ᲜᲔᲚᲡᲐᲪᲮᲔᲑᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲣᲠᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲜᲘᲕᲗᲘᲔᲠᲔᲑᲔᲑᲘ
ნელსაცხებლის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვები გულისხმობს როგორც შესქელებული ნივთიერებებისგან დამზადებულ კანში შესაზელ საცხებსა თუ მალამოებს, ისე ზეთოვან ნაერთებს, რომლებიც ნორმალურ ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობას ინარჩუნებს (გმ. 30:25; ფს. 133:2).
ძველად, ისევე როგორც დღეს, ნელსაცხებლებს მასში შემავალი ზეთის სარგებლიანობის გამო ძირითადად კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მოიხმარდნენ. სხვადასხვა ზეთი თუ ცხიმი კარგად იწოვს და ინარჩუნებს სუნს, რაც საშუალებას აძლევდა ნელსაცხებლების დამამზადებლებს, შეექმნათ ძვირფასი სურნელოვანი პროდუქტები (ქბ. 1:3). ზეთი, როგორც გამწმენდი და კანის დამარბილებელი საშუალება, სხვადასხვა სურნელოვანი ნივთიერების დამატებით კანს გაღიზიანებისგან იცავდა. გარდა ამისა, მას ერთგვარ დეზოდორანტად იყენებდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ცხელოდა და წყლის დეფიციტი იყო. თუ გავითვალისწინებთ, რა თქვა იესომ, როცა ერთმა ქალმა მას ფეხები ნელსაცხებლით დაუზილა, აშკარაა, რომ ოჯახში მისული სტუმრისთვის ნელსაცხებლის ცხება პატივისცემის მაჩვენებელი იყო (ლკ. 7:37—46).
დამარხვამდე მიცვალებულს განსაკუთრებული შემადგენლობის ნელსაცხებელს უსვამდნენ, რომლის ძირითადი დანიშნულება დეზინფექცია და სუნის მოსპობა იყო (2მტ. 16:14; ლკ. 23:56). სწორედ ეს ჰქონდა იესოს მხედველობაში, როცა კეთროვანი სიმონის სახლში ძვირადღირებული ნელსაცხებლის ცხების შემდეგ, რომლის სურნელებამ მთელი სახლი აავსო, თქვა, რომ ეს დასაკრძალავად მის მომზადებას ემსახურებოდა (მთ. 26:6—12; ინ. 12:3). ძვირფასი ნელსაცხებლები, მაგალითად ნარდი, რომლითაც მაშინ იესო სცხეს, ჩვეულებრივ, ალაბასტრონის ლამაზ ჭურჭელში დალუქული ინახებოდა (მრ. 14:3; იხ. ᲐᲚᲔᲑᲐᲡᲢᲠᲘ, ᲐᲚᲐᲑᲐᲡᲢᲠᲝᲜᲘ).
წმინდა საცხები ზეთი და საკმეველი. ბიბლიაში პირველად მოხსენიებული ნელსაცხებელი წმინდა საცხები ზეთი იყო, რომელსაც კარვის მიძღვნილი ნივთებისა და სამღვდელოების განსაწმენდად იყენებდნენ (გმ. 30:25—30). პირადი მიზნებისთვის მისი გამოყენება სიკვდილით ისჯებოდა. ეს კანონი კარვისა და კარავში მომსახურეთა სიწმინდეზე მეტყველებდა (გმ. 30:31—33).
იეჰოვამ მოსეს გადასცა წმინდა საცხები ზეთის დამზადების წესი. მის დასამზადებლად მხოლოდ „საუკეთესო სანელებლები“ უნდა გამოყენებულიყო — ზმირინი, სურნელოვანი დარიჩინი, სურნელოვანი კოთხუჯი, კასია და სუფთა ზეთისხილის ზეთი — განსაზღვრული რაოდენობით (გმ. 30:22—24). იეჰოვამ წმინდა საკმევლის დამზადების წესიც გადასცა მოსეს. ეს იყო განსაკუთრებული სურნელოვანი ნაზავი, რომელიც წვისას კეთილსურნელებას აფრქვევდა (გმ. 30:7; 40:27; ლვ. 16:12; 2მტ. 2:4; 13:10, 11). მის დასამზადებლად იყენებდნენ განსაზღვრული რაოდენობის შტახსს, ონიკას, სურნელოვან ქალბანასა და სუფთა გუნდრუკს. ღმერთმა მას უწოდა „სურნელოვანი ნაზავი მარილმოყრილი, სუფთა და წმინდა“. საკმევლის ნაწილს წვრილად ფხვნიდნენ და, როგორც ჩანს, ცრიდნენ ერთგვაროვანი ნაერთის მისაღებად. პირადი მიზნებისთვის მისი გამოყენება სიკვდილით ისჯებოდა (გმ. 30:34—38).
