იესო ნავეს ძე
[იესო იეჰოშუას შემოკლებული ფორმაა და ნიშნავს: იეჰოვაა ხსნა]
ეფრემის ტომიდან; მოსეს მსახური, მოგვიანებით კი მისი საქმის გამგრძელებელი (გმ. 33:11; კნ. 34:9; იეს. 1:1, 2); ბიბლია მას გაბედულ და უშიშარ წინამძღოლად ახასიათებს. ის დარწმუნებული იყო იეჰოვას დაპირებების უტყუარობაში, ემორჩილებოდა ღვთის მითითებებს და გადაწყვეტილი ჰქონდა, ერთგულად ემსახურა იეჰოვასთვის. თავიდან მას ჰოშეა ერქვა, მაგრამ მოსემ იესო დაარქვა (რც. 13:8, 16). თუმცა ბიბლიიდან არ ჩანს, როდიდან გახდა ჰოშეა იესოდ ცნობილი.
მეთაურობდა ამალეკელების წინააღმდეგ ბრძოლას. ძვ. წ. 1513 წელს წითელ ზღვასთან ეგვიპტის ჯარისგან სასწაულებრივი ხსნის შემდეგ მალევე ამალეკელები უმიზეზოდ დაესხნენ თავს რეფიდიმში დაბანაკებულ ისრაელებს. მაშინ მოსემ ამალეკელების წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურად იესო ნავეს ძე დანიშნა. მისი კარგი მეთაურობითა და ღვთის დახმარებით ისრაელებმა დაამარცხეს მტერი. შემდეგ იეჰოვამ ამალეკელებს სამუდამო განადგურების განაჩენი გამოუტანა და დაავალა მოსეს, ჩაეწერა ეს განაჩენი და იესო ნავეს ძისთვის გადაეცა (გმ. 17:8—16).
მოსეს მსახური. მოგვიანებით სინას მთასთან მოსეს მსახური იესო ნავეს ძე, როგორც ჩანს, იმ 70 უხუცესს შორის იყო, რომელთაც შთამბეჭდავ ხილვაში იეჰოვას დიდებულების ნახვის პატივი ხვდათ წილად. შემდეგ იესო ნავეს ძე მოსეს გარკვეულ მანძილზე აჰყვა სინას მთაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ღრუბელში მასთან ერთად არ შესულა, რადგან მასში შესვლა მხოლოდ მოსეს ჰქონდა ნაბრძანები (გმ. 24:9—18). იესო ნავეს ძე და მოსე მთაზე 40 დღე-ღამეს დარჩნენ. 40 დღის მიწურულს, როცა ისინი მთიდან ეშვებოდნენ, იესო ნავეს ძეს ხბოს კერპთაყვანისმცემლობაში ჩართული ისრაელების სიმღერა ბრძოლის ყიჟინა ეგონა. უეჭველია, ისიც მოსესავით აღშფოთდებოდა ოქროს ხბოს დანახვაზე და, ალბათ, მონაწილეობას მიიღებდა მის განადგურებაში (გმ. 32:15—20).
ხბოს თაყვანისმცემლობით ისრაელებმა დაარღვიეს იეჰოვა ღმერთთან დადებული შეთანხმება. შესაძლოა, ამან აღძრა მოსე, რომ თავისი კარავი (შეხვედრის კარავი) ბანაკის გარეთ გაეშალა, რადგან ისრაელებისთვის იეჰოვას ჯერ არ ჰქონდა მიტევებული ცოდვა და, შესაბამისად, მათთან აღარ იყო. როგორც ჩანს, ცოდვით გაუწმინდურებული ხალხი შეხვედრის კარავში რომ არ შესულიყო, იესო ნავეს ძე კარავთან რჩებოდა, როცა მოსე ბანაკში მიდიოდა (გმ. 33:7—11; 34:9).
მოგვიანებით, როცა ხალხის დრტვინვის გამო მოსე ფიქრობდა, რომ მისი ტვირთი მეტისმეტად მძიმე იყო, იეჰოვამ უთხრა, დამხმარედ 70 უხუცესი აერჩია. ეს უხუცესები შეხვედრის კარავთან უნდა მისულიყვნენ. მაგრამ ორი მათგანი, ელდადი და მედადი, როგორც ჩანს, საფუძვლიანი მიზეზის გამო ბანაკში დარჩა. როცა შეხვედრის კარავთან შეკრებილ 68 უხუცესზე ღვთის სული ამოქმედდა, ელდადი და მედადი ბანაკში აწინასწარმეტყველდნენ. მოსეს მაშინვე შეატყობინეს ამის შესახებ. იესო ნავეს ძემ თავისი ბატონის, მოსეს მიმართ მოშურნეობის გამო მათი შეჩერება ითხოვა. ვინაიდან ელდადმა და მედადმა ღვთის სული მოსეს შუამავლობის გარეშე მიიღეს, იესო ნავეს ძემ შეიძლება იფიქრა, რომ ამით მოსეს ავტორიტეტი შეირყეოდა. მაგრამ მოსემ უთხრა: „ნეტავ იეჰოვას ხალხიდან ყველა წინასწარმეტყველი იყოს, იეჰოვა თავის სულს მოჰფენდა მათ!“ (რც. 11:10—29; შდრ. მრ. 9:38, 39).
