„ასე შეგვიყვარა ღმერთმა“
„თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული“ (1 იოანე 4:11).
1. რატომ შეიკრიბება მილიონობით ადამიანი მსოფლიოს სამეფო დარბაზებსა და სხვა შესაკრებელ ადგილებში 23 მარტს მზის ჩასვლის შემდეგ?
კვირას, 1997 წლის 23 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ, მსოფლიოს სამეფო დარბაზებსა და იეჰოვას მოწმეთა განკარგულებაში მყოფ სხვა ადგილებში უეჭველად შეიკრიბება 13 000 000-ზე უფრო მეტი ადამიანი. რატომ? იმიტომ, რომ მათ გულებს შეეხო კაცობრიობისადმი ღვთის სიყვარულის დიდებული გამოვლენა. იესო ქრისტემ ღვთის სიყვარულის სწორედ ამ დიდებულ მტკიცებაზე გაამახვილა ყურადღება, როცა თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).
2. რომელი სასარგებლო კითხვების დასმა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავისთვის ღვთის სიყვარულზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით?
2 კარგი იქნებოდა, თუ ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარულის განხილვისას შევეკითხებოდით საკუთარ თავს: „ნამდვილად ვაფასებ თუ არა ღვთის გაკეთებულს? ვცხადყოფ თუ არა ამ დაფასებას ჩემი ცხოვრებით?“
„ღმერთი სიყვარულია“
3. ა) რატომ არ არის ღვთისთვის არაჩვეულებრივი, რომ სიყვარული გამოავლინოს? ბ) როგორ გამოიხატება მის შემოქმედებაში სიძლიერე და სიბრძნე?
3 ღვთისგან სიყვარულის გამოვლენა არაჩვეულებრივი რამ არ არის, რადგან თვითონ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). სიყვარული მისი უმთავრესი თვისებაა. როცა ადამიანთა საცხოვრებლად დედამიწას ამზადებდა, მთებს აღმართავდა და ტბებად და ოკეანეებად წყალს კრებდა, მან სულის შემკვრელი სიძლიერე გამოავლინა (დაბადება 1:9, 10). როცა ღმერთმა წყლისა და ჟანგბადის წრებრუნვა აამოქმედა, როცა ურიცხვი მიკროორგანიზმი და მრავალგვარი მცენარეულობა შექმნა, რათა დედამიწის ქიმიური ელემენტები ადამიანთათვის შესათვისებელ, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ფორმებში გარდაქმნილიყო, როცა ჩვენი „ბიოლოგიური საათი“ გაითვალისწინა, რათა პლანეტა დედამიწის დღისა და თვის ხანგრძლივობას დამთხვეოდა, მან დიდებული სიბრძნე გამოავლინა (ფსალმუნი 103:24; იერემია 10:12). მაგრამ კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი მხარე ფიზიკურ შემოქმედებაში არის ღვთის სიყვარულის ნათელი მტკიცება.
4. ღვთის სიყვარულის რა მტკიცება უნდა დაინახოს და დააფასოს ყოველმა ჩვენგანმა ფიზიკურ შემოქმედებაში?
4 სასა ღვთის სიყვარულზე მეტყველებს, როცა წვნიან, მწიფე ნაყოფს ვკბეჩთ, რომელიც, აშკარაა, მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად არ იყო შექმნილი, არამედ სიამოვნების მოსაგვრელადაც. ამის ნათელ მტკიცებას ჩვენი თვალები ხედავს ამაღელვებელ დაისში, ნათელ ღამეს ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცაში, ყვავილების ნაირგვარობასა და კაშკაშა ფერებში, მხეცების ნაშიერთა თამაშსა და მეგობრების თბილ ღიმილში. სიყვარულს ცხვირიც გვაგებინებს, როცა გაზაფხულის ყვავილების ტკბილ სურნელს ვყნოსავთ. ამას ყურებიც გვაგრძნობინებს, როცა ჩანჩქერის ხმაურს, ჩიტების ჭიკჭიკსა და ძვირფასი ადამიანების ხმას ვისმენთ. სიყვარულს ვგრძნობთ, როცა საყვარელი ადამიანი ჩაგვიხუტებს. ზოგ ცხოველს ისეთი მხედველობა, სმენა თუ ყნოსვა აქვს მიცემული, როგორიც ადამიანს არა აქვს. მაგრამ ღვთის მსგავსად შექმნილ ადამიანს მისი სიყვარულის შეგრძნების ისეთი უნარი აქვს, როგორიც ვერც ერთ ცხოველს ვერ შესწევს (დაბადება 1:27).
