„მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“
„შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27).
1. რატომ არის ჭეშმარიტება კურთხევა ქრისტიანი მამაკაცებისა და ქალებისთვის?
რამდენად სასიამოვნოა იეჰოვას ხალხში ყოფნა და ურთიერთობა მამაკაცებთან და ქალებთან, აგრეთვე ბიჭუნებთან და გოგონებთან, რომელთა ცხოვრებაშიც პირველი ადგილი ღვთის სიყვარულსა და მორჩილებას უკავია! ამასთანავე, ჭეშმარიტება გვათავისუფლებს იეჰოვა ღმერთისთვის მიუღებელი აზროვნებისა და ქცევისგან და გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ ისე, როგორც ქრისტიანებს შეშვენით (იოანე 8:32; კოლასელთა 3:8–10). მაგალითად, ხალხს ყველგან აქვს ტრადიციები და ზოგადი წარმოდგენები, თუ როგორ უნდა გამოავლინონ მამაკაცებმა მამაკაცურობა, ქალებმა კი — ქალობა. არის ეს დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რომ მამაკაცები მამაკაცური თვისებებით იბადებიან, ქალები კი — ქალურით? თუ არსებობს სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიც?
2. ა) რის მიხედვით უნდა განისაზღვროს ჩვენი შეხედულება მამაკაცურობასა და ქალობაზე? ბ) რა დაემართა სქესთან დაკავშირებულ შეხედულებებს?
2 ქრისტიანებისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს ღვთის სიტყვა, რომელსაც ვემორჩილებით, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლებელია, პირადი, კულტურული თუ ტრადიციული შეხედულებები შევიძინეთ (მათე 15:1–9). ბიბლია არ აკონკრეტებს მამაკაცურობისა და ქალობის ყველა მხარეს. პირიქით, ის ადგილს უთმობს მრავალფეროვნებას, რასაც სხვადასხვა კულტურაში ვხედავთ. მამაკაცი და ქალი რომ ისეთები იყვნენ, როგორებიც ღმერთმა შექმნა, მამაკაცი მამაკაცური უნდა იყოს, ქალი კი — ქალური. რატომ? იმიტომ, რომ მამაკაცი და ქალი შექმნილი იყვნენ, რათა შეევსოთ ერთმანეთი არა მარტო ფიზიკურად, არამედ მამაკაცური და ქალური თვისებებითაც (დაბადება 2:18, 23, 24; მათე 19:4, 5). მაგრამ სქესთან დაკავშირებული შეხედულებები დამახინჯდა და შეირყვნა. მამაკაცურობას მრავალი ადამიანი უხეშ ბატონობასთან, სიმკაცრესთან ან დიქტატორულ ჩვევებთან აიგივებს. გარკვეულ კულტურებში მამაკაცისთვის უჩვეულო ან სამარცხვინო იქნებოდა ტირილი როგორც სახალხოდ, ასევე განმარტოებით. მაგრამ ლაზარეს სამარხთან შეგროვილ ხალხში „აცრემლდა იესო“ (იოანე 11:35). ეს არ ყოფილა შეუფერებელი იესოსთვის, რომელსაც სრულყოფილი მამაკაცურობა ჰქონდა. დღეს მრავალს უკიდურესი შეხედულება აქვს ქალობაზე — ისინი ფიქრობენ, რომ ქალობა, უბრალოდ, ფიზიკური და სექსუალური მიმზიდველობაა.
ნამდვილი მამაკაცურობა და ნამდვილი ქალობა
3. რით განსხვავდებიან მამაკაცი და ქალი?
3 რა არის ნამდვილი მამაკაცურობა და რა არის ნამდვილი ქალობა? „მსოფლიო ენციკლოპედია“ (The World Book Encyclopedia) ამბობს: „მამაკაცებისა და ქალების უმეტესობა ერთმანეთისგან განსხვავდება არა მარტო ანატომიურად, არამედ ქცევითა და ინტერესებითაც. ზოგი ასეთი სხვაობა ბიოლოგიურად განისაზღვრება. . . მაგრამ მრავალი არაანატომიური სხვაობა, როგორც ჩანს, დაფუძნებულია სქესთა როლებზე, რომლებსაც თითოეული პიროვნება სწავლობს. ადამიანები იბადებიან მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებად, მაგრამ ისინი სწავლობენ, იყვნენ მამაკაცურები და ქალურები“. ბევრი რამ შეიძლება ჩვენი გენეტიკური აგებულებით აიხსნას, მაგრამ სათანადო მამაკაცურობისა და ქალობის განვითარება დამოკიდებულია იმის შესწავლაზე, თუ რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, და ჩვენი ცხოვრების მისწრაფებებზე.
