ბიბლიის წიგნი 3 — ლევიანები
დამწერი: მოსე
დაწერის ადგილი: უდაბნო
წერა დასრულდა: ძვ. წ. 1512
მოიცავს პერიოდს: 1 თვე (ძვ. წ. 1512)
1. ა) რატომ არის წიგნისთვის „ლევიანები“ შესაფერისი სახელწოდება? ბ) კიდევ რა სახელები უწოდეს ამ წიგნს?
ბიბლიის მესამე წიგნს ლათინურ ვულგატაში „ლევიტიკუსი“ ეწოდება. ის მომდინარეობს სეპტუაგინტიდან, რომელშიც ამ წიგნს „ლევიტიკონი“ ჰქვია. თუმცა ლევიანები გაკვრით მოიხსენიება (25:32, 33), ეს შესაფერისი სახელია ამ წიგნისთვის, რადგან მასში ძირითადად არის ის მითითებები და წესები, რომლებიც ლევის ტომისგან არჩეულ სამღვდელოებას ეხებოდა; ასევე არის კანონები, რომლებსაც მღვდლები ასწავლიდნენ ხალხს. ბიბლიაში მათზე ვკითხულობთ: „მღვდლის ბაგე ცოდნას უნდა იცავდეს და მის ბაგეზე ხალხი კანონს უნდა ეძებდეს“ (მალ. 2:7). ებრაულ ტექსტში წიგნი იწყება სიტყვით „ვაიკრა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „და მოუხმო“. მოგვიანებით იუდეველებმა ამ წიგნს „მღვდლების კანონი“ და „შესაწირავების კანონი“ უწოდეს (ლევ. 1:1, სქოლიო).
2. რა ამტკიცებს, რომ „ლევიანები“ მოსემ დაწერა?
2 „ლევიანები“ რომ მოსემ დაწერა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. წიგნი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ეს არის მცნებები . . . რომლებიც იეჰოვამ მისცა მოსეს“ (27:34). მსგავს სიტყვებს ვხვდებით ლევიანების 26:46-შიც. ვინაიდან ხუთწიგნეული თავიდან ერთი გრაგნილი იყო, ის მტკიცებები, საიდანაც ჩანს, რომ „დაბადებისა“ და „გამოსვლის“ დამწერი მოსეა, „ლევიანებსაც“ ეხება. უფრო მეტიც, „ლევიანებს“ წინა წიგნთან „და“ კავშირი აკავშირებს. ყველაზე დიდი მტკიცება ისაა, რომ იესო ქრისტე და იეჰოვას სხვა მსახურები ღვთის შთაგონებით ციტირებდნენ „ლევიანებში“ ჩაწერილ კანონებსა და პრინციპებს და მათ მოსეს მიაწერდნენ (ლევ. 23:34, 40—43 — ნეემ. 8:14, 15; ლევ. 14:1—32 — მათ. 8:2—4; ლევ. 12:2 — ლუკ. 2:22; ლევ. 12:3 — იოან. 7:22; ლევ. 18:5 — რომ. 10:5).
3. რა პერიოდს მოიცავს წიგნი „ლევიანები“?
3 რა პერიოდს მოიცავს „ლევიანები“? „გამოსვლა“ მთავრდება სიტყვებით: „მეორე წლის პირველი თვის პირველ დღეს გაშალეს კარავი“. წიგნი „რიცხვები“, რომელიც „ლევიანებს“ მოსდევს, იწყება იეჰოვას სიტყვებით, რომლებიც მოსეს უთხრა „ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, მეორე თვის პირველ დღეს“. აქედან ჩანს, რომ „ლევიანებში“ ჩაწერილ რამდენიმე მოვლენას ერთ მთვარისმიერ თვეზე მეტი არ დასჭირვებია, რადგან წიგნი უმეტესწილად კანონსა და წესებს ეხება (გამ. 40:17; რიცხ. 1:1; ლევ. 8:1—10:7; 24:10—23).
4. როდის დაიწერა „ლევიანები“?
4 როდის დაწერა მოსემ „ლევიანები“? გონივრულია დავასკვნათ, რომ მოსე დაუყოვნებლივ იწერდა მომხდარ მოვლენებს და ღვთის მითითებებს. ამას ადასტურებს ღვთის მითითება, რომ ისრაელის ამალეკზე გამარჯვების შესახებ მოსეს მაშინვე უნდა გაეკეთებინა ჩანაწერი. ყურადსაღებია წიგნში მოცემული ზოგიერთი დეტალიც. მაგალითად, ისრაელებს მიეცათ მითითება, რომ ცხოველები დასაკლავად შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიეყვანათ. ამ მითითებას ისინი მღვდლების დანიშვნის შემდეგ მალევე მიიღებდნენ და ჩანაწერიც მაშინ გაკეთდებოდა. გარდა ამისა, ისრაელებს მრავალი მითითება უდაბნოში მგზავრობისთვის მიეცათ. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ მოსემ „ლევიანები“ ძვ. წ. 1512 წელს დაწერა (გამ. 17:14; ლევ. 17:3, 4; 26:46).
5. რა მიზანს ემსახურებოდა შესაწირავებთან და სიწმინდესთან დაკავშირებული კანონები?