5. როგორ გამოავლინა იეჰოვამ უხვი სიყვარული ადამისა და ევას მიმართ?
5 პირველი ადამიანების, ადამისა და ევას, შექმნისას იეჰოვა ღმერთმა ყველა მხრიდან მოიცვა ისინი სიყვარულის ნათელი მტკიცებით. მან ბაღი გააშენა, სამოთხე, და იქ ყველა სახეობის ხე აღმოაცენა. ბაღის მოსარწყავად მდინარე გაიყვანა და თვალწარმტაცი ფრინველებითა და ცხოველებით გაავსო. ყოველივე ეს მან ადამსა და ევას სახლად მისცა (დაბადება 2:8–10, 19). იეჰოვა ეპყრობოდა მათ, როგორც თავის შვილებს, თავისი ოჯახის ნაწილს (ლუკა 3:38). ნიმუშად ედემის მიცემით ადამიანთა ამ პირველ წყვილს ზეციერმა მამამ სასიამოვნო დავალება მისცა, რომ გაეფართოებინათ სამოთხე მთელ დედამიწაზე. მათ შთამომავლებს მთელი დედამიწა უნდა გაევსოთ (დაბადება 1:28).
6. ა) რას ფიქრობ ამბოხების გამომხატველი გზის შესახებ, რომელიც ადამმა და ევამ ირჩიეს? ბ) რა მიუთითებს, რომ ვსწავლობთ ედემში მომხდარისგან და სარგებლობას ვიღებთ ამ შემეცნებიდან?
6 მაგრამ, ცოტა ხანში, ადამი და ევა მორჩილების გამოცდას, ურყევი ერთგულების გამოცდას, შეხვდნენ. თავდაპირველად ერთმა, შემდეგ მეორემ ცხადყვეს, რომ არ აფასებდნენ მათთვის მიძღვნილ სიყვარულს. მათი საქციელი აღმაშფოთებელი იყო. ეს მიუტევებელი იყო! ამის შედეგად მათ ღმერთთან ურთიერთობა დაკარგეს, მისი ოჯახიდან გაყრილები და ედემიდან განდევნილები იქნენ. მათი ცოდვის შედეგებს ჩვენ დღესაც ვგრძნობთ (დაბადება 2:16, 17; 3:1–6, 16–19, 24; რომაელთა 5:12). მაგრამ ვსწავლობთ თუ არა მომხდარისგან? ჩვენ როგორ ვეხმაურებით ღვთის სიყვარულს? ნათელყოფს თუ არა ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები, რომ ვაფასებთ მის სიყვარულს? (1 იოანე 5:3).
7. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიყვარული ადამისა და ევას შთამომავლებისადმი მათი საქციელის მიუხედავად?
