უზენაესობა
უმაღლესი ძალაუფლებისა და ძალის ფლობა; მმართველის, მეფის, იმპერატორისა თუ მისთ. მმართველობა, ბატონობა. ძალაუფლება, რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ქვეყნის ხელისუფლებას.
ებრაულ წერილებში ხშირად გვხვდება სიტყვა ʼადონაი, ხოლო ფრაზა ʼადონაი ჲეჰვიჰ — 285-ჯერ. ʼადონაი მრ. ფორმაა სიტყვისა ʼადონ, რომელიც ნიშნავს უფალს, ბატონს. მრ. რ-ში მდგარი ʼადონიმ გამოიყენება ადამიანების მიმართ მათი სიმრავლის აღსანიშნავად, მაგალითად, „ბატონები“. მაგრამ სიტყვა ʼადონაი სუფიქსის გარეშე ბიბლიაში ყოველთვის ღვთის მიმართ გამოიყენება. ამ შემთხვევაში მრ. რ. აღმატებულობასა და დიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. მთარგმნელები ამ სიტყვას უმეტესწილად „უფლად“ თარგმნიან. როცა ეს სიტყვა ღვთის სახელთან გვხვდება (ʼადონაი ჲეჰვიჰ), მაგალითად, ფსალმუნის 73:28-ში, ეს ფრაზა ნათარგმნია როგორც „უფალი ღმერთი“ (სსგ, ბსგ [72:28]), „უფალი, ჩემი ბატონი“ (Kx [72:28]), „უფალი იეჰოვა“ (Yg) და „უზენაესი უფალი იეჰოვა“ (აქ). მოფატის თარგმანში ფსალმუნების 47:9-ში, 138:5-სა და 150:2-ში გამოყენებულია სიტყვა „უზენაესი“, მაგრამ არა ʼადონაის ეკვივალენტად.
ბერძნული სიტყვა დესპოტეს ნიშნავს უმაღლეს მმართველს, რომლის ხელთ არის განუსაზღვრელი უფლებები და შეუზღუდველი ძალაუფლება (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 3, გვ. 18, 46). ეს სიტყვა ითარგმნება როგორც „უფალი“, „ბატონი“ და „პატრონი“, ხოლო როცა ღვთისადმი მიმართვაში გამოიყენება, მაგალითად ლუკას 2:29-ში, საქმეების 4:24-სა და გამოცხადების 6:10-ში, ნათარგმნია როგორც „უფალო“ (სსგ, KJ, Yg და სხვ.), „ხელმწიფეო“ (აფ), „ყოვლისმპყრობელო“ (Kx), „უზენაესო უფალო“ (აქ). რაც შეეხება გამოცხადების 6:10-ს, ნოქსის თარგმანში, „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“, მოფატის თარგმანსა და „გადამუშავებულ სტანდარტულ თარგმანში“ გვხვდება როგორც „უზენაესი უფალი“, ხოლო იანგის თარგმანსა და „სამეფოს სტრიქონობრივ თარგმანში“ როგორც „ბატონი“.
ებრაულ და ბერძნულ ტექსტებში არ გვხვდება უზენაესობის აღმნიშვნელი კონკრეტული სიტყვა, მაგრამ ამ აზრს სიტყვები ʼადონაი და დესპოტეს გადმოსცემს, როცა იეჰოვა ღმერთთან მიმართ გამოიყენება, რადგან მისი ძალაუფლების აღმატებულობაზე ამახვილებს ყურადღებას.
