ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2013 წლის გადამუშავებული გამოცემა
წლების განმავლობაში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რამდენიმეჯერ გადამუშავდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები 2013 წლის ინგლისურენოვან გადამუშავებულ გამოცემაში შევიდა. მაგალითად, ამ გამოცემაში დაახლოებით 10%-ით შემცირდა სიტყვების რაოდენობა. შეიცვალა ზოგი საკვანძო ბიბლიური სიტყვა თუ ფრაზა. ბიბლიის ზოგი წიგნიდან ცალკეული თავები ლექსის სახით დაიწერა. გარდა ამისა, სქოლიოებში მოცემული ინფორმაცია ძირითადი ტექსტის ნაწილად იქცა. მართალია, ამ სტატიაში შეუძლებელია ყველა იმ ცვლილებაზე საუბარი, რაც აღნიშნულ გამოცემაში შევიდა, მაგრამ ზოგიერთ მათგანს, მოდი, მაინც შევეხოთ.
საკვანძო ბიბლიური სიტყვები და ფრაზები, რომლებიც შეიცვალა. როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, „შეოლი“, „ჰადესი“ და „სული“ 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში სხვა სიტყვებით ჩანაცვლდა. შეიცვალა სხვა სიტყვებიცა და ფრაზებიც.
მაგალითად, ინგლისურ ენაში გამოყენებული სიტყვა, რომელიც „ძელზე გაკვრაზე“ მიუთითებდა, საკმაოდ ორაზროვანი იყო. იგი შესაძლოა „ძელზე ჩამოცმადაც“ გაგებულიყო. ამიტომ, გადამუშავებულ გამოცემაში ეს ფრაზა ითარგმნა, როგორც „ძელზე მილურსმვა“ და „ბოძზე გაკვრა“ (მათ. 20:19; 27:31). ფრაზა „თავაშვებული საქციელი“ შეიცვალა ფრაზით „უტიფარი საქციელი“, რითაც უკეთ გამოიხატა დედნის აზრი, ვინაიდან ბერძნულ ენაზე ეს ფრაზა უპატივცემულო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. წინა თარგმანში გამოყენებული ფრაზა, რომელიც ქართულში „სულგრძელობად“ ითარგმნა, ინგლისურ ენაზე სიტყვასიტყვით „ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტანჯვას“ ნიშნავს. ამ გარემოებას მკითხველი რომ არ დაებნია, ეს ფრაზა გადამუშავებულ გამოცემაში „მოთმინებად“ ითარგმნა, რაც უკეთ გადმოსცემს დედანში ჩადებულ აზრს. რაც შეეხება სიტყვა „ღრეობას“, იგი შეიცვალა თანამედროვე ინგლისურენოვანი მკითხველისთვის უფრო გასაგები ფრაზით: „ზღვარგადასული გართობა“ (გალ. 5:19—22). ფრაზა „სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე“ კი „ერთგული სიყვარულით“ შეიცვალა, რაც უფრო ზუსტად გადმოსცემს დედნისეული ტექსტის აზრს. ამ ფრაზას ხშირად ბიბლიაში სიტყვა „ერთგულებასთან“ ერთად ვხვდებით (ფსალმ. 36:5; 89:1).
ზოგიერთი სიტყვა თუ ფრაზა, რომელიც წინა გამოცემაში ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვითა თუ ფრაზით ითარგმნებოდა, გადამუშავებულ გამოცემაში კონტექსტის მიხედვით ითარგმნა. მაგალითად, ებრაულ სიტყვა „ოლამს“, რომელიც ძველ გამოცემაში ნათარგმნი იყო როგორც „უხსოვარი დროიდან“, შეიძლება „მარადიულობის“ მნიშვნელობაც ჰქონდეს. მაგალითისთვის იხილეთ ფსალმუნის 90:2 და მიქას 5:2.