7 ჩვენი პირველი მშობლების საშინელმა უმადურობამაც კი, რომლითაც ღმერთს ყველა სიკეთისთვის გადაუხადეს, არ ჩაახშო მისი სიყვარული. მაშინ არშობილებისადმი — მათ შორის დღეს ცოცხლებისადმიც — თანაგრძნობიდან გამომდინარე ღმერთმა დაუშვა, რომ სიკვდილამდე ადამისა და ევას ოჯახი გაზრდილიყო (დაბადება 5:1–5; მათე 5:44, 45). ეს რომ არ გაეკეთებინა, ვერც ერთი ვერ დავიბადებოდით. აგრეთვე თანდათან თავისი ნების გამოცხადებით იეჰოვამ იმედის საფუძველი მისცა ადამის ყველა შთამომავალს, რომელიც მისადმი რწმენას გამოავლენდა (დაბადება 3:15; 22:18; ესაია 9:5, 6). მის ღონისძიებაში შედიოდა ის, რის საშუალებითაც ყველა ერის ადამიანი ადამის მიერ დაკარგულს დაიბრუნებდა, კერძოდ კი სრულყოფილ ცხოვრებას, როგორც ღვთის ოჯახის მოწონებული წევრები. ყოველივე ეს მან გამოსყიდვით უზრუნველყო.
რატომ გამოსყიდვით?
8. რატომ არ შეეძლო ღმერთს, უბრალოდ, ებრძანა, რომ ადამისა და ევას აუცილებელი სიკვდილის მიუხედავად, მათი შთამომავლობიდან არც ერთი მორჩილი ადამიანი არ მომკვდარიყო?
8 ნამდვილად აუცილებელი იყო, რომ გამოსყიდვის ფასი ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო? განა არ შეეძლო ღმერთს, უბრალოდ, ებრძანა, რომ აჯანყების გამო ადამისა და ევას აუცილებელი სიკვდილის მიუხედავად, ღვთისადმი მორჩილი ყველა მათი შთამომავალი მარადიულად იცხოვრებდა? წინდაუხედავი ადამიანების თვალსაზრისით ეს შეიძლება გონივრული ყოფილიყო. მაგრამ იეჰოვას „უყვარს სიმართლე და სამართალი“ (ფსალმუნი 32:5). ადამსა და ევას მხოლოდ ცოდვის ჩადენის შემდეგ შეეძინათ ბავშვები; ამიტომ არც ერთი მათი ბავშვი არ დაბადებულა სრულყოფილი (ფსალმუნი 50:7). ყველამ ცოდვა დაიმკვიდრა, ხოლო ცოდვის საზღაური სიკვდილია. რა მაგალითს უჩვენებდა იეჰოვა თავისი ოჯახის წევრებს, თუ უგულებელყოფდა ამას? ის ვერ უკუაგდებდა საკუთარ სამართლიან ნორმებს. ის პატივისცემით ეპყრობოდა სამართლის მოთხოვნებს. კანონიერად ვერც ერთი ვერ მოძებნიდა შეცდომას ღვთის მოქმედებაში წამოჭრილ საკამათო საკითხებთან დაკავშირებით (რომაელთა 3:21–23).
9. როგორი გამოსასყიდი იყო აუცილებელი ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად?
9 მაშ როგორ შეიძლებოდა ადამის იმ შთამომავლების სახსნელად სათანადო საფუძვლის გათვალისწინება, რომლებიც იეჰოვასადმი სიყვარულით აღსავსე მორჩილებას გამოავლენდნენ? თუ სრულყოფილი ადამიანი სიცოცხლის შეწირვით მოკვდებოდა, ამ სრულყოფილი სიცოცხლის ფასი სამართლიანად დაფარავდა მათ ცოდვებს, ვინც ამ გამოსყიდვას რწმენით მიიღებდა. რადგან ერთი ადამიანის, ადამის, ცოდვით ადამიანთა მთელი ოჯახი ცოდვილი გახდა, სხვა სრულყოფილი ადამიანის დაღვრილი სისხლი, რომელსაც შესაბამისი ფასი ექნებოდა, გააწონასწორებდა სამართლის სასწორს (1 ტიმოთე 2:5, 6). მაგრამ სად შეიძლებოდა ასეთი ადამიანის მოძებნა?
რამდენად მაღალი იყო ფასი?
10. რატომ ვერ უზრუნველყოფდა ადამის მოდგმა საჭირო გამოსასყიდს?
