-
აარონიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ამის შემდეგ ღმერთმა ბრძანა, აეღოთ 12 კვერთხი ისრაელის 12 ტომის წარსადგენად და დაედოთ მოწმობის კარავში. ლევის ტომის კვერთხზე აარონის სახელი ეწერა (რც. 17:1—4). მომდევნო დღეს მოსე შევიდა კარავში და ნახა, რომ აარონის კვერთხი დაიკვირტა, გაიფურჩქნა და მწიფე ნუში მოისხა (რც. 17:8). ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ იეჰოვამ აარონის ლევიანი ვაჟები მღვდლებად აირჩია, თავად აარონი კი — მღვდელმთავრად. ამის შემდეგ სერიოზულად აღარასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ აარონის საგვარეულოს მღვდლობის საკითხი. დაკვირტული კვერთხი „ურჩობის ძეებისთვის ნიშნად“ მოწმობის კიდობანში ჩადეს, თუმცა, როგორც ჩანს, ურჩების სიკვდილისა და ერის აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ კვერთხი ამოიღეს, რადგან თავისი დანიშნულება უკვე შესრულებული ჰქონდა (რც. 17:10; ებ. 9:4; 2მტ. 5:10; 1მფ. 8:9).
-
-
აბირამიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
აბირამი და მისი ძმა დათანი მხარს უჭერდნენ ლევიან კორახს, რომელიც მოსესა და აარონის წინააღმდეგ წავიდა. თავიდან მათთან ერთად იყო კიდევ ერთი რეუბენელი, ონი, თუმცა მისი სახელი შემდეგ აღარსად მოიხსენიება (რც. 16:1). 250 სახელოვან თავკაცთან ერთად ისინი მოსესა და აარონს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ თვითნებურად აღზევდნენ კრებულზე (რც. 16:1—3). მოსეს მიერ კორახისთვის ნათქვამი სიტყვებიდან აშკარაა, რომ კორახსა და მის ლევიან მომხრეებს აარონისთვის მღვდლობის წართმევა უნდოდათ (რც. 16:4—11). თუმცა რეუბენელ აბირამსა და დათანს ეს საკითხი არ აღელვებდათ. მოსეს უნდოდა, მათ ცალკე დალაპარაკებოდა, მაგრამ უარი მიიღო. მათი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ისინი მხოლოდ მოსეს ერჩოდნენ, აარონზე კი სიტყვაც არ დასცდენიათ. მათ არ მოსწონდათ, როგორ წინამძღოლობდა მოსე ერს და შეუთვალეს: „გინდა გაგვიბატონდე კიდეც?!“. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ მოსემ დაპირება ვერ შეასრულა და ვერ შეიყვანა ერი მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა. ამ ბრალდებების საპასუხოდ წარმოთქმულ ლოცვაში მოსე საკუთარ თავს იცავდა და არა აარონს (რც. 16:12—15).
აქედან გამოჩნდა, რომ დაუმორჩილებლობა ორ მიზანს ემსახურებოდა და მიმართული იყო არა მხოლოდ აარონის მღვდლობის წინააღმდეგ, არამედ მოსეს მდგომარეობის წინააღმდეგ, რომელიც ღვთის მითითებებს გადასცემდა ხალხს (ფს. 106:16). ისე ჩანდა, თითქოს ადვილი იქნებოდა ხალხის გადაბირება, რადგან ცოტა ხნით ადრე ხალხი დრტვინავდა მოსეს წინააღმდეგ, ახალი მეთაურის არჩევაზე ლაპარაკობდა, რომ ერი ეგვიპტეში დაებრუნებინათ, და მოსესა და აარონის მხარდაჭერისთვის იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის ჩაქოლვაც კი უნდოდათ (რც. 14:1—10). რეუბენი იაკობის პირმშო იყო, მაგრამ ჩადენილი დანაშაულის გამო დაკარგა პირმშოს უფლებები (1მტ. 5:1). დათანი და აბირამი შესაძლოა იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ლევიანი მოსეს ძალაუფლების წინააღმდეგ, რომ თავიანთი წინაპრის დაკარგული პირველობის დაბრუნება სურდათ. მაგრამ რიცხვების 26:9-დან ჩანს, რომ მათ მხოლოდ მოსესა და აარონის წინააღმდეგ კი არ გაილაშქრეს, არამედ „იეჰოვას წინააღმდეგ“, რომელმაც ძალაუფლებით აღჭურვა მოსე და აარონი.
-
-
ბანაკიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ლევიანების კარვებიდან მოშორებით, მათ ირგვლივ ოთხივე მხარეს — აღმოსავლეთით, სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით — განლაგებული იყო 12 ტომის კარვები. როგორც ჩანს, ისინი საწმინდრიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ. ზოგი ბიბლეისტი ვარაუდობს, რომ ეს მანძილი დაახლოებით 900 მეტრს შეადგენდა, რადგან იორდანეს გადაკვეთისას ხალხი შეთანხმების კიდობნიდან „დაახლოებით ორი ათასი წყრთის მოშორებით“ უნდა ყოფილიყო (იეს. 3:4). 12 ტომი 4 დიდ ნაწილად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეულს ცენტრალური ტომის სახელი ერქვა. ამგვარად, კარვის აღმოსავლეთით დაბანაკებულ სამტომიან დანაყოფს იუდას დანაყოფი ერქვა. მის ერთ მხარეს ისაქარი იყო დაბანაკებული, მეორე მხარეს კი — ზებულონი (რც. 2:3—8). როცა ეს ღონისძიება ძვ. წ. 1512 წელს ამოქმედდა, იუდას სამტომიან დანაყოფში 20 წლიდან ზემოთ 186 400 მამაკაცი იყო (რც. 1:1—3; 2:9). სამხრეთით დაბანაკდა რეუბენის სამტომიანი დანაყოფი, რომელშიც სიმონისა და გადის ტომები რეუბენის ორივე მხარეს იყვნენ განლაგებულნი. ამ დანაყოფში 151 450 მეომარი აღირიცხა (რც. 2:10—16). ლევიანების გარდა, აღმოსავლეთით და სამხრეთით დაბანაკებული ეს ორი დანაყოფი იაკობის იმ ძეების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც მას ლეამ და მისმა მოახლე ზილფამ გაუჩინეს (დბ. 35:23, 26). საწმინდრის სამხრეთით განლაგებულები იყვნენ რეუბენელები და კეჰათელები, რითაც აიხსნება ის ახლო ურთიერთობა, რაც მეამბოხე რეუბენელ დათანსა და აბირამს კეჰათელ კორახთან ჰქონდათ (რც. 16:1). დასავლეთით მდებარეობდა ეფრემის სამტომიანი დანაყოფი, რომელშიც ეფრემის ერთ მხარეს მენაშე იყო დაბანაკებული, მეორე მხარეს კი — ბენიამინი. სამივე ტომი რახელისგან წარმოიშვა და მათში 108 100 მეომარი აღირიცხა (რც. 2:18—24). ბოლოს, ჩრდილოეთით დაბანაკებული იყო დანის სამტომიანი დანაყოფი, რომელშიც აშერისა და ნაფთალის ტომები შედიოდნენ. ამ დანაყოფში 157 600 მეომარი იყო (რც. 2:25—31). დანი და ნაფთალი რახელის მოახლის, ბილჰას შთამომავლები იყვნენ, აშერი კი — ლეას მოახლის, ზილფას შთამომავალი (დბ. 35:25, 26).
-