ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“
1–4. ა) ბროშურის გარეკანზე გამოსახულ, რომელ სიხარულში მიიღებდი დიდი სიამოვნებით მონაწილეობას? ბ) როგორი სასწაულებრივი პერსპექტივა გეძლევა აქ? გ) რომელი ბიბლიური მუხლები ადასტურებენ ამ იმედს?
დახედე ბედნიერ ადამიანებს ამ ბროშურის გარეკანზე. ნუთუ არ გსურს, შენც ერთ-ერთი მათგანი იყო? „რა თქმა უნდა“, — იტყვი შენ, რადგან აქ გამეფებულია მშვიდობა და ჰარმონია, რისკენაც ისწრაფის მთელი კაცობრიობა. ყველა რასის ადამიანები — შავკანიანები, თეთრკანიანები, ყვითელკანიანები — ერთიან ოჯახად შერწყმულან. როგორი სიხარულია! როგორი ერთსულოვნებაა! როგორც ჩანს, ისინი არ არიან შეშფოთებული რადიოაქტიური ნალექებით ან ტერორისტული თავდასხმის საშიშროებით. რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავები არ დაგუგუნობენ ამ თვალწარმტაცი ბაღის მშვიდობიანი ცის კამარაზე. არ ჩანან არც ჯარისკაცები, არც ტანკები, არც ქვემეხები, არც პოლიციელთა ხელკეტია საჭირო წესრიგის დასაცავად. ომები და დამნაშავეობა, უბრალოდ, არ არსებობს. არ არის არც ბინების უკმარისობა, რადგანაც ყოველი ცხოვრობს საკუთარ, მშვენიერ სახლში.
2 დახედე აგრეთვე ბავშვებსაც! სიხარულის მომგვრელია, თვალი ადევნო მათ თამაშს. ნახე, როგორ ცხოველებთან თამაშობენ ისინი! აქ, ამ ბაღში, საჭირო არ არის არავითარი რკინის გისოსი, ვინაიდან ცხოველები მშვიდობიანად ცხოვრობენ ადამიანებთან და ურთიერთშორისაც. ლომი და კრავიც კი მეგობრებად იქცნენ. ხედავ თუ არა ხასხასა ბუმბულით შემოსილ ფრინველებს, როგორ ლაღად დაფრინავენ ერთი ადგილიდან მეორეზე და გესმის თუ არა მათი სასწაულებრივი გალობა, რომელიც ერწყმის ბავშვების მხიარულ სიცილს, რომელიც ავსებს გარემოს? არ არის რამე ზღუდე ან გალია? არ არის, რადგანაც ამ სამეფოში ყველგან სუფევს თავისუფლება და უსაზღვრო სიხარული. გრძნობ თუ არა ყვავილების სურნელებას, გესმის ნაკადულის ჩუხჩუხი და გრძნობ მზის სასიამოვნო სითბოს? ოჰ, რა გემრიელი ხილია იმ კალათაში! ეს არის ყველაზე საუკეთესო, რისი მოცემაც შეუძლია დედამიწას, ყველაზე საუკეთესო, ისეთი რისი ხილვაც და რითაც დატკბობა შეიძლება ამ ბაღში.
3 „მაგრამ მოიცა, — შესაძლოა, თქვას ვინმემ, — სად გაქრნენ მოხუცებულები? ნუთუ მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიხარონ ამ ბედნიერი საზოგადოებით?“ სინამდვილეში, აქ არიან მოხუცებულებიც, მაგრამ ისინი კვლავ ახალგაზრდობას უბრუნდებიან. ამ ბაღში არავინ კვდება მოხუცებულობის გამო. ახალგაზრდები იზრდებიან მოწიფულ ასაკამდე და მეტად აღარ ბერდებიან. ოცი წლის არის თუ 200 წლის, თითოეული, ამ ბაღში მცხოვრები მილიონობით ადამიანი ახალგაზრდული ძალითა და სრული სიჯანსაღით აღსავსე ტკბება ცხოვრების მშვენიერებით. შენ ამბობ: მილიონობით? დიახ, მილიონობით, რადგანაც ეს ბაღი გადაჭიმულია მთელი დედამიწის ზურგზე. ის იქნება სიცოცხლით, მშვიდობითა და სილამაზით აღსავსე ჩვენი დედამიწის კიდით კიდემდე, ფუძიამიდან ანდებამდე, ჰონკონგიდან ხმელთაშუა ზღვამდე, რადგან მთელი დედამიწა გადაიქცევა სამოთხის ბაღად. ეს იქნება მთელ დედამიწაზე აღდგენილი სამოთხე.
4 შენ თქვი „წარმოუდგენელია“? მაგრამ, უპირველესად, შეამოწმე ფაქტები. ახლა შენთვის და შენი ოჯახისთვის არსებობს შესაძლებლობა, გადაიტანოთ მღელვარებით აღსავსე თანამედროვე სისტემა და მიაღწიოთ სამოთხეს, რომელიც გამოსახულია ამ ბროშურის გარეკანზე!a
სამოთხის ამხსნელი წიგნი
5. ა) რომელი წიგნი ხსნის ამ ყოველივეს? ბ) რატომ არის ბიბლია გამოჩენილი წიგნი?
5 ყველა ეს შესანიშნავი საქმე და აგრეთვე რწმენა იმისა, რომ ისინი შესრულდება, იხსნება ოდესმე დაწერილი წიგნებიდან ყველაზე ჩინებულ წიგნში. მას უწოდებენ ბიბლიას. ის ძალიან უძველესი წიგნია: მისი ზოგიერთი ნაწილი დაიწერა დაახლოებით 3 500 წლის წინათ. ამავე დროს იგი წარმოადგენს არსებული წიგნებიდან ყველაზე თანამედროვეს, რადგანაც შეიცავს დღევანდელი ცხოვრებისთვის ჯანსაღ, პრაქტიკულ დარიგებას. მისი წინასწარმეტყველებები აღვივებენ მომავლის ნათელ იმედს. ეს მთელ ისტორიაში ყველაზე გავრცელებული წიგნია. მთელი ბიბლიის ან მისი დიდი ნაწილების 2 000 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია დაახლოებით 2 000 ენაზე.
6. რით განსხვავდება ბიბლია სხვა დანარჩენი წიგნებისგან, რომლებიც წმინდად ითვლება?
6 არც ერთი სხვა წმინდა წიგნი არ ყოფილა ასე ფართოდ გავრცელებული, და მრავალი მათგანი ოდნავადაც არ უახლოვდება ბიბლიას თავისი სიძველით. ისლამის წიგნი ყურანი 1 400 წელზე ნაკლებისაა. ბუდა და კონფუცია ცხოვრობდნენ დაახლოებით 2 500 წლის წინათ და მათი წერილები დათარიღებულია ამ დროით. სინტოიზმის წმინდა წერილები შედგენილია დაახლოებით 1 200 წლის წინათ. მორმონის წიგნი სულ მხოლოდ 160 წლისაა. არც ერთს, ამ წმინდა წიგნებიდან, არ შეუძლია დაწვრილებით გადმოგვცეს კაცობრიობის 6 000 წლიანი ისტორია, როგორც ამას აკეთებს ბიბლია. ამიტომ, რომ გავიგოთ თავდაპირველი რელიგია, აუცილებელია მივმართოთ ბიბლიას. ის არის წიგნი, რომელიც შეიცავს ცნობას მთელი კაცობრიობისთვის.
7. რა თქვეს მოაზროვნე ადამიანებმა ბიბლიის შესახებ?
7 მოაზროვნე ადამიანები ყველა ერიდან და საზოგადოების ყველა ფენიდან აღიარებდნენ ბიბლიური ცნობის სიბრძნესა და სილამაზეს. გამოჩენილმა მეცნიერმა, მიზიდულობის კანონის აღმომჩენმა, სერ ისააკ ნიუტონმა, თქვა: „არავითარი მეცნიერება არ არის უკეთესად დამოწმებული, ვიდრე ბიბლია“. ამერიკელმა რევოლუციონერმა ბელადმა, პატრიკ ჰენრიმ, რომელიც ცნობილია თავისი სიტყვებით: „მომეცით თავისუფლება ან მარგუნეთ სიკვდილი“, აგრეთვე განაცხადა: „ბიბლია უძვირფასესია ოდესმე დაბეჭდილი წიგნებიდან“. უდიდესმა ინდოელმა ბრძენმა, მოჰანდას კ. განდიმაც ერთხელ ინდოეთის ბრიტანელ მეფის ნაცვალს უთხრა: „როდესაც თქვენი და ჩემი ქვეყანა შეთანხმდებიან ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგებისას მოცემული სწავლებების საფუძველზე, მაშინ ჩვენ გადავწყვეტთ არა მარტო ჩვენი ქვეყნების პრობლემებს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემებსაც კი“. განდი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რაც ჩაწერილია ბიბლიაში, მათეს სახარების მე-5 — მე-7 თავებში. წაიკითხე ეს თავები და ნახე, თუ არ აღგაფრთოვანებს მათი ცნობა შენც.
ბიბლია — აღმოსავლური წიგნი
8, 9. ა) რატომ არ იქნება მართებული, დასავლური წიგნი ვუწოდოთ ბიბლიას? ბ) როგორ დაიწერა ბიბლია და დროის რა მონაკვეთში? გ) რატომ შეიძლება ბიბლიას ვუწოდოთ ბიბლიოთეკა? დ) რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ბიბლიის წერაში? ე) როგორ მოწმობდა ზოგიერთი მათგანი ბიბლიის ავტორის შესახებ?
8 საზოგადოდ მიღებული შეხედულების საპირისპიროდ, ბიბლია არ წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ნაწარმოებს და არ განადიდებს მას. ბიბლიის თითქმის მთელი შინაარსი დაწერილი იყო აღმოსავლურ ქვეყნებში. მამაკაცები, რომლებიც მას წერდნენ, ყველა აღმოსავლეთის მცხოვრები იყო. ბუდამდე ათასი წლით ადრე, ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მოსე ღმერთის მიერ იყო ინსპირირებული, დაეწერა ბიბლიის პირველი წიგნი, სახელწოდებით „დაბადება“. აქედან დაწყებული თვით ბოლო წიგნამდე „გამოცხადებამდე“ ბიბლიას გასდევს ერთი ძირითადი თემა. ბიბლიის წერა დასრულდა ახალი წელთაღრიცხვით 98 წელს, ბუდასგან დაახლოებით 600 წლის შემდეგ. იცოდი თუ არა, რომ ბიბლია შედგება 66 სხვადასხვა წიგნისგან? დიახ, ბიბლია წარმოადგენს მცირე ბიბლიოთეკას!
