ᲔᲕᲐ
[ცოცხალი; როგორც ჩანს, უკავშირდება ებრაულ ზმნას ხაჲაჰ, რაც სიცოცხლეს ნიშნავს]
პირველი ქალი და დედამიწაზე ღვთის მიერ შექმნილი ბოლო არსება.
შემოქმედმა იეჰოვამ იცოდა, რომ არ იყო კარგი კაცის მარტო ყოფნა. თუმცა ქალის შექმნამდე იეჰოვამ სხვადასხვა ცხოველი და ფრინველი მიუყვანა ადამს. არქმევდა ადამი ცხოველებს სახელებს, მაგრამ მისი დამხმარე მათ შორის არ ჩანდა. ამის შემდეგ იეჰოვამ ღრმა ძილი მოჰგვარა ადამს, ნეკნი გამოუღო და ის ადგილი შეუხორცა. ნეკნისგან იეჰოვა ღმერთმა ქალი შექმნა. ადამს უეჭველია, ღმერთისგან, თავისი შემოქმედისა და მამისგან ეცოდინებოდა, როგორ მოევლინა ქალი ქვეყანას. მას გაუხარდა, რომ ევა მისი ცოლი იქნებოდა და შესძახა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. ადამი მიხვდა, რომ ის მისი მეორე ნახევარი იყო. მან თავის ცოლს, როგორც შემავსებელს, ʼიშშაჰ (ქალი; სიტყვასიტყვით დედაკაცი) უწოდა, „რადგან კაცისგან … [იყო] აღებული“ (დბ. 2:18—23). შემდეგ ღმერთმა, როგორც მამამ, აკურთხა ისინი: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“. მათ ცხოველებიც უნდა დამორჩილებოდნენ (დბ. 1:28). ღვთის შექმნილი ქალი სრულყოფილად შეძლებდა ადამის დახმარებას და თავიანთი შვილების დედობას.
სიცრუე და დაუმორჩილებლობა. ერთხელ ქალი სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხესთან მარტო იყო. ამ დროს ფრთხილმა გველმა, რომელიც უხილავმა ქმნილებამ გამოიყენა, მას ერთი შეხედვით უწყინარი კითხვა დაუსვა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. ქალმა სიმართლე უთხრა. როგორც ჩანს, ქმარს, მის თავსა და ერთხორცს, გადაცემული ჰქონდა მისთვის ღვთის მითითება. მაგრამ, როცა გველი დაუპირისპირდა ღმერთს და თქვა, რომ ღვთის კანონის დარღვევით ქალი ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების შემცნობი გახდებოდა, მან ხეს სხვა თვალით დაუწყო ყურება. „ხეს საჭმელად კარგი და თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა. ხე მართლაც თვალწარმტაცი იყო“. უფრო მეტიც, გველს ნათქვამი ჰქონდა, რომ ღმერთივით გახდებოდა, თუ ამ ხის ნაყოფს შეჭამდა (შდრ. 1ინ. 2:16). გველმა მიაღწია მიზანს — ქალი შეცდა, აჰყვა იმის მიღების ძლიერ სურვილს, რაც აკრძალული ნაყოფის ჭამის შემდეგ ელოდა და დაარღვია ღვთის კანონი (1ტმ. 2:14). შემდეგ ევა მივიდა ქმართან და ღვთის დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა. ადამმაც დაუჯერა ცოლს (დბ. 3:1—6).
პირველი, რაც მათ საქციელს შედეგად მოჰყვა, სირცხვილის გრძნობა იყო. ამიტომ მათ წელზე ლეღვის ფოთლები შემოირტყეს. იეჰოვას ხმის გაგონებაზე ორივე ხეებქვეშ დაიმალა. კითხვაზე, რატომ ჩაიდინა ეს, ქალმა ღმერთს მიუგო, რომ გველმა აცდუნა. განაჩენის გამოტანისას ღმერთმა უთხრა მას, რომ გაუძლიერებდა ორსულობის ტკივილებს და მშობიარობის ტკივილებით გააჩენდა შვილებს; ქმრისკენ ექნებოდა ლტოლვა, ის კი იბატონებდა მასზე (დბ. 3:7—13, 16).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის კანონის დარღვევის შემდეგ, ადამმა თავის ცოლს ევა დაარქვა, „რადგან ის უნდა გამხდარიყო ყოველი ცოცხლის დედა“ (დბ. 3:20). სანამ ადამსა და ევას ედემის ბაღიდან გააძევებდა და ისინი მიწის წყევლას საკუთარ თავზე გამოსცდიდნენ, იეჰოვამ წყალობა გამოავლინა მათდამი და ორივეს ტყავის გრძელი სამოსელი მისცა (დბ. 3:21).
შეესაბამებოდა სიმართლეს ევას ნათქვამი, რომ კაენი „იეჰოვას შეწევნით“ გააჩინა?
პირველი ვაჟის, კაენის დაბადების შემდეგ ევამ წამოიძახა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“ (დბ. 4:1). ბიბლიის მიხედვით ევამ პირველმა მოიხსენია ღვთის სახელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პირველმა წყვილმა იცოდა ის. მოგვიანებით მან გააჩინა აბელი და სხვა ვაჟები და ასულები. ადამი 130 წლისა იყო, როცა ევამ შეთი გააჩინა და თქვა: „ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა აბელის ნაცვლად, რადგან კაენმა მოკლაო იგი“. მას მართებულად შეეძლო ამ სიტყვების თქმა ორივეს, კაენისა და შეთის შემთხვევაში, ვინაიდან ღმერთმა მას და მის ქმარს გამრავლების უნარი მისცა. გარდა ამისა, მათი დაბადება ევას მიმართ ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობა იყო, რადგან მაშინვე არ დასაჯა კანონის დარღვევისთვის სიკვდილით და შვილების გაჩენის შესაძლებლობა მისცა. შეთის დაბადების შემდეგ წიგნი „დაბადება“ მეტად აღარ მოიხსენიებს ევას (დბ. 4:25; 5:3, 4).
ნამდვილად არსებობდა ევა? თავად იესო ქრისტემ დაადასტურა, რომ ევა სინამდვილეში არსებობდა და გამოგონილი არ იყო. გაყრასთან დაკავშირებულ კითხვაზე იესომ ფარისევლებს ყურადღება გაუმახვილა კაცისა და ქალის შექმნის შესახებ „დაბადებაში“ ჩაწერილ მონათხრობზე (მთ. 19:3—6). გარდა ამისა, კორინთელებს პავლე სწერდა, რომ შიშობდა, ისევე არ გარყვნილიყო მათი გონება, „როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი ცბიერებით“ (2კრ. 11:3). შემდეგ ქრისტიანულ კრებაში ქალის მდგომარეობაზე საუბრისას პავლემ ახსნა, თუ რატომ არ ეძლეოდა ქალს „სწავლების ან კაცზე ბატონობის უფლება“ და თქვა, რომ პირველად ადამი შეიქმნა და ის კი არ შემცდარა, არამედ „ქალი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა“ (1ტმ. 2:12—14).