სასამართლო საქმე
სასამართლოში განსახილველი საკითხი; სასამართლო მოსმენა, პროცესი. ებრაული ზმნა რივ, რომელიც ძირითადად სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით გამოიყენება, ნიშნავს „დავას“, „კამათს“, „სასამართლო საქმის წარმართვას“ (დბ. 26:20; 1სმ. 2:10; იგ. 25:8). ამ ზმნის მონათესავე არსებითი სახელი ითარგმნება როგორც „დავა“, „სადავო საქმე“, „საქმე სასამართლოზე“, „სასამართლო საქმე“ (გმ. 23:2; კნ. 17:8; ფს. 35:23; ეს. 34:8). ებრაული სიტყვა დინ (გასამართლება) ზოგჯერ ითარგმნება როგორც „სასამართლო საქმე“, „სამართალი“, „სასამართლოში კამათი“ (იობ. 35:14; ფს. 140:12; იგ. 22:10). ღვთის ხალხის სასამართლო საქმეების განხილვა ძირითადად ღვთის მოთხოვნების დაცვას ისახავდა მიზნად, ამასთანავე, დამნაშავის ან დამნაშავეების დასჯას და საჭიროების შემთხვევაში მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. ღმერთი თავის მსახურებს შორის წამოჭრილ უთანხმოებებს ზოგჯერ თავად აგვარებდა, როგორც ეს კანონის 1:16, 17-ში ისრაელი მსაჯულებისთვის ნათქვამი მოსეს სიტყვებიდან ჩანს.
პირველი სასამართლო საქმე განხილულ იქნა ედემის ბაღში, რომლის მიზანიც ფაქტებისა და წამოჭრილი სადავო საკითხების დადგენა, პრეცედენტის შექმნა და დამნაშავის დასჯა იყო. იეჰოვამ ადამი და ევა დაკითხა. მართალია, მან ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც გამართა სასამართლო მოსმენა, გამოკვეთა მათი ბრალეულობა, დაკითხვის შედეგად დაადგინა ფაქტები და მათ თავდაცვის საშუალება მისცა. დამნაშავეებისგან მან აღიარება მოისმინა. შემდეგ იეჰოვამ განაჩენი გამოიტანა. მან სამართლიანად და გულმოწყალებით აღასრულა კანონი — ადამი და ევა მაშინვე არ დასაჯა სიკვდილით და მათ ჯერ არშობილ შთამომავლობას გამრავლების საშუალება მისცა (დბ. 3:6—19).
ის, თუ როგორ განიხილა იეჰოვა ღმერთმა, უზენაესმა მოსამართლემ, ეს საქმე, გახდა ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა განეხილათ მომავალში მის მსახურებს სამართლებრივი საქმეები (დბ. 3:1—24). სასამართლო საქმეები, რომლებიც იეჰოვას კანონების მიხედვით წარიმართებოდა, ემსახურებოდა ფაქტების დადგენასა და განხილვას სამართლის აღსრულების მიზნით, და თუ შესაძლებელი იყო, სამართლის აღსრულებასთან ერთად გულმოწყალებაც ვლინდებოდა (კნ. 16:20; იგ. 28:13; შდრ. მთ. 5:7; იაკ. 2:13). მთელი ეს პროცესი მიზნად ისახავდა იმას, რომ ისრაელი ერის სიწმინდე არ შებღალულიყო, და როგორც ისრაელებს, ისე მათ მდგმურებსა და ხიზნებს კეთილდღეობა ჰქონოდათ (ლვ. 19:33, 34; რც. 15:15, 16; კნ. 1:16, 17). ისრაელი ერისთვის მიცემული კანონი შეიცავდა პროცედურებს, რომლებიც უნდა დაეცვათ სამოქალაქო საქმეებისა თუ ისეთი საქმეების განხილვისას, რომლებიც ეხებოდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულს (მათ შორის ღვთისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილს), გაუგებრობებს, უთანხმოებებს, პირად თუ ოჯახურ საკითხებსა და ტომისა თუ ერის პრობლემებს.