როგორც საცხები ზეთის, ისე საკმევლის დასამზადებლად სურნელოვან ბალზამის ზეთს იყენებდნენ (გმ. 25:6; 35:8, 28). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ წმინდა ნელსაცხებლის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს ჯერ ფხვნიდნენ და შემდეგ ზეთთან ერთად ადუღებდნენ (შდრ. იობ. 41:31). მიღებულ ნაერთს ცოტა ხნით აჩერებდნენ და ფილტრავდნენ.
საცხები ზეთისა და სურნელოვანი საკმევლის დამზადება ცდებისა და შეცდომების მეთოდით არ უნდა მომხდარიყო, რადგან იეჰოვამ თავიდანვე თქვა: „ყველას, ვისაც მარჯვე ხელი აქვს, გულში ჩავუდებ სიბრძნეს, რათა გააკეთონ საცხები ზეთი და სურნელოვანი საკმეველი წმინდა ადგილისთვის“ (გმ. 31:6—11; 35:10—15; 37:29; 39:33, 38). მოგვიანებით ზოგიერთ მღვდელს დაევალა ნელსაცხებლისა და საკმევლის დამზადება, აგრეთვე თვალყურის დევნება, რომ ნელსაცხებლისა და საკმევლის მარაგი არ ამოწურულიყო (1მტ. 9:30; რც. 4:16). თუმცა, როცა ისრაელი წმინდა თაყვანისმცემლობას განუდგა, იეჰოვას მათ მიერ დამზადებული საკმეველი და ნელსაცხებელი მეტად აღარ სიამოვნებდა (ეს. 1:13).
ნელსაცხებლებითა და სურნელოვანი ნივთიერებებით ვაჭრობა. ნელსაცხებლებსა და სურნელოვან ნივთიერებებს მხოლოდ საწმინდარში არ იყენებდნენ ღვთისმსახურებისთვის. სოლომონის დროს სამეფო ოჯახის წევრები თუ სხვა შეძლებული ფენის წარმომადგენლები მრავალგვარ სურნელოვან ფხვნილებს იყენებდნენ სახლების, ტანსაცმლის, საწოლისა და სხეულის სურნელებისთვის (ესთ. 2:12; ფს. 45:8; იგ. 7:17; ქბ. 3:6, 7; 4:10). მათი დამზადება ლევიანი მღვდლების გარდა სხვებსაც შეეძლოთ. ქალებიც დახელოვნებული მენელსაცხებლები იყვნენ. ნეემიას დროს მენელსაცხებლეთა ამქარიც კი არსებობდა (1სმ. 8:13; ნემ. 3:8).
ძველ მსოფლიოში სურნელოვან ნელსაცხებლებზე მოთხოვნილებამ ამ პროდუქციით ვაჭრობას ჩაუყარა საფუძველი. დიდი მოთხოვნილება იყო მათ დასამზადებლად საჭირო ნედლეულზეც. ნელსაცხებლისთვის საჭირო ზმირინისა და საკმევლისთვის საჭირო გუნდრუკის გარდა, სხვა მასალები, მაგალითად, ნარდი, ზაფრანა, ლერწამი, დარიჩინი, ალოე, კასია, სხვადასხვა სანელებელი, მცენარის ფისი თუ არომატული მცენარეები, დიდ გზას გადიოდა, ვიდრე მენელსაცხებლეთა ხელში აღმოჩნდებოდა (ქბ. 4:14; გმც. 18:11, 13).