აბორტი
განმარტება: აბორტი არის ჩანასახის ან ისეთი ნაყოფის საშვილოსნოდან გამოძევება, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებლად არსებობის უნარი. სპონტანური (თავისთავადი) აბორტის ანუ მუცლის მოშლის მიზეზი შეიძლება გახდეს ადამიანის არასრულყოფილება ან ტრავმა. ხელოვნურად გამოწვეული აბორტი, რომელიც არასასურველი ნაყოფის მოსაცილებლადაა გამიზნული, განზრახ მკვლელობის ტოლფასია.
როგორ უნდა იმოქმედოს აბორტისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე იმის ცოდნამ, თუ ვინ გვაძლევს სიცოცხლეს?
საქ. 17:28: „მისით [ღვთის წყალობით] ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“.
ფსალმ. 36:9: „შენთან [იეჰოვა ღმერთო] არის სიცოცხლის წყარო“.
რომ. 14:12: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“.
ძვირფასია იეჰოვასთვის ბავშვის სიცოცხლე, თუნდაც ჩანასახის განვითარების ადრეულ ეტაპზე?
ფსალმ. 139:13—16: „[იეჰოვა] გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში . . . შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო“.
ამბობს ბიბლიაში ღმერთი, რომ პასუხს მოსთხოვს ადამიანს არდაბადებული ბავშვისთვის ზიანის მიყენების გამო?
გამ. 21:22, 23: „თუ კაცები იჩხუბებენ და ზიანს მიაყენებენ ორსულ ქალს, ის კი ნაადრევად იმშობიარებს, მაგრამ უბედურება არ დატრიალდება, ზიანის მიმყენებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა, რამდენსაც ქალის ქმარი დაუწესებს და მსაჯულები დაადგენენ. მაგრამ თუ უბედურება დატრიალდება, უნდა ზღო სულის სანაცვლოდ სული“ (ზოგიერთ თარგმანში ისე ჩანს, რომ ისრაელისთვის მიცემული ამ კანონით გადამწყვეტი იყო ის, თუ რა დაემართებოდა დედას და არა ნაყოფს. მაგრამ ებრაული დედნის მიხედვით აქ იგულისხმება როგორც დედის, ისე ბავშვის სიკვდილი).
რამდენად სერიოზული დანაშაულია ადამიანის სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, როცა ამის უფლებას ღმერთი არ იძლევა?
დაბ. 9:6: „ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ანარეკლად შეიქმნა ადამიანი“.
1 იოან. 3:15: „არც ერთ მკვლელში არ რჩება მარადიული სიცოცხლე“.
გამ. 20:13: „არ მოკლა“.
გამართლებულია აბორტი იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით ნაყოფის შენარჩუნება საფრთხეს შეუქმნის დედის ჯანმრთელობას?
ექიმების ვარაუდი ყოველთვის არ მართლდება. გამართლებული იქნება ადამიანის მოკვლა იმის გამო, რომ მან შეიძლება ვინმეს ზიანი მიაყენოს? თუ მშობიარობის დროს დედის ან ბავშვის გადარჩენის საკითხი დგება, არჩევანი ოჯახის წევრებმა უნდა გააკეთონ. თუმცა ბევრ ქვეყანაში, სადაც მედიცინამ წინ წაიწია, ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„ჩემი სხეულია და უფლება მაქვს, რაც მინდა, ის გავაკეთო“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „მე მესმის თქვენი. დღეს ჩვენი უფლებები ხშირად ირღვევა. ზოგს საერთოდ არ აღელვებს, რა მოუვა სხვებს. მაგრამ ბიბლია რჩევებს ჩვენდა სასიკეთოდ გვაძლევს. თუმცა, ამ რჩევებმა სარგებლობა რომ მოგვიტანოს, უნდა გავითვალისწინოთ ისინი“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ბევრი მამაკაცი უარს ამბობს ბავშვის მამობაზე. მაგრამ, როცა ოჯახში ცოლ-ქმარი ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობს, ქმარს უყვარს ცოლ-შვილი, მათი ერთგულია და ზრუნავს მათზე“ (1 ტიმ. 5:8; ეფეს. 5:28—31). 2) „თუ გვინდა, რომ ჩვენდამი სიყვარულსა და პატივისცემას ავლენდნენ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. როგორ უნდა ვუყურებდეთ შვილებს ბიბლიის თანახმად?“ (ფსალმ. 127:3; შეადარე ესაიას 49:15).