5 რატომ დაიწერა ეს წიგნი? იეჰოვას მიზნად ჰქონდა, რომ წმინდა, განწმენდილი, ღვთისმსახურებისთვის გამოცალკევებული ერი ჰყოლოდა. აბელის დროიდან მოყოლებული ერთგული ადამიანები მსხვერპლს სწირავდნენ იეჰოვას, მაგრამ ცოდვისა და სხვა შესაწირავების შესახებ ნათელი მითითებები იეჰოვამ პირველად ისრაელ ერს მისცა. ეს მითითებები, რომლებიც დაწვრილებით განიხილება „ლევიანებში“, ისრაელებს ცოდვის სერიოზულობას დაანახვებდა და ჩაუბეჭდავდა გონებაში, რომ ცოდვა მათ იეჰოვას თვალში არასასურველს ხდიდა. ეს წესები, როგორც კანონის ნაწილი, ებრაელებისთვის ქრისტემდე მიმყვანი აღმზრდელი გახდა, დაანახვა მათ, რომ მხსნელი სჭირდებოდათ და სხვა ერებში გათქვეფისგან დაიცვა. ამ უკანასკნელ მიზანს ემსახურებოდა სიწმინდესთან დაკავშირებული კანონები (ლევ. 11:44; გალ. 3:19—25).
6. რატომ იყო საჭირო ისრაელთა ბანაკისთვის იეჰოვასგან კონკრეტული რჩევების მიღება?
6 აღთქმული მიწისკენ მიმავალ ამ ახლადჩამოყალიბებულ ერს სათანადო ხელმძღვანელობა სჭირდებოდა. ეგვიპტის დატოვებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ამიტომ მათ ჯერ არ დავიწყებოდათ იქაური საცხოვრებელი პირობები და რელიგიური წეს-ჩვეულებები. ეგვიპტეში ჩვეულებრივი იყო და-ძმას შორის ქორწინება. ისინი უამრავ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, მათ შორის ცხოველებსაც. ახლა ეს დიდი კრებული ქანაანისკენ მიდიოდა, სადაც ხალხიც და რელიგიური წეს-ჩვეულებებიც უფრო ზნედაცემული იყო. ისრაელების ბანაკში ბევრი ეგვიპტელი ან ნახევრად ეგვიპტელი იყო, რომლებიც ისრაელებს შორის ცხოვრობდნენ და ეგვიპტეში მიღებული ჩვეულებებით, რელიგიითა და პატრიოტიზმის სულისკვეთებით გაიზარდნენ. უეჭველია, ცოტა ხნით ადრე მრავალი მათგანი მონაწილეობდა მათ ქვეყანაში დამკვიდრებულ საზიზღარ წეს-ჩვეულებებში. მართლაც, ის კონკრეტული რჩევები, რომლებიც იეჰოვამ მათ მისცა, ძალიან საჭირო იყო!
7. როგორ ცხადყოფს „ლევიანებში“ ჩაწერილი მითითებები, რომ ის ღვთის შთაგონებით დაიწერა?
7 წიგნ „ლევიანებიდან“ კარგად ჩანს, რომ ის ღვთის შთაგონებით დაიწერა. ადამიანები უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მასში ჩაწერილი ბრძნული და სამართლიანი კანონებისა და წესების მოფიქრებას. კვებაზე, დაავადებებზე, მიცვალებულთან შეხებასა და ავადმყოფის იზოლირებაზე მიცემული მითითებები ისეთი ფაქტების ცოდნაზე მეტყველებს, რომელთა შესახებ წარმოდგენაც მკურნალებს მხოლოდ საუკუნეების შემდეგ შეექმნათ. უწმინდური ცხოველების ჭამის შესახებ ღვთის კანონები ისრაელებს მთელი მოგზაურობის განმავლობაში დაიცავდა ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ტრიქინელოზი, რომელიც ღორის ხორცისგან გადადის, მუცლის ტიფი და პარატიფი, რომელთა მატარებელიც ზოგიერთი სახეობის თევზია, და მკვდარი ცხოველებისგან გადამდები ინფექციები. ამ პრაქტიკულ კანონებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ისრაელთა რელიგიასა და ყოფა-ცხოვრებაში, რათა მათ სიწმინდე შეენარჩუნებინათ და აღთქმული მიწა დაემკვიდრებინათ. ისტორიამ ცხადყო, რომ ამ მითითებების წყალობით ისრაელი გაცილებით უსწრებდა სხვა ხალხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. როგორ ამტკიცებს „ლევიანებში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, რომ ის ღვთივშთაგონებულია?
