (ძვ. წ. 1026), ქვის ორი ფილა ჯერ კიდევ კიდობანში იდო (1მფ. 8:9). აქედან 384 წლის შემდეგ, იოშიას მეფობის მე-18 წელს (ძვ. წ. 642), როცა კანონის წიგნი იეჰოვას სახლში იპოვეს, მას კვლავაც დიდად აფასებდნენ (2მფ. 22:3, 8—20). მსგავსად, ბაბილონის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ „დიდი სიხარული იყო გამეფებული“, როცა რვადღიანი შეკრების დროს ეზრა კანონის წიგნს უკითხავდა ხალხს (ნემ. 8:5—18).
მოსეს სიკვდილის შემდეგ წმინდა წერილებს შეემატა იესო ნავეს ძის, სამუელის, გადისა და ნათანის მიერ დაწერილი წიგნები („იესო ნავეს ძე“, „მსაჯულები“, „რუთი“, „პირველი სამუელი“ და „მეორე სამუელი“). მეფეების, დავითისა და სოლომონის, ნაწარმოებებიც შეემატა წმინდა წერილების კანონს. შემდეგ ბიბლიის კანონში შევიდა წინასწარმეტყველთა წიგნები „იონადან“ „მალაქიას“ ჩათვლით. ამ წიგნების თითოეულ დამწერს ღვთისგან წინასწარმეტყველების სასწაულებრივი ძღვენი ჰქონდა და თითოეული აკმაყოფილებდა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველისთვის იეჰოვას მიერ დადგენილ მოთხოვნებს: ლაპარაკობდა იეჰოვას სახელით, მისი წინასწარმეტყველება სრულდებოდა და ხალხს ღმერთთან დაბრუნებაში ეხმარებოდა (კნ. 13:1—3; 18:20—22). როდესაც ხანანია და იერემია ბოლო ორ საკითხში გამოიცადნენ (ორივე იეჰოვას სახელით ლაპარაკობდა), მხოლოდ იერემიას სიტყვები შესრულდა. შედეგად ცხადი გახდა, რომ იერემია იყო იეჰოვას წინასწარმეტყველი (იერ. 28:10—17).
ვინაიდან იეჰოვამ შთააგონა ამ მამაკაცებს მისი სიტყვების ჩაწერა, ლოგიკურია, რომ ის უხელმძღვანელებდა და თვალყურს მიადევნებდა ამ შთაგონებული წერილების შეგროვებასა და შენახვას, რათა ადამიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მუდმივი და სარწმუნო ნიმუში ჰქონოდათ. იუდაური ტრადიციის მიხედვით, გადასახლებულ იუდეველთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეზრამაც შეიტანა თავისი წვლილი ამ საქმეში. ის მართლაც მზად იყო ამ საქმის შესასრულებლად, რადგან ბიბლიის ერთ-ერთი ღვთივშთაგონებული დამწერი, მღვდელი და „მოსეს კანონის დახელოვნებული გადამწერი“ იყო (ეზრ. 7:1—11). ამის შემდეგ ბიბლიის კანონს მხოლოდ ნეემიასა და მალაქიას წიგნები დაემატა. ასე რომ, ძვ. წ. მეხუთე საუკუნის მიწურულისთვის ებრაული წერილების კანონს უკვე საბოლოო სახე ჰქონდა მიღებული და იმავე წიგნებს შეიცავდა, რომლებიც დღეს მიეკუთვნება ებრაულ წერილებს.
ებრაული წერილების კანონს ტრადიციულად სამ ნაწილად ყოფდნენ: კანონი, წინასწარმეტყველები და წერილები (ჰაგიოგრაფები). როგორც თანდართული ცხრილიდან ჩანს, მასში 24 წიგნი შედიოდა. ზოგი ებრაელი სწავლული ებრაულ წერილებს 22 წიგნად ყოფდა, რადგან „რუთს“ „მსაჯულებთან“ აერთიანებდა, „გოდებას“ კი — „იერემიასთან“. ამგვარად, წიგნების რაოდენობა ემთხვეოდა ებრაულ ანბანში შემავალი ასოების რაოდენობას. თუმცა იერონიმე იწონებდა ებრაული წერილების 22 წიგნად დაყოფას, სამუელისა და მეფეების წიგნების წინასიტყვაობაში აღნიშნა: „ზოგის აზრით, რუთისა და გოდების წიგნებიც ჰაგიოგრაფებს უნდა მიეკუთვნებოდეს ... ამგვარად გამოდის 24 წიგნი“.
