იეჰოვა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მართალია
„მართალია უფალი ყველა თავის გზაზე“ (ფსალმუნები 144:17).
1. როგორ რეაგირებთ, როდესაც თქვენ შესახებ ვინმე არასწორ დასკვნას აკეთებს და რის სწავლა შეგვიძლია მსგავსი შემთხვევიდან?
გაუკეთებია ოდესმე ვინმეს თქვენ შესახებ არასწორი დასკვნა, მაგალითად, ეჭვქვეშ დაუყენებია თქვენი ქმედებები თუ მოტივები ისე, რომ ყველა ფაქტი ხელთ არ ჰქონია? თუ დიახ, ალბათ, გული გტკენიათ და ეს გასაგებიცაა. აქედან მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია — არაგონივრულია, ნაჩქარევად გამოვიტანოთ დასკვნები ისე, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სრული სურათი არ გვქონდეს.
2, 3. როგორია ზოგიერთის დამოკიდებულება ბიბლიის იმ მონაკვეთებზე, რომლებშიც იმდენად დაწვრილებით არ არის ინფორმაცია მოცემული, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, მაგრამ რას გვეუბნება ბიბლია იეჰოვას შესახებ?
2 საჭიროა გვახსოვდეს ეს, როდესაც იეჰოვა ღმერთის შესახებ დასკვნების გამოტანას ვაპირებთ. რატომ? იმიტომ, რომ ბიბლიაში არის გარკვეული ადგილები, რომლებიც, ერთი შეხედვით, დამაბნეველია. ისინი, შესაძლოა, ეხება ღვთის რომელიმე თაყვანისმცემლის მოქმედებას ან წარსულში ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენებს, რომელთა შესახებაც იმდენად დაწვრილებითი ცნობები არ არის მოცემული, რომ ჩვენს ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. სამწუხაროდ, ზოგი აკრიტიკებს მსგავს ადგილებს და იმასაც კი აყენებს ეჭვქვეშ, არის თუ არა ღმერთი სამართლიანი და მართალი. მაგრამ ბიბლია გვეუბნება: „მართალია უფალი ყველა თავის გზაზე“ (ფსალმუნები 144:17). ღვთის სიტყვა აგრეთვე გვარწმუნებს, რომ „ღმერთი არ ბოროტობს“ (იობი 34:12; ფსალმუნები 36:28). წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გრძნობდეს ღმერთი თავს, როდესაც სხვები მის შესახებ არასწორ დასკვნებს აკეთებენ!
3 განვიხილოთ ხუთი მიზეზი, რის გამოც მართებულად უნდა მივიჩნიოთ იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენები. შემდეგ კი, გვახსოვდეს ეს მიზეზები და ამის შუქზე გამოვიკვლიოთ ორი ბიბლიური ადგილი, რომელთა გაგებაც შეიძლება ზოგისთვის რთულია.
რატომ უნდა მივიჩნიოთ მართებულად იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენები?
4. რატომ უნდა გამოვავლინოთ მოკრძალება, როდესაც ღვთის ქმედებებს განვიხილავთ? მოიყვანეთ მაგალითი.
4 პირველი, იეჰოვამ იცის ყველაფერი, რაც კონკრეტულ საკითხს ეხება, ჩვენ კი — არა. ამიტომ ღვთის მოქმედებების განხილვისას მოკრძალება უნდა გამოვავლინოთ. ვთქვათ, კარგი რეპუტაციის მქონე მოსამართლეს, რომელიც თავისი მიუკერძოებლობით არის ცნობილი, ერთხელაც სასამართლო პროცესზე განაჩენი გამოაქვს. რას იფიქრებდით, თუ ვინმე, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ფაქტს არ არის გაცნობილი ან ვინც სინამდვილეში არ იცის ამ საქმესთან დაკავშირებული კანონები, გაკრიტიკებას დაუწყებდა მოსამართლის განაჩენს? უგუნურება იქნებოდა, თუ ვინმე სრული ინფორმაციის ფლობის გარეშე დაიწყებდა გაკრიტიკებას (იგავები 18:13). ბევრად უფრო დიდი უგუნურებაა ადამიანმა, მიწის მტვერმა, „მთელი ქვეყნიერების მსაჯული“ გააკრიტიკოს (დაბადება 18:25).
5. რა არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ბიბლიაში გარკვეული ადამიანებისთვის ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენებს ვკითხულობთ?
