ქრისტიანი მოწმეები ზეციერი მოქალაქეობით
„ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია“ (ფილიპელთა 3:20).
ადამიანებად დაბადებული პიროვნებები ანგელოზებზეც კი იმმართველებენ, როგორც მეფეები და მღვდლები ზეცაში (1 კორინთელთა 6:2, 3; გამოცხადება 20:6). რამდენად საოცარი ჭეშმარიტებაა! მაგრამ იეჰოვამ განიზრახა ეს და ასრულებს ამას თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. რატომ აკეთებს ჩვენი შემოქმედი ამას? და როგორ ზეგავლენას უნდა ახდენდეს ამის შემეცნება ქრისტიანზე დღეს? მოდი, განვიხილოთ, თუ როგორ პასუხობს ბიბლია ამ შეკითხვებზე.
2 როცა იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებდა იესოს, ის აუწყებდა, რომ იესო რაღაც ახალს გააკეთებდა. წერილები გვატყობინებს: «[იოანე] ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა. მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ“» (მარკოზი 1:7, 8). მანამდე არავინ მონათლულა სულიწმიდით. ეს სიახლე, რომელშიც სულიწმიდა მოქმედებდა, უნდა მომხდარიყო იეჰოვას განზრახვის თანახმად, რომელიც ეხებოდა ადამიანთა მომზადებას ზეციერი ხელისუფლებისთვის და რომლის შესრულებაც ზღურბლზე იყო მომდგარი.
‘ხელახლა შობა’
3 ცნობილ ფარისეველთან საიდუმლო შეხვედრაზე იესომ უფრო ნათელყო ეს ღვთიური განზრახვა. იესოსთან ღამით მივიდა ფარისეველი ნიკოდემოსი და იესომ უთხრა მას: „ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3:3). ნიკოდემოსმა, რომელსაც, როგორც ფარისეველს უნდა ესწავლა ებრაული წერილები, იცოდა ზოგი რამ ღმერთის სამეფოს დიდებული ჭეშმარიტების შესახებ. დანიელის წიგნი წინასწარმეტყველებდა, რომ სამეფო მიეცემოდა ‘კაცის ძის მსგავსს’ და „უზენაესის ერს“ (დანიელი 7:13, 14, 27). ამ სამეფოს უნდა ‘შეემუსრა და დაექცია’ ყველა სხვა სამეფო, თვითონ კი მარადიულად მდგარიყო (დანიელი 2:44). როგორც ჩანს, ნიკოდემოსი ფიქრობდა, რომ ეს წინასწარმეტყველებები იუდეველ ერზე უნდა შესრულებულიყო; მაგრამ იესომ თქვა, რომ სამეფოს სანახავად პიროვნება ხელახლა უნდა შობილიყო. ნიკოდემოსი ვერ ხვდებოდა, ამიტომ იესომ გააგრძელა: „ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში“ (იოანე 3:5).
4 იოანე ნათლისმცემელი ამბობდა სულიწმიდით ნათლობის შესახებ. ახლა იესო უმატებს, რომ ღმერთის სამეფოში შესასვლელად პიროვნება უნდა იშვას სულიწმიდისგან. ამ უჩვეულო დაბადების საშუალებით არასრულყოფილი მამაკაცები და ქალები შედიან ყველაზე განსაკუთრებულ ურთიერთობაში იეჰოვა ღმერთთან. ეს ადამიანები მისი შვილობილები ხდებიან. ჩვენ ვკითხულობთ: „ვინც კი მიიღო [იესო] და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან“ (იოანე 1:12, 13; რომაელთა 8:15).