8 „ლევიანებში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და სიმბოლური პირველსახეები, რომლებიც მოგვიანებით შესრულდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „ლევიანები“ ღვთის შთაგონებით დაიწერა. საერო და ბიბლიური ისტორია ადასტურებს, რომ დაუმორჩილებლობის შედეგების შესახებ „ლევიანებში“ ჩაწერილი გაფრთხილებები გამართლდა. მაგალითად, მასში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ შიმშილობის დროს დედები თავიანთ შვილებს შეჭამდნენ. იერემიამ აღნიშნა, რომ ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების დროს შესრულდა. იოსებ ფლავიუსის ცნობების თანახმად, მსგავსი რამ მოხდა ახ. წ. 70 წელს, როცა ქალაქი მეორედ დაანგრიეს. „ლევიანებში“ ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ იეჰოვა გაიხსენებდა ისრაელებს, თუ მოინანიებდნენ. ეს ასეც მოხდა და ისრაელი ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნდა (ლევ. 26:29, 41—45; გოდ. 2:20; 4:10; ეზრ. 1:1—6). ბიბლიის სხვა დამწერების მიერ ამ წიგნიდან აღებული ციტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლევიანები“ ღვთივშთაგონებულია. იმაში დასარწმუნებლად, რომ წიგნი მოსემ დაწერა, წაიკითხეთ მათეს 5:38; 12:4; 2 კორინთელების 6:16 და 1 პეტრეს 1:16.
9. როგორ განადიდებს „ლევიანები“ იეჰოვას სახელსა და სიწმინდეს?
9 „ლევიანები“ განადიდებს იეჰოვას სახელსა და მის უზენაესობას. მასში სულ მცირე 36-ჯერ არის ნათქვამი, რომ ესა თუ ის კანონი იეჰოვასგანაა. სახელი იეჰოვა თითოეულ თავში საშუალოდ ათჯერ მოიხსენიება და იეჰოვას კანონებისადმი მორჩილება არაერთხელ არის ხაზგასმული სიტყვებით: „მე ვარ იეჰოვა“. სიწმინდე მთელ „ლევიანებს“ გასდევს თემად და ეს მოთხოვნა მასში უფრო ხშირად მეორდება, ვიდრე ბიბლიის სხვა წიგნებში. ვინაიდან იეჰოვა წმინდაა, ისრაელებიც წმინდები უნდა ყოფილიყვნენ. გარკვეული ადამიანები, ადგილები, საგნები და დროის მონაკვეთები წმინდად ითვლებოდა; მაგალითად, წმინდა იყო გამოსყიდვის დღე და საიუბილეო წელი, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის იყო განკუთვნილი.
10. რაზე ამახვილებს ყურადღებას „ლევიანები“ შესაწირავებთან დაკავშირებით და რა სასჯელი იყო გათვალისწინებული შემცოდველებისთვის?
10 მართებულია, რომ „ლევიანებში“ სიწმინდესთან ერთად ცოდვების პატიების დროს სისხლის ანუ სიცოცხლის შეწირვის მნიშვნელოვნებაზეც მახვილდება ყურადღება. ცხოველებიდან მხოლოდ შინაური და წმინდა ცხოველები უნდა შეეწირათ. ზოგიერთი ცოდვის მისატევებლად მსხვერპლის გარდა საჭირო იყო აღიარება, დანაკარგის ანაზღაურება და ჯარიმის გადახდა, ზოგი ცოდვის გამო კი დამნაშავეს სიკვდილით სჯიდნენ.
შინაარსი
11. როგორ შეგვიძლია დავყოთ „ლევიანები“?
11 წიგნში ძირითადად ჩაწერილია ლევიანებისთვის მიცემული წესები, რომელთაგან უმეტესობას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. „ლევიანები“ ძირითადად თემატურად ვითარდება და შეგვიძლია რვა ნაწილად დავყოთ. ეს ნაწილები ლოგიკურად ებმის ერთმანეთს.
12. რომელი იყო სისხლიანი შესაწირავები და როგორ ხდებოდა მათი შეწირვა?
12 შესაწირავებთან დაკავშირებული მითითებები (1:1—7:38). შესაწირავები შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ: 1) სისხლიანი შესაწირავი, რომელშიც შედიოდა საქონლის, ცხვრის, თხებისა და ფრინველების შეწირვა, და 2) უსისხლო შესაწირავი, რომელშიც სხვადასხვა მარცვლეული შესაწირავი შედიოდა. სისხლიანი შესაწირავები იყო: 1) დასაწვავი, 2) მშვიდობის ანუ საზიარო, 3) ცოდვისა და 4) დანაშაულის. ამ ოთხივე შესაწირავს სამი საერთო მახასიათებელი ჰქონდა: შემწირველს თავად უნდა მიეყვანა შესაწირავი შეხვედრის კარვის შესასვლელთან, შესაწირავისთვის თავზე ხელი უნდა დაედო და შემდეგ ცხოველი უნდა დაეკლათ. სისხლის სხურების შემდეგ დაკლული ცხოველის ნარჩენები ისე უნდა გაენადგურებინათ, როგორც ეს შესაწირავის მიხედვით მოითხოვებოდა. მოდი თანამიმდევრულად განვიხილოთ სისხლიანი შესაწირავები.
13—16. ა) როგორი უნდა ყოფილიყო: 1) დასაწვავი შესაწირავი, 2) მშვიდობის მსხვერპლი, 3) ცოდვის შესაწირავი და 4) დანაშაულის შესაწირავი? ბ) რა იკრძალებოდა კატეგორიულად?
