კარავი (II)
გადასატანი ნაგებობა, რომელსაც ისრაელები ღვთის თაყვანსაცემად იყენებდნენ. ზოგჯერ იგი მოიხსენიება, როგორც „შეხვედრის კარავი“ (გმ. 39:32, 40; იხ. შეხვედრის კარავი). ებრაულად მიშქან (საცხოვრებელი, სამყოფელი), ʼოჰელ (კარავი), მიკდაშ (საწმინდარი), ბერძნულად — სკენე ნიშნავს კარავს, სამკვიდროს, სამკვიდრებელს (იხ. წმინდა ადგილი).
კარავი იყო ის ძირითადი საშუალება, რომლითაც ისრაელი იეჰოვას უახლოვდებოდა. იგი ორი ოთახისგან შედგებოდა (იხ. სურათი, ტ. 1, გვ. 538). პირველს წმინდა ეწოდებოდა. იქ იდგა ოქროს სალამპრე, ოქროს საკმევლის სამსხვერპლო და წარსადგენი პურის მაგიდა. იქვე ელაგა ოქროს ნივთები. მეორე ოთახს წმინდათაწმინდა ეწოდებოდა. მასში იდგა შეთანხმების კიდობანი, რომელზეც ორი ოქროს ქერუბიმი იყო დამაგრებული (იხ. შეთანხმების კიდობანი; წმინდათაწმინდა).
მიძღვნის თარიღი. კარავი, იგივე შეხვედრის კარავი (1სმ. 1:9-ში ეწოდება „იეჰოვას ტაძარი, 1სმ. 1:24-ში — „იეჰოვას სახლი“) ძვ. წ. 1512 წელს უდაბნოში, სინას მთასთან დაამზადეს. მისი აწყობა პირველი თვის, აბიბის, იგივე ნისანის პირველ დღეს დაასრულეს და მასში ყველა მოწყობილობა და ნივთი მოათავსეს (გმ. 40). იეჰოვას მითითებისამებრ მოსეს შუამავლობით იმავე დღეს ლევიანები მღვდლებად დაინიშნენ. დანიშვნის ცერემონიალი შვიდ დღეს გაგრძელდა. მერვე დღეს მღვდლები ოფიციალურად შეუდგნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას (ლვ. თ. 8, 9; იხ. მღვდლად დანიშვნა).
აგებულება. იეჰოვამ მთაზე მოსეს კარვის დეტალური გეგმა გადასცა და უბრძანა: „ყველაფერი იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე, რაც მთაზე იხილე“. ვინაიდან კარავი „ზეციურის ჩრდილი“ იყო, მოსეს ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გაეკეთებინა (ებ. 8:5). ღმერთმა თავისი სული მოაფინა ბეცალელსა და ოჰოლიაბზე, რათა ყველაფერი, მათ შორის ის საქმე, რასაც მათთან ერთად სხვებიც აკეთებდნენ, სრულყოფილად, მოსესთვის გადაცემული გეგმის მიხედვით შესრულებულიყო. ასე რომ, „ყველა საქმე ისე შეასრულეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“ (გმ. 39:42; 35:25, 26; 36:1, 4). კარვის ასაგებად საჭირო მასალა ხალხმა ნებაყოფლობით გაიღო (გმ. 36:3, 6, 7). უეჭველია, რომ შემოწირული ოქრო-ვერცხლის, სპილენძის, ნართის, ქსოვილებისა და ტყავების უმეტესობა ეგვიპტიდან იყო წამოღებული (გმ. 12:34—36; იხ. სელაპის ტყავი). რაც შეეხება აკაციის ხეს, ის უდაბნოში იზრდებოდა (იხ. აკაცია).
ამ სტატიაში სიგრძის საზომ ერთეულად აღებულია 44,5-სანტიმეტრიანი წყრთა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კარვის ზომა გრძელი წყრთით (51,8 სმ) იყო დაანგარიშებული (შდრ. 2მტ. 3:3; ეზკ. 40:5).
