კრება, კრებული
განსაკუთრებული მიზნისთვის თავმოყრილი ადამიანები. ქართულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, ძირითადად, „კრებულად“ არის ნათარგმნი ებრაული სიტყვა კაჰალ, რომლის ფუძეც ნიშნავს მოხმობას, შეკრებას (რც. 20:8; კნ. 4:10). ხშირად ეს სიტყვა გამოიყენება ორგანიზებული ჯგუფის აღსანიშნავად, მაგალითად ისეთ ფრაზებში, როგორებიცაა: „ისრაელის ... კრებული“ (ლვ. 16:17; იეს. 8:35; 1მფ. 8:14), „ჭეშმარიტი ღვთის კრებული“ (ნემ. 13:1) და „იეჰოვას კრებული“ (კნ. 23:2, 3; მქ. 2:5; რც. 20:4; 1მტ. 28:8). კაჰალ სხვადასხვა სახის შეკრებას აღნიშნავს, მაგალითად, შეკრებებს რელიგიური (კნ. 9:10; 18:16; 1მფ. 8:65; ფს. 22:25; 107:32), სამოქალაქო (1მფ. 12:3) თუ საომარი მიზნისთვის (1სმ. 17:47; ეზკ. 16:40). წიგნ „ეკლესიასტეში“ სოლომონს ეწოდება შემკრები (ებრ. კოჰელეთ) (ეკ. 1:1, 12). ის მეფე იყო და ხალხს იეჰოვას თაყვანსაცემად კრებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის შეკრება, რომელიც სოლომონმა იერუსალიმის ტაძრის აგების შემდეგ მოაწყო (1მფ. 8:1—5; 2მტ. 5:2—6).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „კრებად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა ეკკლესია. ამავე სიტყვიდან მომდინარეობს ქართული სიტყვა ეკლესია. ეკკლესია ორი სიტყვისგან შედგება — ეკ (ნიშნავს გარეთ) და კალეო (ნიშნავს მოხმობას). აქედან გამომდინარე, იგი გამოიყენება ოფიციალურად ან არაოფიციალურად მოხმობილი ან ერთად შეკრებილი ადამიანების მიმართ. მაგალითად, ეს სიტყვა გვხვდება საქმეების 7:38-ში, სადაც ისრაელის კრებულზეა საუბარი, აგრეთვე გამოიყენება იმ ხალხთან მიმართებით, რომელიც ეფესოში ვერცხლის მჭედელმა დემეტრიოსმა პავლესა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ შეკრიბა (სქ. 19:23, 24, 29, 32, 41). მაგრამ ყველაზე ხშირად ეს სიტყვა ქრისტიანული კრების აღსანიშნავად გამოიყენება. ის აღნიშნავს ზოგადად ქრისტიანულ კრებას (1კრ. 12:28), რომელიმე ქალაქში, მაგალითად, იერუსალიმში (სქ. 8:1), ანტიოქიაში (სქ. 13:1) ან კორინთში არსებულ კრებას (2კრ. 1:1) ან ვინმეს სახლში შეკრებილ ხალხს (რმ. 16:5; ფლმ. 2). ასე რომ, ბერძნულ წერილებში მოხსენიებულია, როგორც ცალკეული ქრისტიანული კრებები, ისე „ღვთის კრებები“ (სქ. 15:41; 1კრ. 11:16). ბიბლიის ქართულ თარგმანებში სიტყვა „ეკლესია“ ქრისტიანული კრების კონტექსტში გამოიყენება, მაგალითად, 1 კორინთელების 16:19-ში (სსგ, კს). „ეკლესია“ რელიგიური მსახურებისთვის განკუთვნილ შენობასთან ასოცირდება და არა თაყვანისცემისთვის შეკრებილ ხალხთან, ამიტომ ასეთ კონტექსტებში ამ სიტყვის გამოყენება დამაბნეველია.
სეპტუაგინტაში ებრაული სიტყვა კაჰალ, ძირითადად, ეკკლესიად არის ნათარგმნი, მაგალითად, ფსალმუნის 22:22-ში (21:23, LXX).
