დემონი
ზეადამიანური ძალის მქონე უხილავი ბოროტი სულიერი ქმნილება. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში დემონის აღმნიშვნელი ყველაზე გავრცელებული ბერძნული სიტყვა (დემონ) მხოლოდ ერთხელ, მათეს 8:31-ში გვხვდება. სხვაგან გამოყენებულია სიტყვა დემონიონ. ზოგჯერ ბოროტი სულების ანუ დემონების აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვა პნევმა, რაც სულს ნიშნავს (მთ. 8:16). პნევმას ზოგჯერ წინ უძღვის სიტყვები: „ბოროტი“, „უწმინდური“, „სიმუნჯე“ და „სიყრუე“ (ლკ. 7:21; მთ. 10:1; მრ. 9:17, 25; იხ. სული (II) [სულიერი არსებები]).
ღმერთს ეს სულიერი ქმნილებები დემონებად არ შეუქმნია. პირველი დემონი სატანა ეშმაკი იყო (იხ. სატანა), რომელიც დემონებად ქცეულ ღვთის სულიერ ძეებზე მმართველობს (მთ. 12:24, 26). ნოეს დროს ურჩმა ანგელოზებმა ხორცი შეისხეს და მოიყვანეს ცოლები, რომლებთანაც ეყოლათ ნეფილიმების სახელით ცნობილი ჰიბრიდი შვილები (იხ. ნეფილიმები), წარღვნის შემდეგ კი ისევ სულიერ სამყაროს დაუბრუნდნენ (დბ. 6:1—4). მაგრამ, როგორც იუდას მე-6 მუხლიდან ჩანს, სულიერ სამყაროში დაბრუნებულები ვეღარ სარგებლობდნენ მაღალი მდგომარეობით: „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს იგი გასამართლების დიდი დღისათვის“ (1პტ. 3:19, 20). ასე რომ, მათი მოქმედების არეალი ამ სულიერი უკუნეთით არის შემოფარგლული (2პტ. 2:4). მართალია, მათ ხორცის შესხმა აღარ შეუძლიათ, მაგრამ კვლავ დიდ ძალას ფლობენ და უდიდესი გავლენა აქვთ ადამიანთა აზროვნებასა და ცხოვრებაზე. მათ შეუძლიათ ადამიანებსა და ცხოველებში შესვლა და მათი მართვა. ფაქტები ცხადყოფს, რომ თავიანთი ძალაუფლების განსახორციელებლად ისინი უსულო საგნებსაც იყენებენ, მაგალითად, თილისმებს, ფეტიშებსა თუ სახლებს (მთ. 12:43—45; ლკ. 8:27—33; იხ. დემონით შეპყრობილი).
დემონების მთავარი მიზანია, ხალხი იეჰოვასა და მისი წმინდა თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ განაწყონ. ამ მიზეზით იეჰოვას კანონი მკაცრად კრძალავდა დემონიზმის ნებისმიერ ფორმას (კნ. 18:10—12). მაგრამ თვითნება ისრაელები ისე ჩამოშორდნენ იეჰოვას, რომ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს დემონებს სწირავდნენ (ფს. 106:37; კნ. 32:17; 2მტ. 11:15). იესოს დედამიწაზე მსახურებისას დემონთა გავლენა ადვილი დასანახი იყო. მის უდიდეს სასწაულთა შორის სწორედ დემონების ხელში ჩავარდნილი ადამიანებისგან ბოროტი სულების განდევნა იყო (მთ. 8:31, 32; 9:33, 34; მრ. 1:39; 7:26—30; ლკ. 8:2; 13:32). იესომ 12 მოციქულსა და საქადაგებლად გაგზავნილ 70 მოწაფეს თავისი სახელით დემონების განდევნის ძალა მისცა (მთ. 10:8; მრ. 3:14, 15; 6:13; ლკ. 9:1; 10:17).
ადამიანთა ცხოვრებაზე დემონების გავლენა დღესაც დიდია. დღესაც მართლდება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომ „რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ“ (1კრ. 10:20). ბიბლიის ბოლო წიგნი, „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე“, გვაფრთხილებს დედამიწაზე დემონების გააქტიურებული საქმიანობის შესახებ (გმც. 1:1). „გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც [დემონები] მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი. ამიტომ ... ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გმც. 12:9, 12). უწმინდური, ბაყაყის მსგავსი სიტყვები „დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია და ნიშნებს ახდენენ, მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გმც. 16:13, 14).