იეჰოვას უზენაესობა. იეჰოვა ღმერთი სამყაროს უზენაესი („ქვეყნიერების უზენაესი“, ფს. 47:9, Mo) მმართველია, რადგან ის შემოქმედია, ღვთაებრივია და აღმატებულია როგორც ყოვლისშემძლე (დბ. 17:1; გმ. 6:3; გმც. 16:14). მისია ყველაფერი, ის არის ყოველი ძალაუფლებისა და ძალის წყარო და უზენაესი ხელისუფალი (ფს. 24:1; ეს. 40:21—23; გმც. 4:11; 11:15). ფსალმუნმომღერალი ღვთის შესახებ მღეროდა: „იეჰოვამ განამტკიცა თავისი ტახტი ზეცაში და მისი მეფობა ყველგან ვრცელდება“ (ფს. 103:19; 145:13). იესოს მოწაფეები ღმერთს ლოცვაში მიმართავდნენ: „უზენაესო უფალო, შენ შექმენი ცა და დედამიწა“ (სქ. 4:24, აქ, Mo). ისრაელი ერის შემთხვევაში სამივე ძალაუფლება — სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი — ღვთის ხელში იყო. წინასწარმეტყველი ესაია წერდა: „იეჰოვაა ჩვენი მოსამართლე, იეჰოვაა ჩვენთვის წესების დამდგენი, იეჰოვაა ჩვენი მეფე; ის გვიხსნის“ (ეს. 33:22). მეორე კანონის 10:17-ში მოსე შთამბეჭდავად აღგვიწერს ღვთის უზენაესობას.
ვინაიდან იეჰოვა უზენაესია, მას აქვს იმის ძალაუფლება, რომ მართვის უფლება სხვებსაც მისცეს. მან ისრაელის მეფედ დავითი აირჩია. ბიბლია მოიხსენიებს დავითის სამეფოს, თითქოს ეს სამეფო მისი იყო. მაგრამ უზენაეს მმართველად დავითი იეჰოვას აღიარებდა: „შენია, იეჰოვა, სიდიადე, ძლევამოსილება, მშვენება, აღმატებულობა და ღირსება, რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე! შენია სამეფო, იეჰოვა, შენ ყველაზე ამაღლებული ხარ, როგორც მთავარი!“ (1მტ. 29:11).
მიწიერი მმართველები. უზენაესმა უფალმა იეჰოვამ დაუშვა, რომ ხალხთა მმართველებს ჰქონოდათ ძალაუფლება, ოღონდ შეზღუდული. პოლიტიკურ მმართველებს ძალაუფლება ღვთისგან არ მიუღიათ და შესაბამისად ისინი ღვთისაგან ბოძებული ძალაუფლებით არ მოქმედებენ, რაც კარგად ჩანს გამოცხადების 13:1, 2-დან, სადაც ნათქვამია, რომ შვიდთავიანმა და ათრქიანმა მხეცმა „ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ დრაკონისგან, სატანა ეშმაკისგან მიიღო (გმც. 12:9; იხ. მხეცები, სიმბოლური).
ღმერთმა დაუშვა დედამიწაზე მმართველობის სხვადასხვა ფორმის არსებობა. მაგრამ აღსანიშნავია, რა აღიარა ერთ-ერთმა ძლიერმა მეფემ, რომელიც თავად დარწმუნდა იეჰოვას უზენაესობაში: „მისი [ღვთის] მმართველობა მარადიული მმართველობაა და მისი სამეფო თაობიდან თაობაშია. დედამიწის ყველა მკვიდრი არარაობაა. ის თავისი ნებისამებრ ექცევა ზეციერ ლაშქარსა და დედამიწის მკვიდრთ. ვერავინ შეაკავებს მის ხელს და ვერავინ ეტყვის, რას აკეთებო“ (დნ. 4:34, 35).
შესაბამისად, ვიდრე ადამიანურ მთავრობებს ღვთის ნებით ეძლევა არსებობის საშუალება, ძალაში რჩება მითითება, რომელიც მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს მისცა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“. მოციქული ხსნის, რომ როცა მთავრობები სჯიან ბოროტმოქმედთ, ამ შემთხვევაში უმაღლესი ხელისუფალნი (თუმცაღა ისინი არ არიან ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები) გარკვეულწილად ღვთის მსახურების როლს ასრულებენ, რადგან რისხვით იძიებენ შურს ბოროტმოქმედებზე (რმ. 13:1—6).
