სისხლი
(ებრ. დამ და ბერძ. ჰემა) უნიკალური სითხე, რომელიც მოძრაობს ადამიანისა და მრავალუჯრედიან ცხოველთა უმეტესობის სისხლის მიმოქცევის სისტემაში; აწვდის საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს მთელ სხეულს, დევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს და უდიდეს როლს ასრულებს სხვადასხვა ინფექციისგან ორგანიზმის დაცვაში. სისხლის ქიმიური შემადგენლობა იმდენად რთულია, რომ მეცნიერებისთვის მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია.
ბიბლია ამბობს, რომ სული სისხლშია, რადგან იგი უშუალოდ მონაწილეობს სასიცოცხლო პროცესებში. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ვინაიდან ხორციელის სული მის სისხლშია; მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს შეუძლია გამოსყიდვა იმ სულით, რომელიც მასშია“ (ლვ. 17:11). უფრო მეტიც, სულსა და სისხლს შორის კავშირზე ბიბლია პირდაპირ ამბობს: „ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია“ (ლვ. 17:14). ნათელია, რომ ღვთის სიტყვა წმინდად მიიჩნევს სიცოცხლეს და სისხლს.
სიცოცხლის ხელყოფა. იეჰოვასთანაა სიცოცხლის წყარო (ფს. 36:9). კაცს არ შეუძლია დააბრუნოს სიცოცხლე, რომელსაც ხელყოფს. „ყველა სული ჩემია“, — ამბობს იეჰოვა (ეზკ. 18:4). ამიტომ სიცოცხლის ხელყოფა იეჰოვას ქონების ხელყოფას ნიშნავს. ყოველ ცოცხალ არსებას ღვთის შემოქმედებაში თავისი მიზანი და ადგილი აქვს. არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, ხელყოს სიცოცხლე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ღმერთი იძლევა ამის უფლებას, თანაც ეს ისე უნდა გააკეთოს, როგორც ღმერთი მიუთითებს.
წარღვნის შემდეგ ნოესა და მის ვაჟებს, დღეს მცხოვრები ყველა ადამიანის წინაპრებს, ებრძანათ, პატივი ეცათ მოძმის სიცოცხლისთვის, ანუ სისხლისთვის (დბ. 9:1, 5, 6). გარდა ამისა, ღმერთმა მათ ცხოველების ხორცის ჭამის უფლება მისცა. მაგრამ მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ის ფაქტი, რომ საკვებად დაკლული ნებისმიერი ცხოველის სიცოცხლე ღმერთს ეკუთვნის, ამიტომ მისი სისხლი წყალივით უნდა დაეღვარათ მიწაზე იმის ნიშნად, რომ ღმერთს უკან უბრუნებდნენ მის სიცოცხლეს და არ იყენებდნენ საკუთარი მიზნებისთვის (კნ. 12:15, 16).
ადამიანს უნდა გაეხარა ღვთისგან ბოძებული სიცოცხლით და მისი სიცოცხლის ხელმყოფელს პასუხი უნდა ეგო ღვთის წინაშე. ეს ნათელი გახდა, როცა ღმერთმა ძმისმკვლელ კაენს უთხრა: „შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს“ (დბ. 4:10). მაშინაც კი, თუ კაცი მოიძულებდა თავის ძმას და მის სიკვდილს ინატრებდა, ცილს დასწამებდა ან მის წინააღმდეგ ცრუ მოწმედ გამოვიდოდა და ამგვარად მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, სასჯელს დაიტეხდა, რადგან მოძმის სისხლის დაღვრა განიზრახა (ლვ. 19:16; კნ. 19:18—21; 1ინ. 3:15).