13 1) დასაწვავი შესაწირავი შემწირველის შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული და შეიძლებოდა ყოფილიყო მოზვერი, თოხლი, თხა, მტრედი ან გვრიტი. ცხოველს ატყავებდნენ, ანაწევრებდნენ და ხორცს მთლიანად წვავდნენ სამსხვერპლოზე. გვრიტსა და მტრედს თავს აწყვეტდნენ და ჩიჩახვსა და ბუმბულს აცლიდნენ (1:1—17; 6:8—13; 5:8).
14 2) მშვიდობის ანუ საზიარო მსხვერპლი შეიძლებოდა შეწირულიყო საქონლიდან ან ფარიდან და შეიძლებოდა დედალი ან მამალი ყოფილიყო. ქონი სამსხვერპლოზე იწვებოდა, შესაწირავის გარკვეული ნაწილი მღვდლებს ეკუთვნოდათ, დანარჩენი კი შემწირველს ეძლეოდა საჭმელად. მას სათანადოდ ეწოდებოდა მშვიდობის ანუ საზიარო მსხვერპლი, რადგან შემწირველი მას იეჰოვა ღმერთსა და მღვდლებს უზიარებდა (3:1—17; 7:11—36).
15 3) ცოდვის შესაწირავი მოითხოვებოდა იმ შემთხვევაში, როცა ვინმე უნებლიედ შესცოდავდა. გარკვეული სახეობის ცხოველი იწირებოდა მღვდლების, მთელი ერის, თავკაცების ან ჩვეულებრივი ადამიანის ცოდვებისთვის. ნებაყოფლობითი დასაწვავი შესაწირავისა და მშვიდობის მსხვერპლისგან განსხვავებით, ცოდვის შესაწირავის მიტანა სავალდებულო იყო (4:1—35; 6:24—30).
16 4) დანაშაულის შესაწირავი მოითხოვებოდა ვინმესთვის ორგულობის, სიცრუის ან ქურდობის მისატევებლად. ზოგ შემთხვევებში საჭირო იყო დანაშაულის აღიარება და ისეთი მსხვერპლის მიტანა, რაზეც შემცოდველს ხელი მიუწვდებოდა. ზოგჯერ ზარალის ანაზღაურებასთან ერთად საჭირო იყო 20 პროცენტის დამატება და ვერძის შეწირვა. „ლევიანების“ იმ ნაწილში, რომელიც შესაწირავებს ეხება, არაერთხელ და კატეგორიულად იკრძალება სისხლის ჭამა (5:1—6:7; 7:1—7, 26, 27; 3:17).
17. როგორ უნდა მიეტანათ უსისხლო შესაწირავები?
17 უსისხლო შესაწირავებში შედიოდა მარცვლეული, რომელიც ან ცეცხლზე უნდა შეეწვათ, ან დაეღერღათ, ან წმინდად დაეფქვათ. ეს შესაწირავი სხვადასხვანაირად უნდა მომზადებულიყო — ან ღუმელში უნდა გამოეცხოთ ან კეცზე, ან დიდი რაოდენობით ზეთში უნდა მოემზადებინათ. შესაწირავი უნდა მიეტანათ მარილთან და ზეთთან, ზოგჯერ გუნდრუკთან ერთად. მათში არ უნდა ყოფილიყო საფუარი ან თაფლი. ზოგ შემთხვევაში შესაწირავის ნაწილი მღვდელს ეძლეოდა (2:1—16).
18. რა რწმენის განმამტკიცებელი მოვლენა მოჰყვა მღვდლების დანიშვნას?
18 მღვდლების დანიშვნა (8:1—10:20). დადგა დრო, როცა მღვდლები უნდა დაენიშნათ, რაც ისრაელისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მოსე ზედმიწევნით მიჰყვა იეჰოვასგან მიღებულ მითითებებს. „ყველაფერი გააკეთეს აარონმა და მისმა ვაჟებმა, რაც იეჰოვას მოსეს პირით ჰქონდა ნაბრძანები“ (8:36). მღვდლების დანიშვნა შვიდ დღეს გაგრძელდა. ბოლოს მთელი კრებულის წინაშე რწმენის განმამტკიცებელი სასწაული მოხდა. მას შემდეგ, რაც მღვდლებმა შესწირეს მსხვერპლი და მოსემ და აარონმა აკურთხეს ხალხი, „გამოეცხადა იეჰოვას დიდება მთელ ხალხს, გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან და შთანთქა სამსხვერპლოდან დასაწვავი შესაწირავი და ქონი. ამის დანახვაზე ხალხმა სიხარულით შესძახა და პირქვე დაემხო“ (9:23, 24). იეჰოვა ნამდვილად იმსახურებდა მათ თაყვანისცემასა და მორჩილებას.
19. რა ჩაიდინეს აარონის ვაჟებმა და რა მოხდა ამის შემდეგ?
19 შემდეგ ვკითხულობთ, როგორ დაირღვა კანონი. აარონის ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ უკანონო ცეცხლი შესწირეს იეჰოვას. „გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან, შთანთქა ისინი და დაიხოცნენ იეჰოვას წინაშე“ (10:2). მისაღები შესაწირავი რომ მიეტანათ და იეჰოვას კეთილგანწყობა მიეღოთ, ხალხსაც და მღვდლებსაც უნდა დაეცვათ იეჰოვას მითითებები. ზემოხსენებული შემთხვევის შემდეგ იეჰოვამ აუკრძალა მღვდლებს ღვინის დალევა კარავში მსახურების დროს, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებს, რომ აარონის ვაჟებმა ნასვამ მდგომარეობაში დაარღვიეს კანონი.