9 მოსეს დროიდან მოყოლებული, 1 600 წლის განმავლობაში, 40-მდე მამაკაცი მონაწილეობდა ჰარმონიული ბიბლიური ცნობის ჩაწერაში. ისინი მოწმობენ იმის შესახებ, რომ მათი წერილები ინსპირირებული იყო მოკვდავი ადამიანის ძალაზე გაცილებით აღმატებული ძალის მიერ. ქრისტიანი მოციქული პავლე წერდა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“b (2 ტიმოთე 3:16). პეტრე მოციქული კი ხსნიდა: „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:20, 21; მეორე მეფეთა 23:2; ლუკა 1:70).
10. ა) როგორ გადმოიცემოდა ბიბლია ჩვენს დღემდე? ბ) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ღმერთის მიერ ინსპირირებული ბიბლიის თავდაპირველი ტექსტი?
10 აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, თუ როგორ გადმოიცემოდა ბიბლია დღევანდელ დღემდე. ათასობით წლის განმავლობაში, წიგნის ბეჭდვის გამოგონებამდე დაახლოებით 500 წლის წინათ, ხდებოდა ბიბლიის ხელნაწერი ასლების დამზადება. უძველესი დროის არც ერთი სხვა ლიტერატურული ნაშრომი არ მზადდებოდა ასლების მსგავსი რაოდენობით. მიმდინარეობდა ბიბლიის კვლავ და კვლავ გადაწერა, მაგრამ ყოველთვის უდიდესი გულმოდგინებით. გადამწერები უშვებდნენ სულ რაღაც მცირე, უმნიშვნელო შეცდომებს, ხოლო ამ ხელნაწერების შედარებით შეიძლებოდა ღმერთის მიერ ინსპირირებული თავდაპირველი ტექსტის დადგენა. ავტორიტეტულმა სპეციალისტმა ბიბლიის ხელნაწერების დარგში, სერ ფრედერიკ კენიონმა თქვა: „უკანასკნელი საფუძველი რაიმე ეჭვისთვის, რომ საღვთო წერილმა ჩვენამდე ძირითადად ისე მოაღწია, როგორც დაწერილი იყო, აღარ არსებობს“. დღესდღეობით ჯერ კიდევ არსებობს ბიბლიის ან მისი ზოგიერთი ნაწილის 16 000-მდე ხელნაწერი, ზოგიერთი ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნის დროინდელებიც კი. გარდა ამისა, თითქმის ყველა ენაზე გაკეთდა ზუსტი თარგმანები ებრაული, არამეული და ბერძნული ენებიდან, რომლებზეც თავდაპირველად დაიწერა ბიბლია.
11. რომელი თანამედროვე აღმოჩენები არის შეთანხმებული ბიბლიის ცნობასთან?
11 ზოგიერთები ცდილობენ ბიბლიის დისკრედიტირებას და ამბობენ, რომ იგი არ არის ზუსტი. მაგრამ ახლო წარსულში არქეოლოგებმა ბიბლიურ ქვეყნებში ჩაატარეს ძველი ქალაქების ნანგრევების გათხრები და აღმოაჩინეს წარწერები და სხვა მასალები, რომლებიც იძლევიან დამაჯერებელ მტკიცებას, რომ ბიბლიის თვით უძველეს ასლებში მოხსენიებული პირები და ადგილები სინამდვილეში არსებობდნენ. გათხრებისას მათ აღმოაჩინეს მრავალი მტკიცება, რომლებიც მიუთითებენ მსოფლიო წარღვნაზე, რომელიც ბიბლიის თანახმად, 4 000 წელზე მეტი ხნის წინათ იყო, ნოეს დროს. ამის შესახებ გამოჩენილმა არქეოლოგმა, პრინცმა მიკაზამ, თქვა: „იყო თუ არა სინამდვილეში წარღვნა? . . .ფაქტი, რომ წარღვნა ნამდვილად მოხდა, დამაჯერებლად დამტკიცდა“c.
ბიბლიის ღმერთი
12. ა) რას ამბობს ზოგიერთი დამცინავი ადამიანი ღმერთის შესახებ? ბ) რატომ ლაპარაკობს ბიბლია ღმერთის შესახებ, როგორც მამის შესახებ? გ) ბიბლიის თანახმად, როგორ გამოითქმება ღმერთის სახელი?
12 ზუსტად ისე, როგორც ზოგიერთები დამცინავად ლაპარაკობენ ბიბლიაზე, სხვები იცინიან იმის მტკიცებაზე, რომ არსებობს ყოვლისშემძლე ღმერთი (2 პეტრე 3:3–7). ისინი ამბობენ: „როგორ შემიძლია ვირწმუნო ღმერთი, როცა არ შემიძლია მისი ხილვა? არსებობს თუ არა მტკიცებები, რომ ადამიანზე მაღლა მდგომი უხილავი შემოქმედი, სინამდვილეში არსებობს? ხომ არ სუფევს იგი ყოველივეში?“ სხვები ამბობენ: „არ არსებობს არც ღმერთი, არც ბუდა“. მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ ისევე როგორც ჩვენ მივიღეთ სიცოცხლე ჩვენი მიწიერი მამისგან, ასევე ჩვენმა წინაპრებმაც სიცოცხლე მიიღეს ზეციერი მამისგან, ანუ შემოქმედისგან, რომლის პირადი სახელი არის იეჰოვა (ფსალმუნი 82:19, აქ; 99:3, აქ; ესაია 12:2, აქ; 26:4, აქ).
13. რომელი ორი საშუალებით გამოეცხადა ღმერთი კაცობრიობას?
13 იეჰოვა კაცობრიობას გამოეცხადა ორი ღირსშესანიშნავი საშუალებით. პირველი, ძირითადად ბიბლიის საშუალებით, რომელშიც გამოცხადებულია მისი ჭეშმარიტება და მისი მარადიული განზრახვები (იოანე 17:17; 1 პეტრე 1:24, 25). და მეორე, თავისი შემოქმედებით. თავის გარშემო არსებულ სასწაულებრივ საქმეებზე დაკვირვებით მრავალი ადამიანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ უნდა არსებობდეს შემოქმედი — ღმერთი, ვისი შესანიშნავი პიროვნებაც ვლინდება მის საქმეებში (გამოცხადება 15:3, 4).
14. რას გვეუბნება ბიბლია იეჰოვას შესახებ?
14 იეჰოვა ღმერთი არის ბიბლიის ავტორი. ის არის უდიდესი სული, არსებული მთელ მარადისობაში (იოანე 4:24; ფსალმუნი 89:1, 2). მისი სახელი „იეჰოვა“ ყურადღებას ამახვილებს მის განზრახვაზე ქმნილებების მიმართ. მისი განზრახვაა განწმინდოს ეს უდიდესი სახელი, ბოროტების განადგურებითა და ყველა მისი მოყვარულის გადარჩენით, რათა მათ შეეძლოთ სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე (გამოსვლა 6:2–8; ესაია 35:1, 2). რადგან ყოვლისშემძლე ღმერთია, ის ფლობს საამისო ძალას. როგორც სამყაროს შემოქმედი, ის გაცილებით აღემატება ჩვეულებრივ ეროვნულ ღმერთებსა და კერპებს (ესაია 42:5, 8; ფსალმუნი 113:9, 12–16).
15. რა დასკვნამდე მივიდნენ მოაზროვნე ადამიანები შემოქმედების შესწავლით?
15 გასული საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებმა დიდი დრო მოახმარეს შემოქმედების საქმეთა შესწავლას. რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი? ელექტროენერგიის დარგში ერთ-ერთმა პიონერმა, გამოჩენილმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა ლორდ კელვინმა განაცხადა: „მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო საფუძვლიანად ხდება მეცნიერების შესწავლა, ის უფრო მეტად გვაშორებს იმას, რაც შეიძლება შედარებული იყოს ათეიზმთან“. ევროპაში დაბადებულმა მეცნიერმა, ალბერტ აინშტაინმა, თუმცა ათეისტად ითვლებოდა, განაცხადა: „ჩემთვის საკმარისია. . . გავიფიქრო სამყაროს სასწაულებრივ სტრუქტურაზე, რომელიც შეგვიძლია ბუნდოვნად აღვიქვათ, და შემდეგ თავმდაბლად შევეცადო ჩავწვდე ბუნებაში გამოხატული ინტელექტის თუნდაც სულ მცირე ნაწილს“. ამერიკელმა მეცნიერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ართურ ჰოლი კომპტონმა თქვა: «გეგმაზომიერად გაფართოებადი სამყარო მოწმობს ყველაზე დიდებული სიტყვების ჭეშმარიტებაზე, რომლებიც კი ოდესმე წარმოთქმულა: „დასაწყისში ღმერთმა შექმნა“». მან მოიყვანა ბიბლიის პირველი სიტყვები.
16. როგორ უსვამს ხაზს სამყარო ღმერთის შემოქმედებით სიბრძნესა და ძალას?
16 მძლავრ სახელმწიფოთა მმართველებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი გონიერებითა და კოსმოსური სივრცის დაუფლებაში მიღწეული წარმატებებით. მაგრამ როგორ უმნიშვნელოა მათი თანამგზავრები მთვარესთან შედარებით, რომელიც ბრუნავს დედამიწის გარშემო, და პლანეტებთან შედარებით, რომლებიც ბრუნავენ მზის გარშემო. როგორ უმნიშვნელოა ამ მოკვდავი ადამიანების მიღწევები იეჰოვას შემოქმედებასთან შედარებით, მილიარდობით ციურ გალაქტიკასთან, რომელთაგანაც თითოეული შეიცავს ჩვენი მზის მსგავს მილიარდობით ვარსკვლავს, რომლებიც ღმერთმა განალაგა კოსმოსში და განუსაზღვრელი დროით დააწესა თავიანთ ადგილებზე! (ფსალმუნი 18:2, 3; იობი 26:7, 14). არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვა ადამიანებს განიხილავს როგორც კალიას და მძლავრ ერებს, როგორც ‘არარაობას’ (ესაია 40:13–18, 22).