ვინაიდან ღვთისთვის სიცოცხლე ძვირფასია, ბიბლიის თანახმად, მოკლული ადამიანის სისხლი ბილწავს მიწას და ამ სიბილწის განწმენდა მხოლოდ მკვლელის სისხლის დაღვრით არის შესაძლებელი. ამის საფუძველზე ბიბლია იძლეოდა უფლებას, ამ საქმეში უფლებამოსილ პირებს სიკვდილით დაესაჯათ მკვლელი (რც. 35:33; დბ. 9:5, 6). ძველ ისრაელში განზრახ მკვლელობის ჩამდენი ვერანაირი გამოსასყიდით ვერ გათავისუფლდებოდა სიკვდილით დასჯისგან (რც. 35:19—21, 31).
თუ გამოძიების შედეგად კაცისმკვლელს ვერ იპოვიდნენ, მოკლულთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი სისხლის ღვრაში დამნაშავედ ითვლებოდა. სისხლის ღვრის დანაშაულის მოსაშორებლად ამ ქალაქის უხუცესებს უნდა შეესრულებინათ ღვთის მიერ დადგენილი მითითებები — განეცხადებინათ, რომ არ იყვნენ მკვლელობაში დამნაშავენი ან არ იცოდნენ მკვლელის ვინაობა, და ელოცათ ღვთის წყალობისთვის (კნ. 21:1—9). თუ უნებლიე მკვლელობის ჩამდენი სერიოზულად არ განიცდიდა სიცოცხლის ხელყოფას და არ გაიქცეოდა თავშესაფარ ქალაქში, რომელიც ღმერთმა ასეთი ადამიანების დასაცავად გაითვალისწინა, და იქ არ დარჩებოდა, მოკლული კაცის უახლოეს ნათესავს შურისძიების უფლება ჰქონდა და ვალდებულიც იყო, მოეკლა ის, რათა განეწმინდა მიწა სისხლისგან (რც. 35:26, 27; იხ. სისხლის ამღები).
სისხლის მართებულად გამოყენება. სისხლის გამოყენებას ღმერთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ამართლებდა — მსხვერპლშეწირვისთვის. მოსეს კანონს დაქვემდებარებულთ მან ცოდვის გამოსასყიდად ცხოველური შესაწირავების შეწირვა დაავალა (ლვ. 17:10, 11). იეჰოვას ნება იყო ისიც, რომ მისმა ძემ, იესო ქრისტემ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე ცოდვების შესაწირავად გაიღო (ებ. 10:5, 10).
ქრისტეს სისხლის გადამრჩენი ძალის არაერთი პირველსახე იყო ჩაწერილი ებრაულ წერილებში. ეგვიპტეში პირველი პასექის დროს ისრაელთა სახლების კარისთავსა და წირთხლებზე მიპკურებული სისხლი სახლში მყოფ პირმშოებს ღვთის ანგელოზის ხელით სიკვდილისგან იცავდა (გმ. 12:7, 22, 23; 1კრ. 5:7). კანონის შეთანხმება, რომელსაც ჩვეულებრივ ცოდვების მოშორების თავისებურება ჰქონდა, ცხოველთა სისხლით შევიდა ძალაში (გმ. 24:5—8). უამრავი ცხოველური შესაწირავი, განსაკუთრებით გამოსყიდვის დღეს შეწირული, როგორც წესი, ცოდვის გამოსყიდვას ემსახურებოდა და ქრისტეს მიერ ცოდვის ნამდვილ აღმოფხვრაზე მიანიშნებდა (ლვ. 16:11, 15—18).
ღვთის თვალში სისხლის კანონიერ ძალას, რომელსაც ღმერთი გამოსყიდვის მიზნით იღებდა, თვალსაჩინოს ხდიდა სამსხვერპლოს ძირში, ანუ საძირკველთან მისი დაღვრა და სამსხვერპლოს რქებზე წასმა. გამოსყიდვის საფუძველი ანუ საძირკველი იყო სისხლი და მსხვერპლშეწირვის ძალა (რქებით წარმოდგენილი) სისხლში იყო (ლვ. 9:9; ებ. 9:22; 1კრ. 1:18).