დაახლოებით ახ. წ. 100 წელს ებრაელმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა მოწინააღმდეგეებისთვის დაწერილ საპასუხო ნაშრომში დაადასტურა, რომ ებრაული წერილების კანონმა დიდი ხნის წინ მიიღო საბოლოო სახე. ის წერდა: „ჩვენ არა გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის უამრავი წიგნი. ჩვენი წიგნები, რომლებიც სამართლიანად არის აღიარებული, მხოლოდ ოცდაორია და ისინი დროის ყველა მონაკვეთს მოიცავს. აქედან ხუთი მოსეს წიგნია. მათში მოცემულია კანონები და ტრადიციული ისტორია ადამიანის გაჩენიდან კანონმდებლის სიკვდილამდე ... ისტორია მოსეს სიკვდილიდან არტაქსერქსემდე, რომელიც სპარსეთში ქსერქსეს შემდეგ გამეფდა, მოსეს შემდგომმა წინასწარმეტყველებმა გადმოგვცეს ცამეტ წიგნში. დანარჩენ ოთხ წიგნში ღვთისთვის მიძღვნილი საგალობლები და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო დარიგებებია“ (Against Apion, I, 38—40 [8]).
ბიბლიის წიგნების კანონიკურობა არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ არის დამოკიდებული იმაზე, აღიარებს თუ არა მათ რომელიმე საეკლესიო კრება, კომიტეტი თუ საზოგადოება. ამ ადამიანებს, რომლებიც ღვთივშთაგონებულები არ არიან, შეუძლიათ მხოლოდ დაადასტურონ ის, რაც ღმერთმა თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით უკვე მოიმოქმედა.
ებრაულ წერილებში შემავალი წიგნების არც რაოდენობა (ორი წიგნი ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე) და არც თანმიმდევრობა არ არის გადამწყვეტი, ვინაიდან ებრაული წერილების კანონის დამტკიცების შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე ეს წიგნები კვლავ ცალკეულ გრაგნილებად იყო შემონახული. ძველ კატალოგებში ბიბლიის წიგნები სხვადასხვა თანმიმდევრობით გვხვდება, მაგალითად, ერთ ჩამონათვალში ესაიას წიგნი ეზეკიელის წინასწარმეტყველებას მოსდევს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი წიგნები შედის ამ კანონში. სინამდვილეში, მხოლოდ ჩვენამდე მოღწეულ კანონში შემავალ წიგნებზე შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, რომ კანონიკურია. ძველი დროიდანვე კანონში ახალი წიგნების შეტანის მცდელობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. დაახლოებით ახ. წ. 90 და 118 წლებში იავნეში (იგივე იამნია, რომელიც იოპეს სამხრეთით მდებარეობდა) ჩატარებულ ორ კრებაზე ებრაული წერილების განხილვის დროს იუდეველებმა ერთხმად უარყვეს ყველა აპოკრიფული წიგნი.
იოსებ ფლავიუსი ადასტურებს აპოკრიფულ წიგნებზე იუდეველთა ზოგად შეხედულებას: „დაიწერა სრული ისტორია არტაქსერქსეს დროიდან ჩვენს დრომდე, მაგრამ მან ვერ მოიპოვა ძველი ჩანაწერების მსგავსი აღიარება, რადგან წინასწარმეტყველთა ხაზი გაწყვეტილი იყო. ჩვენ საქმით დავადასტურეთ წმინდა წერილებისადმი ჩვენი პატივისცემა. მართალია, საუკუნეები გავიდა, მაგრამ არ გვქონია მცდელობა, თუნდაც ერთი მარცვალი დაგვემატებინა, მოგვეკლო ან შეგვეცვალა. ყველა ებრაელი დაბადებიდანვე მათ ღვთის მცნებებად მიიჩნევს, იცავს და, თუ საჭიროა, თავსაც სიხარულით გასწირავს მათთვის“ (Against Apion, I, 41, 42 (8)).
ებრაული წერილების კანონის მიმართ იუდეველთა მრავალსაუკუნოვანი მიდგომა რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩანს პავლეს მიერ რომაელებისთვის მიწერილი წერილიდან. მოციქული წერდა, რომ იუდეველებს „ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ“, რაშიც ბიბლიის კანონში შემავალი წიგნების წერაც და დაცვაც იგულისხმება (რმ. 3:1, 2).