10 ცოდვილი ადამის მოდგმაში ვერავინ გამოისყიდდა სიცოცხლის მომავალ იმედს, რომელიც ადამს წაერთვა. „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე. რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი“ (ფსალმუნი 48:8–10). გამოუვალ მდგომარეობაში ადამიანის დატოვების ნაცვლად, გულმოწყალების გამოვლენით იეჰოვამ პირადად იზრუნა ამაზე.
11. რის საშუალებით უზრუნველყო იეჰოვამ სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც სათანადო გამოსყიდვისთვის იყო საჭირო?
11 იეჰოვას არ გამოუგზავნია დედამიწაზე ანგელოზი, რომელიც ხორცშესხმული სხეულის შეწირვით სიკვდილს გაითამაშებდა და ამავე დროს, როგორც სული გააგრძელებდა ცხოვრებას. ნაცვლად ამისა, სასწაულის საშუალებით, რომელსაც მხოლოდ ღმერთი, შემოქმედი, განიზრახავდა, მან თავისი ზეციერი ძის სასიცოცხლო ძალა და პირადი თვისებები გადაიტანა ქალის, იუდას ტომიდან ელის ქალიშვილის, მარიამის, საშვილოსნოში. ღვთის მოქმედი ძალა, მისი სულიწმიდა, იცავდა დედის საშვილოსნოში ბავშვის განვითარებას და ის სრულყოფილ ადამიანად იშვა (ლუკა 1:35; 1 პეტრე 2:22). მაშასადამე, ამ ადამიანის განკარგულებაში იყო გამოსასყიდად საჭირო ფასი, რომელიც სავსებით დააკმაყოფილებდა ღვთის სამართლის მოთხოვნებს (ებრაელთა 10:5).
12. ა) რა გაგებით არის იესო ღვთის ‘მხოლოდშობილი ძე’? ბ) როგორ აღნიშნავს ჩვენდამი ღვთის სიყვარულს გამოსასყიდად ამ პიროვნების გამოგზავნა?
12 თავისი ურიცხვი ზეციერი ძეებიდან რომელს დაავალა იეჰოვამ ეს დავალება? მას, ვისაც საღვთო წერილი ‘მხოლოდშობილ ძეს’ უწოდებს (1 იოანე 4:9). ეს გამოთქმა იმის აღსაწერად კი არ გამოიყენება, თუ რა გახდა ადამიანად დაბადების შემდეგ, არამედ ვინ იყო ის მანამდე ზეცაში. ის არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც იეჰოვამ პირადად შექმნა ყოველგვარი თანამშრომლის გარეშე. ის არის მთელი შემოქმედების პირმშო. ის არის პიროვნება, რომელიც ღმერთმა გამოიყენა დანარჩენი ქმნილების შესაქმნელად. ანგელოზები ღვთის ისეთივე შვილები არიან, როგორიც ადამი იყო. მაგრამ იესო აღწერილია პიროვნებად, რომლის ‘დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილის დიდებაა’. მას ეთქვა, რომ „მამის წიაღში“ დამკვიდრებულიყო (იოანე 1:14, 18). მას ახლო, ნდობით აღსავსე და ნაზი დამოკიდებულება აკავშირებს მამასთან. ის კაცობრიობისადმი მამის სიყვარულს იზიარებს. ძისადმი მამის გრძნობებსა და ადამიანებისადმი ძის გრძნობებს იგავნის 8:30, 31 გამოხატავს: «დღენიადაგ [იეჰოვას] სიხარული [„სიყვარული“, აქ] ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი. . . და ადამის მოდგმაში იყო ჩემი [იესოს, იეჰოვას ოსტატის, სიბრძნის განსახიერების] სიხარული [„სიყვარული“, აქ]». სწორედ ეს ყველაზე ძვირფასი ძე ღმერთმა გამოსასყიდად გამოგზავნა დედამიწაზე. ამიტომ რა ღრმა მნიშვნელობა აქვს იესოს ნათქვამს: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე“! (იოანე 3:16).