აღთქმული მიწის მზვერავი. ამ შემთხვევის შემდეგ მალევე ისრაელები ფარანის უდაბნოში დაბანაკდნენ. მოსემ აღთქმული მიწის დასაზვერად 12 კაცი გაგზავნა, რომელთა შორის იესო (ჰოშეა) ნავეს ძეც იყო. ორმოცი დღის შემდეგ მხოლოდ იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ მიუტანეს კრებულს კარგი ამბავი. დანარჩენმა ათმა მზვერავმა გული გაუტეხა ხალხს, რადგან ამბობდნენ, რომ ისრაელები ვერასდროს დაამარცხებდნენ ძლიერ ქანაანელებს. შედეგად, ხალხმა დრტვინვა დაიწყო მოსესა და აარონის წინააღმდეგ. მაშინ იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ ტანსაცმელი შემოიხიეს, მათი შიშის გაქარწყლებას ცდილობდნენ და აფრთხილებდნენ, რომ იეჰოვას წინააღმდეგ არ წასულიყვნენ. მაგრამ მათმა გაბედულმა სიტყვებმა, რომ იეჰოვა შეასრულებდა თავის დანაპირებს, შედეგი არ გამოიღო. პირიქით, „მთელი კრებული ამბობდა, ჩავქოლოთო“ (რც. 13:2, 3, 8, 16, 13:25—14:10).
იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ ამ დაუმორჩილებლობისთვის ისრაელები 40 წელს იხეტიალებდნენ უდაბნოში, ვიდრე 20 წლიდან ზემოთ ყველა აღრიცხული მამაკაცი არ მოკვდებოდა (მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდნენ ლევიანები, რადგან მათ სხვა ისრაელებთან ერთად არ აღრიცხავდნენ სამხედრო სამსახურისთვის; რც. 1:2, 3, 47). აღრიცხული მამაკაცებიდან მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე შევიდოდნენ აღთქმულ მიწაზე, ათ ორგულ მზვერავს კი იეჰოვა უბედურებას დაატეხდა (რც. 14:27—38; შდრ. რც. 26:65; 32:11, 12).
ინიშნება მოსეს საქმის გამგრძელებლად. უდაბნოში ისრაელის ხეტიალის მიწურულს მოსემ და აარონმა დაკარგეს აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება, რადგან პატივი არ მიაგეს იეჰოვას, როცა მან კადეშთან სასწაულებრივად გადმოადინა წყალი (რც. 20:1—13). იეჰოვამ უთხრა მოსეს, რომ თავისი საქმის გამგრძელებლად იესო ნავეს ძე დაენიშნა. ახლად დანიშნული მღვდელმთავრის, აარონის ვაჟის, ელეაზარისა და ისრაელის კრებულის წინაშე მოსემ ხელები დაადო იესო ნავეს ძეს. თუმცა მოსეს საქმის გამგრძელებლად დაინიშნა, მას მოსესავით პირისპირ არ ეცოდინებოდა იეჰოვა. მოსეს მთელი დიდება არ გადასულა იესო ნავეს ძეზე. მან იმდენი მიიღო, რამდენიც ხალხის პატივისცემის მოსაპოვებლად სჭირდებოდა. მოსესგან განსხვავებით, რომელიც უშუალოდ, პირისპირ ელაპარაკებოდა იეჰოვას, იესო ნავეს ძე მღვდელმთავართან უნდა მისულიყო შესაკითხად, რომელიც ურიმისა და თუმიმის მეშვეობით გაუცხადებდა ღვთის ნებას (რც. 27:18—23; კნ. 1:37, 38; 31:3; 34:9, 10).