ადრინდელმა საეკლესიო კრებებმა (ლაოდიკეა, ახ. წ. 367; ქალკედონია, ახ. წ. 451) და ე. წ. ეკლესიის მამებმა ღვთის წმინდა სულით დადასტურებული ბიბლიის კანონი კი არ დაადგინეს, არამედ აღიარეს. მათ ერთსულოვნად მიიღეს დამკვიდრებული იუდაისტური კანონი და უარყვეს აპოკრიფული წიგნები. მათ შორის იყვნენ: აპოლოგეტი იუსტინე წამებული (გარდაიცვალა დაახლ. ახ. წ. 165), სარდისის ეპისკოპოსი მელიტო (ახ. წ. მეორე საუკუნე), თეოლოგი ორიგენე (ახ. წ. 185?—254?) პუატიეს ეპისკოპოსი ილარი (გარდაიცვალა ახ. წ. 367?), კონსტანციის ეპისკოპოსი ეპიფანე (ეპისკოპოსი გახდა ახ. წ. 367), გრიგოლ ნაზიანზელი (ახ. წ. 330?—389?), სწავლული და ორიგენეს მთარგმნელი რუფინუს აკვილეალელი (ახ. წ. 345?—410) და ლათინური ეკლესიის თეოლოგი და ვულგატის შემდგენელი იერონიმე (ახ. წ. 340?—420). სამუელისა და მეფეების წიგნების წინასიტყვაობაში ებრაული წერილების 22 წიგნის ჩამოთვლის შემდეგ იერონიმემ აღნიშნა: „თუ რომელიმე წიგნი აქ მოხსენიებული არ არის, ის აპოკრიფებს უნდა მივაკუთვნოთ“.
ებრაული წერილების კანონიკურობის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება არის იესო ქრისტესა და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერების სარწმუნო სიტყვები. მართალია, მათ არასდროს დაუსახელებიათ წიგნების ზუსტი რაოდენობა, მაგრამ მათი სიტყვებიდან დანამდვილებით ჩანს, რომ ებრაული წერილების კანონში აპოკრიფული წიგნები არ შედიოდა.
თუ წმინდა წერილების განსაზღვრული კრებული არ იყო ცნობილი და აღიარებული არც მათ მიერ და არც მათი მსმენელისა თუ მკითხველის მიერ, მაშინ ისინი არ უწოდებდნენ მათ „წმინდა წერილებს“ (მთ. 22:29; სქ. 18:24; რმ. 1:2; 2ტმ. 3:15), „კანონს“, რომელშიც ხშირად მთელი წმინდა წერილი იგულისხმებოდა (ინ. 10:34; 12:34; 15:25) და „კანონსა და წინასწარმეტყველთა წიგნებს“, რაშიც ზოგადად ყველა ებრაული წერილი იგულისხმებოდა და არა მხოლოდ მისი პირველი ორი ნაწილი (მთ. 5:17; 7:12; 22:40; ლკ. 16:16). როცა პავლემ თქვა, „კანონში წერია“, მან ციტატა ესაიას წინასწარმეტყველებიდან მოიყვანა (1კრ. 14:21; ეს. 28:11).
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერძნული სეპტუაგინტის ორიგინალ ხელნაწერებში აპოკრიფული წიგნები ყოფილიყო შესული (იხ. აპოკრიფი). მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა იესოს დროს გავრცელებული სეპტუაგინტის ასლებში ასეთი საეჭვო წარმოშობის ხელნაწერები ყოფილიყო, იესოსა და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებს არ მოჰყავდათ ციტატები ამ ხელნაწერებიდან, თუმცა სეპტუაგინტას ჩვეულებრივ იყენებდნენ. ისინი არასდროს მოიხსენიებდნენ აპოკრიფულ წერილებს „წმინდა წერილებად“ ან წმინდა სულით დაწერილად. მათ ღვთივშთაგონებულობაზე არ მოწმობს თავად აპოკრიფული წიგნების შინაარსი; ამას არ ადასტურებენ არც ებრაული წერილების ღვთივშთაგონებული დამწერები და არც იესო და ღვთისგან უფლებამოსილი მოციქულები. მაგრამ იესო აღიარებდა ებრაულ კანონს და მთელ ებრაულ წერილებს გულისხმობდა, როცა ლაპარაკობდა იმაზე, რაც „მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში“ ეწერა. ფსალმუნები იყო პირველი და მოცულობით ყველაზე დიდი წიგნი ებრაული წერილების იმ ნაწილში, რომელსაც ჰაგიოგრაფები ეწოდა (ლკ. 24:44).