20, 21. რა მითითებებს უნდა მიჰყოლოდნენ ისრაელები სიწმინდისა და პირადი ჰიგიენის დასაცავად?
20 კანონები სიწმინდესა და სისუფთავეზე (11:1—15:33). „ლევიანების“ ამ ნაწილში საუბარია სიწმინდესა და სისუფთავეზე, რაც ეხებოდა როგორც თაყვანისმცემლობას, ისე პირად ჰიგიენას. ზოგიერთი შინაური თუ გარეული ცხოველი უწმინდურად ითვლებოდა. ცხოველის ლეში თუ ადამიანის გვამი უწმინდური იყო. ვინც მათ შეეხებოდა, გაუწმინდურდებოდა. მშობიარობის შედეგად ქალი უწმინდური ხდებოდა. ის წმინდას არაფერს უნდა შეხებოდა და განსაკუთრებული მსხვერპლი უნდა შეეწირა.
21 ისრაელი იმ შემთხვევაშიც ხდებოდა თაყვანისმცემლობისთვის უწმინდური, თუ კანის ზოგიერთი დაავადება, მათ შორის კეთრი ჰქონდა. განწმენდა ეხებოდა როგორც ადამიანებს, ისე ტანსაცმელსა და სახლს. უწმინდური ადამიანი ან ნივთი კარანტინში უნდა ყოფილიყო. თესლდენა, სისხლდენა თუ სხვა გამონადენი აუწმინდურებდა ადამიანს; ის ამ შემთხვევაშიც არ უნდა შეხებოდა წმინდას. გამონადენის შეწყვეტის შემდეგ საჭირო იყო ტანის დაბანა ან მსხვერპლის მიტანა, ზოგჯერ ორივე.
22. ა) რატომ არის მე-16 თავი განსაკუთრებული? ბ) რა ხდებოდა გამოსყიდვის დღეს?
22 გამოსყიდვის დღე (16:1—34). ეს თავი განსაკუთრებულია, რადგან მასში მოცემული მითითებები უკავშირდებოდა ისრაელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, გამოსყიდვის დღეს, რომელსაც ისინი მეშვიდე თვის მეათე დღეს აღნიშნავდნენ. ამ დღეს მათ უნდა დაემდაბლებინათ თავი (როგორც ჩანს, უნდა ემარხულათ) და არ უნდა ემუშავათ. გამოსყიდვის დღეს ჯერ აარონისა და მისი ოჯახის, ასევე ლევიანების ცოდვებისთვის უნდა შეწირულიყო მოზვერი, შემდეგ კი მთელი კრებულისთვის — თხა. საკმევლის კმევის შემდეგ მღვდელმთავარს შეწირული ცხოველების სისხლი წმინდათაწმინდაში უნდა შეეტანა და კიდობნის სახურავის წინ უნდა ესხურებინა. შეწირული ცხოველების ნარჩენები ბანაკის გარეთ უნდა გაეტანათ და დაეწვათ. აარონს ასევე ცოცხალი თხა უნდა მიეყვანა იეჰოვას წინაშე; მას ხელი უნდა დაედო თხისთვის და ხალხის ცოდვები ეღიარებინა; ამის შემდეგ თხა უდაბნოში უნდა გაეშვათ. შემდეგ აარონს ორი ვერძი უნდა შეეწირა, ერთი თავისთვის და თავისი ოჯახისთვის, მეორე კი — ხალხისთვის.
23. ა) სად გვხვდება ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მითითება სისხლის აკრძალვაზე? ბ) კიდევ რა მითითებების შესახებ ვიგებთ ამ თავებიდან?
23 სისხლთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული მითითებები (17:1—20:27). ისრაელებისთვის ამ თავებში უამრავი მითითებაა მიცემული. სწორედ აქ ვხვდებით ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მითითებას სისხლის აკრძალვაზე (17:10—14). სისხლი შესაწირავად იყო განკუთვნილი და არა საჭმელად. იკრძალებოდა და სისაძაგლედ ითვლებოდა სისხლის აღრევა, ჰომოსექსუალიზმი და ზოოფილია. ამ თავებშივე ვხვდებით მითითებებს, რომლებიც იცავდა საწყლების, ღარიბებისა და ხიზნების უფლებებს. ისრაელებს ებრძანათ: „საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე. მე ვარ იეჰოვა“ (19:18). ეს კანონები ერის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობასაც ემსახურებოდა. იკრძალებოდა მოლექის თაყვანისცემა და სპირიტიზმი, რაც ისრაელების სულიერობას საფრთხეს უქმნიდა. ისინი ცრუთაყვანისმცემლობისთვის სიკვდილით ისჯებოდნენ. ღმერთმა კიდევ ერთხელ გაუმეორა თავის ხალხს, რომ გამოყოფოდნენ სხვა ერებს: „წმინდები იყავით ჩემთვის, რადგან მე, იეჰოვა, წმინდა ვარ. მე გამოგყავით ხალხებიდან, რომ ჩემი იყოთ“ (20:26).