მართალია, ამ ხელისუფალთ „ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“, მაგრამ როგორც ბიბლიიდან ჩანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მთავრობები ღმერთმა შექმნა, ან ის მხარს უჭერს მათ. ის უბრალოდ ისე წარმართავს მათ ქმედებებს, რომ მის იმ განზრახვას მოემსახუროს, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ მის მსახურებს უკავშირდება. მოსე წერდა: „როცა უზენაესმა სამკვიდრო მისცა ერებს, როცა დააცალკევა ადამის ძეები, საზღვრები დაუდგინა ხალხებს ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ“ (კნ. 32:8).
ღვთის გამეფებული ძე. იერუსალიმში „იეჰოვას ტახტზე“ (1მტ. 29:23) მჯდომი უკანასკნელი მეფის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში იხილა, თუ როგორ დაინიშნებოდა ღვთის ძე მეფედ. ამ ხილვიდანაც კარგად ჩანს იეჰოვას მდგომარეობა. ის აღწერილია, როგორც ძველი დღეთა, რომელიც თავის ძეს გადასცემს მმართველობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვხედავდი ღამის ხილვებში: აი, ცის ღრუბლებზე მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის მსგავსი. მას ძველ დღეთასთან მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს. მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დნ. 7:13, 14). თუ ამ მუხლებს მათეს 26:63, 64-ს შევადარებთ, დავინახავთ, რომ დანიელის ხილვაში მოხსენიებული „კაცის ძე“ იესო ქრისტეა. სწორედ მას მიეცა იეჰოვას წინაშე წარდგომისა და მმართველობის უფლება (შდრ. ფს. 2:8, 9; მთ. 28:18).
იეჰოვას უზენაესობა საკამათო გახდა. ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით ბოროტება თითქმის კაცობრიობის ხნისაა. ყველა ადამიანი კვდება. ხალხი სულ უფრო მეტს სცოდავს და აშავებს ღვთის წინაშე (რმ. 5:12, 15, 16). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ადამიანს სრულყოფილი დასაბამი მისცა. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვები: მაშ, საიდან გაჩნდა ცოდვა, არასრულყოფილება და ბოროტება? რატომ მისცა ყოვლისშემძლე ღმერთმა ამ ყველაფერს საუკუნეების განმავლობაში არსებობის უფლება? პასუხი დაკავშირებულია იმ საკამათო საკითხთან, რომელიც ღვთის უზენაესობას და, ამავე დროს, მთელ კაცობრიობას ეხება.
რას მოელის ღმერთი თავისი მსახურებისგან. საუკუნეების განმავლობაში იეჰოვა ღმერთი სიტყვითა თუ საქმით ამტკიცებს, რომ მოსიყვარულე, მწყალობელი, სრულყოფილად სამართლიანი და გულმოწყალეა თავის მსახურთა მიმართ (გმ. 34:6, 7; ფს. 89:14; იხ. წყალობა; სიმართლე). ის უმადურთა და ბოროტთა მიმართაც ავლენს სიკეთეს (მთ. 5:45; ლკ. 6:35; რმ. 5:8). მას ახარებს, რომ მის უზენაესობას სიყვარული უდევს საფუძვლად (იერ. 9:24).
ღმერთს სურს, მის შექმნილ დედამიწაზე ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც მას იმიტომ ემსახურებიან, რომ უყვართ ის და აფასებენ მის თვისებებს. მათ პირველ რიგში ღმერთი უნდა უყვარდეთ და შემდეგ მოყვასი (მთ. 22:37—39). მათ უნდა უყვარდეთ იეჰოვას უზენაესობა, აფასებდნენ და სხვა ყველაფერზე წინ აყენებდნენ (ფს. 84:10). სრული დამოუკიდებლობაც რომ მიეცეთ, მათ მაინც იეჰოვას უზენაესობა უნდა აირჩიონ, რადგან იციან, რომ მისი მმართველობა ყველაზე ბრძნული, სამართლიანი და კარგია (ეს. 55:8—11; იერ. 10:23; რმ. 7:18). ისინი ღმერთს იმიტომ არ ემსახურებიან, რომ აშინებთ მისი ძალა ან საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. მათ უყვართ სიმართლე, სამართლიანობა და სიბრძნე და ხედავენ მის დიდებულებასა და სიკეთეს (ფს. 97:10; 119:104, 128, 163). ისინი იზიარებენ მოციქული პავლეს აზრს: «ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები! „ვინ შეიცნო იეჰოვას გონება? ან ვინ გახდა მისი მრჩეველი?“ ან „ვინ მისცა მას პირველმა, რომ უკან დაუბრუნოს?“ მისგან, მისით და მისთვის არის ყველაფერი. მას დიდება მარადიულად. ამინ» (რმ. 11:33—36).