ისრაელის კრებული. მოსეს დროიდან ისრაელი ერი ბიბლიაში კრებულად არის მოხსენიებული. იეჰოვამ ამ კრებულს თეოკრატიული მმართველობა (ღვთის მმართველობა) დაუდგინა და არა დემოკრატიული (ხალხის მმართველობა). ამიტომ მან ისრაელ ერთან კანონის შეთანხმება დადო (გმ. 19:3—9; 24:6—8). მოსეზე, როგორც ამ შეთანხმების შუამავალზე, ნათქვამია: „მოსემ კანონი დაგვიდგინა, იაკობის კრებულის საკუთრება“ (კნ. 33:4). იეჰოვა იყო მათი მოსამართლე, წესების დამდგენი და მეფე (ეს. 33:22). ასე რომ, ამ ერს, როგორც ღვთის კრებულს, მართებულად ეწოდებოდა „იეჰოვას კრებული“ (რც. 16:3; 1მტ. 28:8).
ზოგჯერ ებრაული სიტყვა კაჰალ გამოყენებულია ებრაულ სიტყვასთან ʽედაჰ (ქართულ „ახალ ქვეყნიერების თარგმანში“ ეს სიტყვაც უმეტესწილად „კრებულად“ არის ნათარგმნი) (რც. 20:8, 10). ʽედაჰ ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს დანიშვნას. იგი მიუთითებს დათქმულისამებრ შეკრებილ ხალხზე და, ხშირ შემთხვევაში, ისრაელის საზოგადოებას აღნიშნავს (გმ. 12:3). კაჰალ გამოიყენება ეთნიკური ებრაელების მიმართ (რც. 15:15), ხოლო ʽედაჰში, როგორც ჩანს, მათთან ერთად მცხოვრები ხიზნებიც იგულისხმება (გმ. 12:19). უფრო ფართო გაგებით, კრებულში (კაჰალ) წინადაცვეთილი ხიზნებიც შედიოდნენ (რც. 15:14—16).
უნდა აღინიშნოს, რომ „იეჰოვას კრებულის“ წევრი ყველა ვერ იქნებოდა. კრებულში ვერ შევიდოდნენ კასტრირებულები ან ასომოკვეთილები და უკანონო ვაჟები, ამონელი და მოაბელი მამაკაცები „მეათე თაობამდე“. ედომელთა და ეგვიპტელთა ვაჟებს „მესამე თაობაში“ შეეძლოთ „იეჰოვას კრებულში შესვლა“ (კნ. 23:1—8). ის ფაქტი, რომ უკანონო ვაჟებს „მეათე თაობამდე“ ეკრძალებოდათ ისრაელის კრებულში შესვლა, მრუშობასთან დაკავშირებული იეჰოვას კანონის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას (გმ. 20:14). მართალია, „იეჰოვას კრებულის“ წევრები ვერ იქნებოდნენ სასქესო ორგანოდასახიჩრებულები, მაგრამ მათ შეეძლოთ ენუგეშათ ესაიას 56:1—7-ში ჩაწერილი დანაპირებით. მათაც კი, ვისაც „იეჰოვას კრებულში“ შესვლის უფლება არ ჰქონდა, შეეხება ის მზრუნველობა და კურთხევები, რაც იეჰოვას აქვს ზოგადად უცხოტომელებისთვის გათვალისწინებული (დბ. 22:15—18).
ისრაელის კრებულის წევრი შეწყალებული იქნებოდა, თუ უნებლიეთ დააშავებდა რამეს. მაგრამ მას მოჰკვეთდნენ ანუ სიკვდილით დასჯიდნენ, თუ განზრახ ჩაიდენდა დანაშაულს (რც. 15:27—31). მაგალითად, კრებულიდან მოიკვეთებოდა (ანუ სიკვდილით დაისჯებოდა) ის, ვინც არ განიწმინდებოდა რიტუალური უწმინდურების დროს, უწმინდური შეჭამდა მშვიდობის მსხვერპლს ან იმას, რაც წმინდა იყო და პირს დააკარებდა ქონს ან სისხლს (რც. 19:20; ლვ. 7:21—27; 17:10, 14; 22:3). მოიკვეთებოდა ისიც, ვინც შაბათ დღეს იმუშავებდა (გმ. 31:14), შვილს მოლექს შესწირავდა, სულების გამომძახებლებსა და მარჩიელებს მიმართავდა, ზოგიერთი სახის სექსუალურ უზნეობას ჩაიდენდა და თავს არ დაიმდაბლებდა ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს (ლვ. 20:1—6, 17, 18; 23:27—30; იხ. აგრეთვე გმ. 30:31—33; ლვ. 17:3, 4, 8, 9; 18:29; 19:5—8).