სამართალწარმოება. როდესაც საქმე პირადი ხასიათის უთანხმოებებს ეხებოდა, კანონი მხარეებს მოუწოდებდა, პირადად მოეგვარებინათ პრობლემა და აყალმაყალი არ აეტეხათ (იგ. 17:14; 25:8, 9). თუ ვერ შეთანხმდებოდნენ, შეეძლოთ მოსამართლეებისთვის მიემართათ (მთ. 5:25). ეს იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემული მითითებიდანაც გამოჩნდა (მთ. 18:15—17). არც მოსეს კანონის ძალაში შესვლამდე და არც მას მერე სასამართლო საქმის განხილვისას არ იყო საჭირო არავითარი ფორმალური ან რთული პროცედურების დაცვა, თუმცა სინედრიონის ჩამოყალიბების შემდეგ სასამართლო პროცესებში გარკვეული ფორმალობები დამკვიდრდა. მიუხედავად ამისა, საქმეები მიზანმიმართულად განიხილებოდა. სასამართლოს კარი ღია იყო ქალებისთვისაც, მონებისთვისაც და ხიზნებისთვისაც, რათა უსამართლობის მსხვერპლი არავინ გამხდარიყო (იობ. 31:13, 14; რც. 27:1—5; ლვ. 24:22). ბრალდებული მის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას ისმენდა და შეეძლო თავი დაეცვა. პატრიარქებისა და ისრაელის საზოგადოებაში არ გვხვდება არც პროკურორი და არც ადვოკატი. მხარეებს არ ეკისრებოდათ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
მოსამართლეებს მიმართავდნენ ხოლმე მომჩივანი სამოქალაქო საქმეში და დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში. სასამართლოზე იძახებდნენ მეორე მხარესაც და მოწმეებსაც. სასამართლო მოსმენა, როგორც წესი, იმართებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ძირითადად, ქალაქის კარიბჭეებთან (კნ. 21:19; რთ. 4:1). მოსამართლეები კითხვებს უსვამდნენ მხარეებს, იკვლევდნენ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს და განაჩენის გამოტანას არ აჭიანურებდნენ. თუ მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ან საქმე მეტისმეტად რთული იყო, მოსამართლეები მას ზემდგომ სასამართლოს გადასცემდნენ. ისეთი სასჯელი, როგორიც იყო გაროზგვა ან სიკვდილით დასჯა, დაუყოვნებლივ მოჰყავდათ სისრულეში. კანონი დაპატიმრებას არ ითვალისწინებდა. დამნაშავეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აკავებდნენ, როცა საჭირო იყო, გადაწყვეტილების მიღებამდე იეჰოვასთვის მიემართათ (ლვ. 24:12; იხ. სასამართლო; დანაშაული და სასჯელი).
ყველა დამნაშავე ისჯებოდა გამონაკლისის გარეშე. დანაშაულზე თვალს ვერ დახუჭავდნენ. კანონის თანახმად, დამნაშავეს ან სჯიდნენ ან ზარალის ანაზღაურებას აკისრებდნენ. შემდეგ ღმერთთან მშვიდობის აღსადგენად მას საწმინდარში შესაწირავი უნდა მიეტანა. ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საჭირო იყო მსხვერპლის მიტანა ცოდვის გამოსასყიდად (ლვ. 5:1—19). უნებლიედ ჩადენილი ცოდვაც დანაშაულად ითვლებოდა და მის გამოსასყიდადაც მსხვერპლის მიტანა იყო საჭირო (ლვ. 4:1—35). ადამიანს, რომელსაც სიცრუეში ან გამოძალვაში დაადანაშაულებდნენ და ის აღიარებდა დანაშაულს და მოინანიებდა, უნდა აენაზღაურებინა ზარალი და მიეტანა დანაშაულის შესაწირავი (ლვ. 6:1—7).