აღსანიშნავია იესოს სიტყვებიც, რომლებიც ჩაწერილია მათეს 23:35-ში (აგრეთვე ლუკა 11:50, 51): „რათა მოგეწიოთ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი, მართალი აბელის სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც საწმინდარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით“. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წინასწარმეტყველი ურია მოკლეს იეჰოიაკიმის მეფობის დროს, ანუ იეჰოაშის მეფობის ბოლო წლებში ზაქარიას მკვლელობიდან ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ (იერ. 26:20—23). თუ იესოს ყველა წამებულის მოხსენიება უნდოდა, მაშინ რატომ არ თქვა „აბელიდან ურიამდე“? როგორც ჩანს იმიტომ, რომ ზაქარიას შემთხვევა ჩაწერილია 2 მატიანის 24:20, 21-ში, ანუ ტრადიციული დაყოფის მიხედვით, ებრაული კანონის ბოლო ნაწილში. ამ გაგებით იესო გულისხმობდა ყველა იეჰოვას მოწმეს, რომლებიც მოკლეს და ებრაულ წერილებში იყო მოხსენიებული, კერძოდ, ებრაული წერილების პირველ წიგნში („დაბადება“) მოხსენიებული აბელიდან ბოლო წიგნში („მატიანე“) მოხსენიებული ზაქარიას ჩათვლით. ეს იგივე იქნებოდა, დღეს რომ გვეთქვა, „დაბადებიდან გამოცხადებამდე“.
ქრისტიანულ-ბერძნული წერილები. ებრაული წერილების მსგავსად მოხდა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კანონში შემავალი 27 წიგნის წერა და შეგროვება. ქრისტემ „მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით ... ზოგი — მოციქულად, ზოგი — წინასწარმეტყველად, ზოგი — მახარობლად, ზოგი — მწყემსად და მასწავლებლად“ (ეფ. 4:8, 11—13). ღვთის წმინდა სულის დახმარებით ამ მამაკაცებმა ქრისტიანულ კრებას გადასცეს ჯანსაღი სწავლება და შესახსენებლად გაუმეორეს ბევრი რამ, რაც უკვე ეწერა წმინდა წერილებში (2პტ. 1:12, 13; 3:1; რმ. 15:15).
არაბიბლიური წყაროები ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ ახ. წ. 90-100 წლებში პავლეს წერილებიდან სულ მცირე 10 წერილი იყო ერთ კრებულად გაერთიანებული. ცხადია, რომ ქრისტიანებმა მალევე დაიწყეს ღვთივშთაგონებული ქრისტიანული წერილების ერთად თავმოყრა.
ერთ-ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ „პირველი საუკუნის მიწურულს რომის ეპისკოპოსი კლემენტი კარგად იყო გაცნობილი კორინთის ეკლესიისთვის პავლეს მიერ მიწერილ წერილს. მოგვიანებით ანტიოქიის ეპისკოპოს იგნატისა და სმირნის ეპისკოპოს პოლიკარპეს წერილებიდან ჩანს, რომ პავლეს წერილები საკმაოდ გავრცელებული იყო მეორე საუკუნის დასაწყისში [ახ. წ. 110—120]“ (The International Standard Bible Encyclopedia, ჯ. ბრომილის რედაქციით, 1979, ტ. 1, გვ. 603). ამ ადრინდელ მწერლებს — კლემენტ I რომაელს (ახ. წ. 30?—100?), პოლიკარპეს (ახ. წ. 69?—155?) და იგნატი ანტიოქიელს (ახ. წ. I-ის ბოლო და II-ის დასაწყისი) ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვადასხვა წიგნიდან მოჰყავდათ ციტატები და მონაკვეთები, რაც ცხადყოფს, რომ მათ კარგად იცოდნენ ეს კანონიკური წერილები.
