„სეპტუაგინტა“ — გამოსადეგი წიგნი
წარსულშიც და დღესაც
ერთი გავლენიანი ეთიოპელი მამაკაცი იერუსალიმიდან სახლში მიემგზავრებოდა. სანამ ეტლით უდაბნოს გზას მიუყვებოდა, ხმამაღლა კითხულობდა რელიგიური შინაარსის გრაგნილს. ამ გრაგნილში წაკითხული სიტყვების მნიშვნელობის ახსნამ მასზე იმდენად იმოქმედა, რომ სრულიად შეიცვალა ცხოვრების კურსი (საქმეები 8:26—38). ეს მამაკაცი ბიბლიის პირველი თარგმანიდან — ბერძნული „სეპტუაგინტიდან“ — ესაიას 53:7, 8-ს კითხულობდა. ბიბლიის თარგმანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა — ასე უწოდეს ამ ნაშრომს, საუკუნეების მანძილზე ბიბლიური ცნობის გავრცელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
როდის და რა ვითარებაში ითარგმნა „სეპტუაგინტა“? რატომ იყო საჭირო ამ თარგმანის გაკეთება? რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ის საუკუნეების მანძილზე? შეიძლება, დღესაც მოგვიტანოს რაიმე სარგებლობა „სეპტუაგინტამ“?
„სეპტუაგინტა“ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე იუდეველთათვის ითარგმნა
ძვ. წ. 332 წელს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მარშით შევიდა ეგვიპტეში, მას შემდეგ, რაც ფინიკიის ქალაქი, ტვიროსი, გაანადგურა, მთავარს ხალხი, როგორც მხსნელს, ისე შეეგება. იქ მან დააარსა ქალაქი ალექსანდრია, ძველი მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრი. ალექსანდრეს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ბერძნული კულტურა მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში გავრცელებულიყო; ამ მიზნით მან მთელ თავის უზარმაზარ იმპერიაში საერთო ბერძნული ენა (კოინე) დაამკვიდრა.
ძვ. წ. III საუკუნეში ალექსანდრია მრავალი იუდეველის საცხოვრებელი ადგილი გახდა. იუდეველთა უმეტესობა, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პალესტინის ფარგლებს გარეთ მდებარე კოლონიებში იყვნენ მიმოფანტული, ალექსანდრიაში გადასახლდნენ. რამდენად კარგად იცოდნენ ამ იუდეველებმა ებრაული ენა? მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: «კარგად ცნობილი ფაქტია, რომ იუდეველებს ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ თითქმის დავიწყებული ჰქონდათ მშობლიური ძველი ებრაული და როდესაც პალესტინის სინაგოგებში „მოსეს ხუთწიგნეულს“ კითხულობდნენ, მათ წაკითხულს ქალდეურ ენაზე უმარტავდნენ... შესაძლოა, ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველებს ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად ესმოდათ ებრაული, მაგრამ ისინი კარგად ფლობდნენ ალექსანდრიულ ბერძნულს». როგორც ჩანს, ალექსანდრიაში ხელსაყრელი ატმოსფერო იყო შექმნილი საიმისოდ, რომ ებრაული წერილები ბერძნულად ეთარგმნათ.
ძვ. წ. II საუკუნეში მცხოვრები ებრაელი არისტობულოსი წერდა, რომ „ებრაული კანონი“ ბერძნულად გადაითარგმნა და მისი თარგმნა პტოლემე ფილადელფოსის მეფობის დროს (ძვ. წ. 285—246 წლები) დასრულდა. განსხვავებული აზრები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა არისტობულოსი „კანონში“. ზოგი ფიქრობს, რომ ის მხოლოდ ხუთწიგნეულს მოიხსენიებდა, მაშინ როცა სხვები ამბობენ, რომ, შესაძლოა, მთელ ებრაულ წერილებს გულისხმობდა.
ასე იყო თუ ისე, გადმოცემის თანახმად, ებრაულიდან ბერძნულ ენაზე წმინდა წერილების პირველი წერილობითი თარგმანის გაკეთებაში დაახლოებით 72-მა ებრაელმა სწავლულმა მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში, როდესაც ამ მთარგმნელებს მოიხსენიებდნენ, მათ რაოდენობას 70-მდე ამრგვალებდნენ. ამიტომ აღნიშნულ თარგმანს „სეპტუაგინტა“ დაერქვა, რაც „70“-ს ნიშნავს და აღინიშნებოდა რომაული ციფრით — LXX. დაახლოებით ძვ. წ. II საუკუნის ბოლოსთვის ბერძნულ ენაზე მთელი ებრაული წერილების წაკითხვა შეიძლებოდა. ამგვარად, „სეპტუაგინტა“ ბერძნულად გადათარგმნილი მთელი ებრაული წერილების სახელწოდება გახდა.
