ღვინო და მაგარი სასმელები
ამა თუ იმ სახის ღვინის აღსანიშნავად ებრაულ და ბერძნულ წერილებში სხვადასხვა სიტყვაა გამოყენებული: ებრ. თიროშ (დბ. 27:28, 37; ოს. 2:8, 9, 22), ებრ. ხემერ (კნ. 32:14; ეს. 27:2), მისი არამეული შესატყვისი ხამარ (დნ. 5:1, 2, 4, 23) და ბერძნული გლევკოს (სქ. 2:13). ყველაზე ხშირად ებრაულ წერილებში გამოყენებულია ჲაჲინ. ის პირველად გვხვდება დაბადების 9:20—24-ში, რომელიც მოგვითხრობს ნოეს შესახებ, რომელმაც წარღვნის შემდეგ ვენახი გააშენა და დათვრა თავისი ვენახის ღვინით. ბერძნული ენოს (ებრაული ჲაჲინის შესატყვისი) პირველად გვხვდება იმ მონაკვეთში, სადაც იესო საუბრობს ძველ ტიკებში ახალი, სანახევროდ დადუღებული ღვინის ჩასხმის არაგონივრულობაზე, რადგან დუღილით წარმოქმნილი წნევა ხეთქავს ტიკებს (მთ. 9:17; მრ. 2:22; ლკ. 5:37, 38).
ებრაული სიტყვა შექარ ბროწეულის, ფინიკის, ლეღვის ან სხვა ხილისგან დამზადებულ მათრობელ სასმელს აღნიშნავს (რც. 28:7; კნ. 14:26; ფს. 69:12). ქებათა ქების 8:2-ში ებრაული ʽასის ბროწეულის „ახალგამოწურული წვენის“ მნიშვნელობით გვხვდება, სხვა მუხლებში კი ღვინის მნიშვნელობით (ეს. 49:26; იოლ. 1:5). ებრაული სოვეʼ შეიძლება ლუდსაც ნიშნავდეს (ეს. 1:22; ნამ. 1:10).
მეღვინეობა. პალესტინაში რთველი აგვისტო-სექტემბერში იწყებოდა იმისდა მიხედვით, რა კლიმატი იყო ამა თუ იმ მხარეში და რა ჯიშის ყურძენი ხარობდა. რთველი, ფაქტობრივად, მოთავებული იყო კარვობის დღესასწაულამდე, რომელიც ადრეულ შემოდგომაზე იწყებოდა (კნ. 16:13). მოკრეფილ ყურძენს კირქვის ჭურჭელში ან საწნახელში ყრიდნენ და სიმღერ-სიმღერით ფეხით სრესდნენ (ეს. 16:10; იერ. 25:30; 48:33). ყურძნის ფეხით დაწურვა შედარებით ფაქიზი მეთოდი იყო, რადგან კანი, კლერტი და წიპწა ნაკლებად იჭყლიტებოდა და ნაკლები ტანინი გამოიდენებოდა. შედეგად მიიღებოდა მაღალი ხარისხის და სასიამოვნო დასალევი ღვინო (ქბ. 7:9). ზოგჯერ ყურძნის დასაწურავად მძიმე ქვებსაც იყენებდნენ (იხ. საწნახელი, საწური).
ყურძნის პირველი ნაჟურისგან, თუ მას ძლიერი დაწნეხვის შედეგად მიღებულ წვენს არ შეურევენ, რჩეული და ძვირფასი ღვინო გამოდის. დაწურვიდან ექვს საათში, როცა წვენი ჯერ კიდევ საწნახელშია, ის დუღილს იწყებს, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ნატურალურ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა 8—16%-ია, თუმცა სპირტის დამატების შემთხვევაში, ალკოჰოლის შემცველობა იზრდება. თუ შაქრის შემცველობა ყურძენში დაბალია, წვენის დადუღებას დიდი დრო სჭირდება, ხოლო თუ ღვინო არ არის კარგად დაცული ჟანგვისგან, ძმრად გადაიქცევა (რთ. 2:14).
ღვინოს დოქებსა და ტიკებში აძველებდნენ (იერ. 13:12). ჭურჭელი ისე უნდა ყოფილიყო დაცული, რომ ნახშირორჟანგი (დუღილის დროს შაქრის ალკოჰოლად გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი მეორეული პროდუქტი) თავისუფლად გამოსულიყო გარეთ, ხოლო გარედან ჟანგბადი არ შესულიყო და ღვინო არ დაძმარებულიყო (იობ. 32:19). ხელუხლებლად დატოვებული ღვინო ნელ-ნელა იწმინდებოდა, თხლე ძირზე ილექებოდა და ღვინო სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენდა (ლკ. 5:39). ამის შემდეგ ღვინოს სხვა ჭურჭელში ასხამდნენ (ეს. 25:6; იერ. 48:11; იხ. თხლე).
