იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დაბადება“ — I
ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ მოთხრობილია, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო, როგორ გაამზადა დედამიწა ადამიანის საცხოვრებლად და როგორ დაასახლა ის მასზე. ამ წიგნის წერა მოსემ სინის უდაბნოში დაახლოებით ძვ. წ. 1513 წელს დაამთავრა.
„დაბადება“ მოგვითხრობს წარღვნამდელ ქვეყნიერებაზეც. აღწერილია ისიც, თუ რა მოხდა კაცობრიობის ისტორიაში მას შემდეგ, რაც წარღვნის მერე ახალი ერა დადგა; მოთხრობილია აგრეთვე იეჰოვას ურთიერთობაზე აბრაამთან, ისაკთან, იაკობთან და იოსებთან. ამ სტატიაში განვიხილავთ მნიშვნელოვან აზრებს დაბადების 1:1—11:9-დან, ანუ შევეხებით მოვლენებს, რომლებიც იმ დრომდე მოხდა, ვიდრე იეჰოვა პატრიარქ აბრაამთან ურთიერთობას დაიწყებდა.
წარღვნამდელი ქვეყნიერება
სიტყვას „დასაწყისში“, რომლითაც „დაბადება“ იწყება, მილიონობით წლების წინათ გადავყავართ. ექვსი შემოქმედებითი „დღე“, ანუ განსაკუთრებული შემოქმედებითი პერიოდი, აღწერილია ისე, როგორც ადამიანი აღიქვამდა, თვითმხილველი რომ ყოფილიყო. მეექვსე დღის ბოლოს ღმერთი ქმნის ადამიანს. მართალია, დაუმორჩილებლობის გამო ადამი და მისი შთამომავლობა მალე კარგავს სამოთხეს, მაგრამ იეჰოვა იმედს იძლევა. ბიბლიაში ჩაწერილ პირველივე წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია „თესლი“ ანუ შთამომავალი, რომელიც აღმოფხვრის ცოდვის შედეგებს და თავს გაუჭეჭყავს სატანას.
შემდგომი 16 საუკუნის განმავლობაში სატანა ახერხებს იმას, რომ ყველა ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს გარდა ერთგული მსახურებისა. მათ შორის არიან აბელი, ენოქი, ნოე და სხვები. კაენი კლავს თავის ძმას, აბელს, რომელიც ღვთის ერთგულია. ადამიანები იწყებენ ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელის’, როგორც ჩანს, უპატივცემულოდ ‘მოხმობას’. იმ პერიოდში გაბატონებული მოძალადეობრივი სულისკვეთება კარგად არის ასახული ლამექის სიტყვებში. ის პოეტურად აღწერს, თუ როგორ მოკლა ახალგაზრდა კაცი ვითომცდა თავდაცვის მიზნით. მდგომარეობა უფრო უარესდება, როდესაც ურჩი ანგელოზები ცოლად ირთავენ ქალებს და მოძალადე გოლიათები იბადებიან. მიუხედავად ამისა, ნოე, ღვთის ერთგული მსახური, კიდობანს აშენებს, გაბედულად აფრთხილებს ხალხს მოახლოებული წარღვნის შესახებ და ოჯახთან ერთად თავს აღწევს განადგურებას.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:16. როგორ შეიძლებოდა პირველ დღეს ყოფილიყო სინათლე, თუ ღმერთმა მნათობები მხოლოდ მეოთხე დღეს შექმნა? ბიბლიის ორიგინალში სიტყვებს „გააჩინა“ (მე-16 მუხლი) და „შექმნა“ (1-ლი, 21-ე და 27-ე მუხლები) სხვადასხვა ებრაული სიტყვები შეესაბამება. „ცა“ მნათობებთან ერთად ღმერთმა პირველი შემოქმედებითი „დღის“ დადგომამდე დიდი ხნით ადრე შექმნა, მაგრამ მნათობების შუქი დედამიწამდე ვერ აღწევდა. პირველ დღეს „იქმნა ნათელი“, რადგან სინათლემ ღრუბლებიდან შემოაღწია. დედამიწაზე დღისა და ღამის მონაცვლეობა დაიწყო (დაბადება 1:1—3, 5). მიუხედავად ამისა, დედამიწიდან მნათობების დანახვა კვლავაც შეუძლებელი იყო. მხოლოდ მეოთხე შემოქმედებითი პერიოდის განმავლობაში მოხდა საგრძნობი ცვლილება. მზემ, მთვარემ და ვარსკვლავებმა ‘მიწის განათება’ დაიწყეს (დაბადება 1:17). ღმერთმა მნათობები მაშინ იმ გაგებით „გააჩინა“, რომ მათი დანახვა შესაძლებელი გახდა დედამიწიდან.