გადასაფარებლები და ჩამოსაფარებლები. კარვის კარკასზე გადაფარებული იყო სელის ქსოვილი, რომელზეც ფერადი ძაფებით ქერუბიმები იყო ამოქარგული. ის ორი ნაწილისგან ანუ ხუთ-ხუთი ქსოვილისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთზე ლურჯი ძაფის მარყუჟებითა და ოქროს კაუჭებით იყო გადაბმული. თითოეული ქსოვილი სიგრძით მხოლოდ 28 წყრთას (12,5 მ) შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ბოლოები კარვის ძირიდან ერთი წყრთის (44,5 სმ) სიმაღლეზე იყო (გმ. 26:1—6).
კარავს სელის გადასაფარებლის ზემოდან თხისურის გადასაფარებელი ეფარა, რომელიც ორი ნაწილისგან, ხუთქსოვილიანი და ექვსქსოვილიანი ნაჭრისგან შედგებოდა. თითოეული ქსოვილი სიგრძეში 30 წყრთა (13,4 მ) იყო. თხისურის გადასაფარებელს ზემოდან ვერძის წითლად შეღებილი ტყავი ეფარა, ხოლო ვერძის ტყავს — სელაპის ტყავის გადასაფარებელი, რომელიც, სავარაუდოდ, მიწას სწვდებოდა. მას ბოლოებში გაყრილი ჰქონდა თოკები კარვის პალოებით მიწაში ჩასამაგრებლად (გმ. 26:7—14).
კარვის წმინდასა და წმინდათაწმინდას შორის ეკიდა ფარდა, რომელზეც ქერუბიმები იყო ამოქარგული (გმ. 36:35). აღმოსავლეთით კარვის შესასვლელს ჰქონდა ფერადი შალისა და სელისგან დამზადებული ჩამოსაფარებელი (გმ. 36:37).
ზომები. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კარავი სიგრძით 30 წყრთა (13,4 მ), ხოლო სიმაღლით 10 წყრთა (4,5 მ) იყო (როგორც ჩანს, ნაგულისხმევია შიდა ზომები) (შდრ. გმ. 26:16—18). მისი სიგანეც 10 წყრთა უნდა ყოფილიყო (შდრ. გმ. 26:22—24). სიგანის გამოთვლა შემდეგნაირად შეიძლება: კარვის უკანა, დასავლეთი კედელი წყრთანახევრიანი ექვსი ჩარჩოსგან (ჯამში 9 წყრთა) და კუთხის ბოძებად წოდებული ორი ჩარჩოსგან შედგებოდა. კუთხის ბოძები კარავს სიგანეში შიგნიდან ნახევარ-ნახევარ წყრთას მატებდა. ებრაელი სწავლული რაში (ახ. წ. 1040—1105) გამოსვლის 26:23-თან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს: „რვავე ჩარჩო ერთ მწკრივზე იყო განლაგებული. განაპირა ორი ჩარჩოს [კუთხის ბოძები] მთელი სიგანე კარვის შიგნიდან არ ჩანდა, მხოლოდ ნახევარი წყრთა ჩანდა ერთ ბოლოში და ნახევარიც — მეორე ბოლოში. მთლიანობაში კარვის სიგანე შიგნიდან ათი წყრთა გამოდიოდა. განაპირა ჩარჩოების დარჩენილი თითო-თითო წყრთა კარვის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ბოლო ჩარჩოებს ემატებოდა, რათა კარვის კედლები გარედან თანაბარი ყოფილიყო“ (Pentateuch With Targum Onkelos, Haphtaroth and Rashi’s Commentary, Exodus, თარგმანი მ. როზენბაუმისა და ა.მ. ზილბერმანისა, გვ. 144, კურსივი მთარგმნელებისაა).