13, 14. იეჰოვას რომელი მოქმედების დაფასებაში უნდა დაგვეხმაროს ბიბლიური ცნობა აბრაამის მიერ ისაკის შეწირვასთან დაკავშირებული მცდელობის შესახებ? (1 იოანე 4:10).
13 რათა დაგვხმარებოდა, ცოტაოდენ შეგვეგნო ამის მნიშვნელობა, დედამიწაზე იესოს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 3 890 წლის წინ, ღმერთმა უბრძანა აბრაამს: „მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ“ (დაბადება 22:1, 2). აბრაამი უყოყმანოდ დაემორჩილა. დააყენე საკუთარი თავი აბრაამის ადგილზე. რას იზამდი იქ რომ შენი ვაჟიშვილი ყოფილიყო, შენი ერთადერთი შვილი, რომელიც უსაზღვროდ გიყვარს? რა გრძნობები დაგეუფლებოდა აღსავლენი მსხვერპლისთვის შეშის დაჩეხვისას, მორიას მხარეში რამდენიმე დღის განმავლობაში მგზავრობისა და სამსხვერპლოზე შენი ვაჟიშვილის დაწვენისას?
14 რატომ ეუფლება შემბრალებელ მშობელს ასეთი გრძნობები? დაბადების 1:27-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა თავის მსგავსად შექმნა ადამიანი. ჩვენი სიყვარული და თანაგრძნობა ძალიან მცირე ზომით ირეკლავს იეჰოვას ამ თვისებებს. აბრაამის შემთხვევაში ღმერთი ჩაერია, ამიტომ ისაკი, ფაქტობრივად, არ იყო შეწირული (დაბადება 22:12, 13; ებრაელთა 11:17–19). მაგრამ საკუთარ შემთხვევაში იეჰოვამ არ დაიხია გამოსასყიდისგან მიუხედავად იმისა, რომ ეს პირადად მას და მის ძესაც დიდ ფასად დაუჯდა. ღმერთმა ეს მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ გააკეთა, არამედ პირიქით, ამით მან უზომო მადლი გამოავლინა. სავსებით ვაფასებთ თუ არა ჩვენ ამას? (ებრაელთა 2:9).
რის შესაძლებლობას იძლევა გამოსყიდვა
15. როგორ მოქმედებს გამოსყიდვა ადამიანთა ცხოვრებაზე თანამედროვე სისტემაშიც კი?
15 ღვთის მიერ გადადგმული ეს მოსიყვარულე ნაბიჯი ღრმა კვალს ტოვებს იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებმაც რწმენით მიიღეს ის. ცოდვის შედეგად, წინათ, ისინი შორს იყვნენ ღვთისგან. მისი სიტყვის, ბიბლიის თანახმად, ისინი ‘გონებით მტრები იყვნენ, რადგან მათი საქმეები ბოროტი იყო’ (კოლასელთა 1:21–23). მაგრამ ‘მისი ძის სიკვდილით ისინი შეურიგდნენ ღმერთს’ (რომაელთა 5:8–10). რადგან ცხოვრებას ცვლიან და ღვთისგან პატიებას იღებენ, რომელსაც ქრისტეს მსხვერპლი მორწმუნეთათვის ხდის შესაძლებელს, ისინი კეთილი სინდისით ჯილდოვდებიან (ებრაელთა 9:14; 1 პეტრე 3:21).
16. რა კურთხევებით არის დასაჩუქრებული მცირე სამწყსო გამოსყიდვისადმი რწმენის შედეგად?