3:8. პირადად ელაპარაკებოდა იეჰოვა ადამს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ხშირად ანგელოზის მეშვეობით ელაპარაკებოდა ადამიანებს (დაბადება 16:7—11; 18:1—3, 22—26; 19:1; მსაჯულთა 2:1—4; 6:11—16, 22; 13:15—22). ღვთის მთავარი წარმომადგენელი იყო მისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც „სიტყვად“ იწოდება (იოანე 1:1). გონივრულია ვიფიქროთ, რომ ღმერთი ადამსა და ევას „სიტყვის“ მეშვეობით ელაპარაკებოდა (დაბადება 1:26—28; 2:16; 3:8—13).
3:17. რა გაგებით დაიწყევლა მიწა და რამდენი ხნის განმავლობაში იყო დაწყევლილი? მიწის დაწყევლა იმას ნიშნავდა, რომ ‘ეკალი და ძეძვი აღმოცენდებოდა’, ანუ გართულდებოდა მისი დამუშავება. ადამის შთამომავლებმა მძაფრად შეიგრძნეს მიწის დაწყევლის შედეგები. ნოეს მამა, ლამექი, ლაპარაკობდა ‘მძიმე ჯაფის შესახებ იმ მიწაზე, რომელიც დაწყევლა უფალმა’ (დაბადება 5:29). წარღვნის შემდეგ იეჰოვამ აკურთხა ნოე და მისი ვაჟები და განაცხადა თავისი განზრახვა, რომ მათ დედამიწა უნდა აევსოთ (დაბადება 9:1). როგორც ჩანს, ამის შემდეგ მიწა ღვთის მიერ აღარ იყო დაწყევლილი (დაბადება 13:10).
4:15. რა გაგებით დაადო „უფალმა ნიშანი კაენს“? ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რომ ღმერთმა კაენს სხეულზე დაადო რაიმე ნიშანი. ნიშანი, როგორც ჩანს, იყო ღვთის ბრძანება, რომელიც ყველასთვის ცნობილი გახდა და ყველას უნდა შეესრულებინა: მათ კაენზე შური არ უნდა ეძიათ, ანუ არ უნდა მოეკლათ.
4:17. საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი? ადამმა „შვა ძენი და ასულნი“ (დაბადება 5:4). როგორც ჩანს, კაენმა ცოლად შეირთო თავისი და ან ძმისშვილი, ანდა დისშვილი. მოგვიანებით ისრაელებს ღვთის რჯულით აეკრძალათ დედმამიშვილზე დაქორწინება (ლევიანები 18:9).
5:24. რა გაგებით ‘აიყვანა ღმერთმა ენოქი’? როგორც ჩანს, ენოქის (ხანოქი) სიცოცხლე საფრთხეში იყო, მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა, რომ ის მტრების ხელში დატანჯულიყო. „იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა“, — დაწერა პავლე მოციქულმა (ებრაელთა 11:5). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ცაში წაიყვანა და ენოქმა იქ განაგრძო სიცოცხლე. პირველი, ვინც ზეცად ამაღლდა, იესო იყო (იოანე 3:13; ებრაელთა 6:19, 20). ენოქის ‘გადაყვანა, რათა მას სიკვდილი არ ენახა’, შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: ღმერთმა ის განსაკუთრებულ მდგომარეობაში მოიყვანა, რომლის დროსაც წინასწარმეტყველურ ხილვას ხედავდა და სწორედ იმ დროს შეწყდა მისი სიცოცხლე. ასეთ მდგომარეობაში ენოქს ‘არ უნახავს სიკვდილი’, ანუ მტრების ხელში არ დატანჯულა.
6:6. რა გაგებით „ინანა“ ღმერთმა ადამიანის შექმნა? ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „ინანა“, დამოკიდებულების ან განზრახვის ცვლილებას გამოხატავს. იეჰოვა სრულყოფილია და ამიტომაც მას შეცდომა არ დაუშვია ადამიანის შექმნით. აქ ის იგულისხმება, რომ მან წარღვნამდელი მოდგმის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. მათი ბოროტების გამო ღმერთი ამ მოდგმის მიმართ აღარ იყო განწყობილი ისე, როგორც შემოქმედი. მან განიზრახა მათი განადგურება. ღმერთმა გადაარჩინა რამდენიმე კაცი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის სინანული მხოლოდ ბოროტ ადამიანებთან იყო დაკავშირებული (2 პეტრე 2:5, 9).