4. რა ჩანს ბიბლიიდან მამაკაცისა და ქალის როლებზე?
4 ბიბლიური ისტორიიდან ჩანს, რომ ადამის როლი იყო, საკუთარ თავზე აეღო ხელმძღვანელობა, როგორც ცოლისა და შვილების თავს. ის აგრეთვე უნდა დამორჩილებოდა ღვთის ნებას — აევსო დედამიწა, დაუფლებოდა მას და ეპატრონა ყველა მასზე დაბლა მდგომ მიწიერ ქმნილებაზე (დაბადება 1:28). ევასთვის ოჯახში ქალის როლი ის იყო, რომ ყოფილიყო ადამის ‘შემწე’ და ‘შესაფერი [„შემავსებელი“, აქ]’, დამორჩილებოდა მის მეთაურობას და ეთანამშრომლა მასთან ღვთის მიერ მათთვის გაცხადებული განზრახვის შესრულებაში (დაბადება 2:18; 1 კორინთელთა 11:3).
5. როგორ დაზიანდა მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობა?
5 მაგრამ ადამმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ევამ კი თავისი ქალობა ადამის შესაცდენად გამოიყენა, რომ ღვთისადმი დაუმორჩილებლობაში შეეერთებინა ის (დაბადება 3:6). საკუთარი თავისთვის უფლების მიცემით — გაეკეთებინა ის, რაზეც იცოდა, რომ არასწორი იყო, — ადამმა ვერ გამოავლინა ნამდვილი მამაკაცურობა. მან არჩია, თავისი მამისა და შემოქმედის ნათქვამის ნაცვლად, მოტყუებული მეუღლის სიტყვას დანებებოდა (დაბადება 2:16, 17). მალე პირველმა წყვილმა საკუთარ თავზე იწვნია დაუმორჩილებლობის შედეგი, რაც ღმერთმა განჭვრიტა. ადამმა, რომელმაც თავისი მეუღლე ადრე მგზნებარე, პოეტური ენით აღწერა, ახლა ცივად მოიხსენია ის, როგორც ‘დედაკაცი, შენ რომ მომიყვანე’. მისმა არასრულყოფილებამ დაამახინჯა და არასწორად წარმართა მისი მამაკაცურობა, რის შედეგიც ‘ცოლზე ბატონობა’ იყო. თავის მხრივ, ევას ქმრისკენ ექნებოდა „ლტოლვა“, როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ან უკიდურესად (დაბადება 3:12, 16).
6, 7. ა) როგორ დამახინჯდა მამაკაცურობა წარღვნამდე? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ წარღვნამდე არსებული ვითარებიდან?
6 მამაკაცურობისა და ქალობის არასწორად გამოყენება მეტისმეტად აშკარა გახდა წარღვნამდე. ანგელოზებმა, რომლებმაც ზეცაში თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა მიატოვეს, ქალებთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად ადამიანური სხეულები შეისხეს (დაბადება 6:1, 2). ჩანაწერი ამ არაბუნებრივი კავშირით შობილ მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მოიხსენიებს. და, როგორც ჩანს, ყველა ეს შთამომავალი გამრავლების უნარს მოკლებულ ჰიბრიდს წარმოადგენდა. ისინი ცნობილნი გახდნენ, როგორც ძლიერები, ბუმბერაზები ან ნეფილიმები, ვინაიდან ისინი სხვების დაცემას გამოიწვევდნენ (დაბადება 6:4, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). როგორც ჩანს, ისინი იყვნენ მძვინვარეები, აგრესიულები და არანაირ სიბრალულს არ ავლენდნენ.
7 აშკარაა, რომ ფიზიკური სილამაზე, ტანის მოყვანილობა, სიმაღლე ან ძალა თავისთავად არ მეტყველებს მისაღებ მამაკაცურობასა და ქალობაზე. ანგელოზებს, რომლებმაც ხორცი შეისხეს, ალბათ, ლამაზი შესახედაობა ჰქონდათ. ნეფილიმებიც დიდები და დაკუნთულები იყვნენ, მაგრამ მათ უკუღმართი აზროვნება ჰქონდათ. ურჩმა ანგელოზებმა და მათმა შთამომავლებმა დედამიწა სექსუალური უზნეობითა და ძალადობით აავსეს. ამიტომ იეჰოვამ ბოლო მოუღო იმ ქვეყნიერებას (დაბადება 6:5–7). მაგრამ წარღვნას არ მოუსპია არც დემონური ზეგავლენა, არც ადამის ცოდვის შედეგები. წარღვნის შემდეგ კვლავ თავი იჩინა მამაკაცურობისა და ქალობის არასწორმა გამოვლენამ და ბიბლიაში მოცემულია როგორც კარგი, ასევე ცუდი მაგალითები, რომლებიც სწავლის საშუალებას გვაძლევს.