ისრაელის კრებული ცალკეული ისრაელებისგან შედგებოდა, ხოლო როგორც ერი ისრაელი დაყოფილი იყო ტომებად, საგვარეულოებად და სახლეულებად. ეს სტრუქტურა კარგად გამოჩნდა აქანის ისტორიიდან. ისრაელები იეჰოვას წინაშე ჯერ ტომების მიხედვით, მერე საგვარეულოების, სახლეულების, ბოლოს კი მამაკაცების მიხედვით წარდგნენ, ვიდრე ჯერი ბოროტმოქმედ აქანზე არ მიდგა (იეს. 7:10—19).
ისრაელს ჰყავდა წარმომადგენლები, რომლებიც მის ინტერესებს იცავდნენ (ეზრ. 10:14). ამიტომაც კარვის აგების შემდეგ ღვთისთვის ძღვენი ტომების თავკაცებმა მიიტანეს (რც. 7:1—11). ნეემიას დროსაც ერის წარმომადგენლებმა — მღვდლებმა, ლევიანებმა და „ხალხის თავკაცებმა“ — ბეჭდის დასმით დაადასტურეს „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38—10:27). უდაბნოში ხეტიალის დროს კორახთან, დათანთან, აბირამთან და ონთან ერთად მოსესა და აარონის წინააღმდეგ შეიკრიბა 250 კაცი — „კრებულის თავკაცები, ვისაც შეხვედრებზე იწვევდნენ, სახელოვანი კაცები“ (რც. 16:1—3). ღვთის მითითებისამებრ მოსემ ზედამხედველებად ისრაელის 70 უხუცესი აირჩია, რათა მისთვის უკვე დამამძიმებელი „ხალხის ტვირთის“ ტარებაში დახმარებოდნენ (რც. 11:16, 17, 24, 25). ლევიანების 4:15-ში მოხსენიებულ „კრებულის უხუცესებში“, როგორც ჩანს, ხალხის წარმომადგენლები, კერძოდ, ერის „უხუცესები, თავკაცები, მსაჯულები და მთავრები“ იგულისხმებიან (რც. 1:4, 16; იეს. 23:2; 24:1).
უდაბნოში კრებულის მოსახმობად და ბანაკის ასაშლელად ვერცხლის ორ საყვირს იყენებდნენ. თუ ორივე საყვირს ჩაჰბერავდნენ, მთელი კრებული შეთანხმებისამებრ მოსეს წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან იყრიდა თავს. თუ მხოლოდ ერთს ჩაჰბერავდნენ, იქ მხოლოდ „თავკაცები — ისრაელის ათასისთავები“ მიდიოდნენ (რც. 10:1—4). თავყრილობას ზოგჯერ მეფეები აწყობდნენ (1მფ. 8:5; 2მტ. 20:4, 5). მეფე ხიზკიამ მალემსრბოლელები დაგზავნა, რათა ხალხი იერუსალიმში გრანდიოზული პასექის აღსანიშნავად შეეკრიბა (2მტ. 30:1, 2, 10—13).
მოგვიანებით საკმაოდ დიდი ძალაუფლება მიენიჭა სინედრიონის სახელით ცნობილ სამართლებრივ ორგანოს, რომელიც 71 წევრისგან — მღვდელმთავრისა და ერის 70 გავლენიანი კაცისგან, „ხალხის უხუცესებისგან“ შედგებოდა (მთ. 26:59; ლკ. 22:66).
ბაბილონის ტყვეობის დროს ან ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მალევე ებრაელთა მთავარი საკრებულო სინაგოგა გახდა. დროთა განმავლობაში სინაგოგები სხვადასხვა ადგილას აშენდა. მაგალითად, იესო ხალხს ნაზარეთის სინაგოგაში ასწავლიდა (ლკ. 4:16—21). სინაგოგები სკოლის ფუნქციას ასრულებდა, სადაც კითხულობდნენ და სწავლობდნენ წმინდა წერილებს. იქ აგრეთვე ლოცულობდნენ და ღმერთს განადიდებდნენ (სქ. 15:21; იხ. სინაგოგა).