მათ გაიცნეს ღმერთი. ღვთის კარგად გაცნობა კი იმაში გამოიხატება, რომ მათ უყვართ ის და მისი უზენაესობის ერთგულნი არიან. მოციქული იოანე წერდა: „ვინც ერთობაში რჩება მასთან, არ სცოდავს. მას, ვინც სცოდავს, არც უხილავს იგი და არც შეუცნია ... ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1ინ. 3:6; 4:8). იესო მამას ყველაზე უკეთ იცნობდა. მან თქვა: „ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა. ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს გაუმჟღავნოს“ (მთ. 11:27).
როცა არ გამოავლინეს სიყვარული და მადლიერება. იეჰოვას უზენაესობა საკამათო გახადა მან, ვისაც საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ღვთის უზენაესობის სიკეთე. ის იყო ღვთის სულიერი ქმნილება, ანგელოზი, რომელმაც არ დააფასა და არ გაიღრმავა ღვთის შესახებ ცოდნა და უფრო მეტად არ შეიყვარა იგი. როცა ღმერთმა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, დაასახლა დედამიწაზე, ამ ბოროტმა ანგელოზმა ისარგებლა შემთხვევით, რათა ღვთის უზენაესობაზე იერიში მიეტანა. პირველ რიგში, ის შეეცადა, რომ ევა, შემდეგ კი ადამი განდგომოდა (რაც წარმატებით გამოუვიდა) ღვთის უზენაესობას. ის იმედოვნებდა, რომ თავად ჩამოაყალიბებდა უზენაეს ხელისუფლებას, რითაც ღმერთს მეტოქეობას გაუწევდა.
ევა, რომელთანაც მაცდური პირველად მივიდა, არ აფასებდა თავის შემოქმედსა და ღმერთს. მან არ გამოიყენა ღვთის გაცნობის შესაძლებლობა. მან მოუსმინა არა უზენაესს, არამედ ადამიანზე დაბლა მდგომ გველს, რომლის უკან სინამდვილეში ურჩი ანგელოზი იდგა. ბიბლიაში გადაკვრითაც კი არ არის ნათქვამი, რომ ევას გაუკვირდა გველის საუბრის გაგონება. მასში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ „გველი ყველაზე ფრთხილი იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა“ (დბ. 3:1). ბიბლია არც იმას გვეუბნება, შეჭამა თუ არა გველმა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის“ ნაყოფი და შეექმნა თუ არა ევას ისეთი შთაბეჭდილება, რომ გველი მოლაპარაკე და გონიერი ამის წყალობით გახდა. ურჩმა ანგელოზმა გველი გამოიყენა ევასთან სასაუბროდ და „დამოუკიდებლობა“ შესთავაზა, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნე“ გახდებოდა. მან ევა იმაშიც კი დაარწმუნა, რომ არ მოკვდებოდა (დბ. 2:17; 3:4, 5; 2კრ. 11:3).