გამოსადეგი პირველ საუკუნეში
ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე იუდეველები „სეპტუაგინტას“ ფართოდ იყენებდნენ იესო ქრისტესა და მისი მოციქულების პერიოდამდეც და მათი ცხოვრების პერიოდშიც. ბევრი იუდეველი და პროზელიტი, რომლებიც იერუსალიმში ახ. წ. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეიკრიბნენ, ჩამოსულები იყვნენ აზიიდან, ეგვიპტიდან, ლიბიიდან, რომიდან და კრეტადან — იმ მხარეებიდან, სადაც ხალხი ბერძნულად ლაპარაკობდა. უდავოა, რომ ისინი, ჩვეულებისამებრ, „სეპტუაგინტიდან“ კითხულობდნენ (საქმეები 2:9—11). ამგვარად, ამ თარგმანმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასიხარულო ცნობის გავრცელებას პირველ საუკუნეში.
მაგალითად, როდესაც იესოს მოწაფე სტეფანე კვირინელებს, ალექსანდრიელებს, კილიკიელებსა და აზიელებს ესაუბრებოდა, მან აღნიშნა: „იოსებმა გაგზავნა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი სანათესაო [ქანაანიდან], სამოცდათხუთმეტი სული“ (საქმეები 6:8—10; 7:12—14). დაბადების 46-ე თავში, ებრაულ ტექსტში ნათქვამია, რომ იოსების ნათესავები სულ სამოცდაათნი იყვნენ. მაგრამ „სეპტუაგინტაში“ აღნიშნულია, რომ სამოცდათხუთმეტი. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ სტეფანე „სეპტუაგინტიდან“ ციტირებდა (დაბადება 46:20, 26, 27).
პავლე მოციქულმა მცირე აზიასა და საბერძნეთში მეორე და მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ბევრ „ღვთისმოშიშ“ არაებრაელსა და ბერძენს უქადაგა (საქმეები 13:16, 26; 17:4). ეს ხალხი ღვთისმოშიში იყო ანუ თაყვანს სცემდა მას, რადგან „სეპტუაგინტიდან“ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ შექმნილი ღმერთზე. პავლეს ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან საუბრისას სწორედ ამ თარგმანიდან მოჰყავდა ხშირად ციტატები და პერიფრაზები (დაბადება 22:18; გალატელთა 3:8).
ქრისტიანულ-ბერძნული წერილები შეიცავს დაახლოებით 320 ციტატას, რომლებიც პირდაპირ არის ციტირებული ებრაული წერილებიდან და, შესაძლოა, მთლიანობაში 890 ციტატასა და პარალელურ ადგილს. მათგან უმეტესობა დაფუძნებულია „სეპტუაგინტაზე“. შედეგად, ამ თარგმანიდან — და არა ებრაული ხელნაწერებიდან — აღებული ციტატები გახდა ღვთის შთაგონებით დაწერილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ნაწილი. რა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო ეს! იესომ იწინასწარმეტყველა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ დასახლებულ დედამიწაზე იქადაგებდნენ (მათე 24:14). იეჰოვამ იზრუნა, რომ ამ წინასწარმეტყველების შესასრულებლად მის მიერ შთაგონებული სიტყვა სხვადასხვა ენაზე გადათარგმნილიყო, რათა მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ხალხს შესძლებოდა მისი წაკითხვა.
გამოსადეგი დღესაც
„სეპტუაგინტა“ დღესაც ფასობს და ბიბლიის გადამწერთა იმ შეცდომების აღმოსაჩენად გამოიყენება, რომლებიც, შესაძლოა, მოგვიანებით გადაწერილ ებრაულ ხელნაწერებში გაიპარა. მაგალითად, დაბადების 4:8-ში ვკითხულობთ: „უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა“.
ამ მუხლში მოყვანილი სიტყვები — „გავიდეთ ველად“ — ახ. წ. X საუკუნის შემდგომი პერიოდით დათარიღებულ ებრაულ ხელნაწერებში არ არის გამოყენებული. მაგრამ უფრო ძველ „სეპტუაგინტის“ ხელნაწერსა და სხვა რამდენიმე ადრეულ ხელნაწერში გამოიყენება. ამ ებრაულ მანუსკრიპტებში გამოიყენება სიტყვა, რომელიც, ჩვეულებრივ, გვაცნობს მომხდარ მოვლენას, მაგრამ მასში არ არის მოცემული კაენის სიტყვები. რატომ? დაბადების 4:8-ში ერთმანეთის მიყოლებით მოცემული ორი დამოკიდებული წინადადება მთავრდება ებრაული გამოთქმით, რომელიც „ველად“ არის ნათარგმნი. ამიტომ მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია ვარაუდობს: „შესაძლოა, ებრაელი გადამწერი შეცდომაში შეიყვანა მუხლში ერთმანეთის მიყოლებით დაწერილ ორ დამოკიდებულ წინადადებაში გამეორებულმა... ერთი და იმავე სიტყვამ“. ამგვარად, გადამწერმა, შესაძლოა, ვერ შეამჩნია და გამოტოვა წინა წინადადების ბოლოში მოცემული გამოთქმა „ველად“. ცხადია, რომ როგორც „სეპტუაგინტა“, ისე სხვა უფრო ძველი და დღემდე შემონახული ხელნაწერები გამოსადეგია, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია მოგვიანებით გადაწერილ ებრაულ ტექსტებში გაპარული შეცდომების აღმოჩენა.
