ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 49
როგორ უნდა მოვეპყროთ სხვებს — რჩევები წიგნ „ლევიანებიდან“
„მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (ᲚᲔᲕ. 19:18).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 109 გულითადად გიყვარდეთ
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. რა განვიხილეთ წინა სტატიაში და რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
ᲬᲘᲜᲐ სტატიაში განვიხილეთ პრაქტიკული რჩევები ლევიანების მე-19 თავიდან. როგორც მე-3 მუხლიდან გავიგეთ, იეჰოვა ისრაელებს მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდებდა. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა და ვიზრუნოთ მშობლებზე ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად. იმავე მუხლში საუბარი იყო შაბათის დაცვის მნიშვნელობაზე. მართალია, დღეს შაბათის კანონის დაცვა არ მოგვეთხოვება, მაგრამ აქედან ერთი პრინციპის დანახვა შეგვიძლია — ყოველდღიურად უნდა გამოვყოთ დრო სულიერი საქმეებისთვის. თუ ასე ვიქცევით, ვაჩვენებთ, რომ გვინდა, წმინდები ვიყოთ, როგორც ამისკენ ლევიანების 19:2 და 1 პეტრეს 1:15 მოგვიწოდებს.
2 წინამდებარე სტატიაში გავაგრძელებთ ლევიანების მე-19 თავზე მსჯელობას. ამ თავიდან გავიგებთ, როგორ გამოვავლინოთ ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, როგორ მოვიქცეთ პატიოსნად საქმიან ურთიერთობებში და როგორ დავუმტკიცოთ სიყვარული მოყვასს. ღმერთი წმინდაა, ამიტომ ჩვენც გვინდა, წმინდები ვიყოთ, რაშიც ეს სტატიაც დაგვეხმარება.
ᲗᲐᲜᲐᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔᲗᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ
3, 4. ლევიანების 19:14-ის თანახმად, როგორ უნდა მოპყრობოდნენ ისრაელები უსინათლოსა და ყრუს?
3 წაიკითხეთ ლევიანების 19:14. იეჰოვა მოელის თავისი ხალხისგან, რომ თანაგრძნობას გამოავლენენ მათ მიმართ, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ისრაელებს არ უნდა დაეწყევლათ ყრუ. ამაში, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა. წარმოიდგინეთ, რა უმოწყალო საქციელია ეს მის მიმართ, ვისაც არ ესმის და, შესაბამისად, თავის დაცვაც არ შეუძლია.
4 გარდა ამისა, როგორც მე-14 მუხლიდან ვიგებთ, ისრაელებს უსინათლოსთვის წინ არაფერი უნდა დაედოთ, ფეხი რომ არ წამოეკრა. ერთ ნაშრომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ნათქვამია: „ძველად ახლო აღმოსავლეთში [ასეთ ადამიანებს] უსამართლოდ ექცეოდნენ და აბუჩად იგდებდნენ“. ზოგ გულქვა ადამიანს შეიძლება ბრმისთვის ფეხწამოსაკრავი დაედო, რათა მისთვის ზიანი მიეყენებინა ან დაეცინა. რა სისასტიკეა! ეს კანონი ისრაელებს იმის დანახვაში ეხმარებოდა, რომ თანაგრძნობით უნდა მოპყრობოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
5. როგორ გამოვიჩინოთ თანაგრძნობა უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ?
5 იესო თანაგრძნობით ეკიდებოდა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ალბათ გახსოვთ, რა შეუთვალა მან იოანე ნათლისმცემელს: „უსინათლოები ხედავენ და კოჭლები დადიან, კეთროვნები იკურნებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან“. იესოს სასწაულების დანახვაზე ხალხი ღმერთს ადიდებდა (ლუკ. 7:20—22; 18:43). ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვინდა, მსგავსი დამოკიდებულება გვქონდეს და თანაგრძნობით მოვეპყროთ უნარშეზღუდულებს. ამიტომ სიკეთით, ყურადღებითა და მოთმინებით ვეპყრობით ასეთებს. მართალია, იეჰოვას ჩვენთვის არ მოუცია სასწაულების მოხდენის ძალა, მაგრამ შეგვიძლია მათ, ვინც პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით უსინათლოა, სასიხარულო ცნობა ვაუწყოთ, რომ მალე სამოთხეში კაცობრიობის ყველა ფიზიკური თუ სულიერი პრობლემა მოგვარდება (ლუკ. 4:18). ამ სასიხარულო ცნობის მოსმენამ უკვე მრავალი აღძრა ღვთის განდიდებისკენ.