ქრისტიანობაში სისხლის სიწმინდეს იმაზე გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე მოსეს კანონში. ცხოველის სისხლის შეწირვა აღარ მოითხოვებოდა, რადგან ცხოველური შესაწირავები მხოლოდ სინამდვილის, ანუ იესო ქრისტეს, ჩრდილი იყო (კლ. 2:17; ებ. 10:1—4, 8—10). ისრაელში მღვდელმთავარს მიწიერი საწმინდრის წმინდათაწმინდაში შეჰქონდა სისხლი (ლვ. 16:14). ნამდვილი მღვდელმთავარი იესო ქრისტე შევიდა ზეცაში არა იმ სისხლით, რომელიც მიწაზე დაიღვარა (ინ. 19:34), არამედ სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლის ფასით, რომელიც სისხლითაა წარმოდგენილი. ეს სიცოცხლე მას ცოდვისთვის არ გაუწირავს, არამედ დაიცვა ის, რომ ცოდვის გამოსასყიდად გამოსადეგი ყოფილიყო (ებ. 7:26; 8:3; 9:11, 12). აქედან გამომდინარე, ქრისტეს სისხლი მართალი აბელის სისხლზე უკეთესი რამეებისთვის ღაღადებს. მხოლოდ ღვთის ძის სრულყოფილი შესაწირავის სისხლს შეუძლია ღვთის გულმოწყალებისთვის ღაღადი, მაშინ როცა აბელის სისხლი და ქრისტეს წამებული მიმდევრების სისხლი შურისძიებისთვის ღაღადებს (ებ. 12:24; გმც. 6:9—11).
ვის ეხებოდა სისხლის ჭამის შესახებ აკრძალვა?
ნოესა და მის ვაჟებს ღმერთმა წარღვნის შემდეგ ცხოველის ხორცის ჭამის უფლება მისცა, მაგრამ მკაცრად გააფრთხილა, არ ეჭამათ სისხლი (დბ. 9:1, 3, 4). ღმერთმა ეს წესი დაუდგინა არა მხოლოდ ნოესა და მის ოჯახს, არამედ მთელ კაცობრიობას, რადგან წარღვნის შემდეგ მცხოვრები ადამიანები ნოეს ოჯახის შთამომავლები არიან.
ამ აკრძალვის მუდმივობაზე ჯოზეფ ბენსონი წერდა: „უნდა აღინიშნოს, რომ აკრძალვა სისხლის ჭამის თაობაზე, რომელიც ნოესა და ყველა მის შთამომავალს მიეცა და შემდეგ ოფიციალურად გამეორდა ისრაელებისთვის მოსეს კანონში, არასოდეს გაუქმებულა. პირიქით, ეს აკრძალვა დადასტურდა ახალ აღთქმაში, კერძოდ, საქმეების მე-15 თავში, და ამგვარად, მუდმივ ვალდებულებად იქცა“ (Notes, 1839, ტ. I, გვ. 43).
მოსეს კანონში. ისრაელ ერთან დადებულ კანონის შეთანხმებაში იეჰოვამ ნოესთვის მიცემული კანონი ჩართო. მან გასაგებად განმარტა, რომ სისხლის ღვრაში დაედებოდა ბრალი ნებისმიერს, ვინც არ შეასრულებდა ღვთის კანონით დადგენილ მითითებებს, მაშინაც კი, თუ ცხოველს დაკლავდა (ლვ. 17:3, 4). საკვებად დაკლული ცხოველის სისხლი მიწაზე უნდა დაეღვარათ და მტვრით დაეფარათ (ლვ. 17:13, 14). ის, ვინც ნებისმიერი ცხოველის სისხლს შეჭამდა, უნდა მოკვეთილიყო თავისი ხალხიდან. სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებული ამ კანონის განზრახ დარღვევა მოკვეთას ანუ სიკვდილს ნიშნავდა (ლვ. 17:10; 7:26, 27; რც. 15:30, 31).
მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ლევიანების 17:11, 12-ზე შემდეგი კომენტარია გაკეთებული: „ეს მკაცრი კანონი არა მარტო ისრაელებს ეხებოდა, არამედ მათ შორის მცხოვრებ უცხოებსაც. ამ კანონის დარღვევისთვის დაწესებული სასჯელი იყო ხალხიდან მოკვეთა, რაშიც, როგორც ჩანს, სიკვდილით დასჯა იგულისხმებოდა (შდრ. ებრ. 10:28). თუმცა, რთულია იმის დადგენა, სასჯელს მახვილით აღასრულებდნენ თუ ჩაქოლვით“ (Cyclopædia, 1882, ტ. I, გვ. 834).
კანონის 14:21 ითვალისწინებდა ხიზნისთვის ან უცხოსთვის მკვდარი ან მხეცისგან დაგლეჯილი ცხოველის მიყიდვას. ამგვარად, სხვაობა იყო ასეთი ცხოველების სისხლსა და საკვებად დაკლული ცხოველების სისხლს შორის (შდრ. ლვ. 17:14—16). ისრაელები, აგრეთვე ის ხიზნები, რომლებმაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მიიღეს და კანონის შეთანხმებას დაექვემდებარნენ, ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ ამ კანონის მაღალი ნორმები. ხალხი ყველა ერიდან მოვალე იყო, დაბადების 9:3, 4-ში ჩაწერილი მოთხოვნა დაეცვა. მაგრამ კანონს დაქვემდებარებულთ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უფრო მეტის დაცვა მოეთხოვებოდათ, ვიდრე იმ უცხოებსა და ხიზნებს, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ გახდნენ.
ქრისტიანულ კანონში. პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ხელმძღვანელმა საბჭომ წმინდა სულის ხელმძღვანელობით სისხლთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც იუწყებოდა: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა და სიძვას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, წარმატებული იქნებით. იყავით ჯანმრთელად!“ (სქ. 15:22, 28, 29). ამ აკრძალვაში შედიოდა ხორცი, რომელშიც სისხლი იყო („დამხრჩვალი“).
ამ დადგენილებას საფუძვლად უდევს ღვთის მიერ ნოესა და მისი ვაჟებისთვის, შესაბამისად მთელი კაცობრიობისთვის, მიცემული ბრძანება, არ ეჭამათ სისხლი. ამასთან დაკავშირებით სერ ისააკ ნიუტონის წიგნში შემდეგი ციტატაა მოყვანილი: „ეს კანონი [სისხლისგან თავშეკავების შესახებ] მოსემდე არსებობდა და ნოესა და მის ვაჟებს აბრაამამდე დიდი ხნით ადრე მიეცა. ამიტომ, როცა მოციქულებმა და უხუცესებმა იერუსალიმში საბჭოს შეხვედრაზე განაცხადეს, რომ უცხოტომელები ვალდებულნი არ იყვნენ, წინადაეცვითათ და მოსეს კანონი დაეცვათ, მათ გამორიცხეს სისხლისა და დამხრჩვალის ჭამისგან თავშეკავების კანონი, რადგან ის ღვთის უძველესი კანონი იყო და ვრცელდებოდა არა მხოლოდ აბრაამის ძეებზე, არამედ ყველა ხალხზე, როცა ისინი შინარში ერთად ცხოვრობდნენ ნოეს მამამთავრობის პერიოდში. ამის მსგავსი იყო კერპებისა და ცრუ ღვთაებებისთვის შეწირული ხორცის ჭამისა და სიძვისგან თავშეკავების კანონი“ (კურსივი ავტორისაა) (The Chronology of Antient Kingdoms Amended, დუბლინი, 1728, გვ. 184).