„თესლად“ ნათარგმნ ებრაულ და ბერძნულ სიტყვას წმინდა წერილში ხშირად ორი მნიშვნელობით ვხვდებით: ერთ შემთხვევაში ის პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება და დასათესად განკუთვნილ მარცვალს აღნიშნავს, ხოლო მეორე შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით იხმარება და შთამომავალზე მიუთითებს. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში მხოლოდ სიტყვა „თესლი“ იყო გამოყენებული, მათ შორის, დაბადების 3:15-შიც. თუმცა ვინაიდან „შთამომავლის“ მნიშვნელობით გამოყენებული სიტყვა „თესლი“ თანამედროვე ინგლისურენოვანი მკითხველისთვის არცთუ ისე ბუნებრივად ჟღერს, 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში, დაბადების 3:15-სა თუ ბიბლიის სხვა მსგავს მუხლებში სიტყვა „თესლი“ „შთამომავლით“ ჩანაცვლდა (დაბ. 22:17, 18; გამოცხ. 12:17). დანარჩენ შემთხვევებში კი ის კონტექსტიდან გამომდინარე ითარგმნა (დაბ. 1:11; ფსალმ. 22:30; ეს. 57:3).
ბევრი სიტყვა თუ ფრაზა აზრობრივად ითარგმნა. ბიბლიის 2013 წლის გადამუშავებული გამოცემის დანართში (1ა) ნათქვამია: „კარგ თარგმანში აზრობრივადაა ნათარგმნი ის სიტყვები თუ ფრაზები, რომელთა სიტყვასიტყვითი თარგმანიც აზრს გააბუნდოვნებდა ან შეცვლიდა“. როდესაც დედნისეულ ენაში გამოყენებული იდიომები სხვა ენებზეც მსგავს აზრობრივ დატვირთვას ატარებს, ისინი სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი. ერთ-ერთი ასეთი იდიომია „გულებს ვიკვლევ“, რომელსაც გამოცხადების 2:23-ში ვხვდებით; ეს იდიომი ბევრ ენაზე სიტყვასიტყვით ითარგმნა. თუმცა ამავე მუხლში გამოყენებული სხვა იდიომი, „თირკმელებს . . . ვიკვლევ“, სიტყვასიტყვით რომ თარგმნილიყო, მისი მნიშვნელობა შესაძლოა ბევრ ენაზე გაუგებარი ყოფილიყო; ამიტომ ის აზრობრივად, „ღრმა გრძნობებად“, ითარგმნა, რითაც უკეთ გადმოიცა დედნისეულ ტექსტში ჩადებული აზრი. მსგავსად ამისა, კანონის 32:14-ში გამოყენებული ებრაული იდიომი „ხორბლის თირკმლის ქონი“ ითარგმნა ყველასთვის გასაგებად, „საუკეთესო ხორბლად“. ამავე მიზეზით, მოსეს სიტყვები, „ბაგედაუცვეთელი ვარ“, ითარგმნა აზრობრივად — „ლაპარაკი მიჭირს“ (გამ. 6:12).
ფრაზები „ისრაელის ვაჟები“, „ისრაელის ძეები“ და „უმამო ვაჟები“ „ისრაელებად“ და „უმამო ბავშვებად“ ითარგმნა. მართალია, ებრაულ ენაში მამრობით და მდედრობით სქესს კონკრეტული სიტყვებით გამოხატავენ, მაგრამ ხანდახან მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვები მდედრობით სქესთან მიმართებითაც გამოიყენება. მაგალითად, ზოგიერთი მუხლის კონტექსტიდან ვხვდებით, რომ ფრაზებში, „ისრაელის ვაჟები“ და „ისრაელის ძეები“, იგულისხმებიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ამიტომაც ეს გამოთქმები გადამუშავებულ გამოცემაში „ისრაელებად“ ითარგმნა (გამ. 1:7; 35:29; 2 მეფ. 8:12).
ამავე მიზეზით „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში დაბადების 3:16-ში მოხსენიებული მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვა „ვაჟები“ „ბავშვებად“ იყო ნათარგმნი. სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელეს მთარგმნელებმა ბიბლიის გადამუშავებისას და გამოსვლის 22:24-ში მოხსენიებული სიტყვა „ვაჟები“ „ბავშვებით“ ჩაანაცვლეს. ამ თარგმანში ეს მუხლი ასე ჟღერს: „თქვენი ბავშვები [ებრაულად „ვაჟები“] უმამოდ დარჩებიან“. მსგავსად ამისა, ბიბლიის სხვა მონაკვეთებში ფრაზა „უმამო ვაჟი“ შეიცვალა „უმამო ბავშვით“ ან სიტყვით — „ობოლი“ (კან. 10:18; იობ. 6:27). თავის დროზე ამგვარ მეთოდს სეპტუაგინტის მთარგმნელებმაც მიმართეს. კიდევ ერთი ასეთი ცვლილება ეკლესიასტეს 12:1-ს შეეხო — „სიჭაბუკე“ „ახალგაზრდობით“ შეიცვალა.