ისრაელის კრებულს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა. მოსემ შეახსენა ისრაელ ერს: „წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის“ (კნ. 7:6). მაგრამ ისრაელთა კრებულმა ღვთის კრებულის სტატუსი დაკარგა, რადგან ღვთის ძე უარყო (სქ. 4:24—28; 13:23—29; მთ. 21:43; 23:37, 38; ლკ. 19:41—44).
ღვთის ქრისტიანული კრება. ვიდრე ღმერთი ებრაელ ერს უარყოფდა და ღვთის კრებულობის სტატუსს წაართმევდა, იესო ქრისტემ საკუთარ თავს კლდე უწოდა, რომელზეც თავის კრებას ააშენებდა (მთ. 16:18). პეტრემ, რომელსაც იესო ამ შემთხვევაში ესაუბრებოდა, სწორად გაიგო მისი ნათქვამი, რაც იქიდან ჩანს, რომ მოგვიანებით იესოს ადამიანების მიერ დაწუნებული, მაგრამ „ღვთისთვის რჩეული და ძვირფასი“ ქვა და ქვაკუთხედი უწოდა, რომლის მოიმედესაც იმედი არასოდეს გაუცრუვდება (1პტ. 2:4—6; ფს. 118:22; ეს. 28:16). პავლემაც არაორაზროვნად აღნიშნა, რომ იესო ქრისტე არის ქრისტიანული კრების საძირკველი (ეფ. 2:19—22; 1კრ. 3:11). ვინაიდან კრება იეჰოვას საკუთრებაა, მას მართებულად ეწოდება „ღვთის კრება“ (სქ. 20:28; გლ. 1:13).
ქრისტეს საძირკველზე აგებული ამ ქრისტიანული კრების (ბერძ. ეკკლესია) თავიც ქრისტეა. ამიტომაც არის მასზე ნათქვამი: „[ღმერთმა] ყველაფერი მას დაუმორჩილა ფეხქვეშ და იგი დააყენა ყველაფრის თავად კრებაში, რაც მისი სხეულია, მისი სისავსე, ვინც ავსებს ყველაფერს ყველაფერში“ (ეფ. 1:22, 23; იხ. აგრეთვე კლ. 1:18).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იერუსალიმში იესოს მიმდევრებზე წმინდა სული გადმოვიდა, ისრაელის კრებული ქრისტიანულმა კრებამ ჩაანაცვლა. ამ კრების პირველი პოტენციური წევრები იესომ დედამიწაზე მსახურების დასაწყისში, თავის ნათლობიდან მალევე აირჩია (სქ. 2:1—4; ინ. 1:35—43). თავისი პირველი მიმდევრებისგან იესომ 12 მოციქული აირჩია (ლკ. 6:12—16), მოგვიანებით ტარსოსელი სავლე „უცხოტომელთა მოციქულად“ დანიშნა (სქ. 9:1—19; რმ. 11:13). კრავის, იესო ქრისტეს, 12 ერთგული მოციქული, მათ შორის იუდას შემცვლელი მატთია, ქრისტიანული კრების მეორეხარისხოვან საძირკველს წარმოადგენდა (სქ. 1:23—26; გმც. 21:1, 2, 14).
ამ კრებას „ზეცაში ჩაწერილ პირმშოთა კრება“ ეწოდება. მისი თავი ქრისტეა და მის წევრთა რაოდენობა 144 000-ია (ებ. 12:23; გმც. 7:4). ეს მოხმობილნი „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი“, რათა დედამიწაზე განსაკუთრებული დავალება შეესრულებინათ და შემდეგ, როგორც ქრისტეს პატარძალი, მასთან ერთად ყოფილიყვნენ ზეცაში. როგორც ებრაელებისგან შემდგარ ღვთის კრებულის წევრებს უნდა დაეკმაყოფილებინათ კონკრეტული მოთხოვნები, ისე ღვთის ქრისტიანული კრების წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. ისინი სულიერი გაგებით ქალწულები არიან და მიჰყვებიან კრავს, იესო ქრისტეს, სადაც არ უნდა წავიდეს. „მათი ბაგეებიდან სიცრუე არ გამოსულა, უმანკონი არიან“ (გმც. 14:1—5).