იუსტინე წამებულმა (გარდაიცვალა დაახლ. ახ. წ. 165) მათეს ციტირებისას გამოიყენა სიტყვა „დაწერილია“ ისევე, როგორც სახარებებში ებრაული წერილების ციტირებისას იყო გამოყენებული. იმავეს თქმა შეიძლება უფრო ადრე დაწერილ ანონიმურ ნაშრომ „ბარნაბას ეპისტოლეზე“. იუსტინე წამებულმა თავის ნაშრომში „მოციქულთა მემუარებს“ სახარებები უწოდა (The Ante-Nicene Fathers, ტ. I, გვ. 220 (Dialogue With Trypho, a Jew, XLIX), გვ. 139 (The Epistle of Barnabas, IV), გვ. 185, 186 (The First Apology, LXVI, LXVII)).
თეოფილე ანტიოქიელმა (ახ. წ. II) თქვა: „კანონით დადგენილი სიმართლის შესახებ ადასტურებდნენ წინასწარმეტყველები და სახარებების დამწერები, ვინაიდან ყველანი ღვთის სულით შთაგონებულნი ლაპარაკობდნენ“. შემდეგ თეოფილე იყენებს ფრაზებს: „სახარებაში ნათქვამია“ (მთ. 5:28, 32, 44, 46-ისა და 6:3-ის ციტირებისას) და „ღვთის სიტყვა გვირჩევს“ (1ტმ. 2:2-ისა და რმ. 13:7, 8-ის ციტირებისას) (The Ante-Nicene Fathers, 1962, ტ. II, გვ. 114, 115 (Theophilus to Autolycus, XII, XIII)).
ახ. წ. II საუკუნის ბოლოსთვის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კანონი უკვე დადგენილი იყო და მასში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. ირინეოსისთვის, კლემენტ ალექსანდრიელისა და ტერტულიანესთვის ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ისეთივე ავტორიტეტული იყო, როგორც ებრაული წერილები. ირინეოსმა იმის დასანახვებლად, რომ მისი აზრები წმინდა წერილებზე იყო დაფუძნებული, სულ მცირე 200 ციტატა მოიყვანა პავლეს წერილებიდან. კლემენტის სიტყვების თანახმად, ის თავის მოწინააღმდეგეებს პასუხობდა „წმინდა წერილებიდან, რომელთა სარწმუნოობის გარანტიას მათი ყოვლისშემძლე ავტორი იძლევა“, ანუ „კანონიდან, წინასწარმეტყველებიდან და მადლმოსილი სახარებიდან“ (The Ante-Nicene Fathers, ტ. II, გვ. 409 (The Stromata, or Miscellanies)).
ზოგმა ეჭვი შეიტანა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ზოგიერთი წიგნის კანონიკურობაში, მაგრამ ამის დასამტკიცებლად მათ ძლიერი არგუმენტები არ გააჩნიათ. რომელიმე წიგნის, მაგალითად, ებრაელებისთვის მიწერილი წერილის მხოლოდ იმის გამო უარყოფა, რომ მასში პავლეს სახელი არ მოიხსენიება და ოდნავ განსხვავდება მისი წერილებისგან, ძალიან სუსტი არგუმენტია. ბრუკ უესტკოტმა აღნიშნა, რომ ამ „წერილის კანონიკურობა პავლეს ავტორობაზე არ არის დამოკიდებული“ (The Epistle to the Hebrews, 1892, გვ. lxxi). ავტორის არცოდნა წიგნის უარყოფის საფუძვლიანი მიზეზი არ არის. ამაზე მოწმობს ის, რომ ებრაელებისთვის მიწერილი წერილი პავლეს სხვა რვა წერილთან ერთად შესულია ჩესტერ ბიტის პაპირუს №2-ში (P46) (სავარაუდოდ დაიწერა პავლეს სიკვდილიდან 150-წლიან შუალედში).
