მღვდლად დანიშვნა
სამღვდელოებისთვის უფლებამოსილების მინიჭება. ებრაული სიტყვა (მილლუʼიმ), რომელიც „მღვდლად დანიშვნად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით ნიშნავს ავსებას ანუ ვინმესთვის ხელის ძალაუფლებით ავსებას (გმ. 29:22; შდრ. ეზკ. 43:26; იხ. ხელის ავსება ძალაუფლებით). იგივე სიტყვა გამოიყენება თვლების ჩასმის აღსანიშნავად (1მტ. 29:2; შდრ. სსგ).
აარონი და მისი ვაჟები ლევის ტომიდან, კეჰათის საგვარეულოდან დაინიშნენ ისრაელში მღვდლად მსახურებისთვის (გმ. 6:16, 18, 20; 28:1). მათი დანიშვნა შვიდ დღეს გაგრძელდა და, როგორც ჩანს, ძვ. წ. 1512 წლის 1—7 ნისანს მოხდა, როცა ისრაელი სინას მთის ძირში იყო დაბანაკებული (გმ. 40:2, 12, 17). შეხვედრის კარავი ახალი დამთავრებული იყო და თვის პირველ დღეს დაიდგა. იეჰოვას უკვე არჩეული ჰყავდა სამღვდელო ოჯახი. ასე რომ, აარონის ძმას, მოსეს, რომელიც შეთანხმების შუამავალი იყო, მიეცა მითითება, რომ შეესრულებინა მათი განწმენდისა და დანიშვნის რიტუალი. ეს მითითებები ჩაწერილია გამოსვლის 29-ე თავში, მოსეს მიერ ამ მითითებების შესრულება კი — ლევიანების მე-8 თავში.
თვის პირველ დღეს, როცა იეჰოვას იქ ყოფნის ნიშნად კარავზე ღრუბელი იყო დავანებული (გმ. 40:33—38), მოსემ ერთად მოაგროვა მღვდლების ტანსაცმელი და შესაწირავები — ხარი, ორი ვერძი, უფუარი პურით სავსე კალათა და საცხები ზეთი. მითითებისამებრ მან მოუხმო ისრაელის კრებულს, როგორც ჩანს, კრებულის წარმომადგენელ უხუცესებს, და შეკრიბა ისინი შეხვედრის კარვის შესასვლელთან, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებლის გარეთ. შესაძლოა, კარიბჭის ოცწყრთიანი (8,9 მ) ფარდა გახსნილი იყო, რადგან ისინი, როგორც ჩანს, ხედავდნენ, რა ხდებოდა ეზოში (ლვ. 8:1—5; გმ. 27:16).
მოსემ ეზოში მდგარ სპილენძის აუზში წყლით დაბანა აარონი და მისი ვაჟები — ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი (ან უბრძანა, რომ დაებანათ) და აარონს მღვდელმთავრის ძვირფასი ტანსაცმელი ჩააცვა (რც. 3:2, 3). აარონის შესანიშნავი ტანსაცმლით წარმოდგენილი იყო მისი დავალების თავისებურებები და პასუხისმგებლობები. შემდეგ მოსემ სცხო კარავი, მისი მოწყობილობა და ნივთები, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო, აგრეთვე აუზი და მისი მოწყობილობები. ამით მან განწმინდა ისინი და გამოყო განსაკუთრებული მოხმარებისა და ღვთის მსახურებისთვის, რისთვისაც ისინი ამიერიდან უნდა გამოეყენებინათ. ბოლოს მოსემ თავზე ზეთის დასხმით სცხო აარონი (ლვ. 8:6—12; გმ. 30:22—33; ფს. 133:2).