8. სათანადო მამაკაცურობის რა შესანიშნავი მაგალითი დატოვა იოსებმა?
8 იოსებისა და ფოტიფარის ცოლის შემთხვევა სათანადო მამაკაცურობისა და წუთისოფლისეული ქალობის მკვეთრი დაპირისპირების მაგალითს წარმოადგენს. იოსების სილამაზით მოხიბლული ფოტიფარის ცოლი მის შეცდენას ცდილობდა. იმ დროისთვის სიძვისა თუ მრუშობის ამკრძალავი არანაირი დაწერილი ღვთიური კანონი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, იოსები გაექცა ამ უზნეო ქალს და დაამტკიცა, რომ ნამდვილად ღვთის კაცი იყო — პიროვნება, რომელმაც ღვთისმოსაწონი მამაკაცურობა გამოავლინა (დაბადება 39:7–9, 12).
9, 10. ა) როგორ გამოიყენა ბოროტად დედოფალმა ვაშთიმ თავისი ქალობა? ბ) ქალობის რა მშვენიერი მაგალითი წარმოგვიდგინა ესთერმა?
9 ესთერმა და დედოფალმა ვაშთიმ ურთიერთსაპირისპირო საყურადღებო მაგალითი წარმოადგინეს ქალებისთვის. ვაშთი, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ იმდენად ლამაზი იყო, მეფე ახაშვეროში ყოველთვის დაეთანხმებოდა მის სურვილებს. მაგრამ მის სილამაზეს რა ჭკუა ჰქონდა. მას მორიდებულობა და ქალობა აკლდა, ვინაიდან თავისი ქმრისა და მეფისადმი მორჩილება ვერ გამოავლინა. მეფემ უარყო ის და დედოფლად აირჩია მართლაც ქალური თვისებების მქონე ქალი, რომელიც, ნამდვილად იეჰოვას მოშიში იყო (ესთერი 1:10–12; 2:15–17).
10 ქრისტიანი ქალებისთვის ესთერი მშვენიერი მაგალითია. ის „ტანადი და პირმშვენიერი იყო“, მაგრამ მის მორთულობას ავლენდა „იდუმალი გულის ადამიანი მშვიდი და წყნარი სულის უხრწნელობით“ (ესთერი 2:7; 1 პეტრე 3:4, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ის არ თვლიდა, რომ გარეგნული მორთულობა იყო მთავარი. ესთერი ტაქტიანობასა და თავდაჭერილობას ავლენდა და ემორჩილებოდა ქმარს, ახაშვეროშს, მაშინაც კი, როცა თავისი ხალხის სიცოცხლე საფრთხეში იყო. ესთერი დუმდა მაშინ, როცა ეს ბრძნული იყო, მაგრამ უშიშრად ლაპარაკობდა მაშინ, როცა აუცილებელი და დროული იყო (ესთერი 2:10; 7:3–6). მან მიიღო თავისი მოწიფული ბიძაშვილის, მარდოქაის, რჩევა (ესთერი 4:12–16). თავისი ხალხის მიმართ მან სიყვარული და ურყევი ერთგულება გამოავლინა.
გარეგნობა
11. რა უნდა გვახსოვდეს გარეგნობასთან დაკავშირებით?
11 რა არის სათანადო ქალობის გასაღები? ერთ-ერთი დედა ამბობდა: „მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა. უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი“ (იგავნი 31:30). ასე რომ, დიდად მნიშვნელოვანია ღვთისადმი მოკრძალებული შიში, ხოლო სიყვარულით აღსავსე სიკეთე, საამურობა, მორიდებულობა და მშვიდი ენა უფრო მეტად უწყობს ხელს ქალობას, ვიდრე ფიზიკური სილამაზე (იგავნი 31:26).
12, 13. ა) სამწუხაროდ, რაზე მიანიშნებს მრავალი ადამიანის მეტყველება? ბ) რას ნიშნავს იგავნის 11:22?