5 მეორე მიზეზი, რის გამოც მართებულად უნდა მივიჩნიოთ ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენები ის არის, რომ ადამიანთაგან განსხვავებით ღმერთს გულების წაკითხვა შეუძლია (1 მეფეთა 16:7). მის სიტყვაში ნათქვამია: „მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელთ, რათა მივაგო თითოეულს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ“ (იერემია 17:10). ამიტომ, როდესაც ბიბლიაში გარკვეული პიროვნებებისთვის ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენების შესახებ ვკითხულობთ, დაე ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი ყოვლისმხილველი თვალები იყურებოდნენ და ხედავდნენ დაფარულ აზრებს, მოტივებსა და მიდრეკილებებს, რომელთა შესახებაც მის სიტყვაში მოხსენიებული არ არის (1 ნეშტთა 28:9).
6, 7. ა) როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ ის თავის მართალ და სამართლიან ნორმებს იცავს მაშინაც კი, როდესაც ეს საკმაოდ დიდ ფასად უჯდება? ბ) რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ რაღაცას, რაც ჩვენში ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, მოქმედებდა თუ არა ღმერთი სიმართლითა და სამართლიანობით?
6 მესამე მიზეზი, რის გამოც იეჰოვას განაჩენები სათანადოდ უნდა მივიჩნიოთ, შემდეგია: ის ყოველთვის თავისი სამართლიანი პრინციპების თანახმად მოქმედებს, მაშინაც კი, როდესაც ეს ძალიან ძვირად უჯდება. განვიხილოთ მაგალითი. ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან მორჩილი კაცობრიობის გამოსახსნელად იეჰოვამ გამოსასყიდად საკუთარი ძის სიცოცხლე გაიღო, რითაც თავისი სამართლიანი და მართალი ნორმები შეასრულა (რომაელები 5:18, 19). თუმცა, წამების ძელზე საყვარელი ძის ტანჯვისა და სიკვდილის ყურება მას უდიდეს ტკივილს მიაყენებდა. რას გვეუბნება ეს ღვთის შესახებ? ‘იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდის’ შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ეს იმიტომ მოხდა, რომ [ღმერთს] ეჩვენებინა თავისი სიმართლე“ (რომაელები 3:24—26). რომაელთა 3:25-ის სხვა თარგმანში ვკითხულობთ: „აქედან გამოჩნდა, რომ ღმერთი ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მართალი და სამართლიანია“ (New Century Version). დიახ, იეჰოვას მზადყოფნა, ყველაფერი გაეკეთებინა გამოსასყიდის უზრუნველსაყოფად, ცხადყოფს მის უდიდეს პატივისცემას იმისადმი, „რაც მართალი და სამართლიანია“.
7 ამგვარად, როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ რამეს, რაც ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, მოქმედებდა თუ არა ღმერთი სიმართლითა და სამართლიანად, უნდა გვახსოვდეს შემდეგი: სიმართლისა და სამართლიანობის საკუთარი ნორმების დასაცავად იეჰოვამ საკუთარი ძე გაიმეტა მტკივნეული სიკვდილისთვის. განა სხვა საკითხებში დაარღვევდა ის ამ ნორმებს? ფაქტია, რომ იეჰოვა არასოდეს არ არღვევს სიმართლისა და სამართლიანობის ნორმებს. ამგვარად, უმტკიცესი საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მართალი და სამართლიანია (იობი 37:23).
8. რატომ იქნებოდა უმართებულო, ადამიანებს გაეფიქრებინათ, რომ იეჰოვა ამა თუ იმ საკითხში სიმართლესა და სამართლიანობას არ ავლენს?
8 განვიხილოთ მეოთხე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მივიჩნიოთ იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენები მართებულად: იეჰოვამ ადამიანი თავის ხატად შექმნა (დაბადება 1:27). ამგვარად, ღმერთმა ადამიანებში ჩადო ისეთივე თვისებები, როგორიც თავად აქვს. ამ თვისებებში შედის სიმართლისა და სამართლიანობის გრძნობაც. ამიტომ უმართებულო იქნებოდა, თუ ჩვენი სიმართლისა და სამართლიანობის გრძნობა გვიკარნახებდა, რომ იეჰოვას ამა თუ იმ საკითხში არა აქვს მსგავსი თვისებები. თუ საგონებელში გვაგდებს ესა თუ ის ბიბლიური ცნობა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ამის მიზეზი მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო ჩვენი სიმართლისა და სამართლიანობის გრძნობის არასრულყოფილებაა. იეჰოვა ღმერთს, ვის ხატადაც ჩვენ ვართ შექმნილნი, სრულყოფილი სიმართლისა და სამართლიანობის გრძნობა აქვს (მეორე რჯული 32:4). სასაცილოა იმის გაფიქრებაც კი, რომ ადამიანები ღმერთზე მართლები და სამართლიანები ვართ! (რომაელები 3:4, 5; 9:14).