ცოდვის შესაწირავი ხარი. ამის შემდეგ მოსემ შემოსა აარონის ვაჟები. მან აარონსა და მის ვაჟებს ხელი დაადებინა ცოდვის შესაწირავი ხარის თავზე, რითაც ისინი აღიარებდნენ, რომ ეს შესაწირავი იწირებოდა მათთვის, სამღვდელო სახლისთვის. ხარის დაკვლის შემდეგ მოსემ სისხლის ნაწილი სამსხვერპლოზე დაღვარა, დანარჩენი კი — სამსხვერპლოს ძირში, რაც სიმბოლურად წმენდდა სამსხვერპლოს მასზე თავიანთი მოვალეობის შემსრულებელი ცოდვილი მღვდლების უწმინდურებისგან. სამსხვერპლოს რქებზე სისხლის ცხება, როგორც ჩანს, იმაზე მიანიშნებდა, რომ დაღვრილ სისხლს გამოსყიდვის ძალა ჰქონდა (ებ. 9:22). სამსხვერპლოზე სისხლის მოსხურება სხვა შესაწირავების დროსაც მოითხოვებოდა (ლვ. 1:5, 11; 3:2; 4:6; 16:18). თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მღვდლების „დანიშვნის დღე“ იყო და არა ერის ცოდვების „გამოსყიდვის დღე“, ამიტომ ხარის სისხლი წმინდათაწმინდაში არ შეუტანიათ (იხ. ლვ. 16:14). ცოდვის სხვა შესაწირავების მსგავსად, ნაწლავებზე გადაკრული ქონი, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი სამსხვერპლოზე ააბოლეს (ლვ. 4:8—10, 20, 26, 31). ხარი, მისი ტყავი და ნეხვი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვეს (ლვ. 8:13—17).
შესაწირავი ვერძები. შემდეგ აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს დასაწვავ შესაწირავ ვერძს. მოსემ დაკლა ის და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა. ამის შემდეგ დაჭრა ის, გარეცხა და სამსხვერპლოზე დაწვა, თუმცა მისი ტყავი და ნეხვი არ დაუწვია (ლვ. 7:8). ამ დასაწვავი შესაწირავი ვერძის შეწირვა სრულად მოხდა და არც ერთ ადამიანს მისგან არაფერი ხვდომია წილად, შესაბამისად, მღვდლებიც სრულად განიწმინდნენ იეჰოვას წმინდა, სამღვდელო მსახურებისთვის (ლვ. 8:18—21; შდრ. 1:3—9).
სხვა ვერძი, რომელიც „დანიშვნის ვერძი“ იყო, მღვდლების მიერ მასზე ხელების დადების შემდეგ დაკლა მოსემ. მისი სისხლი სხვანაირად გამოიყენა. სისხლის ნაწილი აარონსა და მის ვაჟებს მარჯვენა ყურის ბიბილოსა და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე სცხო. ამგვარად, სხეულის ამ ნაწილებით წარმოდგენილი სხვადასხვა უნარი მათ სრულად უნდა გამოეყენებინათ თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. დარჩენილი სისხლი მოსემ სამსხვერპლოს მოასხურა (ლვ. 8:22—24).
ვიდრე ჩვეულებრივი წესით შესწირავდა, მოსემ ვერძის შინაგანი ორგანოების ქონი კალათიდან აღებული სხვადასხვა სახის სამ უფუარ კვერთან ერთად დადო ვერძის მარჯვენა ბარკალზე. შემდეგ ეს ყველაფერი ხელებზე დაუდო აარონსა და მის ვაჟებს და იეჰოვას წინაშე შეარხია. როგორც ჩანს, მოსეს ამ დროს თავისი ხელებით მღვდლების ხელები ეჭირა ქვემოდან. ეს ნიშნავდა, რომ მათი ხელები აივსო ძალაუფლებით, ანუ შესაწირავი ძღვნით და მსხვერპლის შეწირვის სრული უფლებით. მათ არა მხოლოდ ქონის შეწირვის უფლება ჰქონდათ, არამედ იმ გულუხვი ძღვნის მიღების უფლებაც, რომელიც იეჰოვამ მათთვის დააწესა. ვერძის მარჯვენა ბარკალი, რომელსაც იეჰოვას წინაშე არხევდნენ, ჩვეულებრივ მღვდელს ეკუთვნოდა (ლვ. 7:32—34; რც. 18:18). თუმცა ამ შემთხვევაში ის მთლიანად დაწვეს სამსხვერპლოზე. ამგვარად, ის წარდგენილიც (შერხეული) იყო იეჰოვას წინაშე და შეწირულიც იმის ნიშნად, რომ ეს იეჰოვას დაწესებული ძღვენი იყო სამღვდელოებისთვის (ლვ. 8:25—28).