გამარტივდა ბევრი ებრაული ზმნა. ებრაულ ზმნას ორგვარი ასპექტი აქვს: სრული და უსრული. სრული ზმნით გამოიხატება დასრულებული მოქმედება, უსრულით კი — განგრძობითი. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში განგრძობითი ანუ მრავალჯერადი მოქმედების აღსანიშნავად ებრაული უსრული ზმნა ყოველთვის ზმნითა და დამხმარე სიტყვით გამოიხატებოდა,a ხოლო სრული ზმნის დასრულებული მოქმედების გამოსახატავად იხმარებოდა ისეთი ხაზგასმითი სიტყვები, როგორიცაა: „უდავოდ“, „უნდა“ და „ნამდვილად“.
2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში უსრულ ზმნებს ჩამოსცილდა განგრძობითი მოქმედების გამომხატველი დამხმარე სიტყვები იქ, სადაც ამას ტექსტის აზრობრივი სიზუსტე არ შესწირვია. მაგალითად, „დაბადებაში“ მოხსენიებულ ღვთის სიტყვებში „გამოჩნდეს სინათლე“ ერთჯერადი მოქმედება იგულისხმება, ამიტომ გადამუშავებულ თარგმანში ზმნის უსრული ფორმა „ამბობდა“ შეიცვალა ზმნის სრული ფორმით „თქვა“ (დაბ. 1:3). თუმცა, სხვა მონაკვეთში, კერძოდ, დაბადების 3:9-ში განგრძობითი მოქმედების გადმოსაცემად უსრულ ზმნას დამხმარე სიტყვა არ ჩამოსცილებია და ზმნა ითარგმნა უსრული ფორმით „ეძახდა“; მიზეზი ისაა, რომ ზმნას მრავალჯერადი მოქმედება უნდა გამოეხატა, ვინაიდან იეჰოვამ ადამს არაერთხელ დაუძახა. გადამუშავებულ გამოცემაში ზმნები გამარტივდა და ძირითადი ყურადღება იმას კი არ მიექცა, თუ დედნისეულ ტექსტში რომელ ასპექტში იყო ზმნა ჩასმული, არამედ იმას, თუ რა სახის მოქმედებას გამოხატავდა იგი. ამასთანავე, ამ ცვლილებების წყალობით, ინგლისურენოვან მკითხველს შეუძლია შეიქმნას წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რაოდენ ლაკონიურად გადმოსცემდა სათქმელს ებრაული.
ბევრი თავი ლექსის სახით დაიწერა. დედნისეულ ენაზე ბიბლიის არაერთი მონაკვეთი ლექსის სახით დაიწერა. ბევრ თანამედროვე ენაში ხშირად ნაწარმოების პოეტურ ხასიათს რითმა განსაზღვრავს, თუმცა საქმე სხვაგვარადაა ებრაულ პოეზიაში; ებრაული ლექსის პოეტიკა უმთავრესად პარალელიზმსა და შედარება-შეპირისპირების მეთოდს ემყარება. ებრაულ პოეზიაში რითმა აზრების ლოგიკური თანმიმდევრობით მიიღწევა და არა — ერთგვარად მჟღერი სიტყვების მონაცვლეობით.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში იობისა და ფსალმუნების წიგნები პოეზიის სახითაა წარმოდგენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი თავდაპირველად სიმღერისთვის განკუთვნილი ლექსები იყო. ამგვარად დაწერილი ტექსტი ხაზს უსვამს ბიბლიის მონაკვეთების პოეტურ ხასიათს და მკითხველს მის დამახსოვრებას უადვილებს. 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში ლექსის სახით დაიწერა აგრეთვე „იგავები“, „ქებათა ქება“ და წინასწარმეტყველური წიგნების არაერთი თავი; მიზანი ის იყო, რომ ამ წიგნებს შენარჩუნებოდა პოეტური სახე და გამოკვეთილიყო ებრაული პოეზიისთვის სახასიათო მხატვრული ხერხები: პარალელიზმი და შედარება-შეპირისპირება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ესაიას 24:2, რომელშიც თითოეული სტრიქონი შეპირისპირების მეთოდზეა აგებული და აზრობრივად ებმის ერთმანეთს იმის ხაზგასასმელად, რომ ღვთის სასჯელს ვერავინ დააღწევს თავს. მსგავსი პოეტური პასაჟების წყალობით მკითხველი ხედავს, რომ ბიბლიის დამწერები უბრალოდ კი არ წერდნენ ღვთის ცნობას, არამედ მას მხატვრული ხერხებითაც ამკობდნენ.
ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში ერთი და იგივე მონაკვეთი ზოგან პოეზიის სახითაა გადმოცემული, ზოგან კი — პროზის; ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირად ებრაული პოეზიისა და პროზის ერთმანეთისგან გამიჯვნა საკმაოდ რთულია. შესაბამისად, მთარგმნელს უწევს იმის განსაზღვრა, ბიბლიის რომელ ეპიზოდს დაწერს ლექსის სახით და რომელს — პროზაულად. ბიბლიის ზოგი მონაკვეთი, რომელიც პროზის სახითაა დაწერილი, საკმაოდ პოეტურად ჟღერს, ვინაიდან მათში აზრის მკაფიოდ გამოსახატავად ვხვდებით ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა: კალამბური და პარალელიზმი.
გადამუშავებული გამოცემის ერთ-ერთი თავისებურება, კერძოდ, ბიბლიის თითოეული წიგნის შესავალში მოცემული მოკლე შინაარსი, გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ ვინ საუბრობს მაშინ, როცა საუბარში არაერთი მოქმედია პირია ჩართული. სწორედ ასეთი წიგნია „ქებათა ქება“, უძველესი პოემა.
უძველესი ხელნაწერების შესწავლამ ცვლილებები განაპირობა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თავდაპირველი გამოცემა ებრაულ მასორეტულ ტექსტს და მეტად ავტორიტეტულ უესტკოტისა და ჰორტის ბერძნულენოვან ტექსტს ეფუძნებოდა. ძველი ხელნაწერების სიღრმისეულმა შესწავლამ კიდევ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა ზოგ ბიბლიურ მუხლს. ამასთანავე, ხელმისაწვდომი გახდა მკვდარი ზღვის ხელნაწერების ასლები. გარდა ამისა, შესწავლილ იქნა უფრო მეტი ბერძნულენოვანი ხელნაწერი. საბედნიეროდ, ბოლო დროს აღმოჩენილი მანუსკრიპტები ელექტრონული სახითაც გახდა ხელმისაწვდომი, რამაც მნიშვნელოვანწილად გააადვილა მიკვლეულ ხელნაწერებს შორის სხვაობების დადგენა; ეს ბიბლეისტებს იმის განსაზღვრაში დაეხმარა, თუ რომელი ებრაული და ბერძნული ტექსტები იდგა ყველაზე ახლოს ორიგინალთან. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტს ზოგიერთი მუხლის გამოკვლევაში დიდი სამსახური გაუწია; სწორედ ამან განაპირობა ცვლილებები 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში.
მაგალითად, სეპტუაგინტაში 2 სამუელის 13:21-ში დაახლოებით ასეთი რამ წერია: „მაგრამ ამონს გული არ ატკინა, ვინაიდან თავისი პირმშო იყო და ძალიან უყვარდა“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში ამ მუხლში მსგავს სიტყვებს ვერსად ნახავთ, რადგან ეს სიტყვები მასორეტულ ტექსტში არ მოიპოვება. თუმცა ამ წინადადებას მკვდარი ზღვის ხელნაწერებში ვხვდებით, რის გამოც ის 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში ზემოხსენებულ მუხლს დაემატა. ამავე მიზეზით სამუელის პირველ წიგნში ღვთის სახელი ხუთ ადგილას აღდგა. ბერძნული ტექსტების შესწავლამ სხვა ცვლილებაც განაპირობა, მაგალითად, მათეს 21:29—31-ში აზრები განსხვავებული თანმიმდევრობით გადმოიცა. აქედან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები მხოლოდ ერთი რომელიმე ბერძნულენოვანი სამეცნიერო ტექსტის გამოკვლევის შედეგად კი არ განხორციელებულა, არამედ — არაერთი ხელნაწერის შესწავლის საფუძველზე.
ეს გახლავთ მხოლოდ რამდენიმე ცვლილება, რამაც ერთიორად გააადვილა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გაგება მათთვის, ვინც ამ თარგმანს ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად მიიჩნევს.
a იხილეთ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“, დანართი 3გ, „განგრძობითი ანუ მრავალჯერადი მოქმედების გამომხატველი ებრაული ზმნები“ (ინგლ.).