9, 10. რატომ არ არის იეჰოვა ვალდებული, ადამიანებს აუხსნას ან მათ წინაშე გაამართლოს თავისი ქმედებები?
9 მეხუთე მიზეზი, რის გამოც იეჰოვას განაჩენები მართებულად უნდა მივიჩნიოთ, შემდეგია: ის არის „უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“ (ფსალმუნები 82:19). ამიტომ ღმერთი ვალდებული არ არის, ადამიანებს აუხსნას ან მათ წინაშე გაამართლოს თავისი მოქმედება. იეჰოვა არის დიდებული მექოთნე, ჩვენ კი თიხა მის ხელში და ამ თიხისგან ის ისეთ ჭურჭელს ძერწავს, როგორიც უნდა (რომაელები 9:19—21). ვინ ვართ ჩვენ — მისი ხელით გამოძერწილნი — რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მისი გადაწყვეტილებები თუ ქმედებები? როდესაც პატრიარქმა იობმა არასწორად გაიგო კაცობრიობის მიმართ იეჰოვას ქმედებები, იეჰოვამ მას აზროვნების შესასწორებლად დაუსვა კითხვა: „ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე გამამტყუნებ, რათა თავად გამართლდე?“ იობი მიხვდა, რომ არ ესმოდა და ისე ლაპარაკობდა; ამიტომ მოგვიანებით მოინანია (იობი 40:8; 42:6). დაე არასოდეს დავუშვათ შეცდომა — არ გვეგონოს, რომ ღმერთმა რაღაც სათანადოდ არ გააკეთა!
10 ცხადია, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რათა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის სწორად იქცევა. იეჰოვას ქმედებების შესახებ ამ ცოდნის შუქზე განვიხილოთ ორი ბიბლიური მონაკვეთი, რომლებიც ზოგისთვის შეიძლება დამაბნეველი იყოს. პირველი ეხება ღვთის ერთი თაყვანისმცემლის მოქმედებას, მეორე კი — თავად ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენს.
რატომ შესთავაზა გახელებულ ბრბოს ლოტმა თავისი ქალიშვილები?
11, 12. ა) მოყევით, რა მოხდა, როდესაც ღმერთმა ორი ხორცშესხმული ანგელოზი გაგზავნა სოდომში? ბ) რა კითხვები წამოეჭრა ზოგს ბიბლიის ამ მონაკვეთის კითხვისას?
11 დაბადების მე-19 თავი მოგვითხრობს, თუ რა მოხდა, როდესაც ღმერთმა სოდომში ორი ხორცშესხმული ანგელოზი გაგზავნა. ლოტმა სტუმრებს დაჟინებით სთხოვა, მასთან დარჩენილიყვნენ. მაგრამ იმ ღამით ქალაქის მამაკაცები შემოერტყნენ მის სახლს და ლოტს მოსთხოვეს, გამოეყვანა სტუმრები, რათა მათთან უზნეობას მისცემოდნენ. ლოტი ცდილობდა გადაერწმუნებინა ბრბო, მაგრამ ამაოდ. სტუმრების დაცვის მიზნით, მან გახელებულ მამაკაცებს უთხრა: „ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!“ ბრბომ მის სიტყვებს ყურიც არ ათხოვა და სახლის კარები თითქმის შეამტვრია. ბოლოს, სტუმრად მისულმა ანგელოზებმა გახელებული მამაკაცები დააბრმავეს (დაბადება 19:1—11).
12 გასაგებია, რომ ამ მონაკვეთის კითხვისას ზოგს კითხვები წამოეჭრა. ისინი ფიქრობენ: როგორ შეეძლო ლოტს თავისი სტუმრების დაცვის მიზნით საკუთარი ქალიშვილები შეეთავაზებინა აღვირახსნილი ბრბოსთვის? განა ის უმართებულოდ და ლაჩრულადაც კი არ მოიქცა? თუ მხედველობაში მივიღებთ ამ შემთხვევას, რატომ ჩააწერინა ღმერთმა პეტრეს სიტყვები, რომლებშიც ლოტს „მართალ კაცად“ მოიხსენიებს? იყო ლოტის მოქმედება ღვთისმოსაწონი? (2 პეტრე 2:7, 8). მოდი განვიხილოთ ეს საკითხი, რათა არასწორი დასკვნა არ გავაკეთოთ.