24. რას ვიგებთ „ლევიანებიდან“ მღვდლებისთვის დადგენილი მოთხოვნებისა და ყოველწლიური დღესასწაულების შესახებ?
24 სამღვდელოება და დღესასწაულები (21:1—25:55). მომდევნო სამ თავში ძირითადად განხილულია თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული მითითებები, რომლებიც ეხებოდა მღვდლებს, მათ ფიზიკურ მონაცემებს, მღვდლის ქორწინებას, წმინდის ჭამას და შესაწირავისთვის განკუთვნილ ცხოველებს. ხალხს სამი დღესასწაული უნდა აღენიშნა, რომელთა დროსაც შეეძლოთ ‘ემხიარულათ თავიანთი ღვთის, იეჰოვას წინაშე’ (23:40). ამ დროს მთელი ერი განადიდებდა და თაყვანს სცემდა იეჰოვას, რაც ღმერთთან მათ ურთიერთობას განამტკიცებდა. იეჰოვას დღესასწაულები ანუ ყოველწლიური წმინდა შეკრებები იყო: 1) პასექი და უფუარობის დღესასწაული, რომელსაც გაზაფხულის დასაწყისში ზეიმობდნენ, 2) ორმოცდამეათე დღის დღესასწაული, იგივე კვირების დღესასწაული, რომელსაც გაზაფხულის მიწურულს აღნიშნავდნენ და 3) გამოსყიდვის დღე და კარვობის რვადღიანი დღესასწაული, ანუ მოსავლის აღების დღესასწაული, რომელსაც შემოდგომაზე ზეიმობდნენ.
25. ა) საიდან ვიგებთ, რომ ისრაელები პატივისცემით უნდა მოკიდებოდნენ ღვთის სახელს? ბ) რომელ მითითებებში გვხვდება რიცხვი შვიდი?
25 24-ე თავი იწყება მითითებებით კარავში თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი პურისა და ზეთის შესახებ. მოყვანილია ასევე ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგაც იეჰოვამ უბრძანა ხალხს, რომ მისი სახელის შეურაცხმყოფელი ჩაექოლათ. ღვთის მითითებისამებრ დასჯისას შემდეგი კანონი უნდა გაეთვალისწინებინათ: „თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი“ (24:11—16, 20). 25-ე თავში მოცემულია მითითებები შაბათის წელთან ანუ დასვენების წელთან დაკავშირებით. ეს იქნებოდა ყოველი მე-7 წელი, იუბილე კი — ყოველი 50-ე წელი. 50-ე წელს მთელ მიწაზე თავისუფლება უნდა გამოცხადებულიყო და გასული 49 წლის მანძილზე გაყიდული ან სხვისთვის მიცემული მემკვიდრეობა პატრონს უნდა დაბრუნებოდა. აქვე მოცემულია კანონები, რომლებიც ღარიბებისა და მონების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. ამ თავებში ხშირად გვხვდება რიცხვი შვიდი, მაგალითად მეშვიდე დღე, მეშვიდე წელი, შვიდდღიანი დღესასწაულები, შვიდკვირიანი პერიოდები და იუბილე, რომელიც შვიდჯერ შვიდი წლის შემდეგ დადგებოდა.
26. რას ვიგებთ „ლევიანების“ 26-ე თავიდან?
26 მორჩილებისა და ურჩობის შედეგები (26:1—46). ამ თავში იეჰოვა მოიხსენიებს იმ კურთხევებსა და სასჯელებს, რომლებიც ისრაელებს მორჩილების ან ურჩობის შემთხვევაში ელოდათ. ის ასევე იმედს უნერგავს მათ, ვინც თავს დაიმდაბლებს. „მათთვის გავიხსენებ მათ წინაპრებთან დადებულ შეთანხმებას, ხალხთა თვალწინ რომ გამოვიყვანე ეგვიპტის მიწიდან, რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ იეჰოვა“ (26:45).
27. რით მთავრდება წიგნი „ლევიანები“?
27 სხვა მითითებები (27:1—34). „ლევიანების“ ბოლო თავში მოცემულია მითითებები აღთქმულ შესაწირავებზე, იეჰოვასთვის განწმენდილ პირმშოსა და წმინდა მეათედზე. წიგნი ასეთი სიტყვებით მთავრდება: „ეს არის მცნებები, სინას მთაზე ისრაელის ძეებისთვის მიცემული ბრძანებები, რომლებიც იეჰოვამ მისცა მოსეს“ (27:34).
რატომ არის სასარგებლო
28. რით არის სასარგებლო წიგნი „ლევიანები“?