17. რატომ არის გონივრული, გვწამდეს შემოქმედი?
17 ცხოვრობ სახლში? შენ, შეიძლება, არ აგიშენებია ის და ალბათ არც იცი, თუ ვინ ააშენა. მაგრამ ის ფაქტი, რომ შენ არ იცნობ მშენებელს, ხელს არ გიშლის აღიარო, რომ სახლი გონიერი ადამიანის მიერ იყო აშენებული. ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ სახლი აშენდა თავისთავად, იქნებოდა უმეცრება. რამდენადაც უდიდესი სამყაროს კონსტრუქციამ და ყოველივე იმან, რაც მასში იმყოფება, მოითხოვა უსასრულოდ უდიდესი ინტელექტი, ნუთუ არ გეჩვენება გონივრული, გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არსებობს გონიერი შემოქმედი? სინამდვილეში მხოლოდ უგუნურს შეეძლო ეთქვა თავის გულში: „არ არის ღმერთი“ (ფსალმუნი 13:1; ებრაელთა 3:4).
18. რა გვიჩვენებს, რომ შემოქმედი არის პიროვნება, რომელიც ქება-დიდების ღირსია?
18 ჩვენი გარემომცველი ბუნების უდიდესი სასწაულები — ყვავილები, ცხოველები, სასწაულებრივი ქმნილება — ადამიანი, სიცოცხლისა და დაბადების სასწაულები — ყოველივე მოწმობს უხილავ, უმაღლეს ინტელექტზე, რომელმაც შექმნა ყოველივე ეს (რომაელთა 1:20). სადაც ინტელექტია, იქ არის აზროვნება, ხოლო სადაც აზროვნებაა, იქ არის პიროვნებაც. უმაღლესი ინტელექტი ეკუთვნის უზენაეს პიროვნებას, ყოველივე ცოცხლის შემოქმედს, თვით სიცოცხლის წყაროს (ფსალმუნი 35:10). ნამდვილად, შემოქმედი ღირსია ქებისა და პატივისცემის (ფსალმუნი 103:24; გამოცხადება 4:11).
19. ა) რატომ არ შეუძლია ამჟამად არც ერთ ერს დაამტკიცოს, რომ ღმერთის დახმარებით მოიგო ომი? ბ) რატომ არ მონაწილეობს ღმერთი ერებს შორის ომებში?
19 არიან პირები, რომელთა ღმერთისადმი რწმენა შეძრა მეორე მსოფლიო ომის დროს გადატანილმა უმძიმესმა განცდებმა. მაშინ ყოველი ქვეყანა, იყო ის კათოლიკური, პროტესტანტული თუ აღმოსავლური რელიგიების მიმდევარი, მოუხმობდა თავის „ღმერთს“. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ „ღმერთმა“ არგუნა ზოგიერთ ერს გამარჯვება და დაუშვა, რომ სხვები დამარცხებულიყვნენ? ბიბლია გვიჩვენებს, რომ არც ერთი ქვეყანა არ მოუხმობდა ჭეშმარიტ ღმერთს. ცისა და დედამიწის შემოქმედი იეჰოვა ღმერთი არ არის დამნაშავე ერებს შორის არეულობასა და ომებში (1 კორინთელთა 14:33). მისი აზრები მაღლა დგას დედამიწის პოლიტიკური და მილიტარისტული ერების აზრებზე (ესაია 55:8, 9). ასევე, ჭეშმარიტ რელიგიასა და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას არავითარი საერთო არა აქვს ერების ომებთან. იეჰოვა მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნულ ღმერთებს და ყველა ერში მყოფი მშვიდობისმოყვარე მამაკაცებისა და ქალების ერთადერთი ღმერთია. ბიბლია ამბობს: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ყველა ერში სიმართლისადმი კეთილგანწყობილი ადამიანები ამჟამად ეცნობიან ბიბლიას და მონაწილეობენ ‘მშვიდობის ღმერთისადმი’, მთელი კაცობრიობის შემოქმედისადმი თაყვანისცემაში (რომაელთა 16:20; საქმეები 17:24–27).
20. რა ამტკიცებს, რომ ქრისტიანული სამყარო სრულიადაც არ არის ქრისტიანული და რომ იგი ღმერთის წინააღმდეგია?
20 ზოგიერთი ადამიანი მიუთითებს განხეთქილებებსა და პირმოთნეობაზე ქრისტიანული სამყაროს რელიგიებში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მისდევენ ბიბლიას. ისინი აგრეთვე ამბობენ: „როგორ შემიძლია ვირწმუნო ბიბლიის ღმერთი, თუკი ერები, რომლებიც ბიბლიას ფლობენ, იმყოფებიან მათ შორის, ვინც გამალებით აგროვებს ბირთვულ იარაღს?“ მაგრამ ბიბლია ყოველთვის მართალია, ქრისტიანული სამყაროს ერები არიან დაცილებული ბიბლიურ ჭეშმარიტებას ისე, როგორც ჩრდილოეთ პოლუსი — სამხრეთს. ისინი პირმოთნეობით აცხადებენ თავიანთ თავს ქრისტიანებად. მათ აქვთ ბიბლია, მაგრამ არ ემორჩილებიან მის სწავლებებს. ამერიკის პრეზიდენტმა, რომელმაც განკარგულება გასცა, ჩამოეგდოთ პირველი ატომური ბომბი ქალაქ ჰიროსიმაში, ერთხელ წამოიძახა: „ო, ნეტავ ცოცხალი იყოს ესაია ან წმიდა პავლე!“ რათა ეხელმძღვანელათ ადამიანებზე მსოფლიო კრიზისის დროს. მას რომ ნამდვილად ჰქონოდა რწმენა ბიბლიაში მოხსენიებული ესაიას მიმართ, მაშინ ის არასოდეს გასცემდა ბრძანებას, ჩამოეგდოთ ატომური ბომბი, რადგანაც ესაია იმის მომხრე იყო, რომ ‘მახვილებისგან სახნისები გამოეჭედათ და შუბებისგან — ნამგლები’. გარდა ამისა, ბიბლიაში მოხსენიებულმა პავლემ ახსნა: „თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის“ (ესაია 2:4; 2 კორინთელთა 10:3, 4). ქრისტიანული სამყაროს ერები კი, ნაცვლად იმისა, რომ მიჰყოლოდნენ ბიბლიის ბრძნულ რჩევას, ჩაებნენ ძალიან სახიფათო საომარ შეიარაღებაში. მათი მტკიცება, რომ წარმოადგენენ ბიბლიის მიმდევარ ქრისტიანებს, ცრუა. ისინი წარსდგებიან ღმერთის სასამართლოს წინაშე, რადგანაც უარყვეს მისი ნების შესრულება (მათე 7:18–23; სოფონია 1:17, 18).
იეჰოვას ქმნილებები და სასწაულები
21. რატომ არის გონივრული, არ დავეჭვდეთ ღმერთის სასწაულებში?
21 იეჰოვა არის შემოქმედი და ასევე, სასწაულების მომხდენი. ნუთუ არ ყოფილხარ გაკვირვებული იმით, რომ წყალი გადაიქცა სისხლად, რომ მეწამული ზღვა გაიყო, რომ იესო ქალწულისგან იშვა, და სხვა სასწაულებით, რომელთა შესახებაც მოთხრობილია ბიბლიაში? რამდენადაც ადამიანის ინტელექტი შეზღუდულია, ალბათ ვერასოდეს გაიგებს სრულად, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ სასწაულებიდან ზოგიერთი, ზუსტად ისევე, როგორც მას არ შეუძლია სრულად გაიგოს მზის ამოსვლისა და ჩასვლის ყოველდღიური სასწაული. ადამიანის შექმნა სასწაული იყო. თანამედროვე ადამიანს არ უხილავს ეს, მაგრამ იცის, რომ ეს მოხდა, რადგანაც იგი დღეს ცოცხლობს, ხოლო ეს კი წარმოადგენს ამ სასწაულის დამამტკიცებელს. და სინამდვილეში, ყოველივე ცოცხალი და მთელი სამყარო წარმოადგენს მუდმივ სასწაულს. აქედან გამომდინარე, განა ეჭვი უნდა შეგვეპაროს, როდესაც ღმერთის სიტყვა, ბიბლია, ამბობს, რომ ღმერთი გარკვეულ დროში ახდენდა გარკვეულ სასწაულებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ არის აუცილებელი ზუსტად იგივე სასწაულები?
22. აღწერე ღმერთის პირველი ქმნილება.
22 იეჰოვას ყველა ქმნილება სასწაულია და განსაცვიფრებელი! მაგრამ ყველაზე სასწაულებრივი იყო იეჰოვას ყველაზე პირველი ქმნილება. აქ ლაპარაკია სულიერი ძის შექმნაზე, რომელიც არის „პირმშო“ (კოლასელთა 1:15). ამ ზეციერ ძეს ეწოდა „სიტყვა“. შექმნიდან უთვალავი საუკუნის შემდეგ ის ჩამოვიდა დედამიწაზე და გახდა „კაცი ქრისტე იესო“ (1 ტიმოთე 2:5). შემდეგ მის შესახებ ნათქვამია: „სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილის დიდება“ (იოანე 1:14).
23. ა) როგორ შეიძლება აიხსნას ურთიერთობა ღმერთსა და მის ძეს შორის? ბ) რა შექმნა იეჰოვამ თავისი ძის მეშვეობით?