კარვის წმინდათაწმინდა, როგორც ჩანს, კუბური იყო, სიგრძით, სიგანითა და სიმაღლით 10 წყრთა. სოლომონის ტაძრის წმინდათაწმინდასაც კუბის ფორმა ჰქონდა, ოღონდ მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე 20 წყრთა (8,9 მ) იყო (1მფ. 6:20). კარვის სიგრძე ორჯერ აღემატებოდა სიგანეს. აღსანიშნავია, რომ სელის გადასაფარებლის თითოეული ნაწილის სიგანე 20 წყრთას უტოლდებოდა (გმ. 26:1—5). ამგვარად, ერთი ნაწილი გადაჭიმული იყო შესასვლელიდან იმ ადგილამდე, სადაც კაუჭებით მეორე ნაწილს უერთდებოდა. სავარაუდოდ, ეს ორი ნაწილი იმ სვეტების თავზე იყო გადაბმული, რომლებზეც წმინდათაწმინდის გამყოფი ფარდა იყო. გადასაფარებლის მეორე ნახევარი (20 წყრთა) წმინდათაწმინდასა (10 წყრთა) და კარვის უკანა, დასავლეთ კედელს (10 წყრთა) ფარავდა.
ჩარჩოები. კარვის კედლები აკაციის ხისგან იყო დამზადებული და ოქროთი მოვარაყებული. როგორც ჩანს, კარავს კედლები ჩარჩოსმაგვარი ჰქონდა (ფანჯრის ჩარჩოსავით) და არა ერთიანი, ფიცრებით შეკრული (გმ. 26:15—18). ეს ლოგიკურია ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, კედელი ერთიანი რომ ყოფილიყო და თანაც იმხელა, რამხელაც ბიბლიაშია აღწერილი, სატარებლად ძალიან მძიმე იქნებოდა, და მეორეც, კედლის სელის ქსოვილზე ამოქარგული ქერუბიმები არ გამოჩნდებოდა. მათი დანახვა შიგნიდან იქნებოდა შესაძლებელი და ისიც მხოლოდ ჭერზე (გმ. 26:1). როგორც ჩანს, თითოეული ჩარჩო ისე იყო გაკეთებული, რომ კარავში მყოფ მღვდლებს სელის გადასაფარებელზე ამოქარგული ქერუბიმების დანახვა შეძლებოდათ. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერიც ეთანხმება იმ აზრს, რომ კარვის კედლები ჩარჩოსებრი იყო და არა ერთიანი. ებრაული სიტყვა კერეშ ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ბოძებად (სსგ) და ძელებად (ბსგ) არის ნათარგმნი, თუმცა ზოგან ის ჩარჩოებად ითარგმნება (გმ. 26:15—29, AT, JB, Mo, RS, აქ).
კარავს ჩრდილოეთით და სამხრეთით 20-20 ჩარჩო ჰქონდა (გმ. 26:18, 20). თითო ჩარჩო სიმაღლით 10 წყრთა (4,5 მ) იყო და სიგანით წყრთა-ნახევარი (67 სმ), სისქე უცნობია. კარვის უკანა მხარეს, დასავლეთით, ექვსი ჩარჩო იყო, კუთხეებში კი — „კუთხის ბოძებად“ წოდებული ორი ჩარჩო (გმ. 26:22—24).
ბიბლია ჩარჩოებთან ერთად რგოლებსაც მოიხსენიებს. რგოლები ჩარჩოებზე იყო მიმაგრებული ძელების გასაყრელად. ძელები სამ რიგად იყო განლაგებული კონსტრუქციის გასამაგრებლად. როგორც ჩანს, ზემოთ და ქვემოთ აქეთ-იქიდან თითო-თითო ძელი იყო გაყრილი, ვინაიდან მხოლოდ შუაში გაყრილ ძელზეა ნათქვამი, რომ „ერთი ბოლოდან მეორეში“ გადიოდა. ეს ძელები ხის იყო, ოქროთი მოვარაყებული (გმ. 26:26—29).