12 სამწუხაროდ, მრავალი მამაკაცი და ქალი არც სიბრძნით ხსნის პირს და არც მადლიანი დარიგება აქვს ენაზე. მათი მეტყველება შეურაცხმყოფელი, სარკასტული, უშვერი და წინდაუხედავია. ზოგი მამაკაცი ფიქრობს, რომ უწმაწური ენა მამაკაცურობის ნიშანია, ზოგი ქალი კი უგუნურად ბაძავს მათ. მაგრამ, თუ ქალი ლამაზია, ოღონდ აკლია გონიერება და არის მოკამათე, სარკასტული ან ქედმაღალი, განა შეიძლება, რომ ის, საუკეთესო გაგებით, ნამდვილად ლამაზი, ჭეშმარიტად ქალური იყოს? „გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე“ (იგავნი 11:22).
13 სილამაზე ბინძურ მეტყველებასთან, სარკაზმთან თუ უგუნურებასთან ერთად შეუთავსებელი იქნებოდა ნებისმიერ ქალურ გარეგნობასთან, რომელიც შეიძლება პიროვნებას ჰქონდეს. სინამდვილეში, ასეთ უღვთო ქცევას შეეძლო ფიზიკურად მიმზიდველი პიროვნება უშნოც კი გამოეჩინა. ძნელი არაა, დავინახოთ, რომ მამაკაცისა თუ ქალის ფიზიკური გარეგნობა თავისთავად ვერ აანაზღაურებს ან ვერ გაამართლებს მძვინვარების გადმონთხევას, ყვირილსა თუ გმობას. ბიბლიაზე დაფუძნებული მეტყველებითა და ქცევით ყველა ქრისტიანს შეუძლია, და არა მარტო შეუძლია, უნდა გახდეს კიდეც ღვთისა და მოყვასისთვის მიმზიდველი (ეფესელთა 4:31).
14. როგორი გარეგნობაა ქებული 1-ლი პეტრეს 3:3–5-ში და შენ რას ფიქრობ ამაზე?
14 იმ დროს, როდესაც ნამდვილი ქალობა და მამაკაცურობა სულიერ თვისებებზეა დაფუძნებული, ჩვენი ყოფაქცევა და გარეგნობა, აგრეთვე ტანსაცმელი და მისი ჩაცმის სტილი ჩვენზე მეტყველებს. პეტრე მოციქულს, უეჭველია, პირველი საუკუნის ჩაცმულობისა და გარეგნობის გარკვეული სტილი ჰქონდა მხედველობაში, როდესაც ქრისტიან ქალებს ურჩევდა: „თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე. ღვთის მოიმედე წმიდა ცოლებიც ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც, რაკი თავიანთ ქმრებს დაემორჩილნენ“ (1 პეტრე 3:3–5).
15. რის ჩვენებას უნდა ცდილობდნენ ქრისტიანი ქალები ჩაცმულობით?
15 პირველი ტიმოთეს 2:9, 10-ში მოცემულია პავლეს მითითება ქალურ ჩაცმულობაზე: «დედაკაცებიც წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით [„აზრიანობით“, აქ] შეიმკონ. . . კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს». აქ მან ხაზი გაუსვა მორცხვობისა და წესიერი სამოსლის აუცილებლობას, რაც აზრიანობას ირეკლავს.
16, 17. ა) რამდენად არასწორად იყენებს დღეს ჩაცმულობას მრავალი მამაკაცი და ქალი? ბ) რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მეორე რჯულის 22:5-ში მოცემული რჩევიდან?
16 სექსუალურად გამომწვევი ქცევა და ჩაცმულობა ვერ გახდიდა მამაკაცსა თუ ქალს, ბიჭსა თუ გოგონას უფრო ნამდვილად მამაკაცურსა და ქალურს და, რასაკვირველია, პატივს არ მოუტანდა ღმერთს. მსოფლიოში მრავალი ადამიანი უკიდურესობაში ვარდება მამაკაცური და ქალური სექსუალურობის გამოხატვით ჩაცმულობასა და ქცევაში. სხვები უზნეო მისწრაფებებით აუწმინდურებენ სქესთა შორის სხვაობებს. რამდენად მადლიერები შეგვიძლია ვიყოთ ქრისტიანები, რომ ბიბლია ღვთის თვალსაზრისს გვიჩვენებს! იეჰოვამ ძველ ისრაელს განუცხადა: „ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის. . . ყველა, ვინც ამას სჩადის“ (მეორე რჯული 22:5).