ᲞᲐᲢᲘᲝᲡᲜᲔᲑᲐ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲘ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ
6. რა დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ლევიანების მე-19 თავი ათ მცნებაში ჩაწერილის შესახებ?
6 ლევიანების მე-19 თავი უფრო მეტ ნათელს ჰფენს იმას, რაც ათ მცნებაში იყო ნათქვამი. მაგალითად, მერვე მცნება ისრაელებს მოუწოდებდა: „არ იქურდო“ (გამ. 20:15). ვინმეს შეიძლება ეფიქრა: „ვინაიდან სხვისას არაფერს ვითვისებ, ესე იგი, ამ მცნებას ვიცავ“. თუმცა მას შეიძლება სხვა მხრივ დაერღვია ეს მცნება.
7. როგორ შეიძლება დაერღვია ვაჭარს მერვე მცნება ქურდობაზე?
7 ზოგიერთ ვაჭარს შეიძლება თავი ქურდად არ მიეჩნია იმიტომ, რომ სხვისი არასდროს არაფერი მიუსაკუთრებია. მაგრამ საკითხავია, რამდენად პატიოსნად ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას და ითვალისწინებდა თუ არა ლევიანების 19:35, 36-ში იეჰოვას ნათქვამს: „პატიოსნად მოიქეცი, როცა რაიმეს ზომავ, წონი თუ წყავ. ზუსტი სასწორი, ზუსტი საწონი, ზუსტი ეფა და ზუსტი ჰინი უნდა გქონდეთ“. თუ ვაჭარი ყიდვა-გაყიდვის დროს მატყუარა სასწორსა და საწონებს გამოიყენებდა, ეს ქურდობის ტოლფასი იქნებოდა. ლევიანების მე-19 თავი ამ საკითხს კიდევ უფრო მეტ ნათელს ჰფენს.
8. როგორ ეხმარებოდა ებრაელს მერვე მცნების უკეთ გაგებაში ლევიანების 19:11—13-ში ჩაწერილი და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
8 წაიკითხეთ ლევიანების 19:11—13. მე-11 მუხლი ასეთი სიტყვებით იწყება: „არ იქურდო“. მე-13 მუხლი ქურდობას უპატიოსნობასთან აკავშირებს. იქ ნათქვამია: „არაფერი გამოსძალო მოძმეს“. ასე რომ, ვინც თაღლითობს, შეიძლება ითქვას, რომ ქურდი და მძარცველია. მერვე მცნებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ღვთისთვის ქურდობა მიუღებელია. მაგრამ ლევიანებში ჩაწერილი მითითებები ებრაელებს ეხმარებოდა იმის დანახვაში, თუ რას მოიცავდა ეს მცნება. აქედან ვხედავთ, როგორი იყო იეჰოვას თვალსაზრისი ქურდობასა და უპატიოსნო საქციელზე, რაც ჩვენთვისაც საყურადღებოა. დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: „ლევიანების 19:11—13-ში ჩაწერილიდან გამომდინარე, რამის შეცვლა ხომ არ მჭირდება? მაგალითად, რამდენად პატიოსანი ვარ საქმიან ურთიერთობაში და რამდენად კეთილსინდისიერად ვასრულებ დავალებულ საქმეს?“ ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.
9. როგორ იცავდა ლევიანების 19:13-ში ჩაწერილი მითითება დაქირავებულ მუშას?