28 „ლევიანები“ წმინდა წერილების განუყოფელი ნაწილია და დღესაც სასარგებლოა ქრისტიანებისთვის. ის გვეხმარება, უკეთ გავიცნოთ იეჰოვა, დავინახოთ მისი თვისებები და გავიგოთ, როგორ ეპყრობა ის თავის ქმნილებებს. ეს ყოველივე ნათლად ჩანს იეჰოვას ურთიერთობიდან ისრაელთან, რომელსაც მან კანონის საფუძველზე შეთანხმება დაუდო. „ლევიანებში“ არის პრინციპები, რომლებიც ყოველთვის გამოსადეგია, ასევე წინასწარმეტყველებები და ბევრი ისეთი რამ, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს და რომელთა განხილვაც რწმენას გვიმტკიცებს. ბევრი პრინციპი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც მეორდება, ზოგი კი პირდაპირ ციტირებულია. ქვემოთ განვიხილავთ შვიდ მნიშვნელოვან საკითხს ამ წიგნიდან.
29—31. როგორ უსვამს ხაზს „ლევიანები“, რომ უნდა დავაფასოთ იეჰოვას ა) უზენაესობა, ბ) სახელი და გ) სიწმინდე?
29 1) იეჰოვას უზენაესობა. ის არის კანონმდებელი და ჩვენ, მისი ქმნილებები, ანგარიშვალდებულნი ვართ მის წინაშე. ის სამართლიანად მოითხოვს ჩვენგან, რომ გვქონდეს მისი შიში. სამყაროს უზენაესი არ იწყნარებს მეტოქეობას — მას სძულს კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი და დემონიზმის სხვა ფორმები (ლევ. 18:4; 25:17; 26:1; მათ. 10:28; საქ. 4:24).
30 2) იეჰოვას სახელი. ჩვენ უნდა წმინდავყოთ მისი სახელი და არ უნდა შევბღალოთ სიტყვითა და საქმით (ლევ. 22:32; 24:10—16; მათ. 6:9).
31 3) იეჰოვას სიწმინდე. ვინაიდან იეჰოვა წმინდაა, მისი ხალხიც უნდა იყოს წმინდა ანუ განწმენდილი, მისი მსახურებისთვის გამოყოფილი. ამაში უღვთო ქვეყნიერებისგან გამოყოფაც იგულისხმება (ლევ. 11:44; 20:26; იაკ. 1:27; 1 პეტ. 1:15, 16).
32—34. რა პრინციპებს ვხვდებით „ლევიანებში“: ა) ცოდვაზე, ბ) სისხლზე, გ) დანაშაულზე?
32 4) ცოდვის სერიოზულობა. ღმერთი განსაზღვრავს, რა არის ცოდვა; ჩვენ არ უნდა დავნებდეთ ცოდვას. ცოდვისთვის ყოველთვის საჭიროა გამოსასყიდი. ამასთანავე, საჭიროა აღიარება, მონანიება და შეძლებისდაგვარად მდგომარეობის გამოსწორება. არსებობს მიუტევებელი ცოდვებიც (ლევ. 4:2; 5:5; 20:2, 10; 1 იოან. 1:9; ებრ. 10:26—29).
33 5) სისხლის სიწმინდე. ვინაიდან სისხლი წმინდაა, ჩვენ არ უნდა მივიღოთ ის არანაირი სახით. სისხლი მხოლოდ ცოდვების გამოსასყიდად უნდა ყოფილიყო გამოყენებული (ლევ. 17:10—14; საქ. 15:29; ებრ. 9:22).
34 6) დანაშაული და სასჯელი. მოსეს კანონში ყველა ცოდვა და შემცოდველი ერთნაირ შუქში არ განიხილებოდა. რაც მეტი პასუხისმგებლობა ეკისრა ადამიანს, მით მეტი მოეთხოვებოდა და მკაცრადაც ისჯებოდა. შეგნებულად ჩადენილი ცოდვისთვის უფრო მკაცრი სასჯელი იყო გათვალისწინებული, ვიდრე შეუგნებლად ჩადენილი ცოდვისთვის. ჯარიმა ხშირად დამოკიდებული იყო გადამხდელის შესაძლებლობებზე. შეფარდების პრინციპი სხვა საკითხებშიც გამოიყენებოდა; მაგალითად, როცა ადგენდნენ, იყო თუ არა ვინმე თაყვანისმცემლობისთვის უწმინდური (ლევ. 4:3, 22—28; 5:7—11; 6:2—7; 12:8; 21:1—15; ლუკ. 12:47, 48; იაკ. 3:1; 1 იოან. 5:16).
35. როგორ აჯამებს „ლევიანები“ ვალდებულებებს, რომლებიც მოყვასის წინაშე გვაკისრია?
35 7) სამართლიანობა და სიყვარული. ლევიანების 19:18-ში შეჯამებულია ვალდებულებები, რომლებიც მოყვასის წინაშე გვაკისრია. იქ ვკითხულობთ: „საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“. ამაში ბევრი რამ იგულისხმება. ის გამორიცხავს მიკერძოებას, ქურდობას, ტყუილს, ცილისწამებას და მოითხოვს, რომ სიკეთე გავუკეთოთ ყველას, მათ შორის ხეიბრებს, ღარიბებს, უსინათლოებსა და ყრუ-მუნჯებს (ლევ. 19:9—18; მათ. 22:39; რომ. 13:8—13).
36. რა ცხადყოფს, რომ „ლევიანები“ სასარგებლოა ქრისტიანული კრებისთვის?
36 იესოსა და მის მოციქულებს, განსაკუთრებით პავლესა და პეტრეს, მოჰყავდათ აზრები „ლევიანებიდან“, რაც ცხადყოფს, რომ ეს წიგნი „სასარგებლოა [ქრისტიანული კრების] სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“. ისინი ლაპარაკობდნენ ბევრ ისეთ რამეზე, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. პავლე წერდა, რომ „კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილი“ და „ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (2 ტიმ. 3:16; ებრ. 10:1; 8:5).
37. როგორ ხსნის „ებრაელები“ „ლევიანების“ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას?
37 კარავს, სამღვდელოებას, შესაწირავებსა და განსაკუთრებით ყოველწლიურ გამოსყიდვის დღეს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ებრაელებისადმი მიწერილ წერილში პავლე გვეხმარება, გავიგოთ, სულიერი გაგებით რა საერთო აქვს ყოველივე ამას იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ „ჭეშმარიტ კარავთან“ (ებრ. 8:2). მღვდელმთავარი აარონი განასახიერებდა ქრისტე იესოს, „ამჟამინდელ კურთხევათა მღვდელმთავარს უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით“ (ებრ. 9:11; ლევ. 21:10). შეწირული ცხოველების სისხლი განასახიერებდა იესოს სისხლს, რომელმაც „მარადიული ხსნა მოგვიპოვა“ (ებრ. 9:12). კარვის შიდა ოთახი ანუ წმინდათაწმინდა, რომელშიც მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს შედიოდა იეჰოვას წინაშე შესაწირავი სისხლის წარსადგენად, იყო ‘ჭეშმარიტის, თვით ზეცის ანარეკლი’, სადაც იესო შევიდა, რათა ‘ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარმდგარიყო’ (ებრ. 9:24; ლევ. 16:14, 15).
38. როგორ განასახიერებდა შესაწირავები იესოს მსხვერპლს?
38 ჯანსაღი და უნაკლო ცხოველები, რომლებიც დასაწვავ და ცოდვის შესაწირავებად მიჰქონდათ, განასახიერებდა იესო ქრისტეს სრულყოფილ და უნაკლო სხეულს, რომელიც მან მსხვერპლად გაიღო (ებრ. 9:13, 14; 10:1—10; ლევ. 1:3). პავლე განიხილავს გამოსყიდვის დღის კიდევ ერთ თავისებურებას, კერძოდ, ცოდვის შესაწირავად გაღებული ცხოველების ნარჩენების ბანაკის გარეთ გატანასა და დაწვას (ლევ. 16:27). „ამიტომ იესოც კარიბჭის გარეთ იტანჯა, — წერდა პავლე. — მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა“ (ებრ. 13:12, 13). ღვთის შთაგონებით პავლეს განმარტებამ „ლევიანებში“ ჩაწერილ რიტუალებს დამატებითი მნიშვნელობა შესძინა და უკეთესად დაგვანახვა, რომ იეჰოვამ სასწაულებრივად შექმნა მომავლის ჩრდილები, რომლებიც მიუთითებდა ისეთ სინამდვილეზე, რომელსაც ნათელი მხოლოდ წმინდა სულის დახმარებით მოეფინებოდა (ებრ. 9:8). ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, თუ გვინდა მივიღოთ სიცოცხლე, რომელსაც იეჰოვა იძლევა ქრისტე იესოს, ‘ღვთის სახლზე დაყენებული დიდი მღვდლის’ მეშვეობით (ებრ. 10:19—25).
39. სხვა წმინდა წერილებთან ერთად როგორ ჰფენს ნათელს „ლევიანები“ იეჰოვას ზეციერ სამეფოსთან დაკავშირებულ განზრახვას?
39 ისევე როგორც აარონს, მღვდელმთავარ იესოსაც ეხმარებიან სხვა მღვდლები, რომელთაც „სამეფო სამღვდელოება“ ეწოდებათ (1 პეტ. 2:9). „ლევიანები“ წინასწარ მიუთითებდა, როგორ გამოისყიდდა ცოდვებს იეჰოვას მიერ დანიშნული დიდი მღვდელმთავარი და მეფე. ამ წიგნიდან იმასაც ვიგებთ, რა მოითხოვება მისი სახლეულობისგან, რომელსაც „ბედნიერი და წმინდა“ ეწოდება. ისინი იქნებიან „ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“. მათი მღვდლობა დიდი კურთხევა იქნება მორჩილი ადამიანებისთვის, რადგან ისინი სრულყოფილებას მიაღწევენ. ზეციერი სამეფო მშვიდობასა და სიმართლეს აღადგენს დედამიწაზე, რაც უდიდეს ბედნიერებას მიანიჭებს ყველას. ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ წმინდა ღმერთის, იეჰოვასი, რომელმაც დანიშნა მღვდელმთავარი და მეფე და სამეფო სამღვდელოება, რათა ყველგან ეუწყოს მისი აღმატებულობის შესახებ და განიწმინდოს მისი სახელი. სხვა წმინდა წერილებთან ერთად „ლევიანები“ ნათელს ჰფენს იეჰოვას განზრახვას, რომელიც ზეციერ სამეფოს უკავშირდება (გამოცხ. 20:6).