მოხმარება. ღვინოს უხსოვარი დროიდან საჭმელთან ერთად მიირთმევდნენ (დბ. 27:25; ეკ. 9:7). ის ხშირად მოიხსენიება პურთან და სხვა საკვებთან ერთად (1სმ. 16:20; ქბ. 5:1; ეს. 22:13; 55:1). მელქისედეკმა პური და ღვინო გამოუტანა აბრაამს (დბ. 14:18—20). იესო ზოგჯერ ღვინოს საჭმელთან ერთად სვამდა (მთ. 11:19; ლკ. 7:34). ღვინის გარეშე ნადიმი (ესთ. 1:7; 5:6; 7:2, 7, 8), ქორწილი (ინ. 2:2, 3, 9, 10; 4:46) და სხვა საზეიმო შეკრებები წარმოუდგენელი იყო (1მტ. 12:39, 40; იობ. 1:13, 18). ჭირნახულის სამეფო საცავი სავსე იყო ღვინით (1მტ. 27:27; 2მტ. 11:11), რომელიც მეფეთა და გამგებელთა სუფრას არ აკლდა (ნემ. 2:1; 5:15, 18; დნ. 1:5, 8, 16). ღვინო ხშირად თან მიჰქონდათ მოგზაურებს (იეს. 9:4, 13; მსჯ. 19:19).
ღვინო, როგორც ფართო მოხმარების პროდუქტი, სავაჭრო საქონელი გახდა (ნემ. 13:15). ქებულ ღვინოებად ითვლებოდა ხელბონისა (სპარსეთის მეფეები საყვარელი სასმელი) და ლიბანის ღვინოები (ეზკ. 27:18; ოს. 14:7). ტაძრის მშენებლობის დროს ტყისმჭრელებს შრომას ღვინითაც უნაზღაურებდნენ (2მტ. 2:8—10, 15). ის შესანიშნავ საჩუქრად ითვლებოდა (1სმ. 25:18; 2სმ. 16:1, 2). ღვინო შედიოდა მღვდლებისა და ლევიანების შესანახად გაღებულ მეათედ შესაწირავში (კნ. 18:3, 4; 2მტ. 31:4, 5; ნემ. 10:37, 39; 13:5, 12). ღვინო იმ საუკეთესო პროდუქტებს შორის იყო, რომლებსაც იეჰოვას სწირავდნენ (გმ. 29:38, 40; ლვ. 23:13; რც. 15:5, 7, 10; 28:14; 1სმ. 1:24; 10:3; ოს. 9:4).
ღვინო არ ყოფილა პირველი საპასექო სუფრის ნაწილი, ის მოგვიანებით, სავარაუდოდ, ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ დაამატეს. როცა იესომ მოციქულებთან ერთად უკანასკნელი პასექი აღნიშნა, სუფრაზე იდგა ღვინო, რომელიც მან თავისი სიკვდილის სამახსოვრო დღის დასაწესებლად გამოიყენა. „ყურძნის სისხლი“, წითელი ღვინო, იესოს მსხვერპლად გაღებული სისხლის შესაფერისი სიმბოლოა. იმ საღამოს იესომ ღვინოს „ვაზის ნაყოფი“ უწოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რთველი უკვე შვიდი თვის მოთავებული იყო, დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ სუფრაზე მათ დადუღებული ყურძნის წვენი, ნამდვილი ღვინო ჰქონდათ (დბ. 49:11; მთ. 26:18, 27—29).
ექიმი ლუკა მოგვითხრობს იესოს ერთ-ერთი იგავის შესახებ, რომელშიც ღვინო სამკურნალო, კერძოდ, ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო საშუალებად მოიხსენიება (ლკ. 10:34). მისი დალევა კარგია კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი პრობლემის დროს. პავლემ ტიმოთეს ურჩია: „წყალს ნუღარ დალევ. ცოტა ღვინო დალიე კუჭისთვის და ხშირი ავადმყოფობის გამო“ (1ტმ. 5:23). ეს რჩევა სამედიცინო თვალსაზრისითაც გამართლებულია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი სალვატორე ლუჩია წერს: „ძველთაგანვე ღვინო გავრცელებული სასმელი და სამკურნალო საშუალება იყო ... ის ერთ-ერთია იმ თითებზე ჩამოსათვლელი პროდუქტებიდან, რომლებსაც სამკურნალო მიზნით ფართოდ იყენებდნენ“ (Wine as Food and Medicine, 1954, გვ. 5; იხ. დაავადებები და მკურნალობა).
არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ალკოჰოლური სასმელი ტვინის მასტიმულირებელი საშუალებაა, სინამდვილეში კი ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს. „მიეცით მათრობელი სასმელი მას, ვისაც სიკვდილი ელის, ღვინო კი მას, ვინც სულგამწარებულია“. ღვინო სულგამწარებულს იმიტომ კი არ ეძლევა, რომ უფრო ცხადად შეიგრძნოს თავისი უბედურება, არამედ, როგორც იგავი ამბობს, რომ დაივიწყოს თავისი გასაჭირი (იგ. 31:6, 7). რომაელებს ჩვეულებად ჰქონდათ სიკვდილმისჯილ დამნაშავეთათვის ტკივილის შესამსუბუქებლად გამაბრუებელი ღვინის მიცემა. ალბათ, ამიტომ მიაწოდეს რომაელმა ჯარისკაცებმა ძელზე გაკრულ იესოს გამაბრუებელი ღვინო (მრ. 15:23).