9 როცა საქმე პატიოსნებას ეხება, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ქრისტიანმა დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს. ლევიანების 19:13-ში ვკითხულობთ: „დაქირავებულ მუშას გასამრჯელო დღის ბოლომდე გადაუხადე“. ძველ ისრაელში, სადაც ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, დაქირავებულ მუშებს გასამრჯელოს დღის ბოლოს უხდიდნენ. თუ მათ იმ დღესვე არ გადაუხდიდნენ გასამრჯელოს, ოჯახი მშიერი დარჩებოდათ. ეს იეჰოვას სიტყვებიდანაც ჩანს: „გაჭირვებულია იგი და ამ გასამრჯელოზეა დამოკიდებული“ (კან. 24:14, 15; მათ. 20:8).
10. რას ვსწავლობთ ლევიანების 19:13-დან?
10 დღესდღეობით ზოგს ყოველდღიურად უხდიან ხელფასს ან თვეში ერთხელ. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ლევიანების 19:13-დან ერთი პრინციპი იკვეთება. ზოგი დამსაქმებელი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას და დასაქმებულებს იმაზე ნაკლებს უხდის, ვიდრე რეალურად ეკუთვნით. მათ იციან, რომ ეს ხალხი მიზერულ თანხაზეც თანახმაა, რადგან სხვა გამოსავალი არა აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დამსაქმებლები დაქირავებულ მუშახელს კუთვნილ გასამრჯელოს ართმევენ. ქრისტიანი დამსაქმებელი უნდა დაფიქრდეს, რამდენად სამართლიანი და პატიოსანია ამ საკითხში. ვნახოთ, კიდევ რას ვსწავლობთ ლევიანების მე-19 თავიდან.
„ᲛᲝᲫᲛᲔ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘᲕᲘᲗ ᲒᲘᲧᲕᲐᲠᲓᲔᲡ“
11, 12. რისი ხაზგასმა სურდა იესოს, როცა ლევიანების 19:17, 18-დან ციტირებდა?
11 იეჰოვა უფრო მეტს ითხოვს ჩვენგან, ვიდრე იმას, რომ სხვებს ზიანი არ მივაყენოთ. სწორედ ამას ესმება ხაზი ლევიანების 19:17, 18-ში (წაიკითხეთ). იეჰოვამ პირდაპირ უთხრა თავის ხალხს: „მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ პრინციპით ცხოვრება ყველა ქრისტიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუ სურს, ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვოს.
12 განვიხილოთ, როგორ გაუსვა იესომ ხაზი ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობას. როცა ერთმა ფარისეველმა ჰკითხა, რომელია კანონში უდიდესი მცნებაო, იესომ პასუხად მიუგო, „პირველი და უდიდესი მცნება“ ის არის, რომ „გიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. შემდეგ მან ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი მოიშველია: «მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მათ. 22:35—40). ფაქტია, მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ მოდი ვისაუბროთ, ამ მხრივ რა პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს ლევიანების მე-19 თავი.
13. როგორ გვეხმარება იოსების ისტორია ლევიანების 19:18-ის უკეთ გაგებაში?
13 ერთ-ერთი, რითაც შეგვიძლია მოყვასს სიყვარული დავუმტკიცოთ, ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინებაა. აქ ვკითხულობთ: „არ იძიო შური შენს მოძმეზე და არც ბოღმა ჩაიდო გულში მის მიმართ“. შეიძლება ვინმე თანამშრომელზე, თანაკლასელზე, ნათესავზე ან ოჯახის წევრზე დაბოღმილა და ბოღმა წლების მანძილზეც კი ვერ ამოუგდია გულიდან. ამის თვალსაჩინო მაგალითია იოსების ისტორია. ათმა ნახევარძმამ მასზე ბოღმა ჩაიდო გულში, რამაც საბოლოოდ ისინი დაუნდობელი საქციელის ჩადენამდე მიიყვანა (დაბ. 37:2—8, 25—28). მაგრამ იოსები მათ სრულიად განსხვავებულად მოექცა. მაგალითად, წლების შემდეგ, როცა ძალაუფლება მიიღო, მას თავისუფლად შეეძლო, შური ეძია თავის ნახევარძმებზე, მაგრამ ის ასე არ მოქცეულა. პირიქით, გულმოწყალება გამოიჩინა მათ მიმართ, რადგან მათზე არ დაბოღმილა. მან, ფაქტობრივად, ის რჩევა გაითვალისწინა, რომელიც მოგვიანებით ლევიანების 19:18-ში ჩაიწერა (დაბ. 50:19—21).