16 ამ ადამიანთაგან შემოფარგლული რაოდენობისთვის, მცირე სამწყსოსთვის, იეჰოვამ გააღრმავა მადლით მოსილი კეთილგანწყობილება, რათა დედამიწისთვის ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესრულების მიზნით ზეციერ სამეფოში მისი ძის თანამშრომელნი ყოფილიყვნენ (ლუკა 12:32). ისინი გამოყვანილი იქნენ ‘ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან. . . ჩვენი ღვთისთვის სამეფოდ და მღვდლებად, და იმეფებენ დედამიწაზე’ (გამოცხადება 5:9, 10). ამათ მოციქულმა პავლემ მისწერა: «მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“ სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი» (რომაელთა 8:15–17). როგორც ძეებად შვილობილებს ღმერთმა ისინი მზრუნველი დამოკიდებულებით დაასაჩუქრა, რომელიც ადამმა დაკარგა; მაგრამ ეს ძეები ზეციერი სამსახურის უპირატესობებითაც იქნებიან დასაჩუქრებულები — იმით, რაც ადამს არასდროს ჰქონია. გასაკვირი არ არის იოანე მოციქულის ნათქვამი: „ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი“! (1 იოანე 3:1). ამ ადამიანებისადმი ღმერთი არა მხოლოდ პრინციპებზე დაფუძნებულ სიყვარულს („ა·გაʹპე“) ავლენს, არამედ ნაზ სიყვარულსაც („ფი·ლი΄ა“), რომელიც ნამდვილ მეგობრებს შორის არსებულ კავშირზე მეტყველებს (იოანე 16:27).
17. ა) რა შესაძლებლობა ეძლევა ყველას, ვინც ავლენს რწმენას გამომსყიდველური მსხვერპლისადმი? ბ) რის აღმნიშვნელი იქნება მათთვის ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლება’?
17 აგრეთვე სხვებსაც — ყველას, ვისაც სწამს სიცოცხლისთვის გათვალისწინებული დიდსულოვანი ზომები, რომელიც ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით მიიღო — იეჰოვა აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ ძვირფასი დამოკიდებულება, რომელიც ადამმა დაკარგა. მოციქული პავლე განმარტავდა: „ქმნილება [ადამისგან წარმოშობილი ადამიანები] იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას [ანუ მოელიან პერიოდს, როცა ნათლად გამოჩნდება ადამიანთა სასიკეთოდ ღვთის შვილების, ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეების, გარკვეული მოქმედება]. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას [ცოდვაში დაბადების შედეგად მათ სიკვდილი ელოდებოდათ, რომლისგანაც თავს ვერანაირად იხსნიდნენ], არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ [ღვთისგან მოცემული] სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:19–21). რის აღმნიშვნელი იქნება ეს თავისუფლება? იმის აღმნიშვნელი, რომ ისინი გათავისუფლდებიან ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებისგან. ისინი გონებითა და სხეულით სრულყოფილნი იქნებიან, და სახლად სამოთხე ექნებათ, სადაც მარადიულად იცხოვრებენ, რათა სრულყოფილებით დატკბნენ და იეჰოვასადმი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი, მადლიერებას ავლენდნენ. მაგრამ როგორ გახდა ყოველივე ეს შესაძლებელი? გამომსყიდველურ მსხვერპლად ღვთის მხოლოდშობილი ძის შეწირვით.
18. რას გავაკეთებთ 23 მარტს მზის ჩასვლის შემდეგ და რატომ?
18 იერუსალიმში, ზემო ოთახში, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, იესომ დააფუძნა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო. ყოველწლიურად მისი სიკვდილის გახსენება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებაში. იესომ პირადად ბრძანა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19). ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტ წელს გახსენების საღამო ჩატარდება 23 მარტს მზის ჩასვლის შემდეგ (რა დროსაც 14 ნისანი იწყება). ამ დღეს გახსენების საღამოზე დასწრებაზე მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს.
როგორ უპასუხებდი?
◻ რით გამოავლინა ღმერთმა უხვი სიყვარული კაცობრიობისადმი?
◻ რატომ სჭირდებოდა ადამის შთამომავლობის გამოსყიდვას სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე?
◻ რა დიდ ფასად დაუჯდა იეჰოვას გამოსასყიდი?
◻ რის შესაძლებლობას იძლევა გამოსყიდვა?
[სურათი 10 გვერდზე]
ღმერთმა მოგვცა თავისი მხოლოდშობილი ძე.