13, 14. ა) რა არის აღსანიშნავი ლოტის მოქმედების შესახებ ბიბლიურ ცნობაში? ბ) რა ცხადყოფს, რომ ლოტი ლაჩრულად არ მოქცეულა?
13 დავიწყოთ იმით, რომ ბიბლია, უბრალოდ მოგვითხრობს, რა მოხდა მაშინ და არაფერს ამბობს იმის თაობაზე, იწონებს თუ არა ლოტის ქმედებებს. ბიბლია არაფერს გვეუბნება იმაზეც, თუ რას ფიქრობდა ლოტი ან რამ აღძრა, ისე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა. როდესაც ლოტი ‘მართლებს შორის მკვდრეთით აღდგება’, შეიძლება მან ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყვეს (საქმეები 24:15).
14 ლოტზე ვერ ვიტყოდით, ლაჩარიაო. ის ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. სიტყვებით „ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული“, ლოტმა ცხადყო, რომ თავს ვალდებულად გრძნობდა, დაეცვა და თავშესაფარი მიეცა თავისი სტუმრებისთვის. მაგრამ ეს ადვილი არ იყო. იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ სოდომელები „უსამართლობას ავლენდნენ ადამიანთა მიმართ და უღვთოობით გამოირჩეოდნენ . . . მათ სძულდათ უცხოები და გაუკუღმართებული სქესობრივი ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან და ცხოველებთან“. მაგრამ ლოტი არ შეუშინდა გამძვინვარებულ ბრბოს. პირიქით, ის გარეთ გავიდა და მათ ელაპარაკა. მან ‘კარიც კი გამოიხურა’ (დაბადება 19:6).
15. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ლოტი რწმენით მოქმედებდა?
15 და მაინც, ზოგმა შეიძლება იკითხოს: რატომ უნდა შეეთავაზებინა ლოტს თავისი ქალიშვილები ბრბოსთვის? ნაცვლად იმისა, რომ ლოტს ცუდი მოტივები მივაწეროთ, განვიხილოთ, რა შეიძლება ყოფილიყო ამგვარად მოქმედების მიზეზი. ლოტი შეიძლება რწმენით მოქმედებდა. როგორ? ცხადია, ლოტს ეცოდინებოდა, როგორ დაიცვა ღმერთმა მისი ბიცოლა, აბრაამის მეუღლე, სარა. გაიხსენეთ, რომ სარა ძალიან ლამაზი იყო; ამიტომ აბრაამს ეშინოდა მისი გულისთვის არ მოეკლათ და ცოლს სთხოვა, ეთქვა, რომ მისი ძმა იყო და არა ქმარიa. შედეგად, სარა ფარაონის სახლში წაიყვანეს. მაგრამ საქმეში იეჰოვა ჩაერია და ფარაონს სარასთან უღირსი საქციელი არ ჩაადენინა (დაბადება 12:11—20). სრულიად დასაშვებია, ლოტი მტკიცედ ყოფილიყო დარწმუნებული, რომ მის ქალიშვილებს ღმერთი მსგავსი სახით დაიცავდა. აღსანიშნავია, რომ იეჰოვა მართლაც ჩაერია თავისი ანგელოზების მეშვეობით და ახალგაზრდა ქალები უვნებლები დარჩნენ.
16, 17. ა) როგორ შეიძლება ცდილობდა ლოტი შოკში ჩაეგდო სოდომელი მამაკაცები ან თავგზა აებნია მათთვის? ბ) როგორიც უნდა ყოფილიყო ლოტის აზრი, რაში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ?
16 განვიხილოთ სხვა დასაშვები ვერსიაც. ლოტი შეიძლება იმ მამაკაცების შოკში ჩაგდებას ან თავგზის აბნევას ცდილობდა. ის, შესაძლოა, დარწმუნებული იყო, რომ ბრბო არ ინდომებდა მის ქალიშვილებს, რადგან ჰომოსექსუალისტები იყვნენ (იუდა 7). გარდა ამისა, ახალგაზრდა ქალები ქალაქის მკვიდრ მამაკაცებზე იყვნენ დანიშნულები; ასე რომ, ბრბოში შეიძლებოდა მათი საქმროების ნათესავები, მეგობრები ან თანამშრომლები ყოფილიყვნენ (დაბადება 19:14). ლოტი შეიძლება იმედოვნებდა, რომ ამის გამო ბრბოდან ზოგიერთები ხმას აიმაღლებდნენ და მისი ქალიშვილების დამცველებად გამოვიდოდნენ. ჩამოვარდნილი განხეთქილების გამო ბრბო დაიყოფოდა და იმდენად საშიში აღარ იქნებოდაb.