23 იეჰოვას ურთიერთობა თავის ძესთან შეიძლება შევადაროთ სახელოსნოს მესაკუთრე-მმართველის ურთიერთობას თავის ძესთან, რომელიც ეხმარება მამას დაპროექტებული საგნების დამზადებაში. იეჰოვამ თავისი პირმშო ძის, თანამშრომლის, მეშვეობით შექმნა მრავალი სხვა სულიერი ქმნილება, ღმერთის ძეები. მოგვიანებით, ისინი ხარობდნენ, როცა უყურებდნენ, თუ იეჰოვას ძემ, ოსტატმა, როგორ შექმნა მატერიალური ცა და დედამიწა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. გეპარება თუ არა ეჭვი, რომ ყოველივე ეს შეიქმნა? ათასობით წლის შემდეგ იეჰოვამ ჰკითხა ერთგულ ადამიანს: „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება. როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?“ (იობი 38:4, 7; იოანე 1:3).
24. ა) იეჰოვას რომელი მიწიერი ქმნილებაა შესანიშნავი და რა მხრივ? ბ) რატომ არის არაგონივრული ვთქვათ, რომ ადამიანი განვითარდა ცხოველისგან?
24 დროთა განმავლობაში იეჰოვამ დედამიწაზე შექმნა მატერიალური ქმნილებები: მცენარეები, ხეები, ყვავილები, თევზები, ფრინველები და ცხოველები (დაბადება 1:11–13, 20–25). შემდეგ ღმერთმა უთხრა თავის ძეს, ოსტატს: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. . . შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:26, 27). რადგან ღმერთის ხატებად იყო შექმნილი, ესე იგი ღმერთის შესანიშნავი თვისებებით — სიყვარულით, სიბრძნით, სამართლიანობითა და ძალით — პირველი ადამიანი ბევრად აღემატებოდა ცხოველებს. ის მათგან განსხვავდებოდა უნარით, გამოეტანა დასკვნები, შეედგინა მომავლის გეგმები და თაყვანი ეცა ღმერთისთვის. ცხოველებს არა აქვთ გონება, რაც დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას მისცემდა, არამედ მათ ხელმძღვანელობს ინსტინქტი. როგორ არაგონივრულია ვთქვათ, რომ შემოქმედი არ არსებობს და მდიდარი ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი ქმნილება, ადამიანი, წარმოიშვა უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი ცხოველისგან, რომელსაც ინსტიქტი ხელმძღვანელობს! (ფსალმუნი 91:7, 8; 138:14).
25, 26. ა) როგორი შესანიშნავი პერსპექტივა ჰქონდათ ადამიანებს? ბ) რატომ არ იქნებოდა არავითარი პრობლემა დედამიწის ჭარბ მოსახლეობასთან დაკავშირებით?
25 ღმერთმა ადამიანები მოათავსა ‘ედემის ბაღში, აღმოსავლეთში’. ეს იყო ნეტარების ბაღი, იმ ბაღის მსგავსი, ჩვენი ბროშურის გარეკანზე რომ არის ნაჩვენები, თუმცა მაშინ იქ ცხოვრობდა მხოლოდ ორი ადამიანი, ადამი და მისი ცოლი. ეს თავდაპირველი სამოთხე, რა თქმა უნდა, მეტად აღარ არსებობს, რადგან განადგურდა ნოეს დროს მომხდარი წარღვნით. მაგრამ ცნობილია მისი მიახლოებითი ადგილმდებარეობა ახლო აღმოსავლეთში, რადგანაც გარკვეული მდინარეები, რომელთა შესახებაც გვამცნობს ბიბლია, რომ ისინი ედემის გავლით მოედინებოდნენ, იქ არსებობენ დღესაც (დაბადება 2:7–14). ადამიანს ჰქონდა შესანიშნავი საშუალება გამოეყენებინა ეს ბაღი, როგორც ცენტრი, რომელსაც გააფართოებდა და მთელი დედამიწის დამუშავებით მას მსოფლიო სამოთხედ გადააქცევდა (ესაია 45:12, 18).
26 რადგანაც ღმერთი და მისი ძე მშრომელი პიროვნებები არიან, ღმერთმა ადამიანებსაც მისცა სამუშაო აქ, დედამიწაზე (იოანე 5:17). პირველ მამაკაცსა და ქალს, ადამსა და ევას, მან უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28). ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ადამიანები უნდა გამრავლებულიყვნენ, აევსოთ დედამიწა და შემდეგ ისევ გაეგრძელებინათ გამრავლება, სანამ არ გადაივსებოდა ის? არა. თუ ვინმე გთხოვს ფინჯნის ავსებას ჩაით, ხომ არ ასხამ მანამდე, სანამ იგი არ გადაივსება და არ გადაიღვრება მაგიდაზე? შენ შეწყვეტ დასხმას, როდესაც ფინჯანი აივსება. ასევე იეჰოვას განკარგულება ადამიანებისადმი, „აავსეთ დედამიწა“, მიუთითებდა მის განზრახვაზე, შესაბამისი სახით აევსოთ დედამიწა ადამიანებით, რის შემდეგაც კაცობრიობის გამრავლება დედამიწაზე უნდა შემწყდარიყო. ეს არ იქნებოდა პრობლემა სრულყოფილ ადამიანთა საზოგადოებაში. ჭარბი მოსახლეობა მხოლოდ დღევანდელ არასრულყოფილ ადამიანთა საზოგადოებაშია პრობლემა.
ბოროტება — რატომ უშვებს ღმერთი მას?
27. როგორი კითხვები მოითხოვენ პასუხს?
27 თუკი ღმერთის განზრახვას წარმოადგენს ის, რომ დედამიწა იქცეს სამოთხედ, მაშინ რატომ არის დედამიწა დღეს ბოროტებით, მწუხარებითა და უბედურებით სავსე? თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ უშვებს ასე დიდხანს ასეთ პირობებს? არის თუ არა იმედი, რომ ყველა ჩვენი პრობლემა გადაწყდება? რას ლაპარაკობს ბიბლია?
28. როგორ წარმოიშვა ამბოხება სამოთხის ბაღში?
28 როგორც ბიბლია გვიჩვენებს, ადამიანთა სიძნელეები დაიწყო მაშინ, როდესაც ღმერთის ერთ-ერთი სულიერი ძე აჯანყდა იეჰოვას უზენაესი მმართველობის, ანუ ბატონობის წინააღმდეგ (რომაელთა 1:20; ფსალმუნი 102:22). ეს ანგელოზი, უსათუოდ, იყო მათ შორის, რომლებიც აღტაცებაში მოვიდნენ, როცა თვალყურს ადევნებდნენ ადამიანის შექმნას. მაგრამ შემდეგ სიხარბემ და სიამაყემ გაიდგა ფესვი გულში და ის გაიტაცა თავისმა გულისთქმამ, აღეძრა ადამი და ევა, თაყვანი ეცათ მისთვის, ნაცვლად იმისა, რომ თაყვანი ეცათ თავიანთი შემოქმედისთვის, იეჰოვასთვის. როდესაც ლაპარაკობდა გველის მეშვეობით, მსგავსად იმისა, როგორც მუცლითმეტყველი ლაპარაკობს თოჯინის საშუალებით, ამ ანგელოზმა უბიძგა ევას ყოვლისშემძლე ღმერთისადმი დაუმორჩილებლობისკენ. შემდეგ ადამმა, ევას ქმარმა, მიჰბაძა მისი დაუმორჩილებლობის მაგალითს (დაბადება 2:15–17; 3:1–6; იაკობი 1:14, 15).
29. ა) როგორი საკამათო საკითხები წამოიჭრა, რომლებიც მოითხოვენ გადაწყვეტას? ბ) როგორ რეაგირებდა ღმერთი გამოწვევაზე? გ) როგორ შეგიძლია მონაწილეობა მიიღო სატანის გმობაზე პასუხის გაცემაში?
29 ეს მეამბოხე ანგელოზი ცნობილი გახდა, როგორც „ძველი გველი“ (გამოცხადება 12:9; 2 კორინთელთა 11:3). მას ეწოდება აგრეთვე სატანა, რაც ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“ და ეშმაკი, რაც ნიშნავს „ცილისმწამებელს“. მან კითხვის ქვეშ დააყენა იეჰოვას მიერ დედამიწის მართვის კანონიერება და სამართლიანობა, ღმერთი გამოიწვია და ირწმუნებოდა, რომ მას, სატანას, შეეძლო აღეძრა მთელი კაცობრიობა, უარი ეთქვა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე. ღმერთმა დაახლოებით 6 000 წელი გამოუყო სატანას, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდა თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად, ამგვარად საკამათო საკითხი იეჰოვას უზენაესობის შესახებ სამუდამოდ გადაწყდებოდა. ღმერთისგან დამოუკიდებელი ადამიანთა მმართველობა სავსებით უშედეგო აღმოჩნდა. მაგრამ მორწმუნე მამაკაცები და ქალები, რომელთა შორისაც უდიდეს მაგალითს წარმოადგენს იესო, უმძიმესი გამოცდებისას ინარჩუნებდნენ თავიანთ უბიწოებას ღმერთის მიმართ, ასეთი სახით ამართლებდნენ იეჰოვას და ამტკიცებდნენ, რომ ეშმაკი წარმოადგენს სიცრუის მამას (ლუკა 4:1–13; იობი 1:7–12; 2:1–6; 27:5). შენც შეგიძლია შეინარჩუნო უბიწოება (იგავნი 27:11). მაგრამ სატანა არ არის ერთადერთი მტერი, რომელსაც მოაქვს ჩვენთვის ტანჯვა. მაშ, რომელი მტერი არსებობს კიდევ?
მტერი — სიკვდილი
30. საღვთო წერილის თანახმად, როგორი სასჯელი მოჰყვა ადამიანთა დაუმორჩილებლობას?
30 იეჰოვა ღმერთმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის სასჯელი იქნებოდა სიკვდილი. როცა განაჩენი გამოუტანა პირველ ქალს, მან თქვა: „სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“. კაცს, ადამს, კი უთხრა: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:16–19). ურჩი ადამიანთა წყვილი ნეტარების ბაღიდან განდევნილი იქნა დაუმუშავებელ მიწაზე. გარკვეული დროის შემდეგ ისინი მოკვდნენ (დაბადება 5:5).
31. რა არის ცოდვა და საით მიჰყავს მას კაცობრიობა?