შემოქმედისა და მზრუნველი ღმერთისადმი მადლიერება და სიყვარული არც ადამმა გამოავლინა. როცა ევა ღმერთს ეურჩა, ადამმა ცოლს აუბა მხარი, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ღვთის ერთგული დარჩენილიყო. როგორც ჩანს, მან დაკარგა ღვთისადმი ნდობა და იმის რწმენა, რომ ღმერთი არაფერს მოაკლებდა თავის ერთგულ მსახურს (შეადარეთ, რა უთხრა იეჰოვამ დავითს ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვის შემდეგ 2სმ. 12:7—9-ში). ადამი, როგორც ჩანს, გაუნაწყენდა იეჰოვას, რაც მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, როცა ღმერთმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი მოსთხოვა: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“ (დბ. 3:12). მართალია, ევასგან განსხვავებით ადამს არ დაუჯერებია „გველის“ ნათქვამი, რომ არ მოკვდებოდნენ, მაგრამ ადამმაც და ევამაც შეგნებულად გადადგეს ეს თვითნებური ნაბიჯი და ღმერთს დაუპირისპირდნენ (1ტმ. 2:14).
ადამი ვერ იტყოდა, „ღმერთი მცდისო“, რადგან ამ შემთხვევაში გამართლდა შემდეგი პრინციპი: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკ. 1:13—15). ამგვარად, სამმა ურჩმა — ანგელოზმა, ევამ და ადამმა — ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება ბოროტად გამოიყენა და უცოდველობა შეგნებულად ჩადენილ ცოდვას ანაცვალა (იხ. სრულყოფილება; ცოდვა).
საკამათო საკითხი. რა გახდა საკამათო? ვის მოსცხო ჩირქი და შეურაცხყო მოგვიანებით სატანა ეშმაკად წოდებული ანგელოზის მიერ წამოჭრილმა საკამათო საკითხმა, რომელსაც თავისი ურჩობით ადამმაც დაუჭირა მხარი? ეჭვი შეიტანა სატანამ იმაში, რომ იეჰოვა უზენაესი იყო? ემუქრებოდა საფრთხე ღვთის უზენაესობას? არა. იეჰოვას უზენაესი ძალაუფლება და ძალა აქვს, რასაც ვერც ზეცაში და ვერც დედამიწაზე ვერავინ წაართმევს (რმ. 9:19). საკამათო ის გახდა, იყო თუ არა ღმერთი კანონიერად, სამართლიანად და დამსახურებულად უზენაესი ხელისუფალი, ანუ იყენებდა თუ არა თავის უზენაესობას სამართლიანად და თავის ქვეშევრდომთა სასარგებლოდ. ამას ადასტურებს ის, თუ როგორ მიმართა გველმა ევას: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. ამ შემთხვევაში გველმა არაპირდაპირ, გადაკვრით თქვა, რომ შეუძლებელი იყო ასეთი რამის დაჯერება. თითქოს ღმერთი მეტისმეტად ზღუდავდა მათ და იმას უმალავდა, რაც სინამდვილეში ეკუთვნოდათ (დბ. 3:1).
რა იყო „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“?
„სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის“ ნაყოფის ჭამა ადამისა და ევას მხრიდან ურჩობის მაჩვენებელი იყო. შემოქმედს, სამყაროს უზენაეს მმართველს, სრული უფლება ჰქონდა, კანონი დაედგინა ამ ხის ნაყოფის ჭამასთან დაკავშირებით. ადამს უნდა ეღიარებინა, რომ მისი უფლებები ვერ იქნებოდა განუსაზღვრელი, რადგან ქმნილება იყო და არა უზენაესი. საყოველთაო მშვიდობისა და ერთიანობისთვის ყველა მოაზროვნე ქმნილებას უნდა ეღიარებინა და მხარი დაეჭირა შემოქმედის უზენაესი ხელისუფლებისთვის. ადამი ღვთის უზენაესობას იმით დაუჭერდა მხარს, თუ არ შეჭამდა აკრძალული ხის ნაყოფს. როგორც მთელი კაცობრიობის მამა, ის მცირედშიც მორჩილი და ერთგული უნდა ყოფილიყო. მასზეც ვრცელდებოდა შემდეგი პრინციპი: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა“ (ლკ. 16:10). ადამს შეეძლო, სრულყოფილად დამორჩილებოდა ღმერთს. ფაქტია, რომ თავად ნაყოფი ცუდი არ ყოფილა (ღმერთს ადამიანებისთვის სქესობრივი ურთიერთობა არ აუკრძალავს, რადგან მათთვის ნაბრძანები ჰქონდა: „აავსეთ დედამიწა“ [დბ. 1:28]. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, აკრძალვა პირდაპირი გაგებით ხის ნაყოფს ეხებოდა). თუ რას განასახიერებდა ეს ხე, კარგად ჩანს „იერუსალიმის ბიბლიაში“ (1966) დაბადების 2:17-ის სქოლიოდან:
„ეს ცოდნა არის ის, რისი ფლობის უფლებასაც მხოლოდ ღმერთი იტოვებს და რასაც ადამიანი შეცოდებით ხელყოფს (3:5, 22). აქედან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს ყოვლისმცოდნეობას, რაც ცოდვილ ადამიანს არ გააჩნია; ეს არც კარგისა და ცუდის გარჩევის უნარია, რადგან ეს უნარი უცოდველ ადამიანს უკვე ჰქონდა და ღმერთი ამ უნარს მოაზროვნე ქმნილებას არ წაართმევდა. ეს არის უფლებამოსილება, თავად გადაწყვიტო, რა არის კარგი და რა ცუდი და შესაბამისად იმოქმედო; ეს არის განაცხადი სრული მორალური დამოუკიდებლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ადამიანი უარს ამბობს, აღიაროს ის ფაქტი, რომ ქმნილებაა. პირველქმნილი ცოდვა ღვთის უზენაესობაზე თავდასხმას ნიშნავდა. ეს ცოდვა სიამაყე იყო“.
ღვთის მსახურები ეგოიზმში დაადანაშაულეს. საკამათო საკითხის კიდევ ერთი მხარე სატანის სიტყვებიდან გამოიკვეთა, რომელიც მან ღმერთს მისი ერთგული მსახურის, იობის შესახებ უთხრა: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში? შენ არ მფარველობ მას, მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე. აბა, გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“. შემდეგ სატანამ დასძინა: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობ. 1:9—11; 2:4). ამგვარად სატანამ იობი დაადანაშაულა იმაში, რომ ის მთელი გულით არ იყო ღმერთთან და მას მხოლოდ გამორჩენის მიზნით ემსახურებოდა. სატანამ არა მხოლოდ ცილი დასწამა ღმერთს როგორც უზენაესს, არამედ მისი უზენაესობისადმი ღვთის მსახურთა ერთგულებაც ეჭვქვეშ დააყენა. ფაქტობრივად, მან თქვა, რომ თუ მას ადამიანთა გამოცდის საშუალება მიეცემოდა, ღვთის უზენაესობის ერთგული არც ერთი მათგანი არ დარჩებოდა.
იეჰოვამ დაუშვა, რომ ამ საკამათო საკითხის განხილვა დაწყებულიყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ დარწმუნებული არ იყო თავისი უზენაესობის სამართლიანობაში. მას საკუთარი თავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდებოდა. ღმერთმა თავისი მოაზროვნე ქმნილებების სიყვარულით გამოყო დრო ამ საკითხის გადასაჭრელად. მან დაუშვა, რომ სატანას მთელი სამყაროს წინაშე გამოეცადა ადამიანები. მან საშუალება მისცა თავის ქმნილებებს, ეშმაკი სიცრუეში ემხილებინათ და როგორც ღვთისთვის, ისე თავად ადამიანებისთვის წაყენებული ბრალდება გაებათილებინათ. ეგოისტურ სურვილებს აყოლილი სატანა „უკუღმართ გონებას“ გადაეცა. აშკარაა, ევასთან საუბრისას ის თავისივე მსჯელობას ეწინააღმდეგებოდა (რმ. 1:28). ის ღმერთს იმაში ადანაშაულებდა, რომ მისი უზენაესობა უსამართლო და გაუმართლებელი იყო, ამავე დროს სწორედ ღვთის სამართლიანობის იმედი ჰქონდა. ის, ალბათ, ფიქრობდა, რომ ღმერთი თავს ვალდებულად ჩათვლიდა, მისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა, თუ ის დაამტკიცებდა ღვთის ქმნილებების ორგულობას.