ზოგჯერ პატარა წიგნების, მაგალითად, იაკობის, იუდას, იოანეს მეორე და მესამე წერილებისა და პეტრეს მეორე წერილის კანონიკურობას ეჭვქვეშ აყენებენ იმიტომ, რომ ადრინდელი მწერლები ნაკლებად ციტირებდნენ ამ წიგნებიდან. ვინაიდან ისინი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების მხოლოდ ოცდამეთექვსმეტედს შეადგენს, ციტატების მოყვანის ალბათობაც ნაკლები იყო. აღსანიშნავია, რომ ირინეოსი ციტირებდა პეტრეს მეორე წერილს და ისეთივე კანონიკურად მიიჩნევდა, როგორც ბერძნული წერილების დანარჩენ წიგნებს. იმავეს თქმა შეიძლება იოანეს მეორე წერილზეც (The Ante-Nicene Fathers, ტ. I, გვ. 551, 557, 341, 443 (Irenæus Against Heresies)). ზოგი გამოცხადების წიგნის კანონიკურობასაც ეჭვქვეშ აყენებდა, თუმცა არაერთი ადრინდელი თეოლოგი, მაგალითად, პაპიასი, იუსტინე წამებული, მელიტო და ირინეოსი მის კანონიკურობას ადასტურებდნენ.
კანონიკურობის ნამდვილი მაჩვენებელი ის არ არის, რამდენჯერ ციტირებდნენ ამა თუ იმ წიგნიდან და მოციქულების გარდა რომელი მწერლები ციტირებდნენ; წიგნის ღვთივშთაგონებულობას მისი შინაარსი უნდა ადასტურებდეს. ის არ უნდა უჭერდეს მხარს ცრურწმენას, დემონიზმს და არ უნდა უბიძგებდეს ქმნილების თაყვანისცემისკენ. სრულად უნდა ეთანხმებოდეს ბიბლიის დანარჩენ წიგნებს და ამგვარად ცხადყოფდეს, რომ მისი ავტორი იეჰოვა ღმერთია. თითოეული წიგნი უნდა შეესაბამებოდეს ღვთისგან მომდინარე „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“ და უნდა ეთანხმებოდეს იესო ქრისტეს სწავლებებსა და საქმეებს (2ტმ. 1:13; 1კრ. 4:17). აშკარაა, რომ მოციქულები ღვთისგან უფლებამოსილნი იყვნენ და ისინი ბიბლიის სხვა დამწერების, მაგალითად, ლუკასა და იესოს ნახევარძმა იაკობის ღვთივშთაგონებულობას ადასტურებდნენ. წმინდა სულის დახმარებით მოციქულებს შეეძლოთ „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების“ გარჩევა, ანუ ჰქონდათ უნარი, გაერჩიათ, იყო თუ არა ისინი ღვთისგან (1კრ. 12:4, 10). როცა ბოლო მოციქული, იოანე გარდაიცვალა, ღვთისგან შთაგონებული მამაკაცების ხაზიც გაწყდა. ამგვარად, ბიბლიის კანონი „გამოცხადების“, იოანეს სახარებისა და მისი წერილების დაწერით დასრულდა.
ბიბლიის 66 კანონიკური წიგნის ურთიერთშეთანხმებულობა ადასტურებს, რომ ბიბლია არის ერთი მთლიანი, სრული წიგნი და იეჰოვას მიერ შთაგონებული ჭეშმარიტების სიტყვა, რომელმაც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენამდე მოაღწია (1პტ. 1:25). ბიბლიის კანონში შემავალი 66 წიგნის სრული ჩამონათვალი, მათი დამწერების სახელები, წერის დასრულების თარიღები და ის, თუ რა პერიოდს მოიცავს თითოეული წიგნი, იხილეთ ჩარჩო „ბიბლიის წიგნების ჩამონათვალი მათი დასრულების თარიღის მიხედვით“ სტატიაში ბიბლია (იხ. აგრეთვე სტატიები ბიბლიის თითოეულ წიგნზე).
[ჩანართი]
წმინდა წერილების იუდაისტური კანონი
კანონი წინასწარმეტყველები წერილები
(ჰაგიოგრაფები)
1. დაბადება 6. იესო ნავეს ძე 14. ფსალმუნები
2. გამოსვლა 7. მსაჯულები 15. იგავები
3. ლევიანები 8. 1, 2 სამუელი 16. იობი
4. რიცხვები 9. 1, 2 მეფეები 17. ქებათა ქება
5. მეორე კანონი 10. ესაია 18. რუთი
11. იერემია 19. გოდება
12. ეზეკიელი 20. ეკლესიასტე
13. თორმეტი წინასწარმეტყველი 21. ესთერი
(ოსია, იოელი, ამოსი, აბდია, 22. დანიელი
იონა, მიქა, ნაუმი, აბაკუმი, 23. ეზრა, ნეემია
სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია) 24. 1, 2 მატიანე