17 ამ მხრივ, შენთვის, ალბათ, სასიამოვნო იქნება იმის განხილვა, რაც 1989 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ [რუს.] იყო ნათქვამი მე-17 გვერდზე: „საკითხი ეხება არა იმას, ძალიან მოდურია თუ არა გარკვეული სტილი, არამედ იმას, შეეფერება თუ არა ის პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ ღვთის მსახურია (რომაელთა 12:2; 2 კორინთელთა 6:3). მეტისმეტად ულაზათო ან ვიწრო ტანსაცმელმა შეიძლება შეასუსტოს ჩვენი ცნობა. სტილი, რომელიც აშკარად და განზრახ ხდის მამაკაცს ქალურს, ქალს კი — მამაკაცურს, უეჭველად უმართებულოა (შეადარე მეორე რჯული 22:5). რასაკვირველია, ადგილობრივი ადათ-წესები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს ამინდის, პროფესიული საჭიროებების ან სხვა რამის მიხედვით, ასე რომ, ქრისტიანული კრება არ ადგენს მტკიცე წესებს მთელი მსოფლიო საძმოსთვის“.
18. რა ნაბიჯების გადადგმა შეგვეძლო ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებული ბიბლიური რჩევის გამოყენებით?
18 რა გაწონასწორებული და სათანადო რჩევაა! სამწუხაროდ, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ზოგი ქრისტიანი ჩაცმულობასა და გარეგნობაში ბრმად მიჰყვება წუთისოფლის მიერ შემოთავაზებულ სტილს და არ უფიქრდება, თუ როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს იეჰოვასა და ქრისტიანულ კრებაზე. კარგს ვიზამდით, თუ თითოეული გარკვეულ თვითშემოწმებას გავაკეთებდით, რათა დაგვენახა, ზეგავლენა ხომ არ მოახდინა ჩვენზე წუთისოფლისეულმა აზროვნებამ. ან შეგვეძლო ღირსეული, გამოცდილი ძმისთვის ან დისთვის მიგვემართა და გვეთხოვა აზრის გამოთქმა, საჭირო ხომ არაა ჩვენი ჩაცმულობის სტილში რამე ცვლილების შეტანა, შემდეგ კი სერიოზულად აგვეწონ-დაგვეწონა რჩევები.
ქრისტიანი მამაკაცები და ქალები — ნამდვილი მამაკაცები და ქალები
19. რა არასასურველ ზეგავლენასთან გვესაჭიროება ბრძოლა?
19 ამ წუთისოფლის ღმერთი სატანაა და მისი ზეგავლენა შეგვიძლია დავინახოთ სქესთან დაკავშირებულ უწესრიგობაში, რომელიც ჩაცმულობის ფარგლებს სცდება (2 კორინთელთა 4:4). ზოგ ქვეყანაში მრავალი ქალი უგულებელყოფს ბიბლიურ პრინციპებს და კონკურენციას უწევს მამაკაცებს მეთაურობაში. მეორე მხრივ, მამაკაცების დიდი რაოდენობა, მსგავსად ადამისა, უბრალოდ, უარს ამბობს მეთაურობის პასუხისმგებლობებზე. არიან ისეთები, რომლებიც ცხოვრებაში სექსუალური როლის შეცვლასაც კი ცდილობენ (რომაელთა 1:26, 27). ბიბლია არ ადგენს ღვთის მიერ მოწონებულ რამე ალტერნატიულ ცხოვრების სტილს. და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქრისტიანობამდე დაბნეულობაში იყო თავის როლსა თუ სექსუალურ არჩევანთან დაკავშირებით, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მათ მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება ღვთის ნორმების შესაბამისად ცხოვრება — ნორმებისა, რომლებსაც დააფასებს ყველა, ვინც ადამიანურ სრულყოფილებას მიაღწევს.
20. რა გავლენა უნდა მოახდინოს მამაკაცურობასა და ქალობასთან დაკავშირებულ ჩვენს თვალსაზრისზე გალატელთა 5:22, 23-მა?
20 საღვთო წერილი გვიჩვენებს, რომ ქრისტიანმა მამაკაცებმა და ქალებმა უნდა განავითარონ და გამოავლინონ ღვთის სულის ნაყოფი — სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, რწმენა, სიმშვიდე და თავშეკავება (გალატელთა 5:22, 23). ღმერთმა თავისი დიდებული სიბრძნით შესაძლებელი გახადა, რომ ამ თვისებების განვითარების საშუალებით მამაკაცები უფრო მამაკაცურები გახდნენ, ქალები კი — უფრო ქალურები. ადვილია, პატივი სცე მამაკაცს, რომელიც სულის ნაყოფს ავლენს, და ადვილია, გიყვარდეს ქალი, რომელიც იგივეს აკეთებს.