ღვთის ქრისტიანული კრების წევრებს თავად იეჰოვა ირჩევს (რმ. 8:30; 2თს. 2:13). მის პირველ წევრებს ღმერთმა უარყოფილი ისრაელთა კრებულიდან მოუხმო, რომელმაც მისი ძე მესიად არ მიიღო. მაგრამ ახ. წ. 36 წელს კორნელიუსის გაქრისტიანების შემდეგ ქრისტიანული კრების წევრებად სხვა ერის წარმომადგენლებიც იყვნენ მოხმობილნი. ამიტომაც თქვა პავლემ: „არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (გლ. 3:28; სქ. 10:34, 35; რმ. 10:12; ეფ. 2:11—16). მოსეს შუამავლობით დადებული კანონის შეთანხმება, რომელიც ისრაელის კრებულის ყოფა-ცხოვრებას არეგულირებდა, ქრისტემ შეასრულა და იეჰოვა ღმერთმა გააუქმა (მთ. 5:17; 2კრ. 3:14; კლ. 2:13, 14), ღვთის ქრისტიანული კრება კი დიდი მოსეს, იესო ქრისტეს შუამავლობით დადებული ახალი შეთანხმებით სარგებლობს (მთ. 26:28; ებ. 12:22—24; სქ. 3:19—23). ისრაელის მღვდლები და მეფეები ზეთით იყვნენ ცხებულნი (გმ. 30:22—30; 2მფ. 9:6), ხოლო ღვთის მიერ არჩეული ქრისტიანული კრების წევრები წმინდა სულით არიან ცხებულნი (2კრ. 1:21, 22; 1ინ. 2:20) და იეჰოვა ღმერთის მიერ ნაშვილებნი (ეფ. 1:5).
ისრაელთა კრებული, ძირითადად, ებრაელებისგან შედგებოდა. ღვთის ცხებულ ქრისტიანთა კრების წევრები სულიერი ისრაელები არიან და ისინი სულიერი ისრაელის ტომებს ქმნიან (გმც. 7:4—8). ებრაელთა უმეტესობამ იესო ქრისტე უარყო, ამიტომ „ისრაელთაგან ყველა როდია ნამდვილი ისრაელი“ ანუ სულიერი ისრაელი (რმ. 9:6—9). სულიერი იუდეველებისგან შემდგარი ღვთის ქრისტიანული კრების შესახებ პავლე წერდა: „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით“ (რმ. 2:28, 29).
როცა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ზოგადად კრება მოიხსენიება, ძირითადად, მისი 144 000 წევრი ანუ მხოლოდ ქრისტეს ცხებული მიმდევრები იგულისხმება (ეფ. 5:32; ებ. 12:23, 24). მაგრამ ებრაელების 2:12-ში ღვთივშთაგონებული პავლე ფსალმუნის 22:22-ში ჩაწერილ დავითის სიტყვებს იესო ქრისტეს უკავშირებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კრებულში, იგივე კრებაში, შეიძლება მისი თავი, იესო ქრისტეც იგულისხმებოდეს. პავლე ნაწილობრივ ციტირებს დავითის სიტყვებს და აღნიშნავს: «განმწმენდელიც და განწმენდილნიც ყველანი ერთისგან არიან, ამიტომაც არ რცხვენია [იესო ქრისტეს], რომ მათ ძმები უწოდოს, როცა ამბობს: „ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს; კრებულში ქებას გიმღერებ“» (ებ. 2:11, 12). დავითი ისრაელის კრებულის წევრი იყო და ამ კრებულში იეჰოვას განადიდებდა. მსგავსადვე, ამ შემთხვევაში იესო ქრისტე შეგვიძლია მივიჩნიოთ სულიერი კრების წევრად, რომლის სხვა წევრებს მისი ძმები ეწოდებათ (შდრ. მთ. 25:39, 40). დავითი ისრაელთა კრებულის წევრი იყო, რომელიც იეჰოვა ღმერთს ეკუთვნოდა. დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტეც ამ კრებულს მიეკუთვნებოდა და მის სხვა წევრებს უქადაგებდა. ამ კრებულის მცირე ნაწილი იესოს კრებას შეუერთდა.