ღმერთის შვილები
5 ნიკოდემოსთან საუბრისას იესო უკვე ცხებული იყო სულიწმიდით, რათა მომავალში ღმერთის სამეფოში ემეფა და ღმერთს უკვე გამოცხადებული ჰქონდა სახალხოდ, რომ იესო მისი ძე იყო (მათე 3:16, 17). ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს იეჰოვამ კიდევ უფრო მეტი სულიერი შვილები წარმოშვა. იერუსალიმში, ზემო ოთახში შეკრებილი ერთგული მოწაფეები ცხებული იყვნენ სულიწმიდით. ამავე დროს ისინი ხელახლა იშვნენ, სულიწმიდისგან იშვნენ, რათა ღმერთის სულიერი ძეები გამხდარიყვნენ (საქმეები 2:2–4, 38; რომაელთა 8:15). გარდა ამისა, ისინი სულიწმიდით იყვნენ ცხებული მომავალი ზეციერი მემკვიდრეობის მიზნით და ზეციერი იმედის უეჭველი ფაქტის ნიშნად მაშინვე დაესვათ ბეჭედი (2 კორინთელთა 1:21, 22).
6 ეს არასრულყოფილი ადამიანები პირველები იყვნენ, ვინც ღმერთმა სამეფოში შესაყვანად ამოირჩია. ეს ნიშნავს, რომ თავიანთი სიკვდილისა და აღდგენის შემდეგ ისინი უნდა გამხდარიყვნენ იმ ზეციერი სამეფო ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც ადამიანებსა და ანგელოზებზე იმმართველებდა. იეჰოვას განზრახული აქვს, რომ ამ სამეფოს საშუალებით განწმინდოს თავისი დიდებული სახელი და გაამართლოს თავისი უზენაესი ხელისუფლება მთელი ქმნილების წინაშე (მათე 6:9, 10; იოანე 12:28). რამდენად მართებულია, რომ ადამიანებს აქვთ წილი ამ სამეფოში! სატანამ ადამიანები გამოიყენა, როცა პირველად ედემის ბაღში ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება და ახლა იეჰოვას განზრახული აქვს, რომ ადამიანებმა მიიღონ მონაწილეობა ამ ეჭვზე პასუხის გაცემაში (დაბადება 3:1–6; იოანე 8:44). მოციქულმა პეტრემ მისწერა პიროვნებებს, რომლებიც ამორჩეულები იყვნენ ამ სამეფოში მმართველობისთვის: „კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად. უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის“ (1 პეტრე 1:3, 4).
7 როგორც ღმერთის ნაშვილები ძეები, ეს რჩეული ქრისტიანები იესო ქრისტეს ძმები გახდნენ (რომაელთა 8:16, 17; 9:4, 26; ებრაელთა 2:11). რადგან აღმოჩნდა, რომ აბრაამისთვის აღთქმული თესლი არის იესო, სულით ცხებული ქრისტიანები წარმოადგენენ თესლთან გაერთიანებულ, ანუ მის დამატებით ნაწილს, რომელიც კურთხევას მოუტანს მორწმუნე კაცობრიობას (დაბადება 22:17, 18; გალატელთა 3:16, 26, 29). რომელ კურთხევას? შესაძლებლობას, რომ ცოდვისგან გამოსყიდულიყვნენ და ღმერთთან შერიგებულიყვნენ, და რომ ემსახურათ მისადმი ახლა და მარადიულად (მათე 4:23; 20:28; იოანე 3:16, 36; 1 იოანე 2:1, 2). დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები წარმართავენ გულით მართალ ადამიანებს ამ კურთხევისკენ იმით, რომ ამოწმებენ თავიანთი სულიერი ძმის, იესო ქრისტესა და მამობილის, იეჰოვა ღმერთის შესახებ (საქმეები 1:8; ებრაელთა 13:15).
8 ბიბლია ლაპარაკობს ღმერთის სულით შობილ შვილთა ‘გამოცხადებაზე’ (რომაელთა 8:19). სამეფოს შემადგენლობაში იესოს თანამეფეებად შესვლის შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ სატანის ქვეყნიური სისტემის განადგურებაში. შემდეგ, ათასი წლის განმავლობაში ისინი ხელს შეუწყობენ, რომ კაცობრიობამ მიიღოს გამომსყიდველური მსხვერპლისგან გამომდინარე სარგებელი და ამრიგად მიიყვანენ ადამიანთა მოდგმას სრულყოფილებამდე, რომელიც ადამმა დაკარგა (2 თესალონიკელთა 1:8–10; გამოცხადება 2:26, 27; 20:6; 22:1, 2). ყოველივე ეს შედის მათ გამოცხადებაში. ეს არის ის, რასაც მოუთმენლად ელოდებიან მორწმუნე ადამიანები.