17 როგორიც უნდა ყოფილიყო ლოტის აზრი და მოტივი, ჩვენ შეგვიძლია ერთ რამეში ვიყოთ დარწმუნებულნი: რადგან იეჰოვა ყოველთვის მართალია, მას ექნებოდა საფუძვლიანი მიზეზი იმისათვის, რომ ლოტი „მართალ კაცად“ ჩაეთვალა. რაც შეეხება სოდომელ გახელებულ მამაკაცებს, აშკარად ცხადია, რომ იეჰოვა აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც ამ ბოროტი ქალაქის მოსახლეობას განაჩენი გამოუტანა (დაბადება 19:23—25).
რატომ მოაკვდინა იეჰოვამ ყუზა?
18. ა) რა მოხდა, როდესაც დავითი კიდობნის იერუსალიმში გადატანას შეეცადა? ბ) რა კითხვა წამოიჭრება ამ შემთხვევის კითხვისას?
18 მეორე ბიბლიური ადგილი, რომელიც შეიძლება ვინმეს დამაბნევლად მოეჩვენოს, ეხება შემთხვევას, როდესაც დავითი შეთანხმების კიდობნის იერუსალიმში გადატანას ცდილობს. კიდობანი ურემზე დადეს. ურემს კი ყუზა და მისი ძმა მიუძღოდნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან გადახარეს ხარებმა. და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან“. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც კიდობანი, ღვთის მითითებისამებრ, კორახის ძე ლევიანებმა მხრებზე შედგმული გადაიტანეს, დავითის მეორე მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა (2 მეფეთა 6:6, 7; რიცხვნი 4:15; 7:9; 1 ნეშტთა 15:1—14). ზოგმა შეიძლება იკითხოს: რატომ იყო იეჰოვას რეაქცია ასე მძაფრი? ყუზა ხომ კიდობნის გადარჩენას ცდილობდა. არასწორი დასკვნა რომ არ გავაკეთოთ, განვიხილოთ ზოგი საჭირო დეტალი.
19. რატომ არის შეუძლებელი, რომ იეჰოვამ უსამართლოდ იმოქმედოს?
19 საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ შეუძლებელია, იეჰოვა უსამართლოდ მოიქცეს (იობი 34:10). ამგვარად მოქცევა არ იქნებოდა სიყვარულის გამოვლენა, ჩვენ კი მთლიანი ბიბლიის შესწავლიდან ვიცით, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). გარდა ამისა, საღვთო წერილი გვეუბნება: „სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი [ღვთის] ტახტის საფუძველი“ (ფსალმუნები 88:15). მაშ, როგორ შეიძლებოდა, რომ იეჰოვას ოდესმე უსამართლოდ ემოქმედა? თუ ის ასე იმოქმედებდა, ამით თავად გამოუთხრიდა ძირს საკუთარ უზენაესობას.
20. რატომ უნდა სცოდნოდა ყუზას კიდობანთან დაკავშირებული მოთხოვნები?
20 გახსოვდეთ, რომ ყუზას კარგად უნდა სცოდნოდა რჯული. კიდობანი იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო. რჯულში ნათლად იყო აღნიშნული, რომ თუ კიდობანს შეეხებოდა ადამიანი, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, მოკვდებოდა (რიცხვნი 4:18—20; 7:89). ამიტომ ამ წმინდა საგნის გადატანას ზერელედ არ უნდა მოკიდებოდნენ. ყუზა, როგორც ჩანს, ლევიანი (თუმცა არა მღვდელი) იყო. ასე რომ, მას ეცოდინებოდა რჯულის მოთხოვნა. გარდა ამისა, წლების წინ კიდობნის მცველად მისი მამის ოჯახი იყო დანიშნული (1 მეფეთა 6:20—7:1). კიდობანი იქ დაახლოებით 70 წელი იყო. შემდეგ კი დავითმა გადაწყვიტა მისი გადატანა. ამგვარად, ყუზას, როგორც ჩანს, ბავშვობიდან უნდა სცოდნოდა კიდობანთან დაკავშირებით რჯულის მოთხოვნები.