ღვთის მითითებით მოსემ გაამხნევა იესო ნავეს ძე და რჩევებიც მისცა, რაც დავალების ერთგულად შესრულებაში დაეხმარებოდა (კნ. 3:21, 22, 28; 31:7, 8). ბოლოს, სიკვდილის წინ, მოსე იესო ნავეს ძესთან ერთად დადგა შეხვედრის კარავში. იეჰოვამ წინამძღოლად დანიშნა იესო ნავეს ძე, რითაც განამტკიცა წინანდელი დანიშვნა, რომელიც მოსეს ხელის დადებით მოხდა (კნ. 31:14, 15, 23). ამის შემდეგ იესო ნავეს ძემ მონაწილეობა მიიღო მოსეს მიერ ღვთივშთაგონებით მიღებული სიმღერის დაწერასა და ისრაელებისთვის სწავლებაში (კნ. 31:19; 32:44).
აგრძელებს მოსეს საქმეს. მოსეს სიკვდილის შემდეგ იესო ნავეს ძე აღთქმულ მიწაზე შესასვლელად მოემზადა: გაგზავნა მთავრები ხალხის გასაფრთხილებლად, რათა მზად ყოფილიყვნენ სამ დღეში მდინარე იორდანეს გადასაკვეთად; გადელებს, რეუბენელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს შეახსენა თავიანთი ვალდებულება, რომ აღთქმული მიწის დაპყრობაში დაეხმარებოდნენ სხვებს; იერიხონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასაზვერად ორი კაცი გაგზავნა (იეს. 1:1—2:1).
მზვერავების დაბრუნების შემდეგ ისრაელებმა დატოვეს შიტიმი და იორდანესთან დაბანაკდნენ. მეორე დღეს იეჰოვამ სასწაულებრივად გააჩერა წყალი და ხალხმა მშრალად გადაკვეთა იორდანე. ეს მოვლენა რომ არ დავიწყებოდათ, იესო ნავეს ძემ 12 ქვა დადო შუაგულ მდინარეში და 12 ქვა იორდანეს დასავლეთით გილგალში, სადაც ისრაელი მდინარის გადაკვეთის შემდეგ პირველად დაბანაკდა. მან აგრეთვე გააკეთა კაჟის დანები, რომ წინადაეცვითათ უდაბნოში დაბადებული ისრაელი მამაკაცები. ამგვარად, დაახლოებით ოთხი დღის შემდეგ მათ უკვე შეეძლოთ პასექის აღნიშვნა (იეს. 2:23—5:11).
იერიხონთან ახლოს იესო ნავეს ძე შეხვდა ანგელოზს, რომელმაც მითითებები მისცა, როგორ უნდა აეღოთ ეს ქალაქი. იესო ნავეს ძე ასეც მოიქცა და იერიხონის დამხობის შემდეგ იწინასწარმეტყველა, რომ ქალაქის აღმდგენი დაწყევლილი იქნებოდა, რაც 500 წელზე მეტი ხნის შემდეგ შესრულდა (იეს. 5:13—6:26; 1მფ. 16:34). შემდეგ მან აის წინააღმდეგ გაილაშქრა. თავიდან ისრაელის 3 000-კაციანმა ჯარმა მარცხი განიცადა, რადგან იეჰოვა არ ეხმარებოდათ. მიზეზი ის იყო, რომ აქანმა იურჩა და იერიხონის ნადავლიდან ნივთები მოიპარა. ისრაელებმა ჩაქოლეს აქანი და მისი ოჯახი ამ ცოდვისთვის. შემდეგ იესო ნავეს ძემ ხალხი ჩაასაფრა აის გარშემო, გადაწვა ქალაქი და გაპარტახებულ გორად აქცია (იეს. 7:1—8:29).
ამის შემდეგ ისრაელის მთელი კრებული, მათ შორის ქალები, ბავშვები და ხიზნები, ებალის მთასთან მივიდა. ებალის მთაზე იესო ნავეს ძემ კანონში ჩაწერილი მითითებისამებრ ააგო სამსხვერპლო. კრებულის ნახევარი გერიზიმის მთის წინ იდგა, მეორე ნახევარი კი — ებალის მთის წინ, როცა იესო ნავეს ძემ „ხმამაღლა წაიკითხა ... კანონის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა ... მოსეს ნაბრძანები ყველა სიტყვა ხმამაღლა წაუკითხა იესო ნავეს ძემ ისრაელის მთელ კრებულს“ (იეს. 8:30—35).