მტკიცებულებები. თუ ადამიანი ისეთი დანაშაულის მოწმე გახდებოდა, რომელიც ბილწავდა მიწას (მაგალითად განდგომილების, ამბოხების, მკვლელობის ან სხვა მძიმე დანაშაულის), ის ვალდებული იყო, გაეცხადებინა ამის შესახებ და ეთქვა ყველაფერი, რაც იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ღვთისგან თავს დაატყდებოდა საჯაროდ გაცხადებული წყევლა (ლვ. 5:1; კნ. 13:8; შდრ. იგ. 29:24; ესთ. 6:2). თუმცა სიმართლის დასადგენად ერთი მოწმის არსებობა არ იყო საკმარისი; საჭირო იყო ორი ან მეტი მოწმე (რც. 35:30; კნ. 17:6; 19:15; შდრ. ინ. 8:17, 18; 1ტმ. 5:19; ებ. 10:28). კანონი მოწმეებს სიმართლის თქმას ავალდებულებდა (გმ. 20:16; 23:7); ზოგ შემთხვევაში მათ აფიცებდნენ კიდეც (მთ. 26:63), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილი ერთადერთი მოწმე იყო (გმ. 22:10, 11). ვინაიდან ითვლებოდა, რომ მსაჯულებისთვის გადაცემული ან საწმინდარში განსახილველი საქმის ყველა მონაწილე იეჰოვას წინაშე იდგა, მოწმეებს კარგად უნდა ჰქონოდათ გააზრებული, რომ ანგარიშვალდებულნი იყვნენ ღვთის წინაშე (გმ. 22:8; კნ. 1:17; 19:17). მოწმეს არ უნდა აეღო ქრთამი და ბოროტთა წაქეზებით სიცრუე არ უნდა ელაპარაკა, ანუ არ განეზრახა ბოროტება (გმ. 23:1, 8). მას უმრავლესობის ზეწოლით არ უნდა მიეცა ჩვენება და მასზე არც სასამართლო საქმის მონაწილეთა სიმდიდრეს თუ სიღარიბეს უნდა მოეხდინა გავლენა (გმ. 23:2, 3). იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონის დამრღვევი — განდგომილი ან ურჩი — მოწმის ოჯახის წევრი იქნებოდა, მოწმეს დამნაშავის წინააღმდეგ მაინც უნდა მიეცა ჩვენება (კნ. 13:6—11; 21:18—21; ზქ. 13:3).
ცრუმოწმე იმავე სასჯელს დაიტეხდა თავს, რომელიც გათვალისწინებული იყო იმ დანაშაულისთვის, რაშიც ის სხვას სდებდა ბრალს (კნ. 19:17—21). სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის პირველი ქვა მოწმეებს უნდა ესროლათ. ამგვარად, კანონი მოწმეებს ავალდებულებდა, რომ მოშურნეობა გამოევლინათ ჭეშმარიტი და წმინდა თაყვანისმცემლობის მიმართ და ისრაელში ბოროტება ამოეძირკვათ. ეს წესი მოწმეებს ცრუ ჩვენების მიცემისგანაც აკავებდა. ადამიანი გულქვა უნდა ყოფილიყო, რომ ცრუ ჩვენება მიეცა მაშინ, როცა იცოდა, რომ მას პირველს მოუწევდა სასიკვდილო განაჩენის აღსრულება (კნ. 17:7).
ნივთიერი და გარემოებითი მტკიცებულებები. თუ კაცი თავის მოძმეს შინაურ ცხოველს მიაბარებდა და მას მხეცი დაგლეჯდა, ვისაც ის ჩაბარებული ჰყავდა, უნდა მოეტანა მოკლული ცხოველი როგორც მტკიცებულება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა (გმ. 22:10—13). თუ გათხოვილ ქალს ქმარი ბრალს დასდებდა, რომ გათხოვების დროს მან თავი ქალწულად გაასაღა, ქალის მამას შეეძლო მსაჯულების წინაშე მიეტანა მათი სარეცელიდან აღებული მოსასხამი მისი ქალიშვილის ქალწულობის დასადასტურებლად, რითაც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა (კნ. 22:13—21). ზოგ შემთხვევაში პატრიარქალური კანონიც ითვალისწინებდა ნივთიერი მტკიცებულებების წარდგენას (დბ. 38:24—26). მტკიცებულებად ესა თუ ის გარემოებაც ითვლებოდა. მაგალითად, თუ დანიშნულ ქალს ქალაქში ვინმე დაესხმებოდა თავს გასაუპატიურებლად და ქალი არ იყვირებდა, ეს დანებებად ჩაითვლებოდა და მას ბრალი დაედებოდა (კნ. 22:23—27).