9 ცხებული ქრისტიანების მსოფლიო ჯგუფი არის ‘ცაში ჩაწერილ პირმშოთა კრება’ (ებრაელთა 12:23, აქ). ისინი პირველები სარგებლობენ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლით. ასევე, ისინი არიან „ქრისტეს სხეული“, რაც აჩვენებს მათ ახლო ურთიერთობას ერთმანეთთან და იესოსთან (1 კორინთელთა 12:27). პავლე წერდა: „როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად — იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები, და ყველას ერთი სული გვისვამს“ (1 კორინთელთა 12:12, 13; რომაელთა 12:5; ეფესელთა 1:22, 23; 3:6).
‘ღვთის ისრაელი’
10 აღთქმულ მესიად იესოს მოსვლამდე 1 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იეჰოვას რჩეული ხალხი იყო ხორციელი ისრაელი. მუდმივი შეხსენების მიუხედავად აღმოჩნდა, რომ მთელი ერი მოღალატე იყო. როცა იესო მოვიდა ერმა უარყო ის (იოანე 1:11). ამიტომ იესომ უთხრა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს: „წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ (მათე 21:43). ამ ‘ერის’ ამოცნობა, რომელიც „გამოიღებს [სამეფოს] ნაყოფს“, ძალიან მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის.
11 ახალი ერი არის ცხებული ქრისტიანული კრება, რომელიც იშვა ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს. მისი პირველი წევრები იყვნენ იესოს იუდეველი მოწაფეები, რომლებმაც მიიღეს ის, როგორც თავიანთი ზეციერი მეფე (საქმეები 2:5, 32–36). მაგრამ ისინი არა იუდაური წარმოშობის საფუძველზე იყვნენ ღმერთის ახალი ერის წევრები, არამედ იესოსადმი რწმენის საფუძველზე. ამრიგად, ღვთის ახალი ისრაელი იყო რაღაც განსაკუთრებული — სულიერი ერი. როცა იუდეველთა უმრავლესობამ უარყო იესოს მიღება, ახალი ერის წევრებად მოწვეული იყვნენ სამარიელები, და შემდეგ არაებრაელები. ახალ ერს ეწოდა ‘ღვთის ისრაელი’ (გალატელთა 6:16).
12 როცა ძველ ისრაელში მცხოვრები არაიუდეველები პროზელიტები ხდებოდნენ, ისინი უნდა დამორჩილებოდნენ მოსეს რჯულს, ხოლო მამაკაცებს წინადაცვეთით უნდა აღენიშნათ ეს (გამოსვლა 12:48, 49). ზოგიერთი იუდეველი ქრისტიანი ფიქრობდა, რომ ღვთის ისრაელში მყოფ არაიუდეველებსაც იგივე უნდა შეესრულებინათ. მაგრამ იეჰოვას განსხვავებული რამ ჰქონდა ჩაფიქრებული. სულიწმიდამ მიიყვანა მოციქული პეტრე არაებრაელი კორნელიოსის სახლში. როცა კორნელიოსი და მისი ოჯახი გამოეხმაურნენ პეტრეს მიერ ნაქადაგებს, მათ წყალში ნათლობამდე მიიღეს წმინდა სული. ამ მოვლენამ ნათლად აჩვენა, რომ იეჰოვამ მიიღო ეს არაებრაელები, როგორც ღვთის ისრაელის წევრები და არ მოსთხოვა, რომ მოსეს რჯულს დამორჩილებოდნენ (საქმეები 10:21–48).