ღვინო ერთ-ერთია იმ უამრავი ძღვნიდან, რაც იეჰოვამ ადამიანს უბოძა. მას „მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელი“ ეწოდება. ის კაცს კარგ გუნებაზე აყენებს (ფს. 104:15; ესთ. 1:10; 2სმ. 13:28; ეკ. 2:3; 10:19; ზქ. 10:7). ამიტომ იყო, რომ დანიელი გლოვის დროს ღვინოს არ სვამდა (დნ. 10:2, 3). ბიბლიაში ხშირად ვხვდებით გამოთქმას: „საკუთარი ვაზისა და ლეღვის ქვეშ ჯდომა“. „ვაზი“ ღვინის უხვი მარაგის სიმბოლოა და იეჰოვას სამართლიანი მმართველობის დროს გამეფებულ კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე მიუთითებს (1მფ. 4:25; 2მფ. 18:31; ეს. 36:16; მქ. 4:4; ზქ. 3:10). ღვინო მოხსენიებულია იმ წინასწარმეტყველებებში, რომლებიც ისრაელი ერისა და მართალი კაცობრიობის აღორძინებას ეხება (იოლ. 3:18; ამ. 9:13, 14; ზქ. 9:17).
ზომიერი მოხმარება. ბიბლია ყველაფერში ზომიერებისკენ მოგვიწოდებს. თაფლი რომ თაფლია, ისიც კი მავნეა ზომაზე მეტი (იგ. 25:27). იმავეს თქმა შეიძლება ღვინოსა და სხვა მაგარ სასმელებზე — ისინი ზომიერად უნდა იქნეს მიღებული. ზომაგადასული სმა და სმასთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპების უგულებელყოფა იეჰოვას გულისწყრომას იწვევს. მსმელი შეიძლება აღვირახსნილობას მიეცეს, რისი ბოლოც სიკვდილია. ბიბლია გადამეტებული სმის შესახებ გაფრთხილებას პირდაპირ თუ მაგალითებით იძლევა (იგ. 23:29—31; იხ. სიმთვრალე).
ზოგჯერ ალკოჰოლის მიღება, თუნდაც მცირე რაოდენობით, არ არის მიზანშეწონილი და ვნებს ჯანმრთელობას. ზოგი მათრობელი სასმლისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ სხვები არ დააბრკოლოს, რაც თავის მხრივ, სიყვარულისა და სხვების აზრის გათვალისწინების მაჩვენებელია (რმ. 14:21).
იეჰოვამ მღვდლებსა და ლევიანებს კარავსა თუ ტაძარში მსახურების დროს მათრობელი სასმლის დალევა აუკრძალა. ამ კანონის დარღვევისთვის ისინი სიკვდილით დაისჯებოდნენ (ლვ. 10:8, 9; ეზკ. 44:21). სხვა დროს მათ შეეძლოთ სასმლის დალევა, ოღონდ ზომიერად (1მტ. 9:29). ღვთის მოთხოვნით სასმლის დალევა ნაზირსაც ეკრძალებოდა ნაზირობის დროს (რც. 6:2—4, 13—20; ამ. 2:12). ვინაიდან სამსონი დაბადებიდან ნაზირი უნდა ყოფილიყო, დედამისი ორსულობის დროს არც ღვინოს და არც სხვა მათრობელ სასმელს არ უნდა გაჰკარებოდა (მსჯ. 13:4, 5, 7, 14). არც მეფეებს და არც უმაღლეს მოხელეებს თავიანთი მოვალეობების შესრულების დროს ღვინის სმა არ შეჰფეროდათ. „რომ არ დალიონ და არ დაივიწყონ, რაც დადგენილია, და არ დაამახინჯონ გაჭირვებულთა საქმე“ (იგ. 31:4, 5). ქრისტიანული კრების ზედამხედველები არ უნდა იყვნენ ლოთები. მომსახურეები „სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ... ღვინოს მიძალებულები“ (1ტმ. 3:3, 8).
სიმბოლური მნიშვნელობა. ძველი ბაბილონი, რომელიც ზოგჯერ იეჰოვას სადამსჯელო იარაღი იყო, ხალხებს „ღვინით“ — იეჰოვას რისხვით ათრობდა (იერ. 51:7). იეჰოვას მოწინააღმდეგეები დაიტეხდნენ ღვთის სამართლიან რისხვას, რაც „აქაფებულ ღვინოსთან“, „რისხვის ღვინოსთან“, „რისხვის მძვინვარების ღვინოსთან“ არის შედარებული (ფს. 75:8; იერ. 25:15; გმც. 14:10; 16:19). „დიდი ბაბილონი“ თავისი სულიერი „სიძვის ღვინით“ ათრობს ერებს (გმც. 14:8; 17:2; 18:3, 13).