ფარული მრუშობა. თუ მამაკაცს ეჭვი გაუჩნდებოდა, რომ მისმა ცოლმა იმრუშა, რასაც არც ცოლი აღიარებდა და ამის არც მოწმე იარსებებდა, მას შეეძლო ცოლი მღვდელთან წაეყვანა. ქალს იეჰოვა გაასამართლებდა, რომელსაც ყველაფერი ექნებოდა დანახული და ყველა ფაქტი ეცოდინებოდა. ეს კეთდებოდა არა იმიტომ, რომ ქალის ბრალეულობა ან უდანაშაულობა მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებით დამტკიცებულიყო, არამედ იმიტომ, რომ თავად იეჰოვას გაესამართლებინა ის და მისთვის განაჩენი გამოეტანა. თუ ქალი უდანაშაულო აღმოჩნდებოდა, მას ზიანი არ მიადგებოდა და ქმრისგან დაორსულდებოდა. მაგრამ თუ დამნაშავე აღმოჩნდებოდა, მისი გამრავლების ორგანოები თავის ფუნქციას დაკარგავდა და ქალი ვეღარ დაფეხმძიმდებოდა. თუ მის დანაშაულს, სულ მცირე, ორი მოწმე ეყოლებოდა, საქმეს იეჰოვას აღარ წარუდგენდნენ, ქალს უშუალოდ მსაჯულები გაასამართლებდნენ და მას ჩაქოლავდნენ (რც. 5:11—31).
დოკუმენტები. მტკიცებულებად სხვადასხვა დოკუმენტსაც იყენებდნენ. მაგალითად, თუ ქმარი გადაწყვეტდა, რომ ცოლი გაეშვა, მისთვის გაყრის მოწმობა უნდა მიეცა (კნ. 24:1; იერ. 3:8; შდრ. ეს. 50:1). როგორც წიგნ „პირველი მატიანედან“ ჩანს, არსებობდა გენეალოგიური ნუსხებიც. ბიბლიაში აგრეთვე ვხვდებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ჩანაწერს (იერ. 32:9—11). იწერებოდა წერილებიც, რომელთაგან ზოგი შეიძლება შეენახათ და სასამართლო საქმისთვის დაერთოთ (2სმ. 11:14; 1მფ. 21:8—14; 2მფ. 10:1; ნემ. 2:7).
იესოს გასამართლება. ოდესმე ჩადენილთაგან ყველაზე დიდი უსამართლობა იესო ქრისტეს გასამართლება და დასჯა იყო. ვიდრე გაასამართლებდნენ, უფროსმა მღვდლებმა და ხალხის უხუცესებმა მოითათბირეს, რომ ის მოეკლათ. ამიტომ იყო, რომ მოსამართლეებმა მიკერძოება გამოიჩინეს და განაჩენი მას საქმის განხილვამდე გამოუტანეს (მთ. 26:3, 4). იესოს ხელში ჩასაგდებად უფროსმა მღვდლებმა იუდა მოისყიდეს (ლკ. 22:2—6). მათ იცოდნენ, რომ არასწორად იქცეოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ იესო ტაძარში დღისით არ დაეპატიმრებინათ. ისინი დაღამებას დაელოდნენ და შემდეგ ქალაქიდან მოშორებით მყოფი იესოს შესაპყრობად მახვილებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ბრბო გაგზავნეს (ლკ. 22:52, 53).
იესო შეიპყრეს და ყოფილ მღვდელმთავარ ანასთან წაიყვანეს, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა (მღვდელმთავრად იმ დროს მისი სიძე, კაიაფა მსახურობდა) (ინ. 18:13). იესოს კითხვებს უსვამდნენ და სახეში ურტყამდნენ (ინ. 18:22). შემდეგ შებოჭეს და კაიაფასთან წაიყვანეს. უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი მის წინააღმდეგ ცრუმოწმეებს ეძებდნენ. ბევრი ცრუმოწმე გამოდიოდა, მაგრამ მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ბოლოს ორნი გამოვიდნენ და დაამახინჯეს იესოს სიტყვები, რომელიც იოანეს 2:19-შია ჩაწერილი (მთ. 26:59—61; მრ. 14:56—59). შემდეგ მღვდელმთავარმა დააფიცა იესო და ჰკითხა, იყო თუ არა ქრისტე, ღვთის ძე. როცა იესომ მას უყოყმანოდ უპასუხა და დანიელის 7:13-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაზე მიანიშნა, მღვდელმთავარმა ტანსაცმელი შემოიხია და სასამართლოს მოუწოდა, ის მკრეხელობაში დაედანაშაულებინათ. მას განაჩენი გამოუტანეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მაშინ მას სახეში ფურთხება, მუშტების რტყმა და დაცინვა დაუწყეს, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა (მთ. 26:57—68; ლკ. 22:66—71; შდრ. კნ. 25:1, 2 ინ. 7:51-ს და სქ. 23:3-ს).