მოსეს, რომელიც მღვდლების დანიშვნისას მღვდლის მოვალეობას ასრულებდა, იეჰოვას წინაშე შესარხევ შესაწირავად წარდგენის შემდეგ წილად ხვდა დანიშვნის ვერძის მკერდი (ლვ. 8:29; იხ. აგრეთვე გმ. 29:26—28).
ვერძის სისხლი და საცხები ზეთი (როგორც ჩანს, შერეული) მოსემ აარონს, მის ვაჟებსა და მათ ტანსაცმელს შეასხურა, რათა განეწმინდა ისინი. ამით მათ ღვთის სულის ხელმძღვანელობით მსხვერპლის შეწირვის უფლებაც მიეცათ. არსად არის ნათქვამი, დაასხეს თუ არა აარონის ვაჟებსაც თავზე ზეთი, როგორც აარონს (ლვ. 8:30).
შეხვედრის კარვის შესასვლელთან აარონსა და მის ვაჟებს უნდა მოეხარშათ ვერძის დარჩენილი ხორცი, რომელიც სამსხვერპლოზე არ დაწვეს ან მოსეს არ მისცეს. მათ უნდა ეჭამათ ის კალათაში დარჩენილ კვერებთან ერთად, მორჩენილი საჭმელი კი მეორე დილას ცეცხლში უნდა დაეწვათ. ამით ხაზი ესმებოდა სიწმინდის აუცილებლობას, მათ სრულად განწმენდასა და მსახურებისთვის მზადყოფნას (ვინაიდან მათი საკვები არ იყო გახრწნილი ან ძველი და ნარჩენები სრულად ნადგურდებოდა). აღსანიშნავია ისიც, რომ კვერები საფუარს არ შეიცავდა (ლვ. 8:31, 32; გმ. 29:31—34).
მღვდლად დანიშვნის დასრულება. მღვდლად დანიშვნის შვიდდღიანი რიტუალის დასრულებამდე სამღვდელოებას არ შეეძლო თავისი მოვალეობის ბოლომდე შესრულება. სამსხვერპლოს განსაწმენდად ყოველდღე სწირავდნენ ცოდვის შესაწირავ ხარს. მთელი შვიდი დღის მანძილზე, დღითა თუ ღამით, ახლად დანიშნული სამღვდელოება შეხვედრის კარვის შესასვლელთან მორიგეობდა და იცავდა „იეჰოვას მიერ დადგენილ სავალდებულო გუშაგობას“, რათა არ დახოცილიყვნენ (ლვ. 8:33—36; გმ. 29:35—42).
მერვე დღეს სრულად აღჭურვილი და მსახურებისთვის დანიშნული სამღვდელოება პირველად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას (მოსეს დაუხმარებლად) და ისრაელი ერისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულა არა მხოლოდ თანდაყოლილი ცოდვისგან მათ განსაწმენდად, არამედ ოქროს ხბოსთან დაკავშირებული ურჩობისთვის, რის გამოც იეჰოვას რისხვა დაიტეხეს (ლვ. 9:1—7; გმ. 32:1—10). ახალდანიშნული სამღვდელოების მიერ პირველი მსახურების დასასრულს იეჰოვამ თავისი მოწონება გამოხატა და მათი დანიშვნა დაადასტურა სასწაულებრივად გაჩენილი ცეცხლით, რომელიც უეჭველია კარავზე დავანებული ღრუბლიდან გამოვიდა და შთანთქა სამსხვერპლოზე დარჩენილი მსხვერპლი (ლვ. 9:23, 24).
ბიბლიაში არსად მოიხსენიება აარონის შემდგომი მღვდლების დანიშვნის ცერემონიალი. როგორც ჩანს, აარონის სახლში ერთადერთხელ მოხდა დანიშვნის ცერემონიალი და მისი მამრობითი სქესის შთამომავლები ერთხელ და სამუდამოდ დაინიშნენ მღვდლებად, ვიდრე არ მოხდებოდა ჭეშმარიტი და მარადიული მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს დანიშვნა (ებ. 7:12, 17; 9:11, 12; იხ. მღვდელმთავარი; მღვდელი).