13 მორწმუნეების გარკვეული რაოდენობისთვის ძალიან რთული იყო ამის მიღება და მოკლე ხანში ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო იერუსალიმში მყოფ მოციქულთა და უხუცესთა მიერ. ამ ავტორიტეტულმა ჯგუფმა ყურადღებით მოისმინა დაწვრილებით ჩამოთვლილი მტკიცებები, თუ როგორ იმოქმედა სულიწმიდამ არაებრაელ მორწმუნეებზე. ბიბლიის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამით შესრულდა ღმერთისგან შთაგონებული წინასწარმეტყველება (ესაია 55:5; ამოსი 9:11, 12). დადგინდა სწორი გადაწყვეტილება: არაიუდეველი ქრისტიანები არ არიან ვალდებულები, დაემორჩილონ მოსეს რჯულს (საქმეები 15:1, 6–29). ამრიგად, სულიერი ისრაელი ნამდვილად ახალი ერი იყო და არა, უბრალოდ, იუდაიზმის სექტა.
14 ამის თანახმად, როცა პირველი საუკუნის ცხებულ ქრისტიანთა მიმართ მოწაფე იაკობმა წერილი დაწერა, გაუგზავნა ის „განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს“ (იაკობი 1:1; გამოცხადება 7:3–8). რასაკვირველია, ახალი ისრაელის მოქალაქეები არ იყვნენ განაწილებული კონკრეტულ ტომებად. სულიერი ისრაელი არ იყო დაყოფილი 12 კონკრეტულ ტომად, როგორც ეს ხორციელ ისრაელში იყო. მიუხედავად ამისა, იაკობის ინსპირირებული გამოთქმა მიუთითებს, რომ იეჰოვას თვალში ‘ღვთის ისრაელმა’ სრულიად დაიკავა ხორციელი ისრაელის 12 ტომის ადგილი. თუ წარმოშობით ისრაელი ახალი ერის ნაწილი ხდებოდა, მის წარმოშობას — თუნდაც იუდას ან ლევის ტომიდან ყოფილიყო — არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა (გალატელთა 3:28; ფილიპელთა 3:5, 6).
ახალი კავშირი
15 იეჰოვას თვალში ამ ახალი ერის არაებრაელი წევრები არიან სრულუფლებიანი სულიერი იუდეველები! მოციქულმა პავლემ ახსნა: „იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში. ვისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა“ (რომაელთა 2:28, 29). მრავალი არაებრაელი გამოეხმაურა მოწვევას, ყოფილიყო ღვთის ისრაელის ნაწილი და საქმის ასეთი ვითარების გამო შესრულდა ბიბლიის წინასწარმეტყველება. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ოსიამ დაწერა: „ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას (არაშესაწყალისს), ვეტყვი ლოყამის (არა. . . ჩემს ერს) ჩემი ერი ხარ-მეთქი და ის მეტყვის, ჩემი ღმერთი ხარო“ (ოსია 2:25; რომაელთა 11:25, 26).
16 თუ სულიერი ისრაელები არ ექვემდებარებოდნენ მოსეს რჯულის კავშირს, მაშინ რის საფუძველზე იყვნენ ისინი ახალი ერის ნაწილი? იესოს მეშვეობით იეჰოვამ სულიერ ერთან ახალი კავშირი დაამყარა (ებრაელთა 9:15). როცა იესომ ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის 14 ნისანს შემოიღო თავისი სიკვდილის გახსენების საღამო, მან მიაწოდა პური და ღვინო 11 ერთგულ მოციქულს და უთხრა, რომ ღვინო ‘ახალი აღთქმის [კავშირის, აქ] სისხლს’ ასიმბოლოებდა (მათე 26:28; იერემია 31:30–33). ლუკას ცნობაში მოთხრობილის თანახმად იესომ თქვა, რომ ღვინით შევსებული სასმისი ასიმბოლოებდა ‘ახალ აღთქმას [კავშირს, აქ]’ (ლუკა 22:20). იესოს სიტყვები შესრულდა: როცა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს გადმოვიდა სულიწმიდა და იშვა ღვთის ისრაელი, სამეფო წაერთვა ხორციელ ისრაელს და მიეცა ახალ, სულიერ ერს. ახლა ხორციელი ისრაელის ნაცვლად იეჰოვას მსახური გახდა მისი მოწმეებისგან შემდგარი ეს ახალი ერი (ესაია 43:10, 11).