31 ადამმა და ევამ ბავშვების გაჩენა იმის შემდეგ დაიწყეს, რაც დაკარგეს სრულყოფილება. დღეს მცხოვრები ყველა ადამიანი წარმოადგენს მათ არასრულყოფილ შთამომავალს და ამიტომაც ყველა კვდება. ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი ამას შემდეგი სიტყვებით ხსნის: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“. რა არის ეს „ცოდვა“? სრულყოფილების, ანუ სისრულის მიზნის მიუღწევლობა. იეჰოვა ღმერთი არ იწონებს და არ უნარჩუნებს სიცოცხლეს იმას, რაც არასრულყოფილია. რამდენადაც ყველა ადამიანმა შთამომავლობით მიიღო პირველი ადამიანი ადამისგან, ცოდვა და არასრულყოფილება, სიკვდილი „სუფევდა“ მათზე (რომაელთა 5:12, 14). დაკნინებული ადამიანი კვდება ისევე, როგორც კვდებიან ცხოველები (ეკლესიასტე 3:19–21).
32. რას ამბობს ბიბლია სიკვდილის შესახებ, რომელიც შთამომავლობით მივიღეთ?
32 რა არის „სიკვდილი“? სიკვდილი არის სიცოცხლის საპირისპირო. ღმერთი ადამიანს დაჰპირდა უსასრულო სიცოცხლეს იმ პირობით, თუ ის დაემორჩილებოდა მას. მაგრამ ადამიანი არ დაემორჩილა, რისი სასჯელიც იყო სიკვდილი, ცნობადაკარგული მდგომარეობა, არარსებობა. ღმერთს არ უთქვამს, რომ ადამიანის სიცოცხლეს გადაანაცვლებდა სულიერ სასუფეველში ან თუ არ დაემორჩილებოდა და მოკვდებოდა — ცეცხლოვან „ჯოჯოხეთში“. მან ადამიანი გააფრთხილა: ‘მოკვდები’. ადამიანის მკვლელმა, ეშმაკმა, იცრუა, როცა უთხრა: „არ მოკვდებით“ (დაბადება 2:17; 3:4; იოანე 8:44). ამრიგად, ყველა ადამიანმა ადამისგან შთამომავლობით მიიღო სიკვდილი და ამიტომ მიიქცევა მტვრად (ეკლესიასტე 9:5, 10; ფსალმუნი 113:25; 145:4).
33. ა) როგორი მშვენიერი მომავალი ელოდება კაცობრიობასა და დედამიწას? ბ) რომელ სამ მნიშვნელოვან ღონისძიებას გაატარებს იეჰოვა თავისი ძის მეშვეობით?
33 ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც კვდებიან, არ არსებობს არავითარი მომავალი? არა, მომავალი სასწაულებრივი იქნება! ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთის განზრახვა — მისცეს ყველა ადამიანს, გარდაცვლილთა ჩათვლით, სამოთხედ ქცეული დედამიწა — სინამდვილედ იქცევა. იეჰოვა ამბობს: „ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი“. ‘ჩემს კვარცხლბეკს განვადიდებ’ (ესაია 66:1; 60:13). უდიდესი სიყვარულით გამოგზავნა იეჰოვამ თავისი ძე, „სიტყვა“, დედამიწაზე, რათა მისი მეშვეობით კაცობრიობამ შეძლოს სიცოცხლის მიღწევა (იოანე 3:16; 1 იოანე 4:9). არსებობს სამი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც აუცილებელია ახლა განვიხილოთ და რომლებსაც იეჰოვა ასრულებს თავისი ძის მეშვეობით, სახელდობრ: 1. სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნის ღონისძიება, 2. მკვდრების აღდგენა სიცოცხლისთვის და 3. სრულყოფილი მთავრობის დადგენა მთელ კაცობრიობაზე.
სიკვდილისგან გათავისუფლება
34, 35. ა) მხოლოდ როგორ შეიძლებოდა ადამიანის გამოსყიდვა სიკვდილისგან? ბ) რა არის გამოსასყიდი?
34 ღმერთის წინასწარმეტყველებს უძველესი დროიდანვე სწამდათ არა ადამიანების უკვდავების, არამედ ჰქონდათ იმედი, რომ ღმერთი ‘სიკვდილისგან იხსნიდა მათ’ (ოსია 13:14). მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანის დახსნა სიკვდილისგან? იეჰოვას სრულყოფილი სამართალი მოითხოვს: „სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ (მეორე რჯული 19:21). აქედან გამომდინარე, რადგან ადამმა ყველა ადამიანს შთამომავლობით გადასცა სიკვდილი, ვინაიდან განზრახ არ დაემორჩილა ღმერთს და ამიტომ დაკარგა სრულყოფილი სიცოცხლე, სხვა სრულყოფილ ადამიანს უნდა დაეკავებინა მისი ადგილი და გამოესყიდა თავისი სრულყოფილი სიცოცხლით ის, რაც დაკარგა ადამმა.
35 სამართლებრივი პრინციპი, გადაიხადო „ტოლი ტოლის წილ“, ყოველთვის იყო აღიარებული ფართო წრეებში. გამოთქმა „გამოსასყიდის გადახდა“ საყოველთაოდ გამოიყენება. რა არის გამოსასყიდი? ეს არის „ფასი, რომელსაც იხდიან, რათა დაიბრუნონ ადამიანი ან ნივთი იმისგან, ვინც ხელში ჩაიგდო ეს ადამიანი ან ნივთი. სამხედრო ტყვეებზე ან მონებზე, რომლებიც თავისუფლდებიან ძვირფასი გასამრჯელოს გაცვლით, ამბობენ, რომ ისინი გამოსყიდული არიან. . . ყოველივე, რაც არ უნდა ემსახურებოდეს გაცვლას ან სამსახურის გაწევას რაიმეს სანაცვლოდ, არის გამოსასყიდი“d. ადამის შეცოდებიდან მოყოლებული, ყველა ადამიანი, სამხედრო ტყვეების ან მონების მსგავსად, მიდრეკილია არასრულყოფილებისა და სიკვდილისკენ. მათი დახსნისთვის საჭირო იყო გამოსასყიდზე ზრუნვა. კამათის თავიდან ასაცილებლად იმის შესახებ, შესაბამისია თუ არა გამოსასყიდი ფასი, საჭირო იყო სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის, ესე იგი, ადამის ეკვივალენტის მსხვერპლად მიტანა.
36. როგორ იზრუნა იეჰოვამ სრულყოფილ ადამიანურ სიცოცხლეზე, როგორც გამოსასყიდზე?
36 მაგრამ სად შეიძლებოდა ასეთი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის პოვნა? რამდენადაც ყველა ადამიანი არის არასრულყოფილი ადამის შთამომავალი, არასრულყოფილი იბადება. „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს“ (ფსალმუნი 48:8). იეჰოვამ გაითვალისწინა ეს აუცილებლობა და კაცობრიობისადმი ღრმა სიყვარულით აღძრულმა, თავისი საყვარელი „პირმშო“ ძე მოავლინა აუცილებელ მსხვერპლად. მან ამ სულიერი ძის, სიტყვის, სრულყოფილი სიცოცხლე გადააადგილა ებრაელი ქალწულის, სახელად მარიამის, საშვილოსნოში. დაორსულების შემდეგ, დანიშნულ დროს, ქალწულმა შვა ძე, რომელსაც სახელად ეწოდა ‘იესო’ (მათე 1:18–25). ლოგიკურია, რომ სიცოცხლის შემოქმედს შეეძლო მოეხდინა ასეთი განსაცვიფრებელი სასწაული.
37. როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული სიცოცხლის მსურველი ყველა ადამიანისადმი?
37 იესო გახდა ზრდასრული მამაკაცი, წარუდგინა თავი იეჰოვას და მოინათლა. შემდეგ იეჰოვამ დაავალა თავისი ნების შესრულება (მათე 3:13, 16, 17). რამდენადაც იესოს მიწიერი სიცოცხლე წარმოშობილი იყო ზეციდან და რამდენადაც ის სრულყოფილი იყო, მას შეეძლო ეს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე მსხვერპლად მოეტანა და გამოეყენებინა მთელი კაცობრიობის სიკვდილისგან დასახსნელად (რომაელთა 6:23; 5:18, 19). მან თქვა: „მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ“. „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 10:10; 15:13). როდესაც სატანამ მიაღწია იმას, რომ იესო ძელზე წამებით მომკვდარიყო, ის დაექვემდებარა ამ საშინელ სიკვდილს, რადგან იცოდა, რომ ადამიანები, რომლებიც რწმენას ავლენენ, გამოსყიდვის ამ ღონისძიებით მიაღწევენ სიცოცხლეს (მათე 20:28; 1 ტიმოთე 2:5, 6).
სასიცოცხლოდ აღდგენა
38. როგორ იყო ღმერთის ძე კვლავ დაბრუნებული სასიცოცხლოდ და რით მტკიცდება ეს?
38 თუმცა მტრებმა კიდევაც მოკლეს ღმერთის ძე, მას არ დაუკარგავს თავისი უფლება სრულყოფილ ადამიანურ სიცოცხლეზე, ვინაიდან შეინარჩუნა უმწიკვლოება ღმერთისადმი. მაგრამ როგორ შეეძლო იესოს, რომელიც სამარეში იყო, კაცობრიობის სასარგებლოდ გამოეყენებინა ეს ფასეულობა — უფლება ადამიანურ სიცოცხლეზე? აქ იეჰოვამ სხვა სასწაული მოახდინა, ასეთი სასწაულებიდან პირველი. მესამე დღეს, როდესაც იესო სამარეში იყო, იეჰოვამ აღადგინა ის, როგორც უკვდავი სულიერი ქმნილება (რომაელთა 6:9; 1 პეტრე 3:18). რათა განემტკიცებინა აღდგომისადმი რწმენა, იესო სხვადასხვა შემთხვევებისას ღებულობდა ადამიანურ სხეულს და ევლინებოდა თავის მოწაფეებს, ერთხელ 500-ზე მეტს მოევლინა. არც ერთ მათგანს, აგრეთვე, არც პავლე მოციქულს, რომელიც განდიდებული იესოს მოვლინებით დროებით იყო დაბრმავებული, არ ჰქონდა საფუძველი ეჭვი შეჰპაროდა მისი აღდგენის სასწაულში (1 კორინთელთა 15:3–8; საქმეები 9:1–9).