მეორე მხრივ, „სეპტუაგინტის“ ხელნაწერებშიც არის დაშვებული შეცდომები და ზოგჯერ ებრაული ტექსტი გამოიყენება ბერძნულის გასასწორებლად. ამგვარად, ებრაული ხელნაწერების ბერძნულთან და სხვა ენაზე შესრულებულ თარგმანებთან შედარება, თარგმანში დაშვებული შეცდომებისა და, აგრეთვე, თვით გადამწერთა შეცდომების პოვნის შესაძლებლობას იძლევა და იმაში გვარწმუნებს, რომ ღვთის სიტყვა ზუსტად ითარგმნა.
დღემდე შემონახულია ჯერ კიდევ ახ. წ. IV საუკუნით დათარიღებული „სეპტუაგინტის“ სრული ხელნაწერები. ამ და მოგვიანებით გაკეთებულ მანუსკრიპტებში არ არის მოცემული ღვთის სახელი, იეჰოვა, რომელიც ებრაული ტეტრაგრამატონით (ჲჰვჰ) იყო გადმოცემული. აღნიშნულ ხელნაწერებში, იმ ადგილებში, სადაც ებრაულ ტექსტში ტეტრაგრამატონი გვხვდება, გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „ღმერთი“ და „უფალი“. მაგრამ დაახლოებით 50 წლის წინათ პალესტინაში გაკეთებულმა აღმოჩენამ ამ საკითხს ნათელი მოჰფინა. მკვდარი ზღვის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარე გამოქვაბულებში მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ძველი ტყავის გრაგნილებზე ბერძნულად დაწერილი 12 წინასწარმეტყველის (ოსიადან მალაქიამდე) წიგნის ნაწყვეტები. ისინი თარიღდება ძვ. წ. 50 წლიდან ახ. წ. 50 წლამდე პერიოდით. ამ კიდევ უფრო ადრეული ხელნაწერების ნაწყვეტებში ტეტრაგრამატონი არ არის შეცვლილი ბერძნული სიტყვებით „ღმერთი“ და „უფალი“. ამის შედეგად დამტკიცდა, რომ ღვთის სახელი საღვთო წერილის „სეპტუაგინტის“ ადრეულ თარგმანშიც გამოიყენებოდა.
1971 წელს გამოქვეყნდა ძველი პაპირუსის გრაგნილების ფრაგმენტები (Fouad 266 Papyri). რას ჰფენს ნათელს „სეპტუაგინტის“ ეს ნაწილი, რომლებიც ძვ. წ. II ან I საუკუნით არის დათარიღებული? ღვთის სახელი ამ ფრაგმენტებშიც არის შენარჩუნებული. „სეპტუაგინტის“ ეს ადრეული ფრაგმენტები აშკარად ამტკიცებს, რომ იესომ და პირველ საუკუნეში მცხოვრებმა მისმა მოწაფეებმა იცოდნენ ღვთის სახელი და იყენებდნენ მას.
დღეს ბიბლია ისტორიაში ყველაზე ბევრ ენაზე გადათარგმნილ წიგნად არის ცნობილი. მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების 90 პროცენტზე მეტს აქვს შესაძლებლობა, რომ ბიბლიის რომელიმე ნაწილი მაინც წაიკითხოს საკუთარ ენაზე. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ, რომ არსებობს თანამედროვე ენაზე შესრულებული ზუსტი თარგმანი — „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, — რომელიც ამჟამად მთლიანად თუ ნაწილობრივ 40-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“ შეიცავს ასობით სქოლიოს „სეპტუაგინტიდან“ და სხვა ძველი ხელნაწერებიდან. მართლაც, „სეპტუაგინტა“ დღესაც ძვირფასი და საინტერესო წიგნია ბიბლიის შემსწავლელთათვის.
[სურათი 26 გვერდზე]
იესოს მოწაფე ფილიპემ „სეპტუაგინტიდან“ ამოკითხული ერთ-ერთი ნაწყვეტი განმარტა.
[სურათები 29 გვერდზე]
პავლე მოციქული ხშირად ციტირებდა „სეპტუაგინტიდან“.