საკამათო საკითხის გადაჭრის აუცილებლობა. საკამათო საკითხის გადაჭრა ყველა ცოცხალი ქმნილებისთვის აქტუალური იყო, ვინაიდან ეს ღვთის უზენაესობისადმი მათ დამოკიდებულებას ეხებოდა. თუ ეს საკითხი გადაიჭრებოდა, განხილვას მეტად აღარ დაექვემდებარებოდა. აშკარაა, რომ იეჰოვას სურდა, ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს ყველა ქმნილების წინაშე საფუძვლიანად და ამომწურავად გასცემოდა პასუხი. ის კურსი, რომელიც ღმერთმა აირჩია, მისი უზენაესობის დამფასებლებს კიდევ ერთხელ არწმუნებს ღვთის უცვლელობაში და მათ თვალში კიდევ უფრო აღაზევებს და უფრო სასურველს ხდის მის უზენაესობას (შდრ. მლ. 3:6).
მორალური უფლება. ამგვარად საკამათო ის არ გამხდარა, ვინ უფრო ძლიერი იყო. საკითხი მორალურ უფლებას ეხებოდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ღმერთი უხილავია, სატანა კი ყველანაირად ცდილობს, გონება დაუბრმავოს ხალხს, დროდადრო იეჰოვას ძალა, თვით მისი არსებობაც საკამათო ხდება (1ინ. 5:19; გმც. 12:9). ადამიანები სწორად ვერ იგებენ ღვთის მოთმინებასა და სიკეთეს, ამიტომ სულ უფრო უარესად იქცევიან (ეკ. 8:11; 2პტ. 3:9). აქედან გამომდინარე, რწმენის, ზოგჯერ კი ტანჯვის გარეშე რთულია, ერთგულად ემსახურო ღმერთს (ებ. 11:6, 35—38). იეჰოვას განზრახული აქვს, რომ მისი უზენაესობა და სახელი ყველასთვის ცნობილი გახდეს. ეგვიპტის ფარაონს მან უთხრა: „იმისთვის დაგტოვე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (გმ. 9:16). ამიტომაც მისცა ამ ქვეყნიერებასა და მის ღმერთს, სატანა ეშმაკს, გარკვეული დრო არსებობისა და ბოროტების აღზევებისთვის და დროც დანიშნა მათ გასანადგურებლად (2კრ. 4:4; 2პტ. 3:7). ფსალმუნმომღერალი წინასწარმეტყველურად ამბობდა: „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფს. 83:18). თავად იეჰოვამ დაიფიცა: «ყოველი მუხლი მოიდრიკება ჩემ წინაშე და ყოველი ენა დაიფიცებს და იტყვის: „ნამდვილად იეჰოვაშია მთელი სიმართლე და ძალა“» (ეს. 45:23, 24).
რა მასშტაბებს მიაღწია საკამათო საკითხმა. რაოდენ გლობალური იყო საკამათო საკითხი? ვინაიდან ადამიანმაც შესცოდა და ანგელოზმაც, საკამათო საკითხი ღვთის ზეციერ ქმნილებებსაც შეეხოთ, მათ შორის იეჰოვა ღმერთის უსაყვარლეს, მხოლოდშობილ ძეს. ის ყოველთვის მამის მოსაწონად იქცეოდა, ამიტომ განსაკუთრებით იქნებოდა მოწადინებული, იეჰოვას უზენაესობა დაემტკიცებინა (ინ. 8:29; ებ. 1:9). ღმერთმა ეს დავალება მას მიანდო, დედამიწაზე გამოგზავნა, სადაც ის ქალწული მარიამის მიერ ადამიანად იშვა (ლკ. 1:35). ის სრულყოფილი და უდანაშაულო იყო და წამებით სიკვდილამდე ასეთივე დარჩა (ებ. 7:26). სიკვდილამდე მან თქვა: „ახლა ქვეყნიერების სასამართლოა, ამ ქვეყნიერების მმართველი ახლა გარეთ განიდევნება ... ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (ინ. 12:31; 14:30). სატანამ მას ვერ შეურყია ერთგულება, ამიტომ გასამართლდა, როგორც დამარცხებული, რომელიც გარეთ განიდევნება. იესომ „სძლია ქვეყნიერებას“ (ინ. 16:33).