39. ა) როგორ იყენებს იესო თავისი მსხვერპლის ფასს და უპირველესად ვისთვის? ბ) რომელ სხვა უდიდეს სასწაულზე ლაპარაკობდა იესო?
39 მკვდრეთით აღდგენილი იესო 40 დღის შემდეგ ამაღლდა ზეცაში, რათა წარმდგარიყო თვით ღმერთის წინაშე და გადაეცა თავისი სრულყოფილი ადამიანური მსხვერპლის ფასი კაცობრიობის გამოსახსნელად. „მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან“ (ებრაელთა 10:12, 13). პირველები, ვინც არიან ამ გამოსყიდვით გამოხსნილები, წარმოადგენენ ერთგულ ქრისტიანთა ‘მცირე სამწყსოს’, რომლებიც „მიეკუთვნებიან ქრისტეს“ (ლუკა 12:32; 1 კორინთელთა 15:22, 23, აქ). „ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი“, და აქედან გამომდინარე, აღდგომისას გახდებიან ქრისტეს სულიერი თანამშრომლები ზეცაში (გამოცხადება 14:1–5). მაგრამ როგორ დგას იმ ადამიანების საქმე, რომლებიც დღეს სამარეში არიან? როდესაც იესო დედამიწაზე იყო, მან თქვა, რომ მამამ მისცა მას გასამართლებისა და სიცოცხლის მიცემის უფლებამოსილება. მან დაუმატა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში [სამახსოვრო აკლდამებში, აქ] არიან, მის ხმას მოისმენენ [და] გამოვლენ. . . აღდგომისთვის“ (იოანე 5:26–29). ის დააბრუნებს ამ ადამიანებს სასიცოცხლოდ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე.
40, 41. ა) ახსენი ზუსტად, რა იგულისხმება გამოთქმაში „აღდგომა“? ბ) რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს ღმერთის მიერ დანაპირები აღდგომა?
40 ყურადღება მიაქციე იესოს სიტყვებს: „ნუ გაიკვირვებთ ამას“. და მაინც, როგორ შეუძლია ვინმეს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილს, იყოს გათავისუფლებული სიკვდილისგან და იქნეს სასიცოცხლოდ დაბრუნებული? ნუთუ არ დაუბრუნდა მისი სხეული მტვერს? მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი, შესაძლოა, კიდევაც გადავიდა სხვა ცოცხალ ქმნილებებში, მაგალითად, მცენარეებში ან ცხოველებში. მაგრამ აღდგომა არ ნიშნავს, რომ იგივე ქიმიური ელემენტები ხელახლა შეერთდება. ღმერთი შექმნის იგივე პიროვნებას, იგივე პიროვნული თვისებებით. ის მიწის ელემენტებისგან წარმოქმნის ახალ სხეულს და ამ სხეულს მიეცემა იგივე ხასიათი, იგივე დამახასიათებელი თვისებები, იგივე მეხსიერება, იგივე ცხოვრების წესი, რომლებიც მოცემულმა პიროვნებამ განავითარა გარდაცვალებამდე.
41 შესაძლოა, შენ ოდესმე დაგწვია სახლი, რომელიც გიყვარდა და ძვირფასი იყო შენთვის. მაგრამ შენ ადვილად შეგეძლო აგეშენებინა მსგავსი სახლი, რადგანაც შენთვის ძვირფასად ქცეული ყველა მისი ნაწილი ჯერ კიდევ ნათლად იყო შენს მეხსიერებაში. ასევე მეხსიერების გამომგონებელ ღმერთს შეუძლია კვლავაც შექმნას ისეთი ადამიანები, რომლებიც შემოინახა თავის მეხსიერებაში, იმიტომ რომ, მას უყვარს ისინი (ესაია 64:7). ამიტომ იყენებს ბიბლია გამოთქმას ‘სამახსოვრო აკლდამები’. როდესაც დადგება ღმერთის მიერ განსაზღვრული დრო, კვლავაც დააბრუნოს გარდაცვლილები სასიცოცხლოდ, ის მოახდენს ამ სასწაულს, როგორც ეს მან გააკეთა, როცა შექმნა პირველი ადამიანი; მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამას გაიმეორებს მრავალჯერ (დაბადება 2:7; საქმეები 24:15).
42. დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე რატომ არის შესაძლებელი და სარწმუნო?
42 ღმერთი კვლავ დააბრუნებს ადამიანებს სასიცოცხლოდ იმ პერსპექტივით, რომ ისინი აღარასოდეს მოკვდებიან. მაგრამ შესაძლებელია მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე? იგი შესაძლებელია და სარწმუნო, იმიტომ რომ ეს წარმოადგენს ღმერთის ნებასა და განზრახვას (იოანე 6:37–40; მათე 6:10). ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ კვდებიან ადამიანები დღეს, არის ის, რომ მათ ადამისგან მემკვიდრეობით მიიღეს სიკვდილი. მაგრამ თუ ჩვენ განვიხილავთ სასწაულებრივი საგნების უსასრულო მრავალფეროვნებას დედამიწაზე, რომლითაც უნდა გაეხარა ადამიანს, მაშინ ას წელზე ნაკლები ხანგრძლივობის სიცოცხლე ჩანს ძალიან მოკლე! როდესაც ღმერთმა ადამიანებს მისცა დედამიწა, მას განზრახული ჰქონდა, რომ მათ უნდა ეცხოვრათ მასზე და ესარგებლათ მისი შესანიშნავი შემოქმედებით, არა მარტო ასი ან ათასი წლით, არამედ მარადიულად! (ფსალმუნი 113:24; 132:3).
მშვიდობის მომტანი სრულყოფილი მთავრობა
43. ა) რატომ არის აუცილებელი სრულყოფილი მთავრობა? ბ) რა აქვს განზრახული იეჰოვას ამასთან დაკავშირებით?
43 რადგან ჩვენმა წინაპრებმა ღმერთის კანონი უარყვეს, ადამიანთა ხელისუფლება მოხვდა სატანის მმართველობაში. ამიტომ ბიბლია სატანას უწოდებს „ამ სისტემის ღმერთს“ (2 კორინთელთა 4:4, აქ). ომები და სისასტიკე, კორუპცია და ადამიანთა მთავრობების არამდგრადობა ამტკიცებს ამ ფაქტს. ერთა ლიგამ და გაერომ ვერ აღმოფხვრეს უწესრიგობა და ვერ დაამყარეს მშვიდობა. კაცობრიობა შენატრის მშვიდობის მომტან მთავრობას. ნუთუ გონივრული არ არის მოველოდეთ, რომ შემოქმედი, რომლის განზრახვასაც წარმოადგენს სამოთხის აღდგენა დედამიწაზე, სრულყოფილ მთავრობას შექმნის ამ სამოთხისთვის? სწორედ რომ ამის გაკეთება სურს იეჰოვას. ამ მთავრობაში ღმერთის წარმომადგენელი მეფე არის იესო ქრისტე, „მშვიდობის მთავარი“, და ‘ხელმწიფების განდიდებას და მშვიდობას არ ექნება ბოლო’ (ესაია 9:5, 6).
44. ა) სად იქნება ეს მთავრობა? ბ) როგორ იქნება იგი დაფუძნებული?
44 ბიბლია გვიჩვენებს, რომ ეს სრულყოფილი მთავრობა იქნება ზეცაში. ამ შესაფერისი მდგომარეობიდან მეფე იესო ქრისტე ეფექტურად და სამართლიანობით უხელმძღვანელებს მთელ დედამიწას. გარდა ამისა, ამ უხილავ ზეციერ მთავრობაში მას ეყოლება თანამმართველები. ესენი იქნებიან იესოს მიმდევარი, ერთგული ადამიანებიდან არჩეულები, რომლებიც მისი ერთგულები დარჩნენ გამოცდებში და რომლებსაც იესომ უთხრა: „მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი“ (ლუკა 22:28, 29). ადამიანთა მოდგმიდან მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნება აყვანილი ზეცაში, რათა იქ იმეფონ იესო ქრისტესთან ერთად. ამასთან დაკავშირებით საქმე დგას ისევე, როგორც თანამედროვე ერებში, სადაც მხოლოდ მცირე რაოდენობის არჩევა ხდება სახელმწიფო ორგანოებში ან პარლამენტში სამთავრობო ხელისუფლების განსახორციელებლად. ბიბლია გვიჩვენებს, რომ იესო ქრისტეს ეყოლება მხოლოდ 144 000 თანამმართველი. აქედან გამომდინარე, ღმერთის სასუფეველი, ანუ ზეციერი მთავრობა შედგება იესო ქრისტესა და 144 000 ადამიანისგან, რომლებიც დედამიწიდან არიან აყვანილი ზეცაში (გამოცხადება 14:1–4, აფ; 5:9, 10). რა შეიძლება ითქვას დედამიწის შესახებ? ფსალმუნის 44:17-ში მოხსენიებულია, რომ მეფე დააყენებს ‘მთავრებს მთელ დედამიწაზე’. ადამიანთა ‘მთავრები’, ანუ სამთავრობო ზედამხედველები დანიშნული იქნებიან ზეციერი მთავრობის მიერ სამართლიანობის პრინციპებისადმი მათი დიდი ერთგულების საფუძველზე (შეადარე ესაია 32:1).
45, 46. ა) რა წარმოადგენდა იესო ქრისტეს ქადაგების ძირითად თემას დედამიწაზე? ბ) რატომ არ იყო ჩამოყალიბებული უმალვე სრულყოფილი მთავრობა? გ) რატომ იყო ახალი წელთაღრიცხვით 1914 წელი ღირსშესანიშნავი წელი წინასწარმეტყველებებსა და მსოფლიო მოვლენებში?