როგორ არის ორგანიზებული ქრისტიანული კრება. ღვთის ქრისტიანული კრებები სხვადასხვა ადგილას ყალიბდებოდა, მაგრამ მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ უმოქმედიათ. ისინი აღიარებდნენ იერუსალიმში ქრისტიანთა ხელმძღვანელი საბჭოს უფლებამოსილებას. ხელმძღვანელი საბჭო შედგებოდა მოციქულებისა და იერუსალიმის კრების უხუცესებისგან. არ არსებობდა სხვა საბჭო, რომელიც ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობის პრეტენზიას განაცხადებდა. ახ. წ. I საუკუნეში სწორედ ერთგული ქრისტიანებისგან შემდგარ ამ ხელმძღვანელ საბჭოს მიანდეს განსახილველად წინადაცვეთის საკითხი. ხელმძღვანელი საბჭოს მიერ წმინდა სულით მიღებული გადაწყვეტილება ყველა ქრისტიანულმა კრებამ ცნო და გაითვალისწინა (სქ. 15:22—31).
იერუსალიმში არსებულმა ხელმძღვანელმა საბჭომ კრებებს მიმომსვლელი წარმომადგენლები გაუგზავნა. პავლემ და მისმა თანამსახურებმა ხელმძღვანელი საბჭოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება კრებებს გადასცეს: „ქალაქებში გავლისას, იქაურებს გადასცემდნენ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს, რომლებიც უნდა დაეცვათ“. ხოლო, თუ რა იყო ამის შედეგი, ბიბლიაში ნათქვამია: „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (სქ. 16:4, 5). უფრო ადრე, „როცა იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიელებმა ღვთის სიტყვა მიიღეს, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან. ისინი ჩავიდნენ და ილოცეს, რომ მათ წმინდა სული მიეღოთ“ (სქ. 8:14, 15).
კრებები ერთგულად მიჰყვებოდნენ ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს, რომლის მეთვალყურეობითაც ინიშნებოდნენ უხუცესები (ტიტ. 1:1, 5). ამგვარად, წმინდა სულით მოქმედი ხელმძღვანელი საბჭოს მითითებით თითოეულ კრებაში ინიშნებოდნენ ზედამხედველები და მათი დამხმარეები, მომსახურეები. ამ ნდობით აღჭურვილ პასუხისმგებელ მამაკაცებს გარკვეული მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინათ (1ტმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9). ხელმძღვანელი საბჭოს მიმომსვლელი წარმომადგენლები, მათ შორის პავლე, ქრისტეს კვალს მიჰყვებოდნენ და კარგ მაგალითს აძლევდნენ სხვებს (1კრ. 11:1; ფლ. 4:9). ყველა სულიერი მწყემსი სამაგალითო უნდა ყოფილიყო სამწყსოსთვის (1პტ. 5:2, 3), სიყვარულით უნდა ეზრუნა კრების წევრებზე (1თს. 2:5—12) და მხარში ამოდგომოდა სულიერად დაუძლურებულებს (გლ. 6:1; იაკ. 5:13—16; იხ. უხუცესი; ზედამხედველი; მსახური).
იეჰოვამ ისრაელის კრებულს დაუყენა უხუცესები, თავკაცები, მსაჯულები და მთავრები (იეს. 23:2). მას არც ქრისტიანული კრება დაუტოვებია უმეთვალყურეოდ. ღმერთმა იზრუნა, რომ ქრისტიანულ კრებაშიც სანდო მამაკაცებს, უხუცესებს გაეწიათ ზედამხედველობა (სქ. 14:23). ზოგჯერ პასუხისმგებელი მამაკაცები ისრაელის მთელ კრებულს წარადგენდნენ, მაგალითად, სამართლებრივ საკითხებში (კნ. 16:18). რაც შეეხება ქრისტიანულ კრებას, ღმერთმა იზრუნა, რომ წმინდა სულით უფლებამოსილ პასუხისმგებელ მამაკაცებს კრების სახელით გადაეწყვიტათ ასეთი საკითხები (სქ. 20:28; 1კრ. 5:1—5). მაგრამ ღვთის ქრისტიანული კრების წევრებს შორის თუ უთანხმოება წამოიჭრებოდა, მათეს 18:15—17-ში ჩაწერილი იესო ქრისტეს რჩევისამებრ (იესომ ეს სიტყვები იეჰოვას მიერ ისრაელთა კრებულის უარყოფამდე წარმოთქვა, ამიტომ მისი რჩევა თავდაპირველად ამ კრებულის წევრებს ეხებოდა) უნდა მოეგვარებინათ.