7:2. რის საფუძველზე განარჩევდნენ წმინდა ცხოველებს უწმინდური ცხოველებისგან? როგორც ჩანს, ცხოველებს იმის საფუძველზე კი არ განარჩევდნენ, თუ რომელი იყო საჭმელად ვარგისი და რომელი — არა, არამედ იმის საფუძველზე, თუ რომლის შეწირვა შეიძლებოდა მსხვერპლად ღვთის თაყვანისცემისას და რომლის — არა. წარღვნამდე ადამიანები ხორცს არ ჭამდნენ. ცხოველები საკვებად „წმინდად“ და „უწმინდურად“ მოსეს რჯულით დაიყო და მოსეს რჯულის გაუქმებასთან ერთად ეს ცნებებიც გაუქმდა (საქმეები 10:9—16; ეფესელთა 2:15). როგორც ჩანს, ნოემ იცოდა, რომელი ცხოველების გამოყენება შეიძლებოდა იეჰოვასთვის მსხვერპლის შეწირვისას. კიდობნიდან გამოსვლისთანავე „აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე“ (დაბადება 8:20).
7:11. საიდან წამოვიდა წყალი, რომელმაც მსოფლიო წარღვნა გამოიწვია? მეორე შემოქმედებით „დღეს“ — ანუ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც შეიქმნა „სივრცე“, ატმოსფერო — წყალი იყო როგორც „სივრცის ქვემოთ“, ისე „სივრცის ზემოთ“ (დაბადება 1:6, 7, აქ). „სივრცის ქვემო“ წყალი იყო დედამიწაზე უკვე არსებული წყალი, „სივრცის ზემო“ წყალი კი — დიდი ოდენობით ტენი, რომელიც დედამიწის გარშემო „უფსკრულის დიდ წყაროებს“ ქმნიდა. სწორედ ეს წყალი წამოვიდა ზემოდან ნოეს დღეებში.
რას ვსწავლობთ:
1:26. ადამიანები ღვთის მსგავსად ვართ შექმნილნი, ამიტომაც შეგვიძლია მისი თვისებები ავირეკლოთ. უნდა მივბაძოთ ჩვენს შემოქმედს და უნდა შევეცადოთ, განვავითაროთ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, გულმოწყალება, სიკეთე, სათნოება და მოთმინება.
2:22—24. ქორწინება ღმერთმა დააფუძნა. ქორწინება მარადიული და წმინდაა. ოჯახისთავი ქმარია.
3:1—5, 16—23. ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, ვაღიარებთ თუ არა იეჰოვას უზენაესობას პირად ცხოვრებაში.
3:18, 19; 5:5; 6:7; 7:23. იეჰოვას სიტყვა ყოველთვის სრულდება.
4:3—7. იეჰოვამ მოიწონა აბელის მსხვერპლი, რადგან ის მართალი კაცი იყო და ღვთისადმი რწმენას ავლენდა (ებრაელთა 11:4). კაენს კი რწმენა აკლდა, რაზეც მისი მოქმედებები მეტყველებს. კაენის საქმეები ბოროტებით, შურით და სიძულვილით იყო სავსე. ის მკვლელობამდეც კი მივიდა (1 იოანე 3:12). გარდა ამისა, კაენს, როგორც ჩანს, ბევრი არც კი უფიქრია თავის მსხვერპლზე. მან უბრალოდ მიიტანა ის სამსხვერპლოზე. განა სულითა და გულით არ უნდა ვწირავდეთ ქების მსხვერპლს იეჰოვას და განა ამას მსახურებისადმი ჩვენი დამოკიდებულება და საქმეები არ უნდა ცხადყოფდეს?
6:22. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს წლები დასჭირდა კიდობნის ასაშენებლად, მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ღმერთმა უბრძანა. ამიტომაც ნოე და მისი ოჯახი გადაურჩა წარღვნას. ჩვენ იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით გველაპარაკება და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვხელმძღვანელობს. უნდა მოვუსმინოთ და დავემორჩილოთ მას, რაც სასიკეთო იქნება ჩვენთვის.
7:21—24. იეჰოვა მართალ ადამიანებს ბოროტებთან ერთად არ ანადგურებს.
კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა დგება
წარღვნის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა დგება. ადამიანებს ხორცის ჭამის ნება ეძლევათ, მაგრამ სისხლისგან თავი უნდა შეიკავონ. იეჰოვა მკვლელობის ჩადენისთვის სიკვდილით დასჯას აწესებს და ცისარტყელას შეთანხმებას დებს ადამიანებთან, რითაც ჰპირდება, რომ აღარასოდეს იქნება წარღვნა. ნოეს სამი ვაჟი კაცობრიობის წინაპარი ხდება. ნოეს შვილიშვილი, ნიმროდი (ნებროთი) «ძალოვანი მონადირეა უფლის წინაშე [„წინააღმდეგ“, აქ]». ნაცვლად იმისა, რომ მთელ დედამიწაზე დასახლდნენ, ადამიანები სახელის განთქმის მიზნით, ქალაქს, სახელად ბაბილონს, და გოდოლს აშენებენ. მათი გეგმები იშლება, როდესაც იეჰოვას ნებით, სხვადასხვა ენაზე იწყებენ ლაპარაკს და მთელ დედამიწაზე იფანტებიან.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
8:11. სად იპოვა მტრედმა ზეთისხილის რტო, თუ წარღვნამ ხეები გაანადგურა? არსებობს ორი დასაშვები ვარიანტი. ზეთისხილი საკმაოდ ამტანი ხეა, ამიტომაც შესაძლებელია, წარღვნისას რამდენიმე თვის განმავლობაში წყალქვეშ გაეძლო. წყლის დაკლებისა და მიწის გაშრობის შემდეგ ხეს შესაძლოა ყლორტები ამოეყარა. ზეთისხილის რტო, რომელიც მტრედმა ნოეს მიუტანა, შეიძლება წყლის დაკლების შემდეგ ახლად ამოსული ხის ტოტიც ყოფილიყო.