45 როდის და როგორ იქნება დამყარებული სრულყოფილი მთავრობა? როდესაც იესო დედამიწაზე იყო, სასუფეველი, ანუ სამეფო იყო მისი ქადაგების ძირითადი თემა (მათე 4:17; ლუკა 8:1). მაგრამ მას არ დაუმყარებია სამეფო არც მაშინ და არც თავისი აღდგომისას (საქმეები 1:6–8). მაშინაც კი, როდესაც ის ზეცად ამაღლდა, მას უნდა მოეცადა იეჰოვას მიერ დანიშნული დროისთვის (ფსალმუნი 109:1, 2; ებრაელთა 1:13). ბიბლიური წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ დანიშნული დრო მოვიდა 1914 წელს. მაგრამ ზოგიერთები იკითხავენ: „ხომ არ ნიშნავს 1914 წელი უფრო მზარდი მსოფლიო უბედურებების დასაწყისს, ვიდრე სრულყოფილი მთავრობის მოსვლას?“ ეს ზუსტად ასეც არის. მაგრამ ღმერთის სამეფოს მოსვლასა და ახლო წარსულში მომხდარ კატასტროფულ მოვლენებს შორის არსებობს მჭიდრო კავშირი, ჩვენ ახლა ამას განვიხილავთ.
46 უკვე 35 წლით ადრე 1914 წლამდე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ (დღეს ყველაზე გავრცელებული რელიგიური ჟურნალი მთელ დედამიწაზე) ადამიანების ყურადღებას ამახვილებდა 1914 წელზე, როგორც ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში აღნიშნულ წელზე. ამ წინასწარმეტყველებების თვალსაჩინო შესრულება დაიწყო 1914 წელს. ერთ-ერთი წინასწარმეტყველება თვით იესომ წარმოთქვა 1900 წლის წინათ, ის ეხებოდა ‘ნიშანს’, რომელიც გამოჩნდებოდა სისტემის ბოლოს და დაამტკიცებდა, იესოს უხილავ თანდასწრებას სამეფო ძალაუფლებით. ამ ‘ნიშნის’ შესახებ თავისი მოწაფეების შეკითხვაზე მან თქვა: „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი, და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია“ (მათე 24:3, 7, 8). ამ სიტყვების გასაოცარი შესრულება იყო პირველი მსოფლიო ომის გაჩაღება 1914 წელს, რასაც შედეგად მოჰყვა შვიდჯერ უფრო დიდი ნგრევა, ვიდრე გასული 2 500 წლის განმავლობაში, 900 ომის დროს! ‘მშობიარობის ტკივილები’ დღემდე გრძელდება. იყავი თუ არა დამანგრეველი ომების, საკვები პროდუქტების უკმარისობის ან რომელიმე დიდი მიწისძვრის მოწმე, რაც დედამიწას თავს დაატყდა 1914 წლიდან? თუ დიახ, მაშინ შენ ხარ ამ სისტემის ‘უკანასკნელი ჟამის’ ‘ნიშნის’ თვითმხილველი (დანიელი 12:4).
47. როგორ გაუარესდა ახლო წარსულში მოვლენები, რომლებითაც სრულდება „ნიშანი“?
47 მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც პირველ მსოფლიო ომზე ოთხჯერ უფრო დამანგრეველი იყო, ‘მშობიარობის ტკივილებმა’ მოიმატა და მიგვიყვანა ატომურ ერამდე, რის შედეგადაც შესრულდა იესოს შემდგომი წინასწარმეტყველება: „იქნება. . . საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან“ (ლუკა 21:11). დამნაშავეობისა და ბოროტების ზრდა, ურჩობისა და ბავშვებს შორის დამნაშავეობის მომატება, როგორც უღმერთობის, ასევე უზნეობის გამრავლება, აგრეთვე ნაწინასწარმეტყველები იყო, როგორც ამ ბოროტი სისტემის ‘უკანასკნელი დღეების’ ნიშანი (2 ტიმოთე 3:1–5; მათე 24:12).
48. ვინ არის პუსუხისმგებელი უბედურებასა და ტანჯვაზე დედამიწაზე და რატომ გამრავლდა ისინი 1914 წლიდან?
48 მაგრამ თუკი 1914 წელს დამყარდა ზეციერი მთავრობა, რატომ არის ასე ბევრი უბედურება დედამიწაზე? ამაზე პასუხისმგებელია სატანა ეშმაკი. როდესაც ქრისტემ მიიღო სამეფო ძალაუფლება, მისი პირველი მოქმედება შედგებოდა იმაში, რომ ბრძოლა გაემართა სატანის წინააღმდეგ უხილავ ზეცაში. ამის შედეგად, სატანა, მსოფლიოს მაცდუნებელი, თავის ანგელოზებთან ერთად გადმოგდებული იქნა დედამიწის შემოგარენში. რადგან სატანამ იცის, რომ მისი განადგურება ახლოვდება, დედამიწაზე ქმნის დიდ სიძნელეებს. ეს ნიშნავს: „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7–9, 12).
49. ა) რა მოუვა მათ, ვინც ‘სპობს დედამიწას’? ბ) როგორ შეასრულებს იეჰოვა თავის სასამართლო განაჩენს ერების მიმართ?
49 დადგება თუ არა ოდესმე ამ უბედურებისა და ტანჯვის ბოლო? რა თქმა უნდა! კერძოდ, როდესაც თვითონ ზეციერი მთავრობა, ყოვლისშემძლე ღმერთის სამეფო, შეუდგება მოქმედებას, რათა მოსპოს „დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18; დანიელი 2:44). ღმერთი არასოდეს დაუშვებს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, ცრუ ქრისტიანებმა ან კიდევ სხვა ვინმემ, ატომური პოტენციალის გამოყენებით გაანადგურონ მისი ქმნილება — დედამიწა. ნაცვლად ამისა ის აცხადებს: „ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა“ (სოფონია 3:8). თავისი ძის მეშვეობით იეჰოვა გამოიყენებს თავის ძალაუფლებაში მყოფ სამყაროს ძლიერ ძალებს, რათა განსაცვიფრებლად გაანადგუროს ყველა, ვინც მიჰყვება დედამიწაზე სატანას. ეს მოხდება გლობალური მასშტაბით, ნოეს დროინდელი წარღვნის ზომებში (იერემია 25:31–34; 2 პეტრე 3:5–7, 10).
50. ა) რა არის „არმაგედონი“? ბ) მხოლოდ ვინ გადაიტანს არმაგედონს?
50 ბიბლიაში ამ ბიწიერი ერების განადგურებას ეწოდება ღმერთის ომი, არმაგედონი (გამოცხადება 16:14–16). არმაგედონის გადატანას და ღმერთის მშვიდობიან ახალ სისტემაში შესვლას შეძლებენ მხოლოდ თვინიერი ადამიანები, რომლებიც ეძებენ იეჰოვას და სიმართლეს (სოფონია 2:3; ესაია 26:20, 21). მათ შესახებ ბიბლია ამბობს: „ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). მაშინ დაიწყება დედამიწაზე სამოთხის აღდგენის გრანდიოზული საქმე!
ადამიანთა აღზრდა სამოთხეში შესასვლელად
51. რატომ არის აუცილებელი, რომ იმოქმედო ახლა?
51 გსურს ცხოვრება სამოთხეში? თუ დიახ, მაშინ შენ მოხარული იქნებოდი გაგეგო, რომ როდესაც იესო ლაპარაკობდა დღევანდელი მღელვარე სისტემისა და მისი მოახლოებული განადგურების ‘ნიშანზე’, მან დაუმატა: „არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება“. (მათე 24:34). მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ადამიანთა უმეტესობა იმყოფება ‘ფართო’ გზაზე, რომელსაც სიკვდილისკენ მიჰყავს (მათე 7:13, 14). მათ რჩებათ მცირე დრო, რათა შეიცვალონ. როგორი მადლიერი უნდა იყო შენ, რადგან იეჰოვამ დროულად იზრუნა და გაგაფრთხილა! რამდენადაც მას სურს, რომ იცოცხლო, დაგეხმარება სწორი ნაბიჯების გადადგმაში (2 პეტრე 3:9; ეზეკიელი 18:23).
52. რა არის შენთვის აუცილებელი, რომ გქონდეს შესაძლებლობა, გონივრული არჩევანი გააკეთო რელიგიასთან დაკავშირებით?
52 ახლა შენთვის, უსათუოდ, აუცილებელია ზუსტი შემეცნება (1 ტიმოთე 2:4; იოანე 17:3). სად შეგიძლია მისი მიღება? შეიძლება თუ არა მისი მონახვა ნებისმიერ რელიგიაში? ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ყველა რელიგია მიდის ერთი და იმავე მიზნისკენ, როგორც მთის ყველა ბილიკს მივყავართ მისი მწვერვალისკენ. როგორ ცდებიან ისინი! რომ იპოვონ სწორი გზა, ალპინისტები სარგებლობენ რუკებით და თან მიჰყავთ გამცილებლები. ამის მსგავსად, არის მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი რელიგია, რომელსაც მივყავართ მარადიული სიცოცხლისკენ და რომ ვიპოვოთ იგი, აუცილებელია ხელმძღვანელობა (საქმეები 8:26–31).
53. ა) რისი გაკეთება უნდა განაგრძო, რომ მიაღწიო მარადიულ სიცოცხლეს? ბ) სატანის რომელ ცდუნებას არ უნდა დანებდე?
53 იეჰოვას მოწმეებმა ეს ბროშურა იმისთვის გამოსცეს, რომ შენ დაგეხმარონ. ნუთუ არ დაგეხმარა ის ზოგიერთი ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში? უსათუოდ, შენ დარწმუნდი იმაში, რომ თითოეული აზრი დაფუძნებულია ღმერთის ინსპირირებულ სიტყვაზე. ახლა კი, რათა მიუახლოვდე შენს მიზანს, აუცილებლად უნდა განაგრძო სწავლა. ისევე როგორც აუცილებელია შესაფერისი ქვეყნიური განათლება, რათა ვინმემ დაიკავოს ადგილი ადამიანთა საზოგადოებაში, ასევე აუცილებელია შესაფერისი ბიბლიური განათლება, რათა ადამიანები შეუერთდნენ საზოგადოებას, რომელიც გადარჩება და დატკბება სამოთხის პირობებით დედამიწაზე (2 ტიმოთე 3:16, 17). შეიძლება, სატანა შეეცადოს, გაცდუნოს იმით, რომ აღძრას ახლო მეგობრები, წინააღმდეგობა გაგიწიონ ან იმით, რომ გაცდუნოს ეგოისტური და მატერიალისტური ან უზნეო მოქმედებებისკენ. ნუ დანებდები სატანას. შენი უსაფრთხოება და მომავალი, ისევე როგორც შენი ოჯახის მომავალი, დამოკიდებულია შენს მიერ ბიბლიის შემდგომ შესწავლაზე (მათე 10:36; 1 იოანე 2:15–17).