„ახალი იერუსალიმი“
17 როგორი დიდება ელოდება პიროვნებებს, რომელთაც აქვთ ზეციერი მოწოდების უპირატესობა! და რაოდენ სასიამოვნოა, გავიგოთ იმ საოცრებების შესახებ, რომლებიც ელოდება მათ! წიგნი „გამოცხადება“ გვაძლევს ზეციერი მემკვიდრეობის ამაღელვებელ სურათებს. მაგალითად, გამოცხადების 4:4-ში ვკითხულობთ: „[იეჰოვას] ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ“. ეს 24 უხუცესი წარმოადგენს აღდგენილ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებსაც ახლა უკავიათ იეჰოვას მიერ აღთქმული ზეციერი მდგომარეობა. მათი გვირგვინები და ტახტები შეგვახსენებენ მათი მეფობის შესახებ. ასევე დაფიქრდი მათ საოცრად მაღალ უპირატესობაზე — იმსახურონ იეჰოვას ტახტის ირგვლივ!
18 გამოცხადების 14:1-ში („ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა) მათ შესახებ სხვა სურათს ვხედავთ: „გავიხედე და, აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი“. აქ ჩვენ წარმოგვიდგება ცხებული პიროვნებების განსაზღვრული რიცხვი — 144 000. მათი მეფური მდგომარეობა იკვეთება იმით, რომ ისინი დგანან იეჰოვას მიერ ტახტზე აღზევებულ მეფესთან, ‘კრავთან’, იესოსთან ერთად. და ისინი არიან ზეციერი სიონის მთაზე. მიწიერი სიონის მთა მდებარეობდა იერუსალიმში, ისრაელის სამეფო ქალაქში. ზეციერი სიონის მთა წარმოადგენს იესოსი და მასთან გაერთიანებული მემკვიდრეების ამაღლებულ მდგომარეობას, რომლებიც შეადგენენ ზეციერ იერუსალიმს (მეორე ნეშტთა 5:2; ფსალმუნი 2:6).
19 ამის თანახმად, ზეციერი დიდებით შემკულ ცხებულებს, ასევე უწოდებენ ‘ახალ იერუსალიმს’ (გამოცხადება 21:2). მიწიერი იერუსალიმი იყო ‘დიდი მეფის ქალაქი’ და ასევე ტაძრის ადგილსამყოფელი (მათე 5:35). ზეციერი ახალი იერუსალიმი არის დიადი სამეფო ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც დღეს მართავენ დიდებული უზენაესი იეჰოვა და მის მიერ დანიშნული მეფე იესო და რომელშიც სამღვდელო მსახურება სრულდება მრავალი კურთხევის სახით, რომლებიც გადმოდის იეჰოვას ტახტიდან კაცობრიობის განსაკურნავად (გამოცხადება 21:10, 11; 22:1–5). სხვა ხილვაში იოანეს ესმის, რომ ერთგულ, აღდგენილ, ცხებულ ქრისტიანებს ეწოდებათ ‘უფლის სასძლო’. იესოსთან სიახლოვის, რომლითაც დასტკბებიან, და მისადმი მათი ნებაყოფლობითი მორჩილების რამდენად ამაღელვებელი სურათი იკვეთება! წარმოიდგინე სიხარული ზეცაში, როცა მათგან ბოლო წევრი საბოლოოდ მიიღებს თავის ზეციერ ჯილდოს. ამ დროს კი საბოლოოდ, შედგება „კრავის ქორწილი“! მაშინ ეს მეფური ზეციერი ორგანიზაცია სრული იქნება (გამოცხადება 19:6–8).