იეჰოვა ღმერთმა ქრისტეს სულიერი სხეულის ნაწილები „თავისი ნებისამებრ განალაგა“. პავლემ თქვა: „ღმერთმა კრებაში სხვადასხვა წევრი დანიშნა: ჯერ მოციქულები, შემდეგ — წინასწარმეტყველები, შემდეგ — მასწავლებლები, მერე მისცა სასწაულების მოხდენის უნარი, განკურნების ძღვენი, დააწესა დახმარების აღმოჩენა, მისცა მართვის უნარი და სხვადასხვა ენა“. ყველას ერთი დანიშნულება არ ჰქონია, მაგრამ ქრისტიანულ კრებაში ყველა საჭირო იყო (1კრ. 12:12—31). პავლემ ახსნა, რისთვის დააყენა ღმერთმა ქრისტიანულ კრებაში მოციქულები, წინასწარმეტყველები, მახარობლები, მწყემსები და მასწავლებლები: „წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, სანამ ყველა არ მივაღწევთ ერთიანობას რწმენასა და ღვთის ძის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში, სანამ არ გავხდებით ზრდადასრულებულნი და არ მივაღწევთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას“ (ეფ. 4:11—16).
ღმერთმა ისრაელის კრებულს მისცა კანონები და დაანახვა, რომ „კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (კნ. 8:1—3). იესო ქრისტემაც აღნიშნა, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, „არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მთ. 4:1—4). ამიტომაც იზრუნა ღმერთმა იმაზე, რომ ქრისტიანულ კრებას ჰქონოდა საკმარისი სულიერი საზრდო. ქრისტემ მოიხსენია „მონა“, რომლის მეშვეობითაც ეს საზრდო გაუნაწილდებოდა „შინაურებს“. თავისი მოსვლისა და „ქვეყნიერების აღსასრულის“ შესახებ წინასწარმეტყველებაში იესომ აღნიშნა, რომ „ბატონი“ მოსვლისას „ერთგულ და გონიერ მონას“ ჩააბარებდა „მთელ თავის ქონებას“ (მთ. 24:3, 45—47).
ისრაელის კრებულში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იეჰოვას თაყვანსაცემად შეკრებასა და მისი კანონის განხილვას (კნ. 31:12; ნემ. 8:1—8). იეჰოვას თაყვანისცემისთვის განკუთვნილ შეხვედრებსა და წმინდა წერილების შესწავლას ღვთის ქრისტიანულ კრებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. პავლე თავის წერილში ებრაელებს მოუწოდებდა, არ მიეტოვებინათ შესაკრებელი (ებ. 10:24, 25). ებრაელთა ისტორიის გვიანდელ პერიოდში იუდეველები სინაგოგებში წმინდა წერილებს კითხულობდნენ და სწავლობდნენ, ლოცულობდნენ და ღმერთს განადიდებდნენ. ეს პრაქტიკა ქრისტიანულ კრებებშიც დამკვიდრდა, თუმცა მოგვიანებით სინაგოგებში შემოღებული რიტუალური მსახურება ქრისტიანული შეხვედრებისთვის არ ყოფილა დამახასიათებელი. სინაგოგებში არ ყოფილა სამღვდელო კლასი. წმინდა წერილების კითხვასა და ახსნაში მონაწილეობა ყველა ერთგულ იუდეველ მამაკაცს შეეძლო. არც ადრინდელი ქრისტიანული კრება ყოფილა სამღვდელო და საერო კლასებად დაყოფილი. რა თქმა უნდა, როგორც სინაგოგაში, ისე ქრისტიანულ კრებაში სწავლებისა და მამაკაცების ხელმძღვანელობის უფლება ქალებს არ ჰქონიათ (1ტმ. 2:11, 12).
ღვთის ქრისტიანულ კრებაში სათანადო წესრიგის დაცვა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ იეჰოვა, ამ კრების დამფუძნებელი, „უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“. ეს წესრიგი კრების თითოეული წევრის სულიერ კეთილდღეობას ემსახურება (1კრ. 14:26—35, 40; იხ. შეკრება).