სვეტები და საყრდენები. კარვის შესასვლელში ოქროთი მოვარაყებული ხუთი სვეტი იდგა. ოთხი ასეთივე სვეტი წმინდათაწმინდისა და წმინდის გამყოფ ფარდას იჭერდა (გმ. 26:32, 37). მთელი კონსტრუქცია 100 საყრდენზე იდგა. თითოეულ საყრდენს ჰქონდა ბუდე, რომელშიც თითო ჩარჩოს (სულ 48 ჩარჩო; თითო ჩარჩოს ორი საყრდენი ჰქონდა) ძირში მიმაგრებული ორი კოტა ჯდებოდა (დანარჩენ ოთხ საყრდენზე წმინდისა და წმინდათაწმინდის გამყოფი ოთხი სვეტი იდგა). საყრდენები ვერცხლისა (გმ. 26:19—25, 32) იყო და თითოეული ერთ ტალანტს (დაახლ. 34 კგ) იწონიდა (გმ. 38:27). შესასვლელის სვეტები ხუთ სპილენძის საყრდენზე იდგა (გმ. 26:37). თუ გავითვალისწინებთ ვერცხლის წონას, ვერცხლის საყრდენები ფირფიტისმაგვარი იქნებოდა და არა სქელი.
კარვის ეზო. ეზო, რომელშიც კარავი იდგა, სიგრძით 100 წყრთა (44,5 მ) იყო, ხოლო სიგანით — 50 წყრთა (22,2 მ). იგი შემოღობილი იყო ხუთი წყრთა (2,2 მ) სიგრძის ფარდით, რომელსაც ჩრდილოეთით და სამხრეთით 20-20 სპილენძის სვეტი იჭერდა, ხოლო აღმოსავლეთით და დასავლეთით — 10-10. ეზოში შესასვლელის (აღმოსავლეთით) ჩამოსაფარებელი (სიგრძით 20 წყრთა, 8,9 მ) სელისგან და სხვა მასალის ფერადი ძაფებით იყო მოქსოვილი (გმ. 38:9—20).
სავარაუდო ღირებულება. კარვის ასაგებად გამოყენებული ოქრო-ვერცხლის ღირებულებას თანამედროვე ვალუტის მიხედვით თუ დავიანგარიშებთ დაახლოებით 12 000 000 $ შეადგენს, ხოლო მთლიანი კარვის ღირებულება — 13 000 000 $ (გმ. 38:24—29).
დამატებითი ოთახები. კარვის ეზოში, მოგვიანებით, როგორც ჩანს, მღვდლებისთვის ოთახები ააშენეს, სავარაუდოდ, კარვის ორივე მხარეს (1სმ. 3:3). ეზოში შესაძლოა კარვებიც დადგეს, რათა მათ, ვინც მშვიდობის მსხვერპლს შესწირავდა, თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად ეჭამათ მსხვერპლშენაწირი.
კარვის მდებარეობა ისრაელის ბანაკში. (დიაგრამა, ტ. 1, გვ. 538) კარავი ისრაელის ბანაკის შუაგულში იდგა. მისგან დაახლოებით 2 000 წყრთის (890 მ) მოშორებით დაბანაკებული იყვნენ ლევიანები, რომლებსაც კარავზე ზრუნვა ევალებოდათ (შდრ. იეს. 3:4). აღმოსავლეთით დაბანაკებული იყვნენ აარონის შთამომავლები, რომლებიც მღვდლებად მსახურობდნენ, სამხრეთით — კეჰათელები (რომლებსაც აარონის სამღვდელო შტო ეკუთვნოდა [გმ. 6:18—20]), დასავლეთით — გერშონელები, ხოლო ჩრდილოეთით — მერარელები (რც. 3:23, 29, 35, 38). მათ უკან დაბანაკებული იყო ისრაელის 12 ტომი: აღმოსავლეთით — იუდა, ისაქარი და ზებულონი, სამხრეთით — რეუბენი, სიმონი და გადი, დასავლეთით — ეფრემი, მენაშე და ბენიამინი, ჩრდილოეთით — დანი, აშერი და ნაფთალი (რც. 2:1—31). ბანაკის ნებისმიერი მხრიდან ადვილად შეიძლებოდა კარვის ადგილმდებარეობის დადგენა, რადგან წმინდათაწმინდის თავზე (სადაც შეთანხმების კიდობანი იყო) დღისით ღრუბელი იდგა, ღამით კი — ცეცხლის სვეტი (გმ. 40:36—38).