54. რომელი შემდგომი ღონისძიება გაითვალისწინა სწავლებისთვის იეჰოვამ შენს მახლობლად?
54 ბიბლიის შესწავლის გაგრძელების გარდა, არსებობს შესწავლის კიდევ სხვა შესაძლებლობა. ბიბლიის სწავლებით დაინტერესებული ადამიანები შენს მახლობლად, რეგულარულად ესწრებიან შეკრებებს ადგილობრივ სამეფო დარბაზში. ყველას, ვინც ესწრება, სურს მიიღოს დარიგება ბიბლიიდან და გულწრფელად ცდილობს გახდეს უკეთესი ადამიანი. ისინი სიხარულით ეგებებიან ახლებს და ამბობენ: „მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე [თაყვანისცემის ადგილზე]. . . გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ“ (ესაია 2:3). ბიბლიურ შეკრებებზე დასწრებისთვის დამაჯერებელი მიზეზი მოცემულია ებრაელთა 10:24, 25-ში, სადაც ნათქვამია: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“.
55. ა) რა მხრივ განსხვავდება იეჰოვას ორგანიზაცია სხვებისგან? ბ) სხვა ხალხებისგან განსხვავებით, რა სახით არიან იეჰოვას მოწმეები ერთიანები?
55 თუ დაუკავშირდები იეჰოვას ორგანიზაციას, ნახავ, რომ იქ გამეფებული ატმოსფერო მკვეთრად განსხვავდება ტაძრებსა და ეკლესიებში გამეფებული ატმოსფეროსგან. იქ არ არის ფულის შეგროვება, არ არის ერთმანეთის დაძრახვა და კამათები, არავინ ექვემდებარება დისკრიმინაციას მისი წარმოშობის ან ფინანსური მდგომარეობის გამო. იეჰოვას მოწმეების ღირსშესანიშნავ თვისებას წარმოადგენს სიყვარული. უპირველეს ყოვლისა, მათ უყვართ იეჰოვა, და მეორე, მათ უყვართ ადამიანები. აი, ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიშნები (მათე 22:37–39; იოანე 13:35). შენ უნდა ნახო მათი შეკრებები და თვითონ დარწმუნდე ამაში. შენზე, უსათუოდ, შთაბეჭდილებას მოახდენს მათი ერთიანობა. მთელ მსოფლიოში 200-ზე მეტ ქვეყანასა და კუნძულზე ოთხ მილიონზე მეტი მოწმეა. მაგრამ მთელ დედამიწაზე მოწმეებს თავიანთ შეკრებებზე ერთი და იგივე პროგრამა აქვთ. რამდენადაც მათი პუბლიკაციები ერთდროულად მრავალ ენაზე იბეჭდება, მთელ მსოფლიოში ყოველკვირეულ შეკრებებზე იეჰოვას მოწმეების უმეტესობა, მხოლოდ რამდენიმე საათის განსხვავებით, სწავლობს ერთსა და იმავე ბიბლიურ თემას. ჩვენს დაქუცმაცებულ მსოფლიოში იეჰოვას ორგანიზაციის ერთიანობა წარმოადგენს თანამედროვე სასწაულს.
56. ა) როგორი სარგებლობის მიღება შეგიძლია იეჰოვას ორგანიზაციასთან ურთიერთობით? ბ) როგორ უნდა რეაგირებდე, როდესაც წამოიჭრება პრობლემები? გ) რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი, სიცოცხლე მიუძღვნა იეჰოვას?
56 თუ შენ რეგულარულად ხარ იეჰოვას ხალხთან ურთიერთობაში, მაშინ გმართებს შეიმოსო „ახალ პიროვნებად“ და განავითარო ღმერთის სულის ნაყოფი: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“ (კოლასელთა 3:10, აქ, 12–14; გალატელთა 5:22, 23). ეს მოგანიჭებს უდიდეს კმაყოფილებას. დროდადრო, შეიძლება, მოგიწიოს პრობლემების დაძლევა, იმიტომ რომ, ცხოვრობ გახრწნილ მსოფლიოში და შენ თვითონ არასრულყოფილი ხარ. მაგრამ იეჰოვა დაგეხმარება. ყველას, ვინც გულწრფელად ცდილობს, ასიამოვნოს მას, მისი სიტყვა არწმუნებს: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). იეჰოვასადმი სიყვარული ისე მიგიზიდავს, რომ მოისურვებ ემსახურო მას. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგანახებენ, თუ როგორ შეგიძლია თავი მიუძღვნა ამ მოსიყვარულე ღმერთს და გახდე მისი ერთ-ერთი პრივილეგიური მოწმე (ფსალმუნი 103:33; ლუკა 9:23). დიახ, ეს უპირატესობაა. მხოლოდ დაფიქრდი! შენ, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელს, შეგიძლია ისწრაფო მარადიული სიცოცხლისკენ დედამიწაზე სამოთხეში (სოფონია 2:3; ესაია 25:6, 8).
57. ა) როგორი ახლო ურთიერთობა იარსებებს ახალ სისტემაში ღმერთსა და ადამიანებს შორის? ბ) დაასახელე ზოგიერთი კურთხევა, რომლითაც მაშინ შეძლებ ტკბობას?
57 ამიტომ განაგრძე ბიბლიის შესწავლა და გაიღრმავე შენი სიყვარული და მადლიერება იეჰოვა ღმერთისადმი, მისი ძისა და სამართლიანი ზეციერი მთავრობისადმი. ბიბლიური წინასწარმეტყველება აღწერს ღმერთის მთავრობასა და კურთხევას, რომელსაც ის მოავლენს კაცობრიობაზე: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან“. „თვით ღმერთი“, რომელიც მაღლა დგას დღევანდელ ეგოისტურ, დამღუპველ ადამიანთა მთავრობებზე, ახალ სისტემაში იქნება კეთილი მამა, ძალიან ახლობელი ყველასთვის, ვისაც უყვარს ის და თაყვანს სცემს მას. დიახ, მაშინ იქნება მხოლოდ ერთი რელიგია, იეჰოვა ღმერთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა, და მის თაყვანისმცემლებს ახლო ურთიერთობა ექნებათ მასთან ისე, როგორც შვილებს მამასთან. როგორ მოსიყვარულე მამად გამოავლენს ის თავის თავს! „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4).
58. რატომ შეგიძლია იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა ‘შექმნის ყოველივე ახალს’?
58 ამგვარად იქნება დასრულებული უდიდესი სასწაული — მიწიერი სამოთხის დამყარება სრულყოფილი ზეციერი მთავრობის ზედამხედველობით. ეს ისევე სარწმუნოა, როგორც ის ფაქტი, რომ ხვალ კვლავ ამოვა მზე და კვლავ ჩავა, რადგან იეჰოვა ღმერთის, ცისა და დედამიწის შემოქმედის, დანაპირები ყოველთვის „სარწმუნო და ჭეშმარიტია“. ეს მან განაცხადა თავისი ზეციერი ტახტიდან: „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“ (გამოცხადება 21:5, აქ).
როგორ უპასუხებდი შემდეგ კითხვებზე განხილული მასალის გათვალისწინებით?
რა საკითხებში წარმოადგენს ბიბლია ღირსშესანიშნავს?
რა ისწავლე ღმერთზე?
ვინ არის იესო ქრისტე?
ვინ არის სატანა ეშმაკი?
რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება?
რატომ კვდება ადამიანი?
რა მდგომარეობაშია მკვდარი?
რა არის გამოსყიდვა?
სად და როგორ მოხდება აღდგომა?
რა არის სასუფეველი და რას შეასრულებს იგი?
რა წარმოადგენს „ამ სისტემის აღსასრულის“ ‘ნიშანს’?
როგორ შეგიძლია მოემზადო მარადიული სიცოცხლისთვის სამოთხეში?
[სქოლიოები]
a ბიბლიური მუხლები, რომლებიც ადასტურებენ ზემომოყვანილ აბზაცებში ნათქვამს: (1) საქმეები 17:26; ფსალმუნი 45:10; მიქა 4:3, 4; ესაია 65:21–23; (2) ესაია 65:25; 11:6–9; 55:12, 13; ფსალმუნი 66:7, 8; (3) იობი 33:25; ესაია 35:5, 6; 33:24; ფსალმუნი 103:24; (4) ესაია 55:11.
b თუ არ არის მითითება, ებრაული წერილებიდან ციტირებული ტექსტი აღებულია ბიბლიიდან „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989“. ციტატები ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან კი აღებულია წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი. თუ ციტატას მოჰყვება შემოკლება აქ, ეს მიუთითებს, რომ ციტატა გადმოთარგმნილია ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიიდან „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“.
c „მონარქები, საფლავები და ადამიანები — აღმოსავლეთის განთიადი“ (Monarchs and Tombs and Peoples — The Dawn of the Orient), გვერდი 25.
d „ბიბლიური, საღვთისმეტყველო და საეკლესიო ლიტერატურის ენციკლოპედია“ (Cyclopedia of Biblical, Theological, and Ecclesiastical Literature), ჯ. მაკლინტოკი და ჯ. სტრონგი, ტომი 8, გვერდი 908.
[სურათი 13 გვერდზე]
ადამიანი წარმოადგენს ქმნილებას, რომელიც გაცილებით მაღლა დგას ცხოველებზე.
[სურათი 18 გვერდზე]
იესო იყო სრულყოფილი ადამიანის, ადამის, თანასწორი.