გილგალში დაბრუნების შემდეგ იესო ნავეს ძესა და ისრაელის თავკაცებთან გაბაონელი მაცნეები მივიდნენ. გაბაონელები მიხვდნენ, რომ იეჰოვა იბრძოდა ისრაელებისთვის, ამიტომ ხრიკს მიმართეს და იესო ნავეს ძესთან ზავი შეკრეს. მაგრამ, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა, იესო ნავეს ძემ ისინი დაიმონა. გაბაონელების საქციელის შესახებ იერუსალიმის მეფე ადონი-ცედეკმაც შეიტყო. ის სხვა ოთხ ქანაანელ მეფესთან ერთად მათ დასასჯელად გამოვიდა. გაბაონელებმა დახმარებისთვის იესო ნავეს ძეს მიმართეს, რომელიც გილგალიდან დაიძრა ჯარით და მათთან მისასვლელად მთელი ღამე იარა. ისრაელების მაგივრად იეჰოვა იბრძოდა გაბაონელების დასაცავად, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მათთან დადებული შეთანხმების წინააღმდეგი არ იყო. სასწაულებრივად მოვლენილმა სეტყვამ უფრო მეტი დახოცა, ვიდრე ისრაელმა მეომრებმა. იეჰოვამ იესო ნავეს ძის თხოვნაც შეისმინა და ბრძოლის გამო მზე გააჩერა (იეს. 9:3—10:14).
ღვთის დახმარებით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ იესო ნავეს ძემ დაიპყრო მაკედა, ლიბნა, ლაქიში, ეგლონი, ხებრონი და დებირი. ამგვარად, მან დაასუსტა აღთქმული მიწის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ქანაანელები. შემდეგ ჩრდილოეთ ქანაანელმა მეფეებმა, ხაცორის მეფის, იაბინის წინამძღოლობით, მერომის წყალთან შეკრიბეს თავიანთი ჯარები ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხენებითა და საომარი ეტლებით იყვნენ გამოსულები, ღმერთმა გაამხნევა იესო ნავეს ძე, რომ მათი არ შეშინებოდა. იეჰოვამ კვლავაც გაამარჯვებინა ისრაელებს. ღვთის მითითებით იესო ნავეს ძემ ცხენებს მყესები გადაუჭრა და საომარი ეტლები დაწვა. ხაცორი ცეცხლს მისცეს (იეს. 10:16—11:23). ამგვარად, დაახლოებით ექვს წელიწადში (შდრ. რც. 10:11; 13:2, 6; 14:34—38; იეს. 14:6—10) იესო ნავეს ძემ 31 მეფე დაამარცხა და აღთქმული მიწის დიდი ნაწილი დაიპყრო (იეს. 12:7—24; რუკა ტ. 1, გვ. 737).
დადგა დრო, რომ მიწა ტომებს შორის დანაწილებულიყო. დანაწილება გილგალიდან დაიწყო იესო ნავეს ძის, მღვდელმთავარ ელეაზარისა და ღვთის დანიშნული ათი წარმომადგენლის მიერ (იეს. 13:7; 14:1, 2, 6; რც. 34:17—29). როცა კარავი შილოში გადაიტანეს, მიწის წილისყრით დანაწილება იქიდან ხდებოდა (იეს. 18:1, 8—10). იესო ნავეს ძემ ეფრემის მთიან მხარეში ქალაქი თიმნათ-სერახი მიიღო სამკვიდროდ (იეს. 19:49, 50).
ისრაელების ბოლო შეგონება და სიკვდილი. სიკვდილის წინ იესო ნავეს ძემ შეკრიბა ისრაელის უხუცესები, თავკაცები, მსაჯულები და მთავრები, მოუწოდა მათ, ერთგულად ემსახურათ იეჰოვასთვის და უთხრა, რა მოჰყვებოდა დაუმორჩილებლობას (იეს. 23:1—16). მან შეკრიბა ისრაელის მთელი კრებულიც, გაახსენა, რა გაუკეთა იეჰოვამ მათ წინაპრებსა და მთლიანობაში ერს, და მოუწოდა, იეჰოვასთვის ემსახურათ. მან თქვა: „თუ არ გინდათ, იეჰოვას ემსახუროთ, მაშინ დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით, იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ, მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“ (იეს. 24:1—15). შემდეგ ისრაელებმა ხელახლა დაუდეს იეჰოვას მორჩილების შეთანხმება (იეს. 24:16—28).
იესო ნავეს ძე 110 წლისა მოკვდა. ის თიმნათ-სერახში დამარხეს. იეჰოვასადმი მისმა ერთგულებამ იმდენად იმოქმედა ისრაელზე, რომ „ემსახურებოდა ხალხი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და იმ უხუცესების დროსაც, რომლებიც იესო ნავეს ძის შემდეგ იყვნენ“ (იეს. 24:29—31; მსჯ. 2:7—9).