კარვის გადატანა. ვიდრე კარავს, მის მოწყობილობებსა და ნივთებს ადგილიდან დაძრავდნენ, მღვდლები ყველაფერს გადასაფარებელში ახვევდნენ. კეჰათელებს შეხვეული კიდობანი, წარსადგენი პურების მაგიდა, ლამპარი და სამსხვერპლოები მხარზე გადებული მიჰქონდათ (რც. 4:4—15; 7:9). გერშონელებს ორი ურმით გადაჰქონდათ კარვის ქსოვილი (გარდა წმინდათაწმინდის ფარდისა, რომელსაც კიდობანს აფარებდნენ [რც. 4:5]), კარვის გადასაფარებლები, ეზოს ფარდები, შესასვლელის ჩამოსაფარებლები, კარვის თოკები და სხვა მოწყობილობები (რც. 4:24—26; 7:7). ყველაზე მძიმე ნივთები, მათ შორის ჩარჩოები, სვეტები, საყრდენები, კარვის პალოები და თოკები ოთხი ურმით მერარელებს გადაჰქონდათ (რც. 4:29—32; 7:8).
ისტორია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა იორდანე გადაკვეთა და აღთქმულ მიწაზე შევიდა, კარავი გილგალში აღმართეს (იეს. 4:19). მიწის დანაწილების დროს კარავი შილოში გაშალეს (იეს. 18:1), სადაც ის წლების განმავლობაში იდგა (1სმ. 1:3, 24), შემდეგ კი ნობში გადაიტანეს (1სმ. 21:1—6). კარავი გაბაონშიც იდგა (1მტ. 21:29). მას შემდეგ, რაც დავითმა კიდობანი სიონში გადაიტანა, ის კარავში აღარ მდგარა. თუმცა სოლომონის მიერ ტაძრის აგებამდე ხალხი მსხვერპლს ისევ გაბაონში მდგარ მთავარ მაღლობად წოდებულ კარავში სწირავდა (1მფ. 3:4). ტაძრის აშენების შემდეგ სოლომონმა კარავი იერუსალიმში გადმოიტანა და მას მერე, როგორც ჩანს, ის იქ ინახებოდა (1მფ. 8:4; 2მტ. 5:5).
გადატანითი მნიშვნელობით. მოციქული პავლე ნათელს ჰფენს კარვის სიმბოლურ მნიშვნელობას. კარავსა და მასში მსახურებაზე მსჯელობისას ის დასძენს, რომ იესო ქრისტე „ხალხს ემსახურება წმინდა ადგილზე და ჭეშმარიტ კარავში, რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“ (ებ. 8:2). შემდეგ ის ამბობს: „ქრისტე მოვიდა, როგორც ამჟამინდელ კურთხევათა მღვდელმთავარი, უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით, რომელიც ხელთქმნილი არ არის, ანუ სხვაგვარადაა შექმნილი“ (ებ. 9:11). უდაბნოში აღმართული კარავი ღმერთთან მისაახლოებელი საშუალება იყო, სადაც ადამიანებს ცოდვები სიმბოლურად მიეტევებოდათ. რაც შეეხება სიმბოლურ კარავს (ებ. 9:9), მასში დიდ მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს უნდა ემსახურა და ზეცაში მამამისისთვის წარედგინა თავისი მსხვერპლის საფასური, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა (ებ. 9:24—26; იხ. ტაძარი). ამის წყალობით ერთგულ ადამიანებს ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობა ეძლევათ (ებ. 4:16). იოანე მოციქულმა ხილვაში ნახა ზეციერი „მოწმობის კარვის საწმინდარი“ (გმც. 15:5).
მოციქულმა პეტრემ, როგორც ღვთის სულითცხებულმა ძემ, რომელსაც ზეციერი ცხოვრებისა და იესოსთან ერთად მსახურების იმედი ჰქონდა, თავის ხორციელ სხეულს „კარავი“, დროებითი სამკვიდრო უწოდა, ვინაიდან იცოდა, რომ მოახლოებული იყო მისი სიკვდილი და რომ ის აღდგებოდა არა ხორციელ, არამედ სულიერ ქმნილებად (2პტ. 1:13—15; 1ინ. 3:2; 1კრ. 15:35—38, 42—44).
კარვის მოწყობილობებისა და ნივთების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შესაბამისი სახელწოდებების სტატიებში.