იესო ქრისტე — იეჰოვას უზენაესობის დამცველი. ასე რომ, იესო ქრისტემ სრულყოფილად დაამტკიცა, რომ ეშმაკი მატყუარაა და საბოლოოდ გასცა პასუხი კითხვას: ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად, დარჩებოდა თუ არა რომელიმე ადამიანი ღვთის ერთგული. ამიტომაც თავისი განზრახვების შესრულება უზენაესმა ღმერთმა მას მიანდო. იესო ბოლოს მოუღებს ბოროტებას, მათ შორის ეშმაკს. ამგვარად მუხლს მოიდრეკს ყველა და ყოველი ენა საჯაროდ აღიარებს, რომ „იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფლ. 2:5—11; ებ. 2:14; 1ინ. 3:8).
იესო მისთვის ბოძებული ძალაუფლებით, თავისი მამის სახელით „ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას“, რომელიც იეჰოვას უზენაესობას უპირისპირდება. როგორც მოციქული პავლე ამბობს, ამის შემდეგ იესო ქრისტე უდიდეს პატივს მიაგებს იეჰოვას უზენაესობას „და როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1კრ. 15:24—28).
„გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, როცა აღარ იარსებებს იეჰოვას უზენაესობის მოწინააღმდეგე არც ერთი ძალაუფლება, ეშმაკს ცოტა ხნით მიეცემა თავისუფლება. ის კვლავ შეეცდება საკამათო საკითხის წამოჭრას, მაგრამ ამისთვის მას დროს აღარავინ მისცემს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იქნება. სატანა და მისი მომხრეები ერთხელ და სამუდამოდ განადგურდებიან (გმც. 20:7—10).
იეჰოვას უზენაესობის სხვა დამცველები. მართალია, ქრისტეს ერთგულებამ ღვთის სასარგებლოდ ბოლომდე გადაჭრა საკამათო საკითხი, მაგრამ ერთგულების დამტკიცების საშუალება სხვებსაც მიეცათ (იგ. 27:11). თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტეს ერთგულებამ და მისმა სიკვდილმა, კარგად ჩანს მოციქული პავლეს სიტყვებიდან: „როგორც ერთმა შეცოდებამ მოუტანა მსჯავრი ყველას, ასევე ერთ მოქმედებას, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა, ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ“ (რმ. 5:18). ქრისტე გახდა „სხეულის, კრების თავი“ (კლ. 1:18), რომლის წევრებიც ქრისტეს მსგავსად ერთგულად დაასრულებენ სიცოცხლეს. ამის შემდეგ იესო სიხარულით მიიღებს მათ თავის სამეფოში, როგორც თანამემკვიდრეებსა და მეფეებს (ლკ. 22:28—30; რმ. 6:3—5; 8:17; გმც. 20:4, 6). ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები ღვთისგან ელოდნენ მომავალ კურთხევებს და არასრულყოფილების მიუხედავად, ღვთის ერთგულები რჩებოდნენ (ებ. 11:13—16). სხვა მრავალიც, ვინც საბოლოოდ მუხლს მოიყრის, გულწრფელად აღიარებს, რომ იეჰოვას უზენაესობა სამართლიანი და ღირსეულია, როგორც ამას ფსალმუნმომღერალიც ამბობდა წინასწარმეტყველურად: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი. ადიდეთ იაჰი!“ (ფს. 150:6).