იესოს უკანონო გასამართლების შემდეგ სინედრიონი დილით ადრე შეიკრიბა, რათა მოეთათბირებინათ და საბოლოო გადაწყვეტილება მიეღოთ (მრ. 15:1). შებოჭილი იესო გამგებლის სასახლეში, პილატესთან წაიყვანეს, რადგან ამბობდნენ: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს“ (ინ. 18:31). იესოს ადანაშაულებდნენ, რომ თითქოს ის კეისრისთვის გადასახედების გადახდას კრძალავდა და საკუთარ თავს „ქრისტე მეფეს“ უწოდებდა. რომაელები მკრეხელობას იმდენად სერიოზულ დანაშაულად არ თვლიდნენ, რამდენადაც ამბოხებას. მას შემდეგ, რაც პილატემ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, რომ იესოს საკუთარი თავის წინააღმდეგ დაემოწმებინა, იუდეველებს უთხრა, რომ მასში ვერავითარი დანაშაული ვერ იპოვა. როდესაც შეიტყო, რომ გალილეელი იყო, პილატემ იესო ჰეროდესთან გაგზავნა, რომელიც იმ დროს გალილეას განაგებდა. ჰეროდემ იესოს ბევრი კითხვა დაუსვა, იმ იმედით, რომ მისგან რაიმე ნიშანს იხილავდა, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ჰეროდემ ის დაამცირა, მასხრად აიგდო და ისევ პილატესთან გაგზავნა (ლკ. 23:1—11).
პილატე შეეცადა იმდროინდელი ჩვეულების მიხედვით ემოქმედა და იესო გაეთავისუფლებინა, მაგრამ იუდეველებმა იესოს ნაცვლად მეამბოხისა და მკვლელის გათავისუფლება მოითხოვეს (ინ. 18:38—40). პილატემ იესო გააშოლტვინა, ხოლო ჯარისკაცებმა მას ისევ შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ პილატემ გარეთ გაიყვანა იესო და კვლავ შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები გაჰყვიროდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“. ბოლოს მან იესოს ბოძზე გაკვრა ბრძანა (მთ. 27:15—26; ლკ. 23:13—25; ინ. 19:1—16).
ღვთის რომელი კანონები დაარღვიეს იუდეველმა მღვდლებმა იესო ქრისტეს გასამართლებით?
იუდეველმა მღვდლებმა იესო ქრისტეს გასამართლებით უხეშად დაარღვიეს ღვთის რამდენიმე კანონი: აიღეს ქრთამი (კნ. 16:19; 27:25); მოაწყვეს შეთქმულება და გაამრუდეს სამართალი (გმ. 23:1, 2, 6, 7; ლვ. 19:15, 35); ცრუმოწმეები გამოიყვანეს, რითაც მოსამართლეებმა ისარგებლეს (გმ. 20:16); გაათავისუფლეს მკვლელი (ბარაბა), რითაც სისხლისღვრაში დაედოთ ბრალი და წაბილწეს მიწა (რც. 35:31—34; კნ. 19:11—13); აჰყვნენ „უმრავლესობას ბოროტებაში“ (გმ. 23:2, 3); იესოს ბოძზე გაკვრის მოწოდებებით დაარღვიეს კანონი, რომელიც კრძალავდა სხვა ერების წესების მიყოლას და რომლის თანახმადაც დამნაშავე, ნაცვლად იმისა, რომ ეწამებინათ, ჯერ უნდა ჩაექოლათ ანუ მოეკლათ და მერე დაეკიდებინათ ბოძზე (ლვ. 18:3—5; კნ. 21:22); მეფედ აღიარეს არა თავიანთი ერის წარმომადგენელი, არამედ წარმართი (კეისარი) და ღვთის მიერ არჩეული მეფე უარყვეს (კნ. 17:14, 15); ბოლოს მკვლელობა ჩაიდინეს (გმ. 20:13).