21. ყუზას შემთხვევის განხილვისას, რატომ არის მნიშვნელოვანი გვახსოვდეს, რომ იეჰოვა გულის მოტივებს ხედავს?
21 როგორც ზემოთ აღინიშნა, იეჰოვას გულების წაკითხვა შეუძლია. რადგან ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ყუზა „სითამამისთვის“ მოკვდა, იეჰოვა შეიძლება მის გულში გარკვეულ ეგოისტურ მოტივს ხედავდა; ეს მოტივი კი ბიბლიაში მოხსენიებული არ არის. იქნებ ყუზა ამპარტავანი კაცი იყო და, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა ამის ნება, საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებდა? (იგავები 11:2). ან იქნებ იმ ფაქტმა, რომ ყველას თვალწინ მიუძღოდა კიდობანს, რომელიც მათ ოჯახში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა, ყუზას იმის გრძნობა გაუჩინა, რომ მეტისმეტად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო? (იგავები 8:13). იქნებ მას რწმენა არ ჰქონდა და ეგონა, რომ იეჰოვას ხელი მოკლე იყო და ჩამოვარდნისგან ვერ დაიცავდა წმინდა საგანს — თავისი იქ ყოფნის სიმბოლოს? ასე იყო თუ ისე, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა მართალი იყო. მან, ალბათ, დაინახა ყუზას გულში რაღაცა, რის გამოც მაშინვე გამოუტანა განაჩენი (იგავები 21:2).
გულდაჯერებულობისთვის მტკიცე საფუძველი
22. როგორ ჩანს იეჰოვას სიბრძნე იმაში, რომ ზოგჯერ მის სიტყვაში გარკვეული დეტალები მოცემული არ არის?
22 თავის სიტყვაში იეჰოვა გარკვეულ დეტალებს გვერდს უვლის, საიდანაც მისი შეუდარებელი სიბრძნე ჩანს. ამგვარად ის შესაძლებლობას გვაძლევს, მისადმი ნდობა გამოვავლინოთ. ყოველივე იქიდან, რაც განვიხილეთ, განა ნათელი არ არის, რომ საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს, მართებულად მივიჩნიოთ იეჰოვას მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი? დიახ, როდესაც ბიბლიას წრფელი გულითა და სწავლას მოწყურებული გონებით ვსწავლობთ, იეჰოვას შესახებ საკმაოდ ბევრს ვიგებთ; ამის საფუძველზე კი შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის, რასაც იეჰოვა აკეთებს, ყოველთვის მართალი და სამართლიანია. ამგვარად, თუ რომელიმე ბიბლიური მონაკვეთი ჩვენში ისეთ კითხვებს წამოჭრის, რომლებზეც ნათელი პასუხების პოვნა მაშინვე არ შეგვიძლია, მოდი ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვამ გააკეთა ის, რაც მართალი იყო.
23. რაში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ იეჰოვას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით?
23 მსგავსადვე შეგვიძლია გულდაჯერებულნი ვიყოთ იეჰოვას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებითაც. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ დიდი გასაჭირის დროს განაჩენის აღსრულებისას ის ‘მართალს უკეთურთან ერთად არ დაღუპავს“ (დაბადება 18:23). მას იმდენად უყვარს სამართლიანობა და სიმართლე, რომ არასოდეს გააკეთებს ამას. შეგვიძლია იმაშიც ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ მომავალ ახალ ქვეყნიერებაში ის საუკეთესოდ დააკმაყოფილებს ჩვენს ყველა მოთხოვნილებას (ფსალმუნები 144:16).
[სქოლიოები]
a აბრაამის შიში საფუძველს მოკლებული არ იყო, რადგან ძველ პაპირუსებში ვკითხულობთ, თუ როგორ შეიპყრეს ფარაონის შეიარაღებულმა კაცებმა ლამაზი ქალი, ხოლო ქმარი მოკლეს.
b დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ 1981 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 21 (რუს.).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რა მიზეზების გამო უნდა მივიჩნიოთ იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენები მართებულად?
• რა დაგვეხმარება, არასწორი დასკვნა არ გავაკეთოთ ლოტის მიერ გახელებული ბრბოსთვის თავისი ქალიშვილების შეთავაზების შესახებ?
• რა ფაქტორები დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ რატომ მოაკვდინა იეჰოვამ ყუზა?
• რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი იეჰოვას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით?