მკვლელობა
დედნისეული სიტყვები, რომლებიც მკვლელობად ითარგმნება, სიცოცხლის ხელყოფას ნიშნავს და თითოეულ შემთხვევაში კონტექსტიდან ან სხვა ბიბლიური მუხლებიდან ირკვევა, უკანონოდ და წინასწარ განზრახვით იქნა ჩადენილი მკვლელობა თუ არა. ავიღოთ მცნება „არ მოკლა“ (გმ. 20:13). აშკარაა, რომ ამ მუხლში მოკვლად ნათარგმნი ებრაულ სიტყვაში რაცახ წინასწარ განზრახვით და უკანონოდ ჩადენილი მკვლელობა იგულისხმება. თუმცა რიცხვების 35:27-ში იგივე სიტყვა გულისხმობს მკვლელობას, რომელსაც სისხლის ამღები სჩადიოდა და რისი უფლებამოსილებაც მას კანონით ჰქონდა მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული მცნება მთლიანი კანონისგან განყენებულად არ უნდა განვიხილოთ, რადგან მოსეს კანონი გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლებას იძლეოდა, როგორც ეს ბოროტმოქმედთა სიკვდილით დასჯის შემთხვევაში ხდებოდა.
უძველეს ხანაში. მკვლელობა კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზევე მოხდა. პირველმა მამაკაცმა, ადამმა, თავისი ურჩობით შთამომავლებს ცოდვა და სიკვდილი გადასცა მემკვიდრეობად და ამგვარად, შეიძლება ითქვას, მკვლელი გახდა (რმ. 5:12; 6:23). მოვლენების ამგვარ განვითარებას ეშმაკმა შეუწყო ხელი. მას შემდეგ, რაც ღვთის ცილისწამებას მიჰყო ხელი, იგი კაცისმკვლელი გახდა, რადგან ევას ცოდვა ჩაადენინა (დბ. 3:13; ინ. 8:44).
ამის შემდეგ 130 წელიც არ იყო გასული, რომ პირველად დაიღვარა სისხლი. ადამის პირმშომ, კაენმა, რომელსაც შური და სიძულვილი ამოძრავებდა, თავისი მართალი ძმა, აბელი მოკლა (დბ. 4:1—8, 25; 5:3). ამის გამო კაენი ღმერთმა დაწყევლა და განდევნა იქიდან, სადაც ცხოვრობდა, რის შემდეგაც მან ხეტიალი დაიწყო დედამიწაზე (დბ. 4:11, 12). მკვლელის სიკვდილით დასჯის უფლება ღმერთმა ადამიანებს მხოლოდ წარღვნის შემდეგ მისცა (დბ. 9:6).
მოსეს კანონი. საუკუნეების შემდეგ ღმერთმა ისრაელს მოსეს მეშვეობით კანონი მისცა, რომელშიც მკვლელობასთან დაკავშირებული მრავალი დეტალი იყო გათვალისწინებული. ის განასხვავებდა განზრახ და უნებლიეთ ჩადენილ მკვლელობებს. იმის დასადგენად, სიმართლეს ამბობდა თუ არა ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ მკვლელობა უნებლიეთ ჩაიდინა, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება იყო საჭირო: 1) ხომ არ სძულდა დამნაშავეს მოკლული (კნ. 19:11, 12; შდრ. იეს. 20:5); 2) ხომ არ ჩაუსაფრდა მსხვერპლს (რც. 35:20, 21) ან 3) რაიმე საგნით ხომ არ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა (რც. 35:16—18). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბატონს მონა შემოაკვდებოდა ცემაში, მას მისი სისხლი მოეკითხებოდა (გმ. 21:20). მაშინ, როცა განზრახ ჩადენილი მკვლელობის გამო ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა და სიცოცხლეს ვერანაირი გამოსასყიდით ვერ შეინარჩუნებდა, მკვლელობის უნებლიეთ ჩამდენს თავშესაფარ ქალაქში წასვლა შეეძლო, სადაც მისი უსაფრთხოება იქნებოდა დაცული (გმ. 21:12, 13; რც. 35:30, 31; იეს. 20:2, 3; იხ. თავშესაფარი ქალაქები).
ადამიანის ქმედება, რომელიც გამოიწვევდა ან რომელსაც შეეძლო გამოეწვია სხვა ადამიანის სიკვდილი, განზრახ მკვლელობის ტოლფასად ითვლებოდა. მაგალითად, თუ პატრონი მორქენალ ხარს გაფრთხილებების მიუხედავად არ უდარაჯებდა, ხარი კი ვინმეს მოკლავდა, პატრონი შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ. ეჭვგარეშეა, მოსამართლეები თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად მიუდგებოდნენ (გმ. 21:29, 30). გარდა ამისა, ის ადამიანიც უნდა მოეკლათ, რომელიც ვინმეს საწინააღმდეგოდ ცრუ ჩვენებას მისცემდა მისი მოკვლის მიზნით (კნ. 19:18—21).
მოსეს კანონი თავდაცვის საშუალებასაც იძლეოდა, თუმცა საკუთარი ქონების ძალისმიერი მეთოდებით დაცვის უფლებას ზღუდავდა. თუ სახლის პატრონი ქურდს დღისით წაასწრებდა და მოკლავდა, მას სისხლი მოეკითხებოდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის იყო, რომ ადამიანს ქურდობისთვის სიკვდილით არ სჯიდნენ. თანაც, დღისით შესაძლებელი იყო ქურდის დანახვა და შემდეგ სასამართლოსთვის მისი გადაცემა. ღამით კი რთული იყო იმის განსაზღვრა, თუ რა მიზნით იყო ადამიანი სხვის სახლში შესული და რას აკეთებდა. ამიტომ თუ სახლის პატრონი მას ღამით მოკლავდა, სისხლი არ მოეკითხებოდა (გმ. 22:2, 3).
იესოს სიტყვების თანახმად, ისინი, ვისაც მისი მოკვლა უნდოდა, პირველი კაცისმკვლელის, ეშმაკის შვილები იყვნენ (ინ. 8:44). მწიგნობრები და ფარისევლები მართლებს სამარხებს უმკობდნენ და ამბობდნენ, რომ თავიანთი მამა-პაპის დროს რომ ეცხოვრათ, წინასწარმეტყველთა მკვლელობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. თუმცა იქიდან, თუ როგორ მოექცნენ იესოს, გამოჩნდა, რომ ისინიც მკვლელები იყვნენ (მთ. 23:29—32; შდრ. მთ. 21:33—45; 22:2—7; სქ. 3:14, 15; 7:51, 52).
სიძულვილი მკვლელობის ტოლფასია. ბიბლიის თანახმად, „გულიდან გამოდის ... მკვლელობა“ (მთ. 15:19; მრ. 7:21; შდრ. რმ. 1:28—32). ასე რომ, ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელი გამოდის (1ინ. 3:15). იესო ქრისტემ მკვლელობასთან გაათანაბრა იმ ადამიანის ქმედება, რომელიც ძმაზე მრისხანებს, დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს მას ან უსამართლოდ განსჯის და სულელს უწოდებს (მთ. 5:21, 22). ასეთმა სიძულვილმა მას შეიძლება მკვლელობა ჩაადენინოს. ეს ნათელს ჰფენს იმას, თუ რა შეიძლება ეგულისხმა იაკობს სიტყვებში: „თქვენ მსჯავრი დასდეთ მართალს და მოკალით“ (იაკ. 5:6). მდიდრებს, რომლებსაც ბოროტი გული ჰქონდათ, ღვთის ძის მოწაფეები სძულდათ, ავიწროებდნენ მათ და ზოგიერთი მათგანის მკვლელობაშიც მიუძღოდათ ბრალი. ვინაიდან იესო თვლიდა, რომ რასაც მის ძმებს უკეთებდნენ, მას უკეთებდნენ, ისინი გადატანითი მნიშვნელობით კლავდნენ იესოს, და როგორც ჩანს, იაკობსაც ეს ჰქონდა მხედველობაში (შდრ. იაკ. 2:1—11; მთ. 25:40, 45; სქ. 3:14, 15).
შესაძლოა ქრისტეს მიმდევრები სიმართლის გზით სიარულის გამო დევნის მსხვერპლნი გახდნენ და ზოგი მათგანი მოკლან კიდეც, მაგრამ მათ არ უნდა მოუწიოთ ტანჯვა მკვლელობის ან სხვა დანაშაულის ჩადენის გამო (მთ. 10:16, 17, 28; 1პტ. 4:12—16; გმც. 21:8; 22:15).