20 დიახ, შესანიშნავი კურთხევები მოელის მათ, ვის შესახებაც მოციქულმა პავლემ თქვა: „ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია“ (ფილიპელთა 3:20). თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში იეჰოვა კრებდა თავის სულიერ შვილებს და ამზადებდა ზეციერი მემკვიდრეობისთვის. ყველა დამამტკიცებელი ფაქტის თანახმად, შეკრებისა და მომზადების სამუშაო თითქმის დასრულდა. მაგრამ იოანეს ხილვის თანახმად, რომელიც წიგნის „გამოცხადების“ მეშვიდე თავშია ჩაწერილი, კიდევ უფრო მეტი უნდა მომხდარიყო. ამიტომ ახლა ჩვენს ყურადღებას ქრისტიანების სხვა ჯგუფი მიიპყრობს და ჩვენ ამ ჯგუფს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
გახსოვს თუ არა შენ?
◻ როგორ განსხვავებულად მოქმედებდა სულიწმიდა მათზე, ვისაც აქვთ ზეციერი მოქალაქეობა?
◻ როგორი ახლო ურთიერთობა აქვთ ცხებულებს იეჰოვასთან? იესოსთან?
◻ როგორ აღწერს ბიბლია ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებას?
◻ რომელ კანონიერ საფუძველზე იყო დამყარებული ღვთის ისრაელი?
◻ რომელი ზეციერი უპირატესობები ელოდება ცხებულ ქრისტიანებს?
[სასწავლო კითხვები]
1. რომელი შესანიშნავი განზრახვა აქვს იეჰოვას ზოგიერთ ადამიანთან დაკავშირებით?
2. რომელი სიახლის შესახებ აუწყებდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც იესოს უნდა შეესრულებინა და რას ეხებოდა ეს სიახლე?
3. რომელი ახალი საკითხები აუხსნა იესომ ნიკოდემოსს ზეციერი სამეფოს შესახებ?
4. როგორ უნდა შეცვლილიყო სულიწმიდისგან შობილთა ურთიერთობა იეჰოვასთან?
5. როდის იყვნენ ერთგული მოწაფეები მონათლული სულიწმიდით და ამავე დროს კიდევ როგორ მოქმედებდა სულიწმიდა?
6. რა დაისახა მიზნად იეჰოვამ ზეციერ სამეფოსთან დაკავშირებით და რატომ არის მართებული ადამიანების მონაწილეობა?
7. იესოსთან რომელი განსაკუთრებული ურთიერთობით სარგებლობენ სულიწმიდით მონათლულები?
8. რა არის ღმერთის სულით შობილ შვილთა ‘გამოცხადება’?
9. როგორ მოიხსენიებს ბიბლია ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ მსოფლიო ჯგუფს?
10, 11. რატომ იყო საჭირო ახალი ისრაელი პირველ საუკუნეში და ვინ შეადგენდა ამ ახალ ერს?
12, 13. როგორ გაირკვა, რომ ახალი ისრაელი არ იყო, უბრალოდ, იუდაიზმის სექტა?
14. რას გულისხმობდა იაკობი, როცა ქრისტიანულ კრებას უწოდებს „განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს“?
15, 16. ა) როგორ უყურებს იეჰოვა ‘ღვთის ისრაელის’ არაიუდეველ წევრებს? ბ) რომელ კანონიერ საფუძველზე იყო დამყარებული ახალი ისრაელი?
17, 18. როგორ არის აღწერილი წიგნში „გამოცხადება“ დიდება, რომელიც ცხებულ ქრისტიანებს ელოდება?
19, 20. ა) რომელი ზეციერი ორგანიზაციის ნაწილი იქნებიან ცხებული ქრისტიანები? ბ) რომელი პერიოდის განმავლობაში კრებდა იეჰოვა მათ, ვისი მოქალაქეობაც ზეცაში უნდა ყოფილიყო?