14. საიდან ჩანს, რომ ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი პრინციპები დღემდე აქტუალურია?
14 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გულში ბოღმის ჩადებისა და შურისძიების ნაცვლად, იოსებმა აპატია თავის ძმებს, რითაც ქრისტიანებს კარგი მაგალითი მოგვცა. სხვების პატიების აუცილებლობას იესომაც გაუსვა ხაზი, როცა ლოცვის ნიმუში დაგვიტოვა (მათ. 6:9, 12). პავლე მოციქულმაც მსგავსი რჩევა მისცა ქრისტიანებს: „შურს ნუ იძიებთ, საყვარელნო“ (რომ. 12:19). სხვა დროს მან ასეთი სიტყვები მისწერა თანაქრისტიანებს: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლ. 3:13). იეჰოვას დამოკიდებულება არასდროს იცვლება. ასე რომ, ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ლევიანების 19:18-ს, დღემდე აქტუალურია.
15. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ ღირს წყენის დავიწყება და პატიება.
15 წყენა რაღაცით ჭრილობას ჰგავს. ზოგი ჭრილობა მსუბუქია, ზოგი კი — უფრო სერიოზული. მაგალითად, საკვების მომზადების დროს თითი, ალბათ, ყველას გაგვჭრია. მართალია, ეს მტკივნეულია, მაგრამ ასეთი ჭრილობები მალევე გვიშუშდება და ერთი ან ორი დღის შემდეგ აღარც კი გვახსენდება. ასევეა წყენაც. უმნიშვნელო წყენა მალევე გვავიწყდება. თუ მეგობარი სიტყვითა ან საქმით უნებურად გულს გვტკენს, არ გვიჭირს მისი პატიება. თუმცა მოდი ახლა ასეთ რამეზე დავფიქრდეთ. როგორ ვიქცევით, როცა საქმე ღრმა ჭრილობას ეხება? როგორც წესი, ექიმს მივმართავთ, რომელიც ნაკერს გვადებს და ჭრილობას გვიხვევს. მაგრამ, თუ გამუდმებით მოვიხსნით სახვევს და ხელით შევეხებით ჭრილობას, არა მხოლოდ ტკივილს მივაყენებთ საკუთარ თავს, არამედ მოშუშების პროცესსაც შევაფერხებთ. ასევე შეიძლება დაემართოს ადამიანს, თუ ის გამუდმებით იფიქრებს თავის გულისტკივილზე. ვინც ბოღმას გულში იტოვებს, ისევ და ისევ საკუთარ თავს ვნებს. რამხელა ტკივილს აირიდებს ადამიანი თავიდან, თუ გაითვალისწინებს ლევიანების 19:18-ში ჩაწერილს.
16. ლევიანების 19:33, 34-ის თანახმად, როგორ უნდა მოპყრობოდნენ ისრაელები ხიზნებს და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
16 როცა იეჰოვამ უთხრა ისრაელებს, რომ მოძმე ჰყვარებოდათ, მას არ უგულისხმია, რომ მხოლოდ თავიანთი რასის ან ეროვნების ადამიანის მიმართ გამოევლინათ სიყვარული. ისრაელებს მათ შორის მცხოვრები უცხოელებიც უნდა ჰყვარებოდათ. სწორედ ამაზე მახვილდება ყურადღება ლევიანების 19:33, 34-ში (წაიკითხეთ). მათ არ უნდა განესხვავებინათ ხიზანი მკვიდრისგან და საკუთარი თავივით უნდა ჰყვარებოდათ. მაგალითად, ისრაელებს მოსავლის აღების დროს დაცვენილი ღარიბებისა და ხიზნებისთვის უნდა დაეტოვებინათ (ლევ. 19:9, 10). ეს პრინციპი, რომელიც უცხოების სიყვარულს ითვალისწინებდა, დღესაც ეხება ქრისტიანებს (ლუკ. 10:30—37). მილიონობით ადამიანი იცვლის საცხოვრებელს და სხვა ქვეყანაში გადადის. შეიძლება თქვენს ქვეყანაშიც ცხოვრობენ იმიგრანტები. კარგი იქნება, თუ მათ ღირსეულად და პატივისცემით მოეპყრობით.
ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲡᲐᲥᲛᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲖᲔᲪ ᲚᲔᲕᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲔ-19 ᲗᲐᲕᲘ ᲐᲠ ᲡᲐᲣᲑᲠᲝᲑᲡ
17, 18. ა) რისკენ მოგვიწოდებს ლევიანების 19:2 და 1 პეტრეს 1:15? ბ) რა მნიშვნელოვანი საქმის კეთებისკენ მოგვიწოდა მოციქულმა პეტრემ?
17 ლევიანების 19:2 და 1 პეტრეს 1:15 ღვთის ხალხს სიწმინდისკენ მოუწოდებს. ლევიანების მე-19 თავში სხვა მრავალი მუხლიც არის, რომლებიც იმის დანახვაში გვეხმარება, როგორ ვასიამოვნოთ იეჰოვას. განხილულმა მუხლებმა უკეთ დაგვანახვა, რა უნდა გავაკეთოთ ან რას უნდა მოვერიდოთ.b ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ადასტურებს, რომ ეს პრინციპები დღემდე აქტუალურია. თუმცა საინტერესოა, კიდევ რა მნიშვნელოვან მხარეს მოიხსენიებს მოციქული პეტრე.
18 შეიძლება სულიერ საქმეებში აქტიურად ვართ ჩაბმული და თანაქრისტიანებსაც ბევრ რამეში ვეხმარებით, მაგრამ პეტრე მათგან ერთ განსაკუთრებულ საქმეზე გვიმახვილებს ყურადღებას. ვიდრე ყველაფერში სიწმინდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა, მან ქრისტიანებს ურჩია: „განეწყვეთ საქმისთვის“ (1 პეტ. 1:13, 15). რა საქმეს გულისხმობდა პეტრე? მისი სიტყვების თანახმად, ქრისტეს ცხებულ ძმებს ყველგან უნდა ეუწყებინათ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც ისინი მოიხმო (1 პეტ. 2:9). დღეს ყველა ქრისტიანი დიდ პატივად მიიჩნევს ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობას, საქმეში, რომელსაც ყველასთვის უდიდესი სიკეთე მოაქვს. ჩვენ, როგორც წმინდა ხალხს, დიდი პატივი გვხვდა წილად, რომ რეგულარულად და გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მარ. 13:10). როცა მონდომებით ვცდილობთ ლევიანების მე-19 თავში ჩაწერილი პრინციპების გამოყენებას, ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი. გარდა ამისა, ამით ვაჩვენებთ, რომ გვინდა, ყველაფერში წმინდები ვიყოთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი
a მართალია, დღეს მოსეს კანონის დაცვა არ გვევალება, მაგრამ მასში მოცემული კანონები გვასწავლის, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა მოვერიდოთ. მაგალითად, როგორ გამოვავლინოთ სხვებისადმი სიყვარული და როგორ ვიცხოვროთ ღვთისმოსაწონად. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა პრაქტიკული ღირებულება აქვს ლევიანების მე-19 თავში ჩაწერილ კანონებს დღეს ჩვენთვის.
b მუხლები, რომლებიც ამ სტატიაში არ განგვიხილავს, ეხება მიკერძოებას, ცილისწამებას, სისხლის გამოყენებას, სპირიტიზმს, მკითხაობას და სექსუალურ უზნეობას (ლევ. 19:15, 16, 26—29, 31; იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ ამავე ნომერში).
c სურათის აღწერა: ერთი ძმა ექიმთან კომუნიკაციაში ეხმარება ყრუ-მუნჯ თანაქრისტიანს.
d სურათის აღწერა: ძმა, რომელსაც მცირე სამღებრო ბიზნესი აქვს, ხელფასს უხდის დასაქმებულს.
e სურათის აღწერა: და ყურადღებას არ აქცევს უმნიშვნელო ჭრილობას. როგორ მოიქცევა ის უფრო სერიოზული ჭრილობის შემთხვევაში?