იცავენ მოციქულთა დროიდან. იერუსალიმის საბჭომ მიღებული გადაწყვეტილება ქრისტიანულ კრებებს გაუგზავნა (სქ. 16:4). ამ დადგენილების გამოცემიდან დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ ქრისტიანები კვლავაც ემორჩილებოდნენ მას და თავს იცავდნენ „კერპთშენაწირისგან, სისხლისგან, დამხრჩვალისა და სიძვისგან“ (სქ. 21:25). ას წელზე მეტი ხნის შემდეგ, ახ. წ. 177 წელს, ლიონში (ამჟამად საფრანგეთის ქალაქი), როცა რელიგიურმა მტრებმა ცილი დასწამეს ქრისტიანებს ბავშვების ჭამაში, ერთმა ქალმა, სახელად ბიბლისმა თქვა: „ბავშვებს როგორ შეჭამენ ისეთები, რომლებსაც უგუნურ ცხოველთა სისხლის შეჭმაც კი აკრძალული აქვთ?“ (ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორია“, V, I, გვ. 186).
პირველი ქრისტიანები თავს იკავებდნენ ნებისმიერი სისხლის ჭამისგან. ამის შესახებ ტერტულიანემ (დაახლ. ახ. წ. 155—220-ის შემდეგ) თავის ნაშრომში აღნიშნა: „დე, გრცხვენოდეთ ქრისტიანების წინაშე თქვენი დანაშაულის გამო, რადგან ჩვენ ცხოველის სისხლსაც კი არ ვჭამთ. ამავე მიზეზით ვიკავებთ თავს დამხრჩვალი და მკვდარი ცხოველის ჭამისგან, რათა თავი არანაირად არ წავიბილწოთ სისხლით, მაშინაც კი, როცა ხორცში სისხლი არა ჩანს. დაბოლოს, როცა სცდით ქრისტიანებს, სისხლიან ძეხვებს სთავაზობთ; თქვენ, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცით, რომ ეს ეკრძალებათ, მაგრამ გინდათ, ცოდვა ჩაადენინოთ“ (Apology, IX, 13, 14). მინუციუს ფელიქსი, რომაელი ვექილი, რომელიც დაახლ. ახ. წ. 250 წელს ცხოვრობდა, იმავე საკითხზე წერდა: „ჩვენთვის ადამიანის მოკვლის ნახვა ან ხმების გაგონებაც კი დაუშვებელია; ჩვენ არათუ ადამიანის სისხლს ვერიდებით, არამედ საკვებად ვარგისი ცხოველის სისხლსაც კი არ ვურევთ საჭმელში“ (Octavius, XXX, 6).
ერთგულების საკითხი. მას შემდეგ, რაც ახალი შეთანხმება იესო ქრისტეს სისხლით შევიდა ძალაში, ქრისტიანები აღიარებენ ამ სიცოცხლის მომცემი სისხლის ფასს იეჰოვას ღონისძიებისა და იესოს მეშვეობით, როგორც დიდებული მღვდელმთავრისა, რომელიც „თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას და მარადიული ხსნა მოგვიპოვა“. ქრისტიანებმა ქრისტეს სისხლისადმი რწმენის მეშვეობით განწმინდეს თავიანთი სინდისი მკვდარი საქმეებისგან, რათა წმინდა მსახურება შეუსრულონ ცოცხალ ღმერთს. მართალია, ისინი ზრუნავენ თავიანთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ უმთავრესად აღელვებთ თავიანთი სულიერი ჯანმრთელობა და ის, თუ რა სახელი აქვთ შემოქმედის წინაშე. მათ სურთ, შეინარჩუნონ ცოცხალი ღვთისადმი ერთგულება, არ უარყონ იესოს მსხვერპლი, არ გააუფასურონ ის და ფეხქვეშ არ გათელონ. ისინი ილტვიან არა წუთიერი, არამედ მარადიული სიცოცხლისკენ (ებ. 9:12, 14, 15; 10:28, 29).