21, 22. ა) რა ნიმუში დაგვიტოვა იესომ ცხოვრების სტილთან დაკავშირებით? ბ) როგორ გამოავლინა იესომ მამაკაცურობა?
21 ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი იყო იესო ქრისტე და ქრისტიანებმა სწორედ მისი ცხოვრების სტილს უნდა მიბაძონ (1 პეტრე 2:21–23). იესოს მსგავსად, მამაკაცებიცა და ქალებიც ღვთისადმი ურყევად ერთგულები და მისი სიტყვის მორჩილები უნდა იყვნენ. იესომ გამოავლინა შესანიშნავი თვისებები — სიყვარული, გრძნობიერება და გულმოწყალება. მოსალოდნელია, რომ ჩვენ, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები, მივბაძავთ მას იმის დასამტკიცებლად, რომ მისი მოწაფეები ვართ (იოანე 13:35).
22 იესო ქრისტე ნამდვილი მამაკაცი იყო და მისი მამაკაცური თვისებების დანახვა შეგვიძლია, როცა საღვთო წერილში მისი ცხოვრების შესახებ მოცემულ ჩანაწერებს ვსწავლობთ. ის არ დაქორწინებულა, მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ ქალებთან გაწონასწორებული ურთიერთობა ჰქონდა (ლუკა 10:38, 39). მამაკაცებთან და ქალებთან მისი ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის უბიწო და კეთილშობილური იყო. ის მამაკაცურობის სრულყოფილი ნიმუშია. მან არავის — მამაკაცს, ქალს თუ ურჩ ანგელოზს — არ მისცა უფლება, დაეკარგვინებინათ მისთვის ღვთისმოსავი მამაკაცურობა და იეჰოვასადმი ერთგულება. მან უყოყმანოდ მიიღო პასუხისმგებლობები და ეს ყოველგვარი უკმაყოფილების გამოხატვის გარეშე გააკეთა (მათე 26:39).
23. სქესთა როლების მხედველობაში მიღებით როგორ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები თვალსაჩინოდ კურთხეულები?
23 რამდენად სასიამოვნოა იეჰოვას ხალხში ყოფნა და ურთიერთობა მამაკაცებთან და ქალებთან, აგრეთვე ბიჭუნებთან და გოგონებთან, რომელთა ცხოვრებაშიც პირველი ადგილი იეჰოვა ღმერთის სიყვარულსა და მორჩილებას უკავია! ჩვენ არ გვზღუდავს ღვთის სიტყვის მორჩილება. პირიქით, ჩვენ ვთავისუფლდებით ამ წუთისოფლისგან და მისი გზებისგან, რომლებიც ფასს უკარგავს სქესთა სილამაზეს, მიზანსა და განსაკუთრებულ როლს. ვინც არ უნდა ვიყოთ, მამაკაცი თუ ქალი, შეგვიძლია ნამდვილი ბედნიერების განცდა, რომელიც ცხოვრებაში ღვთის მიერ ბოძებული როლის შესრულებას მოაქვს. დიახ, რამდენად ვემადლიერებით იეჰოვა ღმერთს, შემოქმედს, ჩვენთვის სასარგებლო მისი სიყვარულით აღსავსე ყველა ღონისძიებისთვის და იმისთვის, რომ მამაკაცად და დედაკაცად შეგვქმნა!
როგორ უპასუხებდი?
◻ მამაკაცებისა და ქალებისთვის შესაფერ რა როლებს აღწერს ბიბლია?
◻ როგორ დამახინჯდა მამაკაცურობა წარღვნამდე და როგორ მახინჯდება მამაკაცურობა და ქალობა ჩვენს დროში?
◻ გარეგნობასთან დაკავშირებული რომელი ბიბლიური რჩევის გამოყენებას შეეცდები?
◻ როგორ შეუძლიათ ქრისტიან მამაკაცებსა და ქალებს, ნამდვილი მამაკაცები და ქალები იყვნენ?
[სურათი 17 გვერდზე]
თუმცა ესთერი ლამაზი იყო, ის მორიდებულობისა და მშვიდი და წყნარი სულის გამო ახსოვთ.
[სურათი 18 გვერდზე]
გონივრულად მოეკიდე გარეგნობას, მაშინ როცა უფრო დიდ მნიშვნელობას შინაგან სილამაზეს ანიჭებ.