ამიტომაც ქრისტიანები მთელი ძალით უნდა ებრძოლონ ამ უხილავ ბოროტ სულებს. როცა იაკობი იმაზე საუბრობდა, რომ ქრისტიანისთვის რწმენაზე მეტი იყო საჭირო, ასეთი სიტყვები თქვა: „ხომ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგია. თუმცა ეს დემონებსაც სწამთ და კანკალებენ“ (იაკ. 2:19). პავლეც გვაფრთხილებს: „გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს“ (1ტმ. 4:1). შეუძლებელია, ადამიანი იეჰოვას სუფრიდანაც ჭამდეს და დემონების სუფრიდანაც (1კრ. 10:21). აქედან გამომდინარე, ღვთის ერთგულმა მსახურებმა უნდა იბრძოლონ ეშმაკისა და მისი დემონების წინააღმდეგ, „ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფ. 6:12).
ვინ იყვნენ დემონები პავლეს ბერძენი მსმენელისთვის?
ბიბლიურ ტექსტში სიტყვა „დემონი“ გაცილებით ვიწრო და კონკრეტული გაგებით არის გამოყენებული, ვიდრე მას ძველად ფილოსოფოსები და კლასიკურ ბერძნულზე მოსაუბრენი იყენებდნენ. ამის შესახებ ახალი აღთქმის ერთ თეოლოგიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ამ ზედსართავი სახელის [დემონიოს] მნიშვნელობიდან ყველაზე ნათლად ჩანს, თუ როგორები წარმოედგინათ ბერძნებს დემონები. ის მიუთითებს იმაზე, რაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება და, შესაბამისად, უნდა მიეწეროს ზეადამიანური ძალების ჩარევას, იქნება ეს სასიკეთოდ თუ საუბედუროდ. ქრისტიანობამდელი მწერლები [ტო დემონიონს] ღვთაებრივის მნიშვნელობით იყენებდნენ“ (Theological Dictionary of the New Testament, გ. კიტელი, ტ. II, გვ. 8, მთარგმნელი და რედაქტორი ჯ. ბრომილი, 1971). ეპიკურელმა და სტოიკოსმა ფილოსოფოსებმა პავლესთან კამათის შემდეგ დაასკვნეს: „ეტყობა, უცხო ღვთაებებს [ბერძ. დემონიონ] ქადაგებს“ (სქ. 17:18).
ათენელებთან საუბრისას პავლემ გამოიყენა შედგენილი სიტყვა, რომლის ერთი ნაწილი იყო ბერძნული სიტყვა დემონ. მან ათენელებს მიმართა: „გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებებისა [ბერძ. დესიდემონესტერუს; ვულგატაში: „გამოირჩევით ცრურწმენით“]“ (სქ. 17:22). ამ შედგენილ სიტყვასთან დაკავშირებით ფრედერიკ ბრუსი აღნიშნავს: «კონტექსტი განსაზღვრავს, ეს სიტყვა დადებითი დატვირთვით გამოიყენება თუ უარყოფითი. სინამდვილეში, ის ისეთივე გაურკვეველი სიტყვაა, როგორც ინგლისურში სიტყვა „რელიგიური“ და ამ შემთხვევაში მისი საუკეთესო თარგმანი იქნებოდა „ძალიან რელიგიური“. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ („გამოირჩევით ცრურწმენით“) სრულიად არასწორია. პავლესთვის მათი რწმენა მეტწილად ცრურწმენა იყო და ეს ასე იყო ეპიკურელებისთვისაც, თუმცა სხვა მიზეზების გამო» (The Acts of the Apostles, 1970, გვ. 335).
მეფე ჰეროდე აგრიპა II-სთან საუბრისას ფესტუსმა მას უთხრა, რომ იუდეველები პავლეს რაღაცას ედავებოდნენ „თავიანთ სარწმუნოებაზე [ბერძ. დესიდემონიას; ვულგატაში: „ცრურწმენა“]“ (სქ. 25:19). ფრედერიკ ბრუსმა აღნიშნა, რომ ამ ბერძნული სიტყვის «უფრო უხეში თარგმანი იქნებოდა „ცრურწმენა“ (როგორც ეს „მეფე ჯეიმზის თარგმანშია“). ამ სიტყვის შესაბამისი ზედსართავი სახელი ასეთივე ბუნდოვანი გაგებით გვხვდება [საქმეების] 17:22-ში » (Commentary on the Book of the Acts, 1971, გვ. 483).
იხ. თხისმაგვარი დემონი.