9:20—25. რატომ დაწყევლა ნოემ ქანაანი? როგორც ჩანს, ქანაანს თავისი პაპის, ნოეს, წინააღმდეგ რაღაც უზნეო საქციელში მიუძღოდა ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ ქამი, ქანაანის მამა, ამის შემსწრე გახდა, მან არ შეაჩერა შვილი და, როგორც ჩანს, გაავრცელა კიდეც მომხდარი ამბავი. ნოეს ორმა ვაჟმა, სემმა და იაფეტმა, „დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე“. ამისთვის ნოემ აკურთხა ისინი. ხოლო ქანაანი დაწყევლა და ქამი დასაჯა იმით, რომ მისი შთამომავლები შერცხვენილ იქნენ.
10:25. რა გაგებით „გაიყო“ ქვეყანა ფელეგის დღეებში? ფელეგი ძვ. წ. 2269—2030 წლებში ცხოვრობდა. სწორედ მის დღეებში მოხდა დიდი დაყოფა, როდესაც იეჰოვამ ბაბილონის მშენებლები განსხვავებულ ენებზე აამეტყველა და სხვადასხვა მხარეს გაფანტა (დაბადება 11:9). ამგვარად „გაიყო ქვეყანა [ანუ დედამიწის მოსახლეობა]“ ფელეგის დღეებში.
რას ვსწავლობთ:
9:1; 11:9. ღვთის განზრახვის განხორციელებას ადამიანის ვერავითარი ჩანაფიქრი ვერ შეუშლის ხელს.
10:1—32. ორი გენეალოგიური ჩანაწერი (მე–5 და მე–10 თავები), რომელთა შორისაც წარღვნის შესახებ არის მოთხრობილი, გვამცნობს, რომ კაცობრიობა ადამისგან წარმოიშვა და, შემდეგ, ნოეს სამი ვაჟისგან გამრავლდა. ასურელები, ქალდეველები, ებრაელები, სირიელები და ზოგიერთი არაბული ტომი სემის შთამომავლები არიან, ხოლო ეთიოპელები, ეგვიპტელები, ქანაანელები და ზოგიერთი აფრიკული თუ არაბული ტომი — ქამის შთამომავლები. ინდოევროპელების წინაპარი კი იაფეტია. ადამიანებს ერთი წინაპარი ჰყავთ და ღვთის თვალში ყველა თანასწორია (საქმეები 17:26). ამის ცოდნამ გავლენა უნდა მოახდინოს იმაზე, თუ რა თვალსაზრისი გვაქვს ადამიანებზე და როგორ ვეპყრობით მათ.
ღვთის სიტყვა მოქმედია
დაბადების პირველ ნაწილში კაცობრიობის ისტორიის პირველი პერიოდის შესახებ ზუსტი ინფორმაციაა მოცემული, რომლის ნახვაც სხვა წყაროში შეუძლებელია. აქედან ვიგებთ, რა განზრახვით დაასახლა ღმერთმა ადამიანი დედამიწაზე. რა მანუგეშებელია ნიმროდის მაგალითზე იმის დანახვა, რომ ადამიანის ვერავითარი ჩანაფიქრი ვერ აღუდგება წინ ღვთის განზრახვის განხორციელებას.
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის პროგრამის მიხედვით თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრისთვის მომზადებისას კარგი იქნება, გადახედოთ მასალას, რომელიც მოცემულია ქვესათაურით „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“. ეს ბიბლიის ზოგიერთი რთული მონაკვეთის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. მასალა, რომელიც მოცემულია ქვესათაურში „რას ვსწავლობთ“, დაგანახვებთ, რა შეგიძლიათ ისწავლოთ მოცემული კვირისთვის განსაზღვრული ბიბლიური მონაკვეთიდან. საჭიროების შემთხვევაში, ამ მასალის გამოყენება შეიძლება ასევე სამსახურებრივ შეხვედრაზე ადგილობრივ მოთხოვნილებებში. იეჰოვას სიტყვა მართლაც რომ ცოცხალი და მოქმედია (ებრაელთა 4:12).